წმინდა ათანასეს ლავრა უძველესი და ყველაზე დიდი სავანეა და ამიტომ ცნობილია დიდი ლავრის სახელით. იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და წმინდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი, წმინდა ათანასე ათონელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და სათაყვანო ბერია ათონის მთაზე. მან შემოიტანა განმარტოებულ-დაყუდებულ მონაზვნობაში საერთო ცხოვრების სისტემა, კინოვიები, რაც შემდგომში სამონაზვნო ცხოვრების ძირითად წესად იქცა.
იმპერატორ რომანოზ II-ის დროს ათანასემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები (963 წ.), რომლებიც გრძელდებოდა ნიკოფორე ფოკას და მისი მემკვიდრეების - იმპერატორების ციმესხისა და ბასილი II ბულგართშემმუსვრელის დროსაც. ბევრი ცნობილი თუ არაფრით გამორჩეული მოღვაწე მოდიოდა სამონაზვნო საცხოვრისის ხელმძღვანელთან მისი წმინდა კალთის ქვეშ შესაფარებლად. პირველად აშენდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი. წმინდა ათანასეს აღსრულების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობა, წმინდანის ლოცვა-კურთხევით, ჩაიბარეს - ივერთა მონასტრის დამაარსებელმა წმინდა იოანემ და პატრიციუსმა ურანუსმა.
|
ლავრის ცენტრალური ტაძარი |
სავანე დიდი ხნის განმავლობაში ყვაოდა. თანდათან დიდძალი შემოწირულობა დაგროვდა. ყოველწლიური ოქროს შემოწირულობის გარდა, რომელიც იმპერატორებმა ფოკამ და ციმესხიმ დაადგინეს, ბასილი II-მ მონასტერს კუნძული აჩუქა. ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ლავრის მფლობელობაში ჰომატის, მონოქსილიტის და ამალფიტელის მონასტრები, ამას დაემატა კალიკასი და ქსიროკასტრონი, რაც იმპერატორების - ანდრონიკე II-ისა და დიმიტრი პალეოლოგოსის (1429 წ.) სიგელებით (ხრისობულებით) არის დადასტურებული. მაგრამ მეკობრეთა თავდასხმებმა, მიწისძვრებმა, გადასახადებმა, რომელიც თურქებმა დაადეს მონასტერს, ლავრა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მონასტერი საერთო ცხოვრების წესდებას XIV საუკუნემდე მისდევდა. XIV საუკუნიდან ლავრის თვითშენახვის პრინციპზე გადაყვანამ შესაბამისი ტიპიკონის დამკვიდრება გამოიწვია. 1574 წელს ალექსანდრიის პატრიარქმა სილვესტრიმ მონასტერს დაუბრუნა საერთო ცხოვრების წესდება. დაახლოებით 100 წლის შემდეგ (1670 წ.) ლავრა ისევ თვითშენახვაზე გადავიდა.
ცენტრალური ტაძარი თავდაპირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე იყო ნაკურთხი. XV საუკუნეში ის ხელახლა აკურთხეს, ამჯერად - წმინდა ათანასე დიდის სახელზე. ტაძარი არაერთგზის გადაკეთდა, გაუჩნდა მინაშენები. ასეთი რამ დაემართა ათონის მთის ბევრ ტაძარს. წმინდა ათანასეს ტაძრის ფრესკები თეოფანე კრიტელის მოხატულია, სატრაპეზოს ფრესკები კი, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი მოწაფისა. ლავრაში (საკუთრივ მის ტერიტორიაზე) 17 ტაძარია, ხოლო 19 ტაძარი - გარეთ. იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ანას და კავსოკალივიას, კატუნაკიას, კარაულიას სახელგანთქმული სკიტები, კესარია და სხვები, აგრეთვე ღირსი პეტრე ათონელის, ათანასეს, ნილოსის მღვიმეები ლავრას ეკუთვნის. მონასტრის უძვირფასეს განძეულობათა შორის არის უამრავი წმინდა ნაწილი.
ლავრის ბიბლიოთეკაში დაცულია დაახლოებით 2116 ხელნაწერი, 20000 ნაბეჭდი წიგნი და 100 უცხოენოვანი მანუსკრიპტი.
1963 წელს სავანემ დაარსების 1000 წლისთავი იზეიმა. 1980 წლიდან მონასტერი კვლავ საერთო ცხოვრების წესდებაზეა. მის ტერიტორიაზე 50 ბერია, ხოლო მის გარეთ - 300.
მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.