სადღესასწაულო განგება
წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა

დიდ მწუხრსა ზედა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი

მუჴლი 8. წმიდისა ვახტანგისი ხმაჲ 4. მოგიცემიეს

გერწმუნა რაჲ საყდარი მამა-პაპათაჲ, გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, ამისთჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, ახოვანო მეფეო ვახტანგ! იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

დაღათუ იყავ ასაკითა უსრული, უმაგალითო სიმჴნჱ აჩუენე და თჳთ წარუძეღ ლაშქარსა წინამბრძოლსა, გარნა არა ძალითა თჳსითა იქადოდი, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა დავით გოლიათს, ეგრეთვე შენცა მძლე ექმენ სხუათა უმეტეს ბუმბერაზთა, ოვსთა - თარხანსა და ბაყათარსა, შემდგომ აღუზახე სპათა თჳსთა და ბრძოლათა შინა უსასტიკესთა სძლე რაჲ ოვსთა და ხაზართა, მათ მიერ წარტყუენილი დაჲ შენი გამოიჴსენ, ახოვანო, და დიდებაჲ მიეც სამებასა წმიდასა.

ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

მეფობდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისაჲთა და ერი შენი, წმიდაჲ და სამეუფოჲ, უშიშად დაიცევ, ხოლო კლარჯეთი და აფხაზეთი შემოუმტკიცე კუალად ქუეყანასა შენსა და საზღუარნი იბერიისანი განავრცენю, ამისთჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, სანატრელო მეფეო, ვახტანგ! რომელი დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერმან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო! ყოველსა ქუეყანასა განსცა ჴმაჲ შენი ქრისტემან, და ურიცხვსა მტერსა დასცა ზარი შენი, და შიშნეულად გერჩდეს ყოველნი, არამედ აწ მოიწია ჩუენ ზედა მწუხარებაჲ ძლიერი და ფრიად შეძრწუნებულ ვართ და გვეშინის, რამეთუ გვერივნეს მტერნი ცოდვათა ჩუენთათჳს და მიგვტაცეს ძირ-ძუელნი მხარენი, ხოლო შენ შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და ურთიერთმტერობისაგან გჳჴსენ მართლმორწმუნენი ერნი, რაჲთა არა ვიქმნეთ საცინელ უღმრთოთა და წარმართთა და უსჯულოებისადმი არა მივიდრიკოთ შენდამი მგალობელნი

დიდებაჲ... ხმაჲ 2

გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ჵ, საკჳრველ-მაღალო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა.

აწდა...

ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკვეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

 

შესლვად წარდგომაჲ დღისა და საკითხავი 3

მესამე მეფეთა საკითხავი (თავი 8).

წინასწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი (თავი 1).

წინასწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი (თავი 1).

იხილეთ კა მაისს (ძვ. სტ) წმიდა ელენესა და კონსტანტინეს ხსენების დღეს.

 

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა და ვახტანგისა

მოვედით, ჵ, მწყობრნო ქართველთანო, და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან გამოაჩინა ნეტარი ესე და მჴნჱ ჴელმწიფჱ, ვინაჲცა აღაშენა ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული და წმიდანი ეკლესიანი და მის მიერ დაემტკიცა თჳთმყოფადობაჲ ეკლესიისაჲ საქართველოსა შინა.

სკიპტრაჲ შენი თჳთ-მპყრობელობისაჲ ზღუდედ უბრძოლველად გვივის ქართველთა ერსა, ქრისტჱს სისხლითა მოსყიდულთა და განთავისუფლებულთა, და ერად საზეპუროდ აღნიშნულთა და აღწერილთა, საჩინოო, ახოვანო, მჴნეო, სახელოვანო გჳრგჳნოსანო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, რამეთუ ესრეით გუექადაგა, გუებრძანა და განგუეჩინა შვილთა აღმოსავლეთისათა და ძეთა მართლმადიდებელთა.

არა კაცთაგან მიმღებელ იქმენ შენ წოდებისა, მსაჯულო სიმართლისაო, არამედ გამორჩევითა მით ზეგარდამოჲთა, გამოგირჩია ქრისტემან მეუფემან, და მით მოგმადლა შენ ჴელმწიფებაჲ და მფლობელობაჲ საზეპუროსა ერსა ზედა, არამედ აწ ევედრე ქრისტესა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ჭირისა.

ვითარცა ძუელნი მატიანენი გუაწყებენ, ღუაწლითშემოსილო, იყავ საკუთართა შორის სპარსთა მეფისაჲთა და დისწული რანის ერისთავისა ვარაზ-ბაკურისაჲ, და სპარსთა თანა წარხუედ რაჲ ბრძოლად ბერძენთა ზედა, საღმრთოჲსა ჩუენებისა მიერ გეუწყა, რაჲთა არა ბრძოდე მართლმორწმუნეთა მათ თანა, რომელნი მსახურებენ ცეცხლთა და არა ღმერთსა. და მიერითგან აღადგინე მშჳდობაჲ შუამდგომლობითა პეტრე მღდლისა და სამოელ ბერისაჲთა და აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ.

ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, უძლეველო მეფეთა შორის, რამეთუ საცეცხლენი იგი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუე, და ცეცხლ-მსახურნი განასხნე, ხოლო ეპისკოპოსი, სპარსი ბინაქარ, რომელიცა იჩემებდა სარწმუნოებასა, საპყრობილესა შეაგდე, დიდო მეფეო, და დასვი სხუაჲ, ჭეშმარიტი ეპისკოპოსი მცხეთას, ღირსი მიქაელ.

დაადგინე რაჲ პეტრე მცხეთას კათალიკოზად ქართლისა, ხოლო სამოელ მონაზონი ზემო ეკლესიასა ეპისკოპოსად, დასხენ სხუანიცა ეპისკოპოსნი მადლითა ღმრთისაჲთა: კლარჯეთსა, და ერუშეთს, წუნდას, მანგლისს, ბოლნისს, რუსთავსა და ნინოწმიდას; ჭერემს, ჩელეთს, ხორნაბუჯსა, აგარაკსა და ნიქოზსა, ხოლო თჳთ დაჯექ უჯარმასა, გარნა მოელოდი რაჲ სპარსთა, მეფეო ვახტანგ, ამაგრებდი ციხე-ქალაქთა ივერიისათა.

ესმათ რაჲ უსჯულოთა მათ ნათესავთა შენთა, მართალო და დიდო მეფეო, რამეთუ ცეცხლ-მსახურნი განასხნე, განძჳნდეს შენზედა ამპარტავნებითა, და ურიცხვითა მჴედრობითა აღილაშქრეს და ენებათ დამორჩილებაჲ ქართველთაჲ, ხოლო შენ არა შეშინდი შიშისაგან მძლავრთაჲსა, არამედ განამამაცე გუნდი ლომებრთა ვაჟკაცთაჲ, და მორტყმული საჭურველითა და განმჴნობილი ბრძოლად ოთხ თუემდე ბრძოდი უსჯულოთა.

ჰყავ რაჲ სპარსთა მიმართ ბრძოლაჲ დიდებული, ალმასისა ჴრმლითა სასტიკად სრვიდი სპასა მათსა, ვითარცა ლომი კანჯართა და სძლიე სასოებითა ჯუარცმულისაჲთა, ხოლო იგინი უყიოდენ ურთიერთას: „დურ აზ გორგ-ასლან“, რომელ არს: „ეკრძალეთ თავსა მგლისასა“, რამეთუ სახოვნებაჲ მგელ-ლომისაჲ გაქუნდა მუზარადსა ზედა ოქროვანსა, და მიერითგან, სახელ გედვა შენ, მეფეთა შორის უძლეველო, - გორგასლან, ხოლო „ვახტანგიან-გორგასლიანი“ ეწოდა დროშასა ქართლოსიანთასა, ამისთჳს სიხარულითა აღვივსებით და მადლობასა შევსწირავთ ქრისტესა, გჳრგჳნოსანმყოფელსა შენსა.

ჟამსა ბრძოლისასა შეიპყრეს სპარსთა გამზრდელი ცოლისა შენისაჲ რაჟდენი, თჳსტომი მათი, რომელმანცა მრავალნი სპარსნი გოლიათნი ბრძოლასა შინა მოკლა, და უბრძანეს სარწმუნოებისა დატევებაჲ, გარნა მან იღუაწა ქრისტჱსთჳს ღუაწლი იგი უკუდავებისაჲ, ხოლო შემდგომად მისა შენცა შეიმოსე ქრისტჱსთჳს და შჯულისა მისისათჳს გჳრგჳნი მოწამეობისაჲ, ღმრთივგჳრგჳნსანო მეფეო, კეთილმსახურო, ჴელითა უღმრთოთა სპარსთაჲთა.

ახოვანო, წყობათა შინა და გამოცდილო და რჩეულო მჴედარო და დიდებულო მეფეო ქართველთაო, პირველმოწამისა რაჟდენისა თანა, ითხოვე ქრისტჱს მიერ შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ... ხმაჲ 5

დღეს იხარებს კრებული ესე ღმრთივ-შეკრებული, და ჴსენებასა შენსა წმიდასა პატივს-სცემს ყოვლად-ქებულად მჴმობელი: გიხაროდენ, გმირო იალბუზისაო, გოლიათო, მთისა კავკასიონისა მომდრეკელო; გიხაროდენ, ახოვანო და უძლეველო, დარიალანისა კარისა დამხშველო; გიხაროდენ, ოვსთა და ხაზართა ქედმაღლობისა და კადნიერებისა დამამდაბლებელო; გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაჲთა მტერისა აღლესულისა მახჳლისა დამლეწველო; გიხაროდენ, განლაღებულთა მათ ბარბაროზთა ღონისა შემმუსრველო; გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

აწდა ღმრთისმშობლისა.

 

სტიქარონსა ზედა დასდებელი, ხმაჲ 2

ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ძლევაშემოსილო, ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციერისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა.

მუჴლი. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაჲ, სურვილი წმიდისა მეფისა მირიანისაჲ ჯეროვნად აღასრულე, და მონასტერი ჯუარისაჲ იერუსალჱმსა შინა ღმრთივბრწყინვალედ აღმართე, ხოლო ივერიისა ყოველნი საყდარ-ეკლესიანიცა არა დაუტევე, და მერჱსა, შინდობნისა და ახიზისა მონასტერნი დააარსე და მოწყალებითა იესუის ღმრთისა მსგავსითა წყალობითა დიდითა აღავსნე.

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

აწ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესიაჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ეკლესიაჲ ჯუარისაჲ და მეტეხი მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ნიქოზისა და ბეთლემიისა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გადიდებთ, და ვითარცა ტფილისისა დამაარსებელსა და ეკლესია-მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაითა დაუცხრომელად გიღაღადებთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფლისა მიერ კურთხეულო და სვე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, უძლეველო მეფეო ვახტანგ გორგასალო, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოებაჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს.

 

ცისკრად ღმერთი უფალსა ზედა

ტროპარი წმიდისა 2-გზის, დიდება და აწდა ღმრთისმშობლისა, აღდგომისა.

ტროპარი წმიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა

ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნითა განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.

კურთხევასა ზედა პურისასა, ტროპარი წმიდისა ვახტანგისი 2-გზის და ღმრთისმშობელო ქალწულო.

 

შემდგომად I კანონისა, წარდგომა

ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, და მიუდრეკელ ხვიდოდი რაჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსებაჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ღირსო მეფეო, და გჳძღვიდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა.

დიდებაჲ... იგივე. აწდა ღმრთისმშობლისა.

საღმრთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფროჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ-ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ.

 

შემდგომად II კანონისა, წარდგომა

მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ძლევაშემოსილისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა. დიდებაჲ. იგივე. აწდა ღმრთისმშობლისა.

წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა სიტყუაჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო.

 

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა

რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, აწ მოგუეც გულისჴმის-ყოფაი შეცოდებათა ჩუენთაჲ, და გჳჴსენ მარადის საბრჴეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთაჲსა. დიდებაჲ... იგივე.

აწდა ღმრთისმშობლისა.

განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსებაჲ, და აღადგინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო.

 

აღსავალი I, მეოთხე ხმისა

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძუანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე მეყავ და მიჴსენ, სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ-იქმენით უფლისა მიერ, და ვითარცა განხმული თივა შეგჭამნესთ გეენიამა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების, და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

 

წარდგომა, ხმაჲ 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

მუჴლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

ყოველი სული. სახარებაჲ იოანესი, თავი 10, მუჴლი 9. (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ ჰურიათა...) დასასრული, მუჴლი 17. (და ერთ მწყემს....)

შემდგომად 50 ფსალმუნისა,

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მეოხებითა დიდისა მეფისა წმიდისა ვახტანგისა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

შემდგომ ამისა დასდებელი

ჴსენებაჲ შენი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტე შეიყუარე და ქართველნი განამტკიცენ, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა, და ტაძარნი: მაცხოვარისაჲ, ჯურისა წმიდისაჲ და ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ დედა ქალაქისა ჩუენისა ზღუდედ და გოდლად აღგჳმართენ.

 

კანონი ღმრთისმშობლისა, ძლისპირითა მუჴლი ვ,

(იხილეთ მეფეთა სადღესასწაულო მსახურებაში.)

 

სხუაჲ კანონი წმიდისა, მუჴლი 8

გალობა 1, უგალობდითსა, ხმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მეფეო, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი მცნებათა მიმართ საღმრთოსა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და მართლმორწმუნენი შეიყუარენ, ხოლო ცეცხლისმსახურნი განასხენ და საცეცხლურნი მათნი დაშრიტენ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისაჲ მჴნჱ, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

იყავ, მჴნეო, გამოცდილ მჴედრობითსა წყობასა და კუეთებასა, ბრძენო, წინააღმდგომთა ყოველთასა, რომლითა დასცენ და შემუსრენ ცეცხლისა თაყუანისმცემელნი. ეგრეთვე აწ ბნელი უღმრთოთაჲ განხადე და განანათლენ მორწმუნენი.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად შრომათა შენთა, რამეთუ არა სცემდი განსუენებასა თავსა თჳსსა და დააფუძნე ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული და საძირკველად სულიერად დაუდე წმიდანი ეკლესიანი მსგავსად იერუსალჱმისა

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და გიღაღადებთ:

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, ვახტანგ გორგასალო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უჴორცომან, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა ეკლესიაჲ შუენიერად მეწამულ-ყავ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე.

 

წარდგომაი, ხმაჲ 4

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაჲთა ცხადად არცხვინე, ხოლო მოიკალ რაჲ ჴელითა სპარსთაჲთა, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურვილი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, რამეთუ სხუათა მათ სათნოებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძარნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და ეკლესიაჲ მოციქულთაჲ სუეტი ცხოველი განაახლე და შეამკევ მცხეთას.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგვიძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა წყალობითა ჴელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი, ყრმანი, და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ ეკლესიად მოკრბება და სიხარულით აღასრულებს ჴსენებასა შენსა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, ახოვანო მეფეო ვახტანგ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: მოგჳჴსენენ საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე, გევედრებით, სიწმიდითა შენითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალ-ღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ დაამჴუე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუჴედენ, ახოვანო, და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა ბრწყინავ შენ, უძლეველო მეფეთა შორის, და ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა, ღირსო.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლდი შენ, ღირსო მეფეო, და დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალსა და განანათლე შენდა რწმუნებული ერი ქრისტჱს მოსახელჱ, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, გევედრებით.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო, ღირსო წამებისაო, მეფეო ვახტანგ გორგასალო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტჱსთჳს და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთჳს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცჱ ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და წმიდაჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაჲ იგი ჩუენი სამეუფოჲ წარგვიმართენ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ საჭურველად აღიღე და მჴედრად ქრისტესა ახოვნად გამოჩნდი, რამეთუ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დააკუეთე ეშმაკისა საცთური.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელჱ ცნობისაჲ, და სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, აწ ცისკროვან-ყავ, კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტჱსთა, რომელმანცა მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ოხითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

 

კონდაკი

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტჱსითა და ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთოჲთა გულსმოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴეთაგან მტერისაჲთა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

იკოსი

ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათჳს იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგით და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა“, ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა სამეუფოსა, რაჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფეი ქართველთაჲ, ამისთჳსცა უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და ღაღადებდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერთა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ წინაშე ღმრთისა მდგომარემან, ვითარცა მოღუაწემან, ითხოვე ერისათჳს ჩუენისა ძლევაჲ მტერთა ზედა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი სარწმუნოებისაჲ განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გჳჴსენ ვნებათაგან.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მჴნეო და ღირსო მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდებაჲ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უჴორცოთა თანა ადიდებ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოჳვლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, და ьწადიერებითა და სურვილითა ьმას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაჲ, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაჲ გვითხოვე ჩუენ და მშჳდობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი დაუტევე ერსა შენსა, რაჲთა ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდ-საქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

განმანათლებელი

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს წყალობასა, მოქალაქობითა მჴნეო, ღუაწლისა მძლეო, უშიშო გონებითა, სასოებისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, მეფეო ვახტანგ, არამედ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, ხოლო ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ... აწდა...

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ.

აქებდითსა ზედა დასდებელნი,

მუჴლი 6, ხმაჲ 1, შენ სიტყვაი

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმტკიცჱ გონებისაჲ და დიდ-სულობაჲ ყოველსა შინა, სიწრფოებაჲ გულისაჲ და სიბრძნჱ მდიდარი და წყურილი ქრისტჱსთჳს სიკუდილისა, ამისთჳს ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ და მადლი ჭირთაგან ჴსნისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ.

არა დაჰფარნა ღმერთმან შრომანი შენნი, ახოვანო მეფეო ქართველთაო, არამედ ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა მვედრებელთა შენთა შემწედ და ჴელისაღმპყრობელად გამოგაჩინა.

აჰა, სამარხოჲ ძუალთა შენთაჲ გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს გული გჳთქმს მისლვად სუეტიცხოველსა, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

ჵ, ღირსო მეფეო, ვახტანგ სანატრელო, ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული; იმეოხენ წინაშე მისსა, განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა მადლობისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა.

ჵ, ახოვანო წყობათა შინა და გამოცდილო რჩეულო მჴედარო, მეფეო ვახტანგ, ვითარცა ძალითა ქრისტჱსითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე დაამჴუნე მტერნი ჩუენნი მცბიერნი და უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ურიცხვნი თანამზრახველნი მათნი, რომელნიცა მტრობენ დედისა ღმრთისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა.

ჵ, საჩინოო, ბრძენ-მჴნეო, მეფეო ბრწყინვალეო, ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგჳდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

ჵ, მჴნეო მეფეო, ახოვანო და შემმართებელო ძლიერო, ვითარცა შეიმოსე შენ ძალი ღმრთისაჲ და საჭურველითა ჯუარისაჲთა შეჭურვილთა კეთილად სრულ-ჰყავ სრბაჲ ღუაწლისა შენისაი, ეგრეთვე აწ ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაჲ“.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძჳნვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, მირიანისა ღუაწლისა აღმადგინებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო მეფეთაო, შვილთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შვილთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოჲსა შენთა ერთ ზრახვად შემკრველო, სამგზის სანატრელო მეფეო, წმიდაო ვახტანგ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

აწდა, ღმრთისმშობლისა.

დემეტრე საქართველოს მეფისა, ბაგრატოვანისა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

დიდებაჲ მაღალი - გრძლად.

კვერექსი და განტევება.

 

ლიტურღიასა ზედა.

მომიჴსენენი კანონისაგან წმიდისა გალობა გ, და ვ, მუჴლი 8

წარდგომა: ხმაჲ 4. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

სამოციქულო. ჰრომაელთა, თავი 13, მუჴლი 1

ძმანო ყოველნი ჴელმწიფებასა უმთავრესისასა მას დაემორჩილნენ.

დასასრული, მუჴლი 11

აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყუარული არს.

ალილუია, ხმაჲ I

ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

მუჴლი. მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდჱ მისი.

სახარება იოანესი, თავი 10, მუჴლი 1

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა...

დასასრული, მუჴლი 10

და საძოვარი ჰპოვოს...

განიცადე

საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი