XV საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროების მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. ქართველებს ენერგიული ბრძოლის წარმოება უხდებოდათ მოძალებულ მაჰმადიანურ ბრბოებთან, განსაკუთრებით თურქ-ოსმალთა ლაშქართან. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა თურქეთი და ბოლო მოეღო ბიზანტიის დიდებას, რაც 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემით დამთავრდა, და რამაც ქართველთა (ისე როგორც სხვა მართლმადიდებელ ხალხთა) გულისტკივილი და გულისწყრომა გამოიწვია, ქართველთა სამკვიდრო მაჰმადიანთა გარემოცვაში მოექცა. რადგან დღენიადაგ წარმოებდა ბრძოლა ქართული სამეფო-სამთავროების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, ქართველებს იერუსალიმისათვის თითქმის აღარ ეცალათ. მართალია, ყურადღება იერუსალიმისა და მისი შემოგარენის ქართულ სიძველეთადმი არ შენელებულა, მაგრამ დახმარება იქაური ქართული კოლონიისადმი, კერძოდ ჯვრის მონასტრისადმი, ადრინდელი ძალისა აღარ იყო.
ცხოვრების ასეთმა გაჭირვებამ, სამშობლოსთან მიმოსვლის გაძნელებამ და გულუხვ მლოცველთა შემცირებამ უცხოეთში არსებული ყველა ქართული მონასტერი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო და არსებობის უმთავრესი წყარო მოუსპო. „ძმობას თავისი თავის შენახვაც კი უჭირდა და რა გასაკვირველია, თუ რომ გადასახადების გამოღება გაუძნელდებოდათ და საშინელს სიღარიბეში ჩაცვივდებოდნენ“.
მაჰმადიანთა ურდოების მოწოლისაგან თავმობეზრებული ქართველობა მაინც ცდილობდა ძველ ნაგებობათა შენარჩუნებას, ქართველთა უფლებების დაცვას და პრეტენზიების საფუძვლების წარმოჩენას. მის საქმიანობაში ეროვნული გრძნობაც იჩენდა თავს. ჩვენი წინაპრების ენერგიული მოქმედება - პალესტინის ქართულ სიძველეთა დაცვა, გარდა ქრისტიანულ სიწმიდეთა უდიდესი სიყვარულისა, განპირობებული იყო ეროვნული გრძნობითაც; იერუსალიმის ქართულ სიძველეთა დაცვა ქართველთათვის წარმოადგენდა ეროვნული სარწმუნოებისა და ეროვნული ღირსების დაცვას.
საგულისხმოა, რომ ქართველები იერუსალიმში ამ ხანაშიც სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით, რასაც საგანგებოდ აღნიშნავდა ბევრი მოგზაური. მაგალითად, რუსი მოღვაწენი ზოსიმე (1420 წ.) და ვასილი (1466 წ.), გერმანელი მოგზაური ი.ტუხერი (1479-1480 წწ.) და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესო ცნობებს ვხვდებით ბ.ბრაიდენბახის მოგზაურობის აღწერილობაში. უცხოელი კმაყოფილების გრძნობით აღნიშნავდა, რომ ქართველები იერუსალიმში შედიოდნენ მრავალრიცხოვანი ჯგუფებით, მაღლა აღმართული ეროვნული ალმებით, სარგებლობდნენ გარკვეული უფლებებით. როგორც ჩანს, „დაკნინებისა და დაქვეითების მიუხედავად, საქართველოს საერთაშორისო დამოკიდებულებასა და მეზობლობაში სახელი და მნიშვნელობა თუმცა შემცირებით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული ჰქონდა და მას ანგარიშს უწევდნენ შორეულ ქვეყნებშიაც კი“.
XVI საუკუნის დამდეგიდან შეინიშნება იერუსალიმელ ქართველთა გააქტიურება, იწყება ბრძოლა დაკარგული სავანეების დაბრუნებისა და შელახული უფლებების აღდგენის მიზნით, გახშირდა პილიგრიმობაც.
XVI საუკუნის დამდეგს იერუსალიმში იყო მზეჭაბუკ ათაბაგის მიერ წარგზავნილი პირი - ამბოროსი, რომელიც კალიგრაფი და მხატვარი ყოფილა. „იერუსალემს, მონასტერსა ჯუარისა პატიოსნისასა“ მან გადაწერა ოთხთავი. მის მიერ შესრულებული მინიატურები, მიუხედავად დაზიანებისა, კარგად წარმოაჩენს მხატვრის ოსტატობას. ამბროსიმ გარკვეული წვლილი შეიტანა ჯვრის მონასტრის სამეურნეო ცხოვრებაში. შემონახულია ჯვრის აღაპი, რომელიც გვაცნობს როგორც ამ წვლილს, ისე სამხრეთ საქართველოს გამოჩენილი ფეოდალური სახლის - სამცხის ათაბაგთა ოჯახის ზრუნვას იერუსალიმის ქართულ სავანეებზე.
1512 წელს იერუსალიმში ჩავიდა ბეენა ჩოლოყაშვილი. ადრე იგი აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა, კახთა მეფის ავ-გიორგის (1511-1513) კარზე (ცნობილია 1511 წლის საბუთი დაწერილი „ხელითა ირუბაქისძის სახლის უხუცესისა ბეენასითა“).
|
ჯვრის მონასტრის ძირითადი კარი |
ენერგიულმა და შეუდრეკელმა ბეენამ თავგამოდებით დაიწყო ბრძოლა უცხოელთაგან მიტაცებული ქართული სიძველეების დაბრუნებისა და რესტავრაციისათვის. მის საქმიანობას კარგად გვამცნობს მინაწერი, რომელიც ჯვრის მონასტრის ერთ ხელნაწერს შემოუნახავს: „აქა მე და სომეხნი დავისარჩლენით იაკობ წმიდისა საყდარზედა, და დიდი ჭირი და სარჯელი გარდამხდა ცოდვილსა ბეენასა, ძმანო. ნებითა ღმრთისათა აქა ფრანგთა გოლგოთა დავაგდებინე და მათი ყუელა გარეთ გამოუყარე - კანდელი და რაცა მათი იყო“. როგორც მინაწერიდან ჩანს, ბეენა ჩოლოყაშვილმა სომხებს დავა გაუმართა იაკობის ტაძრის გამო, კათოლიკეებს გოლგოთა დაატოვებინა და ქართველებს ძველი კუთვნილება დაუბრუნა. ასევე საინტერესოა მინაწერი კრებულზე: „ქრონიკონსა სბ [=202+1312=1514] შეიკაზმა და ამა კუირასა, დღესა სამშაბათსა, მეორესა ჟამსა ღამისასა შევაბი აღდგომისა კარნი ნებითა ღმრთისათა“. ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ აღდგომის ეკლესიისათვის კარის შებმა, არამედ ამ სამუშაოს ღამით შესრულებაც. ჩანს, ისე დიდი იყო სურვილი ძველი ქართული სავანეების დაბრუნებისა თუ ცნობილ ტაძრებზე უფლებების აღდგენისა, რომ ქართველი მოღვაწენი ღამით მუშაობასაც არ ერიდებოდნენ. ფრიად საგულისხმოა, რომ ბეენა ჩოლოყაშვილი, რომელიც „ჯუარის მამად მივლინებული“ იყო იერუსალიმში, არ იფარგლებოდა მხოლოდ ჯვრის მოვლა-პატრონობით, იგი სხვა სავანეებსაც აქცევდა ყურადღებას, მფარველობდა იქაურ ქართველობას, ენერგიულად იღწვოდა შელახული ღირსების დაცვა-აღდგენისათვის. ვაჟკაცურმა და თანმიმდევრულმა მოქმედებამ, თავგანწირულმა ბრძოლამ ქართველთა უფლებების აღდგენისათვის ბეენა ჩოლოყაშვილს საპატიო სახელი მოუპოვა იერუსალიმის ქართულ კოლონიაში.
იერულისამში ქართველთა ხშირი ჩასვლა, მათი ზრუნვა ჯვარსა და სხვა სავანეებზე, ძველ უფლებათა აღდგენაზე, ძველ ხელნაწერთა ბედზე საკმაოდ შესამჩნევი იყო. აღნიშნულის შესაბამისად ქართველებს იქ პატივს სცემდნენ, მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ ზოგიერთი პრივილეგია, რითაც განსხვავდებოდნენ სხვა ქრისტიანთაგან. ამაზე საგანგებოდ წერდნენ უცხოელი მოღვაწენი: მ.ბაუმგარტენი (1507 წ.), ლ.ჩუდი (1519 წ.), ბ.დე სალინიაგო (1522 წ.) და სხვ. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქართველები გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით, - საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებსა და ცხენებზე მსხდომნი, - თავისუფლად, ბაჟის გადაუხდელად, შედიოდნენ იერუსალიმში. მაგრამ ქართველთა მდგომარეობა მალე გართულდა, ქართულ სავანეთა შენარჩუნება კიდევ უფრო გაძნელდა. მას შემდეგ, რაც პალსეტინა თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს (1516 წ.), მათ ხელში აღმოჩნდა იერუსალიმი და მისი სანახები, ქრისტიანული ტაძრები მათი შემოსავლის წყაროდ იქცა. მათი დახმარებით ქართულ სავანეებს თანდათანობით დაეუფლნენ ბერძნები, რომლებიც ძალზედ ავიწროვებდნენ ქართველებს. ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოდან დახმარება მაკლდათ, დაკისრებული გადასახადის დაფარვა გაუძნელდათ, ვალი დაედოთ. ამის გამო ჩვენი ზოგიერთი ტაძარი კათოლიკეებმა ჩაიგდეს ხელში.
სირია-პალესტინის მმართველი თურქი ფაშები ძალზე უმოწყალოდ ძარცვავდნენ პილიგრიმებს. მათ დიდი გადასახადი შეაწერეს ქრისტიანულ ტაძრებსა და მათ კრებულებს (ეს გადასახადი გვიან ხანამდე იკრიფებოდა). ადრე შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ბერძნებსაც გაუჭირდათ; ამის გამო იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლის - პატრიარქის რეზიდენცია (XVII საუკუნის დასაწყისში) კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. გასაგებია, რომ შექმნილმა ვითარებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჯვრის სავანეც. ამან კი, თავის მხრივ, შეაშფოთა ქართველები.
ცალკე უნდა შევჩერდეთ იერუსალიმში ქართველთა ლაშქრობის საკითხზე. ჩვენს საისტორიო მწერლობაში, აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურაში კარგა ხანია ტრიალებს ცნობა XVI საუკუნეში იერუსალიმში ქართველთა შესვლისა და წმიდა ადგილების ხმლით განთავისუფლების შესახებ.
„ახალი ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „წარმოუგზავნა კაცი ხონთქართან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: „საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო“.
ხოლო, რა ესმა მეფესა გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა და კახეთისასა, და ყოველთავე მორჩილთა ბრძანებისა მათისასა, განიხარეს და შეიპყრეს სპა და გაემართნენ. და რა მივიდნენ იერუსალიმსა და ესმა მუნა-მყოფთა მისვლა ამათი, წარმოაუგზავნა კაცი და ესრეთ შემოუთვალა: „უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ მტრობა რა არისო, და სტუმრად ბევრნი ხართო, და უკეთუ ბრძოლად მოსრულხართ, მცირენი ხართო“. ხოლო ამათ მიუმცნეს ბრძოლად მისვლა. რა ესმა მათ საქმე ესე, გამოვიდნენ და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერად. და მოსცა ღმერთმან ძლევა ქართველთა და საფლავმან ქრისტესმან და გაემარჯვათ. და მეოტნი შევიდნენ ქალაქსა შინა და გაამაგრეს. ხოლო მიჰყვნენ ქართველნი და აართვეს ციხე და ქალაქი და მოსრნეს მუნა-მყოფნი მრავალნი ყოველნივე და განათავისუფლეს ქრისტეს საფლავი და ყოველნი წმიდანი ადგილნი და მიუმცნეს ხვანთქარსა საქმე ესე და წარმოუგზავნა ხალათი და წყალობა მრავალი: და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგლითა მტკიცითა. ხოლო განიხარა მეფემან გიორგი და ბატონმა ბაგრატ და ლევან და წარმოვიდნენ თვისსა ადგილსა და მოვიდნენ მშვიდობით გამარჯუებულნი და განიხარეს“.
XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ქართველებს იერუსალიმელ ქრისტიანთა შორის ჯერ კიდევ საპატიო ადგილი ეჭირათ. ამას ერთხმად ადასტურებენ უცხოელი მოღვაწენი: ლ.რაუვოლფი (1573 წ.), ს.შვაიგერი (1577-1581 წწ.), ნ.რაძივილი (1582-1584 წწ.), ტ.კორობეინიკოვი (1594 წ.), ი.კოტოვიკი (1598 წ.), ქ. ჰარანტი (1598 წ.) და სხვანი.
გერმანელი მისიონერის ს.შვაიგერის (1551-1622) წიგნში, რომელშიც სხვათა შორის, პირველად დაიბეჭდა ქართული (ნუსხური) ანბანი, საგანგებოდაა წარმოჩენილი ქართველთა უფლებამოსილება იერუსალიმში; პოლონელმა მოგზაურმა ნ.რაძივილმა (1549-1616) ხაზგასმით აღნიშნა „კათოლიკეთა და ყოველთა აღმოსავლეთის ეკლესიისა ქრისტიანეთა დიდი პატივისცემა“ ჯვრის ტაძრისადმი; ქ. ჰარანტის ცნობით, ქართველებს იერუსალიმში მძლავრი კოლონის ჰქონდათ. ჩეხმა მოგზაურმა შენიშნა, რომ ქართველები „დღესასწაულის დღეებში დიდი რაოდენობით პილიგრიმობდნენ ქალაქში“.
XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი გაიზარდა, დახმარება ჯვრის სავანისადმი უფრო შესამჩნევი გახდა. ქართველები ცდილობდნენ მეტი დახმარება აღმოეჩინათ ჯვრისათვის (ასევე სხვა სავანეებისათვის) საქართველოში ბეგარის აკრეფითა თუ იერუსალიმში შეწირულობის წარგზავნით. ქართველ მოღვაწეთა დასმა კონკრეტულ და უპირველეს მიზნად დაისახა სხვათა ხელში გადასული სავანეების დაბრუნება, ძველ ნაგებობათა აღდგენა, დაგირავებული ნივთების დახსნა, ძველი უფლებების (თუნდაც ნაწილობრივ) აღდგენა და მთელი თავისი საქმიანობა ამ მიზნის მიღწევისაკენ წარმართა. აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც ქართულმა კოლონიამ მიიღო გურიიდან მამია II გურიელის (1600-1625) ზეობაში, ან ის უხვი შეწირულობა, ჯვარს რომ მიუვიდა ბაადურ და გარსევან ჩოლოყაშვილებისაგან მაკარის წინამძღვრობის ჟამს (XVII ს. 30-იან წლებში). მსგავსი შემთხვევა სხვაცაა ცნობილი, მაგრამ ასეთი დახმარება ამინდს არსებითად ვერ ცვლიდა, ეს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი. საჭირო იყო ენერგიული ხელმძღვანელი, რომელიც ქართული კოლონიის მეთაურის მძიმე მოვალოებას იკისრებდა, სიძნელეებს არ შეუშინდება და თავის თანამოღვაწეებთან ერთად გადამჭრელ ღონეს იხმარდა ქართველთა შეწირულების გონივრულად გამოყენებისა და იერუსალიმის ქართული კოლონიის დაცემა-დაკნინების შეჩერების მიზნით. ასეთ მეთაურად იერუსალიმის ქართველობას მოევლინა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი. მისი მოღვაწეობა ჯვრის მონასტერში მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენდა ამ სავანისა და საერთოდ იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიაში.
ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (დაახლოებით 1585-1659 წწ.) საკმაოდ ცნობილი მოღვაწეა. იგი იყო კახეთიდან, ძე ომანისა, ძმა გამოჩენილი სარდლის, „ომანიანის“ ავტორის ქაიხოსროსი. განათლება მიიღო რომში, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა კახეთში (თეიმურაზ პირველთან), იმერეთში (ალექსანდრე მეფესთან), სამეგრელოში (ლევან დადიანთან) და ა.შ. მოიარა ევროპის ბევრი ქვეყანა. 1614-1626 წლებში ცხოვრობდა იერუსალიმში. 1643-1649 წლებში კვლავ იერუსალიმში იყო, ამჯერად უკვე ჯვრის მამად. სწორედ ამ წოდების ფლობისას გამოიჩინა მან თავი და სრულად გამოავლინა თავისი ორგანიზატორული ნიჭი, რითაც დიდი სახელი მოიპოვა და რის გამოც პატრიარქმა გარდაცვალების წინ (1645 წ.) თავის მემკვიდრედაც კი დაასახელა.
ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მოღვაწეობის ჟამს ჯვრის მონასტერს ბევრი ქართველი დაეხმარა. შეგვიძლია დავასახელოთ იმერთა მეფეები გიორგი (გარდ. 1639 წ.) და ალექსანდრე III (1639-1660), ვახტანგ გურიელი და ქაიხოსრო წულუკიძე, ევდემონ ჯაიანი და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც იერუსალიმელ ქართველობას გაუწია ლევან დადიანმა (1611-1657). მისი წვლილი ერთობ დიდი იყო; მისი შეწირულობა შესაფერისად გამოიყენა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა აღმშენებლობით საქმიანობაში და ეს გარემოება არაერთგზის საგანგებოდაც აღინიშნა. მაგალითად, ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის შესასვლელზე წააწერა: „ქ. დაიხატა და განათლდა წმიდა ესე და ყოვლად პატიოსანი ტაძარი ჯვარისა ცხოველსმყოფელისა ჯერჩინებითა და შეწევნითა ყოვლად სახელოვანისა და ბრწყინვალისა დადიანისა ლეონისითა, ხელითა და ფრიადჭირგანცდილებითა ყოვლად ღირსისა ჯვარისა და წმიდისა გოლგოთისა მამისა ნიკიფორესითა, ჩოლოყაშვილისა ომანის ძისათა, მსასოებელისა და სარწმუნოსა ამის მონასტრისა, რომელმან გუმბადი და წმიდა საკურთხეველი გავაკეთე, ჩემის ალალითა საფასითა, ქრონიკონსა ტკია [=331+1312=1643], ამინ“. ლევან დადიანისა და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის დამსახურება ჯვრის ტაძრის განახლებაში საგანგებოდაა წარმოჩენილი ბერძნულ წარწერაშიც (1643 წ.).
ნიკოლოზ (ნიკიფორე) ჩოლოყაშვილის თაოსნობით ჩატარებულ აღმშენებლობით საქმიანობას ჯვრის ტაძრის არაერთი წარწერა ადასტურებს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი სვინაქსარის მინაწერი, რომელშიც ერთგვარად შეჯამებულია მის მიერ შესრულებული სამუშაო (იგი დაწერილია ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის სახელით, მაგრამ არა მის მიერ): „...დავახატვინეთ ჯვარის გუმბათი და კედლები, და სახლები, და გალავანი დაქცეული გავაკეთეთ და საკურთხეველი მოვფიქლეთ, ოდეს მისჭირებოდა მონასტერსა. სამცხე თურქთ დაიჭირეს და გაათათრეს, კახეთი და ქართლი სპარსთა დაიჭირის. მას ჟამსა მომხვდა მე ცოდვილსა ჯვარის მამობა და მიიცვალა ამიერ სოფლით სანატრელი დედოფალი ნესტან-დარეჯანი, თანამეცხედრე ხელმწიფისა დადიანისა ლეონისა, რომელმაც წარაგო მისთვის ყოველივე... და მე ჯერჩინებითა მას ხელმწიფისათა ესრეთ შევამკევ რომელ სრულიად საბერძნეთი და არაბისტანი გაკვირდა“.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში ქართველთა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ძნელბედობის გამო პილიგრიმობა იერუსალიმში შემცირდა, მაგრამ არ აღკვეთილა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში არა ერთი ქართველი ეწვია იერუსალიმს, კერძოდ, ჯვრის მონასტერს. მათ შორის ზოგიერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მაქსიმე მაჭუტაძე (1639-1657), როგორც ქრისტეფორე კასტელი, არქანჯელო ლამბერტი და სხვანი ადასტურებენ, იგი რამდენჯერმე იყო იერუსალიმში და დაეხმარა კიდეც ჯვრის ტაძარს; იერუსალიმურ ხელნაწერთა ზოგიერთი მინაწერი საფიქრებელს ხდის, რომ ჯვრის სავანეში ყოფილა ცნობილი მწიგნობარი იაკობ დუმბაძე; 1684 წელს იქვე იყო არაგვის ერისთავთა სახლის წარმომადგენელი, მწერალი და საეკლესიო მოღვაწე „კოზმაყოფილი კიპრიანე“ სამთავნელი; 1699 წელს ჯვრის მონასტერში იყო მამა-ბიძათა სპარსელთა ტყვეობაში ყოფნით გულდასერილი დომენტი ბაგრატიონი, შემდგომ კათოლიკოსი დომენტი I (1705-1741) და სხვ. დასახელებული პირები, - ისე, როგორც სხვა ქართველნი, - მატერიალურად ეხმარებოდნენ ვალებით დამძიმებულ ჯვრის მონასტერს, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც ჯვარს ჯვარს გაუწია ქართლის მეფემ - გიორგი XI (1678-1688, 1703-1709). ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით, გიორგიმ „წარგზავნა იერუსალიმს ორი ათასი თუმანი სახსრად გოლგოთისა და ჯუარის მონასტრისა და სხუანი მრავალნი შესამკონი მათნი“. არაქართულ წყაროშიც აღნიშნულია, რომ გიორგიმ (ძმასთან - ლევან ბატონიშვილთან ერთად) ვალისაგან იხსნა ჯვრის ტაძარი.
იერუსალიმის საპატრიარქო ჯვრის, უფლის საფლავისა თუ სხვა სავანეთა შემწეობით საქართველოდან რიგიან შემოსავალს იღებდა. იგი ყმა-მამულს ფლობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იერუსალიმის ჯვრის მეტოქს წარმოადგენდა თბილისში „ეკლესია ჯვარის, გუნბათიანი, შვენიერი“ (ვახუშტი). ამ ეკლესიას ჩვეულებრივ ჯვარის მამას უწოდებენ, რადგან იქ იჯდა მამა, რომელსაც ქართველთაგან ნიშნავდნენ ქართველი მეფე-კათოლიკოსები. ის იღებდა, აგროვებდა შეწირულებას და უგზავნიდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
რადგან პოლიტიკური ვითარების გართულების გამო ჯვრის მონასტრის ორგანიზაციული კავშირი საქართველოსთან შესუსტდა და დახმარება-შეწირულობამ იკლო, შემოსავლის ზუსტად აღრიცხვას და მიღებას დიდი მნიშნველობა მიეცა. ამით აიხსნება ჯვრის წინამძღვრების საკალმასოდ ჩამოსვლა გურიაში, იმერეთში და ა.შ. ამითვე აიხსნება ის ფაქტი, რომ XVII საუკუნეში იერუსალიმის ოთხი პატრიარქიდან სამი ეწვია საქართველოს. სახელდობრ, თეოფანე (1608-1645), პაისიოსი (1645-1660) და დოსითეოსი (1669-1709).
დოსითეოსი საკმაოდ ენერგიული მოღვაწე იყო - თავგამოდებით ებრძოდა კეთოლიკეებს, აკავშირებდა მართლმადიდებლებს, მოგზაურობდა და აგროვებდა შეწირულობას, ისტუმრებდა ვალებს და ა.შ. იგი ცნობილია მწიგნობრობითაც. გარკვეულ ინტერესს იწვევს მისი „იერუსალიმის პატრიარქთა ისტორია“, რომელშიც გამოყენებულია ბაგრატ მესამის „აფხაზთა ისტორია“. ავტორმა მოგვაწოდა ბევრი საყურადღებო ცნობა ჩვენს ქვეყანაზე. დოსითეოსის ცნობები საქართველოზე გამოაქვეყნა ჯერ კიდევ მარი ბროსემ. ჩვენი საკითხისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა დოსითეოსის წერილები, რომლებიც, - პ.უსპენსკის მიერ რუსულად თარგმნილი, - ჩვენშიც გამოაქვეყნა პლატონ იოსელიანმა.
|
აკაკი შანიძე იერუსალიმის ჯვრის
მონასტერში. 1960 წელი |
XVIII საუკუნეში ქართველთა გავლენამ იერუსალიმში საგრძნობლად იკლო; ქართველ მეფე-დიდებულებთა დახმარება იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი ძველებურად ეფექტური აღარ იყო, ქართულ ტაძრებს უცხოელები ფლობდნენ, პილიგრიმთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა.
იერუსალიმის ქართული კოლონიის დაკნინებამ შეაშფოთა ქართველობა. ქართველთა ეროვნული ღირსების შებღალვითა და ეროვნულ სავანეთა დაკარგვით აღშფოთებული „წმიდა საფლავსა და სისხლ-მეწამულს გოლგოთას მდგომი, მლოცველი, საბრალო... მონაზონი მართა“ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსს გრიგოლს (1696-1742) გულისტკივილით აცნობებდა იერუსალიმის ქართული სავანეების მძიმე მდგომარეობას, მტრის მოძალებას, მის მიერ ქართულ სიძველეთ ვერაგულად მიტაცებას.
მოვიტანთ ამონარიდს XVIII საუკუნეში იერუსალიმს მოღვაწე ქართველი მონაზვნის მართას ამ გულისშემძვრელი წერილიდან, რომელიც იმჟამინდელ ქართველთა გარდა დღევანდელი საქართველოს საერო თუ სასულიერო ხელისუფლებისადმი, მთლად ქართველი ერისადმი საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენს წინაპართა ძახილად და თხოვნადაც შეიძლება რომ ვიხულოსხმოთ:
„ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრე დავკარგეთ? ეგებ არ მოხსენებოდეს, თვარემ საქონელი და სიმდიდრე ორივე აქ არის, ეს სოფელიც და მერმეცა. აქაური ამბავი ამ ჩემმან შვილმან ვერ ნახა, თუ რა დიდი გაჭირვება არის მაგისთანა, რომ მონასტერი ასრე დავკარგეთ? ბატონი კათალიკოზი მაქსიმე კაცი არ იყო, რომ ნაწილ სასუებელ არს მისი სახელი? აგრე იქნება? წამობრძანდით, ამათა აღარ უნდა ჩვენი კაცი, რომ მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენის მონასტრების!.. ნუ იქთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს. ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვნოს, და თქვენ სულ იერუსოლიმი დაკარგეთ! ეს წმიდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა, და ეხლა ლამის რომ სულა გამოვ[ა]რდეთ: წმიდას საფლავზედ ფრანგნი ჟამს სწირავს. ერთის სიტყვით მისცა ხვანთქარმა და ასრე უბრძანა: „რაც გურჯის ბატონების ზიარეთი და სალოცავი იყოსო, არა კადროთ რამეო“. ხმა დიდი არის მაგ ბატონების და ხათრიც, მაგრამ ერთი ელჩი რომ გამოგზავნოთ სტამბოლს, რა იქნება? დიდი სირცხვილი არ არის ეს, რომ პატიოსანი დიდი წმიდა იაკობის მონასტერი სომხებმა იშოვნეს? ხვანთქარი მოატყუეს და ახლა სომეხს აქუს. ბეთლემი ფრანგმა აიღო, მაგრამ მაგათი შიში და მოლოდინი აქუს და ჩვენი სამწირველო ისევ მორთული არის; თუ არ მოხვალთ, და[ა]ქცევენ. საბრალო პატრიარქმა რა ქნას, თუ ქრისტიანი არ მიუდგებით? ერთი ელჩი გამოგზავნეთ ხვანთქართან, ისრევ მოგცემსთ. უსაცილოდ გოლგოთასაც და გესამანიას დაიჭირავს ფრანგი, თუ არ მოეშველებით. ამათი კერძი გოლგოთა დაიჭირა, ჩვენი ჯერ კარგად არის. ერთი თავი ჯვარის მამა გაიჩინეთ, რომ წამოვიდეს. ან ერის კაცი, ან ბერი გამოაშურეთ ამ ქვეყანას, თვარემ წახდა საქმე. უსათუოდ შავის ზღვით გამოაგზავნეთ კაცი და საპატრიარქოშიდ სტანბოლოს მოვიდეს, და იქიდამა ვეზირი ნახოს. თუ ასრე არა იქთ, ეს მონასტრები და იერუსალიმი დაგეკარგვიან. ნუ იქთ, სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიას, ან ოდიშს, იმერეთს და ქართლით, პირობა დასდევით და ამგვარად კრება და ვეზირობა ქენით. თუ იერუსალომი დაგეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ...“
წერილის ავტორი მართა მონაზონი ჩვენს წინაშე წრმოდგება როგორც მამულისმოყვარული, მართლმადიდებლობისა და ქართველთა ეროვნული ღირსების დამცველი ქალი. მას კარგად ესმოდა იერუსალიმის ქართული კოლონიის სულიერ-კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, გულს უკლავდა მიმტაცებელთა ძალადობა და ქართველთა გულგრილობა. აღელვებდა ქართველ კოლონისტთა უმწეო მდგომარეობა. ამიტომაც მოუწოდებდა იგი თავის თანამემამულეებს გადამჭრელი ღონისძიებებისკენ, იერუსალიმელ ქართველთა სავანეების ხსნისა და დაცვისაკენ. მართასთვის, - ისე, როგორც ბევრი შორსმჭვრეტელი მამულიშვილისათვის, - იერუსალიმის ქართული სავანეების დაკარგვა, იქაურ ქართულ სიძველეებზე ხელის აღება მამაპაპეული სარწმუნოების შებღალვას ნიშნავდა და ეროვნული კატასტროფის მოახლოებას მოასწავებდა.
მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ
გაზეთი „აღსავალი“, № 10-15, 2004 წ.