ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე მდინარე ბარცხანის ნაპირზე, აგებულია მეოცე საუკუნის დასაწყისში. აშენებულია რიყისა და თლილი ქვით. შენობის სიგანე 11 მეტრია, სიგრძე საკურთხევლის ჩათვლით 16 მეტრი, სიმაღლე გუმბათითურთ - 21 მეტრი.
ტაძარი საუკუნის დასაწყისში ააგეს პონტოელმა ბერძნებმა, რომლებიც 1878 წლიდან რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ჩამოსახლდნენ და დაიწყეს ეკლესიისა და სკოლის მშენებლობა, რომელიც 1912 წელს დასრულდა. ერთ-ერთი იმდროინდელი გაზეთი გვაუწყებს, რომ: „გუშინ დილით მატარებლით ბათუმში ჩამოვიდა ყოვლად სამღვდელო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. ორშაბათს, 7 მაისს ეპისკოპოსი ლეონიდე აკურთხებს ახალშენში ბერძნების ეკლესიას“. (დღევანდელი ბათუმისა და სხალთის ეპარქია, მაშინ გურია-სამეგრელოს ეპარქიის შემადგენლობაში იყო. ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) 1920-1921 წლებში საქართველოს პატრიარქი იყო).
ამ ტაძარში წირვა-ლოცვა გასული საუკუნის 30-იან წლებამდე აღელვინებოდა. მღვდელი ადგილობრივი იყო და აქვე, სოფელში ცხოვრობდა ოჯახითურთ. მაგრამ იმდროინდელ ტერორს ვერც ტაძარი და ვერც მოძღვარი ვერ გადაურჩა და ორივეს ის ბედი ეწია, რაც სხვა მრავალ სამლოცველოს. იავარქმნილ ტაძარს კოლმეურნეობა საწყობად იყენებდა. დროთა განმავლობაში შენობა ძალიან დაზიანდა და ჩამოიქცა გუმბათი, განადგურდა კარ-ფანჯარა, გაფუჭდა იატაკი.
გავიდა წლები და ბერძნები შეუდგნენ ტაძრის აღდგენას. ეს იყო გასული საუკუნის 80-იანი წლები. შეკეთდა გუმბათი, დაიხურა შენობა. სამწუხაროდ მეტი არაფერი მოხერხდა, რადგან სიდუხჭირეს ბერძენთა ელადაში, მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება დაერთო. ახალშენში ბერძენთა მხოლოდ ოცამდე ოჯახი დარჩა, ისიც ძირითადად მოხუცები. მაგრამ ტაძარი მაინც აღსდგა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ახალშენელებს. განსაკუთრებით ბატონებს ასლან თავდგირიძესა და გურამ დუმბაძეს. 1994 წლის 24 აპრილს ხალხი შეიკრიბა ეზოში. აქ იყვნენ როგორც ბერძნები, ისე ქართველები. ქუდზე კაცი გამოვიდა საშვილიშვილო საქმის საკეთებლად. დასუფთავდა და დალაგდა ეზო-შემოგარენი, მოეწყო მდინარეზე ჩასასვლელი გზა, ამოიზიდა ქვები, განახლდა და გამაგრდა გუმბათის ჩუქურთმები, ჩაისვა სამრეკლოები, აშენდა ქვის კანკელი, შიდა განათება, დაიკიდა საკათედრო ტაძრიდან შემოწირული ჭაღი. ძირითად დამფინანსებლებთან ერთად ასზე მეტმა ადამიანმა შესწირა თანხა ამ საშვილიშვილო საქმეს. აქედან წასულმა ბერძნებმა საბერძნეთში შეაგროვეს და გამოგზავნეს ფული, ხატები და სხვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მამა დავითის (შიოლაშვილის) აწ ეპისკოპოს დიმიტრის თავდადება, რომელმაც 1997 წლის 19 აგვისტოს ფერისცვალებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ახალშენის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია აღასრულა, მრავალ- რიცხოვან სამღვდელოებასთან, მგალობლებთან და მრევლთან ერთად.
განახლებული ფერისცვალების ეკლესია აკურთხა და დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ოთარ გოგოლიშვილი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 35 (522), 2009 წ.