თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი (მათე 5, 14)
ღამის 3 საათია. „ყოველ წუთს უნდა ველოდოთ სიკვდილს. მოვემზადოთ აღსარებისა და ზიარებისათვის“ - თქვა მამა ანდრიამ. ჩავაბარეთ აღსარება. მამა ანდრიამ საკურთხევლიდან გამოიტანა ბარძიმი და უკანასკნელად გვაზიარა ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს.
მამა ანდრია სიმშვიდეს ინარჩუნებდა, როდესაც გამოგვიცხადა „მოემზადეთ აღსარებისათვის“. მან თითოეული ჩვენგანისაგან ჩაიბარა აღსარება და ყველანი გვაზიარა. ზიარების შემდეგ მან სიჩუმისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისაკენ მოგვიხმო, რათა ჯოჯოხეთში, რომელიც ჩვენს გარშემო გამეფებულიყო, შეგვძლებოდა მოგვესმინა ჩუმი, მაგრამ მუდამ ძლევამოსილი ხმა მარადისობისა... ეს წუთები დაუვიწყარი იყო... მამა ანდრიას სხივმოსილი სული, ჩვენთვის უცნობი, იდუმალი ძალით გრძნობდა ჩვენდამი ქრისტეს უნაზეს სიყვარულს, ხედავდა მის ღვთაებრივ ნათელს და „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოანე 1, 5). დაგვეუფლა ისეთი შეგრძნება, თითქოს მამა ანდრია სხვა განზომილებაში იმყოფებოდა, სადაც მეფობს ჰარმონია და სილამაზე. ჯოჯოხეთის მთელი ძალები, ერთად აღებული მას ვერაფერს დააკლებს, რადგანაც წყარო ამ ენითაუწერელი სილამაზისა და ნეტარებისა არის თვით უფალი ჩვენი - მარადიული და უცვლელი ღვთაება.
დილის ხუთის ნახევარია. ალყაში მოგვაქციეს. ყვიროდნენ, კარები გაგვეღო. მამა ანდრიას კურთხევით ჩემმა მეუღლემ, იურიმ, კარები გააღო. ის ცემით გაიყვანეს. ურტყამდნენ ავტომატის კონდახებს. მას მერე ჩვენ იური აღარ გვინახავს. ის უკვალოდ დაიკარგა.
ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. მამა ანდრიამ სრული მორჩილებით და შინაგანი ლოცვით შესვა ის ფიალა, რომელიც ხვდა წილად ღვთის შეუცნობი განგებულებით. ის სრული უწყინარობით დაემორჩილა თავის ხვედრს და გმირულად შეხვდა მოწამეობრივ სიკვდილს.
მამა ანდრია ტაძრიდან გაიყვანეს. უთხრეს, რომ ისინი მას მოკლავდნენ. როგორც შემდეგ გავიგეთ, მამა ანდრია მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ ის წინ დაცემულიყო, როგორც ეს ჩვეულბრიც ასეთ დროს ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. მან თავი არ მოუდრიკა მკვლელებს. მთელი ოცი წუთის განმავლობაში სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა.
შემდეგ დაიწყო ჩვენი ტანჯვა-წამება. ბრალს გვებდნენ, ვითომ ჩვენ ეკლესიის სახურავიდან ვისროდით. „ბოევიკების“ უმეტესი ნაწილი ნარკოტიკებით იყო გაბრუებული, რაზეც მათი თვალები მეტყველებდა. ისინი ილანძღებოდნენ, ყვიროდნენ და გვემუქრებოდნენ. შემდეგ დაიწყეს ყველაფრის წაბილწვა, რისიც შეეძლოთ. გადააბრუნეს წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი. ეძებდნენ განძს...
მამა ანდრიას და იურის ტაძრიდან გაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა შემოვიდა და თქვა: „მათ თქვენი მოძღვარი მოკლეს“. გაოგნებულები, სასწრაფოდ გავედით ეკლესიის ეზოში. მამა ანდრიას სხეული მიწაზე იდო. მის სახეს ღვთივკურთხეული, ოდნავ შესამჩნევი, ნაზი ღიმილი დასთამაშებდა.
მამა ანდრიას ნახევრად დახუჭული თვალები სავსე იყო ენითაუწერელი ნეტარებით. სხივმოსილი ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს. ის იყო ათინათი მაღალი პოეტური სიყვარულისა და დიდებისა. მამა ანდრიას უსულო, ბავშვივით მსუბუქი სხეული აღსავლის კარებთან დავასვენეთ.
მთელი ღამე ლოცვაში გავატარეთ. მიცვალებულს სახეზე, ხელებზე და ფეხებზე ნაკურთხი ზეთი წავუსვით. მარცხენა ხელში ფსკვნილი ჩავუდეთ, რომელზეც მთელი 24 საათის განმავლობაში ლოცულობდა. მისი სახე ძალიან ლამაზი იყო.
მოხდა საოცრება... ივლისის თაკარა სიცხე იდგა. მაშინ, როდესაც ასეთ სიცხეში, მიცვალებულის სხეული, ჩვეულებრივ, სწრაფად უნდა გახრწნილიყო, მამა ანდრიას სხეული უხრწნელი რჩებოდა. სისხლი, რომელიც მკვლელობის ადგილას ვიპოვეთ, არ დედდებოდა, ხოლო ჭრილობიდან ისევ ისე მოედინებოდა. ამ სასწაულს აფხაზები ჩვენზე ნაკლებად არ გაუოცებია. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალებზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც სურდათ მამა ანდრიას მკვლელთან ანგარიშის გასწორება, რაზეც ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი წავედით. ჩვენ ვუხსნიდით, რომ მამა ანდრია ამის უფლებას არასოდეს მოგვცემდა. „ბოლომდე მიენდეთ უფალს, მის წმიდა ნებას“ - იტყოდა იგი. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ აფხაზებმა შეგვატყობინეს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქდა. მან მარჯვენა ხელ-ფეხი დაკარგა. მამა ანდრიას ლოცვით უფალმა ის ცოცხალი დატოვა. მისცა სინანულის შესაძლებლობა, თუკი მკვლელი ღრმა სინანულს მიეცემა, შეეძლება გამოისყიდოს ეს მძიმე, ჩვენთვის სამწუხარო ცოდვა.
„მამა ანდრიას სიკვდილი, ამ ბრძოლაში, გარდატეხის მომენტი იყო. მე ასე მგონია, რომ მან თავისი უმანკო სისხლით, მთელი საქართველოს ცოდვები გამოისყიდა... ჩხუბით, ყვირილით, ლანძღვით შემოვარდებოდნენ ტაძარში აგრესორები, მაგრამ როგროც კი დაინახავდნენ სისხლში მყოფ მამა ანდრიას სხეულს, მომენტალურად ჩერდებოდნენ და დარცხვენილები ტაძარს ტოვებდნენ. რის დამალვასაც ისინი ვერ ახერხებდნენ... იმ ღამით, მე და ჩემმა ქალიშვილმა მანანამ ვერ დავიძინეთ. ვლოცულობდით მამა ანდრიას სულისათვის... აფხაზები ხელში ავტომატებით გვიყურებდნენ და გაოცებასა ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ ჩვენ მათი არ გვეშინოდა. ჩვენ ძალას გვაძლევდა და ასეთი უშიშარი გაგვხადა ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ და მისმა წმიდანებმა: წმ. იოანე ნათლისმცემელმა, წმ. იოანე ოქროპირმა და წმ. მოწამე ვასილისკომ, რომლებიც უხილავად იმყოფებოდნენ ტაძარში და ხილული თუ უხილავი მტრებისაგან გვიცავდნენ.“
დილით მოსკოვიდან ბრძანების დეპეშა მოვიდა. „წმიდა იოანე ოქროპირის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობისაა. არც ტაძარი და არც მისი საკუთრება არ უნდა დაზიანდეს. გააძლიერეთ დაცვა. ტაძრის მსახურთ ხელი არ ახლოთ“. ეკლესიას სასწრაფოდ დაცვა დაუყენეს.
ამ მოვლენის შემდეგ გიორგი ანუას მეუღლე, ზოია და მისი ქალიშვილი მანანა, წმიდა იოანე ოქროპირის ეკლსიაში 52 დღე ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ძველი ხატის წინაშე ზოია ანუამ აღთქმა დადო: თუკი, ორივე, დედა-შვილი ცოცხლები დარჩებოდნენ, მონაზვნად აღიკვეცებოდნენ. ისინი, მართლაც გადაურჩნენ სიკვდილს, თუმცა მათი კომანში დარჩენა შეუძლებელი შეიქმნა.
„კომანის დაცემიდან ცოტახნის შემდეგ, ღვთის წყალობით და რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანაებით, მე და ჩემი ქალიშვილი დაცვის თანხლებით კომანიდან სოხუმის აეროპორტში ვერტმფრენით გადაგვიყვანეს, რომელსაც რუსი მფრინავი მართავდა. სოხუმში ჩვენ მოვახერხეთ მეუფე დანიელთან შეხვედრა. მომდევნო დღეს ჩვენ გავფრინდით თბილისში, სადაც თბილად მიგვიღო მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II“.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ზოია ანუა მონაზვნად აღიკვეცა მარიამი სახელით (წმიდა მარიამ მაგადლინელის საპატივცემულოდ). მისი ქალიშვილი მორჩილის კაბით შემოსეს. მანანა გახდა მორჩილი მარიამი. დღეისათვის, დედა-შვილი მოღვაწეობენ საპატრიარქოსთან არსებულ მონასტერში.
რამდენიმე ხნის შემდეგ, მონაზონი მარიამი თვითმხილველისგან იგებს მისი მეუღლის მოწამოებრივი სიკვიდილის შესახებ. იური ანუას მთელი დღე-ღამის განმავლობაში აწამებდნენ, მისივე ხელით და სახსრებით კეთილმოწყობილ უძველეს სიწმინდესთან - წმიდა მოწამე ვასილისკოს წყაროსთან. მას დიდხანს სცემდნენ. ბევრჯერ ესროლეს. შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და მოკლეს. სასტიკი წამების შემდეგ აღსერულა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი აღმსარებელი, დიდი ქომაგი და დიდებული ერისკაცი, იური ანუა.
|
ჯვარცმა წმიდა იოანე |
ჰოი, დიდო მეუფეო, ყოვლისამპყრობელო, მოწყალეო უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო! მე ცოდვილი, მუხლმოდრეკილი გევედრები: განანათლე შენი ღვთაებრივი ნათელით სულნი: მამა ანდრიას, გენო ადამიას, დავით (ჟიული) შარტავას (1993 წლის 27 სექტემბერს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ქართული ჯარის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, სულ მალე წამებით მოკლეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მონისტრთა საბჭოს თავმჯდომარე დავით (ჟიული) შარტავა და მინისტრთა საბჭოს კიდევ ოცი წევრი. ასევე სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და პოლიციის უფროსი თენგიზ რაფავა. მომდევნო თვეებში მოკლულ იქნა ასობით პედაგოგი და ექიმი. ათასოებით მშვიდობიანი მოსახლეობა ბავშვებისა და ქალების ჩათვლით. ხოლო 250000-ზე მეტი ქართველი, თავისივე სამშობლოში, როგორც ლტოლვილი ისე ცხოვრობს), იური ანუას და ყველა იმ ჯარისკაცის, რომლებმაც ამ უსამართლო ომში თავი გასწირეს საქართველოსათვის.
წმიდათა თანა განუსვენე, უფალო, მათი შესვენებული სულები, მიუტევე მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, მიანიჭე მათ ზეცათა სასუფეველი და მიეც მათ საუკუნო ხსენება, ამინ!
7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კომანის კურთხეულ მიწას მივაბარეთ მამა ანდრიას სხეული. დავკრძალეთ ეკლესიასთან ახლოს. საფლავზე ხის ჯვარი აღვმართეთ, როგორც სიმბოლო სულიერი ჯვრისა, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. რომელმაც აღამაღლა ის და ღირსი გახადა მოწამეობრივი გვირგვინის.
მამა ანდრია ჩვენთვის ღვთისაგან მოვლენილი დიდი საჩუქარი იყო. მან განანათლა ჩვენი სულები იმ დაუღამებელი ნათელით, რომლითაც აღსავსე იყო მისი სული. მისი სიცოცხლე იყო მოკრძალებული ლოცვა ღვთისადმი, ჩუმი გალობა, სავსე ნათელით.
ჩვენთვის ძნელი იყო მამა ანდრიას სიკვდილთან შეგუება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მე ის სიზმარში ვიხილე. მან თავისი საფლავი მიჩვენა და მისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით და უბრალოებით, მშვიდად მითხრა: „მე არაფერი არ მჭირდება გარდა ხის წნული ღობისა“. მე არ ვიცი, მამა ანდრია შეუერთდება თუ არა წმიდანთა დასს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე ხშირად ვთხოვ მას ილოცოს ჩემი სულის გადარჩენისათვის.
მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებს და მონასტრებს, როგორც მისი უკანასკნელი სუნთქვა, უანდერძა დიდებულად თარგმნილი „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის“. წილკნის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზოსიმე იხსენებს: „როდესაც ის მუშაობდა ამ წიგნზე, კომანთან ახლოს ულმობელი ბრძოლა მიმდინარეობდა. ამ მძიმე წუთებში მამა ანდრიამ ეკლესია არ დატოვა. ის ერთადერთ ნუგეშს და იმედს ღმერთთან სიახლოვეში პოულობდა, რომელსაც შინაგანი ლოცვის ძალით აღწევდა.
როდესაც აღნიშნულ თარგმანს გამოსაცემად ვამზადებდი, უხილავად ვგრძნობდი მამა ანდრიას შეწევნას“.
მამა ანდრიას სიკვდილის შემდეგ, მისმა ნათლიამ, მღვდელმა ილია კარკაძემ ნახა შემდეგი სიზმარი: „ჩვენ გორაკს მივუყვებოდით... დავინახეთ გადამწვარი მინდორი, გადატრიელებული ტანკები, ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გარბოდნენ... უცებ ამინდი შეიცვალა. ატყდა ჭექა-ქუხილი. ჩვენ იქვე ახლოს მდგარ კარავისაკენ გავიქეცით. მამა ანდრია ჩემს წინ გარბოდა. მიირბინა კარავთან, ჩემსკენ შემოტრიალდა, დამემშვიდობა და კარს უკან გაუჩინარდა. მე შემეშინდა, აღარ ვისურვე გზის გაგრძელება და გამოვტრიალდი.
ეს ის გზაა, რომლითაც მამა ანდრია შევიდა ზეციურ სასუფეველში, მაშინ როდესაც მე მის მიღმა დავრჩი“ - დანანებით იხსენებს მამა ილია.