ხილანდარის წმინდა მონასტერი ათონის წმინდა მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ველზე, ზღვიდან კი ესთიგმენის მონასტრიდან ოთხ კილომეტრზე მდებარეობს. მონასტერი სერბმა მეფე სტეფანე ნემანმა და მისმა ძემ რადკომ დააარსეს. მეფისწულმა, მიუხედავად იმისა, რომ ტახტის მემკვიდრე იყო, ამქვეყნიურ დიდებას ბერობა არჩია. იგი საიდუმლოდ ჩავიდა ათონზე სოლუნცის მონასტერში (ძველი მონასტერი), სადაც ბერი საბას სახელით მოღვაწეობდა, შემდეგ კი ვათოპედში დასახლდა. მალე მას მიბაძა მამამისმა, რომელიც იმხანად სერბეთის სტუდენცისაც ბერად აღკვეცის შემდეგ სახელად სვიმეონი ეწოდა. ბერები მანამდე დარჩნენ ვათოპედში, სანამ სერბეთის მეფის სტეფანე II-ის თხოვნით ეს მონასტერი გაუკაცრიელებულ ხილანდარის უდაბნოს არ გადაეცა.
|
მონასტრის შიდა ხედი |
ჩავიდნენ თუ არა ხილანდარის მონასტერში, ბერები მაშინვე შეუდგნენ მის აღდგენასა და გაფართოებას.
მოგვიანებით საბა სერბეთში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსი გახდა, სვიმეონი კი მონატერში დარჩა და იქვე აღესრულა.
გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა-შვილი წმინდანებად შერაცხა.
მაგრამ მონასტერი ყოველთვის სერბებისა არ ყოფილა. იპეკიუსის მსოფლიო პატრიარქად კურთხევის შემდეგ (1676 წ.) აქ დასახლდნენ ბულგარელები, ბულგარულ ენაზე მოლაპარაკე მაკედონიელი ბერები და რამდენიმე ბერძენი მონაზონი, მაგრამ 1896 წელს ხალანდარს მეფე ალექსანდრე ოვრენოვიჩი ეწვია, მან მონასტრის ყველა ვალი გადაიხადა. აქედან მოყოლებული, სავანეში კვლავ სერბები დამკვიდრდნენ.
საკათედრო ტაძარი, რომელიც 1293 წელს ააშენა სტეფანე უროს მილუტინმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა. ტაძრის მახლობლად მდებარეობს წმინდა სვიმეონის საფლავი, საიდანაც წმინდა ნაწილების გადასვენების შემდეგ სასწაულებრივად ამოიზარდა ვაზი, რომლის ნაყოფიც ქალებს უშვილობისგან კურნავს.
|
მონასტრის კოშკი |
მონასტრის მთავარ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის ხატი „ტრიხერუსა“ (სამხელა). იგი წმინდა იოანე დამასკელის (VIII საუკუნე) პირადი ხატი იყო. ხატმებრძოლობის ჟამს წმინდანმა ხატმებრძოლ იმპერატორ ლეონ III ისავრიელს მამხილებელი წერილი მისწერა, მან კი ის არაბთა ხალიფასთან დაასმინა. ხალიფამ ბრძანა, წმინდანისთვის ხელი მოეკვეთათ. წმინდა იოანე მოჭრილი ხელის მტევნით ეახლა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც შინ ჰქონდა, და განკურნება შესთხოვა. ხელის მტევანი სასწაულებრივად მიეზარდა მოკვეთილ მაჯას, წმინდა იოანემ კი ამ სასწაულის სამახსოვროდ ხატს ვერცხლის მტევანი გაუკეთა.
ტაძარში არის ღვთისმშობლის სხვა, არანაკლებ ცნობილი ხატები.
სავანის სიწმინდეებს შორის არის ცხოველმყოფელი ჯვრის ორი ნაჭერი, უფალ იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის, კვერთხისა და სუდარის ნაწილები, წმინდა პანტელეიმონის მარჯვენა ფეხი, ნიკიფორე კონსტანტინოპოლის პატრიარქის მარჯვენა ხელი, წმინდა ბარბარეს და წმინდა ეკატერინეს ნაწილები. მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულია 700-მდე სლავური და 100 ბერძნული ხელნაწერი, 25 სლავურ და 27 ბერძნულ ენაზე დაწერილი პერგამენტი. ბიბლიოთეკა ინახავს 6600 ბეჭდურ გამოცემას. ხილანდარის მოანსტერს მეოთხე ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში.
ამჟამად თვით სავანეში და მის გარეთ 60-მდე სერბი ბერი ცხოვრობს.
მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.