ანანური

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია. იგი გამოირჩევა როგორც თავისი იშვიათი ადგილ-მდებარეობით, ასევე მასში თავმოყრილი სხვადასხვა დროის მრავალი საეკლესიო და საერო ნაგებობით.

ანანური მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან სამოციოდე კილომეტრზე, არაგვის მარჯვენა ნაპირზე, იქ სადაც მდინარეს ერთვის ვეძათხევი, მთიდან დაშვებულ წამოზიდულ კონცხზე.

ანანური ეკუთვნოდა არაგვის ერისთავებს და წარმოადგენდა მათ რეზიდენციას. ანანურის ციხე ძირითადად იცავდა საქართველოს ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელ მაგისტრალს. ამავე დროს იგი საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა მეფე-დიდებულთათვის მტრის ძლიერი შემოსევებისას. არაგვის საერისთაო განსაკუთრებით გაძლიერდა XVI საუკუნიდან, რაც ძირითადად ერთიანი საქართველოს დასუსტებით აიხსნება. იმის გამო, რომ არაგვის ერისთავები შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდნენ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, მეფე თეიმურაზ მეორემ 1743 წელს, საერისთაო გააუქმა და იგი მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა.

ანანურის სიმაგრე მრავალი ბრძოლის მომსწრეა, რისი კვალიც უხვად აჩნევია ციხე-გალავანს. ანსამბლი ძირითადად ზედა და ქვედა ციხეებისაგან შედგება. ამათგან მთავარი ზედა ციხეა, იგი შედარებით უკეთ შემონახულია, ქვედა კი ძლიერი დაზიანების გამო, თითქმის აღარაა შემორჩენილი. კონცხზე დავდაპირველად პირამიდულ სახურავიანი კოშკი მდგარა; შემდეგ აუგიათ ორ გალავანს შუა მდგარი მცირე ეკლესია „მკურნალად“ წოდებული, რომელიც ახლა დარღვეულია. ამის შემდეგ დასავლეთით აღუმართავთ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი მაცხოვრისა. მომდევნო ხანაში აქ არსებული ნაგებობების ირგვლივ აუშენებიათ ციხესიმაგრე. შემდგომში აუგიათ უკვე დიდი გუმბათიანი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის და მისი თანამედროვე ქვის სამრეკლოც.

პირამიდულსახურავიანი კოშკი მეტად ორიგინალურია და ამ მხარეში ერთადერთია. მას რამოდენიმე ანალოგი თუ მოეძებნება თუშეთში, ხევსურეთსა და ჩრდილო კავკასიაში. ანანურის კოშკი ოთხსართულიანია. იგი სადარაჯო ნაგებობაა. მისი ადგილმდებარეობა ისე მარჯვედაა შერჩეული, რომ არაგვის ხეობაზე გამავალი მტერი თუ მოყვარე ამ ადგილს გზას ვერ აუქცევდა. კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით. მისი აგების ზუსტი დრო უცნობია, იგი უნდა იყოს XVII საუკუნის ნაგებობა.

ციტადელის დასავლეთით დგას მცირე გუმბათიანი ეკლესია მაცხოვრასა. ტაძარი საკმაოდ მოზრდილი ნაგებობაა. მისი ქვედა ნაწილი ფლეთილი ქვითაა ნაგები, გუმბათი კი აგურისაა. ტაძრის შიგნით, გუმბათქვეშა მარჯვენა მკლავში, მოთავსებულია ქვით ნაგები ბალდახინი - საფლავზე აღმართული ძეგლი. მის კედელბზე არსებული ვრცელი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი 1674 წ. აუგია აბაშიძის ასულს ანახანუმს, უდროოდ გარდაცვლილი მეუღლისათვის - საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისათვის.

ტაძრის ფასადები მარტივია. მისი ქვედა ნაწილი არ შეიცავს მორთულობის ელემენტებს, წახნაგოვანი გუმბათი კი მორთულია თაღებით. ტაძრისათვის სამხრეთის შესასვლელის წინ მიდგმულია მარტივი ფორმის კარიბჭე. აგების თარიღი უცნობია, ნაგებობა XVII საუკუნეს განეკუთვნება.

ციტადელი და მასზე განლაგებული ნაგებობანი შედარებით კარგადაა შემორჩენილი. ციტადელის გალავანი ხუთგვერდაა, მის კედლებში მოქცეულია ხუთი კოშკი. სამი მათგანი მდებარეობს დასავლეთით, მეოთხე - ჩრდილო კედლის ცენტრში, მეხუთე კი - მის პირდაპირ, სამხრეთით და შემოსასვლელ კოშკს წარმოადგენს.

ციხე კედლების სიმაღლე თავდაპირველად 5-6 მეტრი ყოფილა, გარდა აღმოსავლეთისა, სადაც სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა. შემდგომში გალავანზე კიდევ დაუშენებიათ 2-3 მეტრის სიმაღლის კედელი. მთავარი სადაზვერვო-სათვალთვალო კოშკი „შეუპოვარი“ დასავლეთით, მის ყველაზე მაღალ ადგილზე აუგიათ. კუთხის კოშკს სათვალთვალოდ თითო ხეობა ექნებოდა მიჩენილი. ციხის შესასვლელსაც, რომელიც მდებარეობს სამხრეთით, საგანგებო კოშკი იცავდა. ციხის გალავანი ქვემოთ უფრო სქელია, ვიდრე ზემოთ და ამ განსხვავებით საფეხური იქმნება, რომელიც საბრძოლო ბილიკის როლს ასრულებდა. სწორედ ამ ბილიკის ზემოთაა განლაგებული სათოფეები და სალოდეები. ციხეს დიდი წყალსაცავიც ჰქონია, რომელიც გალავნის სამხრეთის კედელთან მიუშენებიათ. ეს ნაგებობა XVII საუკუნისაა.

ანანურის ციხე-სიმაგრის მშვენებაა დიდი გუმბათოვანი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა, რომელიც აქ დაცული წარწერის მიხედვით 1689 წელს აუგია არაგვის ერისთავის შვილს მდივანბეგ ბარძიმს. ტაძრის მშენებლად წარწერაში იხსენიება ვინმე ქაიხოსრო ბაღსარაშვილი. ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მას შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძრის განათება ხდება ეკლესიის ქვედა კედლებში და გუმბათის ყელში განლაგებული სარკმელებით. ტაძარში შემორჩმნილია ნარჩენები ძველი მხატვრობისა, რომელიც გადაურჩა XVIII საუკუნეში ლეკების შემოსევას, როცა ეკლესია მთლიანად გადაიწვა.

ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული, ამ მხრივ იგი მართლაც გამორჩეულია. ოსტატს მეტი ყურადღება სამხრეთის ფასადისაკენ მიუქცევია, რადგანაც შემსვლელი პირველად მას ხედავს. ცენტრში აღმართულია მაღალი და მოჩუქურთმებული მოზრდილი ჯვარი, გვერდებზე კი დატოტვილი ვაზებია. აქვეა ფრინველებისა და ცხოველების რელიეფური გამოსახულებანი; თვით ვაზები ეყრდნობა მთავარანგელოზთა მაღალ რელიეფებს. ჯვარი, როგორც მახვილი, დაყრდნობილია ორ გველეშაპზე, რაც ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების სიმბოლოა. ფასადს ამკობს აგრეთვე ორი ლომის გამოსახულება, რომლებიც ჯვარისკენ არიან მიქცეულნი. შესასვლელი პორტალი მდიდრულადაა მორთული. კარს ირგვლივ გაჰყვება რამდენიმე ჩუქურთმიანი არშია და ლილვი. ტიმპანის შუაგულში კი წმიდანის გამოსახულებაა. აღმოსავლეთის ფასადი ნაკლებადაა მორთული. აქ განლაგებულია კვარცხლბეკზე შემდგარი სარკმელი და ზედ აღმართული ჯვარი. ცენტრალური ჯვრის გვერდებზე ასევე დაბალი რელიეფის მცირე ზომის ჯვრებია. დასავლეთის ფასადს ნაწილობრივ ფარავს იქვე წინ მდგარი კოშკი. ეს გაუთვალისწინებია ავტორს და დეკორიც სათანადოდ გადაუწყვეტია. შუაზე ფართო არშიის მქონე ჩუქურთმიანი ჯვარია აღმართული, ხოლო ამ დიდი ჯვრის მარჯვენა მხარეს ისევ ვაზის გამოსახულებაა. ჩრდილოეთის ფასადი, სხვა ფასადებთან შედარებით, ნაკლებადაა შემკული. ცენტრალური თაღის არეში მდებარეობს წვრილი არშიით შექმნილი ჩუქურთმიანი ჯვარი. მარჯვნივ მდებარე პორტალიც მშვენივრადაა გადაწყვეტილი. ტაძარს ამთავრებს მასიური გუმბათი, მასში თექვსმეტი სარკმელია მოთავსებული. გუმბათის ყელი შედარებით სადადაა დამუშავებული.

ანანურის ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმით. კედლებზე ვხედავთ, როგორც მცენარეულ, ისე გეომეტრიულ-ხაზოვან მოტივებს. ასე მდიდრულად და მრავალფეროვნად მორთული საეკლესიო ნაგებობა სხვა არ მოგვეპოვება გვიანი ხანის საქართველოში. მართალია, ანანურის ჩუქურთმა თავისი ხარისხით ვერ უტოლდება XI-XIII საუკუნეების ნაგებობების ნატიფ ჩუქურთმას, მაგრამ გვიან შუასაუკუნეებში მას ბადალი არ მოეძებნება.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, პატარა ზომის ძველი ეკლესიის სახურავზე აღმართულია ქვის სამრეკლო, რომელიც თაღებიან ღია ფანჩატურს წარმოადგენს. მისი ქვედა ნაწილი თლილი ქვითაა ნაგები, პირამიდული სახურავი კი აგურისაა.

ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ათეული წლების განმავლობაში მოკლებული იყო ღვთისმსახურებას. მისი ხელახალი კურთხევა და ამოქმედება მოხდა 1988 წელს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მიერ. ტაძარში განახლდა წირვა-ლოცვა და ეკლესიური მსახურება. ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, გაიწმინდა და გამაგრდა მხატვრობა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება - მარიამობა (15/28 აგვისტო) ანანურელთა დიდებული ეკლესიის დღესასწაულია. ამ დღეს აქ უამრავი ხალხი იყრის თავს, რათა შეწევნა და მეოხება გამოსთხოვონ ზეციურ დედოფალს.