წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი ოთხმოცდამეექვსე

უფლის წმინდა და უბიწო საიდუმლოთა შესახებ

კეთილმა, ყოვლადკეთილმა და ზეკეთილმა ღმერთმა, ვინც არის მთელი სიკეთე, თავისი სიკეთის ზეჭარბი სიმდიდრის გამო არ მოინება1, რომ მხოლოდ თვითონ ყოფილიყო კეთილი, ანუ რომ არავინ ყოფილიყო წილმქონე მისი ბუნებისა. ამის გამო შექმნა მან პირველად გონისმიერი და ციური ძალები, შემდეგ - ხილული და გრძნობადი ქვეყნიერება, შემდეგ კი, გონისმიერისგან და გრძნობადისგან - ადამიანი. ამგვარად, ყოველივე, რაც მისგან შეიქმნა, არსებობის მიხედვით მოზიარეა მისი სიკეთისა, რადგან თავად არის არსებობა ყველასათვის, რამეთუ მასში არიან არსნი, და ეს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან შემოიყვანა ისინი არარსებობიდან არსებობაში, არამედ იმიტომაც, რომ მისი მოქმედება იცავს და შეამტკიცებს მისგან ქმნილთ; უფრო მეტად [ეზიარებიან] მას ცოცხალი არსებები, რადგან მონაწილენი არიან სიკეთისა არა მხოლოდ არსებობის მიხედვით, არამედ სიცოცხლესთან წილმქონეობითაც, ხოლო მოაზროვნეობითნი ზემოთქმულთა მიხედვითაც ეზიარებიან მას, მაგრამ კიდევ - აზროვნებითაც, და ამით უფრო, რადგან გარკვეულწილად უფრო ახლოს არიან მასთან, თუმცა კი იგი შეუდარებლად აღემატება ყოველივეს.

ამრიგად, ადამიანი, რომელიც მოაზროვნედ და თვითუფლებრივად შეიქმნა, უფლებამოსილი გახდა, რომ საკუთარი არჩევანისამებრ უწყვეტად ჰქონოდა ერთობა ღმერთთან, თუკი, რა თქმა უნდა, სიკეთეში, ესე იგი შემოქმედის მორჩილებაში შეინარჩუნებდა თავს. მაგრამ როდესაც საკუთარი შემოქმედის მცნებას გარდავიდა იგი და სიკვდილსა და ხრწნილებაში ჩავარდა, ჩვენი მოდგმის დამბადებელი და შემოქმედი თავისი კეთილმოწყალე თანალმობიერების გამო ყოვლითურთ გვემსგავსა ჩვენ და გახდა კაცი ცოდვის გარეშე, შეუერთდა რა იგი ჩვენეულ ბუნებას. დიახ, რადგან მან წილად გვიბოძა ჩვენ თავისი ხატი და თავისი სული, ჩვენ კი არ დავიცავით ეს, თვითვე იღებს წილად ჩვენეული ბუნების სიგლახაკესა და უძლურებას, რომ განგვწმინდოს ჩვენ, გაგვაუხრწნელოს და კვლავ დაგვადგინოს მისეული ღმრთეების წილმქონეებად. ამასთან, საჭირო იყო, რომ არა მხოლოდ ჩვენეული ბუნების დასაბამი გამხდარიყო წილმქონე უმჯობესისა, არამედ, აგრეთვე, ყველა ადამიანი, ვინც კი ასე განიზრახავდა, შობილიყო მეორე შობით, გამოზრდილიჟო ამ შობის შესაფერისი და უცხო საზრდოთი და ამ სახით მიეღწია სისრულის საზომისათვის.

ამრიგად, მან თავისი შობის ანუ ხორცშესხმის, ნათლისღების, ვნებულებისა და აღდგომის გზით გაათავისუფლა ბუნება პირველმამის ცოდვისგან, სიკვდილისგან, ხრწნილებისგან და გახდა მისთვის დასაბამი და გზა აღდგომისა, სახედ და ნიმუშად დაგვიდო რა თავისი თავი, რომ ჩვენც მის კვალთა მიყოლით მონიჭებითად გავმხდარიყავით ის, რაც თავად ბუნებითად არის, კერძოდ - ძეები და მემკვიდრეები ღვთისა, და მისი თანამემკვიდრენი.

ამრიგად, მოგვცა მან ჩვენ, როგორც თქვა, მეორე შობა, რომ როგორც ადამისგან შობით მივემსგავსეთ ადამს, ვიმემკვიდრეთ რა წყევლა და ხრწნილება, ასევე მისგან შობითაც მივემსგავსოთ მას და ვიმემკვიდროთ უხრწნელება და აგრეთვე, კურთხევა და დიდება მისი.

ხოლო რადგან სულიერი ადამია იგი, საჭირო იყო, რომ შობაც სულიერი ყოფილიყო, როგორც აგრეთვე საჭმელი, მაგრამ რადგან ვართ ჩვენ რამ ორმაგნი და შედგენილნი, გვმართებდა, რომ შობაც ორმაგი გვქონოდა, როგორც აგრეთვე საჭმელიც - შედგენილი. ამიტომ მოგვეცა ჩვენ შობა წყლისა და სულის მიერ (ვგულისხმობ წმინდა ნათლისღებას), ხოლო საჭმელი თვითვეა, - სიცოცხლის პური, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც ციდან ჩამოვიდა (იოან. 6,51), რადგან განიზრახავდა რა იგი ჩვენს გამო ნებაყოფლობითი სიკვდილის მიღებას, იმ ღამით, როდესაც მისცა მან თავისი თავი, ახალი აღთქმა აღუთქვა თავის წმინდა მოწაფეებსა და მოციქულებს, მათ მიერ კი - მის ყველა მორწმუნეს. ამიტომ, წმინდა და დიდებული სიონის ზედა სართულში თავის მოწაფეებთან ერთად ჭამს იგი ძველ პასექს და სრულყოფს რა ძველ აღთქმას, ჰბანს მოწაფეებს ფეხებს, რითაც წმინდა ნათლისღების სიმბოლოს გვაძლევს. შემდეგ განტეხა მან პური, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის განტეხილი ცოდვათა მისატევებლად“ (მათ. 26,27-28). მსგავსადვე აიღო მან სასმელი ღვინისგან და წყლისგან, წილად უბოძა მათ და თქვა: „სვით ამისგან ყველამ. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, თქვენთვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად, რადგან რამდენგზისაც შეჭამთ ამ პურს და შესვამთ ამ სასმელს, ადამიანის ძის სიკვდილი აუწყეთ და მისი აღდგომა აღიარეთ, ვიდრე მოვა“ (მათ. 26,27-28; 1 კორ. 11,25-26).

ამიტომ, თუ „ღვთის სიტყვა ცოცხალია და მოქმედი“ (ებრ. 4,12), თუ „ყოველივე, რაც ინება უფალმა, ქმნა“ (ფს. 134,6), თუ თქვა მან: „შეიქმნეს ნათელი, და შეიქმნა შეიქმნეს სამყარო, და შეიქმნა“ (შესაქ. 1,3;6), თუ „უფლის სიტყვით ცანი დამყარდა და მისი პირის სულით - მათი ყველა ძალა“ (ფს. 32,6), თუ ცა, მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და მთელი მათი შემკობილობა, მათ შორის კი ეს საყოველთაოდ ცნობილი ცხოველიც, ადამიანიც, - უფლის სიტყვით სრულიქმნა, თუ თვით სიტყვა-ღმერთმა ინება და ადამიანი გახდა, და წმინდა ქალწულის სპეტაკი და უბიწო სისხლი უთესლოდ შეაგვამოვნა მან თავის ხორცად, - მასვე ნუთუ არ ძალუძს ისიც, რომ პური თავის სხეულად შექმნას, ღვინო და წყალი კი - სისხლად? თქვა მან დასაბამში: „აღმოაცენოს მიწამ ბალახის მცენარე“ (შესაქმ. 1,11) და ვიდრე დღემდე, როდესაც წვიმს, აღმოაცენებს მიწა თავის მცენარეებს საღვთო ბრძანებით ნაიძულები და ძალმიცემული. თქვა ღმერთმა: „ეს არის ჩემი სხეული“ და „ეს არის ჩემი სისხლი“, „ეს აკეთეთ“, და მისი ყოვლადძლიერი ბრძანებით ხდება კიდეც ასე, ვიდრე მოვიდოდეს თვით, რადგან ასე თქვა: „ვიდრე მოვა“. ხოლო ამ ახალი ნამუშაკევისთვის „წვიმა“ არის სულიწმინდის ძალა, რაც გარდამოწვევის მიერ მოუჩრდილებს მას, რადგან ისევე როგორც სულიწმინდის მოქმედებით ქმნა ღმერთმა ყოველივე, რაც ქმნა, ასევე ახლაც სულიწმინდის მოქმედება იქმს იმას, რაც ზებუნებრივია და რისი დატევაც არაფერს ძალუძს, თუ არა მხოლოდ რწმენას.

„როგორ იქნება ეს ჩემზე“, თქვა წმინდა ქალწულმა, „რადგან მამაკაცი არ ვიცი?“ მიუგებს მას გაბრიელ მთავარანგელოზი: „სულიწმინდა მოვა შენზე და ძალი მაღლისა მოგიჩრდილებს შენ“ (ლუკა 1,35).

და ამის შემდეგ გვეკითხები: როგორ ხდება პური ქრისტეს სხეული და ღვინო და წყალი - ქრისტეს სისხლი?

მეც გეტყვი შენ: სულიწმინდა ზე გადმოდის და აღასრულებს ამას, რაც აღემატება სიტყვასა და აზრს. პური და ღვინო იმიტომ შემოიღება, რომ იცის ღმერთმა ადამიანის უძლურება, რომელიც ხშირად ზურგს აქცევს და შემოსწყრება ხოლმე მას, რაც ჩვეულებაში არ აქვს გამჯდარი. ამიტომ, იჩენს რა უფალი ჩვეულ ქვემდაბლობას, ბუნებისათვის ჩვეულთა მიერ აღასრულებს ზებუნებრივთ, და ისევე როგორც ნათლისღებასთან დაკავშირებით, სადაც ზეთთან და წყალთან თანაშეაუღლა მან სულის მადლი და აქცია იგი ახალშობილის ემბაზად, რადგან ადამიანთა ჩვევაა წყლით დაბანა და ზეთით ცხება, ასევე ამჯერადაც, რადგან ადამიანთა ჩვევაა პურის ჭამა და წყლისა და ღვინის სმა, თანაშეაუღლა მან მათთან თავისი ღმრთეება და შექმნა ისინი თავის სხეულად და სისხლად, რომ ჩვეულთა და ბუნებრივთა გზით ზებუნებრივთა შიგნით შევსულიყავით. სხეულია იგი, ჭეშმარიტად შეერთებული ღმრთეებასთან, სხეული - წმინდა ქალწულისგან, თუმცა არა იმიტომ, რომ თვით ამაღლებული სხეული ჩამოდის ციდან, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ეს პური და ღვინო გარდაიქმნება ღვთის სხეულად და სისხლად. მაგრამ თუ ეძიებ, რა სახით ხდება ეს, საკმარისია შენთვის იმის გაგება, რომ - სულიწმინდის მიერ, ისევე როგორც სულიწმინდის მიერვე შეაგვამოვნა უფალმა თავისი თავისადმი და თავის თავში ხორცი წმინდა ღვთისმშობლისგან. მეტი არაფერი ვუწყით, გარდა იმისა, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია, მოქმედია და ყოვლისშემძლეა, ხოლო სახე გამოუკვლეველია. ამასთან, არც იმის თქმაა უჯერო, რომ როგორც ბუნებითად ხდება ჭამის გზით პურის, შესმის გზით კი ღვინისა და წყლის შეცვლა მჭამელისა და შემსმელის სხეულად და სისხლად და არ იქცევა იგი სხვა სხეულად, განსხვავებულად მისი პირველი სხეულისგან, ამგვარადვე წინადაგების პური2, ღვინო და წყალი სულიწმინდის გარდამოწვევისა და გადმოსვლის გზით ზებუნებრივად გარდაიქმნება ქრისტეს სხეულად და სისხლად, და არ არიან ორნი, არამედ - ერთიდაიგივე3, რაც რწმენით და ღირსად წილმიმღებთათვის აღსრულდება ცოდვათა მისატევებლად, საუკუნო სიცოცხლედ და სულისა და სხეულის დასაცავად, ხოლო ურწმუნოებით და უღირსად წილმქონეთათვის - სატანჯველად და სასჯელად, ისევე როგორც უფლის სიკვდილი მორწმუნეებს სიცოცხლედ და უხრწნელებად ექცათ (რათა ილხენდნენ ისინი საუკუნო ნეტარებაში), ხოლო ურწმუნოებს და უფლის მკვლელებს - საუკუნო სატანჯველად და სასჯელად.

ეს პური და ღვინო არ არის სახე ქრისტეს სხეულისა და სისხლისა (ნუ მოხდება ეს!), არამედ - თვით განღმრთობილი სხეული -უფლისა, თქმულია რა თავად უფლის მიერ: „ეს არის ჩემი სხეული“ და არა - სახე სხეულისა. ასევე, ითქვა „სისხლი“ და არა - სახე სისხლისა. უფრო ადრე იუდეველებსაც უთხრა მან: „თუ არ შეჭამთ ძის ხორცს, არ გექნებათ საუკუნო სიცოცხლე, რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი - ჭეშმარიტი სასმელი“. და კიდევა: „ვინც მჭამს მე, იცოცხლებს“ (იოანე 6,53-57).

ამიტომ, მთელი მოშიშებით, განწმენდილი სინდისით და უეჭვო რწმენით მივეახლოთ მას და უთუოდ იმგვარადვე მოგვეცემა, როგორც ვირწმუნებთ, არ შევეჭვდებით რა. პატივი მივაგოთ მას მთელი სიწმინდით, - სულისმიერითაც და სხეულებრივითაც, რადგან ორმაგია იგი. მივეახლოთ მას მგზნებარე მოსწრაფებით, ჯვრისსახოვნად გამოვსახოთ ხელისგულები და მივიღოთ ჯვარცმულის სხეული, შემდეგ კი ზედ დავადოთ თვალები, ბაგეები და შუბლი4 და მივიღოთ წილი საღვთო ნაკვერცხლისა, რომ ჩვენში არსებული მოსწრაფების ცეცხლმა ნაკვერცხლისეული ცეცხლოვანება შეითვისოს, დაწვას ჩვენი ცოდვები და გაანათლოს ჩვენი გულები, რათა საღვთო ცეცხლის თანშეარსებით5 ავინთოთ და განვიღმრთოთ. ნაკვერცხალი იხილა ესაიამ (ეს. 6,6), მაგრამ ნაკვერცხალი ლიტონი ხე როდია, არამედ - ცეცხლთან შეერთებული. ამგვარადვე, ზიარების პურიც ლიტონი პური როდია, არამედ - ღმრთეებასთან შეერთებული, ხოლო ღმრთეებასთან შეერთებული სხეული არ არის ერთი ბუნება, არამედ ერთია [ბუნება] სხეულისა, ხოლო მეორე - მასთან შეერთებული ღმრთეებისა. ამიტომ, ეს ორივე არის არა ერთი ბუნება, არამედ ორი.

პურითა და ღვინით ისტუმრა მელქისედეკმა, უზენაესი ღვთის მღვდელმა, აბრაამი, რომელიც უცხოთესლთა შემუსვრის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ის ტრაპეზი წინდაწინ გამოხატავდა ამ საიდუმლო ტრაპეზს, ისევე როგორც ის მღვდელი სახე და ხატოვნება იყო ქრისტეს, ჭეშმარიტი მღვდელთმთავრისა, რადგან თქმულია: „შენ ხარ მღვდელი საუკუნოდ, მელქისედეკის წვსისებრ“ (ფს. 109,4).

