წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ორმოცდამეხუთე

საღვთო განგებულების, ჩვენდამი მზრუნველობისა და ჩვენი ხსნის შესახებ

ამრიგად, ბოროტების მოთავე ეშმაკის ამ შემოტევით მოტყუებულმა ადამიანმა არ დაიცვა შემოქმედის მცნება, მადლისგან გაშიშვლებით განიძარცვა მან ღვთისადმი გულხსნილობა, მძიმე ცხოვრების სიტლანქით დაფარულმა (რადგან ესაა „ლეღვის ფოთლები“) გარეშემოიცვა კვდომა ანუ ხორცის მოკვდავობა და უხეშობა (რადგან ესაა მკვდარი ტყავების შემოცმა) და ღვთის მართლმსაჯულების შესაბამისად სამოთხიდან გამოძევდა, - სიკვდილმისჯილი და ხრწნილებას დამონებული. მაგრამ თანამგრძნობმა უფალმას ვინც არსებობა მისცა მას და კეთილდღეობაც მიჰმადლა, არ უგულებელყო იგი, არამედ, უპირველესად, მრავალი სახით უმასწავლებლა მას და მოქცევისაკენ უხმო. კვნესისა და ძრწოლის გზით, წარღვნით და მთელი მოდგმის თითქმის სრული ამოწყვეტით, ენათა შერევითა და განყოფით, ანგელოზთა ზედამდგომობით, ქალაქთა გადაბუგვით, სახეობრივ ღმერთმჩენეობათა მიერ, ბრძოლებით, გამარჯვებებით, დამარცხებებით, ნიშანდებებით, ნიშებითა და ნაირგვარი ძალთავლენით, რჯულითა და წინასწარმეტყველებით, რომელთა გულმოდგინებაც იმისთვის იყო, რომ აღმოეფხვრათ მრავალგვარად განფენილი და ადამიანის დამამონებელი ცოდვა (რასაც ბოროტების ყოველგვარი სახეობით დაეხერგა ეს ყოფა), რომ ადამიანი კვლავ კეთილდღეობამდე ამაღლებულიყო. ამიტომ, რადგან სიკვდილი ცოდვის გზით შემოვიდა ქვეყნად, როგორც ველური და მძვინვარე მხეცი, რომელმაც წარყვნა ადამიანის ყოფა, მართებდა მას, ვინც გამოსყიდვას განიზრახავდა, რომ ყოფილიყო უცოდველი და ცოდვისმიერ სიკვდილს დაუმონებელი. ამასთან, [საჭირო იყო] ბუნების განმტკიცება და განახლება, საქმით მასწავლებლობა მისდამი და სწავლება მისთვის სათნოების გზისა, რაც ხრწნილებიდან გამოიყვანდა მას და უწინამძღვრებდა მარადიული სიცოცხლისაკენ.

ბოლოს, კაცთმოყვარეობის ზღვა ვლინდება მასზე, რადგან თავად შემოქმედი და უფალი საკუთარი ქმნილების გამო თავის თავზე იღებს ბრძოლას და საქმით ხდება იგი მოძღვარი. ამასთან, რადგან ღმერთობის იმედით შეიტყუა მტერმა ადამიანი, ხორცის საბაბით თვითვე ხდება შეტყუებული, ერთობლივად საცნაურდება რა ღვთის სიკეთე, სიბრძნე, სამართლიანობა და შემძლეობა. სიკეთე იმიტომ, რომ არ უგულებელყო მან საკუთარი ქმნილების უძლურება, არამედ შეეწყალა იგი, დაცემული, და ხელი გაუწოდა მას; სამართლიანობა იმიტომ, რომ ადამიანის ძლევის შემდეგ არათუ სხვას ამარჯვებინებს იგი ტირანზე, არცთუ იძულებით სტაცებს ადამიანს სიკვდილს, არამედ ვინც ძველად ცოდვის მიერ დაიმონა სიკვდილმა, სწორედ ის აქცია უფალმა მძლეველად, - უფალმა, კეთილმა და სამართლიანმა, - და მსგავსით უკუგამოიხსნა მსგავსი, რაც შეუძლებელი იყო სიბრძნე იმიტომ, რომ შეუძლებლის ყველაზე უფრო შესაფერისი დასაძლევი ჰპოვა, რადგან, ღვთისა და მამის სათნოჩენით, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ და სიტყვამ, ღმერთმა და მამის წიაღში მყოფმა, მამისა და სულიწმინდის თანაარსმა, წინასაუკუნომ, დაუსაბამომ, დასაბამში მყოფმა, ღმერთთან და მამასთან მყოფმა და ღმერთად მყოფმა, ვინც ჰგიეს ღვთის ხატებაში, ცანი მოდრიკა და გარდამოხდა, ესე იგი, თავისი დაუმდაბლებელი სიმაღლე დაუმდაბლებლად დაამდაბლა და თავის მონებამდე ქვე დადაბლდა გამოუთქმელი და მიუწვდომელი ქვემდაბლობით (რადგან ამას ცხადყოფს გარდამოსვლა) და სრულ ღმერთად მყოფი გახდა სრული ადამიანი.

და აღესრულება ის, რაც ყველა სიახლეზე უახლესია, რაც მხოლო სიახლეა მზის ქვეშ, რითაც საჩინოვდება ღვთის უსასრულო ძლიერება, რადგან რა არის იმაზე უფრო აღმატებული, ღმერთი რომ ადამიანი ხდება?

და სიტყვა, ცვალებადობის გარეშე, გახდა ხორცი სულიწმინდისგან და ღვთისმშობლისგან - წმინდა მარადქალწულ მარიამისგან; ღვთისა და ადამიანთა შუამდგომლად შეირაცხა იგი, მხოლო კაცთმოყვარე, ვინც ჩაისახა ქალწულის უხრწნელ საშოში, თუმცა არა კაცის ნებით ან წადილით ანთუ თანაშეხებით ანდა ვნებიერი შობადობით, არამედ - სულიწმინდისგან და იმ პირველი, ადამისეული შესაქმისგან. და ხდება იგი მორჩილი მამისა, განკურნებს რა ჩვენს ურჩობას ჩვენგან ჩვენებრის მიღებით და მორჩილების ნიმუშად იქცევა ჩვენთვის, რის გარეშეც შეუძლებელია ცხონების მოპოვება.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი