თქვენო უნეტარესობავ, ამ წერილის მოწერის მიზეზი არის ჯვრის მონასტერში ახლახან მომხდარი ვანდალური ქმედება, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო. შოთა რუსთაველი არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის სიამაყე, იგი შუასაუკუნეების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოეტია. ამიტომაც ყველასთვის უდიდესი პატივი უნდა ყოფილიყო XII საუკუნიდან დღემდე შემორჩენილი მისი ერთადერთი ფრესკის დაცვა და პატრონობა.
იმის ნაცვლად, რომ ჯვრის მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარი აცნობიერებდეს მომხდარის სიმძიმეს, თავის მართლების უხერხულ ფორმებს მიმართავს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
სამწუხაროდ, იერუსალიმის საპატრიარქო მეტად არასახარბიელო მდგომარეობაშია აღნიშნულ მონასტერთან დაკავშირებული სხვა ფაქტების გამოც: ამ ისტორიულად ქართულ სავანეში წლების მანძილზე მიზანდასახულად ხდება კედლებიდან ფრესკების ჩამოხსნა და უცხოეთში გაყიდვა. (დაკარგულია, ან ყოველ შემთხვევაში არ აჩენენ ბოლო დროს ქართველთაგან გაკეთებულ შეწირულობებსაც). ჩვენ იძულებულნი გავხდით სპონსორების საშუალებით ევროპაში შეგვეძინა გასაყიდად გამზადებული ჯვრის მონასტრიდან გატანილი ფრესკების ნაწილი, რომელსაც, რა თქმა უნდა, სათანადო პირობების შექმნის შემდეგ ძველ ადგილზე დავაბრუნებთ.
რატომ ხდება, რომ ასეთი დიდი დანაშაული იერუსალიმის საპატრიარქოსთვის შეუმჩნეველი და დაუსჯელი რჩება და ამასთან, მსგავსი ქმედებები კვლავაც გრძელდება? გასულ წელსაც ხომ განადგურდა XVII ს-ის ქართული წარწერა წმიდა ნიკოლოზის მონასტერში. მართალია, დღეს იგი ქართული მხარის ზეწოლით აღდგენილია, მაგრამ ისტორიული ღირებულება მას უკვე აღარ აქვს. განა შეიძლება ეს ტკივილი ჩვენში გაყუჩდეს?
რატომ ცდილობენ გარკვეული ძალები ქართველთა კვალის ასე დაჟინებით წაშლას წმიდა მიწაზე? ვინ გეგმავს ამ მიზანმიმართულ ვანდალიზმს? ეს ორი კითხვა პასუხის გაცემას აუცილებლად ითხოვს.
ყველა ეს მკრეხელური ზემოაღნიშნული ფაქტი ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილი იყო, რაც მათში დიდ გაურკვევლობასა და უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ შოთა რუსთაველის ფრესკის ხელყოფამ ხალხის მოთმინების ფიალა მთლიანად აავსო.
საზოგადოება დღეს უკვე, როგორც არასდროს ჩვენი და თქვენი ეკლესიებისგან და მთავრობებისგანაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაჟინებით ითხოვს.
შექმნილი სიტუაციის ნაწილობრივი გამოსწორების მიზნით ამ ეტაპზე ერთ-ერთ უმთავრეს გამოსავლად მიგვაჩნია რამდენიმე ქართველი სასულიერო პირის მოღვაწეობის დაწყება ჯვრის მონასტერში, რათა ერთობლივად დავიცვათ ეს ისტორიული სავანე.
ჩვენი დიდი სურვილია, იერუსალიმის საპატრიარქო მეტად უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, ამიტომაც გთხოვთ, დროულად განიხილოთ ეს საკითხი.
შევთხოვთ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ეკლესიების ურთიერთობას არათუ ჩრდილი არ მიადგება, პირიქით, მომავალში იგი კიდევ უფრო განმტკიცდება.
ღრმა პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
5 ივლისი, 2004 წელი