- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება.
- „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.
- „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.
- „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).
- ღირსისა სერაპიონ ზარზმელისა - 8 მუხლი.
- ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაპიონ, მოყუარეო ღმრთისაო და აღმასრულებელო საღმრთოთა მცნებათა მისთაო, უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვისმენდეთ საკჳრველთა ამათ საქმეთა შენთა და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომელმან ესევითარი მოგუმადლა ჩუენ მამაჲ და მოძღუარი და ვჴმობდეთ გიხაროდენსა, რამეთუ სახელი შენი აღწერილ არს ცათა შინა. ქრისტესა ევედრე აწ გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაპიონ, ანგელოზთა თანამზრახუალო და თანამყოფო და თანაზიარო წინაჲსწარმეტყუელთა, წმიდათა მოციქულთა და მოწამეთა და თანამკჳდრო ნათელსა წარუალსა, რომელი ჰნათობ ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა, რამეთუ წინაშე მისსა ჰსდგა განბრწყინვებული მადლითა კადნიერად და ყოვლადვე ხედავ მისსა მას დიდებასა და მარადის იშუებ მისთა მით სიკეთითა, ქრისტესა ევედრე აწ გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაპიონ, ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, რომელმან ქალაქ-ჰქმენ უქმი უდაბნოჲ და ვითარცა სამოთხჱ ესე გამოაჩინე, ქრისტესა ევედრე აწ გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაპიონ, სიქადულო მონაზონთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო მონაზონთა წინამძღუარობითა, სასუფეველსა დამკჳდრებელო, ანგელოზებრივ გალობითა ზეცისა მოქალაქეო, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, ქრისტესა ევედრე, ქრისტესა ევედრე აწ გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაპიონ, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, ქრისტესა ევედრე აწ გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
- სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2, ეჰა გჳრგჳნნო.
- ვითარიმე ქებისა გჳრგჳნი შეუთხზნათ ქრისტეს ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, ჴელმწიფეთა თვალუხუავად მამხილებელსა და ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა, ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და ყოველთა განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა, ყოვლადქებულსა სერაპიონს, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ. 2-გზის.
- ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მსგავსად ღმრთივბრწყინვალისა ვარსკულავისა უდაბნოსა შინა დამკჳდრებითა განბრწყინვებულსა, და ნერგსა სამოთხისასა, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელსა, დიდსა შემწესა და მოძღუარსა, და ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, რომლისათჳსცა აღძრვანი მათნი ქრისტემან დაამხუნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ მწყემსსა და მოძღუარსა ივერიელთასა - ზარზმის მონასტრის დააარსებელსა და ეკლესიათა აღმაშენებელსა და შემამკობელსა; რომელი მსგავსად მზისა გამოუჩნდა ერსა შენსა და განსწავლიდა ღმრთისა და მამულის სიყუარულითა, რომლისათჳსცა მისსა მიმართ დაგჳძს სასოებაჲ ჩუენი, რაჲთა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა აღვიარებდეთ, ვითარცა წინამძღვარსა და სიმტკიცესა ერისა ჩუენისასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
- დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
- აწ განსცხრებოდეთ დღესასწაულის მოყუარენო, და ქებითა გალობისაჲთა უგალობდეთ და შევასხმიდეთ, მღდელთა სიქადულსა და ზარზმისა დიდებასა, წყაროსა საკჳრველებათასა და მორწმუნეთა დიდსა მეოხსა და შუამდგომელსა: გიხაროდენ, სამცხისა მცველო მიურულებელო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო; გიხაროდენ, სასანთლეო ყოვლადბრწყინვალეო, რომელმან კიდენი სოფლისანი განანათლენ საკჳრველებითა; გიხაროდენ ჭირვეულთა საღმრთოო სიხარულო და განსაცდელთა შინა მყოფთა მჴურვალეო შუამდგომელო, ღირსო და საკჳრველთმოქმედო მამაო სერაპიონ, დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულით პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა. (ჴმა 6).
- აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
- ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა. (ჴმა 6).
- შესვლა საცეცხლურით.
- წარდგომა დღისა.
- საწინაწარმეტყველო - 3 საკითხავი ღირსისა.
1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...)
2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...) წერილ-არს, მარტის 9-ს.
3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) წერილ-არს მაისის 7-ს.
- ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა - 1 მუხლი.
- ესრეთ ღირსისა თვით-ხმოვანი. ჴმაჲ 2.
- აღმოსცენდი რაჲ ქუეყანასა კლარჯეთისასა მშობელთაგან ღირსთა და პატიოსნებით ცხორებულთა, რომელნი ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ჰზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა და სიმშჳდით და სიმდაბლით იყოფვოდეს მსგავსად საწინაჲსწარმეტყუელოჲსა სიტყჳსა: „ვის მივხედნე, გარნა მშჳდსა და მდაბალსა“. რომელთა ესევითარი გამოიღეს ნაყოფი, ვითარცა უფალი იტყოდა: „ვერ ჴელეწიფების ხესა კეთილსა გამოღებად ნაყოფისა ხენეშისა“.
- გშვეს რაჲ სამნი ეგე ძენი მშობელთა და განიხარეს შვილთ-სხმისაგან, ვითარცა მეფსალმუნე დასწერს: „დედაჲ შვილთა ზედა სახარულევანი“, ნათლად გამომყვანებელი თქუენი ნათლად წარუვალად მიიცვალა, გარნა აღგზარდათ რაჲ მამამან თქუენმან კჳპრიანე, აღესრულა და თქუენ დაშთით სამნივე ეგე ყრმანი, მსგავსად ბაბილოვნისა ყრმათა, და ალსა მას შინა სიგლახაკისასა შეთხეულნი სასოებდით მხოლოსა მას ღმერთსა.
- აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო, და დაუტევე რაჲ სოფელი წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა, თანა-გყავდა ძმაჲ მცირე ჰასაკითა, და შეჰვედრეთ თავი დიდსა მიქაელ პარეხელსა, ვითარცა მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა, ხოლო ნეტარსა მას სხუანიცა მრავალნი აქუნდეს მოწაფენი და აღგზარდნათ თქუენ და აღგიყვანნათ სრულებად სათნოებისად.
- თანააღრაცხილ იქმენ რაჲ ძმითურთ დასსა მას მოწაფეთასა, ვითარცა მაგალითთა კეთილთა ხედევდით მოძღვარსა და მისმიერთა მადლთა მოღებითა აშენებდით საფუძველსა ზედა სწავლათა მისთასა არა თივასა და ლერწამსა, არამედ ოქროსა, ვეცხლსა და თუალთა ანთრაკთა, ხოლო მის მიერ შეყუარებულ იყვენით, ვითარცა კეთილად მიმღებელნი სწავლათა მისთანი და აღასრულეთ რაჲ ჟამი მრავალი წინაშე მისსა, ძალისაებრი აღიძრენით ბაძვად დიდისა მის მოძღუარისა და მწყემსისა თქუენისა.
- მო-რაჲ-იწია ჟამი, წმიდაო მამაო ჩუენო, ვითარცა ღირსი, ბრძანებითა მიქაელისითა სრულ იქმენ რაჲ პატივითა მღდელობისაჲთა და ღირსებითა მსახურ საღმრთოჲსა საკურთხეველისა, სამღდელოჲთა სამოსელითა შემკობილმან ღმრთივმშუენიერად იღუაწე სადიდებლად ღმრთისა. მას ევედრე აწ, რაჲთა გჳჴსნნეს ყოვლისაგან ჭირისა და ბოროტისა.
- იყო რა დიდი იგი მამაჲ და მოძღუარი მიქაელ მდგომარე ლოცვასა ღამისასა, განკჳრვებაჲ დაეცა და აღიტაცა რაჲ ზეცად, ეტყოდა მას მღდელ-შუენიერად შემოსილი ჩუენებნასა შინა, რაჲთა მის მიერ განსწავლულნი იგი მოწაფენი, რომელ არიან სერაპიონ და ძმაჲ მისი იოვანე მყის წარავლინნეს ქუეყანად სამცხისად და უჩუენებდა ნიშთა რათმე, თუ რომელსა ადგილსა პოონ, მივიდენ რა, სასწაული იგი და მუნ ჴელყონ აღშენებაჲ მონასტრისაჲ.
- მაშინ სიტყჳსა წილ ცრემლთა სიმრავლჱ გარდამოადინე და ჰრქვი: „უკუეთუ სათნო არს, მამაო, წინაშე შენსა, ევედრე ღმერთსა ჩემთჳს, რაჲთა არა განმაშოროს წმიდასა კრებულსა შენსა და მარადის ხილვად წმიდასა პირსა შენსა“. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: „რაჲთა არა დააკლდე საღმრთოსა გჳრგჳნსა მორჩილთასა, ამიერ დააცადენ სიტყჳსგებანი და მზა-ყავ თავი შენი სლვად გზათა და თანამოგზაურ შენდა-ყავ ძმაჲ შენი იოვანე და ორნი ძმათა“.
- კურთხევითა მიქაელ პარეხელისაჲთა თანამოსაგრეთა თანა წარემართე სანახებსა მას სამცხისასა და თანაგეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ თანაშემწედ და სასოდ ყოველთა ქრისტეანეთა, ხოლო სლვასა მას თქუენსა, ვითარცა სამეუფოთა პალატთა, უჭირველად ვიდოდით, ვიდრემდის მოიწინეთ ადგილსა მას და იხილეთ, რამეთუ უდაბნოჲ იყო და შეცვულ ტყეთა და ჴევთა, და პოვეთ რაჲ ნიშები და სასწაულები, უწყებული დიდისა მისგან მოძღურისა, განიხარეთ, ვითარმედ არა ცუდ და ამაო არს გზაჲ იგი საჭიროებითა სლვისა თქუენისაჲ.
- დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჴმაჲ 7.
- მაშინ საშუალ წყაროსა და ბორცუსა განამზადეთ ადგილი და აღეშენეთ მუნ მცირე ტალავარი, რომელი გექმნა თქუენ შემწყნარებელ უცხოებისა თქუენისა, და რაჲთა ცხოველი იგი ხატი თაყუანის იცემებოდის თქუენ მიერ მას შინა, ხოლო თანა-შეწევნითა სამცხის დიდისა მთავრისა, გიორგი ჩორჩანელისაჲთა აღაშენე რაჲ უდაბნოსა შინა ეკლესიაჲ ზარზმისაჲ, საცხონებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, მას შინა აღმართეთ ხატი იგი თაყუანის-საცემელად და სენთა და უძლურთა განმდევნელად და სულთა მრავალთა გამოსაჴსნელად.
- აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
- გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.
- სტიქარონსა ზედა დასდებელი. (ჴმაჲ 8).
- სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მამაო სერაპიონ, გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.
მუხლი. „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.
- მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და განაცხოველე სიწმიდჱ, და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, სანატრელო სერაპიონ, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა.
მუხლი. „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.
- შეგამკო ღმერთმან, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, სამ-გზის სანატრელო სერაპიონ, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებ მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.
- დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
- სიმრავლჱ მონაზონთა წინამძღურად აღგიარებს, ღმერთშემოსილო მამაო, რამეთუ აღივსებიან საღმრთოჲთა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ საჴსენებელსა შენსა, თანამოსაგრეო წმიდათა მამათაო, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა შენითა.
- აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
- უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
- „აწ განუტევე“.
- შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:
- ტროპარი - ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთ-შემოსილო მამაო წმიდაო სერაპიონ, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა“.(ჴმაჲ 1).
- ღვთისმშობელო ქალწულო - 1 გზის.
- პურის კურთხევა.
- „ღმერთი უფალი“ (იგალობება I ჴმაზე).
- ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა...“ - 2 გზის (ჴმა I).
- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ხმასა მას თანა განხორციელდა ყოველთა მეუფე შენ შორის წმიდასა მაგის კიდობანსა, ვითარცა ჰსთქუა მართალმან დავით, იხილვე უვრცელესი ცათა იტვირთე რა დამბადებელი შენი, დიდება რომლი დაემკვიდრა შენ თანა, დიდება რომელი გამოვიდა შენგან., დიდება რომელმან გაგვათავისუფლნა ჩვენ შობითა თვისითა შენგან“.
- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 1).
ანგელოზთა მწყობრნი...
ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, ღმერთშემოსილო მამაო სერაპიონ, და განანათლებ შენდამი მსწრაფლ მოლტოლვილთა, აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად. 2-გზის.
- დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 4).
განეცხადე დღეს...
ნათლითა ჰბრწყინავ შენ მიუახლებელითა, და ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდი უდაბნოსა შინა კლარჯეთისასა და განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი, ღირსო მამაო, ხოლო ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან. 2-გზის
- დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
- ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
- „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).
- „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).
- „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“: ჴმაჲ 8. სიბრძნე.
- სიჩჩოჲთგან განწმედილ-იქმენ შენ, მარადის საჴსენებელო ღირსო სერაპიონ, ვითარცა ჭეშმარიტად განათლებული, და ქუეყანასა ზედა, ვითარცა ანგელოზი იქცეოდი, რამეთუ ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა გამოსჩნდი სათნოდ სამებისა წმიდისა, რომლისათჳსცა გუნდსა მონაზონთასა შეერთე და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი მორწმუნეთანი, ღმერთშემოსილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. 2-გზის.
- დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
- თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
- I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.
- წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).
მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.
- საცისკრო სახარება: ლკ.24 დას. VI, 17-23.
- „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩვენისა გაბრიელისათა...“
- „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“
- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).
- შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი - თვით-ჴმოვანი. ჴმაჲ 6.
- ყოველსა ქუეყანასა განხდა ჴმაჲ წარმართებისა შენისაჲ, ქუეყანასა ზედა ანგელოზო და ცათა შინა კაცო ღმრთისაო, სოფლისა კეთილად განმამშვენებელო და სიტკბოებითა სახიერო, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერაპიონ, ამისთჳს ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ, და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდე და ანგელოზთა წესსა მიიწიე, რომელთა უბიწოჲთა ცხორებითა სწორ-იქმენ, წმიდაო სერაპიონ, კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სულთა ჩუენთათჳს.
- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“
- იკითხება 2 კანონი .
- I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).
- II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 1).
- კატავასია: რიგითი.
- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.
ძლისპირი: სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარჱ სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშუა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობდეთ.
ხატებაჲ საღმრთოჲ სიჩჩოჲთგან დაიმარხე ტრფიალებითა ჩუენთვის ჩჩვილ-ქმნულისაჲთა, იწყლა რაჲ გული შენი, ღმერთშემოსილო სერაპიონ, და ჰასაკისა თანა აღმაღლდებოდე ძალითი ძალად სულისა სრულებითა.
რტო ნაყოფიერი იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო სერაპიონ, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, და-რაჲ-ენერგე თანა წარსადინელსა საღმრთოთა წერილთასა, და გამოიღე ნაყოფად ტკბილად გულის-ჴმის-ყოფაჲ მათი.
აღძრვაჲ ვნებათაჲ სიყრმითგანვე დასთრგუნე ფერჴთა მათ ქუეშე სულისათა, ნეტარო სერაპიონ, და სიტკბოებაჲ საცნობელთა მლიქნელი, ყოვლად არა დაგიტკბა მოლოდებითა წარუალთა მათ ტკბილთა საშუებელთაჲთა, წმიდაო.
იწურთიდ სიყრმითგან წიგნთა ღმრთივსულიერთა და აღიწიე თავსა სრულებათასა, რაჟამს გონებაჲ წმიდა-ყავ ვნებათაგან და სიწმიდითა სულისა შენისაჲთა ექმენ სავანე სულსა ყოვლად წმიდასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დასაბამი სიბრძნისაჲ მოიგე, ღირსო, და შიშსა უფლისასა შემსჭვალენ შენ ჴორცნი, წმიდაო, და მიერ აღიწიე სიყუარულსა მას უშიშსა წმიდათასა და განჰბრწყინდი მადლითა ღმრთისაჲთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სული ჩემი დაცემული მრავალთა სალმობათაგან, ჵ, ღმრთისმშობელო ყოვლადდიდებულო, განჰკურნე, რაჲთა მადლობისა ჴმითა წადიერებით გადიდებდე შენ, მარადის.
ძლისპირი: ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლჱ მაცთურისაჲ და ზესთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
იყავ მოწაფჱ დიდისა მის და განთქუმულისა მიქაელ პარეხელისა და ბრძანებითა საღმრთოჲთა მის მიერ უდაბნოსა წარივლინე, რაჲთა აღაშენო შესაკრებელი ცხოვართა პირმეტყუელთაჲ.
ვითარცა ესმა მისლვაჲ თქუენი მთავარსა მას, მპყრობელსა ყოველთა მათ სანახებთა და ადგილთასა, განიხარა და წამოემართა რაჲ ხილვად, თქუენ მყის წინა მიგებნეთ მთავარსა მას, ვინაჲცა გარღაჰჴდა საჴედარსა და შეუვრდა ხატსა მას ცხოველსა, და თქუენ მიერ იკურთხა.
პირველად თაყუანის-ცა ცხოველსა ხატსა და მერმე წმიდათა პირთა თქუენთა, ხოლო შენ, სანატრელო სერაპიონ, აღივსე სულითა წმიდითა და მსგავსად მდინარისა აღმოადინებდი თაფლ-მწთოლვარითა მით ენითა სწავლათა საღმრთოთა.
ვითარცა მდინარე ედემისაჲ, აღმოგიწყაროოდა ოქრო-ნაკადულით პირით შენით, რომლისათჳსცა განკჳრდა მთავარი იგი და ყოველნი წინაშემდგომნი, რომელნი შეუვრდეს ფერჴთა შენთა და გეტყოდეს: „ვითარცა ერთი მოციქულთაგანი, ქრისტემან მოგავლინათ მოღუაწედ ჩემდა, რამეთუ საქმენი ესე, რომელთა იტყჳთ, არა წარემართებიან თჳნიერ ჩემსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შეუძლებელ უჩნდა რაჲ მთავარსა ადგილთა მათ უქმთა და უღვაწთა აღშენებაჲ მონატრისა, გევედრებოდათ ცვალებად ადგილისა“. ხოლო შენ მსგავსად მოციქულისა ჴმა-ყოფდი: „უკუეთუმცა ანგელოზი მახარებდა გარეშე მისსა, რომელი გუეხარა, არა გურწამს.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ გიხილა შენ, ბჭედ ნათლისად ეზეკიელ, რომელი განვლო მეუფემან, ვითარცა უწყის, ქალწულო უხრწნელო, ამისთჳს გევედრები მე, განმიხუენ სინანულისა ბჭენი მიმყვანებელნი სასუფეველად.
- შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
წარდგომაჲ: განაბრწყინვე ჟამნი შენნი, სანატრელო, უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, მამაო სერაპიონ, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა.
ძლისპირი: პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთა ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოვიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართათ მო-რაჲ-ხუედ შენ, მაცხოარ, ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი.
„შეუძლებელ არს, რათამცა ბრძანებასა საღმრთოსა წინა-განვეწყვენით და ადგილი ესე სხუად ვცვალეთ, რამეთუ ნიშნი და უწყებანი ადგილსა ამას უწამებენ“, ესრეთ ეტყოდი მთავარსა, ხოლო მან მოუწოდა მსახურსა და რქუა: „ვინაჲთგან ადგილსა ამას წადიერ არიან, გზა-ჰყევ წმიდათა ამათ და ხვალე განთიადითგან ვიდრე მწუხრამდე რაოდენი შემოწერით შემოვლონ, მიმიცემიეს მათდა.
თავადი იგი ღმრთისმოყვარე გეტყოდათ: „გულ-პყრობილ იყვენით, ვითარმედ თანაშემწე თქუენდა ვარ მე და მზრუნველ ყოვლითა ძალითა“. და აუწყებდა ყოველთა, ვითარმედ თავისუფლებით და ნებისაებრ აშენებდით მონასტერსა საბრძანებელსა მას შინა ჩორჩანელთასა.
მაშინ ფრიად განიხარეთ და მადლობაჲ აღუარეთ მთავარსა მას, ვინაჲცა ღამჱ იგი კლდესა მას ზედა განათია, და ხილვაჲ ანგელოზისაჲ იხილა, რომელი განაძლიერებდა და გულს-მოდგინებით შრომად უბრძანებდა.
დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა.
მაშინ შექმნენ შენ ორნი ჯუარნი, წმიდაო, და კლდესა მას ზედა აღმართნე სახელსა ზედა წმიდათა მთავარანგელოზთასა, სად იგი მცირე ეგუტერიცა აღეშენა, და ნიშნი და კურნებანი სნეულთანი იქმნებოდეს წმიდათა მათ მთავარანგელოზთა საღმრთოჲსაგან მადლისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულმან ჰშევ და დედობრივ არა განიხრწენ, არამედ დედა იქმენ, და ქალწულადვე ჰგიე, რომლისათჳსცა გიგალობთ, გიხაროდენ, ღმრთისმშობელო.
ძლისპირი: საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხვედი შენ, ქრისტე, ამსთობილნი შევსწირავთ შენდა გალობასა, ვითარცა ღირს-ხარ, რაჲთა წარმიძღუენ გზასა მშჳდობისასა, შესულად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.
ტბაჲ იგი მიზეზი შფოთთა და კაცისკლვათაჲ, განჴმა ლოცვითა შენითა, და რომელთა ესმა, განკჳრვებაჲ დაეცა, ზარი განჰჴდა და ადიდებდეს ღმერთსა, ხოლო ღმრთის-მსახური იგი მთავარი შიშითა და სიხარულითა აღივსო და წარემართა ხილვად სასწაულთა მათ და ნიშთა და ყოველნი საბრძანებელნი მისნი მისთანა და გარემო სანახებნი მათ არეთანი.
რომელთაცა ასმოდა დიდი ესე საკჳრველებაჲ, მყის კრებული დიდი შეკრბა ადგილსა მას, სადა იყვენით წმიდანი ეგე გარნა შენ, წმიდაო, უცხო იყავ ზუაობისაგან, და იტყოდი: „ნუ ჰგონებთ, მთავარნო და ერნო, თუცა ჩუენითა რაჲთმე ძალითა ქმნილ იყვნეს სასწაულნი ესე, არამედ რამეთუ ადიდა ხატი პირისა თჳსისაჲ ქრისტემან ღმერთმან, რაჲთა თქუენ გრწმენეს, ვითარმედ არა ტყუვილ და ამაო არიან საქმენი ესე, რომელთა თქუენ ჰხედავთ“.
ლოცვით და ლიტანიით აღხვედით რაჲ ბორცუსა, ბრძანებითა მთავრისაჲთა ველოან ქმნეს ადგილი იგი და სხუანიცა მთავარნი მოიწინეს რაჲ გარემოთა ადგილთანი, თჳთოეულნი კუალად გიქებდნენ სხუათა მათ სამონასტროთა ადგილთა, მოწლედ შეგივრდებოდენ და გაწუევდენ, რაჲთა მუნ აშენებდეთ.
ლოცვითა და გალობით განათიეთ ღამე იგი და განთიად მოიგიკითხნეს წმიდანი ეგე და სიხარულითა წარვიდეს სახიდ თჳსა. ხოლო ადგილსა მას ეწოდა ზარზმა ერთა მათგან, რომელნი შეპყრობილ იყვნეს. ზარითა და შიშითა მიუთხრობელითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იწყეთ რაჲ ძიებად ადგილისა, აღსაშენებლად ეკლესიიისა გენება შენ, რაჲთა ბორცუსა მას ზედა უმაღლესსა აღაშენო, გარნა იქმნა ცილობაჲ შორის ძმათა და აღავსნეთ ორნი კანდელნი სწორითა ზეთითა და დადეთ ადგილთა მათ ცილობისათა. - კანდელი იოვანესი დადგა თჳთ იოვანე მცირესა მას ღელესა, ხოლო ბორცუსა მას ზედა - წმიდამან დადევ შენ, წმიდაო სერაპიონ. და ორნივე ლოცვად დადგრომილი ევედრებოდით ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
წმიდა-ყო ღმერთმა საშოჲ შენი ყოვლადწმიდაჲ, სძალო, სიწმიდით რაჲ დაემკჳდრა მას შინა, და ჯუარსა ზედა ამაღლებულმან დაბადებულნი აღამაღლნა მისთანა.
ძლისპირი: შთახდა იონა სიღრმესა მას ზღჳსასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მიმართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლჱ.
განთიადისას იხილეთ დავსებულად კანდელი შენი, ხოლო კანდელი იგი იოვანესი ბრწყინვიდა ვიდრე შუა სამხარამდე. რამეთუ ესე განგებულებაჲ იყო საღმრთოჲ, რაჲთა არა სწრაფით, არამედ ფრიად შუენიერად ჟამსა თჳსსა აღეშენოს საყდარი მაღალსა მას ადგილსა.
ესე რა იხილეთ, ყოველთა დაამტკიცეთ, რაჲთა მუნ იწყონ შენებად ეკლესიისა. ხოლო შენ ჰრქვი ძმასა თჳსსა თაფლმწთოლვარითა მით ენითა: „ძმაო იოვანე, ღმერთმან გაჩუენა საკჳრველი ესე დიდებული, რამეთუ იხილნა ნაკლულევანებაჲ გონებისა შენისაჲ, გარნა ესე უწყოდე, ვითარმედ შემდგომად მცირედისა ადგილსა ამას აღეშენოს საყდარი შუენიერი“.
განამზადეთ რაჲ ადგილი იგი, შეემატებოდა რიცხუსა ძმათასა, რამეთუ მოიზიდვიდა სახელ-განთქუმულობაჲ შენი, კაცო ღმრთისაო სპირიდონ, და სახედ მდინარისა ირწყვებოდეს ტკბილთა მათ სიტყუათა შენთაგან.
ვითარცა ახალსა მოსეს გებრძანა ახლისა ისრაელისა წინამძღურებაჲ, და იწყეთ რაჲ შენებად ეკლესიისა, დადეთ საფუძველი ადგილსა მას, იოანეს გამორჩეულსა. და შეწევნითა მთავრისაჲთა სრულ იქმნა ეკლესიაჲ შემდგომად სამისა წლისა და შეიმკო ყოვლითა განგებითა, რომელი შეჰგუანდა ჟამსა მას, და აღჰმართეს მას შინა ცხოველს-მყოფელი ხატი ფერის-ცვალებისაჲ და სენაკებიცა იშენეს ძმათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვნებათა დაფარულისა და ცხადთა მჴდომისა ძლიერად მბრძოლო, სერაპიონ სანატრელო, კადნიერებაჲ გაქუს ღმრთისა მიმართ, ითხოვე შეწევნაჲ, რაჲთა განვერნეთ მტერსა სულთა ჩუენთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახლად ყრმად გჳშევ ჩჳენ უწინარესი საუკუნეთა უჟამოდ, მამისა თანა მოსაყდრე, ღმრთისმშობელო, რომელმან ჯუარისა მიერ ცოდჳთა დაძუელებული კაცნი განაახლნა და ღმრთეებასა იზიარნა.
- შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო სერაპიონ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
იკოსი: ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, გამოსჩნდი შენ მთავრად მონაზონთა და ქალაქმყოფელ უქმთა უდაბნოთა და ჰკურნებ უძლურებისა ჩუენისა ვნებასა სარწმუნოებით მგალობელთა შენთასა: გიხაროდენ, აღმოსავლეთისა ვარსკულავო ყოვლადბრწყინვალეო, და მონაზონთა განმანათლებელო ლამპარო და მწყემსო, გიხაროდენ, კეთილმოქმედებითა მმარხველთა სიქადულო და ყოვლისა სოფლისა სახარულევანო ბრწყინვალებაო, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.
ძლისპირი: სიყუარულითა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღმრთის მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
შემოკრბა კრებული დიდძალი ძმათაჲ, რამეთუ მადლი სულისა და სახელგანთქმულებაჲ შენი მოიზიდვიდა ყოველთა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე მათ შორის“. რაჲოდენ უფროჲს მრავალთა თანა შეკრებულთა ღმრთის-მსახურებისათჳს?
მოგცნა თქუენ ყოველნი საჴმარნი: ჯორები და კარაულები ღმრთის-მსახურმან გიორგი და რაოდენი უჴმდა სიმრავლესა ძმათასა და სოფლებნიცა. ხოლო შენ განაჩინნე წესნი და კანონნი საეკლესიონი, რომლისა მიერ ირწყვებოდეს საღმრთოჲთა მადლითა.
მრავალთა იწყეს რაჲ მიბაძვად შენდა, ვითარცა პირველ კარავსა მოსესსა თუალთა და მარგალიტთა და სხუათაცა მათ ნივთთა აღშენებისათჳს კარვისა, ეგრეთვე სახედ ძალისაებრ აჩუენებდეს შესაწირავსა ახლისა ამის კარვისა, რომელ არს ეკლესიაჲ ქრისტჱსი.
ყოველნი აღივსებოდით რაჲ საღმრთოჲთა მადლითა, ეშმაკთა გუნდნი აღსჭრენით, ღმერთშემოსილნო, ვითარცა ახოვანთა მჴედართა მაცხოვრისათა შრომათა მაჴჳლითა, და დასწჳთ ცეცხლებრ ბანაკნი მათნი საჴუმილითა ლოცუათა თქუენთაჲთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დღესასწაულობს ერი შენი, ნეტარო, ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, მამაო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გჳჴსნენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად, რომელთა ესე გუასწავე გალობაჲ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მადლსა ლოცვისა შენისასა, წმიდაო, ვიქადებთ პირითა და სულითა, დიდებულო, რამეთუ შენ მიერ განსაცდელთაგან და ღელვათა, და მძიმეთა ურვათა, და ცოდვისა ვნებათაგან ვიჴსნებით ყოველნი.
ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშუა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
აღმოგაბრწყინვა ქრისტემან, ვითარცა რაჲ ელვა-ცისკროვნი მნათობი წმიდისა ეკლესიისა, რაჲთა, ვითარცა მთიები, ბრწყინვიდე პირსა ყოვლისა სოფლისასა და ბაძვად საღმრთოდ მოქალაქობისა განაწყობდე გულსა მორწმუნეთასა.
ჰხედვიდენ რაჲ საღმრთოსა მას მოქალაქობასა შენსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთა და სასწაულთა დიდთა, შენ მიერ აღსრულებულთა, შემდგომად სიკუდილისა შენისა აღწერნეს მოწაფეთა შენთა.
წარმოგივლინნა მიქაელ, მოძღუარმან შენმან, ორნი მოწაფენი და მოგწერა ებისტოლე, ნეტარო სერაპიონ, და ძმასა შენსა იოვანეს მსწრაფლ მისლვად წინაშე მისსა, რამეთუ იცოდა ჟამი განსლვისა თჳსისაჲ, რაჲთა იხილნეთ ურთიერთას და რაჲთა ზედამიწევნით ცნათ, თუ ვითარ იქმნა შენებაჲ ზეცით უწყებულისა მის ადგილისაჲ.
ვითარცა იყავ ბრძანებასა მოძღურისა მორჩილ, მსწრაფლ მიხვედ თჳსით ძმითურთ, და იხილეთ რაჲ ურთიერთას დიდმან მიქელ და სერაპიონ, განიხარეთ, ვითარცა შეჰგავს, მხიარულებით და ცრემლითა თანააღძრვით ჰმადლობდეს ღმერთსა, და მიიღეს კურთხევაჲ ყოველთა ძმათა ურთიერთას
ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.
გკითხვიდა რაჲ დიდი მიქაელ წარმართებასა საქმისასა, იწყე პირველითგან და ყოველი წარმოუთხარ, სასწაულთა მათთჳს დიდთა, და თუ ვითარ თანაშემწე თქუენდა იქმნა გიორგი ჩორჩანელი და ყოველივე მოწევნული თქუენ ზედა, ხოლო ესმა რაჲ წმიდასა მას, აკურთხებდა მთავარსა მას და ადიდებდა ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იჴსენ კაცობრივი ბუნებაჲ წყევისაგან შობითა შენითა, ქალწულო უბიწოო, რამეთუ შევ მხოლო კურთხეული, მაკურთხეველი ჩუენი, აღმავსებელი მადლითა ცათა და ქუეყანისა.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.
- შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“.
ძლისპირი: ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდოთ შენ.
განგებითა საღმრთოჲთა იყო კედელსა ეკლესიისასა რტოჲ ბაჲაჲსაჲ მრავალჟამეული, და აღიღო ჴელითა თჳსითა მამამან მიქაელ და მოგცა რაჲ, წმიდაო, გრქუა: „შვილო, დანერგე ესე მახლობელად ეკლესიისა და, უკუეთუ განედლდეს, წარვედ და აშენებდი გულსმოდგინედ“.
დაჰნერგე რაჲ ქუეყანასა, შემდგომად მცირედისა განედლდა და რტოგარდაფენით ქადაგებდა დიდებულსა მას სასწაულსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა, განკჳრდეს და ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა განისმა სასწაული ესე გარემოთა მათ უდაბნოთა, ყოველნი განჰკრთეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, წმიდათა თჳსთა მიერ მოქმედსა საკჳრველებათასა.
ზეციურ ძალთაგან გესმა ჴმაჲ სანატრელი, მსახურო ღმრთისა მაღლისაო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და კაცსა ზეცისასა გიწოდდა მეუფჱ ცათაჲ ქრისტჱ, და მიხუედ სიხარულით და უფლისა თანა იხარებ საუკუნოდ.
პატიოსანთა საკმეველთა კეთილ-სულნელებამან აღავსო საყუდელი შენი, ღირსო მამაო, და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმან შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, ღმერთშემოსილო.
ვერ შემძლებელ-არს ენაჲ კაცობრივი მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, რამეთუ განვლე სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, და აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე.
დაუდგინა რაჲ ძმასა შენსა სხუასა ადგილსა შენებაჲ მონასტრისა, მიანიშნა ადგილი იგი და ყოველი ყოფადი წინაჲსწარმოგითხრათ და წარმოგგზავნნათ ცრემლითა აღსავსენი უფროჲსღა, რამეთუ არა ესვიდIთ კუალად ხილვასა მისსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოიწინეთ რა დიდსა მას უდაბნოსა კლარჯეთისასა ოპიზას, მოგეგებნეს თქუენ მამანი და სიხარულით მადლობდეს ღმერთსა, მას ევედრე აწ, ღირსო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იტჳრთავ უკვე მტჳრთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ჴელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო, უცხოჲსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხორებად ჩუენდა.
- შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „ღირს არსი“ - არ იგალობება.
„განმანათლებელი“ გამოსჩნდი შენ, ვითარცა სახჱ ბრწყინვალჱ და შეიწყნარე სული წმიდაჲ, ღირსო მამაო, რომლისა მიერ თუალნი სულისანი ხილვითა საღმრთოჲთა განაბრწყინვენ, და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, ყოველსა ყოფადმდე იტყოდი უბიწოებითა საღმრთოჲთა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, წმიდაო სერაპიონ. (2-გზის)
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.
- „ყოველი სული“ - იგალობება.
- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 6. ჴმაჲ 8. ჵ, სასწაული
- ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, აჰა ესერა ჯერჩინებითა ღმრთისაჲთა გამობრწყინდი, ვითარცა ახალი მნათობი და მოძღუარი და მასწავლელი, და ვითარცა ძუელსა შინა ელია და იოანე და შემდგომად პავლე თებელი და დიდი ანტონი, მაკარი, ეფთჳმი, საბა და გერასიმე, და ყოველნი მსგავსნი და მობაძავნი მათნი, რომელთა ვლეს მოსწრაფებით იწროჲ და საჭირველი გზაჲ, მიმყვანებელი ზეცისა ქალაქად, რომლისა ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს, მას ევედრე აწ შეწყალებად სულთა ჩუენთა.
- ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, ვითარცა იყავ წმიდაჲ იგი მდაბალ და აღუზვავებელ, ტკბილითა და დაშნითა ჴელითა იხილვებოდი მდგომარედ ხუროთა თანა საეკლესიოთა, რამეთუ იყავ სხუათა თანა სათნოებათა მეცნიერ სჯულთა საეკლესიოთა შენებისათა და ფრიად შემკულ წესითა ხუროობისაჲთა. ხოლო გიხილა ვინმე ზუავმან და სილაღითა შეპყრობილმან, და იტყოდა: „აჰა დიდი და განთქმული სერაპიონი, ვითარცა უსიტყუ და უჴმო იხილვების და რაჲთურთით ესევითართა პატივთა ყოვლად არა ღირს არს“. ამას რა იტყოდა შურითა საეშმაკოჲთა აღსავსე იგი, ეჰა საკჳრველებათა შენთა ქრისტე, რამეთუ წინაშე ყოველთასა დაეცა კაცი იგი უჴმოდ მდებარჱ და გარდამოაგდო ენაჲ განსივებული, საშინელთა პეროოდა და გორვიდა. გარნა შეინანა საწყალობელმან და ტკბილი ეგე მამაჲ ევედრებოდი რაჲ ღმერთსა, მის მიერ მყის დასცხრა ფრიადი იგი სასტიკებაჲ ენისა მისისაჲ და რომელთა იხილეს, განკჳრვებულნი ადიდებდეს ღმერთსა. მას ევედრე აწ შეწყალებად სულთა ჩუენთა.
- ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, განიპოხნე სიბერითა კეთილითა და ფუფუნებულ და ჩჩჳლ იქმენ რაჲ საღმრთოჲთა ცნობითა, მოუწოდე კრებულსა მას ძმათასა და მრავალი წარმოუთხარ წმიდაო, ოქრონაკადულით პირით შენით მოწაფეთა თჳსთა და კუალად ჰრქჳ: „მე, ძმანო, აჰა ესერა წარვალ შემდგომად მცირედთა დღეთა, ხოლო თქუენ იძიეთ მამაჲ და წინამძღუარი, რომელი შემძლებელ იყოს მწყსად თქუენდა, ვითარცა შვილთა და ძმათა“.
- ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, შეჰვედრა სამწყსო იგი თჳსი გიორგის, კაცსა კეთილითა სათნოებითა ბრწყინვალესა და ტკბილსა სიტყჳთა და საქმითა, და განუჩინნე რაჲ ყოველნი, რაჲოდენი უჴმდეს მნენი ეკლესიისანი, და განაწყე კრებული იგი განგებითა საღმრთოთთა და ფრიად შუენიერითა, ეზიაროე ჴორცსა და სისხლსა ქრსტესსა და შეჰვედრე სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა, რომლისა სურვიელ იყო მარადის. მას ევედრე აწ შეწყალებად სულთა ჩუენთა.
- ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, სარწმუნოებით შემოკრებულნი ქართველნი, ვითარცა მოღუაწესა დიდსა პატივს-გცემთ შენ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: ჵ, წმიდასა ანტონს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რომელი სიხარულითა განხუედ უდაბნოდ უალად, და მჴეცთა-წილ დაამკჳდრენ კაცნი ანგელოზთა სწორნი, მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა გუაცხოვნნეს ჩუენ.
- ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაპიონ, გამოსჩნდი შენ კანონ მონაზონთა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რამეთუ არა შეშინდი შიშისაგან მაცთურისა მტერისა და მშვილდნი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ და მძჳნვარენი საფრჴენი მათნი მოაუძლურენ საღმრთოჲთა სწავლითა შენითა. ჵ, ნიჭთა შენთა მოცემულთა, ნეტარო, რომლისა მიერ ბოროტთა ეშმაკთა არცხვინე და განაბრწყინვენ დიდებაჲ ქრისტჱსი.
- „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“. დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა მოძღურისა ჩუენისასა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო სერაპიონ, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. ჴმაჲ 5
„აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“. ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.
ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი,
დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი,
მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი,
შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი
და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.
- „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.
- ტროპარი ღირსისა: „უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა...“ (ჴმა I).
- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): „გაბრიილ გიღაღადა ქალწულსა გიხაროდენ, ხოლო ხმასა“.
- ტროპარი: ღირისისა.
- კონდაკი: ღირისისა.
- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“ - გალობისას ჩაერთვის
„მომიხსენენი“ - 8 მუხლად:
- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).
- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.
სამოციქულო - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2.
სახარება - მთ. 43 დას. XI, 27-30.
შესვლად.
ტროპარი - ღირსისა
კონდაკები - „დიდება“ - ღირსისა
„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“
„წარდგომა“: „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).
მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.
„ალილუია“: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. (ჴმაჲ 6).
მუხლი. „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.
განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა.