გამოსათქმელთა და გამოუთქმელთა, საცოდნელთა და უცოდნელთა შესახებ
ამრიგად, ვინც ღვთის შესახებ თქმას ან სმენას ინებებს, მართებს მას გარკვევით იცოდეს, რომ ღვთისმეტყველებაში და განგებულებაში არც ყოველივე გამოუთქმელია, არც ყოველივე გამოსათქმელი, არც ყოველივე უცოდნელია, არც ყოველივე საცოდნელი. ხოლო სხვა რამ არის „საცოდნელი“ და სხვა რამ - „სათქმელი“, როგორც სხვა არის მეტყველება და სხვა არის მცოდნეობა. ამიტომ, არ არის შესაძლებელი, რომ ბევრი რამ, რასაც ღვთის შესახებ ბუნდოვნად მოვიაზრებთ, ჯეროვნად იქნეს გამოთქმული. შესაბამისად, იძულებული ვართ, რომ ჩვენზე უზემოესთა შესახებ ის ვთქვათ, რაც ჩვენეულია, როგორც, მაგალითად, ვამბობთ ღვთისადმი ძილს, მრისხანებას, უზრუნველობას, ხელებს, ფეხებს და სხვა ამგვართ.
ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, - დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრულო, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმხედველი, ყოველთა წინაგანმგები, მეუფლე და მსაჯული, - ეს ვიცით და ვაღიარებთ. აგრეთვე, ვიცით ისიც, რომ ღმერთი ერთია ანუ ერთი არსებაა. რომ სამ გვამოვნებაში შეიცნობა და არსებობს იგი, მამაში, - ვამბობ, - ძეში და წმინდა სულში. რომ მამა, ძე და სულიწმინდა ყოვლითურთ ერთია, გარდა უშობელობისა, შობილობისა და გამომავლობისა. რომ მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და ღმერთი თავისი მოწყალებითი თანალმობით, მამისეული სათნოყოფითა და ყოვლადწმინდა სულის თანამოქმედებით ჩვენი ხსნისათვის უთესლოდ მუცლადღებული, განუხრწნელად იშვა წმინდა ქალწულისა და ღვთისმშობლის მარიამისგან სულიწმინდის მიერ და მისგან (მარიამისგან) სრული კაცი გახდა. ვიცით, რომ თვითვე არის ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცი, ორი ბუნებისაგან, ღმრთეებისგან და კაცებისაგან, და - ორ ბუნებაში, რომლებიც არიან გონისმიერნი, მნებებელნი, მოქმედნი, თვითუფლებრივნი, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, სრულნი, შესაბამისად თითოეულის საზღვრისა და რაობისა (ვამბობ ღმრთეებას და კაცებას), ხოლო ვიცით იგი ერთი შედგენილი გვამოვნებით; ვიცით, აგრეთვე, რომ მოშივდა მას და მოსწყურდა, დაიღალა და ჯვარს ეცვა, სიკვდილისა და საფლავის სამდღიანი გამოცდილება მიიღო და ცათაკენ ზეავიდა, საიდანაც მოვიდა ჩვენთან და კვლავ მოვა შემდეგში - ამის მოწმეა საღვთო წერილი და წმინდანთა მთელი მწყობრი.
მაგრამ თუ რა არის ღვთის არსება ან როგორ არის იგი ყოველივეში ან როგორ დაიცარიელა თავისი თავი მხოლოდშობილმა ძემ და ღმერთმა და როგორ გახდა იგი ადამიანი ქალწულებრივ სისხლთაგან, რაჟამს ბუნებისგან ეცხო რამ სხვა წესით შეიქმნა, ან როგორ განვლო მან წყალი დაუსველებელი ფეხით, - ამათ შესახებ უმეცარნი ვართ და არც თქმა ძალგვიძს. ამრიგად, არ არის შესაძლებელი, რომ ღვთის შესახებ რაიმე ვთქვათ ან მოვიაზროთ, გარდა იმისა, რაც ძველი და ახალი აღთქმის საღვთო სიტყვათა მიერ ჩვენდამი ღვთისსახოვნად განცხადებულა ანდა თქმულა.
წინა თავი |