ყუთლუმუშის წმინდა მონასტერი კარიესის ახლოს მდებარეობს და უფლის ფერისცვალების სახელობისაა. ის დოკუმენტებში პირველად 1169 წელს იხსენიება. გადმოცემის თანახმად, სავანე ქრისტიანობაზე მოქცეულმა არაბმა, სახელად ყუთლუმუშმა დააარსა.
XIV საუკუნეში კატალონიელების ძარცვათა გამო მონასტერმა დიდი განსაცდელი გადაიტანა.
|
მონასტრის მთავარი ტაძარი |
XIV საუკუნის მეორე ნახევრში იღუმენმა ხარიტონმა იმპერატორ იოანესგან მიიღო სიგელი, რომელიც ამტკიცებდა ბერძნების პრივილეგიებს ამ სავანის მიმართ. 1393 წელს მონასტერს სტავროპეგიალურის სტატუსი ებოძა. XV საუკუნის დასაწყისში ყუთლუმუშის ბერებმა წმინდა ალიპის გაუკაცრიელებული მონასტერი დაიკავეს, 1428 წელს კი საპატრიარქო სიგელით ეს მონასტერი ყუთლუმუშის სავანეს გადაეცა.
აყავავების პერიოდს ჟამიდანჟამს უბედურებაც ახლდა თან - მონასტერს რამდენიმეჯერ გაუჩნდა ხანძარი. 1767 წელს ცეცხლმა გაანადგურა მონასტრის აღმოსავლეთი ფრთა. მის აღდგენაში სავანეს დიდი დახმარება გაუწია ალექსანდრიის პატრიარქმა მათე II-მ. ხანძარმა XIX საუკუნეშიც დიდი ზარალი მიაყენა ყუთლუმუშს. ამჯერად მონასტერი იღუმენმა მელეტიმ განაახლა. 1980 წლის ხანძრის შემდეგ კი სავანე ახლახან აღადგინეს.
|
მონასტრის შიდა ხედი |
მონასტრის ტაძარი XVI საუკუნისაა და წარმოადგენს ათონის არქიტექტურის ტიპიურ ნიმუშს. მისი თავდაპირველი ფრესკები გადაღებილია. გუმბათი და სამრეკლო XIX საუკუნით თარიღდება. მონასტერს ეკუთვნის 18 სენაკი და წმინდა პანტელეიმონის სახელობის სკიტი 22 სენაკით. გარდა ამისა, სავანის ტერიტორიაზე განლაგებულია შვიდი ტაძარი, ხოლო ამდენივე - მის გარეთ. ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის პატივსაცემად ტაძარიც მის სახელზე იკურთხა. ამჟამად ხატი ტაძარშია დაბრძანებული. განსაკუთრებით ღირებული ხელოვნების ნიმუშია ხის კანკელი. მონასტერში მრავალი წმინდანის წმინდა ნაწილი, სამოსელი და ხატია დაცული. ბიბლიოთეკაში ინახება 662 ხელნაწერი და 3500-მდე ნაბეჭდი წიგნი.
ყუთლუმუშის მონასტერს ათონის სავანეთა იერარქიაში მე-6 ადგილი უკავია და ისევე, როგორც ყველა, საერთო ტიპიკონით იმართება.
მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.