სადღესასწაულო წეს-განგება
ღირსისა მამისა ჩუენისა არსენ იყალთოელისა

თუესა თებერვლის 19-სა

 

დიდ მწუხრსა ზედა

- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება.

- „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.

- „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

- „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).

- ღირსისა არსენისა . - მუხლი 8.

შეაყავ გონებაჲ შენი წურთასა საღმრთოთა წიგნთასა, სანატრელო, და ფრთოვან-ჰყავ სლვაჲ სიმაღლედ მიმართ ზეცისა, რომელსაცა დაემკჳდრე, ღმრთივგანბრძნობილო არსენ, და შეერთებული წმიდათა მწყობრსა იხარებ წინაშე ღმრთისა, გვიოხე აწ მისა მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მსოფლიოჲ განხრწნადი დაუტევე და იწროსა მას გზასა მავალ-ჰყვენ რაჲ ფერჴნი შენნი, მამაო არსენ, აღიკვეცე მონაზვნად იყალთოს სავანესა, გარნა უცხოებაჲ გექმნა შენ წინამძღურად გზისა მის ჭეშმარიტისა, და მიიწიე რაჲ კონსტანტინეპოლედ, განისწავლე ფრიად და წიგნნი სულიერნი დაუუნჯენ ეკლესიასა ჩუენსა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან შავ მთად წარგიმართა და დაემკჳდრე რაჲ სვიმეონ საკჳრველმოქმედისა სახელოვანსა მას სავანესა, შეუდეგ ღვაწლსა მას მთარგმნელობისასა კურთხევითა ეფრემ მცირისაჲთა, ხოლო ესრეთ წარემატე, ქუეყანაჲ ჩუენი მდინარის სახედ აღავსნე მოძღურებითა და მორწყნე გულნი უმეცართანი და მოიყვანნე ღმრთის მეცნიერებად. გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

გამოაცხადნა რაჲ სიმჴნენი ღუაწლთა შენთანი ეფრემმან, ყოველთა აუწყა და ყოველსა ქუეყანასა განჰფინნა თარგმანნი შენნი ანტონ ტბელის ძის კურთხევითა, ხოლო შენ თანადგომითა მათითა და ლოცვითა მჴურვალითა აღიწიე, ნეტარო, სრულსა სისრულესა სათნოებათასა, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

შემდგომად გარდაცვალებისა მოძღვრისა მის შენისა დიდისა მოღვაწისა ეფრემისა, გარნა მცირედ წოდებულისა, კუალად გარდახვედ საბერძნეთად და დაემკვიდრე რაჲ მანგანის აკადემიასა შინა, მოშურნეობითა შეუდეგ ღვაწლსა მთარგმნელობისასა, განსანათლებლად ერისა შენისა და სადიდებელას ღმრთისა, მას ევედრე აწ, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ეშმაკთა შენ მიერ დაცემულსა ვხედავთ, ყოვლად ქებულო არსენ, საკჳრველო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მეფეთა და ერთაო; სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო; სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დაუტევე რაჲ უცხოებაჲ, დავითის ვედრებითა მოიწიე ივერიას და თანამდგომ იქმენ მისი რუის-ურბნისის კრების მოწყობასა, ხოლო გპოვა რაჲ მეფემან და ერმან, ვითარცა სიმდიდრჱ ღმრთისაჲ, სიხარულითა შეგიწყნარა, რამეთუ განამრავლებდი სწავლათა სულთა მარგებელთა და განსწავლიდი მეფესა და ერსა. ხოლო აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ ჩუენცა და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ჭეშმარიტად კეთილად მოღუაწე მლოცველი და სვეტი შეურყეველი გამოუჩნდი რაჲ მეფესა დავითს, ჯერეთ დამკჳდრდი შიო მღვიმესა და მარადღე იღუწიდი რაჲ თარგმანებისათჳს ღმრთივსულიერთა წიგნთა და განათლებისათჳს ერისა, მეფჱ და ყოველი ერი აღიყუანე სულიერსა მას სიმაღლესა, აწ გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ ჩუენცა და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს შესხმად ღუაწლისა შენისა, იყალთოჲსა შუენებაო არსენ, საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო ბერთაო და მოძღვარო მეფისაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ. (ჴმა 6).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.(ჴმა 6).

- შესვლა საცეცხლურით.

- წარდგომა დღისა

- საწინაწარმეტყველო - 3 საკითხავი ღირსისა. (იძიე სექტემბრის 28-ს წმიდისა ხარისტონის მსახურებიდან).

- ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა - 1 მუხლი.

- ესრეთ ღირსისა არსენისა.

ესე ღირსი ჴსენებისაჲ საკჳრველი და ყოვლად ქებული მამაჲ ჩუენი არსენ აღმოეცენე რაჲ მხარესა მას კახეთისასა, დაბას შინა იყალთოსა, შვილი წარჩინებულთა მათ თავადთაგან, სიყრმითგან იქცეოდი ყოვლითა სიმდაბლითა და მოღუაწებითა, და ევლტოდაი რაჲ პატივთა სოფლისათა, შეიმოსე სქემაჲ ანგელოზებრივი იყალთოს სავანესა და წარხვედ რაჲ უცხოებად, დამტევებელი ქუეყანისა და მამულისა შენისა, საუფლოჲსა ჴმისა მიერ წოდებული მიიწიე კონსტანტინეპოლედ, მანგანის აკადემიასა, და მუნ განისწავლე სადიდებელად ღმრთისა და განსანათლებლად ერისა შენისა.

ჵ, საქმე ესე მაღალი და განსაკრთომელი, წმიდაო არსენ, რამეთუ შავმთასა მისრულმან თარგმანებისათჳს წმიდათა წიგნთაჲსა ბერძულისაგან ღუაწლი და შრომაჲ თავს იდევ და ქუეყანაჲ შენი კეთილმსახურებისა წერილითა აღავსე, რომელთა მიერ განაშუენე ეკლესიაჲ ქართველთაჲ და შჳლთა თჳსთა თანა სწავლითა საღმრთოჲთა ბრწყინვალედ შეამკვე, აწ დაამშჳდე გული ჩუენნი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული და მღჳძარებითა საღმრთოჲთა აღმავსე.

სათნოებითა განჰმდიდრდი, მამაო, და ეფრემ მცირესა და იოანე პეტრიწისა თანა შავ მთასა იღუწიდი განსანათლებლად ივერთ ერისა, ხოლო განმაძლიერებელმან თქუენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა თქუენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა ქუეყანისა თქუენისათა; ამისთჳსცა ვიხარებთ და ვიქადით თქუენთჳს და განვსცხრებით სიხარულით განსწავლულნი წმიდათაგან წიგნთა და თარგმანებათაგან თქუენთა.

ზღუდედ სჯულისა და ხატად სიწმიდისად მოგიგო შენ ღმრთისმოყუარემან მეფემან ქართველთამან ბრწყინვალებისათჳს ცხორებისა შენისა, და მრავალგზის მოწერითა და ვედრებითა გარწმუნა წარსლვისათჳს სამეფოსა მისსა, რაჲთა ყოველნი იკურთხნეს შენ მიერ და განათლდეს ხილვითა შენითა, ხოლო შენ ხედვიდი რაჲ სარწმუნოებასა და სიყუარულსა შენდა მომართ მეფისა დავითისსა, მიიწიე მისა მიმართ და თანამზრახველ და თანამოსაგრე იქმენ ურიცხვთა კეთილთა საქმეთა მისთა.

მადლი ღმრთისაჲ დაემკჳდრა შენ თანა, ღმერთ-შემოსილო, და აღგავსო სიბრძნითა და გყო შენ ქადაგ ჴმა-მაღალ, მეტყუელ საიდუმლოთა მათ დაფარულთა, და საცნაურად ბრწყინვალე-ყო სახელი შენი ქართლოსიანთა შორის და, ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ, ჰნათობ ეკლესიისა სამყაროსა, ნეტარო, და, ვითარცა ორღანოჲ, პირი შენი ჴმა-ტკბილად ოხრის სწავლათა ტკბილთა.

ვითარ ბრწყინვალე ვარსკულავი აღმოუბრწყინდა ბნელსა შინა უმეცრებისასა შეცთომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმნა მათ, ხოლო უმდიდრესითა მადლითა ღმრთისაჲთა აღსავსე ლოცვაჲ შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელად და მმართებელ მეფესა და მთავართა, და სამღდელოთა და ერთა, რამეთუ ყოველთა მოუწოდე მეცნიერებად და დიდებად ღმრთისა, და მეფისა თანა დავითისა დააფუძნე რაჲ გელათის აკადემია, დაუცხრომელად იღუწიდი მას შინა.

ვითარცა ელიაჲ, უშიშად ამხილებდი წარჩინებულთა, და სამღვდელოთა და ურიცხვი სული იჴსენ დანთქმისაგან ცოდვათასა, ეგრეთვე აწ განაბრძვნე მთავარნი და მმართველნი ჩუენნი და მშჳდობით შეზღუდენ მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, რაჲთამცა ვვიდოდინ გზათა სიმართლისა და ჭეშმარიტებისათა, და გნატრიდენ შენ, ვითარცა დიდსა მამასა და მეფის მოძღვარსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გნატრით შენ მწყემსსა და მოძღუარსა ივერიელთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდი მეფესა და ერსა ჩუენსა და და შესხმით გიგალობთ: გიხაროდენ, სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა უცთომელო აღმწერელო და წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებლობასა შინა განმამტკიცებელო; გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა მწიკულისა განმბანველო და ჟამთა სიავისაგან და უგუნურთა მიერ შერყვნილთა ჴელნაწერთა კუალად უსრულესად და უწმიდესად განმმართველო; გიხაროდენ, დიდის ღუაწლისა შენისა მხილველთა და თანადამსწრეთა განმაცვიფრებელო და უგუნურთა და უსწავლელთა შორის საღმრთოთა სწავლათა განმფენელო; გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსო მამაო ჩუენო, არსენ იყალთოელო!

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

- სტიქარონსა ზედა დასდებელი. (ჴმაჲ 8).

და-რაჲ-ემკჳდრა შენ თანა მადლი ღმრთისაჲ, მოგაძულა შენ საწუთროჲსა დიდებაჲ, და შეგაყუარა სიმდაბლჱ და უცხოებაჲ, ლოცვაჲ ლმობიერი, მღვძარებაჲ და ზე-დგომაჲ ჴელგანპყრობით უჴორცოთა მიმსგავსებული, და აღასრულე რაჲ სრბაჲ შენი და სიხარულით წარმოუდეგ ქრისტესა. წმიდაო იყალთოელო ბერო, ნეტარო არსენ, აწცა გჳთხოვე მისგან დიდი წყალობაჲ.

მუხლი. „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, წმიდაო არსენ, სანატრელო, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა. ამისთჳსცა გაქებთ და გნატრით კეთილქებისა გალობითა.

მუხლი. „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

შეგამკო ღმერთმან, წმიდაო, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, და აღავსო რაჲ სული შენი სიბრძნითა, ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებდი მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რაჲსთჳსცა მეფე დავითისა თანა, მოწაფისა შენისა განეწესე და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

- „აწ განუტევე“.

- შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- ტროპარი - ღირსისა: შენ შორის, საკჳრველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ჴორცთაჲსა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო არსენ. - 2 გზის.

- ღვთისმშობელო ქალწულო - 1 გზის.

- პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

- „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

- ტროპარი ღირსისა: „ შენ შორის, საკჳრველო მამაო, კეთილად...“ - 2 გზის

- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): -

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 1).

საუნჯჱ იგი რომელი მიართუ ეკლესიასა ღმრთისასა - თარგმანნი და შრომანი შენნი, ვითარცა ოქროჲსა სამკაულნი, ბრწყინვალედ შეუმოსიან და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა შევლენან მას შინა სიხარულით, და ქრისტესა წარუდგინენ ყოველნი განბრწყინვებულნი ღმრთისა მადლითა! 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 4).

მადლი ღმრთისაჲ დაემკჳდრა შენ თანა, ღმერთ-შემოსილო, და აღგავსო სიბრძნითა და გყო შენ ქადაგ ჴმა-მაღალ, მეტყუელ საიდუმლოთა მათ დაფარულთა, და საცნაურად ბრწყინვალე-ყო სახელი შენი ქართლოსიანთა შორის და, ვითარცა მზჱ ბრწყინვალჱ, ჰნათობ ეკლესიისა სამყაროსა, ნეტარო, და, ვითარცა ორღანოჲ, პირი შენი ჴმა-ტკბილად ოხრის სწავლათა ტკბილთა. 2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

- „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

- „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

- „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: სიბრძნე (ჴმაჲ 8).

უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან წარმოგავლინა შენ მოძღვრად და წინამძღოლად დავით აღმაშენებლისა, და განსანათლებლად ერისა ამის, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, გარნა მრავლითა საცთურითა დაბრკოლებულისა და თურქთა მაჰმედინთა და ერთბუნებიანთაგან ჰაოსიანთა ცთუნებულთა, და მისითა მადლითა ორნივე ეგე იცვებოდით ყოველთაგან-ვე საფრჴეთა ეშმაკისათა, რამეთუ კუერთხითა სარწმუნოებისაჲთა განიოტეთ ბოროტნი მგელნი და ძალითა სამებისაჲთა განძლიერებულთა უვნებელად დაიცევით სამწყსოჲ თქუენი ტაცებათაგან მათთა, ევედრე აწ ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

- წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).

მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.

- საცისკრო სახარება: ლკ.24 დას. VI, 17-23.

- „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩვენისა გაბრიელისათა...“

- „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

ვითარცა მოწაფემან შენმან - დავით აღმაშენებელმან, ეგრეთვე შენცა, წმიდაო არსენ, არა ხოლო თუ თჳსნი ოდენ ნაყოფნი შეწირნე ღმრთისა მსხუერპლად სულნელად, ვითარცა აბელ მართალმან, რომელი-ცა-იგი იყნოსა ღმერთმან დამბადებელმან ყოველთამან სულად სულნელებისად, არამედ სხუანი-ცა ურიცხუნი სულნი შეწირნე ქრისტესა და მიუძღუანნა ნაყოფნი ფრიად შუენიერნი და სულნელნი და კრავნი უგერშონი და უბიწონი, ამისთჳსცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სოფლისათჳს და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.

- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა).

- იკითხება 2 კანონი .

- I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).

- II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 8).

- კატავასია: რიგითი.

- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

გალობაჲ 1, უგალობდითსა

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი, წადიერებით შემოკრებულნი ერნი, ვგალობდეთ და ვიხარებდეთ ღირსად, საჴსენებელსა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა, მოღუაწისა არსენისსა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ლოცვითა და მღვიძარებითა მაცხოვრისაგან მოიპოვე რაჲ მადლი სულისა წმიდისა, ყოველთავე ჴორციელთა შუებათა და გემოთა შეურაცხის-ყოფდი მარხვითა და სამარადისოჲსა ლოცვითა განკაფავდით სხეულსა და ყოველთა იწროებათა მიერ დააჭნობდით და მოაუძლურებდით მძლავრებასა მისსა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იძულებულ იქმენ ეფრემისა მიერ, მოძღურისაგან შენისა თარგმანებად ბერძულთა თხზულებათა, და წარმოგზავნიდა ივერიას, ვითარმედ მოაკლდენ ჟამსა მას მნათობნი მართლმადიდებლობისანი ქუეყანასა ჩუენსა, და წარსდევნიდა ბნელსა მას უმეცრებისასა ნაღვაწითა ჴელთა შენთაჲთა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შემდგომად ეფრემის სიკუდილისა ვედრებითა მეფისაჲთა მიიწიე რაჲ ივერთ სანახებსა, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და განსწავლიდი რაჲ მრავალთა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო ბერო, გჳჴსნეს ჩუენ რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

თარგმანო და მეცნიერო ბერძენთა და ქართველთა ენისაო და განმანათლებელო ყოველთა ეკლესიათაო, სურნელებაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ. მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ცოდვათაგან და უსჯულოებათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყვაჲ ღმრთისაჲ წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, მოგავლინა შენ ღმერთმან განსაწმედელად ეკლესიისა, ღირსო, და მოგცა მადლი განსამტკიცებლად ფრიად შეჭირვებულისა ერისა ამის ჩუენისა და ჭაბუკისა მის მეფისა დავითისა. აწ დაიფარე სამწყსოჲ შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღირსო, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა, რამეთუ „დიდი სჯულისკანონისა“ თარგმანებაჲ საფუძველად და ლოდად სიმტკიცისად დაედო რუის-ურბნისისა „განჩინებას“.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მწყემსსა ცხოვართასა გპოვებთ შენ, და კეთილად მოღუაწესა მლოცველსა, ღირსად საგალობელო არსენ, ბრწყინვალეო ნათელო მღდელობისაო, და სუეტო და სიმტკიცეო მონაზონთა კრებულისაო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებდ, ღირსო მამაო არსენ, შუენიერო სამკაულო კახეთისაო, და წესო და კანონო მონაზონთაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ საჴსენებელსა შენსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკჳდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ჴორციელად ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

- შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

წარდგომაჲ: იყავ რაჲ მოძღვარი სულიერი და წინამძღვარი ქართველთ სახელოვანისა მეფისა დავითისა, განსწავლე ფრიად და განანათლე რაჲ მადლითა საღმრთოჲთა, სხუანი-ცა განანათლნა და სურვიელ იქმნა შიო მღჳმელისა მონასტერსა აღშენებად ტაძრისა, და შენცა აღაშენნე რაჲ ბრწყინვალჱ ტაძარი ღმრთისმშობლის სახელსა ზედა, ვიდრე აქამომდე ჰგიეს საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ვნებათა და ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო არსენ, რომელნი აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყოველსა ქუეყანასა ჩუენსა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო არსენ, სანატრელო, რამეთუ დაამდაბლე, რომელნი მაღლად იტყოდეს სიცრუვესა, ბოროტად შეცთომილნი ბილწნი მწვალებელნი ჰაოსიანნი, არაჲ ირწმუნებდეს რაჲ უგულისხმონი მჴსნელსა ორითა ბუნებითა, და აღამაღლებდი მართალსა და ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა, მრავალთა შეასწავებდი რაჲ შეურწყმელად ღმრთეებისა და კაცებისა შეერთებასა. აწცა მოეც მშჳდობაჲ მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იჴსენ უცხოთა სწავლებათა და საცთურთაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჴსნისათჳს ერისა ჩუენისა სულითა წმიდითა განბრძნობილისა ყრმისა მის ქალწულისა, ნინო კაბადოკიელისა მოციქულებრივსა გზასა ზედა წარმომგზავნელო, წმიდაო ქალწულო, დედაო ღმრთისმშობელო, შენ მიერ ბოძებულითა ჯუარითა ვაზისაჲთა მის მიერ მცხეთას ბომონთა დამცემელო და ქუეყანასა ჩუენსა სამოციქულოჲსა ეკლესიისა დამამყარებელო, რომელმან შემდგომად მრავალთა წელთა უშჯულოთაგან დაკნინებულისა ერისა ჩუენისა განსამტკიცებლად და განსავრცობად ქრისტეს სარწმუნოებისა წმიდაჲ და ახოვანი მეფჱ დავით გამოაბრწყინვე და წმიდაჲ და სანატრელი არსენ ბერი მოძღვრად და წარსამართებლად გზათა მისთა გამოაჩინე, მშობელო სიტყჳსაო, აწცა ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთა შენთათჳს.

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაემკჳდრე რაჲ შიო მღვიმისა სავანესა, წესსა მას ზედა სვიმონწმინდისასა დასხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, ყოვლად ნეტარო არსენ, ხოლო მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, ვერ დაითმენდეს ღუაწლსა შენსა და აღიძრნეს და ზედა-მოგიხდეს, წმიდაო არსენ, და იწყეს ბრძოლად მრავლითა და თითოსახითა მანქანებითა, გარნა შენ მადლი საკჳრველებათაჲ ნიჭად მიიღე განკურნებად სენთა სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთასა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ არა გეშინოდა უკეთურთა მათ და მზაკუვართა და მტყუართა სულთა, არამედ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაჲთა და ლოცვითა მჴურვალითა განჴდიდი ურიცხუთა საფრჴეთა მათთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებს ეკლესიაჲ შვილთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოჲთა მით თარგმანებათა და თხზულებათაგანშენთა, ჴსენებასა შენსა აღასრულებს და ქებით ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე აწ, რაჲთა მტერისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი თანა-წარგუჴადნეს მოსავთა შენთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოჲსა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოშურნედ იქეც დიდთა მათ მთაწმინდელთა, ეფთჳმისა და გიორგისა - მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთა, ღირსო, და ყოველსა დღესა ცხორებისა შენისასა განჰლევდი მოღვაწებასა და მღჳძარებასა შინა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სანთელად ცეცხლმთებარედ ღირსი არსენ, მართლმადიდებელთა ქართველთათჳს მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და სიმტკიცედ ივერთ ქუეყანისა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დიდითა საფასითა წარგავლინა რაჲ მეფემან პალესტინეს, ახლად აღშენებად და შემკობად ჯუარის მონასტრისა და უფროჲს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს საფლავისა, მოიქეც ივერიას, და დღითი დღე იღუწიდით სადიდებელად ღმრთისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა, რამეთუ ჭეშმარიტად გამოჩნდი მმარხველთა სამკაულად და ურცხვენელ მლოცველად ღმრთისა. მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისსა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაჲ და მოტევება ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთა.

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ძლიერი შური გაქუნდა, ვითარცა ელიას, პატიოსანო მამაო, რამეთუ აღეგზენ ვითარცა ცეცხლი საღმრთოჲ მწვალებელთა და წარმართთა ზედა და შესწუენ ენანი მათნი, აწ მეოხ-იქმენ ჩუენთჳს, რომელნი პატივს ვსცემთ დღესასწაულსა შენსა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ძუელთა თხზულებათაგან იქმენ რაჲ შემკრებელ ქართველთ განმანათლებელისა და მომაქცეველის ნინოჲს ცხორებისა, უპირველეს ყოველთასა გულიჴსმა ჰყავ შენ, ნეტარო, თუ ვითარ წარმოიგზავნა დედაკაცი ღმრთისმშობლის წილხვედრსა ქუეყანასა საქადაგებელად ქრისტეანობისა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო ბერო, ხოლო მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, და ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, აწ მოგუეც ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იქების შუენიერად დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, ნეტარო არსენ, და ანგელოზნი მგალობელთა გალობასა შესწირვენ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაჲთა დაგვიფარნეს ჩუენ მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძჱ ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.

- შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

კონდაკი: იქადის აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაჲ სავანჱ იყალთოჲსა, რამეთუ მრავალი მორწმუნე მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაჲთა გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, მამაჲ და მოძღუარი მეფე დავითისა, მრავალთა სულთა შინა დამნერგველი კეთილზნეობისა და სწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, ამისთჳს გიღაღადებთ: ლოცვითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ღირსო მამაო ჩუენო არსენ იყალთოელო!

იკოსი: დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგმადლა ღმრთივშუენიერი მამაჲ, და მოწაფჱ მისი მეფჱ დავით განსამტკიცებლად ერისა ჩუენისა ღმრთისმსახურებასა შინა, რამეთუ მიერითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ქუეყანაჲ ესე ქართველთაჲ წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისაგან, და არცა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითა-ვე წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისაჲთა და სასოჲსა მის მფარველისა ჩუენისაჲთა.

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იყავ მოძღუარი დიდისა მეფისა დავითისა და წარმმართებელი ყოველთა გზათა მისთა, და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათჳს ჩუენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა ერისა მისისა - ივერიისა და მლოცველი ივერიელთათჳს და კეთილად წარმართებისათჳს მათისა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჯერეთ მჴნჱ და ახოვანი მეფჱ დავით დასნეულდია და განაგო რაჲ ყოველივე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, ანდერძი თჳსი შენ მოგანდო და მეფედ კურთხევაჲცა ძისა თჳსისა და ევედრებოდა ღმერთსა ერისათჳს და სამეფოჲსა. აწ დაცემული ესე და დამდაბლებული ქართველთა ერი კუალად აღადგინე მსახურებად ღმრთისა და მამულისა მეოხებითა შენითა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, და ყოველთა ასწავებდი ქრისტჱს მსგავსად, რაჲთა განუყონ უხუებით გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი რაჲ ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი რაჲ ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა. ხოლო აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი შეწევნისა ჩუენისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳიდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღაშენა რაჲ იყალთოს სავანჱ ზენონმან- ათსამეტთაგან ერთმან, შემდგომად მრავალთა წელთა განაახლე და განავრცე და შეკრიბნე მუნ ღმრთივგანბრძნობილნი მამანი და მეცნიერნი მოძღურად სწავლულებისად, და მიერითგან მას შინა განისწავლებოდა ერი ჩუენი მრავალთა საუკუნეთა და სახელედვა იყალთოს აკადემია.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებს სახელოვანსა ხსენებასა შენსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იღუწიან, რაჲთა ღმრთივდაცული ერი ჩუენი შთასთხინნეს უფსკრულსა უმეცრებისასა და გარდასახნეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ვერცაღა ძალგვიძს წინააღმდგომად ბოროტისა, არამედ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

- ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

- შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“.

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გემცნო დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ და ილოცვიდი და შეჰვედრე რაჲ სამწყსოჲ და ერი ჩუენი და მერმე სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და დაგფლეს იყალთოს მონსტერსა, მახლობლად ზენონისა.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ხედვიდეს რაჲ ქართველნი სამარხოსა შენსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკჳრველთმოქმედი მამაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

პატივი სიწმიდისაჲ სიკუდილისა მიერ ვიდრე აქამომდე არცაღა განგეშორა, ღირსო მამაო არსენ, რამეთუ სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო არსენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოსავნი შენნი და მოყუარენი ვიდრე აქამომდე ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაჲ სამარხოჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არა მხოლოჲ იგი წმიდისა მის სავანისა მკჳდრ ხარ, სანატრელო, არამედ სრულიად ქართველთა მიწა-წყლისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი და უძლეველი მფარველი და მეოხი ყოველთა მართლმადიდებელთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.

- შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „ღირს არსი“ - არ იგალობება.

„განმანათლებელი“: ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჵ, ნეტარო არსენ, და აღმოგაბრწყინვა კახეთით და მოჰფინა შარავანდედი ქუეყანასა ამას ჩუენსა, ცოდვისა მიერ ბნელ-ქმნილსა, და ყოველი წყუდიადი ბნელისაჲ წარსდევნა და შენ მიერ განათლებულთა შევიცანთ სჯული და წესი ქრისტეანობისა და ჭეშმარიტებითა ვადიდეთ ღმერთი დაუსაბამოჲ, სამ-გვამოვნებით თაყუანისცემული და შენ მეოხ-გყოფთ წინაშე მისსა. (2-გზის)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

- „ყოველი სული“ - იგალობება.

- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 8.

იხარებს აწ იყალთოს მონასტერი, რომელი იუნჯებს წმიდათა ნაწილთა შენთა, სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო, და სასუფეველსა დამკჳდრებელო, იყალთოჲსა შუენებაო არსენ, საკჳრველო.

იქადის კახეთი, სამშობლო ეგე შენი, თანა-მკჳდრითურთ შენთჳს, ყოვლად ქებულო, რამეთუ მიერ აღმოსცენდი, წმიდაო, და საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ყოველთა, რაჲთამცა არა მოიწიოს მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ. მას ევედრე აწ, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

ღუაწლი შენი, ვითარცა ოქროჲსა საუნჯჱ ბრწყინვალედ შეუმოსია ეკლესიასა ღმრთისასა და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულით შევლენან მას შინა. ამისთჳსცა გიღაღადებთ შენ, ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ იჴსნნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტჱს ხიბლისაგან და საცთურისა.

ბრწყინვალებითა მადლითა შენისაჲთა განგუანათლენ მადიდებელნი შენნი, ღმერთშემოსილო მამაო არსენ, რამეთუ მსგავსად მნათობთა დიდთა განმტევებელი ბრწყინვალეთა შარავანდედთა ელვარე ჰყოფ ყოველთა ჴსენებისა შენისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა მიჰფენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებით და სურვილით ვაქებთ დღესასწაულსა შენსა განათლებულსა და ღირსსა ქებისასა.

დღესა ამას მორწმუნეთა სულიერისა ზეობისასა, დღესასწაულსა ღირსისა მამისა არსენისასა, მასვე შევჰღაღადებთ: გიხაროდენ, ზეცისა კაცო და ქუეყანისა ანგელოზო; გიხაროდენ, მრავალთა გზასა ზედა ცხოვნებისასა დამაყენებელო; გიხაროდენ, მართალთა დიდებაო და ერისა ჩუენისა განმამტკიცებელო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან და მოგვანიჭოს მშჳდობაჲ და წყალობაჲ.

- შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, არსენს, წმიდისა მეფისა მოძღვარსა და იყალთოს აკადემიის დამაფუძნებელსა, რომელი ფრიად დაშურა ერისა ჩუენისათჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა, აწცა ევედრე ღმერთსა, რაჲთა დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათმოებისა.

- მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

დაღათუ ურიცხუნი საქმენი შენნი განგვაცვიფრებს, ღმერთშემოსილო არსენ, საკჳრველო, არამედ უფროჲს გჳკჳრს მოღუაწებაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, რომელმან მხარჱ ესე კახეთისაჲ განანათლენ საკჳრველებითა და მარადის შეეწევი შენდა მომართ მჴურვალედ მოლტოლვილთა, დაუცხრომელად ევედრე აწ ქრისტესა ღმერთსა, რომელნი პატივს-ვსცემთ ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა, ჴსნად ყოველთაგან სენთა და სალმობათა.

- მუხლი: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

განმანათლებელო კახეთისაო და განმწმენდელო სჯულისაო, აწ მოგუხედენ მაღლით, ღმერთშემოსილო, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი, გარე-წარგუჴადენ განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი სამწყსოთა ამათ შენთა და მგალობელთა, მდგომარეთა წინაშე სამარხოსა შენსა, და შეწირე ვედრებაჲ ჩუენი დედასა თანა ღმრთისასა წინაშე ქრისტჱსსა თანაშეწევნითა ზეცისა მჴედრობათაჲთა და წინამორბედისა და იოანე ღმრთის-მეტყუელისაჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა არსენ იყალთოელისა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო, და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ჴმაჲ 5).

„აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“: ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

- „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი ღირსისა: ღირსისა: „ შენ შორის, საკჳრველო მამაო, კეთილად...“ - 2 გზის

- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): -

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

 

I, III და VI ჟამნებზე:

- ტროპარი: ღირისისა.

- კონდაკი: ღირისისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“ - გალობისას ჩაერთვის

„მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

სამოციქულო - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2.

სახარება - მთ. 43 დას. XI, 27-30.

შესვლად.

ტროპარი - ღირსისა

კონდაკები - „დიდება“ - ღირსისა

„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

„წარდგომა“: „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).

მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.

„ალილუია“: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. (ჴმაჲ 6).

მუხლი. „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.

განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

წეს-განგება შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა.