მისი განჩინებით, სულიწმინდა, ერთი მხრივ, მარტივად (άπλως, simpliciter) მყოფობს ყველაში და ყველაფერში, განსაკუთრებით კი - მოაზროვნე ქმნილებებში. ეს „მარტივი მყოფობა“ სულიწმინდისა ნიშნავს არსთ არსებობის შემამტკიცებლობას, მათ განჭოლვას წინაგანგებითი ძალით, მათში ბუნებითად შთათესილი უნარის (λόγος), მათ ბუნებისეულ თესლთა (τά φυσικά σπέρματα) ანუ მათი ბუნებიდან მომდინარე მართებული აზრების ამოქმედებას, რისი შედეგიცაა თვით უკიდურეს ბარბაროსებში და მომთაბარეებში (οί νομάδες - ნომადები, მწყემსები, მოხეტიალეები) სიკეთისა და მშვენიერების (ეს ორი ცნება ბერძნულში გამთლიანებულია ერთ ტერმინად: ή καλακαγαθία - მშვენიერება და კეთილმშვენიერება) მრავალგზისი გამოვლინება. ყველა ამგვარი გამოვლინების წყარო და სათავე სწორედ სულიწმინდაა.
მეორეგვარი გამოვლინება სულიწმინდისა სახეზეა იმათ შორის, რომლებსაც რჯული აქვთ, რომლებიც რჯულს არიან შედგომილნი. შესაბამისად, სულიწმინდის მეორეგვარი გამოვლინება არის, ერთი მხრივ, რჯულმდებლობითი და მცნებათდამცველობითი ანუ მამხილებლობითი მცნებათა დარღვევისათვის, მეორე მხრივ კი - ქრისტესეულ საიდუმლოთა წინასწარმაუწყებლობითი და ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებით გამასხივოსნებლობითი. ამგვარი მეცნიერების მფლობელნი წადიერად გადადიან ძველიდან ახალზე, აჩრდილისებრიდან - საიდუმლოებითზე ანუ ჭეშმარიტზე.
მესამეგვარი გამოვლინება სულიწმინდისა საკუთრივ ქრისტიანულია ანუ ეს გამოვლინება აღესრულება ქრისტიანთა შორის, რაც (გარდა ზემოთქმული სიკეთეებისა) გულისხმობს ყველაზე არსებითს - ღვთის შვილობის, ღვთისადმი ძეობილობის მადლისმიერ საბოძვარს მათთვის სარწმუნოების მიერ, ანუ მათში სულიწმინდის, სულიწმინდისეული სიბრძნის შთამკვიდრებულობას (ესაა „განმაღმრთობელი შთამკვიდრებულობა“), მათდამი როგორც თავისიანებისადმი გაზრახებას სულიწმინდისას მარტივი და უნივთო ცოდნის გზით, სულიწმინდის მიერ მათი გონების გარდაქმნას ანუ განღმრთობისკენ გონებითად მათ დასახვას, დატვიფრვას, გადატვიფრვას (გელათური ტერმინი „გარდატჳფრვაჲ“ კარგად ესადაგება აღნიშნულ მოვლენას) ზენა უხრწნელი აზრების მიერ.
აღნიშნული პასუხის შემცველი ზემოაღნიშნული თხზულება სრულად ითარგმნა ქართულად XII ს-ში გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში, როგორც ჩანს ნიკოლოზ კათალიკოსის ანუ გულაბერისძის მიერ (ხელნ. K 14). ქვემორე ტექსტი მოტანილია აღნიშნული თარგმანიდან. ძველ ქართულ ტექსტს პარალელურად ვურთავთ ბერძნული ორიგინალის ახალ ქართულ თარგმანს (ორიგინალი იხ. PG. 90, 297-300).
კითხვაჲ იე:
[რაჲ არს]: „რამეთუ უხრწნელი სული შენი არს ყოვლისა შორის. რომლისა მიერ განვრდომილთა მცირმცირედ ამხილებ“ (სიბრ. სოლ. 12.2; 1.4)? უკუეთუ სულისა წმიდისათჳს იტყჳს, ვითარ უგულისხუმოჲსა გულისადმი სიბრძნე არა შევიდეს, არცა დაიმკჳდროს სხეულსა შორის, განფრდილსა ცოდვითა, ხოლო აღვნიშნეთ ესე მარტივად თქუმისათჳს, ვითარმედ: „ყოვლისა შორის“. მიგებაჲ: სული წმიდაჲ არცერთისგან განყოფილ არს მყოფთაგანისა და უფროჲსღა - ვითარსახედცა მიმღებელთაგან სიტყჳსათა, რამეთუ შემცველობითი არს მეცნიერებასა თითოეულისასა, რამეთუ ღმერთ არს სულიცა, წინგანმგებლელობით ყოველთა მიერ დატევნული ძალთსაებრ და თითოეულისა შორის ბუნებითისა სიტყჳსა აღმძრველი და მის მიერ გრძნობისა მომართ მცოდველობით ნაქმართაჲსა გარეშე წესისა ბუნებისაჲსა მომყვანებელი მგრძნობელისაჲ მის, რომელსა ადვილსაჩუევი აქუს წინააღრჩევაი შეწყნარებისათჳს ბუნებისამიერთა მართალთა გულისსიტყუათაჲსა. მერმეცა მრავალთთა ვჰპოებთ ფრთად ბარბაროზთა და ნომადთა კაცთა კეთილსახიერებად გარდაქმნილთა, და მპყრობელ უგბილობისა ქმნითა მათშორისისა მჴეცებრივობისა შჯულებსა დამჴსნელთა. ესრეთ ვიდრემე უკუე მარტივად ყოველთა შორის არს სული წმიდაჲ. ხოლო გამოკიდეებით და სხჳსაებრ წულილმოგონებისა არს ყოველთა შჯულისაებრთა შორის, ვითარცა შჯულისმდებელობითი და ყოფადთა საიდუმლოთა წინამაუწყებელობითი, შემქმნელი მათი გრძნობასა ვიდრემე მცნებათა გარდასლვისასა, ხოლო ზედმიწევნულობასა წინაუწყებულისა ქრისტესმიერისა სრულებისასა; ვინაიცა ამათებრ მრავალთა ვჰპოებთ ძუელისა უკუე და აჩრდილთა შინა მდებარისა კუთნვისა დამტევებელთა და ახლისა მომართ და საიდუმლოობითისა გულსმოდგინებით მოცვალებულთა. ხოლო არს თქუმულთა ამათ გუართა თანა ყოველთაცა შორის საღმრთოჲსა და ნანდჳლ ღმერთმყოფელისა სახელისა ქრისტესისა განმსაკუთრებელთა სარწმუნოებისა მიერ, არა ხოლო ვითარცა დამცველობითი და, წინაგანმგებელებრ, ბუნებისებრისა სიტყჳსა აღმძრველობითი და ვითარცა მჩუენებელობითი მცნებათა გარდასლვისა და დაცვისაჲ და საქრისტეოჲსა წინაუწყებისა მომთხრობელობითი, არამედ ვითარცა დამბადებელობითიცა სარწმუნოებისმიერისა მის მადლისებრისა ძედდადებისაი, რამეთუ ვითარცა სიბრძნისა მოქმედობითი მათ მხოლოთა შორის იქმნების, რომელთა სული და სხეული განეწმიდოს განმკაცრებულისა მიერ თანმოღუაწებისა მცნებათაისა, ვითარცა თჳსთა მიმართ მზრახვალი მარტივისა მიერ და უნივთოასა მეცნიერებისა, და გონებათა მათთა უხრწნელებითა გულისხუმისსაყოფელებითა გამოუთქუმელთაითა განღმრთობისა მიმართ დამტჳფრველი. არს უკუე ყოველთა შორის ვიდრემე მარტივად, ვითარ-იგი არს ყოველთა შემომკრებელობითი და ბუნებითთა თესლთა მძრველობითი; ხოლო განკიდეებით - ყოველთა შჯულისშინათაცა შორის, ვითარიგი მცნებათა გარდასლვისა არს მჩუენებლობითი და წინამაუწყებელი ქრისტესმიერისა მის განმანათლებელობითისა აღთქუმისაი; ხოლო ყოველთა ქრისტესთა შორის, თქუმულთა ამათ თანა - ვითარცა ძედდამდებელობითი, ხოლო ვითარცა სიბრძნისა მოქმედობითი არა რომლისა თქუმულთაგანისა შორის არს მარტივად, თჳნიერ გულისხუმიერთა და რომელთა ღირსად გამოაჩინნეს თავნი ღმრთეებრისა მის მათ შორის დამკჳდრებისა მისისა, რამეთუ ყოველსა არმოქმედსა საღმრთოთა ნებათასა, დაღათუ მორწმუნე იყოს, უგულისხუმოი აქუს გული, ვითარცა საფარდული ხენეშთა გულისსიტყუათაი და სხეული განფრდილი ცოდვათა მიერ ვითარცა შეგინვბისა ვნებათაჲსა მქონებელი მარადის. |
შეკითხვა მეთხუთმეტე:
რა არის: „რამეთუ შენი უხრწნელი სული არის ყველაში. ამიტომ დაცემულებს მცირე-მცირედ ამხილებ“ (სიბრძნ. სოლ. 12.2; 1.4)? თუკი [სოლომონი] ამას ამბობს სულიწმინდის შესახებ, მაშინ როგორღა არ შედის უგუნურ გულში სიბრძნე, როგორღა არ მკვიდრდება იგი იმ სხეულში, რომელიც ცოდვებს არის დაქვემდებარებული? ამაზე იმიტომ შევნიშნეთ, რომ მარტივად თქვა მან: „ყველაში“. პასუხი: სულიწმინდა არ არის განშორებული არცერთი არსისგან, განსაკუთრებით კი იმათგან, რომლებსაც რაღაცნაირად თანაზიარება აქვთ აზროვნებასთან [1], რადგან სულიწმინდა ყოველი მათგანის არსებობის [2] შემამტკიცებელია, არის რა იგი ღმერთი და სული ღვთისა, წინაგანგებითი ძალით ყოველივეს გამჭოლი და თითოეულში ბუნებითად არსებული უნარის [3] ამამოძრავებელი, რისი მეშვეობითაც ბუნების რჯულის საწინააღმდეგო ცოდვილ ნამოქმედართა განცდამდე მიჰყავს მას ის, ვინც ამის შემგრძნობია, და ვისაც ადვილად დამყოლი არჩევანი აქვს ბუნებისგან მომდინარე მართებული აზრების [4] მისაღებად. ამიტომაც მრავალს აღმოვაჩენთ უკიდურესად ბარბაროსულ და მომთაბარე ადამიანთაგან, რომლებიც კეთილმშვენიერებას განიკუთვნებენ [5] და ძველთაგანვე მათ შორის გაბატონებულ მხეცურ კანონებს უკუაგდებენ. აი, ამგვარად არის ყველაში მარტივად სულიწმინდა. ამასთან, განსაზღვრფლი აზრით და სხვაგვარი გაგებით, იგი არის ყველა რჯულისმქონეში როგორც რჯულმდებელი და სამომავლო საიდუმლოთა წინასწარმაუწყებელი, შთაუნერგავს რა მათ, ერთი მხრივ, მცნებათა დარღვევის განცდას, მეორე მხრივ კი - წინასწარნაუწყები ქრისტესმიერი სისრულის მეცნიერებას. ამიტომაა, რომ ამათგანაც ბევრს აღმოვაჩენთ, რომლებიც ტოვებენ ძველსა და აჩრდილში მდებარე მსახურებას, წადიერად გადადიან რა ახალსა და საიდუმლოებითზე. ზემოთქმულ გვარეობათა გარდა იგი არის იმათშიც, რომლებმაც სარწმუნოებითად იხვედრეს საღვთო და ჭეშმარიტად ღმერთმყოფელი სახელი ქრისტესი, ხოლო არის იგი მათში არა მხოლოდ როგორც დამცველობითი, როგორც წინაგანგებითად აღმძვრელი ბუნებითი სიტყვისა ან როგორც წარმომჩენი მცნებათა დარღვევისა და დაცვისა ან კიდევ როგორც გამაცხადებელი ქრისტეს შესახებ წინასწარუწყებისა, არამედ, აგრეთვე, როგორც შემქმნელი სარწმუნოების მიერ მადლისმიერად ბოძებული ძეობილობისა, რადგან იგი, როგორც სიბრძნის დამბადებელი, მხოლოდ იმათში მყოფობს, რომლებმაც სულიერადაც და სხეულებრივადაც განიწმინდეს თავი მცნებათა ზედმიწევნით ღვწით. ამათ, როგორც თავისიანებს, მარტივი და უნივთო ცოდნის გზით ეზრახება იგი და გონებას მათსას განღმრთობიასკენ დასახავს [6] გამოუთქმელ [საიდუმლოთა] უხრწნელი აზრებით. ამრიგად, ერთი მხრივ, სულიწმინდა ყველაში არის მარტივად, რამდენადაც ყველას შემამტკიცებელია იგი და წინაგანმგებელი, ამასთან - ბუნებისეულ თესლთა ამამოძრავებელი. მეორე მხრივ, განსაზღვრული აზრით, იგი არის ყველა იმათში, რომლებიც რჯულში არიან, როგორც გამომააშკარავებელი მცნებათა დარღვევისა და გამასხივოსნებელი ქრისტეს შესახებ წინასწარ ნაუწყები აღთქმისა. კიდევ, იგი არის ყველა ქრისტიანში და არის არა მხოლოდ იმგვარად, როგორც უკვე ითქვა, არამედ აგრეთვე - როგორც შვილმყოფელი [7]. ამასთან, იგი როგორც სიბრძნის დამბადებელი, ზემოთქმულთაგან არცერთში არ არის მარტივად, იმათ გარდა, რომლებიც გონიერნი არიან და რომლებიც საღვთო მოღვაწეობის გზით თავიანთ თავს მისი განმაღმრთობელი შთამკვიდრების [8] ღირსად გამოაჩენენ, რამეთუ ყველა ის, ვინც არ არის საღვთო ნებათა მქმნელი, თუნდაც რომ მორწმუნე იყოს, უგუნური გულის მქონეა, როგორც უკეთურ აზრთა სამჭედლოსი, მისი სხეული კი ცოდვას არის დაქვემდებარებული, როგორც მთლიანად მოცული ვნებათა სიბილწეებით. |
შენიშვნები:
[1] - λόγου... μετειληφότων.
[2] - ბერძნ. γένεσις (შდრ. ლათ. substantia). საყურადღებოა, რომ ძველ ქართულ თარგმანში შესატყვისად გვაქვს „მეცნიერებაჲ“, რაც ცხადყოფს, რომ ორიგინალის იმ ნუსხაში, ქართველ მთარგმნელს რომ ჰქონდა ხელთ, უნდა ყოფილიყო სიტყვა γνωσις.
[3] - κατά φύσιν λόγος.
[4] - οί έκ φυσεως όρθοί λογισμοί.
[5] - ...καλακαγαθίας μεταποιούμενοι. ლათ. probitatem morumque honestatem consectati.
[6] - πρός έκθέωσιν έκτυπουν.
[7] - ύιοθετικόν.
[8] - ή αύτου θεωτική ένοίκησις.
თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II
თბილისი, 2004 წ.