ადამიანი მიწიერ ქმენილებათა კიბის უმაღლეს საფეხურზე დგას და თავისი მდგომარეობით ყოველ მიწიერ არსებაზე მეუფებს. თავად მიწიერი, ნიჭით ზეციურ არსებებს უახლოვდება: „დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა...“ (ფს. 8,5). მოსე წინასწარმეტყველი ადამიანის შექმნას ამგვარად აღწერს: მას შემდეგ, რაც მიწიერი არსებები შექმნა, „თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა... და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი...“ (შესაქ. 1,26-27). უკვე თავისთავად ეს საღვთო ბჭობა, რასაც სხვა მიწიერ არსებათა შესაქმის დროს ადგილი არ ჰქონია, ნათლად მიანიშნებს, რომ ადამიანი დედამიწაზე განსაკუთრებული, გამორჩეული, აღმატებული და უსრულყოფილესი, სამყაროში უმაღლესი დანიშნულების მქონე ქმნილება უნდა ყოფილიყო. საღვთო ბჭობით დადგინდა, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილიყო და ამით კიდევ უფრო იკვეთება აზრი ადამიანის მაღალი მოწოდებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ - იგი, მართლაც, ღვთის ხატად არის შექმნილი ყოველ ხატში აუცილებლად პირველსახესთან მსგავსება იგულისხმება. მაშასადამე, ღვთის ხატის არსებობა ადამიანში ადასტურებს, რომ მის სულიერ ბუნებაში თავად საღვთო თვისებები აისახება. დასასრულ, შესაქმის მეორე თავში ადამის შექმნის ერთგვარად ზედმიწევნითი გადმოცემა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ადამიანის ბუნების გამორჩეულ უპირატესობებს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (შესაქმ. 2,7). აქ განირჩევა ორგვარი ქმედება ან ქმედების ორი მხარე, რომლებიც, უნდა ვიფიქროთ, რომ ერთდროულად მიმდინარეობდნენ; ესენია - სხეულის შექმნა და მისი განცხოველება. ღირსი იოანე დამასკელი შენიშნავს „თანადროულად შეიქმნა სული და სხეული და არა ჯერ სული და შემდგომ სხეული, როგორც ორიგენე ლაყბობს“ 20. შესაქმის წიგნის მიხედვით, ღმერთი ადამიანს სრულიად განსაკუთრებულად, უკვე არსებული მიწისა და სტიქიონთა საწყისებიდან ქმნის. ამას ახორციელებს თავისი უშუალო ქმედებით და არა ოდენ ბრძანებით, ან სიტყვით, როგორც ეს სხვა არსებათა შესაქმის დროს მოხდა. ამით ხდება მინიშნება, რომ თავისი სხეულებრივი ორგანიზაციით ადამიანი შექმნიდანვე არის ყველა ქმნილებაზე აღმატებული არსება. შემდეგ ნათქვამია, რომ ღმერთმა „შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ. და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (შესაქმ. 2,7). ხატოვანი გამოთქმით, თავად ღვთიურ ბაგეთაგან სიცოცხლის სულის მიმღები ადამიანი არის მიწიერისა და ზეციურის, მატერიალურისა და სულიერის ცხოველი ნაზავი.
ამიტომ უთმობს წმიდა წერილი ადამიანის სხეულის მნიშვნელობას განსაკუთრებულ ყურადღებას. სხეული სულის თანამგზავრი, მისი ორგანო და თანამშრომელიც კი უნდა იყოს. თავად სულზეა დამოკიდებული, დამდაბლდეს და სხეულის მონა გახდეს, თუ ნათელმოსილ სულს დაუქვემდებაროს მორჩილ შემსრულებლად და თანაშემწედ ქცეული სხეული. სულის წყალობით შეიძლება სხეული უწმიდურებისა და სიბილწის ცოდვის ჭურჭელი შეიქნას, ან მასთან ერთად ღვთის განდიდების თანამონაწილე გახდეს. ამას გვასწავლის წმიდა წერილი (რომ. 3,14; გალ. 3,3; I კორ. 9,27; გალ. 5,24; იუდ. 7-8 მუხლი; I კორ. 3,16-17; I კორ, 6,20). ხორციელი სიკვდილით ადამიანის სულსა და სხეულს შორის კავშირი საბოლოოდ არ წყდება. ოდესმე დადგება ჟამი და ადამიანთა სხეულები აღდგებიან, მიიღებენ ჩვეულ სახეს და სამუდამოდ შეუერთდებიან თავიანთ სულებს, რათა მარადიულ ნეტარებას ან ტანჯვას ეზიარონ იმისდა მიხედვით, თუ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში რა მოიმოქმედეს ადამიანებმა - სიკეთე თუ ბოროტება (2 კორ. 5,10).
უფრო ამაღლებულ თვალთახედვას გვინერგავს საღვთო წერილი სულის ბუნების შესახებ. მისი შექმნისას ღმერთს მიწიერი არაფერი აუღია - სული ადამიანს მან, როგორც შემოქმედმა, შთაბერვით მიანიჭა. ნათელია, რომ საღვთო წერილის მიხედეით სული არის სხეულისაგან და ყოველივე ნივთიერისა და სტიქიონთაგან სრულიად განსხვავებული - იგი არამიწიერია და გააჩნია არაამქვეყნიური, ზეციური ბუნება, ყოველივე მიწიერთან შედარებით ადამიანის სულის უდიდესი უპირატესობა უფალმა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვსისა?“ (მთ. 16,26). უფალი მოძღვრავდა მოწაფეებს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად“ (მთ. 10,28).
სულის მაღალ ღირსებაზე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „სული ღვთიური შთაბერვაა, იგი ზეციურია და იძულებულია, მტვერს შეერიოს, ღვთაებრივი ნათელია ჩაუქრობელი, თუმცა კი მღვიმეშია გამომწყვდეული... ბრძანა სიტყვამ (ღმერთმა) და აიღო ახალშექმნილი მიწის პეშვი, უკვდავი ხელებით გამოძერწა ჩემი ხატება და მასში უხილავი ღვთაებრივი ნაკადი - სული წარმართა, რითაც თავის სიცოცხლესთან წილნაყარი გამხადა“21.
ოღონდ წმიდა მამათა ამგვარ ამაღლებულ, ხატოვან გამოთქმებზე დაყრდნობით არ უნდა დავასკვნათ, რომ სული „ღვთაებრივია“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და შესაბამისად იგი მუდამ მყოფთბდა - მანამდეც, სანამ მიწიერ ადამიანში - ადამში განხორციელდებოდა (ამგვარი თვალსაზრისი გვხვდება ვ.ს.სოლოვიოვის მხარდამჭერ ერთ-ერთ თანამედროვე საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ მიმდინარეობაში) თავისთავად გამოთქმა „სულის ზეციური წარმომავლობა“ არ ნიშნავს, რომ იგი არსით ღვთიურია. უბრალოდ გამოთქმა „შთაბერა სული სიცოცხლისა“ არის ადამიანური აღქმისათვის მისადაგებული ანთროპომორფული ფრაზა და არ უნდა იქნას გაგებული, თითქოს ღმერთმა სული მას თავისი საღვთო სუბსტანციიდან მიანიჭა. არც სუნთქვაა ადამიანის, როგორც ფიზიკური არსების, ელემენტების ამოსუნთქვა. ასევე არ შეიძლება ბიბლიური გამონათქვამიდან დავასკვნათ, რომ სული საღვთო არსიდან წარმოიშვა და მისი შემადგენელი ნაწილია. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „არიან უგუნურნი, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს ისე გაუტაციათ, რომ ღვთისთვის სათნოდ აღარაფერს მოიაზრებენ. (წმიდა წერილში) გამოთქმათა მისადაგებას უყურადღებოდ ეკიდებიან და კადნიერად ლაპარაკობენ სულის საღვთო არსებიდან წარმოქმნაზე. ო, სიშლეგევ! ო, უგუნურებავ! რამდენი დამღუპველი გზა უჩვენა ეშმაკმა თავისი მსახურების მოსურნეთ! ამის გასაგებად შეხედე, როგორ ურთიერთსაპირისპიროდ არის ეს ხალხი მომართული: ერთნი ჩასჭიდებიან გამოთქმას „შთაბერა“ და ამბობენ, რომ სულები საღვთო არსიდან წარმოიშვნენ; მეორენი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ სულები შეიძლება უდაბლეს პირუტყვთა არსად გარდაიქმნან. ამ სიგიჟეზე უარესი რა შეიძლება იყოს?!“22.
თუ როგორ უნდა გავიგოთ ანთროპომორფული გამოთქმები ღმერთზე, ამის შესახებ ვისაუბრეთ თავებში „საღვთო თეისებები“ და „ღმერთი - სული“. აქ კი გამოვიყენოთ ნეტარი თეოდორიტეს მსჯელობა: „როდესაც მოსეს მონათხრობში ვისმენთ, რომ ღმერთმა აიღო მიწიდან მტვერი და შექმნა ადამიანი, ამ გამოთქმის აზრის გამოძიებისას ვხვდებით, თუ რაოდენ გამორჩეულად კეთილგანწყობილია ღმერთი კაცთა მოდგმის მიმართ. შესაქმის აღწერისას დიდი წინასწარმეტყველი შენიშნავს, რომ ღმერთმა ყოველი სხვა ქმნილება „თქუა“ და შექმნა, ადამიანი კი თავისი ხელებით გამოძერწა. როგორც [უფლის] „ნათქვამში“ ვგულისხმობთ მხოლოდ ნებას და არა ბრძანების გაცემას, მსგავსადვე ხელებით ქმედება სხეულის აგების საქმისადმი მისი უდიდესი ყურადღების მიმანიშნებელია. საღვთო ნებით ახლაც ისახება ნაყოფი დედის წიაღში და ბუნება დასაბამითვე მის მიერ დადგენილ კანონებს აღასრულებს, მისივე ნებით შეიქმნა მიწისაგან ადამიანის სხეული და მტვერი ხორცად იქცა“. სხვაგან ნეტარი თეოდორიტე უფრო განზოგადებული ფორმით მსჯელობს: „არ ვამბობთ, თითქოს ღვთაებას ხელები ქონდეს... მაგრამ ვამტკიცებთ, თითოეული ამგვარი გამოთქმა მიანიშნებს, რომ სხვა ქმნილებებთან შედარებით საღვთო მზრუნველობა ადამიანის მიმართ მეტია“23.
სული, როგორც სხეულისაგან განსხვავებული, თვითმყოფადი სუბსტანცია
სულის თვითმყოფადობისა და თვითღირებულებათა გასააზრებლად ეკლესიის ძველი მამები და მასწავლებლები ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ წმიდა წერილს. ისინი განმარტავდნენ და ცხადყოფდნევნ, თუ რა განსხვავებაა სულსა და სხეულს შორის, რათა უკუეგდოთ მატერიალისტური აზრი, რომლის მიხედვითაც სული საკუთარ სუბსტანციას ანუ ბუნებას მოკლებულია და მხოლოდ სხეულის ნაწილთა ჰარმონიულ გამოხატულებას ან სხეულის ფიზიკური ქმვდების შედეგს წარმოადგენს. ეკლესიის მამათა უბრალო დაკვირვებებიც ცხადყოფს, რომ
ა. სულს ახასიათებს სხეულებრივ მისწრაფებათა მართვა, სხეული კი ბრძანებას ემორჩილება (ათინაგორა და სხვანი);
ბ. სხეული იარაღი თუ ინსტრუმენტია ხელოვანის ხელში, თავად ხელოვანი კი სულია (წმ. ირინეოს ლიონელი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი);
გ. ძილის დროს სული ერთგვარად ივიწყებს სხეულის არსებობას, მისგან განყენებულად შრომობს, ქმნის, ოცნებობს და აზროვნებს (ტერტულიანე);
დ. სული სხეულს უპირობოდ არ ემორჩილება, შეუძლია მისთვის უცხო და მტრულ მისწრაფებებს შეებრძოლოს და მათზე გამარჯვება მოიპოვოს. ამით დასტურდება, რომ სული და სხეული ერთი და იგივე არ არის. სული უხილავი, ყოველივე სხეულებრივზე აღმატებული, გამორჩეული ბუნების მქონეა (ორიგენე);
ე. სულს ხელს ვერ შეახებ, იგი მოუხელთებელია, სისხლი, ჰაერი ან ცეცხლი კი არ არის, არამედ თვითმოძრავი საწყისია (ლაქტანციუსი);
ვ. სული არის ძალა, რომელსაც ორგანიზმის ყველა ნაწილი მოჰყავს სრულ ერთობასა და თანხმობაში (წმ. ათანასე დიდი, წმ. ბასილი დიდი);
ზ. სული გონიერია, არის თვითშემცნობი და გააჩნია თავისუფალი ნება (ორიგენე და სხვანი);
თ. ადამიანი სხეულით დედამიწაზეა, გონებით ზეციურზე ფიქრობს და მას შეჰყურებს. სხეულით მოკვდავი უკვავებაზე მსჯელობს; არცთუ იშვიათად სათნოებათა სიყვარულის გამო ტანჯვასა და სიკვდილზე მიდის. სხეულით წარმავალია, გონებით კი მარადიული. მიილტვის მარადისობისკენ და არ აინტერესებს, რა ხდება მის ფერხთით - სხეული კი მსგავსს ვერაფერს განიზრახავდა (წმ ათანასე დიდი);
ი. სულის ბუნებაზე საუბრისას ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები მიუთითებენ, რომ იგი მარტივია და უნივთო, სხეულისა კი პირიქით - შედგენილია და მატერიალური, ტლანქი. საერთოდ, უხილავი და ყოველგვარ ფორმას მოკლებული სული სხეულისათვის მისაღებ საზომებით (სივრცე, წონა და ა.შ.) არ განიზომება (ორიგენე და სხვანი).
სხეულის მდგომარეობა სულზეც აისახება. მას შეუძლია სული ქმედებათა დასუსტება და გამრუდებაც კი. ასე ხდება დაავადებების, სიბერის ან სიმთვრალის დროს. ამ მოვლენის განხილვისას ეკლესიის მამები სხეულს ხშირად ადარებენ მართვად იარაღს. სულის განსხვავებული სიმძაფრით გამოვლენა სხეულში მხოლოდ ამ უკანასკნელის, როგორც იარაღის, გაუმართაობაზე მეტყველებს. სხეულში სულის გამოსავლენად არახელსაყრელი მდგომარეობა შეიძლება მივამსგავსოთ ზღვაზე უცებ ამოვარდნილ ქარიშხალს, რომელიც მესაჭეს მისი ოსტატობის გამოვლენაში უშლის ხელს. ამის მაგალითად, აგრეთვე, გამოდგება აუწყობელი ქნარი, რომელიც ყველაზე დახვეწილი მუსიკოსის ხელშიც კი ვერ გამოსცემს კეთილხმოვანებას (ლაქტანციუსი). არც უხეირო ცხენები აძლევენ მხედარს სიჩაუქის გამოვლენის საშუალებას (ნეტარი თეოდორიტე).
ზოგი ძველი მამა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, პაპი გრიგოლ დიდი, ღირსი იოანე დამასკელი) აღიარებდნენ სულის არამატერიალურ ბუნებას (განსხვავებით სხეულისგან) იმავდროულად თვლიდნენ, რომ ის გარკვეულწილად მაინც სხეულებრივი ანუ ნივთიერი ბუნებისაა. ამ სავარაუდო თვისების წარმოჩენით მამებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ადამიანისა და ანგელოზის სულიერება განსხვავდება უწმიდესი საღვთო სულიერებისგან, რომელთან შედარებითაც ყოველივე ნივთიერი და ტლანქი გვეჩვენება.
ცალკეულ ადამიანთა სულების წარმომავლობის შესახებ
საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი). არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მან მხოლოდ გადაჭრით უარყო პლატონის ფილოსოფიიდან მემკვიდრეობით მიღებული ორიგენესეული თვალსაზრისი სულთა წინასწარ არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც ისინი დედაშიწაზე ზეციური სამყაროდან მოდიან. ორიგენესა და ორიგენისტების ეს სწავლება დაგმო V მსოფლიო კრებამ.
მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. რომაულკათოლიკური ღვთისმეტყველება გადაჭრით მიემხრო ღმერთის მიერ თითოეული სულის შექმნის თვალსაზრისს - იგი დოგმატური სახით გადმოცემულია პაპის ზოგიერთ ბულაში. პაპმა ალექსანდრე VII ამას დაუკავშირა სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაზე. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. ასეთი შეხედულების არსებობის საფუძველს ღმერთის მიერ პირველმშობელი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმის შექმნა გვაძლევს: „და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი “ (საქმ. 17,26). აქედან გამოდის, რომ ადამში პოტენციურად ჩაიდო თითოეული ადამიანის სული და სხეული. მაგრამ საღვთო განჩინებით, სულისა და სხეულის შექმნა და განგება ხორციელდება ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ „რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,25), ანუ უფალი შექმნილს განაგებს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტეველი ამბობს: „თავდაპირველად მტვრისგან შეზავებული ჩვენი სხეული შემდგომში ადამიანთა სხეულების ნაკადად გადაიქცა. პირველქმნილი ძირიდან არ წყდება ერთ ადამიანში სხვათა დატევნა. ასევეა ღვთივშთაბერილი სულიც - იგი შექმნის მომენტიდან ხდება ადამიანის შემადგენელი ნაწილი, იბადება ხელახლა, პირველსაწყისი თესლიდან მრავალთათვის გასცემს წილს (ცხადია, აქ გრიგოლ ღვთისმეტყველმა სულიერი თესლი იგულისხმა) და ყოველთვის ინარჩუნებს მარადიულ სახეს მოკვდავში. როგორც ჩაბერვა გამოსცემს ხმებს მუსიკალური საკრავის სიდიდის მიხედვით, ასევეა სულიც - საპყარ სხეულში იგი უძლურია, ჯანსაღში კი მთელი თავისი გონიერებით წარმოჩინდება“24. ამავე აზრს იზიარებს წმ. გრიგოლ ნოსელიც.
მამა იოანე კრონშტადტელი თავის დღიურებში ამგვარად მსჯელობს: „რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელს კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია - ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი“ (ლკ. 10,27). ანუ განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთჳს? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია“25.