- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება.
- „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.
- „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
- „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
- ღირსისა გაბრიელისა - მუხლი
- მწყემს ცხოვართა გპოვებთ შენ, დაფარულად მოღუაწედ გულისჴმა-გყოფთ, და ეშმაკთა შენ მიერ დაცემულსა ვხედავთ, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო ერისა შენისაო; სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო; სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტეს მოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, სიწმიდე, სიმშჳდე, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, და მჴურვალედ გევედრებით: გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ.
- სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო სალოსობითა შენითა და სასუფეველსა დამკჳდრებელო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ.
- დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს შენისა ღუაწლისა შესხმად, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო ბერთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა.
- ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ სასტიკითა მოსაგრეობისა სალოსობითა დამფარველსა ბერსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა მჴურვალესა, ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა გაბრიელ სალოსსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. 2-გზის.
- ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ქალაქსა შინა, ვითარცა უდაბნოსა შინა დამკჳდრებულსა, და წინამძღურად და სამხილებელად ერისა ჩუენისა გამოჩინებულსა, დიდსა შემწესა და ბერ-მოძღუარსა გაბრიელსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ ნიშთა და სასწაულთა მიერ ეკლესიისა შემამკობელსა და მწყემსსა და მოძღუარსა ივერიელთასა, რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა ერსა ჩუენსა და განსწავლიდა ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა, ამისთჳსცა დაგჳძს სასოებაჲ ჩუენი მისსა მიმართ, რაჲთა აღვიარებდეთ ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა, ვითარცა წინამძღვარსა და სიმტკიცესა ერისა ჩუენისასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - დავბეროთ აწ კუალად ნესტუსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაჲ და მეოხი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა და ქებითა გალობისაჲთა შევასხმიდეთ, ბერთა სიქადულსა და ქართლისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს მისდა. (ჴმა 6).
- „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.(ჴმა 6).
- შესვლა საცეცხლურით.
- წარდგომა დღისა
- საწინაწარმეტყველო - 3 საკითხავი ღირსისა.
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)
2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა
მიერ...) წერილ-არს, მარტის 9-ს.
3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...)
წერილ-არს მაისის 7-ს.
- ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა - 1 მუხლი.
- ესრეთ ღირსისა გაბრიელისი.
- ყოვლადვე არასადა შეაპყარ, პატიოსანო მამაო გაბრიელ, თავი თჳსი შუებასა და განცხრომასა, არამედ შეჭურვილ იყავნ მარხვითა და ლოცვითა და მღჳძარებითა, და შემოსითა ძაძისაჲთა და ჴმელსა ზედა წოლითა და სხჳთა ბევრეულითა ღუაწლითა, მარადის იჴსენებდი საშინელსა მას სასჯელსა და დღესა მას მეორედ მოსლვისასა, და შიშითა მით განაკრძალებდი სულსა თჳსსა და მარადის ადიდებდი დამბადებელსა ყოველთასა.
- იყავ რაჲ მქადაგებელი სინანულისაჲ, ვითარცა იოვანე ნათლისმცემელი, გაქუნდა შენ მოწყალებაჲ და სიმშჳდჱ, ვითარცა დავითს წინაწარმეტყუელსა, და ილოცევდ ღამჱ ყოველ მარადის სამოსლითა უშუერითა, მოღუაწეო და მუშაკო სათნოებისაო ბერო გაბრიელ, და ითხოვნ რაჲ ქრისტჱსგან საწუთროჲსა წილ საუკუნესა, ღირს იქმენ წმიდათა თანა სიხარულსა მას წარუვალსა.
- განგვაცვიფრებს ურიცხუნი სასწაულნი შენნი, ღირსო გაბრიელ, არამედ უფროჲს გჳკჳრს აღმსარებლობაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, რამეთუ ჟამსა მას უღმრთოებისასა შური საღმრთოჲ მოიპოე, ნეტარო ბერო, და სალოსობდი რაჲ სათნოდ ღმრთისა, ამხილებდი და მოაქცევდი მრავალთა და არცხვინე ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა.
- სიტყუაჲ შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განბრწყინდა, რაჟამს ქადაგებდი, ღირსო, სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა, განსდევნენ ღრუბელნი ცოდვისანი და გუახარე კუალად ცხოვრებაჲ ცრემლითა, ხოლო ჩუენ არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, ღირსო გაბრიელ, და აწ ურვათა შინა მყოფნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა.
- ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაჲთა, და ენითა მით საღმრთოჲთა ამხილე უღმრთოებაჲ ღმრთისმბრძოლთა მათ მთავრობათა, და აღამაღლენ გჳრგჳნი მართლ-აღმსაარებელთაჲ, ხოლო ეკლესიამან ქართველთამან, ვითარცა საუნჯე მრავალსასყიდლისაჲ, გპოვა შენ და სიხარულითა შეგიწყნარა.
- ვითარცა მზისა ნათელმან, ესრეთ განანათლნა გონებანი მოსავთა შენთანი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, ყოვლად საგალობელმან დღესასწაულმან შენმან, ევედრე აწცა ქრისტესა, ღირსო, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა და განგუარინნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.
- რომელი დაენერგე სახლსა შინა ღმრთისასა, ღირსო მამაო გაბრიელ, აღყუავდი სიმართლითა, და საბეროჲთა მანტიითა შემოსილი ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ღმრთივმშუენიერად ქადაგებდი რაჲ სახარებასა, ვითარცა უდაბნოსა ზედა ნაძვი, ესრეთ განამრავლე სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსად და სამართლად სიტყჳერნი ცხოვარნი და სიმართლითა და სიწმიდით წინამძღუარ ექმენ მოღუაწეთა, რაჲსთჳსცა გიგალობთ შენ, ვითარცა მწყემსსა დიდსა და საკჳრველთმოქმედსა მოღუაწესა.
დაუტევე რაჲ, წმიდაო, სოფელი, აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მამაო გაბრიელ, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი გზასა მას ჭეშმარიტსა და სიმდაბლითა თჳსითა მიიწიე საზომსა დიდსა, რამეთუ განასხმიდი სულთა უკეთურთა და განჰკურნებდი ყოველთა სნეულთა, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რაჲსთჳსცა აღმსაარებელთა მათ თანა განეწესე და სალოსთა თანა შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.
- „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.
- სტიქარონსა ზედა დასდებელი. (ჴმაჲ 8).
ცუდად დიდებასა და ამპარტავანებასა და გულის სიტყუათა მწინკულევანთა წინა აღუდგებოდი და განაქარვებდი სრულებით სიმშჳდითა მით და სიმდაბლითა ქრისტჱსითა, და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და მჴურვალჱ ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, სანატრელო ბერო გაბრიელ, აწცა გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.
მუხლი. „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, სანატრელო ბერო გაბრიელ, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა. ამისთჳსცა გაქებთ და გნატრით კეთილქებისა გალობითა.
მუხლი. „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
შეგამკო ღმერთმან, ბერო გაბრიელ, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებდი მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო, ღირსო გაბრიელ, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, მობაძავო პირველ საუკუნეთა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა თქუენითა.
- „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
- „აწ განუტევე“.
- შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი - ღირსისა: საღმრთოჲსა ქუხილისა საყჳრო სულიერო და ჴმამაღალო ქადაგო სიყუარულისაო, მოწამეთა მსგავსად მოღუაწეო და განსაცდელთა შინა მყოფთა მსწრაფლ შემწეო, ქართველთა სიქადულო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.(ჴმაჲ 8). - 2 გზის.
- ან სხუაჲ ტროპარი - ჯუარცმითა და ღუაწლითა შენითა სულნი კაცთანი მოიმკუენ სასუფევლისათჳს ღმრთისა, უღმრთოთა წინაშე, ვითარცა უჴორცოჲ, უშიშად აღიარებდი ღმერთსა და სისხლითა და ცრემლითა დაამტკიცებდი სასუფეველსა, სიმდაბლჱ შეიმოსე, ვითარცა სამოსელი ნათლისაჲ და წუთისოფლისა ზრახვანი უძლეველად დაამჴუენ სალოსობითა შენითა, სიქადულო ქართველთა ერისაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე შენგან შეყუარებულსა ჯუარცმულსა ღმერთსა, იესუ ქრისტესსა, შეწყალებად და ცხოვნებად სულთა ჩუენთათჳს!
- ღვთისმშობელო ქალწულო - 1 გზის.
- პურის კურთხევა.
- „ღმერთი უფალი“ (იგალობება VIII ჴმაზე).
- ტროპარი ღირსისა: „საღმრთოსა ქუხილისა საყვირო...“ - 2 გზის (ჴმაVIII).
- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): - „რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე ქალწულისაგან ჯვარ-ცმა დაითმინე სახიერ რომელმანსიკუდლითა სიკუდილი მოაკუდინე, და აღდგომა მოგუმადლე ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს ჰოფ რომელი შჱქმენეს ხელთა სჱნთა , არამედ აჩვენე კაცთ - მოყვარებას შენი მოწყალე, და მიიღე რომელმან გშვა შენ ღვთისმშობელისაგან ვნებაი ჩვენთვის და აცხოვნე მაცხოვარო ცვენო ერი განწირული“ (ჴმა VIII).
- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 1).
სიგლახაკესა შინა სულმან წმიდამან გცხო გონიერებაჲ, და გარდაცვალა გული შენი და მეოხ-გყო ერსა ზედა ჩუენსა და ისმენ ვედრებასა და მორწმუნეთა თხოვასა. აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად. 2-გზის.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 4).
შრომანი შენნი სულიერნი და კეთილნი სათნოვებანი და გულისა სიწრფოვებანი, იხილნა რაჲ მაღალმან, მოხედვა-ყო წყალობით, რომელი ჰხედავს მდაბალთა, და სულით და ჴორცით გადიდა, და აწ ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან. 2-გზის.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
- „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
- „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
- „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:
სიბრძნე…
სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის ჴსენებულო ღირსო მამაო, და ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასა, ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოსჩნდი, რომლისათჳსცა გუნდსა სალოსათა და აღმსარებელთასა შეერთე, ბერო გაბრიელ, და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. 2-გზის.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
- I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.
- წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).
მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.
- საცისკრო სახარება: ლკ.24 დას. VI, 17-23.
- „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩვენისა გაბრიელისათა...“
- „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.
ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, სანატრელო, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და მრჩობლი გჳრგჳნი მოიღე ღმრთისაგან: აღმსარებელისაჲ და სალოსისაჲ, და აწ კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.
- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
იკითხება 2 კანონი.
I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).
II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 1).
- კატავასია: „აღაღე პირი ჩემი...“.
- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შური გაქუნდა შენ, წმიდაო, მართლისა ამის სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, და გვიჩვენე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, სურნელებაჲ ლოცვათა შენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოგავლინა შენ ღმერთმან ქართველთა მნათობად, ღირსო, და მოგცა მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, აწ დაიფარე სამწყსოჲ შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, აწ გევედრები შენ, წმიდაო ბერო, რაჲთა იჴსნე სული ჩემი საწყალობელი მონებისაგან ცოდვისა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სიყრმითგანვე იყავ შენ მდაბალ და ყოვლადვე-განშორებულ ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა, ხოლო აღიზარდე რაჲ, ღირსო, ევლტოდე სიჭაბუკისა გულის თქუმათა და იყავ შენ განმზადებულ ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვეშაპი მაცთური საოცრებისა ხილვითა გეწყო ბრძოლად ყრმასა მას სულ მცირესა, გარნა შენ ზეგარადმოჲთა ძალითა დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისაჲ, აწცა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მვედრებელთა შენთა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
სახლი მშობელთა შენთაჲ, ვითარცა უცხოსა გაქუნდა და იქცეოდი რაჲ მას შინა სახითა გლახაკისაჲთა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან შეიმოსე ჯუარი მისი, ნეტარო, და შეუდეგ კუალთა მისთა.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“ - ზეობასა მას ღმრთისმბრძოლთასა აღეტყინე რაჲ ზეცისა სურვილითა, დაუცხრომელად მუშაკობდი აღშენებად უფლისა სავანისა, ხოლო სამ-გზის დაგირღვევდენ რაჲ შენებულსა, კუალად აღაგებდი უკეთესსა.
- „აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - მჴსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
- შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- წარდგომაჲ: გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მჴურვალებაჲ შენი, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა. და შენცა განმზადე რაჲ თავი თჳსი განსაცდელთა მიმართ - მრავალგზის შეგემშია და მოგეწყურა; დაშუერ; მოკიცხვაჲ და ყუედრებაჲ თავს იდევ; პყრობილ-იქმენ; სამშჯავროდ წარსდეგ და იგუემე, და ღმრთისმბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო გაბრიელ, რომელნი საჴსენებელსა შენსა აღვასრულებთ.
- 2 გზის.
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს რაჲ ეკლესიათა და მორწმუნეთა, მბრძოლთა მათ ღმრთისათა, მრავალნი იძულებით განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, ხოლო შენ აღირჩიე სრბაჲ იწროსა მას გზასა, და შეუძრველად ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, ჭაბუკი, ვითარცა მჴცოვანი და ბრძენი, სულგრძელებითა დაითმენდი საღმრთოჲსა სიყუარულისა განძარცვასა და სიმდაბლითა იტჳრთავდი შეურაცხებასა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისაჲ, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგუეშინის-საცემელად ივერთა ერისა და მიემსგავსე მას მონაზვნებრივითა უპოვარებითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იქმენ რაჲ ჴელდასხმულ მღდელ-მონაზვნად, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და ნათელ-სცემდი რაჲ ერსა შენსა, დანთქმულსა წყუდიადსა შინა წარმართობისასა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მრავალგზის შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთაგან შეურაცხებაჲ, წარხვედ ბეთანიად, სადა მკჳდრ იყუნეს სასწაულთმოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაჲ კეთილად მსახურებითა, განძლიერდი და ქრისტჱს მიერ მოგენიჭა მადლი დაფარულთა ცნობისაჲ.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ჰმსახურებდენ რაჲ დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი კურთხეულ არს უკუნისამდე, განხურდი, მჴნეო გაბრიელ, ქრისტეს სიყუარულითა, და აღუდევ ცეცხლი და დასწუენ საძაგელი იგი სახებაჲ კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაჲ.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, სთქუ კადნიერად: „არა უხმს დიდებაჲ მძორსა მას კაცისასა, არამედ მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა“, და ამხილებდი ძალითა სულისაჲთა, გარნა არცაღა შეიწყნარეს ჭეშმარიტებაჲ უგუნურთა მათ და შეგაყენეს დილეგსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვერცა გუემათა და არცაღა შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს განშორებად შენდა სიყუარულისაგან ჭეშმარიტისა ღმრთისა, რამეთუ ურიცხუნი წყლულებანი თავს ისხენ და ვითარცა ოქროჲ, გამოიხურვე ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იჴსენ განჴრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიჴსენ მე, ქრისტე.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს, განძჳნდეს მოკლვად შენდა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, განცრუვდა სილაღჱ მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და განგაწესეს რაჲ შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თჳნიერ ღმრთისა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა ეფრემ პატრეარქისაჲთა, კუალად იწყე მსახურებაჲ სიონსა, გარნა დაყენებულ იქმენ მსახურებისა და ზიარებისაგან ხელისუფალთა მძლავრებითა, და ვითარცა გლახაკი უსადგუროჲ, საფლავთა და ქუაბთა შინა იყოფოდი და ითხოვდი საფასესა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ მოყუასისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ერსა შენსა, რაჲთამცა არა მოიწიოს მას ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, მას ევედრე აწ, გჳჴსნნეს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და დაგვიფარნეს მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.
- შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
- კონდაკი - ვითარცა სათნომან ღმრთისამან და სარწმუნომან, სიფიცხჱ იგი ბერობისაჲ აღირჩიენ უფროჲს სოფლისა სიტკბოებათა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, სიბრძნჱ შენი დაჰფარე სალოსობითა და ვითარცა აღმსარებელი, დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ დაუცხრომელად ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა, რაჲთა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო გაბრიელ: გიხაროდენ, მფარველო მოსავთა შენთაო!
- იკოსი - სიმჴნით აღიღე რაჲ ფარი სარწმუნოებისაჲ, შეჭურვილ იყავნ მარხვითა, ლოცვითა და სხჳთაცა ბევრეულითა ღუაწლითა და ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ქადაგებდი რაჲ სახარებასა, დაითმენდი მრავალთა განსაცდელთა და მრჩობლი გჳრგჳნი აღმსარებლობისაჲ და სალოსობისაჲ მოიღე ღმრთისაგან; აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, ღირსო გაბრიელ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა გიხმო რაჲ ეფრემ ქართველთა პატრიარქმან საკურთხეველსა შინა, გაზიარნა ქრისტჱს საიდუმლოთა და განგიტევა სამთავროს დედათა მონასტერსა, და დაეყუდე რაჲ მუნ მცირესა სენაკსა ფრიად სიგლახაკესა შინა, შესწირვიდი მსხუერპლსა უსისხლოსა და ქადაგებდი საკჳრველად.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ დაემკჳრდე ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა მცხეთას - მახლობლად მაყვლიანსა, სადა იგი იერუსალჱმით მოიწია ნინო, ქრისტჱს მხევალი და ილოცვიდა რაჲ, მოაქცივნა ქართველნი ჯუარითა ცხოველითა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გარდახვედ რაჲ გოდოლსა მირიანისასა, განაშუენე იგი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა, რომელთაცა ეძიებდი და კაზმავდი ჴელითა შენითა, და მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და დედათა განაკრძალებდი ლოცვასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ და აღიღე რაჲ ორკეცი ღუაწლი: დაყუდებისაჲ და სალოსობისაჲ, ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ უგუნურად და იქმენ შენ საქიქელ სამღდელოთაგან და ერთა, გარნა აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ, რომელნიცა აღვიძრვით ქებად ღუაწლისა შენისა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა შემუსრვილითა გულითა: „მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“; ეგრეთცა გვიჩუენე ჩუენ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თჳსსა, რაჲთა არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მარადის გლოვასა შინა იყავ, ნეტარო, და ჴსენებასა მას საუკუნოჲსა სასჯელისასა და კუბოსა შინა, ვითარცა მკუდარი განრთხმული ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, რამეთუ პირველთა მათ მამათა მიბაძჳთა ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თჳსსა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, ბერო საკჳრველო, რამეთუ მოცემულ გაქუნდა შენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ სულისაგან წმიდისა, და მადლი შეწევნისაჲ და წინაჲწარმეტყუელებისაჲ და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაჲ.
„ვაკურთხებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.
დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო ბერო, ხოლო მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, და ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, აწ მოგუეც ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა წარმწყმედელთა გზათაგან განგვერნეთ და წარვემართნეთ გზასა მას ჭეშმარიტსა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე….
- შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“.
ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დასნეულდი რაჲ, მადლითა განღმრთობილო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა, და გემცნო რაჲ დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ, აკურთხევდი სამწყსოსა და ილოცვიდი წინაშე ხატისა მის ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, ევედრებოდი რაჲ ერისათჳს შენისა და მამულისა.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შეჰვედრე რაჲ სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა მათ ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს ეზოსა შინა სამთავროჲსა, გარნა პატივი სიწმიდისაჲ არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ღირსო, და სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.
წმიდაო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
არა ხოლო თუ მორწმუნენი და მოსავნი, არამედ დაუდევნელიცა და მცირედ მორწმუნენიცა მოისწრაფვენ ვიდრე აქმომდე მიმთხვევად სისხლისა შენისა, კუალად უხრწნელისა, და გევედრებიან რაჲ წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემ ლხინებასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკჳრველთმოქმედი მამაჲ უკანაჲსკნელისა ამის ჟამისაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
- შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „ღირს არსი“ - არ იგალობება.
- „განმანათლებელი“ - გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე სული წმიდაჲ, ღირსო მამაო, რომლისა მიერ თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო გაბრიელ რაჲთა გარდამოგვივლინოს ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა. (2-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
- „ყოველი სული“ - იგალობება.
- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 8.
- ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, პატივცემული აღმსარებელთა თანა და სალოსთა, საუკუნესა.
- იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა, რამეთუ იქმენ შენ მსხუერპლ საღმრთოჲსა ქრისტჱს საკურთხეველისა, ღირსო გაბრიელ, და კადნიერად მეოხ-ხარ ჩუენ ყოველთათჳს.
- იშვებდ აწ, ქალაქო სამეუფოო, განსცხრებოდე სავანეო დედათაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ აღმსარებელი მამაჲ და სალოსი ბერი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.
- შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, გაბრიელ ბერსა, ვითარცა ქუეყანასა ზედა ქრისტეს მეორედ მოსვლისა მქადაგებელსა და ბილწისა მის ანტიქრისტეს წინა აღმდგომელსა.
- ვითარცა მოუვლენდა ღმერთი ისრაელსა წინასწარმეტყუელთა სამხილებლად და შუამდგომელად წინაშე მისა, ეგრეთცა შენ, სალოსი მამაჲ და აღმსარებელი მოღუაწჱ მოცემულ ხარ მოძღურად და სამხილებელად ერისა ჩუენისა, და იღუწიდი ჩუენთჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, არამედ აწ გვიოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისა.
- დაღაცათუ საფლავმან დაგფარა შენ, ღირსო გაბრიელ, საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა, ვინაჲ ესე მოვისწრაფვით სამთავროსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთამცა ცხებითა მით ზეთითა კანდელისა შენისაჲთა აღმოვივსოთ კურნებაჲ სულთა და ჴორცთა ჩუენთა.
- მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
- დაღათუ ურიცხუნი სასწაულნი შენნი განგვაცვიფრებს, ღმერთშემოსილო გაბრიელ, საკჳრველო, არამედ უფროჲს გჳკჳრს აღმსარებლობაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, რომელმან სამეუფოჲ ქალაქი ესე მცხეთა განანათლენ საკჳრველებითა და მარადის შეეწევი შენდა მომართ მჴურვალედ მოლტოლვილთა, დაუცხრომელად ევედრე აწ ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულით პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა, ჴსნად ყოვლისაგან ჭირისა და სალმობისა.
მუხლი: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
- ჵ, ღუაწლისა მძლეო, წმიდაო გაბრიელ ბერო, აღთქმისაებრ შენისა ვსასოებთ საუფლოჲსა ხატისა გამოჴსნასა და პატივად მისად სახელდებულსა ანჩის-ხატსა შინა ძუელითა დიდებითა დაბრძანებასა, რაჲთამცა წინაუსწროდეს საკჳრველსა გამოჩინებასა აწყურისა ხატისასა და დიდებულსა მობრძანებასა წმიდისა პორტაიტისასა - ჴსნად ქუეყანისა ამის ჩუენისა და ერისა სატანისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისა და ბრძოლისაგან.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“. - დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო გაბრიელ, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ჴმაჲ 5).
- „აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“. - „ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათვის სულთა ჩვენთასა“.
- „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ღირსისა: „საღმრთოსა ქუხილისა საყვირო...“ - 2 გზის (ჴმაVIII).
- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): - „რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე ქალწულისაგან ჯვარ-ცმა დაითმინე სახიერ რომელმანსიკუდლითა სიკუდილი მოაკუდინე, და აღდგომა მოგუმადლე ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს ჰოფ რომელი შჱქმენეს ხელთა სჱნთა , არამედ აჩვენე კაცთ - მოყვარებას შენი მოწყალე, და მიიღე რომელმან გშვა შენ ღვთისმშობელისაგან ვნებაი ჩვენთვის და აცხოვნე მაცხოვარო ცვენო ერი განწირული“ (ჴმა VIII).
I, III და VI ჟამნებზე:
- ტროპარი: ღირისისა.
- კონდაკი: ღირისისა.
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“ - გალობისას ჩაერთვის
„მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
სამოციქულო - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2.
სახარება - მთ. 43 დას. XI, 27-30.
შესვლად.
ტროპარი - ღირსისა
კონდაკები - „დიდება“ - ღირსისა
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
„წარდგომა“: „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.(ჴმაჲ 7).
მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.
„ალილუია“: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.(ჴმაჲ 6).
მუხლი. „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი