წმიდანი ექუსი ათასნი მოწამენი
დავით-გარეჯის უდაბნოსა შინა მოწყვედილნი

ხს. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი (+1616)

 

ღვაწლი და მარტვილობა წმიდათა ექუსი ათასთა მოწამეთა
დავით-გარეჯის უდაბნოსა შინა მოწყვედილთა

გარეჯის გრანდიოზული კომპლექსი მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე უდაბნოში. მონასტრების 15 ჯგუფი გაშლილია უდაბნოს ტერიტორიაზე 25 კმ-ის მანძილზე. მონასტრების დაარსება დაკავშირებულია ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - დავითის სახელთან, რომელიც VI ს-ში დასახლდა გარეჯის უდაბნოში. ეს პირველი მონასტერია, რომელსაც ლავრა ეწოდა. იგი იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ბრწყინვალე კერა. რამდენადმე მოგვიანებით, მაგრამ ჯერ კიდევ დავითის სიცოცხლეში, მისმა მოწაფეებმა ლუკიანემ და დოდომ დაარსეს კიდევ ორი მონასტერი - ნათლისმცემელი და დოდოსრქა. მეუდაბნოეთა მოძრაობა მოითხოვდა მკაცრ ასკეტიზმს, რაც აისახა კიდევაც კლდეში ნაკვეთ გარეჯის პირველი მონასტრების არქიტექტურაში. ახალი საფეხური გარეჯის მონასტრების განვითარებაში დაკავშირებულია ილარიონ ქართველის სახელთან. მან 837 წელს გააფართოვა ლავრა, გადააკეთა და შეამკო „ფერისცვალების" ეკლესია; შექმნა ახალი ეკლესიები, სატრაპეზოები, სენაკები. სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებულ აყვავებას აღწევს XI-XII საუკუნეებში. ამ დროს ფართოვდება და შენდება ძველი მონასტრები. იქმნება ახალი მონასტრებიც - უდაბნო, ბერთუბანი, ჩიჩხიტური. დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო „ბერთა ქალაქს“ უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის დარბეულა მტერთა მიერ, მრავალი გარეჯელი მამა აღსრულებულა მოწამეობრივად, მაგრამ განსაკუთრებულია 1616 წლის აღდგომა ღამეს „სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა“.

1615 წელს სპარსეთის შაჰ-აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ, იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. გარეჯის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. უსჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით გარს უვლიან ეკლესიასო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ამოეხოცათ ბერები.

ამავე ღამეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით - მახვილით მოისრებით. ვისაც სურს, დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს“.

წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც იწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილისა და ერთ-ერთ მთაზე დაიმალა. წირვის ბოლოს „მამაო ჩვენოს“ გალობისას სპარსელები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი მაშინვე გავიდა რაზმის მეთაურთან და თხოვა წირვის დასრულების და ზიარების ნება დაერთოთ საძმოსთვის. მანაც მისცა ცოტაოდენი დრო. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება, ერთმანეთი გაამხნევეს და წარსდგნენ უსჯულოთა წინაშე. სპარსელებმა პირველად წინამძღვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზეციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც ნაკუწებად აჩეხეს და გარეული მხეცების შესაჭმელად მიწაზე მიმოფანტეს. შემდგომ ამ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც XIX ს-შიც ხარობდა უწყლო, მშრალ და ქვიან ნიადაგზე.

გარეჯში დაიწყო სამონასტრო ცხოვრების შენელება. მცირე აღორძინება შეიმჩევა XVII და XVIII საუკუნეთა მიჯნაზე. საქართველოს მეფეები ყველა ღონეს ხმარობენ რათა აღადგინონ გარეჯის მონასტრები, რაც ნაწილობრივ აღწევს მიზანს, როდესაც ყველა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა ონოფრე მაჭუტაძე. მან მიაღწია მონასტრისათვის დაკარგული მიწების დაბრუნებას, ააშენა თავდაცვითი ნაგებობანი და მრავალი სხვ. მაგრამ XVII საუკუნეში მონასტრები მაინც ცარიელდება და XIX საუკუნისათვის ბერები შემორჩა მხოლოდ ნათლისმცემელს.

დღესაც ღაღადებს 400 წლის წინ დათხეული წმინდა მამების სისხლი. მღვდელმონაზონი კალისტრატე (XIX ს.) ერთგან წერს: „ამ მთის კლდეში გამოკვეთილ ერთ-ერთ ეკლესიაში, ტრაპეზის ორივე მხარეს, ამჩნევია დაღვრილი სისხლი; ტრაპეზის პირდაპირ არის მაცხოვრის, ღვთისმშობლის და ნათლისმცემლის ხატი, რომელთათვისაც თათრებს ხანჯლის წვერით თვალები ამოუთხრიათ. მეფე თეიმურაზ პირველმა (დ. 1589-გ. 1663) ამ წამებულთა ძვლები ერთად შეკრიბა, მთის თავზე აღაშენა ეკლესია და საკურთხეველში ჩაასვენებინა მათი ძვლები".

მოგვიანებით კახეთის მეფე არჩილის (1664-1675 წწ.) თაოსნობით აგურის კარიბჭე მიუშენებიათ აღდგომის (წამებულის) ეკლესიისათვის (მთის თხემის ოდნავ შემაღლებულ მასივში უდაბნოს მონასტრის დასავლეთით დაახლ. 300 მეტრზე.) გეგმით კვადრატული მცირე ზომის დაბალი, ბრტყელჭერიანი ეკლესიის აღმოსავლეთი კედელი უაფსიდოა. მოგვიანებით შუაში ცუდად დამუშავებული ქვით ნაგები ტრაპეზი გაუმართავთ. ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს დაახლოებით 130-140 სმ სიმაღლის კედელი, რომელიც სარკოფაგის შთაბეჭდილებას ტოვებს და მასში წამებულ ბერთა ძვლები მოუთავსებიათ, საიდანაც კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.

წმიდა დავითისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანტონ I (1720-1788 წ.წ.), შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და მათ პატივსაცემად დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

2006 წლის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, მოწამეთა ხსენების დღეს, რუსთავის ქალთა საზოგადოების დახმარებით დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიის საგანგებოდ შემკობილ კედლის ნიშში გადმოასვენეს მათი წმინდა ნაწილები და ახლა ყველა მლოცველს შეუძლია მიეახლოს და თაყვანი სცეს ამ დიდ სიწმიდეს.

 

წმიდა მოწამე ექვსი ათასი გარეჯელი ბერი

ტროპარი

ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ქრისტეს სარწმუნოებისათჳს წამებულნო, ღირნო მამანო ჩუენნო და ბერ-მოძღუარნო ცათა მობაძავისა გარეჯისანო, ყოვლად უძლეველნო, გჳრგჳნოსანმყოფელსა თქუენსა იესუს ევედრენით, რაჲთა მოგუანიჭოს მგალობელთა თქუენთა მშვიდობაჲ და პატივისმცემელთა თქუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

ვარსკვლავებ მცხინვარედ გამოჩნდით რაჲ სიმრგვლესა ზედა სათნოებათასა უქცეველსა, განსდევნით სიბნელესა დახსნილობისასა, რამეთუ განჰბრწყინდით, ვითარცა მზენი სასუფეველსა შინა ზეცისასა, ვითარცა მარტვილნი და ვითარცა მოწამენი ქრისტჱსნი!

იკოსი

კრძალულებითა და მარხჳთა განკაფულნი დაგკლნეს რაჲ უსჯულოთა მათ ეკლესიასა შინა, სახლისაგან მისისა - ეკლესიისაგან ქრისტეს აღდგომისა გამოვიდა რაჲ წყაროჲ ყოვლად-წმიდისა სისხლისა თქუენისაჲ, მორწყა უდაბნონი გარეჯისანი, ღირსნო მამანო და მარტჳლნო სანატრელნო, და ყოველნი აღსძრა ქებად თქუენდა და დიდებად ღმრთისა.

წარდგომაჲ

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, პატიოსანო გუნდო გარეჯელ მამათაო, არა ისმინნეთ რაჲ ბრძანებაჲ უშჯულოთაჲ, და ერთობაჲ ძმობისაჲ სრულ-ყვენით ქრისტჱსთჳს თავის შეწირვითა, ხოლო მან ინება განცხადებაჲ საღმრთოჲსა დიდებისა თქუენისაჲ, ძუალნი თქუენნი ყვნა სახლ შესავედრებელ მრავალთა, და მოგანიჭათ მადლი კურნებისა და ჭირთაგან ჴსნისაჲ. აწ წმიდითა მეოხებითა თქუენითა ვითხოვთ ქრისტჱსგან წყალობასა.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა