სადღესასწაულო წეს-განგება
ღირსისა ექვთიმე აღმსარებელისა, ზედაზნელ იღუმენისა

ხს. ძვ. სტ 20/I - ახ. სტ. 2/II

დიდ მწუხრსა ზედა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი

მუხლი 8. ჴმაჲ 5.

ღირსისა ექვთიმე აღმსარებელისა

- წმიდაო აღმსარებელო მამაო, ნეტარო ექვთიმე, ვარსკულავო საქართველოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო ერისა ჩუენისაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, რომელმან აღირჩიე სრბაჲ იწროსა მას გზასა, და შეუძრველად ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა. აწ გვიოხე ქრისტეს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

- წმიდაო აღმსარებელო მამაო, ნეტარო ექვთიმე, სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო შრომითა და ღუაწლითა შენითა და დამკჳდრებელო სასუფეველსა შინა ქრისტეს ღმრთისასა, აწ გვიოხე მისა მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

- წმიდაო აღმსარებელო მამაო, ნეტარო ექვთიმე, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო ერისა შენისაო; სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო; სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

- წმიდაო აღმსარებელო მამაო, ნეტარო ექვთიმე, სჯულიერებისა და სიმდაბლისა შენისათჳს, რომელ მოგეგო, იყავ შენ საყუარელ ყოველთაგან, და განსწავლულ იყავ არა ხოლო თუ საღმრთოსა წერილსა, და მამათა სწავლებათა შინა, არამედ წარემატებოდი გალობასაცა შინა ქართველთასა, და ხატ ექმენ სამწყსოსა შენსა სიბრძნისა და ღმრთისმოსავობისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

- წმიდაო აღმსარებელო მამაო, ნეტარო ექვთიმე, სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილ-იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, სახარებისა მადლითა განანათლე ქუეყანაჲ ქართველთაჲ, ღმერთშემოსილო, და ვითარცა მწყემსი კეთილი დაშვერ სამწყსოჲსათჳს შენისა, ხოლო აწ განბრწყინებული მადლითა აღმსარებლობისაჲთა, სდგა წინაშე ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა, და აწ გვიოხე მისა მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

- წმიდაო აღმსარებელო მამაო, ნეტარო ექვთიმე, მოყუარეო ღმრთისაო და აღმასრულებელო საღმრთოთა მცნებათა მისთაო, უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვისმენდეთ საკჳრველთა ამათ საქმეთა შენთა და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომელმან ესევითარი მოგუმადლა ჩუენ მზრუნველი მამაჲ და საკჳრველი მოღუაწჱ და ვჴმობდეთ გიხაროდენსა, რამეთუ სახელი შენი აღწერილ არს ცათა შინა. ქრისტესა ევედრე აწ გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

 

სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2; ეჰა გჳრგჳნნო

ვითარი-მე ქებისა გჳრგჳნი შეგითხზნათ ეკლესიისა ჩუენისა სამკაულსა და ქართველთა განმანათლებელსა სწავლითა, დიდსა მამასა და მოძღუარსა, რომელი განსწავლიდი ერსა შენსა ღმრთისა და მამულის სიყუარულსა შინა, და განამჴნევებდი მათ ძლიერად მოღუაწებითა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ვითარი-მე ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ლამპარსა ყოვლადბრწყინვალესა და მნათობსა ყოვლისა საქართველოჲსასა; მორწმუნეთა წინამბრძოლსა და მადლითა და სიბრძნითა ღმრთისაჲთა აღსავსესა; ღირსსა და ღმერთშემოსილსა მამასა ჩუენსა ექვთიმე აღმსარებელსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა შესხმად ღუაწლისა შენისა, რომელმან ღმრთისა მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, ერსა შენსა განსწავლიდი რაჲ მცნებათა შინა ქრისტჱს ღმრთისაჲსა, აწცა გვიოხე მისა მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ. (ჴმაჲ 6).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა. (ჴმაჲ 6).

შესვლად. წარდგომა დღისა

საწინაწარმეტყველონი; საკითხავი ღირსისა.

1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)

2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...)

წერილ-არს, მარტის 9-ს.

3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) წერილ-არს მაისის 7-ს.

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა

ესრეთ ღირსისა ექვთიმესი.

სათნოებითა განჰმდიდრდი, მამაო, და წმიდისა ფილიმონისა და ალექსანდრე მღვდელმთავრისა თანა ფრიად იღუწიდი რაჲ განსანათლებლად ივერთ ერისა, აღირჩიე გზაჲ მონაზვნებრივი, რომლისათჳსცა სიყრმითგანვე განიმზადებდი თავსა თჳსსა, და მორჩილად განგაწესეს რაჲ მონასტერსა შინა გელათისასა, წინამძღვრებითა დიდისა მოსაგრისა მამისა ალექსი ბერისაჲთა წარემატებოდი ღუაწლსა და ლოცვასა შინა, აწ ჩუენცა განგვარინე გზათაგან წარმწყმედელთა და წარგვიმართე გზასა მას ჭეშმარიტსა.

ყოვლადვე არასადა შეაპყარ, ღირსო მამაო ექვთიმე, თავი თჳსი შუებასა და განცხრომასა, არამედ შეჭურვილი საღმრთოჲთა მღჳძარებითა მოშურნედ იქეც დიდთა მათ მთაწმინდელთა, ეფთჳმისა და გიორგისა, საღმრთოთა წიგნთა განმავრცელებელთა, და ყოველთა დღეთა ცხორებისათა განჰლევდი დიდსა მოღვაწებასა და მღჳძარებასა შინა. ეგრეთვე აწ დაამშჳდე გული ჩემი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული და აღმავსე მღჳძარებითა საღმრთოჲთა.

იყავ რაჲ განმავრცელებელი საღმრთოჲსა წერილისა და მამათა სწავლათა, სანთელად ცეცხლმთებარედ გამოუჩნდი ბნელსა შინა უმეცრებისა შთავრდომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმენ მათ, რამეთუ ყოველთა მოუწოდე მეცნიერებად და დიდებად ღმრთისა და გამოჩნდი კანონად მონაზონთა, და საღმრთოჲ სიხარული მოჰფინე ქართველთა ეკლესიასა და მას შინა მგალობელთა.

განგვაცვიფრებს ჩუენ ყოვლად საკჳრველი ღუაწლი შენი, ღირსო და უფროჲს გჳკჳრს აღმსარებლობაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, რამეთუ ჟამსა მას უღმრთოებისასა შური საღმრთოჲ მოიპოე, ნეტარო მოღუაწეო ექვთიმე, და მრავალთა საგალობელთა გადასწერდი და დაუმარხავდი რაჲ შჳლთა ეკლესიისათა, არცხვინებდი ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა.

საქმენი შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განჰბრწყინდა, რაჟამს ქადაგებდი, წმიდაო, სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა, და განამრავლებდი საღმრთოთა წიგნთა და საგალობელთა უძველესთა, ამისთჳს აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, ღირსო მამაო ჩუენო ექვთიმე, და გევედრებით: შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოგუცეს სლვაჲ კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.

ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაჲთა, და ძალითა მით საღმრთოჲთა დაიცევ საუნჯჱ ეკლესიისა ჩუენისა - ღმრთივსულიერნი გალობანი და აღამაღლენ რაჲ გჳრგჳნი მართლ-აღმსაარებელთაჲ, ეკლესიამან ქართველთამან, ვითარცა საუნჯე მრავალსასყიდლისაჲ, გპოვა შენ და სიხარულითა შეგიწყნარა.

ვითარცა მზისა ნათელმან, ესრეთ განანათლნა გონებანი მგალობელთანი, ღმერთშემოსილო მამაო, საკჳრველო, ყოვლად საგალობელმან დღესასწაულმან შენმან, ევედრე აწ ქრისტესა, ღირსო, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა და განგუარინნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იყავ რაჲ კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაჲ, ძეებრივითა გულმჴურვალებითა მსახურებდი მშობელსა ერსა, რომელ აწ გსახავს შენ მამად თჳსად, წმიდაო დიდო განმანათლებელო ექვთიმე, ღუაწლითა შენითა აღაორძინებდი რაჲ საეკლესიოსა გალობასა და ვიდრე აქამომდე აღძრავ მგალობელთა შუენიერად ქებად და გალობად ღმრთისა, აწ გვითხოვე მისგან მშჳდობით დაცვაჲ სოფლისაჲ, და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ, აღორძინებაჲ ერისა ჩუენისაჲ და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო, სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

 

სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ 8

ქრისტეს მცნებათა იწურთიდი რაჲ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, სიყურულითა ჰმწყსიდი სამწყსოსა მისსა და, ასწავებდი ვნებათაგან განკრძალვასა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად სათნოებათა შენთა, სანატრელო, რაჲთა ვევლტოდეთ ბოროტთა ჩვეულებათა და ვნებათა.

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე, ჵ, კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რაჲსთჳსცა აღმსაარებელთა მათ თანა განეწესე და ღირსთა მამათა თანა შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

შეგამკო შენ ღმერთმან, წმიდაო ექვთიმე, ნათლითა სწავლისაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, და აღავსო რაჲ სული შენი სიბრძნითა, ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებდი მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიმრავლჱ მგალობელთაჲ წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო, ღირსო ექვთიმე, რამეთუ საღმრთოჲთა მით მადლითა აღივსებიან აღსრულებითა გალობათაჲთა, რომელნი შეკრიბნე დიდითა ღუაწლითა, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, მობაძავო პირველ საუკუნეთა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

 

ტროპარი აღმსარებელისაჲ:

მარგალიტნი მრავალსასყიდლისანი სიღრმით უმეცრებისაჲთ აღმოიტაცენ, და ჴმათა მიერ ანგელოზებრთა ეკლესიაჲ ქართველთაჲ კუალად განაშუენე; გალობათა საღმრთოთა გამომხატველო, წმიდაო აღმსარებელო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. 2-გზის

ღმრთისმშობელო ქალწულო - 1-გზის

 

დიდი ცისკარი

ღმერთი უფალსა ზედა

ტროპარი აღმსარებელისაჲ:

მარგალიტნი მრავალსასყიდლისანი სიღრმით უმეცრებისაჲთ აღმოიტაცენ, და ჴმათა მიერ ანგელოზებრთა ეკლესიაჲ ქართველთაჲ კუალად განაშუენე; გალობათა საღმრთოთა გამომხატველო, წმიდაო აღმსარებელო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაჲ... ტროპარი (იგივე) აწდა...

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 1

ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, ყოვლად ნეტარო ექვთიმე აღმსარებელო, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად საქართველოჲსა, აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა. 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 4

იქების დღეს მართლმადიდებელთა ქრისტჱსმოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, სიწმიდჱ, სიმშვიდჱ, და სიმდაბლჱ და შრომისოყუარებაჲ საკჳრველი. აწ ჩუენცა პატივს-გცემთ, წმიდაო, სამ-გზის სანატრელო მამაო ექვთიმე, და გაქებთ, ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა. 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა. ჴმაჲ 8

სიბრძნე

ჟამსა მას ძნელბედობისასა დიდებულთა კაცთა მოუვლენდა რაჲ უფალი სამწყსოთა თჳსთა, შენცა აღრჩეულ იქმენ, სანატრელო მამაო, მსახურებად ღმრთისა და ერისა, და ეკლესიაჲ განამდიდრე რაჲ ძუელთა მათ საგალობელთა დაცვითა, საღმრთოჲთა შურითა შენითა და ღუაწლითა ფრიადითა სათნოდ გამოსჩნდი სამებისა წმიდისა. 2-გზის

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქების, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

 

აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

წარდგომაჲ, ჴმაჲ 7

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

ყოველი სული... სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი 17. (მას ჟამსა შინა, დასდგა იესუ...) დასასრული მუხლი 23. (მრავალ არს ცათა შინა...)

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, სანატრელო ექვთიმე, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და მრჩობლი გჳრგჳნი მოიღე ღმრთისაგან: აღმსარებელისაჲ და ღირსისაჲ, და აწ კადნიერებაჲ გაქუს რაჲ წინაშე მისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.

 

კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6

სექტემბრის 28-ს იძიე

კანონი ღირსისა, მუხლი 8. ჴმაჲ 1

გალობაჲ 1, უგალობდითსა

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღმოცენდი რაჲ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, სიყრმითგან იქმენ შენ, ვითარცა ხჱ დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, და ჟამსა თჳსსა გამოეც ნაყოფი შუენიერი და ღირსი ზეცისა საუნჯეთაჲ.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიყრმითგანვე იყავ შენ მდაბალ და ყოვლადვე-განშორებულ ბოროტისაგან, და აღიზარდე რაჲ, ღირსო, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და იყავ შენ განმზადებულ მსახურებისათჳს ღმრთისა და აღორძინებისათჳს ერისა ჩუენისა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს

დაღაცა-თუ იყავ უცხოჲ კაცობრივისაგან დიდებისა, სცან ნებაჲ უფლისაჲ, და დაისწავე რაჲ ყოველივე საეკლესიონი წესნი და გალობანი ქართულსა ენასა ზედა და გამოსჩნდი სუეტად და სიმტკიცედ ეკლესიისა ჩუენისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოგავლინა შენ ღმერთმან ქართველთა მნათობად, ყოვლად ნეტარო ექვთიმე, და აღგავსო ზეციერითა ნიჭებითა, რაჲთა სწავლებათა შენთა მიერ ჩუენცა მოგუეფინოს და ყოველთა წარგვიმართოს ჭეშმარიტისა მიმართ ცხორებისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოწოდებულ იყავ რაჲ მსახურებად ერისა შენისა, დაარსე სტამბაჲ, დიდებულო, და იწყე საღმრთისმსახუროთა წიგნთა თარგმანებაჲ და ბეჭდვაჲ ენასა ზედა ქარველთასა, დამცრობილ იყო რაჲ რუსთა მიერ ეკლესიასა შინა ჩუენსა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უმცხინვარეს მზისა ბრწყინავდა რაჲ უფალი გულსა შინა შენსა, ღირსო, მის მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, დაუცხრომელად მუშაკობდი რაჲ განვრცელებად საღმრთოჲსა წერილისა და მამათა სწავლებისა ერსა შინა შენსა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი ექვთიმე ათონელისაჲ, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგუეშინის-საცემელად ივერთა ერისა და მიემსგავსე მას მონაზვნებრივითა უპოვარებითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იქმენ რაჲ ჴელდასხმულ მღდელ-მონაზვნად, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და განანათლებდი რაჲ ერსა შენსა, ღირსო, დანთქმულსა წყუდიადსა შინა უმეცრებისასა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მჴსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

 

წარდგომაჲ

გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერნი განსაცდელნი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მჴურვალებაჲ შენი, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა, ხოლო შენ განიმზადე რაჲ თავი თჳსი განსაცდელთა მიმართ _ მრავალგზის შეგემშია და მოგეწყურა; დაშუერ; კიცხევაჲ და ყუედრებაჲ თავს იდევ; პყრობილ-იქმენ; სამშჯავროსა წარსდეგ და იგუემე, და ღმრთისმბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო ექვთიმე, რომელნი საჴსენებელსა შენსა აღვასრულებთ.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სჯულიერებითა და სიმდაბლითა შეესწორე რაჲ ძუელთა მამათა, სიმჴნითა გონებისაჲთა და უმანკოებითა გულისაჲთა შეჭურვილსა გეწადა განათლებაჲ ერისა შენისაჲ, და ბეჭდვიდი წიგნთა საეკლესიოთა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა მრავალნი იძულებითა განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, გარნა შენ იყავ რაჲ მოყუარჱ ერისა შენისაჲ, განსწავლიდი ყოველთა წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, რაჲთა არა მოიწიოს მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მარადღე იღუწიდი აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა და გახრწნისაგან და აღჴოცვისა იცავდი ძუელთა მათ საგალობელთა კრებულთა და გამოწერდი რაჲ ნოტთა მიერ, ვიდრე აქამომდე გალობითა მით ვადიდებთ ღმერთსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს რაჲ ეკლესიათა და მორწმუნეთა, მბრძოლთა მათ ღმრთისათა, აღეტყინე ზეცისა სურვილითა, და სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილი დაუცხრომელად იღუწიდი უფიცხლესითა მით ღუაწლითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, დახშეს მონასტერი გელათისაჲ და უბრძანეს რაჲ წარსლვაჲ წინამძღუარსა, განიზრახე ხელნაწერთა საგალობელთა დაცვაჲ ღმრთისმბრძოლთაგან და მრავალი კრებული უჩინო-ჰყავ თუალთაგან მათთა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჰმსახურებდენ რაჲ დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი კურთხეულ არს უკუნისამდე, განჴურდი, მჴნეო ექვთიმე, ქრისტეს სიყუარულითა, და ძუელთა მათ საგალობელთა კრებულნი ქუთათისიდან მცხეთას წარიღე ურმითა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ დაემკჳრდე ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა მცხეთას - მახლობლად მაყვლოანსა, სადა იგი იერუსალჱმით მოიწია ნინო, ქრისტჱს მხევალი და ილოცვიდა რაჲ, მოაქცივნა ქართველნი ჯუარითა ცხოველითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იყავ რაჲ მლოცველი ივერიელთათჳს და კეთილად წარმართებისათჳს მათისა, განწესებულ იქმენ სვეტიცხოვლისა დიდებულსა მას ტაძარსა, და საკჳრველად დაცულნი ხელნაწერნი კუალად დაფარნე უჩინოსა ალაგსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იჴსენ განჴრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიჴსენ მე, ქრისტე.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იყავ რაჲ მწყემსი კეთილი, ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი სამწყსოჲსათჳს შენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა მისისა - ივერიისა, საღმრთოჲთა განგებულებითა კუალად ეძიებდი უძველესთა მათ კრებულთა და ნევმირებულთა საგალობელთა გარდაიყვანდი ნოტთა ზედა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეუძრველად ჰგიებდი რაჲ მართალსა ზედა აღსარებასა, ზედაზენს განგაწესეს იღუმენად, და მუნვე წარიტანე რაჲ ღმრთისა მიერ შენდა მონდობილი საუნჯჱ იგი - ქართული ხელნაწერი საგალობელნი, რკინისა სკივრებითა დაჰმარხე ქუეშე მიწისასა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უმცხინვარეს მზისა ბრწყინავდა რაჲ უფალი გულსა შინა შენსა, აღძრა მან ფარულნი მორწმუნენი ქმნად კეთილისა და შუამდგომლობითა მათითა საუნჯჱ იგი შენ მიერ დამარხული მიწასა, აღმოიღეს და დაავანეს რაჲ მუზეუმსა, აწ დაცულ არს საცავსა მას ხელნაწერთასა და განახარებს მრავალთა მორწმუნეთა და უფროჲს ეკლესიასა შინა მგალობელთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა რაჲ წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განამრავლე რაჲ სიბრძნითა, აწ ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა გჳთხოვე მოტევებაჲ შეცოდებათაჲ, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.

 

კონდაკი

იხარებს ეკლესიაჲ, ცათა მობაძავი, და გალობითა ღმრთივმორთულითა ჴსენებასა შენსა ადიდებს; რომელი ანგელოზთა თანა უგალობ მეუფესა, მამაო წმიდაო ექვთიმე, ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათჳს.

იკოსი

სიმჴნით აღიღე რაჲ ფარი სარწმუნოებისაჲ, ღირსო მამაო ექვთიმე, შეჭურვილ იყავ მარხვითა, ლოცვითა და სხჳთაცა ბევრეულითა ღუაწლითა, და ქადაგებდი რაჲ სახარებასა უღმრთოთა შორის, დაითმენდი მრავალთა განსაცდელთა და გჳრგჳნი აღმსარებლობისაჲ მოიღე ღმრთისაგან; აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჟამსა მას შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა დევნულებათასა, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და არცაღა დასცხრებოდი დაცვისათჳს ენისა ჩუენისა და აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა. აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დიდი ღუაწლი და შრომაჲ თავს იდევ განმრავლებისათჳს საგალობელთა კრებულთა, და ქუეყანაჲ შენი აღავსე რაჲ წმიდათა მიერ წიგნთა, რომელთა მიერ განაშუენე ეკლესიაჲ ქართველთაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, და ბრწყინვალედ შეამკვე ერი მორწმუნჱ სწავლითა საღმრთოჲთა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჰაეროვნებაჲ პირისა შენისაჲ და სიმჭლჱ გუამისაჲ წამებდა სულიერთა სიმჴნით შრომათა შენთა, ხოლო სიმდაბლითა ქცევაჲ შენი უბიწოებასა შინაგანისა გონებისასა, და ქრისტჱს მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაჲთა განუყონ სიმდიდრჱ გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძუელთა მათ კრებულთა საგალობელთასა უწოდდი რაჲ საუკუნესა მას საუნჯესა და ოქრო-ვერცხლთა და თვალ-მარგალიტთა უპირატესსა, თავსა შენსა ოქრომჭედელად შერაცხდი და ღაღადებდი: ვითარ მოიწია ჩემდა მომართ სიმდიდრჱ ესე, რომელსა შინა, მე უღირსი ესე, ურევ ხელსა ჩემსა!?

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საკჳრველსა მას ღუაწლსა შენსა დიდად შერაცხდა რაჲ კალისტრატე - კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოჲსა, პატივითა გიწვია და დიდად გმადლობდა რაჲ შრომისა და ღვაწლისათვის შენისა, თხოვითა მისითა ნოტთა ზედა გარდაიტანე კვერექსნი - აღმოსათქმელნი ჟამსა საღმრთოჲსა მსახურებისასა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მარტოობითა გარდავლიდი რაჲ დღეთა შენთა ზედაზენსა, დასნეულდი, მადლითა განღმრთობილო, და დაითმენდი რაჲ მწარეთა სალმობათა, მოგიხილეს სამთავროს მონასტრისა დედათა, და დამწუხრდენ ფრიად უღონოებისათჳს შენისა, და ევედრებოდენ ღმერთსა ლხინებასა შენსა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ევედრებოდი რაჲ ღმერთსა ერისათჳს შენისა და მამულისა, შეჰვედრე სული შენი ჴელთა მისთა და შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და დაგკრძალეს რაჲ ეზოსა შინა ზედაზნისასა, მახლობლად საკურთხეველისა, არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღირსო, პატივი სიწმიდისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იყავ რაჲ მოძღვარი სულიერი და წინამძღვარი ქართველთაჲ, იღუწიდი, რაჲთა აღორძინდენ სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და დაბეჭდვიდი რაჲ ურიცხუთა წიგნთა და საგალობელთა, მრავალთა განსწავლიდი და აღძრვიდი გალობად ღმრთისა, მას ევედრე აწ, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილისა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არა ხოლო თუ მგალობელნი, არამედ ყოველნი მორწმუნენი მოისწრაფდენ მიმთხვევად სამარხოსა შენსა, იქმნა რაჲ უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ, და გევედრებოდენ რაჲ წყალობასა, მარადის ისმენდი ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემდი ლხინებასა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად განგადიდეს, ვითარცა დიდებული მოღუაწჱ და აღმსარებელი მამაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს ქართველთა.

ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეგრაცხეს რაჲ წმიდანად, აღმსარებელო მამაო, მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და ხატად სიწმიდისად მოგიგო ერმან და ეკლესიამან ჩუენმან, და აწცა გაქუს რაჲ მადლი შეწევნისაჲ, აღგვადგინე ბაძვად სათნოებათა შენთა, რაჲთა ვევლტოდეთ ბოროტთა ჩვეულებათა და ვნებათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღმერთშემოსილო, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა, მას ევედრე აწ, რაჲთა გარე წარგუჴადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა შენთა და მგალობელთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.

 

განმანათლებელი

შური გაქუნდა რაჲ მართლისა სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს საღმრთოჲსა მეცნიერებისა, სამწყსოსა შენსა განუმრავლებდი წმიდასა წერილსა და მამათა სწავლებათა განსანათლებლად სულთასა და ეკლესიასა შეამკობდი რაჲ საღმრთოთა მიერ საგალობელთა, მორწმუნეთა შვილთა მისთა აღძრვიდი ქებად და გალობად ღმრთისა. (2-გზის)

სადიდებელი

გნატრით შენ, აღმსარებელო მამაო ექვთიმე, და პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ჴსენებასა შენსა, რამეთუ სიმჴნით მოღუაწე იყავ რაჲ ქართველთა ერისათჳს, საღმრთოთა წიგნთა თარგმანებითა და ნამუშაკევთა შენთა განმარვლებითა აღავსე ნაკლულევანებაი ღმრთისმსახურებისაჲ, და ეკლესიასა დაუმარხე საგალობელთა კრებულნი - ქმნულნი დიდებულთა მათ წინაპართა მიერ ჩუენთა.

 

აქებდითსა ზედა დასდებელი მუხლი 8

ქრისტემან მოგცა შენ მადლი ღუაწლისაჲ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, პატივცემული ღირსთა თანა და აღმსარებელთა, საუკუნესა.

ცხორებისა სიმდაბლჱ და სიმტკიცჱ სარწმუნოებისაჲ აჩუენე, ჵ, მამაო ჩუენო ექვთიმე, და სიწმიდითა მსახურე რაჲ ღმერთსა, ვითარცა ოქროჲ, განწმედილ იქმენ ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა, ამისთჳს სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტჱსმოყუარეთა ერთასა, რაჲთა ჴორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.

ქრისტეს მცნებათა იწურთიდი რაჲ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, სიყურულითა ჰმწყსიდი სამწყსოსა მისსა და, ასწავებდი ყოველთა, რაჲთა ბოროტსა განეშორონ და სულისა თჳსისათჳს ზრუნვიდენ მოწყალებითა, მარხვითა, და ლოცვითა, აწ ჩუენთჳსცა ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, შეგვჭურნეს ჩუენ ძალითა თჳსითა უძლეველითა, და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისაჲთა.

იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, ვითარცა მოშურნესა მჴურვალესა და საგალობელთა ჩუენთჳს დამმარხველსა, და ვაქებდეთ ღმერთსა, განმადიდებელსა შენსა.

შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ ღირსსა ექვთიმე აღმსარებელსა, ზედაზნელსა მას იღუმენსა, ვითარცა ეკლესიისა ჩუენისა გალობათა მიერ განმამდიდრებელსა და ყოველთა მორწმუნეთა შემწესა და მგალობელთა ურცხვენელსა შესავედრებელსა.

აწ ვიქადით შენთჳს, ღირსო მამაო ექვთიმე, აღმსარებელო მამაო, და ურვათა შინა მყოფნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რაჲთა ჩვეულებისაებრ წინაპართა ჩუენთასა ვმსახურებდეთ ერსა, და მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა.

აწ განსცხრებოდე ზედაზნისა სავანეო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ აღმსარებელი მამაჲ და მოღუაწე ბერი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.

აწ გჳკჳრს ჩუენ აღმსარებლობაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, განანათლენ რაჲ ღუაწლითა შენითა და გევედრებით ოხასა ჩუენთჳს წინაშე ღმრთისა, ჴსნად ქუეყანისა ამის ჩუენისა და ერისა სატანისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს მძლავრებათაგან და საცთურისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჴმაჲ 5

დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მამისა ჩუენისასა - ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი _ სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი _ მჴსნელსა, შეცოდებულნი _ მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი _ განმაცხრობელსა და მავალნი _ მოგზაურსა, მენავენი _ მმართებელსა და ვიტყოდეთ: აწ ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათაჲ, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი,
დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი,
შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი
და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.

დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაჲ.

 

ლიტურღიასა ზედა: მომიჴსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6.

წარდგომა, ჴმაჲ 7. პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე.

სამოციქულო I კორინთელთა, თავი 12, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა ჩუენსა...) დასასრული, მუხლი 12. (კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს...)

ალილუია, ჴმაჲ 6. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.

მუხლი. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.

სახარება მათესი, თავი 11, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა...) დასასრული, თავი 12, მუხლი 1. (ტჳრთი ჩემი სუბუქ-არს...)

განიცადე: საჴსენებელად საუკუნოდ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა