სადღესასწაულო წეს-განგება
ღირსისა მამისა ჩუენისა ზენონ იყალთოელისა

თუესა ოქტომბრის 16-სა (ახ. სტ. 2-სა)

დიდ მწუხრსა ზედა

- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება.

- „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.

- „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

- „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).

- ღირსისა ზენონისა.

დიდებაჲ მსოფლიოჲ განხრწნადი დაუტევე, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, და იწროსა მას გზასა თანამოგზაურ ექმენ რაჲ მოძღვარს შენსა, იოანეს, ჭეშმარიტებაჲ გექმნათ თქუენდა წინამძღურად გზისა მის უცხოჲსა, და მშჳდობით მიიწიეთ რაჲ სანახებსა მას ქართლისასა, წინა მოგეგებნათ თქუენ რჩეული მღვდელმთავარი ქრისტესი ევლავიოს, უწყებული სულითა, და ზოგად მის თანა მოიღეთ რაჲ ენანი ცეცხლისანი, კურთხევითა მისითა და ლოცვითა მხურვალითა აღიწიენით ღირსნო, სრულსა სისრულესა სათნოებათასა, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

მწყემსსა ცხოვართასა გპოვებთ შენ, და კეთილად მოღუაწესა მლოცველსა, ხოლო ეშმაკთა შენ მიერ დაცემულსა ვხედავთ, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო კახეთის მკჳდრთაო; სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო; სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო; ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო; სათნოებათა საუნჯეო და წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ჭეშმარიტად კეთილად მოღვაწჱ და სვეტი შეურყეველი გამოჩნდი რაჲ კახეთის მთიანეთსა, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, დამკჳდრდი იყალთოსა და, მუნვე ბრძნად მორწმუნენი შემოიკრიბნე, და აღიყუანე სულიერსა მას სიმაღლესა, ლოცვა-ჰყავ, ყოვლად სანატრელო, ჩუენთჳს, რომელნი აღვავლენთ პატიოსანსა ჴსენებასა შენსა, რაჲთა გარდამოუვლინოს ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

იხარებს აწ იყალთოს მონასტერი, რომელი იუნჯებს წმიდათა ნაწილთა შენთა, სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, მოდასეო ანგელოზთაო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულო, და სასუფეველსა დამკჳდრებელო, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტეს მოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, სიწმიდჱ, სიმშჳდჱ, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა და შრომათა, და მჴურვალედ გევედრებით: გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ნეტარ არიან მკჳდრნი სავანისა მის შენისანი, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, ნიჭთა მრავალთა საუნჯეო, და ჭურო, შემნახველო ქალწულებრივისა სიწმინდისაო, მადლისა ნავთსაყუდელო, კურნებისა წყაროო, სნეულთა უვეცხლოო მკურნალო, ჭეშმარიტთა მმარხველთა შემწეო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, ამა სოფლისა ვნებათაგან აღელვებულთა მშჳდო ნავთსადგურო; გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დღესა ჴსენებისა შენისასა ვიხარებთ კრებულნი მართლმადიდებელთა ქართველთანი, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, და ჴმითა დიდითა გიღაღადებთ: ქრისტეს სიყუარულისთჳს სოფლისა შუენიერებაჲ დაუტევე, და მოძღურისა შენისა კურთხევითა დამკჳდრდი რაჲ კახეთისა მხარესა, დაარსე იყალთოს მონასტერი და წინამძღურებითა ღმრთისაჲთა სამწყსოსა მას, რომელი გერწმუნა, დამწყსიდი მშჳდითა და მდაბალითა სულითა, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს შესხმად ღუაწლისა შენისა, იყალთოჲსა შუენებაო ზენონ, საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო ბერთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, წმიდაო ბერო, ხოლო მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, და ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, აწ მოგუეც ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა წარმწყმედელთა გზათაგან განგვერნეთ და წარვემართნეთ გზასა მას ჭეშმარიტსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

- შესვლა საცეცხლურით.

- წარდგომა დღისა

- საწინაწარმეტყველო - 3 საკითხავი ღირსისა. (იძიე სექტემბრის 28-ს წმიდისა ხარისტონის მსახურებიდან).

- ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა - 1 მუხლი.

- ესრეთ ღირსისა ზენონისა.

ესე ღირსი ჴსენებისაჲ საკჳრველი და ყოვლად ქებული მამაჲ ჩუენი ზენონ აღმოეცენე რაჲ ქუეყანისაგან შუამდინარისა, მახლობელად ანტიოქიასა, თჳსსა-ვე მას მამულსა იწყე რაჲ მონაზონებაჲ, იქცეოდი ყოვლითა სიმდაბლითა და მოღუაწებითა, ხოლო მოძღვარი შენი იოანე იქმოდა ღმრთისა მიერ მრავალ-ფერთა ნიშთა და სასწაულთა და კურნავდა სენთა და სალმობათა. აწ ჩუენცა შეგვეწიეთ და დაგვიფარეთ ყოველთა უძლურებათა და ჭირთაგან.

სანატრელიცა ესე მოძღუარი შენი და ბრწყინვალე მნათობი იოანე, ვითარ ბრწყინვალე ვარსკულავი აღმოუბრწყინდა ბნელსა შინა უმეცრებისასა შეცთომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმნა მათ, გარნა ევლტოდა საწუთოსა ამას დიდებასა, და დაუტევა რაჲ ადგილი იგი, სადა იყოფვოდა, წარვიდა შორსა უდაბნოსა, და დაჯდა ქვაბსა მას შინა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა თანა, რომელთა შორის აღაცხული, ნეტარო ზენონ, მიიწიე საზომსა დიდსა.

ლოცვითა და მღვიძარებითა მაცხოვრისაგან მოიპოვეთ რაჲ მადლი სულისა წმიდისა, ყოველთავე ჴორციელთა შუებათა და გემოთა შეურაცხის-ყოფდით მარხვითა და სამარადისოჲსა ლოცვითა განკაფავდით სხეულსა და ყოველთა იწროებათა მიერ დააჭნობდით და მოაუძლურებდით მძლავრებასა მისსა, გარნა საყოფელი თქუენი მრავალ-ჟამ არც-ვინ იცოდა, არამედ გადიდა თქუენ ღმერთმან, იდიდებოდა რაჲ თქუენ მიერ და კუალადცა გამოუცხადა მონანი თჳსნი ქუეყანასა.

განჴდა რაჲ ჰანბავი თქუენი ანტიოქიასა და ყოველსა შუამდინარეთსა, მიჰგურიდეს ცხედრითა სნეულებსა და ეშმაკეულებს იოანეს, და ყოველნი განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მისითა, არამედ ევლტოდა მამაჲ იგი პატივთა სოფლისათა, და განიზრახა წარსლვაჲ უცხოებად და გრქუა თჳსთა მოწაფეთა, რომელთა შორის შენცა იყოფვოდი, წმიდაო ზენონ, რაჲთა მასვე ადგილსა იღუწიდეთ და ილოცევდეთ მისთჳსცა, გარნა თქუენ ესრეთ შეკრულ იყუვენით სიყუარულითა სულიერითა და ეტყოდით: „არა განგიტეოთ შენ მარტოჲ, რამეთუ შენ ხარ წინამძღუარი სულთა ჩუენთაჲ და მადლთა შენთა მიერ მოველით ღმრთისაგან წყალობასა“.

დამტევებელი ქუეყანისა და მამულისა თქუენისა, საუფლოჲსა ჴმისა მიერ წოდებულნი მოიწიეთ ღმრთისმშობლის წილხვედრსა ქუეყანასა, რამეთუ ექადაგა მუნ წმიდაჲ ქრისტეს სახარებაჲ დიდებულსა მოციქულსა ანდრიას ნაცულად დედისა ღმრთისა და უკუანაჲსკნელ მოივლინა რაჲ მის მიერ წმიდაჲ ქალწული ნინო, ნათელ-იღო მეფემან და ყოველმან ერმან სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, გარნა მპყრობელობასა მას სპარსთასა განმრავლდა საცთური მწვალებელთა და წარმართთა და ვიეთნიმე მისდრიკეს მართლისაგან სარწმუნოებისა.

უპირატესისა მიმართ მაშინ სხუათა ქალაქთასა მცხეთისა დედაქალაქად. და შესრულმან წინაშე განმაცხოველებელისა სუეტისა ერთბამად მოწაფეთა თ?სთა თანა თაყუანი(ს)-სცა უფალსა, დავრდომილმან იატაკსა ზედა და ცრემლთა მიერ დამალტობელმან მიწისამან და მიმყოვრებულად ვედრებათა შემწირველმან სახიერისა და ტკბილისა მეუფისა.

სამეუფოსა მას ქალაქსა მცხეთას შესრულნი მიეახლეთ განმაცხოველებელსა მას სუეტსა, რომელი მირიან მეფემან სიმრავლითა ერთა ურიცხუთაჲთა ვერ შეუძლო აღმართებად სამ დღე და აღჰმართა ღმერთმან, ლოცვითა ქართველთა განმანათლებელისა და მომაქცეველისა, დედისა და მოციქულისა ჩუენისა ნინოჲსითა, და მუჴლდადგმითა და ცრემლთა მიერ დამალტობელნი მიწისანი ითხოვდით შეწევნასა სახიერისა და ტკბილისა მეუფისაგან, რაჲთა გიძღოდეთ იგი ჭეშმარიტებითა თჳსითა ადგილისა მიმართ, რომელსა შინა სათნოდ მისდა მყუდროებით აღასრულებდით ნეშტთა ჟამთა ცხორებისა თქუენისათა.

ღმერთმან, რომელი არა უგულებელს-ჰყოფს ვედრებასა მონათა თჳსთასა, უჩუენა მას მთაჲ ჩრდილოეთით კერძო მცხეთისა ქალაქისა და ჯუარისა პატიოსნისა, და აუწყა, რაჲთა აღვიდეს წუერსა ზედა მის მთისასა, ხოლო წიაღ-ვლეთ რაჲ არაგჳ, აღხვედით თაყუანის-ცემად ჯუარისა პატიოსნისა, მოილოცეთ, და აღიწიეთ რაჲ მთასა მას ზედა, რომელსა ზედა გოდოლი აღეშენა წარმართთა და ეშმაკნი ფრიად დამკჳდრებულ იყუნეს და ჰმსახურებდეს კუამლითა ნაზორევთაჲთა, და იხილა რაჲ იგი მოძღვარმან შენმან, ნეტარო ზენონ, რამეთუ მარჯუე იყო მარტოებით დაყუდებისათჳს, გრქუა მოწაფეთა თჳსთა: „მე აქა დავემკჳდრო, რაჲთა ლოცვითა განიწმიდოს ადგილი ესე და სამკაულ ექმნეს ეკლესიათა და გარემო ქართველთა ერთა“.

აღირჩია რაჲ მარტოდ მყოფობაჲ ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან, წმიდამან იოვანე, გაკურთხათ იწროსა გზასა მას ზედა მონაზონებისასა სრბად წმიდითა ჯუარითა თჳსითა, და განგსწავლიდათ თჳსთა მოწაფეთა და გეტყოდათ: „შვილნო, სარგებელისათჳს ამის ქუეყანისა წარმოგუავლინნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და აქა მოგჳძღუა, რამეთუ ახალ ნერგ არს ქუეყანაჲ ესე, ამისთჳს-ცა წარვედით, რაჲთა განამტკიცებდეთ ქრისტეს სამწყსოთა, მრავლითა საცთურითა დაბრკოლებულთა და სპარსთა მაზდეანთა და ერთბუნებიანთაგან ჰაოსიანთა ცთუნებულთა.“ და წარგზავნასა მას თქუენსა ამიერ და იმიერ მხარეთა და უდაბნოთა საქართველოჲსათა, მოგცათ ნაწილთაგან წმიდათა მოწამეთაჲსა, და მათითა მადლითა იცვებოდით ყოველთაგან-ვე საფრჴეთა ეშმაკისათა, და გაქუნდათ ნუგეშინის-საცემელად სულისა და ჴორცთა.

დამკჳდრდა რაჲ უდაბნოჲსა მოყუარე ესე გურიტი, მთასა მას ზედაზნისასა, პოვა მუნ ქუაბი რაჲმე მცირე და უფიცხესთა შრომათა მოღუაწებისათა მარხვისა და ლოცვისა მიერ სამარადისოჲსა, ზე დგომისა, სრულიად დამაჭნობელი და მომაუძლურებელი ჴორცთა და ყოველთავე ზედა-მოსლვათა და მანქანებათა მაცთურისა ეშმაკისათა, ხოლო შენ წარგავლენდა რაჲ კახეთსა წმიდაჲ იგი, ნეტარო ზენონ, განეშორნეთ მოძღუარსა თქუენსა და ურთიერთას მამანი ეგე წმიდანი ათორმეტნი, და დაეყუდნეთ, ვითარცა სათნო-იყო სულმან წმიდამან, მაშინ მოვიდოდეს ქრისტეს მორწმუნენი, თქუენ მიერ განსწავლულნი და სულითა აღშენებულნი წარვიდიან სახედ თჳსად და დიდთა კურნებათა იქმოდით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნეთ ივერიას, და განამტკიცეთ სარწმუნოებაჲ ესე მართლმადიდებელთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუტევე რაჲ, ბრძენი იგი მოძღუარი შენი, აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და უწყებითა იოანჱსითა წარმართენ სლვანი შენი გზასა მას ჭეშმარიტსა და მიიწიე რაჲ კახეთის სანახებსა, განამრავლებდი სწავლათა სულთა მარგებელთა და განასხმიდი სულთა უკეთურთა და განჰკურნებდი სნეულთა, ეგრეთვე აწ მეოხ გვეყავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ყოველთა საფრჴეთა განვერნეთ და ვსძლოთ ბოროტთა მანქანებათა უხილავისა და ხილულისა მტერისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

- სტიქარონსა ზედა დასდებელი. (ჴმაჲ 8).

და-რაჲ-ემკჳდრა შენ თანა მადლი ღმრთისაჲ, მოგაძულა შენ საწუთროჲსა დიდებაჲ, და შეგაყუარა სიმდაბლჱ და უცხოებაჲ, ლოცვაჲ ლმობიერი, მღვძარებაჲ და ზე-დგომაჲ ჴელგანპყრობით უჴორცოთა მიმსგავსებული, და აღასრულე რაჲ სრბაჲ შენი და სიხარულით წარმოუდეგ ქრისტესა. წმიდაო იყალთოელო ბერო, ნეტარო ზენონ, აწცა გჳთხოვე მისგან დიდი წყალობაჲ.

მუხლი. „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მოაკუდინე შენ გულისთქმაჲ და შეიყუარე წმიდა ქალწულებაჲ, და ვითარცა ნათელი, შთაიცუ სიწმიდჱ, და ვითარცა გურიტი სიმშჳდით ჰმონებდი ქრისტესა გონებითა უბიწოჲთა, წმიდაო ზენონ, სანატრელო, შემკული საღმრთოჲთა გულისჴმის-ყოფითა. ამისთჳსცა გაქებთ და გნატრით კეთილქებისა გალობითა.

მუხლი. „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

შეგამკო ღმერთმან, წმიდაო ზენონ, ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოჲთა ბრწყინვალებითა, და აღავსო სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროჲ ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებდი მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათჳს ქრისტჱს სამწყსოსაჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, კეთილო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო, შენ სიმჴნითა და აჴოვნად სიმძიმე დღისაჲ იტჳრთე და მოცემული ტალანტი აღაორძინე, რაჲსთჳსცა იოანეს, მოძღვრისა შენისა თანა განეწესე და ძმათა თანა სულიერთა შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა, აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

- „აწ განუტევე“.

- შემდგომად „მამაო ჩვენო“-სი:

- ტროპარი - ღირსისა: შენ შორის, საკჳრველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცყოფასა ხორცთაჲსა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო ზენონ. - 2 გზის.

- ან სხუაჲ ტროპარი იხარებს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთაჲ და თაყუანისცემასა შესწირვენ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაჲ და მეოხი დედისა თჳსისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, და შენ მიერ მოვიღებთ რაჲ ღმრთისაგან წყალობასა, სიხარულისა ჴმითა შეგასხამთ ბერთა სიქადულსა და კახეთის დიდებასა, ღმრთივგანბრძნობილსა მამასა ჩუენსა, ზენონ იყალთოელსა. - 2 გზის.

- ღვთისმშობელო ქალწულო - 1 გზის.

- პურის კურთხევა.

 

დიდი ცისკარი:

- „ღმერთი უფალი“ (იგალობება IV ჴმაზე).

- ტროპარი ღირსისა: „იხარებს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთაჲ...“ - 2 გზის

- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): -

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 1).

ისწრაფდი რაჲ ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, დაუტევე სოფელი წინამძღურობითა იოანჱსითა, მსგავსად იოანე ნათლისმცემელისა, და თანამოსაგრეთა თანა ათორმეტთა დაემკჳდრე რაჲ ივერიას, ენამან შენმან, ღირსო, ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაჲ კახეთისაჲ მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა რაჲ გულნი უმეცართანი, მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად და სცხონდებოდენ სულიერად, აწცა მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს სატანისა მახეთაგან და განგვარინოს ამაონი შფოთნი და ბოროტნი განსაცდელნი მოსავთა შენთა. 2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმაჲ 4).

სათნოებითა განჰმდიდრდი, მამაო, და უფროჲს ყოველთასა სიგლახაკე შეიყუარე და უცხოებასა მიეც თავი შენი და ჰმწირობდ ივერიას, ვითარცა რაჲ მოძღუარი შენი იოანე, ხოლო განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა ქართლისა და კახეთისათა; ამისთჳსცა იხარებს კრებული ქართველთაჲ და იქადიან შენთჳს და განსცხრებიან სიხარულით განსწავლულნი წმიდათა ათსამმეტთა ასურელთა მამათაგან. 2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

- „სადიდებელი“ მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

- „გადიდებსა“ ღირსისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

- „წარდგომა“ შემდგომად „სადიდებელისა“:

ჴორცნი მოაკუდინე მოღუაწებითა და საღმრთოჲთა შურითა შენითა სამებისა წმიდისა სათნოდ გამოსჩნდი, რომლისათჳსცა გუნდსა ათსამმეტთა ასურელთა მამათასა შეერთე, წმიდაო ზენონ, და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი ქართველთანი, ღმერთშემოსილო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. (ჴმაჲ 8) 2-გზის.

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

- I ანტიფონი IV ხმისა (კვირის ცისკრისა).

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

- წარდგომა (საცისკრო სახარებისა): „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).

მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.

- საცისკრო სახარება: ლკ.24 დას. VI, 17-23.

- „დიდება“ - „მეოხებითა წმიდისა მამისა ჩვენისა გაბრიელისათა...“

- „აწ და“ - „მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მოწყალეო...“

- „მიწყალე მე ღმერთო...“ („მცირე მიწყალე“).

- შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

ვითარცა მოძღვარმან შენმან, ეგრთვე შენცა, წმიდაო ზენონ, არა ხოლო თუ თჳსნი ოდენ ნაყოფნი შეწირნე ღმრთისა მსხუერპლად სულნელად, ვითარცა აბელ მართალმან, რომელი-ცა-იგი იყნოსა ღმერთმან დამბადებელმან ყოველთამან სულად სულნელებისად, არამედ სხუანი-ცა ურიცხუნი სულნი შეწირნე ქრისტესა და მიუძღუანნა ნაყოფნი ფრიად შუენიერნი და სულნელნი და კრავნი უგერშონი და უბიწონი, ამისთჳსცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვე სოფლისათჳს და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.

- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

 

საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)

- იკითხება 2 კანონი .

- I კანონი - ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).

- II კანონი - ღირსისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 8).

- კატავასია: რიგითი.

- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“.

გალობაჲ 1, უგალობდითსა

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჩუეულებაჲ გუაქუს ერსა მართლმადიდებელთასა და ვიხარებთ საჴსენებელსა ყოველთა წმიდათასა და უმეტესად დღეს ვიშუებთ დღესასწაულსა შენსა, კეთილად მოღუაწეო ზენონ იყალთოელო, სუეტო და სიმტკიცეო მონაზონთა კრებულისაო, და ერთობითა პატივ-ვსცემთ ჩუენ წმიდასა ჴსენებასა შენსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, მოგავლინა შენ ღმერთმან კახეთისა მნათობად, ღირსო, და მოგცა მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, აწ დაიფარე სამწყსოჲ შენი ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთაგან.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მიიწიე რაჲ კახეთის სანახებსა, ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და განსწავლიდი რაჲ მრავალთა, ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო ბერო, რაჲთა გჳჴსნეს ჩუენცა რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ახალო მოციქულო კახეთისა მხარისაო, ღმრთივ-სულიერთა სწავლათა მაუწყებელო, და კეთილად მსახურებისა გზისა ამის მაჩვენებელო, სურნელებაჲ ლოცვათა შენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ. მას ევედრე აწ, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იყავ ზეცით მონიჭებული სიმტკიცჱ მართლმადიდებლობისაჲ და სიხარული ივერთა ეკლესიისაჲ, რამეთუ კუერთხითა სარწმუნოებისაჲთა განიოტე - ბოროტი მგელი და ტაცებათაგან მისთა უვნებელად დაიცევ სამწყსოჲ შენი ძალითა სამებისაჲთა განძლიერებულმან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყვაჲ ღმრთისაჲ წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განსწავლულ იქმენ რაჲ იოანეს მიერ, მოძღურისაგან შენისა, წარგგზავნა კახეთს, რამეთუ მოაკლდენ ჟამსა მას მნათობნი მართლმადიდებლობისანი ქუეყანასა ჩუენსა, და წარსდევნიდი ბნელსა მას უმეცრებისასა ნათლითა მით ქადაგებისა შენისაჲთა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ძლიერი შური გაქუნდა შენ, ვითარცა ელიას, პატიოსანო მამაო ზენონ, რამეთუ აღეგზენ ვითარცა ცეცხლი საღმრთოჲ მწვალებელთა ზედა და შესწუენ ენანი მათნი, მეოხ-იქმენ მათთჳს, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღირსო, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა, ხოლო მადლი საკჳრველებათაჲ ნიჭად მიიღე განკურნებად სენთა სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთასა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაღაცათუ გენება დაფარვაჲ თავისა თჳსისაჲ, სანატრელო, ვერცაღა დაფარე და განჴდა ჰანბავი შენი ქუეყანასა ჩუენსა, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს, რომელმან-ცა აღანთო სანთელი და დადგა ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა, რაჲთა ჰნათობდეს კაცთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებდ, ღირსო მამაო ზენონ, შუენიერო სამკაულო კახეთისაო, და წესო და კანონო მონაზონთაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ საჴსენებელსა შენსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკჳდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ჴორციელად ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

- შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):

წარდგომაჲ: იყავ რაჲ ათორმეტთა მოწაფეთა შორის იოანე ზედაზნელისაჲთა, მისგან განისწავლე ფრიად და განათლდი რაჲ მადლითა საღმრთოჲთა, სხუანი-ცა განანათლნე და მონასტერი აღაშენნე იყალთოს, რომელსაცა შინა განმრავლდეს მონაზონნი და ვიდრე აქამომდე ჰგიეს საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ვნებათა და ჭირთაგან, ღმრთივსანატრელო ზენონ, რომელნი აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყოველსა ქუეყანასა ჩუენსა განხდა ჴმაჲ ღუაწლისა შენისაჲ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო ზენონ, სანატრელო, რამეთუ დაამდაბლე, რომელნი მაღლად იტყოდეს სიცრუვესა, ბოროტად შეცთომილნი ბილწნი მწვალებელნი, არაჲ ირწმუნებდეს რაჲ უგულისხმონი მჴსნელსა ორითა ბუნებითა, და აღამაღლებდი მართალსა და ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა, მრავალთა შეასწავებდი რაჲ შეურწყმელად ღმრთეებისა და კაცებისა შეერთებასა. აწცა მოეც მშჳდობაჲ მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იჴსენ უცხოთა სწავლებათა და საცთურთაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჴსნისათჳს ერისა ჩუენისა სულითა წმიდითა განბრძნობილისა ყრმისა მის ქალწულისა, ნინო კაბადოკიელისა მოციქულებრივსა გზასა ზედა წარმომგზავნელო, წმიდაო ქალწულო, დედაო ღმრთისმშობელო, შენ მიერ ბოძებულითა ჯუარითა ვაზისაჲთა მის მიერ მცხეთას ბომონთა დამცემელო და ქუეყანასა ჩუენსა სამოციქულოჲსა ეკლესიისა დამამყარებელო, რომელმან შემდგომად მრავალთა წელთა სპასრსთაგან დაკნინებულისა ერისა ჩუენისა განსამტკიცებლად და განსავრცობად ქრისტეს სარწმუნოებისა ასირიითგან ივერიას ათსამმეტნი მამანი მოავლინე და მათ მიერ მონასტერთა დაარსებითა ყოველი ერი ჩუენი კლდესა ზედა სარწმუნოებისასა მტკიცედ დაამყარე, მშობელო სიტყჳსაო, აწცა ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთა შენთათჳს.

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაემკჳდრე რაჲ კახეთის სანახებსა, ჰბრწყინევდი ვითარცა სანთელი მაღალსა მას ზედა სასანთლესა მონაზონებისასა, ყოვლად ნეტარო ზენონ, ხოლო მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ლოცვაჲ შენი აღიწეოდა რაჲ წინაშე ღმრთისა, კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, ვერ დაითმენდეს ღუაწლსა შენსა და აღიძრნეს და ზედა-მოგიხდეს, წმიდაო ზენონ, და იწყეს ბრძოლად მრავლითა და თითოსახითა მანქანებითა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ არა გეშინოდა უკეთურთა მათ და მზაკუვართა და მტყუართა სულთა, არამედ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაჲთა და ლოცვითა მჴურვალითა განჴდიდი ურიცხუთა საფრჴეთა მათთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებს ეკლესიაჲ შვილთა თანა, აღვსებული ბრწყინვალედ საღმრთოჲთა მით სიბრძნითა, ჴსენებასა შენსა აღასრულებს და ქებით ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე აწ, ნეტარო ზენონ, რაჲთა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მვედრებელთა შენთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოჲსა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებით აღგიარებენ დედად ნათლისა.

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოშურნედ იქეც პირველთა მათ დიდთა მონაზონთა, მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთა, ღირსო, და ყოველსა დღესა ცხორებისა შენისასა განჰლევდი ლოცვასა, ცრემლსა და მღჳძარებასა შინა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განათლებულმან ბრწყინვალებითა მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, განაპენ ზღუანი განსაცდელთანი, ყოვლად ნეტარო ზენონ, და დააფუძნე მონასტერი იყალთოს, და კეთილად სრულ-ყავ სარბიელი ამას საწუთოჲსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი, წადიერებით შემოკრებულნი ერნი, ვგალობდეთ და ვიხარებდეთ ღირსად, საჴსენებელსა ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა, მოღუაწისა ზენონისსა!

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სანთელად ცეცხლმთებარედ ღირსი ზენონი, მართლმადიდებელთა ქართველთათჳს მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და სიმტკიცედ კახეთისა მხარისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა, რამეთუ ჭეშმარიტად გამოჩნდი მმარხველთა სამკაულად და ურცხვენელ მლოცველად ღმრთისა. მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისსა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაჲ და მოტევება ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთა.

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იქადის შუამდინარეთი, ქუეყანაჲ იგი თქუენი, თანა-მკჳდრითურთ თქუენთჳს, ყოვლად ქებულნო, რამეთუ მიერ აღმოსცენდით, წმიდანო, იოანე და ზენონ სანატრელნო, და სხუათა ათერთმეტთა თანა განანათლეთ ნათესავი ქართველთაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უღმრთოებისათჳს ამხილებდი ქართველთა, რაჲთამცა არა მოიწიოს მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყინელი ღამისაჲ და მცხუნვარებაჲ დღისაჲ მხოლომან დაითმინე მწირობასა შინა, და იქეც ტაძრად სიტყჳსა ღმრთისა, ხოლო ზეციერსა იერუსალჱმსა აღწევნული, მეოხ-ხარ მგალობელთათჳს შენთა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეერთებულ ხარ, რაჲ წმიდათა მწყობრსა მამათასა ასურეთით იბერიასა მოსრულთა და მოძღუარსა თქუენსა იოანეს, ზედაზნის მთასა ზედა მოღუაწესა და ერთობითა იხარებთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრენით აწ, რაჲთა გჳჴსნნეს ცოდვათაგან და უსჯულოებათა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იქების შუენიერად დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, მართალო ზენონ, და ანგელოზნი მგალობელთა გალობასა შესწირვენ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაჲთა დაგვიფარნეს ჩუენ მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძჱ ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.

- შემდგომად „ღაღადყავსა“ (VI გალობისა):

კონდაკი: იქადის აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაჲ სავანჱ იყალთოჲსა, რამეთუ მრავალი მორწმუნე მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაჲთა გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, მამაჲ და მოძღუარი საღმრთოჲსა სიბრძნისა, მრავალთა სულთა შინა დამნერგველი კეთილზნეობისა და სწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, ამისთჳსცა გიღაღადებთ: ლოცვითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ღირსო მამაო ჩუენო ზენონ იყალთოელო!

იკოსი: იშვებდ აწ, მხარეო კახეთისაო; განსცხრებოდე სავანეო იყალთოჲსაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართლოსიანთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ წმიდანი ათსამმეტნი ასურელნი მამანი, რომელთა შორის ჰგიებ შენ, ნეტარო ზენონ, და განამტკიცეთ რაჲ ერი ჩუენი ღმრთისმსახურებასა შინა, მიერითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ქუეყანაჲ ესე ქართველთაჲ წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისაგან, და არცა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითა-ვე წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისაჲთა და სასოჲსა მის მფარველისა ჩუენისაჲთა.

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, და ყოველთა ასწავებდი ქრისტჱს მსგავსად, რაჲთა განუყონ უხუებით გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი რაჲ ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განჰკურნე ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ გონებასა ჩუენსა და დააცხრვე ღელვანი ბოროტისა უღირსებისაჲ, ხოლო გულნი ჩუენნი დაუძლურებულნი, ამა სოფლისა ზრუნვათაგან, განგვიმტკიცე, მამაო ზენონ, რაჲთა უკუნისამდე ვადიდებდეთ ქრისტესა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მრავალთა ამხილებდი და განსწავლიდი წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა. ხოლო აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი შეწევნისა ჩუენისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳიდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა დავით დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა შემუსრვილითა გულითა: „მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“; შენცა აჩუენე სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და ღმერთი შეიყუარე, სიმდიდრე წარუპარველი, რომლისა მიერ იდიდე საუკუნოდ; მისა მიმართ მეოხ გუეყავ, რომელნი დღეს ვადიდებთ ჴსენებასა შენსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებენ სახელოვანსა ხსენებასა შენსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, იყავ რაჲ მოძღუარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათჳს ჩუენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა ერისა მისისა - ივერიისა და მლოცველი ივერიელთათჳს და წარმატებისათჳს მათისა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღაშენე რაჲ იყალთოს სავანჱ, შემდგომად მრავალთა წელთა განაახლა და განავრცო წმიდამან მამამან ჩუენმან არსენი და შეკრიბნა მუნ ღმრთივგანბრძნობილნი მამანი და მეცნიერნი მოძღურად სწავლულებისად, და სასწავლოდ ყოვლისა კეთილისა, ხოლო სახელსდვა რაჲ იყალთოს აკადემია, მას შინა განისწავლებოდა ერი ჩუენი მრავალთა საუკუნეთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იღუწიან, რაჲთა ღმრთივდაცული ერი ჩუენი შთასთხინნეს უფსკრულსა უმეცრებისასა და გარდასახნეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალგვიძს წინააღმდგომად ბოროტისა, არამედ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა და კურთხეულითა ენითა ქართულითა ღირს-ვიქმნეთ გალობად ღმრთისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

- ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

- შემდგომად „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): - „უპატიოსნესსა“.

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გემცნო დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ და ილოცვიდი და შეჰვედრე რაჲ სამწყსოჲ და ერი ჩუენი და მერმე სული შენი უფალსა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და დაგფლეს იყალთოს მონსტერსა, შენ მიერ დაარსებულსა.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ხედვიდეს რაჲ ქართველნი სამარხოსა შენსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა საკჳრველთმოქმედი მამაჲ, და საჴსენებელად და საუკუნოდ ნეტარებაჲ და ქებაჲ შენი განგვიწესეს.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

პატივი სიწმიდისაჲ სიკუდილისა მიერ ვიდრე აქამომდე არცაღა განგეშორა, ღირსო მამაო ზენონ, რამეთუ სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.

წმიდაო, ღირსო მამაო ზენონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოსავნი შენნი და მოყუარენი ვიდრე აქამომდე ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაჲ სამარხოჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არა მხოლოჲ იგი წმიდისა მის სავანისა მკჳდრ ხარ, სანატრელო, არამედ სრულიად ქართველთა მიწა-წყლისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი და უძლეველი მფარველი და მეოხი ყოველთა მართლმადიდებელთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.

- შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „ღირს არსი“ - არ იგალობება.

„განმანათლებელი“: ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჵ, ნეტარო ზენონ, და აღმოგაბრწყინვა შუა-მდინარით და მოჰფინა შარავანდედი ქუეყანასა ამას, ცოდვისა მიერ ბნელ-ქმნილსა, და ყოველი წყუდიადი ბნელისაჲ წარსდევნა და შენ მიერ განათლებულთა ვიცანთ ღმერთი დაუსაბამოჲ, სამ-გვამოვნებით თაყუანისცემული და შენ მეოხ-გყოფთ წინაშე მისსა. (2-გზის)

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ-გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შენისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, და კეთილითა სიყუარულითა შეერთებული მოძღურისა შენისა თანა და სულიერთა ძმათა, ჰგიებ წინაშე ღმრთისა, აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, და ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

- „ყოველი სული“ - იგალობება.

- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 8.

ღუაწლი შენი, ვითარცა ოქროჲსა საუნჯჱ ბრწყინვალედ შეუმოსია ეკლესიასა ღმრთისასა და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულით შევლენან მას შინა. ამისთჳსცა გიღაღადებთ შენ, ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ იჴსნნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტჱს ხიბლისაგან და საცთურისა.

ბრწყინვალებითა მადლითა შენისაჲთა განგუანათლენ მადიდებელნი შენნი, ღმერთშემოსილო მამაო ზენონ, რამეთუ მსგავსად მნათობთა დიდთა განმტევებელი ბრწყინვალეთა შარავანდედთა ელვარე ჰყოფ ყოველთა ჴსენებისა შენისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა მიჰფენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებით და სურვილით ვაქებთ დღესასწაულსა შენსა განათლებულსა და ღირსსა ქებისასა.

დღესა ამას მორწმუნეთა სულიერისა ზეობისასა, დღესასწაულსა ღირსისა მამისა ზენონისასა, მასვე შევჰღაღადებთ: გიხაროდენ, ზეცისა კაცო და ქუეყანისა ანგელოზო; გიხაროდენ, მრავალთა გზასა ზედა ცხოვნებისასა დამაყენებელო; გიხაროდენ, მართალთა დიდებაო და ერისა ჩუენისა განმამტკიცებელო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან და მოგვანიჭოს მშჳდობაჲ და წყალობაჲ.

შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, ზენონს, იყალთოელსა მოღუაწესა, რომელი ფრიად დაშურა ერისა ჩუენისათჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, არამედ აწ ვევედრნეთ სიწმიდესა მისსა, რაჲთა დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისა.

დაღაცათუ საფლავმან დაგფარა შენ, მამაო ზენონ, საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა, ვინაჲ ესე მოვისწრაფვით იყალთოსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთამცა კურნებაჲ აღმოვივსოთ სულთა და ჴორცთა ჩუენთა.

- მუხლი: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

დაღათუ ურიცხუნი სასწაულნი შენნი განგვაცვიფრებს, ღმერთშემოსილო ზენონ, საკჳრველო, არამედ უფროჲს გჳკჳრს მოღუაწებაჲ შენი და სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაჲ, რომელმან მხარჱ ესე კახეთისაჲ განანათლენ საკჳრველებითა და მარადის შეეწევი შენდა მომართ მჴურვალედ მოლტოლვილთა, დაუცხრომელად ევედრე აწ ქრისტესა ღმერთსა, რომელნი პატივს-ვსცემთ ყოვლადსანატრელსა ჴსენებასა შენსა, ჴსნად ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

- მუხლი: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“.

აწცა მოგუხედენ მაღლით, ღმერთშემოსილო, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი, გარე-წარგუჴადენ განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი სამწყსოთა ამათ შენთა და მგალობელთა, მდგომარეთა წინაშე სამარხოსა ნაწილთა შენთასა, და შეწირე ვედრებაჲ ჩუენი დედასა თანა ღმრთისასა წინაშე ქრისტჱსსა თანაშეწევნითა ზეცისა მჴედრობათაჲთა და წინამორბედისა და იოანე ღმრთის-მეტყუელისაჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ყოვლადქებულისა ზენონ იყალთოელისა. შემოკრბით ჵ, მორწმუნენო ქართველნო და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ხოლო ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - განმაცხრობელსა და მავალნი - მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, ღმერთშემოსილო, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ჴმაჲ 5).

- „აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“. - „ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათვის სულთა ჩვენთასა“.

- „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი ღირსისა: „იხარებს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთაჲ...“ (ჴმაჲ 4).

- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარი ხმის მიხედვით): -

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

 

I, III და VI ჟამნებზე:

- ტროპარი: ღირისისა.

- კონდაკი: ღირისისა.

 

წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:

- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“ - გალობისას ჩაერთვის

„მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

სამოციქულო - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2.

სახარება - მთ. 43 დას. XI, 27-30.

შესვლად.

ტროპარი - ღირსისა

კონდაკები - „დიდება“ - ღირსისა

„აწ და“ - „სასოო და შესავედრებელო...“

„წარდგომა“: „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).

მუხლი: „რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე“.

„ალილუია“: „ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“. (ჴმაჲ 6).

მუხლი. „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი და თესლი წრფელთა იკურთხოს“.

განიცადე: „საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

წეს-განგება შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა