დიონისიატის მონასტერი ანუ „ნეა პეტრა“ (ახალი კლდე) გრიგორიატისა და წმინდა პავლეს მონასტრებს შორის ზღვის დონიდან ოთხმოცი მეტრის სიმაღლეზე ვიწრო და ციცაბო კლდეზე დგას. მონასტრის დამაარსებელია ღირსი დიონისე კასტორის მახლობლად მდებარე სოფელ კარისოსიდან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მან დიდი ჯაფით შეაგროვა სავანის დასაარსებლად საჭირო თანხა. დიონისეს დაეხმარნენ ალექსი III კომნენოსი, ტრაპეზუნტის იმპერიის განმგებელი, და თავისი ძმა, თეოდოსიის მიტროპოლიტი, შემდგომში კი უხვ დახმარებას უწევდნენ პალეოლოგოსთა დინასტიის იმპერატორები და მოლდოვა-ვლახელი დიდებულები.
|
მონასტრის ხედი |
1389 წელს პატრიარქმა ანტონ IV-მ მონასტერს ოფიციალურად უბოძა საპატრიარქოს სტატუსი და ამგვარად, სავანემ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მის სახელს უკავშირდება წმინდა ნიფონტეს ცხოვრება, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო, XV საუკუნის შუა წლებში ბერად აღიკვეცა, მრავალი განსაცდელის შემდეგ კი დაბრუნდა აქ და აღესრულა. 1539 წლის ხანძარმა, რომელიც ყველაზე დამაგრეველი იყო მონასტრის მთელი ისტორიის მანძილზე, ფერფლად აქცია მისი ნაგეობების დიდი ნაწილი, რომელნიც საკმაოდ სწრაფად იქნენ აღდგენილნი და გაფართოებულნი. XVI და XVIII საუკუნეებში ეკონომიკური სიძნელეების გამო მონასტერი თვითშემნახავი გახდა, მაგრამ XIX საუკუნეში იგი საბოლოოდ დაუბრუნდა საერთო ცხოვრების ტიპიკონს.
მონასტრის ტაძარი, რომელიც სავანესთან ერთად აიგო, იკურთხა იოანე წინამორბედის შობის სახელზე. 1534 წელს ხანძარმა იგი დაანგრია. ახალი ტაძარი ააშენეს 1540 წელს. მისი ფრესკები განეკუთვნება კრეტის სკოლას, თარიღდება 1546 წლით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოოქრული კანკელი და ფრესკები აპოკალიფსის თემაზე - ეს არის უძველესი აღწერილობა აპოკალიფსისა მართლმადიდებელ სამყაროში.
|
მონასტრის სატრაპეზო |
დიონისიატშია დავანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „დაუჯდომლის“ სახელით ცნობილი სასწაულმოქმედი ხატი. სავანეს საკმაოდ ბევრი სენაკი ექვემდებარება. მონასტერში რვა ტაძარია, მის კედლებს გარეთ - ექვსი. მასვე ეკუთვნის მონოქსილიტუ, რომელიც ლავრიდან XVII საუკუნეში გადმოვიდა.
დიონისიატის მონასტერს ათონის იერარქიაში მეხუთე ადგილი უკავია. მის სიწმინდეებს შორის აღსანიშნავია იოანე ნათლისმცემლის მკლავი და წმინდა ნიფონტეს ნაწილები. ყურადღებას იმსახურებს X საუკუნის სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული ჯვარცმა, წმინდა ჭურჭელი და სამოსი.
ბიბლიოთეკაში დაცულია 1100 ხელნაწერი, რომელთაგან ზოგი მინიატურებით არის შემკული, 15000-ზე მეტი წიგნი, ძვირფასი ინკუნაბულების ჩათვლით. გასულ საუკუნეში მონასტრიდან ბევრი ცნობილი ღვთისმეტყველი და მოსაგრე გამოვიდა, დღეისათვის საძმო 50-მდე ბერს ითვლის.
მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.