პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

6. ღმერთი - სამყაროს გამომხსნელი

განგებულება ჩვენი გადარჩენისა

ძველი აღთქმის საღვთო გამოცხადება მოგვითხრობდა დაცემული ადამიანისადმი ღვთის მოწყალებაზე. ახალი აღთქმის გამოცხადება კი გვაუწყებს ღვთის მიერ სამყაროსთვის გაცხადებული უდიდესი სიყვარულის შესახებ.

„კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი... გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით... გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაა... განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (ეფ. 1,3-4; 1,9-10).

„რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (ინ. 3,16).

„ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ, და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა“ (ეფ. 2.4-5).

„ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამდ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა“ (I ინ. 4,10).

„ჩუენ გჳყვარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ“ (I ინ. 4,19).

 

კაცთა მოდგმის განმზადება მაცხოვრის მისაღებად

„ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე. რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს, და რაჲთა შვილება იგი მოვიღოთ“ (გალ. 4,4-5).

რას ნიშნავს „აღსასრული ჟამთაჲ“, რომელიც გამოსყიდვისთვის იყო განსაზღვრული? პავლე მოციქულის ეპისტოლეში გალატელთა მიმართ ზემომოყვანილ სიტყვებს წინ უსწრებს მუხლები, სადაც ლაპარაკია პერიოდზე მაცხოვრის მოსვლამდე: „ეგრეცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით“ (გალ. 4,3). მაშასადამე მოციქული ძველი აღთქმის ეპოქას ყრმობის, აღზრდისა და მოსეს რჯულით განმტკიცების ხანას უწოდებს, რომელიც მაცხოვრის მოსვლით დასრულდა.

ამ მოსამზადებელი პერიოდის გასააზრებლად ვიხელმძღვანელო იგავით უძღები შვილის შესახებ: მამა დარდობდა საყვარელი შვილის სახლიდან წასვლას, მაგრამ არ ხელყოფდა მის ღირსებებსა და თავისუფლებას. ელოდა, როდის იგემებდა შვილი ბოროტების მთელს სიმწარეს, გაახსენდებოდა და მოენატრებოდა მამისეულ სახლში უზრუნველი ცხოვრება და თავისი ნებით გადაუხსნიდა სულს მამის სიყვარულს. ასე დაემართა კაცთა მოდგმასაც. „სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი“ (ფს. 142,6) - ალბათ, ასე იტყოდა კაცობრიობა, რომელმაც სრულად იგემა ღვთისგან გაუცხოების სიმწარე და შეიქნა „ქუეყანაჲ ურწყული“. ღმერთმა არ მიატოვა ადამიანები, საბოლოოდ არ შეაქცია ზურგი და ცოდვით დაცემის პირველივე დღეებიდან ზრუნავდა მათი სამომავლო გამოხსნისთვის.

1. ღმერთმა წარღვნით აღკვეთა პირველყოფილი კაცობრიობის დანაშაულებანი. გადარჩენილი ნოეს შთამომავლობიდან ჯერ აირჩია ერთი შტო, რომელიც იქნებოდა კეთილმსახური ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი და დაიცავდა მისდამი და მაცხოვრის სამომავლო მოსვლისადმი რწმენას. ეს იყო აბრაამის, ისააკისა და იაკობის შტო; შემდგომში მთელი ებრაელი ხალხი გახდა რჩეული. მათზე ზრუნვით გამოიყვანა ისინი მონობიდან ღმერთმა, დაიფარა უდაბნოში, დაასახლა რძისა და თაფლის მდინარეებიან მიწაზე, დაუდგინა წინადაცვეთის მცნება და სინას სჯულის-კანონი, მისცა მსაჯულნი და წინასწარმეტყველნი. უფალი აფრთხილებდა, სჯიდა და ისევ იწყალებდა: მანვე დააბრუნა ხალხი ბაბილონის ტყვეობიდან და ბოლოს, მისგან განამზადა რჩეული, რომელიც სამომავლოდ ძე ღვთისას დედა გახდა.

იუდეველი ხალხის რჩეულობას ადასტურებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც სამარიტელ დედაკაცს მიანიშნებს: „ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (ინ. 4,22). იგივეს მრავალჯერ ამოწმებს მოციქულთა ნაწერები: სტეფანე პირველმოწამისა და პეტრე მოციქულის სიტყვები („საქმენი მოციქულთა“), პავლე მოციქულის ეპისტოლენი რომაელთა და გალატელთა მიმართ და წმიდა წერილის სხვა ადგილები.

2. მაცხოვრის მისაღებად ადამიანები განამზადა:

ა. ღვთის ნუგეშისმცემელმა აღთქმებმა;

ბ. მისი მოსვლის შესახებ წინასწარმვტყველებებმა.

ღვთის აღთქმები ჯერ კიდევ სამოთხიდან დაიწყო. უკვე მაშინ შეიძინა საიდუმლო შინაარსი გველისათჟის ნათქვამმა ღვთის სიტყვებმა „ცოლის თესლზე“: „და მტერობაი დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და თესლისა მისისა. იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა“ (შესაქ. 3,15). მესიის შესახებ წინასწარმეტყველებათა მომრავლებასთან ერთად სარწმუნოების რჩეულთათვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ცოლის თესლის შესახებ მიცემული აღთქმა ეხებოდა მაცხოვარს, რომელიც ივნებდა ეშმაკის გარე-მოდგომილებით (ფს. 21), მაგრამ დაამარცხებდა მას (გამოცხ. 12,9: „და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა“).

შემდეგი აღთქმა მიეცა აბრაამს: „და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი (შესაქ. 22,18). იგივე განმეორდა ისააკთან და იაკობთან (შესაქ. 26,4; 28,14). იუდეველთათვის, მათი ტყვეობისა და სხვა უბედურებათა ჟამს, სამყაროს მაცხოვრის შესახებ აღთქმის ნამდვილი მნიშვნელობა თანდათანობით იკვეთებოდა.

წინასწარმეტყველებთაგან აღსანიშნავია: იუდას დალოცვა: პატრიარქმა იაკობმა სიკვდილის წინ დალოცა ერთ-ერთი ძე და უფრო გარკვევით იწინასწარმეტყველა მაცხოვრის შესახებ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდასაგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს [შემრიგებელი], რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა“ (შესაქ. 49,10). ანუ იუდას ტომის მმართველობა არ შეწყდება, სანამ არ მოვა შემრიგებელი - „მოლოდება წარმართთა“. აქედან გამომდინარე, იუდას ტომის ძალმოსილების დამხობა გახდება მაცხოვრის მოსვლის ცხადი ნიშანი. ძველი იუდეველი მასწავლებლები სახელს „შემრიგებელი“ აკუთვნებენ მესიას, რომელსაც ელიან (ებრ. შილო - შემრიგებელი).

შემდგომი წინასწარმეტყველება მოსეს ეკუთვნის. მან თავის ხალხს ასეთი სიტყვებით მიმართა: „წინასწარმეტყველი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთაჲ, ვითარცა ესე მე მისი“ (მეორე სჯ. 18,15). მოსეს შემდგომ ებრაელებს მრავალი დიდი წინასწარმეტყველი ჰყავდათ, მაგრამ ამ სიტყვებში არც ერთ მათგანს არ გულისხმობდნენ. მეორე რჯულის წიგნიდანვე დასტურდება, რომ იგი მოსეს დროს დაიწერა: „და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაელსა მსგავსად მოსესა“ (მეორე სჯ. 34,10). თავად უფალმა იესო ქრისტემ მოსეს ამ სიტყვებში თავისთავი იგულისხმა: „უკეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთვის დაწერა“ (ინ 5,46).

შემდგომ მოდის ფსალმუნთა მრავალი წინასწარმეტყველება. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია 21-ე ფსალმუნი, რომელსაც ძველი რაბინები მესიის ხოტბას უწოდებდნენ. მასში ასახულია ის მძიმე და მტანჯველი ვნებები, რომლებიც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრით იტვირთა: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე: რაისთვის დამიტევე მე?.. ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავსა. ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი... ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი... განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი...“ ფსალმუნის დასასრულს იხენიება მოზეიმე ეკლესია „შენს მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა;... აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე... ჭამონ დავრდომილთა და განძღენ... ცხონდნენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე“ (ფს. 21,1,7-8,14,18,25-26).

ასეთ წინასწარმეტყველებას განეკუთვნება ბევრი სხვა ფსალმუნიც: ერთნი მაცხოვრის ვნების შესახებ გვაუწყებენ (39,68,108,40,15,8), მეორენი მის განდიდებაზე ღაღადებენ (2,109,44,67,117,96,94).

და ბოლოს, ძველი აღთქმის ეპოქის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ე.წ. დიდ და მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებში ვხვდებით მრავალ უწყებას, რომლებიდანაც სულ უფრო ცხადი ხდება ძე ღვთისა სამომავლოდ მოსვლა. წინასწარმეტყველებანი ახსენებენ ღვთის წინამორბედს, ასახელებენ მაცხოვრის შობის დროს, ადგილსა და პირობებს, აღწერენ მის სულიერ და სხეულებრივ ხატს (სიმშვიდე, თავმდაბლობა და სხვა), უფლის დასჯის წინმსწრებ მოვლენებს, მის ტანჯვას, აღდგომასა და სულიწმიდის გარდამოსვლას, ახალი აღთქმის არსს და უფლის მოსვლის სხვა მხარეებს.

განსაკუთრებულია ესაია წინასწარმეტყველის წიგნის 53-ე თავში გადმოცემული წინასწარმეტყველება, რომელშიც მაცხოვრის ჯვარზე ვნებანი არის ასახული. ესაია წინასწარმეტყველი ქრისტე-მესიის გამომსყიდველ ტანჯვას ამგვარად აღწერს:

„უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? მიუთხრათ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა: არა არს სახე მისი, არცა დიდებაი, დ ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე, არამედ სახე მის უპატივო და მოკლებულ უფროჲს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გვემულებასა, გარე მიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა. ესე გვემულებათა ჩვენთა იტვირთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს და ჩუენ შევრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა. ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათვის და გვემულ არს უსჯულოებათა ჩუენთათვის, წურთა მშვდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით. ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩუენთათგს. და იგი განბოროტებისათვს არა აღაღებს პირსა თვსსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თჳსისა უხმოჲ. ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვსსა. სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხორებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ... და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთათვს მიეცა“ (ეს. 53,1-8,12).

დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში ლაპარაკია გამოცხადებაზე, რომელიც მას გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა. აქ ნახსენები ვადა, სამოცდაათჯერ შვიდი (490 წელიწადი), იქნება პერიოდი, რომელიც დაიწყება იერუსალიმის აღდგენის ბრძანებით და დასრულდება ქრისტეს სიკვდილითა და ძველი აღთქმის, ანუ იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვის, შეწყვეტით (დან. 9,2-27).

აღთქმანი და წინასწარმეტყველებები, ერთი მხრივ, სულიერად ამხნევებდა რჩეულ ერს, განსაკუთრებით შეუპოვარს ხდიდა ცხოვრების მძიმე პერიოდში, განუმტკიცებდა რწმენასა და იმედს: მეორეც, განამზადებდა ხალხს, რათა ამ წინასწარმეტყველებებიდან გაეგოთ აღთქმული დროის მოახლოება და ეცნოთ მაცხოვარი წინასწარ აღწერილი მისი ხატების მიხედვით.

ამ წინასწარმეტყველებათა წყალობით იუდეველთა შორის ღვთისმოშიში ადამიანები ფხიზლობდნენ და გაფაციცებით ელოდნენ მაცხოვრის მოსვლას. სახარებიდან ვიგებთ, რომ ასე ელოდა მას სვიმეონ ღვთისმიმრქმელი, რომელსაც ეუწყა, რომ უფლის მესიის ხილვამდე არ მოკვდებოდა (ლკ. 2,26): მოლოდინი ჩანს სამარიტელი დედაკაცის მაცხოვრისადმი პასუხში: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა რქუიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი“ (ინ. 4,25); იოანე ნათლისმცემელთან მისული იუდეველების შეკითხვაში: „არა ხარ შენ ქრისტე..?“(ინ. 1,20-25); მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სიტყვებში თავისი ძმის, სვიმონისადმი, მას შემდეგ, რაც პირველად შეხვდა ქრისტეს: „ვპოეთ მესია“ (ინ. 1,41); იოანე მახარებელი მოგვითხრობს, რომ ასეთი შინაარსის სიტყვა უთხრა ფილიპემ ნათანაელს, როდესაც მათ მოუხმეს, მოციქულები გამხდარიყვნენ (ინ. 1,44-45); ამასვე ადასტურებს ხალხის განწყობა უფლის იერუსალიმში შესვლის დროს.

3. ნათქვამს უნდა დავურთოთ, რომ არა მარტო იუდეველნი იყვნენ გამზადებულნი მაცხოვრის მისაღებად: მას, შედარებით ნაკლებად, მაგრამ მთელი მსოფლიოც ელოდა.

შემორჩენილია წარმართული სამყაროს თქმულებები (თუმცა დამახინჯებული ფორმით) ადამიანის წარმოშობასა და მის პირველყოფილ ბედნიერ მდგომარეობაზე (ოქროს საუკუნე). ზოგი ლეგენდა მოგვითხრობს პირველმშობელთა დაცემაზე სამოთხეში, წარღვნაზე, როგორც ადამიანთა უკეთურების შედეგზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს გადმოცემა კაცთა მოდგმის გამომსყიდველისა და მისი სამომავლოდ მოსვლის მოლოდინის შესახებ. ამის მაგალითებს ვხვდებით პლატონის, პლუტარქეს, ვირგილიუსის, ოვიდიუსის, სტრაბონის თხზულებებში და ძველი მსოფლიოს რელიგიის ისტორიის მატიანეში (მაგ. ციცერონისა და ვირგილიუსის მიერ ნახსენები სიბილას წინასწარმეტყველება).

წარმართებმა რჩეული ხალხი ურთიერთმიმოსვლით, ვაჭრობით, ზღვაოსნობით და ომებით გაიცნეს. ეს კავშირები განსაკუთრებით განმტკიცდა ასირიისა და ბაბილონის ტყვეობაში იუდეველთა ყოფნის დროს. ძველი აღთქმის პერიოდის დასასრულისთვის ძველი მსოფლიოს სამი ნაწილის ქვეყნებში ებრაელთა გაფანტვამ ხელსაყრელი პირობები შექმნა, რათა ერთი ღმერთისადმი რწმენის ნათელი და გამომსყიდველის მოსვლის იმედი სხვა ხალხებშიც გავრცელებულიყო.

ქრისტეს შობამდე ორი ასწლეულით ადრე ებრაული წმიდა წიგნები ბერძნულ ენაზე გადათარგმნეს. ამ წიგნებით სარგებლობდა მრავალი წარმართი მეცნიერი, მწერალი თუ განათლებული ადამიანი, რასაც მრავალჯერ ადასტურებენ ძველი ქრისტიანი მწერლები.

წმიდა წერილიდან ვიცით, რომ რჩეული ხალხის გარდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ერთი ღმერთისადმი რწმენას და მზად იყვნენ მიეღოთ სახარება. ამას ადასტურებს შესაქმის წიგნში ნაამბობი მელქისედეკისა და იობის ცხოვრება, მოსეს სიმამრის იოფორი მადიამელის და მესიის წინასწარმეტყველ ვალაამის („უჩუენო მას და არა აწ ვნატრო და არა მახლობლად... რიცხვ. 24,17) ისტორია, ნინევიელთა სინანული იონას ქადაგების შემდგომ. ფაქტია, რომ ქრისტეს ეკლესია მოციქულთა ქადაგებით წარმართული სამყაროს ყველა ქვეყანაში სწრაფად დაფუძნდა, მაშასადამე, მათ მცხოვრებთა შორის მრავალი საუკეთესო ადამიანი მაცხოვრის სახარების მისაღებად მზად იყო. ქრისტე ზოგჯერ თავად იუდეველებშიც ვვრ პოულობდა ისეთ რწმენას, როგორიც წარმართებს ჰქონდათ. „ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ“ (გალ. 4,4). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ დროისთვის:

ა. კაცთა მოდგმამ ადამის კვალდაკვალ სრულად იგემა ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან (მხოლოდ სულიერად) და გამოცდილებით შეიგნო სიკეთის ქმნის სიტკბო და ბოროტმოქმედების სიმწარე;

ბ. კაცობრიობის ერთმა, უდიდესმა ნაწილმა მიაღწია უკეთურებისა და გარყვნილების უკიდურეს ზღვარს;

გ. ადამიანთა მცირე, მაგრამ საუკეთესო ნაწილში, გამძაფრდა აღთქმული მოლოდინის გრძნობა, გაიზარდა დაუოკებელი წყურვილი და სურვილი, ეხილათ გამომხსნელი, შემრიგებელი, მაცხოვარი და მესია;

დ. უფლის ნებით მომზადდა პოლიტიკური ვითარება - კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილი გაერთიანდა რომის იმპერიის ძალაუფლების ქვეშ; ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სარწმუნოებისა და ქრისტეს ეკლესიის გავრცელებას.

მხოლოდ ყოველივე ამის შემდგომ მოევლინა დედამიწას აღთქმული და ნანატრი ძე ღვთისა.

 

ძე ღვთისას მოსვლა და განხორციელება დედამიწაზე

„პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი რაჲ იქმნა... სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის“ (ინ. 1,1-3,14).

ასე ქადაგებს და ღვთისმეტყველებს იოანე მახარებელი თავისი სახარების პირველ სტრიქონებში. მართლმადიდებელი ეკლესია ამ კეთილუწყებას სახარებათა საკითხავების დასაწყისში ათავსებს და მათ საღვთო ლიტურგიაზე, წმიდა აღდგომის დღეს გვთავაზობს, ანუ ამით იწყებს სახარების საკითხავების წლიურ ციკლს.

„დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ხორცითა“ (I ტიმ. 3,16).

„გამოუთქმელი, შეცნობად მიუწვდომელი, უხილავი, ამოუცნობი“ ღმერთი, წმიდა სამების მეორე პირი განკაცდა ღმერთკაც იესო ქრისტე სახით და ადამიანად მოევლინა დედამიწას.

განხორციელებული ძე ღვთისას ღმერთკაცობრიობის შესახებ ქადაგება არის თავად მაცხოვრის სიტყვებისა და მთელი სამოციქულო კეთილუწყების შინაარსი. იგი შეადგენს ოთხივე სახარებისა და ყველ სამოციქულო ნაწერის არსს, ქრისტიანობისა და ეკლესიის სწავლების საფუძველს.

 

უფალი იესო ქრისტე - ღმერთი ჭეშმარიტი

სახარება გვაუწყებს, რომ ძე ღვთისა ზეციდან გარდამოხდა და დედამიწას მოევლინა, განხორციელდა და განკაცდა.

რწმენა იესო ქრისტესი, რომ იგია ძე ღვთისა, ეკლესიის საძირკველი და მისი ქვაკუთხედია, უფალი ბრძანებს: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მთ. 16,18).

მარკოზ მახარებელი თავის თხრობას ამ კეთილუწყებით იწყებს: „დასაბამი სახარებისაი იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ“ (მრკ. 1,1).

იოანე მახარებელი თავისი სახარების ძირითად ტექსტს სარწმუნოების იმავე ჭეშმარიტებით ასრულებს: „ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა“ (ინ. 20,31); ანუ, სახარების მიზანი იყო ქადაგება იესო ქრისტეზე, როგორც ღმერთზე.

„შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“ (ლკ. 1,35) - ასე ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს.

„ესე არს ძე ჩემი საყუარელი“ (მრკ. 9,7) - გვეუწყა მაცხოვრის ნათლისღებისა და ფერისცვალების დროს.

„შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა“ (ლკ. 4,41) - ამ სიტყვების წყალობით დაიდო აღთქმა, რომ სვიმონის ეს აღიარება ქრისტეს ეკლესიის ქვაკუთხედი გახდებოდა.

თავად უფალმა იესო ქრისტემ დაადასტურა, რომ იგი მამა ღმერთის ძეა: „ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის ძე, გარნა მამამან: არცა მამა ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისა უნდეს ძესა, გამოცხადების“ (მთ. 11,27) - აქ უფალი თავისთავზე, როგორც მამა ღმერთის ერთადერთ ძეზე ლაპარაკობს.

სიტყვები „ძე ღვთისა“ რომ არ იქნეს გაგებული გადატანითი ან პირობითი მნიშვნელობით, წმიდა წერილი მას თან ურთავს სიტყვას მხოლოდშობილი, ანუ ერთადერთი შობილი მამისაგან.

„და სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა, და დაემკვიდრა ჩუენს შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ“ (ინ. 1,14; 1,18).

„რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (ინ. 3,16).

წმიდა წერილი, აგრეთვე, ამატებს სიტყვას „ჭვშმარიტი“ და ქრისტეს უწოდებს ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ ძეს: „ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა, ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (I ინ. 5,20).

წმინდა წერილში ძე ღვთისას სახელს ზოგჯერ თან ახლავს სიტყვა „თჳსი“ (ბერძნ. ϊδιος - საკუთარი): „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?“ (რომ. 8,32).

ღვთის მხოლოდშობილი ძე კაცობრივი სხეულითაც ჭეშმარიტი ღმერთია. როგორც მოციქული ამბობს: „რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ“ (რომ. 9,5).

ამრიგად, განკაცებულ ქრისტეში წარმოდგენილია მთელი საღვთო სავსება: „რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არის ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ხორციელად (კოლ. 2,9).

ეს ჭეშმარიტება ქრისტიანული რწმენის საფუძველია - ყოველი ქრისტიანის შეგნებაში მის დასამკვიდრებლად მოწვეულ იქნა 5 მსოფლიო ნიკეის კრება, რომელმაც მსოფლიო ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) შეადგინა.

 

უფალ იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნების შესახებ

ქრისტე მაცხოვარი არის სრული ღმერთი და იმავდროულად სრული აღამიანი. როგორც ადამიანი, იგი იშვა მაშინ, როდესაც მისი დედის, მარიამისთვის „აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი“ (ლკ. 2,6); იგი თანდათანობით „აღორძინდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა“ (ლკ. 2,40). როგორც მარიამის შვილი, ის დედასა და მის დამწინდველს „იყო დამორჩილებულ“ (ლკ. 2,51). როგორც ადამიანი მოინათლა იორდანეში იოანესგან, გადარჩენის შესახებ ქადაგებით შემოიარა ქალაქები და დაბები. აღდგომამდე არავინ დაეჭვებულა, რომ ის ადამიანია: მას ჰშიოდა და სწყუროდა, სჭირდებოდა ძილი და დასვენება, გრძნობდა ტკივილსა და განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

უფალი ცხოვრობდა ადამიანისათვის ჩვეული ფიზიკური და სულიერი ცხოვრებით. თავის სულიერ ძალებს აძლიერებდა მარხვითა და ლოცვით. მისთვის უცხო არ იყო ადამიანური გრძნობები: სიხარული, მრისხანება თუ დარდი: იგი ღიად გამოხატავდა „აღშფოთებას“, წუხილს; ცრემლები მოერია, როდესაც ლაზარეს სიკვდილი შეიტყო. სახარება აღწერს უფლის უმძაფრესი სულიერი ბრძოლის სურათს გეთსამანიის ბაღში, მისი დატყვევების წინა ღამეს: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე“ (მთ. 26,38) - უთხრა უფალმა მოწაფეებს.

იესო ქრისტეს გონიერი, დინჯი ადამიანური ნება ყოველ მისეულ კაცობრივ მისწრაფებას მთლიანად უმორჩილებს მისსავე ღვთიურ ნებას. ეს გამაოგნებელი სიცხადით აისახა უფლის ვნებებში, რომელიც ჯერ კიდევ გეთსამანიის ბაღში დაიწყო: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მთ. 26,39), „ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!“ (ლკ. 22,42).

მაცხოვრის ჭეშმარიტად სრული კაცობრივი ბუნების შესახებ საუბრობენ წმიდა მამები: კირილე ალექსანდრიელი: „თუ მიღებულ ბუნებას არ გააჩნდა ადამიანის გონება, მაშინ გამოდის, რომ ეშმაკს თავად ღმერთი შებრძოლებია და მასვე მოუპოვებია გამარჯვება. თუ ღმერთმა გაიმარჯვა, მაშინ მე, რომელსაც ამისთვის არაფერი გამიკეთებია, მისგან სარგებელს არც უნდა ველოდო: როგორ უნდა გავიხარო და ვიამაყო სხვისი ნადავლით“; კირილე იერუსალიმელი: „თუ განკაცება მოჩვენებითია, მაშინ გამოხსნაც ოცნება ყოფილა“ - ამგვარადვე მსჯელობდნენ სხვანიც.

 

ეკლესიის ბრძოლა ცდომილებებთან, რაც ეხება იესო ქრისტეს - ღმერთსა და ადამიანს

ეკლესია ყოველთვის მკაცრად იცავდა უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ სწორ სწავლებას, რადგანაც მისადმი რწმენას გადარჩენისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევდა.

ამ საკითხის შესახებ მრავალგვარი ცდომილება არსებობდა - ისინი ორ ჯგუფად ერთიანდებიან: ერთნი უარყოფენ ან აკნინებენ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთს, მეორენი კი მას - როგორც ადამიანს.

1. როგორც უკვე ითქვა (იხ. თავი ყოვლადწმიდა სამების მეორე პირის შესახებ), ქრისტე - ღმერთი უარყო იუდეური ურწმუნოების სულმა, რიმელიც მოციქულთა ეპოქაში ებიონის ერესში აისახა (მისი სახელი დაერქვა ერეტიკოსთა ჯგუფს - ებიონიტებს ). III საუკუნეში მსგავს სწავლებას ავრცელებდა პავლე სამოსატელი, რომელიც ანტიოქიის ორ კრებაზე ამხილეს. რამდენადმე სხვაგვარი იყო არიოზის ცრუსწავლება და IV საუკუნის არიანული ერესის ნაირგვარი განმარტებანი. მათი მტკიცებით, ქრისტე უბრალო ადამიანი არ არის, იგი ძეა ღვთისა, მაგრამ არა შობილი, არამედ ქმნილი და ყველა შექმნილ სულზე უფრო სრულყოფილი. არიოზის ერესი დაგმო I მსოფლიო კრებამ 325 წელს, ხოლო IV-V საუკუნეებში არიანელობა დეტალურად განიხილეს და უკუაგდეს ეკლესიის დიდმა მამებმა.

V ასწლეულში აღმოცენდა თეოდორე მოპსუესტიელის ერესი, რომელსაც მიემხრო კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი ნესტორი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ უფალი იესო ქრისტე მხოლოდ „ატარებს ღვთაებრივ საწყისს და ამიტომაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უწოდებდნენ ქრისტესმშობელს და არა ღვთისმშობელს. ნესტორის თანახმად, ქრისტე თავისთავში აერთიანებდა ორ ბუნებას და ორ განსხვავებულ პირს - ღვთაებრივსა და კაცობრივს, რომელთაც ჰქონდათ ურთიერთშეხება, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობდნენ. ამავე სწავლებით, იესო ქრისტე დაბადებით იყო ადამიანი და არა ღმერთი. ნესტორის მთავარ მამხილებლად გამოვიდა წმ. კირილე ალექსანდრიელი. ნესტორიანელობა ამხილეს და დაგმეს III მსოფლიო კრებაზე.

2. მეორე ჯგუფის ცდომილებებში უარყოფრლია ან დაკნინებული იესო ქრისტე - ადამიანი. პირველი ასეთი ერეტიკოსები იყვნენ დოკეტები: ისინი ხორცსა და მატერიას ბოროტ საწყისად აღიარებდნენ და შეუძლებელად მიიჩნევდნენ, რომ ღმერთი მათ შეერთებოდა. ამ მოსაზრებით ისინი ქრისტეს ხორცს მოჩვენებითს, წარმოსახვითს უწოდებდნენ (ბერძნ. δοκεω - ვეჩვენები).

მსოფლიო კრებათა ეპოქაში მაცხოვრის კაცობრივობას მცდარად განმარტავდა კაპადოკიის ეპისკოპოსი აპოლინარიუსი. იგი იესო ქრისტეში აღიარებდა ძე ღვთისას განხორციელების ჭეშმარიტებას, მაგრამ მისი მტკიცებით, მაცხოვრის კაცობრივი ბუნება არასრული იყო. უფრო ზუსტად, იგი ამბობდა, რომ კაცობრივი ბუნება სამი ნაწილისგან შედგებოდა და ასწავლიდა, რომ იესო ქრისტეს გააჩნდა ადამიანური სამშვინველი და სხეული, ხოლო სული (ან „გონი“) კი ღეთაებრივი ჰქონდა. მისი აზრით, ეს უკანასკნელი შეადგენდა მაცხოვრის ღვთაებრივ ბუნებას. რომელიც მას ჯვარზე ტანჯვის დროს განეშორა. ამ „ბრძნობის“ უარსაყოფად წმიდა მამები განმარტავდნენ, რომ ადამიანის არსებას ძირთადად მისი თავისუფალი სული შეადგენს; ზუსტად სული დაეცა, რადგან თავისუფალი იყო; რაც დაზიანდა, გადარჩენაც მას სჭირდებოდა. ამიტომაც მაცხოვარს დაცემული ადამიანის აღსადგენად თავად გააჩნდა კაცობრივი ბუნების ეს არსებითი ნაწილი. ანუ, იგი ფლობდა ადამიანური სულის არა ოდენ დაბალ, არამედ მაღალ მხარეებსაც. V საუკუნის ერესი, რომელმაც ასევე დაამცირა ქრისტე - ადამიანი, მონოფიზიტობა იყო. იგი აღმოცენდა ალექსანდრიელ მონაზონთა გარემოში და მიმართული იყო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების დამამცირებელი ნესტორიანელობის წინააღმდეგ. მონოფიზიტები თვლიდნენ, რომ იესო ქრისტეში ხორციელი საწყისი შთანთქა სულიერმა, ადამიანური - ღვთაებრივმა და ამიტომ აღიარებდნენ ისინი ქრისტეს ერთბუნებოვნება მონოფიზიტობა, რომელსაც აგრეთვე ევტიქის ერესი ეწოდებოდა, უკუგდებულ იქნა ქალკედონის IV მსოფლიო კრებაზე.

უარყოფილი მონოფიზიტური ერესის განშტოება იყო მონოთელიტების სწავლება (ბერძნ. θελημα - სურვილი, ნება), რომლის მიხედვით ქრისტეში ერთი ნება მოიაზრებოდა. იმის შიშით, რომ არ ეცნოთ ქრისტეს ადამიანური ნება და ამით დაეშვათ ორი პირის არსებობა, მათ ქრისტე ში მარტო ღვთაებრივი ნება აღიარეს. მაგრამ, როგორც ეკლესიის მამებმა ცხადყვეს, ასეთმა სწავლებამ გააუფასურა ქრისტეს მიერ კაცობრიობის გადასარჩენად გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობა და დააკნინა კაცობრივი თავისუფალი ნების საღვთო ნებისადმი დამორჩილების ღვაწლი: „ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ“ (ლკ. 22,42) - ასე ლოცულობდა უფალი. მონოთელიტური ცდომილება უარყო VI მსოფლიო კრებამ.

ძველი ეკლესიის ისტორიაში არსებული ცდომილებების ორივე მიმართულება აგრძელებს არსებობას და ღიად თუ დაფარულად იმკვიდრებს ადგილს ბოლო საუკუნეების პროტესტანტიზმში, რომელიც ძირითადად ამ მიზეზთა გამო თავს არიდებს მსოფლიო კრებათა დოგმატური განსაზღვრებების აღიარებას.

 

უფალ იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების შეერთების გვარობა

სამ მსოფლიო კრებაზე: ეფესოს III (ნესტორის წინააღმდეგ), ქალკედონის IV (ევტიქის წინააღმდეგ) და კონსტანტინოპოლის(მონოთელიტების წინააღმდეგ), ეკლესიამ განაცხადა დოგმატი, რომლის თანახმად უფალი იესო ქრისტე ერთჰიპოსტასოვანი და ორბუნებოვანია (ღვთაებრივი და კაცობრივი), ამასთან აქვს ორი ნება, რომელთაგან კაცობრივი მთლიანად ემორჩილება საღვთო ნებას.

431 წელს ეფესოს III კრებაზე მოიწონეს წმ. კირილე ალექსანდრიელის სარწმუნოების გადმოცემა, რომლის მიხედვით, „უფალ იესო ქრისტეს ერთიან ჰიპოსტასში შეერთებულია ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ამ განსხვავებულ ბუნებათა შეერთების გზა გამოუთქმელია და ამოუხსნელი“.

ქალკედონის IV კრებამ, 451 წელს, წერტილი დაუსვა მონოფიზიტობას და ზუსტად ჩამოაყალიბა უფალ იესო ქრისტეში ორი ბუნების შეერთების გვარობა და ამ შეერთების არსი საიდუმლოდ და ამოუხსნელად გამოაცხადა. ქალკედონის კრების განჩინება ამბობს: „წმიდა მამათა მიმდევარნი, ყველანი ერთხმად მივუთითებთ - აღიარებულ იქნას ერთი და იგივე ძე, უფალი იესო ქრისტე, როგორც სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი - იგივე სხეულისა და გონიერი სულისაგან. მამისა თანაარსი ღვთაებრივად და ჩვენი - კაცობრივად. ჩვენი მსგავსია ყველაფრით, გარდა ცოდვისა. იგი იშვა უწინარეს საუკუნეთა მამისაგან ღვთაებრივად, ხოლო ბოლო ჟამს ჩვენთვისა და ჩვენი გადარჩენისთვის იშვა კაცობრივად ქალწულ ღვთისმშობელ მარიამისგან. ვაიღარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, რომელშიც ორი ბუნება შეიცნობა შეურევნელად, უცვლელად, განუყოფელად და განუშორებლად... არა ორ პიროვნებად განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ სიტყვას ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც (ასწავლიდნენ) ძველად წინასწარმეტყველნი და როგორც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა და როგორც მამათა სიმბოლომ გადმოგვცა“1.

ბუნებათა შეერთების გვარობას ქალკედონის განჩინება შემდეგი სიტყვებით განმარტავს:

„შეურევნელად, უცვლელად (ან გარდაუქმნელად)“ - ქრისტეში ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებანი არ ერწყმიან და არ ხდება მათი ურთიერთში გარდაქმნა.

„განუყოფელად და განუშორებლად“ - ორი ბუნება შეერთებულია სამარადჟამოდ, მაგრამ ისინი არ ქმნიან ორ პირს, რომელნიც მხოლოდ ზნეობრივად არიან შეერთებულნი, როგორც ამას ნესტორი ასწავლიდა: არამედ განუყოფელნი არიან ჩასახვის მომენტიდან (ჯერ ადამიანი კი არ შეიქმნა და შემდგომ შეუერთდა მას ღმერთი, არა - ღმერთი-სიტყვა დაემკვიდრა ქალწულ მარიამის წიაღში და შეისხა განსულიერებული კაცობრივი ხორცი); განუყოფელნი არიან ჯვარცმული მაცხოვრის ტანჯვისა და სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების დროს და ასე დარჩებიან უკუნითი უკუნისამდე. განღმრთობილი ხორცით მოვა უფალი იესო ქრისტე თავისი მეორედ მოსვლის ჟამს.

დასასრულ, 680 წელს, VI მსოფლიო კრებამ (კონსტანტინოპოლის III) დაადგინა: აღიარებულ იქნას ქრისტეში ორი ნება და ორი ქმედება ,,...ორი ბუნებითი ნება, ურთიერთს არ ეწინააღმდეგება... მისი კაცობრივი ნება არ უპირისპირდება და ებრძვის, არამედ მთლიანად დამორჩილებულია მის საღვთო, ყოვლისშემძლე ნებას“.

ღვთაებრივ ბუნებასთან შეერთებული კაცობრივი ბუნება ან წმიდა მამათა გამოთქმით - „ხორცი უფლისა“, გამდიდრდა საღვთო ძალებით და თავისი თვისებებიდანაც არაფერი მოჰკლებია - იგი თანაზიარი გახდა საღვთო ღირსებისა და არა არსისა. VI მსოფლიო კრების თანახმად განღმრთობილი „ხორცი“ არ გამქრალა, იგი დარჩა „საკუთარ საზღვრებში“.

შესაბამისად ქრისტეში არც კაცობრივი ნება შეცვალა ღვთაებრივმა ნებამ. იგი არ განადგურებულა, არამედ დარჩა სრული და ქმედითი და უფალმა მთლიანად დაუქვემდებარა ღვთაებრივ ნებას, რომელიც მას და მამას ერთი აქვთ: „რამეთუ გარდამოვხედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ“ (ინ. 6,38).

ღირსი იოანე დამასკელი „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემაში“ ასე მსჯელობს უფალ იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების შეერთების შესახებ: „როგორც ვაღიარებთ უცვლელ და გარდაუქმნელ განკაცებას, ასევე აღვიქვამთ ხორცის განღმრთობის მოვლენასაც, რადგან იმ მიზეზით, რომ სიტყვა განხორციელდა, მას არ გადაულახავს თავისი ღვთაებრივი საზღვრები და არ დაუკარგავს მისთვის ნიშანდობლივი ღვთივმშვენიერი ღირსებები. არც განღმრთობილი ხორცის ბუნება გარდაქმნილა და არც მისი ჩვეული თვისებები შეცვლილა, რადგან შეერთების შემდგომაც დარჩნენ შეურევნელი ბუნებანი და მათი თვისებები კი - უვნებელნი. უფლის ხორცი სიტყვასთან სრულიად შეურევნელი ანუ ჰიპოსტასური შეერთებით გამდიდრდა ღვთაებრივი ძალებით და ამასთან თავისი ბუნებითად ჩვეული თვისებები ოდნავადაც არ დაუკარგავს, რადგანაც ღვთაებრივ ქმედებებს საკუთარი ძალით არ ასრულებდა. ეს მისი საშუალებით ხდებოდა მასთან შეერთებული ღმერთ-სიტყვის ძალის გამოვლენა. გავარვარებული რკინაც წვავს, მაგრამ დაწვის ძალა მისი ბუნებითი თვისება კი არ არის, მან ეს შეიძინა ცეცხლთან შეერთების შედეგად“. ქრისტეში ორი ბუნების შეერთებას ღირსი იოანე დამასკელი განსაზღვრავს, როგორც „ურთიერთშეერთებულს“2.

რასაკვირველია, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ქრისტეში ორი ბუნების შეერთების გვარობის გამოძიებისას კრებებსა და ეკლესიის მამებს ერთი მიზანი ჰქონდათ - გაემიჯნათ სარწმუნოება ერეტიკოსთა ცდომილებებისაგან. ამასთან, მათ არ უცდიათ, ბოლომდე გაეხსნათ თავად შეერთების ანუ ქრისტეში ადამიანური ბუნების იდუმალი გარდასახვის არსი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქრისტე კაცობრივი სხეულით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივი ხორცითვე მოვა დიდებით განსჯად სოფლისა და მის მეუფებას არ ექნება დასასრული. მთელს მსოფლიოში მორწმუნენი ყოველთვის ევქარისტიის საიდუმლოს საშუალებით ეზიარებიან უფლის ცხოველმყოფელ ხორცსა და სისხლს.

 

იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნების უცოდველობის შესახებ

V მსოფლიო კრებამ დაგმო თეოდორე მოპსუესტიელის ცრუსწავლება. იგი ამტკიცებდა თითქოს იესო ქრისტესთვის უცხო არ იყო შინაგანი ცდუნებანი და ვნებათა ჭიდილი. თუ საღვთო წერილი ამბობს, რომ ძე ღვთისა მოვიდა „ხორცთა მათ ცოდვისათა“ (რომ. 8,3), ამით მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ ეს ხორცი ჭეშმარიტად კაცობრივი იყო. მაგრამ იგი არ ატარებდა ცოდვას, პირიქით, სრულიად სუფთა იყო ყოველგვარი ცოდვისგან, პირველქმნილი იქნებოდა იგი თუ ნებელობითი. უფალი თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს ყოველგვარი ცოდვიანი სურვილისა და შინაგანი ცთუნებისგან თავისუფალი იყო, რადგან კაცობრივი ბუნება მასში არსებობს არა დამოუკიდებლად, არამედ ის ჰიპოსტასურად არის ღმერთთან შეერთებული.

 

ქრისტეს ჰიპოსტასის ერთიანობა

ორი ბუნების შეერთებით ქრისტე-ღმერთკაცში არსებობს ერთი პირი, ერთი პიროვნება, ერთი ჰიპოსტასი. ქალკედონის მრწამსის განსაზღვრაში ვკითხულობთ: ,,... (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ სიტყვას ღვთისას და არა ორ პირად გაჭრილს და განყოფილს... სიტყვა-ღმერთის განუყოფელი, ერთიანი ჰიპოსტასი ღვთაებრივ ჰიპოსტასს წარმოადგენს. ეს ჭეშმარიტება გამოითქვა იოანეს სახარების პირველ თავში: „პირველითგან იყო სიტყუაა და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (ინ. 1,1), აგრეთვე, „და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვირა ჩუენ შორის“ (ინ. 1,14). ამ მიზეზით წმიდა წერილში ზოგან ქრისტე-ღმერთს ადამიანისთვის დამახასიათებელი, ზოგან კი ქრისტე-ადამიანს ღვთაებრივი თვისებები მიეწერება. მაგალითად: „უკეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს ეცუა“ (I კორ. 2,8). აქ ჯვარცმულად მოიხსენიება უფალი დიდებისაჲ, ღმერთი („უფალი დიდებისაი“ რომ ღმერთს აღნიშნავს, ამას ფსალმუნში ვკითხულობთ: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაჲ“ - ფს. 23,10). ქრისტეს ჰიპოსტასის, როგორც საღვთო იპოსტასური ერთიანობის ჭეშმარიტებას განმარტავს ღირსი იოანე დამასკელი ნაშრომში „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა“3.

 

ქრისტესადმი ერთიანი თაყვანისცემის შესახებ

უფალ იესო ქრისტეს, როგორც ერთ პირსა და ღმერთკაცს, შეჰფერის ერთიანი, განუყოფელი თაყვანისცემა როგორც ღმერთსა და როგორც კაცს. ეს იმიტომ, რომ მასში ეს ორი ბუნება განუყოფლადაა შეერთებული. V მსოფლიო კრების მამები განმარტავენ (მე-9 მუხლი ერეტიკოსთა წინააღმდეგ): „თუ ვინმე იტყვის, რომ ქრისტეში უნდა თაყვანისიცემებოდეს მის ბუნებათაგან თითოეული და ამით ორი თაყვანისცემა შემოაქვს: „ღმერთი სიტყვისადმი და ადამიანისადმი ცალ-ცალკე და არ სცემს თაყვანს ერთიანი თაყვანისცემით სიტყვას, რომელიც კაცობრივ ბუნებაში განხორციელდა, გაითავისა და დაისაკუთრა იგი, როგორც ეს ყოველთვის სწამდა ეკლესიას და აღიარებდა მას უწყვეტი გადმოცემის საფუძველზე - შეჩვენებულ იქნეს!“

ამ კრების განჩინებიდან გამომდინარე ეკლესიის სულსა და პრაქტიკასთან შეუსაბამოდ წარმოგვიდგება რომაული კათოლიციზმის მიერ შემოტანილი „იესოს გულის“ კულტი. V მსოფლიო კრების ზემომოყვანილი განჩინება უარყოფს მაცხოვრის ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების ცალკ-ცალკე თაყვანისცემას, ამასთან იგი გარკვეულწილად შეგვაგონებს, რომ პატივი და თაყვანისცემა ეკუთვნის მთლიანად ქრისტეს და არა მისი არსების ნაწილებს. მაშინაც თუკი „გულს“ გავაიგივებთ მაცხოვრის სიყვარულთან, უნდა ითქვას, რომ არც ძველ, არც ახალ აღთქმაში, არასოდეს უციათ თაყვანი ღვთიური სიყვარულის ზესიბრძნის, შემოქმედებითი თუ განგებულებითი ძალისა ან სიწმიდისთვის ცალ-ცალკე. ეს მით უფრო აღსანიშნავია ხორციელი საწყისის ნაწილებთან მიმართებაში. არის რაღაც არაბუნებრივი, როდესაც გამოაცალკევებ უფლის საერთო ხორციელი ბუნებიდან გულს, რათა მის წინაშე ილოცო და ქედი მოიხარო. ჩვეულებრივ ყოფითს ურთიერთობებშიც ასეა: რაოდენ ახლობელნიც არ უნდა იყვნენ ადამიანები (მაგ. დედა-შვილი), ისინი არასოდეს უძღვნიან თავიანთ გრძნობას საყვარელი ადამიანის მხოლოდ გულს, მათ ის პიროვნება მთლიანად უყვართ.

გაგრძელება...