ამ პურს გამოხატავდა წინადაგების პურები (ლევ. 24,5-9), რადგან ეს არის წმინდა მსხვერპლი (ცხადია, აგრეთვე - უსისხლო), რასაც მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე სწირავენ უფალს, როგორც მანვე თქვა წინასწარმეტყველის მიერ (მალაქ. 1,11).

ქრისტეს სხეული და სისხლი, რაც მიმართულია ჩვენეული სულისა და სხეულის შემყარებისკენ, არც შემცირებადია, არც განხრწნადი, არცთუ განთხევისკენ მიმართული, არამედ - ჩვენი არსებისა და დაცულობისკენ, არის რა იგი ყოველგვარი ზიანის ამრიდებელი და განმწმენდი ყველა ბიწისგან. თუ იგი ჰპოვებს ნაყალბევ ოქროს6, მსჯავრდებითი სიმხურვალით განწმენდს მას, რომ სამომავლოდ „ქვეყნიერებასთან ერთად არ დავისაჯოთ“ (1კორ. 11,31), რადგან განწმენდს იგი სნეულებებით და ყოველგვარი მოსაწევარით7, როგორც ამბობს საღვთო მოციქული: „საკუთარი თავი რომ განგვესაჯა, აღარ განვისჯებოდით, მაგრამ განვისჯებით რა, უფლისგან განვისწავლებით, რომ ქვეყნიერებასთან ერთად არ დავისაჯოთ“ (კორ. 11,31-32). და ესაა ის, რასაც ამბობს: „ამრიგად, უფლის სხეულისა და სისხლის უღირსად წილმქონე თავის სასჯელად ჭამს და სვამს“ (1კორ. 11,29). მის8 მიერ განწმენდილები ვუერთდებით უფლის სხეულს, მის სულს9 და ვხდებით ქრისტეს სხეული.

ეს პური არის დასაბამო სამერმისო პურისა, რაც არის „პური არსობისა“, რადგან „არსობისა“ ცხადყოფს ან სამერმისოს, ე. ი. მერმისი საუკუნისას, ანდა იმას, რასაც ჩვენი არსების დასაცავად ვიღებთ10. ამგვარადაც და იმგვარადაც უფლის სხეული მართებულად ითქმის „არსობის პურად“. მართლაც, ცხოველმყოფვლი სულია უფლის ხორცი, რადგან ცხოველმყოფელი სულისგან იქნა იგი მუცლადღებული, რამეთუ „სულისგან შობილი სულია“ (იოან. 3,6), თუმცა ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ წარვხოცო სხეულის ბუნება, არამედ იმიტომ, რომ მისი ცხოველმყოფელობისა და საღვთოობის წარმოჩენას განვიზრახავ.

ამასთან, თუმცა ზოგმა ამ პურსა და ღვინოს უფლის სხეულისა და სისხლის ნაცვალსახენი11 უწოდა, როგორც უთქვამს, მაგალითად, ღმერთშემოსილ ბასილის, მაგრამ ასე თქვეს მათ არა შესაწირავის განწმენდის შემდეგ, არამედ თვით შესაწირავს უწოდეს ამგვარად ვიდრე მის განწმენდამდე. წილმიმღებლობად ითქმის იგი12, რადგან მის მიერ იესოს ღმრთეების წილმიმღებნი ვხდებით, ზიარებად კი ითქმის და არის კიდეც ჭეშმარიტად, რადგან, ერთი მხრივ, მის მიერ ქრისტეს ვეზიარებით ჩვენ და წილმქონე ვხდებით მისი ხორცისა და ღმრთეებისა, მეორე მხრივ კი, მის მიერვე ვეზიარებით და ვუერთდებით ურთიერთსაც, რადგან, ვართ რა ერთი პურის წილმიმღებნი, ყველანი ქრისტეს ერთი სხეული, ერთი სისხლი და ურთიერთის ასოები ვხდებით, ქრისტეს თანამესხეულეებად13 წარმოჩენილნი.

ამიტომ, მთელი ძალით ვეკრძალოთ, რომ არ მივიღოთ ზიარება მწვალებელთაგან, არცთუ მივცეთ მათ, რადგან უფალმა თქვა: „არ მისცეთ ძაღლებს სიწმინდეები, არც დაყაროთ თქვენი მარგალიტები ღორების წინა“ (მათე 7,6), რათა არ გავხდვთ წილმქონე ბოროტმადიდებლობისა და იმათი სასჯელისა.

მართლაც, თუ ზიარება უეჭველად არის შეერთება ქრისტესთან და ურთიერთთან, მაშ, უეჭველადვე ყველას, ჩვენთან ერთად თანაწილმიმღებს, არჩევანისამებრ ვუერთდებით, რადგან ეს შეერთება არჩევანის მიერ ხდება, ესე იგი არა ჩვენი განზრახულების გარეშე.

ამასთან, სამერმისოთა ნაცვალსახეებად ითქმის (პური და ღვინო), არა იმიტომ, რომ არ არიან ჭეშმარიტად სხეული და სისხლი ქრისტესი, არამედ იმიტომ, რომ ამჟამად მათ მიერ ვართ წილმქონე ქრისტეს ღმრთეებისა, ხოლო მაშინ - გონისეულად, მარტოდენ ჭვრეტის მიერ.

 

1. სიტყვ. „ვერ დაითმინა“.

2. ე.ი. ზიარების.

3. ე.ი. სხვადასხვა აღარ არის, ერთი მხრივ, პური და ღვინო, მეორე მხრივ კი - უფლის სხეული და სისხლი, არამედ პური იგივე სხეულია, ღვინო კი - იგივე სისხლი.

4. იგულისხმება, რომ ჯვრისსახოვნად დაწყობილი ხელისგულებისკენ დახრილი ადამიანი შუბლით, თვალებითა და ბაგეებით მიმართულია მიღებული წმინდა ნაწილისაკენ.

5. μετουσία. ეს ტერმინი გელათურ სკოლაში ითარგმნებოდა უაღრესად ზედმიწევნითი შესატყვისით „თანშეარსვაჲ“, რაც ნიშნავს არსობრივ, ნამდვილ (და არა სიმბოლურ) დაკავშირებას, ზიარებას. აქედან: „თანშეარსებით“, ე.ი. არსობრივი შეთვისებით.

6. ე.ი. ჩვენეულ საღვთო ხატოვნებასთან შერეულ უკეთურებას.

7. ეს წინადადება ბერძნულ ხელნაწერთა ნაწილში სხვაგვარი სახისაა, რაც ასე ითარგმნება: „რადგან განწმენდს იგი სნეულებებსა და ყოველგვარ მოსაწევარს“. ჩვენ მივყვებით ხელნაწერთა მეორე ნაწილს (შდრ. ეფრემი: „რამეთუ განსწმედს რომელთამე სენთა შემთხუევითა და სხჳთა პირად-პირადითა განსაცდელითა“, 119,1-2; შდრ. არსენი: „რამეთუ განსწმედს სნეულებათა მიერ და შემთხვუევათა“, 94,2).

8. ე.ი. ზიარების.

9. ბერძ. τ˜ω πνεύματι, ლათ. spiritu.

10. იგულისხმება საზიარებელი პურის (მაცხოვრის სხეულის) მიღება.

11. „ნაცვალსახე“ τό άντίτυπον (შდრ. არსენი 94v1). აღნიშნავს მიმსგავსებას, სახეს რაიმესადმი (და არა არსობრივ გარდაქმნას).

12. ევქარისტია.

13. „თანამესხეულეები“ - σύσσωμοι (ე.ი. მაცხოვრის სხეულთან შეერთებულნი).

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი