სადღესასწაულო განგება
წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისი

დიდ მწუხრსა ზედა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, ა აღსავალსა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი

მუხლი ჱ. წმიდისა თამარისი ჴმაჲ დ. მოგიცემიეს

მიანიჭე შენ, კაცთმოყუარეო, თჳთმპყრობელსა მეფესა ქართველთასა სიბრძნჱ იგი სოლომონისი, დავითის სიმშვიდჱ და მოციქულებრივი კეთილად მსახურებაჲ, რომლისა მიერ კეთილად განაგო მან მეფობაჲ თჳსი, ვითარცა მეფეთა მეუფემან და მფლობელთა ყოველთა მფლობელმან, მის თანა შენისა ღმრთეებისა განგებულებასა ვადიდებთ, იესუ ყოვლად ძლიერო და მჴსნელო სულთა ჩუენთაო.

რტო ნაყოფიერ იქმენ შენ, ღმრთივგანბრძნობილო, აღმოცენებულ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, რომელმან საქმჱ, ხედვაჲ და სიყუარული კეთილად წარჰმართე და გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, წმიდაო თამარ, რომლისათჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

აწ ვითარ აღმოსთქუას გონებათა და პირთა ჩუენთა სიტყვანი კეთილნი: შესხმაჲ, ქებაჲ და დიდებაჲ ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ მფლობელობისა შენისა ღირსად შესწორებულნი: სიმშჳდჱ - საქებელი, ლმობიერებაჲ - მოწლე, მოწყალებაჲ - თანა ლმობილი, უმანკოებაჲ - უზაკუელი, სიწრფოებაჲ - უსიცრუო, სახიერებაჲ - ზოგადი, სიუხუჱ აღუზვავებელი და თავი ყოვლისა კეთილისა - შიში ღმრთისაჲ და მსახურებაჲ მისი შეუორგულებელი, ამისთჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, რომელი დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერმან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

უფლისა მიერ კურთხეულო და სუე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

დიდებაჲ... ჴმაჲ ბ

გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ერისა შენისა სულიერად აღმაშენებელო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა.

აწდა...

ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკვეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი გ

მესამე მეფეთა საკითხავი (თავი ჱ).

წინასწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი (თავი ა).

წინასწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი (თავი ა).

იხილეთ კა მაისს (ძვ. სტ) წმიდა ელენესა და კონსტანტინეს ხსენების დღეს.

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა და წმიდისა, ჴმაჲ ა

საქმენი შენნი საკჳრველნი, ჴედჳთა და საქმითა ბრწყინვალჱ, სახე გუექმნა ყოველთა მორწმუნეთა, რამეთუ მოგჳთხრობს ყოველი მზესა ქუეშე სათნოებათა შენთა სიკეთესა, გლახაკთა შუამდგომელობასა და ობოლთა და ქურივთა გამოზრდასა, რომლისათჳსცა შემწედ გუეპოები მსასოებელთა შენთა და შესხმითა გალობისაჲთა დაუდუმებელად გადიდებთ.

ოდეს მეფობისა გჳრგჳნითა, ვითარცა ღუაწლის მძლჱ, გჳრგჳნოსან გყო ქრისტემან მეუფემან, უფროჲს განამრავლნე მოღუაწებაჲ: მარხვაჲ და მღჳძარებაჲ უზომოჲ, ლოცვაჲ და გლახაკთმოწყალებაჲ, სიყუარული და მოთმინებაჲ და ყოველნივე ნაყოფნი სულისანი შეიტკბნე, სიტყჳსაებრ წმიდისა მოციქულისა პავლესი, რომელ არიან წმიდანი სათნოებანი, რომლისათჳსცა დაუდუმებელად გადიდებთ.

არა კაცთაგან მიმღებელ იქმენ შენ წოდებისა, მსაჯულო სიმართლისაო, არამედ გამორჩევითა მით ზეგარდამოჲთა, გამოგირჩია ქრისტემან მეუფემან, და მით მოგმადლა შენ ჴელმწიფებაჲ და მფლობელობაჲ საზეპუროსა ერსა ზედა, ვითარცა მამის პაპასა შენსა, წმიდასა და სანატრელსა მეფესა ჩუენსა დავით აღმაშენებელსა, რომლისა თანა გხედავთ აწ ზეცისა სასუფეველსა და ქრისტესა ღმერთსა ვადიდებთ, რომელმან თქუენი წმიდა დღესასწაული განაბრწყინვა უფროჲს ნათლისა მზისა, რაჲთა განგუანათლებდეს მჴურვალედ თქუენდამი მოლტოლჳლთა.

იყავ შენ, ყოველთა მეფეთა უმეტეს უხვ, ტკბილ, მოწყალე და მდაბალ გონებითა, ჵ, პატიოსანო და ბრძენო ჴელმწიფეო, და ცხორებითა შენითა შემჭრელ ძირთა ცოდვისათა, და მნათობ და განმანათლებელ მორწმუნეთა და სხუათა თანა სათნოებათა მეცნიერ შჯულთა საეკლესიოთა, რომლისათჳსცა ვაქებთ სიბრძნესა შენსა, წმიდაო თამარ, და სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა.

ესრეთ შეიყუარე შენ ღმერთი, წყალობისმოყუარეო, აღმატებასა და განდიდებასა შინა, უფროჲს აღაშენე და წყალობაჲ მოჰფინე ეკლესია-მონასტერთა ელადისათა და მთაწმიდას, პეტრიწონს, თრაკიასა და კონსტანტინეპოლეს, რომანასა და კჳპრეს - ღალიას, და ყოველთა მას სანახებსა შავისა მთისასა, ხოლო საქართველოჲსა ყოველნი საყდარ-ეკლესიანიც არა დაუტევე, არამედ მოწყალებითა იესუჲს ღმრთისა მსგავსითა წყალობითა დიდითა აღავსნე, რომლისათჳსცა არა დაჰფარნა ღმერთმან შრომანი შენნი, არამედ ქუაბ-ქმნილთა და ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებაჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა მვედრებელთა შენთა შემწედ და ჴელისაღმპყრობელად გამოგაჩინა.

სკიპტრაჲ შენი თჳთ-მპყრობელობისაჲ ზღუდედ უბრძოლველად გჳვის ქართველთა ერსა, ქრისტჱს სისხლითა მოსყიდულთა და განთავისუფლებულთა, და ერად საზეპუროდ აღნიშნულთა და აღწერილთა, ჵ, დიდებულო მჴნეო ჴელმწიფეო, რამეთუ ესრჱთ გუექადაგა, გუებრძანა და განგუეჩინა შჳლთა აღმოსავლეთისათა და ძეთა მართლმადიდებელთა.

ვითარი გჳრგჳნი ქებისაჲ შეუთხზნათ სათნოებათა შენთა ზეშთა აღმატებულთა, თამარ სამ-გზის სანატრელო მეფეო, სიუხვეთა და სიმდაბლეთა, სიმჴნეთა და სიქუელეთა, განმარჯუებათა და მოწყალებათა, რომელნი ესე ღმერთსა შესწირნე მსხუერპლად სულიერად და საკუერთხად ღმრთივბრწყინვალედ და გამოშჩნდი, ვითარცა სულთა ბოროტთა განმდევნელი, და ვითარცა უძილი და მფარველი, რაჲთა გუაცხოვნნე ჩუენ და განჰკურნნე მრავალნი წყლულებანი ერისა ჩუენისაჲ.

დიდებაჲ... ჴმაჲ ე

დღეს იხარებს კრებული ესე ღმრთივ-შეკრებული, და ჴსენებასა შენსა წმიდასა პატივს-სცემს ყოვლად-ქებულად მჴმობელი, გიხაროდენ, მეფეთა შორის სანატრელო და კეთილად მოჴსენიებულო; გიხაროდენ, სიკეთითა და სიტურფითა გამორჩეულო და სარწმუნოებითა შენდამი მვედრებელთა განმანათლებელო, წმიდაო თამარ, რომელმან ასწავე მრავალთა მამათა და დედათა საზომი სიკეთისაჲ და უღელი მეუღლეობისაჲ; გიხაროდენ, ეკლესიათა განმაბრწყინვებელო და ერისა შენისა აღმატებულითა სიხარულითა აღმამაღლებელო, დიდო ჴელმწიფეო, დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და ერსა ჩუენსა დიდი წყალობაჲ.

აწდა ღმრთისმშობლისა.

სტიქარონსა ზედა დასდებელი, ჴმაჲ ბ

ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ღმრთივგანბრძნობილ გონებათა დამატკბობელო ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციურისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა.

მუჴლი. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

აღხვედ რაჲ მადლითა სულისა წმიდისაჲთა ცხებულო, ტახტსა მას სამეუფოსა, რომელ მოგენიჭა ჴელითა უფლისა შენისაჲთა, უცხო ექმენ საცთურთა სოფლისათა და კეთილმსახუ-რებისა წინამბრძოლ და შემწედ უძლეველ გამოშჩნდი, რომლისათჳსცა შემწედ გუეპოები შენდამი ესრჱთ მსასოებელთა, დიდებულო, მჴნეო ჴელმწიფეო, და მარადის გიჴმობთ, ყოვლად პატიოსანო: გიხაროდენ, თამარ, მართლმორწმუნეთა ბრწყინვალეო სამკაულო.

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაჲ, შეიჭურვე საჭურველი ღმრთისმსახურებისაჲ და სიმნჱ სულისაჲ და საქმითა მართლმადიდებლობისაჲთა განბრწყინდი, რომლისათჳსცა სოლომონისაებრ გმონებდენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და წინაშე შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი, ხოლო ჩუენ ყოველნი, ვითარცა დედასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ და გალობითა ქებისაჲთა ერთჴმობით გიღაღადებთ: საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა მომიჴსენენ შემსხმელნი შენნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რომელმან სამსახურებელნი იგი კერპთანი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუ და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა იგი საცთური ძალითა ქრისტჱსითა და დასთრგუნე, ხოლო წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ და დაამტკიცენ მართლმადიდებლობასა, აწ კადნიერებით გჳთხოვე ჩუენ განათლებაჲ, განწმედაჲ და დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოებაჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს.

ცისკრად ღმერთი უფალსა ზედა, ტროპარი წმიდისა 2-გზის, დიდება და აწდა ღმრთისმშობლისა, აღდგომისა.

კურთხევასა ზედა პურისასა, ტროპარი წმიდისა თამარისი 2-გზის და ღმრთისმშობელო ქალწულო.

ტროპარი

წმიდათა შორის საკჳრველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცჳთა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტჱსმოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხუენ სპანი აგარეანთანი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

შემდგომად ა კანონისა, წარდგომა

ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, მჴნეო ჴელმწიფეო, და მიუდრეკელ ხჳდოდი რაჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსებაჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ნეტარო თამარ, და გჳძღჳდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა.

დიდებაჲ... იგივე. აწდა ღმრთისმშობლისა.

საღმრთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფროჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ-ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ.

შემდგომად ბ კანონისა, წარდგომა

რომელმან წარმართენ ძლევანი საკჳრველნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა და მოსრენ ბანაკნი ქრისტჱს მბრძოლთანი, ითხოვე ქრისტჱს მიერ, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ. იგივე. აწდა ღმრთისმშობლისა.

წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა სიტყუაჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო.

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა

რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, ეგრეთვე გარდამეტებული სიტკბოებითა შენითა მოგუეც გულისჴმის-ყოფაჲ შეცოდებათა ჩუენთა, და გჳჴსენ მარადის საბრხეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთაჲსა, რომელნი ესე სარწმუნოებითა ვევედრებით სახელსა შენსა ღმრთივშუენიერსა და ყოვლად პატიოსანსა, და დაუდუმებელად გადიდებთ.

დიდებაჲ... იგივე. აწდა ღმრთისმშობლისა.

განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსებაჲ, და აღადგინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო.

აღსავალი ა, მეოთხე ჴმისა

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძუანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე მეყავ და მიჴსენ, სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ-იქმენით უფლისა მიერ, და ვითარცა განხმული თივა შეგჭამნესთ გეენიამა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების, და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

წარდგომა, ჴმაჲ დ

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

ყოველი სული. სახარება იოანესი, თავი ი, მუჴლი თ. (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ ჰურიათა...) დასასრული, მუჴლი იზ. (და ერთ მწყემს....)

შემდგომად ნ ფსალმუნისა,

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მეოხებითა ღმრთივგჳრგჳნოსანისა მეფეთ-მეფისა თამარისითა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო...

შემდგომ ამისა დასდებელი

ჴსენებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტჱ შეიყუარა და ერნი განამტკიცნა, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა, და აღამაღლნა ტაძარნი ქუეყანასა ზედა ჩუენთჳს ჯუარცმულისა, და მიიღო ცათა შინა გჳრგჳნი სასოებისა.

კანონი ღმრთისმშობლისა, ძლისპირითა მუჴლი ვ,

(იხილეთ მეფეთა სადღესასწაულო მსახურებაში.)

სხუაჲ კანონი წმიდისა, მუჴლი ჱ

გალობა ა, უგალობდითსა, ჴმაჲ დ გუერდი

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგჳპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა თამარისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე.

რომელი სიჩჩოჲთ შენით აღორძინდი საღმრთოჲთა წერილითა და მოირწყე მადლთა დაუწყვედელითა ნაკადულითა, სათნოებათა მწყობრნი ჯეროვანად წარჰმართენ და წყაროჲ მოწყალებისაჲ მხუმეველთა განუმრავლე კეთილმოღუაწებითა შენითა.

გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელი მოგეცა შენ სიყრმით შენითგან და ფრთოვან იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, რამეთუ ღმერთი შეიყუარე სრულიად, ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი, დიდებულო მსახურო ღმრთისაო, ნეტარო თამარ.

წრფელ, მდაბალ, მშჳდ და მოწყალე, და სახიერ იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, და ბრძენ და გონიერ, და ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისა, ესრჱთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო

გალობა გ, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ, წმიდაო თამარ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, მეფეო კეთილსახიერო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.

სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ ფრიად, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, სანატრელო მეფეო თამარ, გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ.

სამკჳდრებელო სიწმიდისაო და ძირო ყოვლისა სათნოებისაო, ვითარ-იგი ლოცვაჲ შენი შეიწირვის წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, რაჲთა მოგუფინოს ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და სიხარული ცათა შინა.

არა მაქუს მე სიტყუაჲ ღირსი სათნოებათა შენთა ბრწყინვალეთა შემკობად, წმიდაო თამარ., არამედ შემნდობელ მექმენ უღირსსა ამას და შეიწირე კნინი ესე და უძლური გალობაჲ და ნაცულად მომანიჭე მადლი და წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და დაუცხრომელად გადიდებთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე.

წარდგომა

საცხებელი სიხარულისა სცხე დიდებულად და ყოვლადშუენიერად მოყუასსა შენსა, მჴსნელო, რომელმან ღმრთისმსახურებითა განაგო რაჲ მეფობაჲ თჳსი, ყოველი შჯული ცხორებისაჲ კეთილად დაიმარხა და ყოველი მცნებანი ღმრთისანი ჯეროვნად აღასრულა, ხოლო ლოცვითა და მარხვითა შეზღუდვილმან საცთური მოიძაგა და შუენიერებაჲ შეიყუარა, რამეთუ ზეცისა ღმრთისა მფარველნი ანგელოზნი უძღოდენ და ჰფარვიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურჳლი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, კეთილმსახურო მეფეო თამარ, რამეთუ სხუათა მათ სათნოებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძარნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და შეამკევ შუენიერად, და იქმენ მნათობ უბრწყინვალეს მზისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

გალობა დ, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

აწ ადიდებს ჴსენებასა ღუაწლთა შენთასა კრებული მორწმუნეთა, და იქადის მეტეხი და ვარძია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, სასუფეველისა დიდებისა მხილველო მეფეო თამარ, ლოცჳთა შენითა ღირს-მყვენ ჩუენცა ხილვად დიდებისა მისისა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა, გევედრებით.

ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისათა და ერიცა შენი, დედისა ღმრთისა წილ-ხდომილი და კურთხეული, უშიშად დაიცევ, ხოლო ქუეყანაჲ შენი განავრცენ და აღაყუავენ.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი ერსა შენსა დაუტევე, ნეტარო თამარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეცისა ძალთა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგჳხუენ ოხითა შენითა, გევედრებით.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო.

გალობა ე, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე.

შეიზღუდე შენ შიშითა ღმრთისაჲთა, სანატრელო, და სიწმიდითა აღასრულე რაჲ ცხორებაჲ შენი, უზეშთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაჩინე მეფობაჲ შენი და განადიდე სიმჴნჱ და ზეობაჲ შენი.

შენ შეგივრდებით მუჴლმოდრეკით, და გევედრებით ჴელაღპყრობით მლოცველნი, ყოვლად ტკბილო და საწადელო ჴელმწიფეო, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გჳჴსენ ტკბილითა მით წყალობითა შენითა დაუცხრომელად შენდამი მვედრებელნი.

ჰმატდი შენ ყოველთა დედათა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო ჴელმწიფეო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ.

ითხოვე, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჵ საჩინოო და საწადელო ჴელმწიფეო, გარდამეტებულითა სიტკბოებითა შენითა გჳჴსენ ყოვლისაგან იწროებისა და საუკუნოჲსაგან საშჯელისა წინაშე ხატსა შენსა მდგომარენი და ღირსებით პატივისმცემელნი ჴსენებისა შენისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო რაჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.

გალობა ვ, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

ვითარცა ვარსკულავი ღმრთივბრწყინვალჱ გამოუჩნდი ღელვა-გვემულთა, სოფლისა ზღუასა შინა დანთქმულთა ექმენ მნათობ და ჯუარისა ძალსა მინდობილმან დაამდაბლენ ქედმაღლობაჲ უშჯულოთა მეფეთაჲ, ნეტარო თამარ.

შემოიკრიბე რაჲ კრებული წმიდათა მამათაჲ, ვითარცა მჴნემან მოღუაწემან, განჰმართენ ყოველნი წესნი უდებთაგან დაჴსნილნი და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ბრძენო ჴელმწიფეო.

ცოდვათაგან მომკუდარი და ვნებათაგან ღელვა-გვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოსა მცნებათასა, სიქადულო დედათაო, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვა-გვემულთა.

ნუ დაიჳწყებ ერსა შენსა, დედოფალო, და ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა ნუ მოიჴსენებ ძჳრსა ჩუენსა, არამედ დაშრიტე აღძრვაჲ უკეთურთაჲ და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ, ხოლო მართლ-აღმსარებელთა აღამაღლენ გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელი განანათლებ სულთა შიშითა და ლმობიერად მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა და საკრველისაგან იჴსნი შენითა ღმრთისა მიმართ სათნოჲთა ლოცვითა, შეიწირე ჩუენიცა უნდოჲ ესე გალობაჲ და გჳთხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან ცოდვათა ლხინებაჲ და წყალობაჲ, ნეტარო თამარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი, ჴმაჲ ჱ

ზეციერი სიბრძნჱ და ცხორებაჲ მოიგე და ბრწყინავ, ვითარცა მზჱ, ხოლო შარავანდედთა მიერ საქმეთა შენთაჲთა განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, სამ-გზის სანატრელო, მეფეო თამარ, ჩუენ მოყუარეთა შენთა და სურჳლით პატივისმცემელთა, მოგუეც ზეცით ცხორებისა წარმართებაჲ, და შეცოდებათა ჴსნაჲ.

იკოსი

შეგემოსა, დიდებულო, მოწყალებაჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდჱ, ვითარცა ძოწეული, ხოლო გჳრგჳნად დაგედგა, სახელ-დიდო მეფეო ქართველთაო, მწყობრნი ყოველთა სათნოებათაჲ და გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა და ესრეთ შემკობილი შეხუედ სასუფეველსა და აკურთხევ ქრისტესა ღმერთსა უკუნისამდე.

გალობა ზ, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს-მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისაჲ, რომლისათჳსცა სამადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

გალობა ჱ, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბაჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლჳთა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

გალობა თ, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ.

სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთაჲთა მოიგე წყალობაჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაჲ.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა.

მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ-ხარ სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

განმანათლებელი

დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილებაჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რაჲ სულთა ცნობაჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალჱ, უფროჲს მზისა, ბრწყინვალებითა კეთილთა საქმეთაჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ.

აქებდითსა ზედა დასდებელნი,

მუჴლი ვ, ჴმაჲ ა, შენ სიტყვაჲ

მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა.

ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესიაჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ-ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია-მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ.

სუფევდი რაჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმჴნითა და სიქველითა დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოცჳთა მჴურვალითა, და ენაჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთაჲ დაჴსენ ძალითა საღმრთოჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ.

რომელმან სიმდაბლითა, სიმშჳდითა და უხუებითა განვლე ცხორებაჲ შენი დიდებული ქუეყანასა ზედა და კაცთმოყუარებითა განაგე ერი ჩუენი რწმუნებული შენდა, აწ ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, სანატრელო, რომელნი ესე ვართ მძლავრებასა შინა დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ მოწყალებად შეგჳცვალე, ხოლო სიბოროტით ცხორებაჲ სათნო-ყოფად ღმრთისა აღგვასრულებინე, მწუხარებაჲ სიხარულად გარდაგჳქციე და უმეცრებაჲ გონიერებად შეგვაწყნარე, რაჲთა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა აღგიარებდეთ, ვითარცა წინამძღოლსა და განმაცისკრებელსა ერისა ჩუენისასა და დაუცხრომელად გნატრიდეთ.

საქმეთა მიერ საღმრთოჲთა იქმენ ტაძარ ქრისტჱსა და მიემსგავსე მწყემსსა კეთილსა, რამეთუ მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და კეთილთა საქმეთა მოქმედებისა, კეთილნაყოფი აღმოაცენე, გამომზრდელი გონებისა ჩუენისა, მსგავსებითა ცხორებისა შენისაჲთა, რომლისათჳსცა დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა, და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ნეტარო თამარ, და ითხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

აწდა, ღმრთისმშობლისა.

დემეტრე საქართველოს მეფისა, ბაგრატოვანისა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

დიდებაჲ მაღალი - გრძლად.

კვერექსი და განტევება.

 

ლიტურღიასა ზედა.

მომიჴსენენი კანონისაგან წმიდისა გალობა გ, და ვ, მუხლი ჱ

წარდგომა: ჴმაჲ დ. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

სამოციქულო. ჰრომაელთა, თავი იგ, მუჴლი ა

ძმანო ყოველნი ჴელმწიფებასა უმთავრესისასა მას დაემორჩილნენ.

დასასრული, მუჴლი ია

აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყუარული არს.

ალილუია, ჴმაჲ ა

ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

მუჴლი. მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდჱ მისი.

სახარება იოანესი, თავი ი, მუჴლი ა

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა...

დასასრული, მუჴლი ი

და საძოვარი ჰპოვოს...

განიცადე: საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი