ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში

ისტორიული მიმოხილვა

მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა

XII

დეკანოზნი და მღვდელნი ანჩისხატის ტაძრისა

კათალიკოზ-პატრიარქების დროს ანჩისხატის ტაძარში მსახურობდნენ: 1 დეკანოზი და 2 მღვდელი, 2 მთავარი და 2 მეფსალმუნე. ახლის 1819 წლის შტატით დადებულია: 1 დეკანოზი, 1 მღვდელი და ორი მეფსალმუნე. 1831 წ. 1 მეფსალმუნეს მაგიერ მთავარია განწესებული.

1) მღვდელი პეტრე მესი, მოჰყვა თავის ცოლშვილით სამცხედამ ხელით-უქმნელს ანჩის-ხატსა. 1674 წ. კათალიკოზმა დომენტიმ მისცა ადგილი კანდელაკისა ანჩის-ხატის ტაძარში. იყო საყვარელი თანამოსაუბრე კათალიკოზის ნიკოლოზისა, მიიცვალა 1680 წ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ნაწერმა მშვენიერის ხუცურის ხელით კონდაკმა, რომელიც ეხლა ჩვენს საკკლესიო მუზეუმშია დაცული.

2) დეკანოზი იოსებ პეტრეს-ძე, 1681-1711 წლებში.

3) დეკანოზი გრიგოლი, ძე იოსებისა 1711-1724 წლებში, ხელოვანი სამეფო კარის მხატვარი, მგალობელი და მწიგნობარი; ამისი შვილები - ალექსი და ნიკოლოოზ; დიდს მონაწილეობას იღებდა 1705-1721 წლებში სტამბის წიგნების ბეჭდვაში, რისთვისაც მეფე ვახტანგ VI უბოძა უფლება ესარგებლნა სოლოლაკის წყლით თავის გარეთ უბნის ბაღისათვის. როგორც მხატვარი, გრიგოლ დეკანოზი იღებდა მეფის სუფრის სარქრიდამ დღეში ორ პურსა, 2 კერასეულ ღვინოსა და ყოველ წლიურ ჯამაგირს ხაზინიდამ20. 1724 წ. გრიგოლი გაჰყვა ვახტანგ VI რუსეთში და მისი ადგილი მიებოძა მის ძმას დავითს.

4) დავით 1725-1738 წ., ძე იოსებისა, ჯერ კანდელაკი, მერე დეკანოზი. იყო აღმზრდელი ვახტანგ VI შვილებისა, რისთვისაც ეწყალობა მეფისგან 1721 წ. სოლოლაკის ბაღი.

შრომობდა სტამბაში საეკკლესიო წიგნების ბეჭდვაზედ, იყო ჩინებული მწერალი და მხატვარი. სვეტიცხოვლის საკათალიკოზო დიდს სჯულის კანონის  (№76, მუზეუმშია) ბოლოს ვკითხულობთ: „ესე სჯულის კანონი მე ანჩის-ხატის კანდელაკმა დავით, თამაზხან (ნადირშაჰი) რომ ქალაქში შემოვიდა მესამე დღეს (9 ოქტომბერი 1735 წ.) დავიხსენ თათრისაგან, სვეტის ცხოვლისა იყო და ისევ სვეტი-ცხოველს შევწირე სულისა ჩემისა სახსრად და ძისა ჩემისა მიქელის სადღეგრძელოდ. შენდობას ბძანებდეთ“. ამავე დავითს დაუხსნია სწორედ ამ დროსვე სვეტი-ცხოვლის ხელნაწერი (მუზეუმშია, № 84) ჟამნი და ესრევე შეუწირავს.

5) მღვდელი პეტრე, 1721-1734 წ. მწერალ-მწიგნობარი.

6) დეკანოზი ალექსი, 1739-1756 წ. ძე მხატვრის გრიგოლისა. ოსმალეთში ტყვეობიდამ რომ მობრუნდა დომენტი კათალიკოზი, ესე ალექსი მღვდლად აკურთხა. ალექსი იყო საუკეთესო მწერალ-მწიგნობარი და ქართველთა საზოგადოება დიდად პატივსა სცემდა. 1745 წ, შეადგინა სამადლობელი საგალობელნი ბრძოლის ველზედ21; იყო მოძღვარი მეფის თეიმურაზისა და დედოფლებისა - თამარისა და ანნახანუმისა.

ალექსი პატარაობითვე აღიზარდა კათალიკოზ ანტონთან ერთად და სიკვდილამდე დიდათ უყვარდათ ერთმანეთი. ანტონი რომ რუსეთში გააძევეს 1756 წ., ესე ალექსიც დასაჯეს და, ვგონებ, მღვდელობიდგან დააყენეს დრომდე. ანტონს ჰქონდა მიწერ-მოწერა ალექსისთან რუსეთიდგან22; მისგან გადაწერილნი წიგნნი დღესაც მრავლად მოიპოვებიან ჩვენს მუზეუმში. ჰყვანდა შვილები - ნიკოლოოზი, გიორგი, დავითი, ზაქარია, იოსები და სოლომონი. მიიცვალა 1766 წ. და დასაფლავდა ანჩის-ხატის ტაძრის დასავლეთის კარებს წინ.

7) გაბრიელ მღვდელი 1735-1746 წ., მოძღვარი თეიმურაზ მეფისა და დედოფლის თამარისა 1737 წ. ამისი ცოლი მარიამი.

8) გიორგი დეკანოზი, 1765-1779 წ. აღზრდილი კათალიკოზის ანტონ I კარზედ. იყო სიძე სახელოვანის ჯვარის მამის დეკანოზის იოანე გარსევანიშვილისა. მრავალი წიგნნი გადასწერა სკოლებისათვის მხედრულის ხელით. ჩინებული ხუცური წერა იცოდა. ერთს მისგან გადაწერილს წიგნში ვკითხულობთ: „თთუჱსა ივლისსა კბ, ქკს უნვ (1768 წ.) სრულ იქმნა მცირე ესე სჯულის კანონი ქალაქსა ტფილისს, პალატსა საპატრიარქოსა ჴელითა ანჩის-ხატის დეკანოზის გიორგისითა, მხილველთაგან შენდობის მოქენე“ 23 1766 წ. მისგანვე გადაწერილი ლოცვანი, 1767 წ. - კატეხიზმო აკვირვებენ მნახველს. მიიცვალა 1779 წ. თებერვალში, ჰმარხია ანჩისხატის დასავლეთის კარებთან, მისი ცოლი მარიამი +1770 წ.

9) ნიკოლოოზ მღვდელი, ძე ალექსისა, გადამწერი 1767 წ. 20 იანვარს ქილილა და დამანასი24.

10) მიქელ დეკანოზი 1779-1788 წ. ძე გიორგი დეკანოზისა. ამან აღზარდა შესანიშნავი მეუდაბნოე ბერი ბესარიონ ფავლენიშვილი. მიქელზედ სწერს დავით რექტორი „აღვსწერე წიგნი ესე ჰაერში მროკველი - аэростать) მწუხარებასა შინა... სიკვდილისათვის განკრძალულისა მღვდლისა და დეკანოზისა მიხაილისა გიორგი დეკანოზის ძისა. მიიცვალა სეკტენბერს 19, ცისკრის ჟამს, სამშაბათი რომ თენდებოდა ქკს უოვ (1788 წ.) მიქელის ცოლი - ქაიხოსრო შაბურიშვილის ასული ანნა +24 ივნისს, 1786 წ.

11) ზაქარია დეკანოზი, ძე ალექსი დეკანოზისა 1788-1791 წ. მიიცვალა ახალგაზრდობაში.

12) სოლომონ დეკანოზი, ალექსის ძე, 1791-1808 წ., ნიჭიერი მოწაფე ანტონ I კათალიკოზისა. იგი იყო შესანიშნავი მწიგნობარი, მწერალი, მგალობელი, მხატვარი, წიგნთა მკაზმავი. იყო საყვარელი მეფეთა, კათალიკოზისა და წარჩინებული თავად-აზნაურობისა. მისი დახატული წმ. ბარბარეს ხატი დღეს ანჩისხატის ტაძარშია.

სოლომონ დეკანოზი გულადი ვაჟკაციც იყო: 12 სექტემბერს, 1795 წ. განუშორებლივ იდგა თავის საყვარელ ანჩის-ხატის ტაძრის კარებთან და ელოდა - რითი გათავდებოდა თავგანწირული ბრძოლა ერეკლე მეფისა ყიზილბაშებთან; ვიდრე სიონთან არ მიცვივდნენ ყიზილბაშები, მანამ ფეხი არ მოიცვალა სოლომონ დეკანოზმა; მაშინ კი მოიკიდა ზურგზე ხელით-უქმნელი ანჩისხატი და გაუდგა ვერისაკენ საბურთალოზედ და ასე ზურგით აიტანა მცხეთამდე ეს ამოდენა ხატი; აქედან ურმით ანანურში წაასვენა გერგეთისაკენ. მისი რჩევით მეფე ერეკლე და გიორგი სწირავდნენ ღარიბს, ყიზილბაშთა და ლეკთაგან აკლებულს ეკკლესიებს, შესამოსელსა და საჭირო ნივთებსა: ბარძიმ-ფეშხუმსა, კანდლებსა, სასანთლეებსა, წიგნებსა და სხ. 1802 წ. იმპერატორმა ალექსანდრე I უბოძა ოქროს გულის ჯვარი და კამილავკა და 400 მან. სიკვდილამდე პენსია. იმ ხანათ რუსის ჯარებისათვის სახლები არ იყო ჯერ აშენებული და ზამთრობით ტფილისის მცხოვრებლებს უყენებდნენ ხოლმე ჯარის კაცებს საცხოვრებლად. სოლომონ დეკანოზსაც ჩაუყენეს ორი აფიცერი და ორი სალდათი, მაგრამ ძალიან უარზე დადგა. ბოლოს გამოიტანა სახლიდამ კამილავკა და აჩვენა მელიქს დარჩიას - მე ხელმწიფემ ეს პატივი-მცა და თქვენ ასეთ შეურაცხყოფას მაყენებთო? მაგრამ არა იქნა რა. აფიცრები ჩაუყენეს სახლში და სოლომონ დეკნოზს, სანამ ცოცხალი იყო, კამილავკა არ დაუხურავს.

მიიცვალა 1808 წ. და დასაფლავდა ანჩის-ხატის ტაძარში. ღვთის-მშობლის ხატის წინ, ამბიონის მარცხნივ. ანტონ კათალიკოზმა უწირა და აუგო ანდერძი.

13) გაბრიელ დეკანოზი, იოანეს ძე, კანდელაკი. განათლება მიიღო ანჩისხატის სემინარიაში და პატარობიდგანვე კათალიკოზის ანტონ II კარზე აღიზარდა. მთავრად ეკურთხა 20 მარტს 1793 წ. შობიდან 60 წლისა და დასაფლავდა ჩუღურეთის ჯვარის (ეხლა ნიკოლოზის) ეკკლესიაში.

14) დიმიტრი დეკანოზი, ძე დეკანოზის სოლომონისა, დიაბადა  1778 წ. სწავლა მიიღო ანჩისხატის სემინარიაში. 1796 წ. დაინიშნა საქართველოს სასულიერო საკათალიკოზო დიკასტერიის მდივნად; მთავრად ეკურთხა 2 მაისს 1798 წ. და მღვდლად 9 დეკემბერს 1805 წ. 1808-1815 წლებში იყო დიკასტერიის წევრად, ხოლო 1815-1861 წლებში საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორისა. 1817-1852 წლებში იყო საეკლესიო გუჯართა და სხვა ძველ საბუთთა გამრჩევ კომიტეტის წევრათაც 1833-1857 წლებში დიდი დავა ჰქონდა მაღალაანთთან სახლების გამო. შრომის მოყვარეობისათვის დაჯილდოებული იყო 200 მან. პენსიით, კამილავკით, ორდენები - ანნა მე-2 და 3; ვლადიმირისა - მე-3 და მე-4; ენქერი ებოძა 1819 წ. +9 დეკემბერს 1862 წ. დასაფლავებულია ანჩის-ხატის ტაძარში, მაცხოვრის ხატის წინ, ამბიონის მარჯვნივ.

15) დავით დეკანოზი, ძე გაბრიელ დეკანოზისა. სწავლა დაასრულა ანჩისხატის სემინარიაში; 1808-1815 წლებში იპოდიაკვნად იყო ჯერ კათალიკოზ ანტონ II-თან, მერე ვარლაამ ეგზარხოსთან. მღვდლად ეკურთხა 12 მაისს 1827 წ. და დეკანოზად 21 აპრილს 1815 წ. მიიცვალა 2 მარტს 1819 წ. შობიდგან 56 წლისა.

XIII

ანჩისხატის ტაძარში არიან დასაფლავებულნი:

1) წმ. ევდემოს კათალიკოზ-პატრიარქი, დიასამიძე, 1631-1638 წ., როდესაც ქრისტიანობის გულისათვის გათათრებულმა როსტომ მეფემ ჯერ დაატყვევა ტფილისის ციხეში, მერე დაახრჩობინა და გადმოაგდებინა მაღლა ციხიდან აბანოების მხრივ, მისმა თაყვანის-მცემმა სამღვდელოებამ საიდუმლოდ მოასვენეს მისი გვამი და ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხეში მიაბარეს მიწას.

2) ხელით-უქმნელის ხატის წინ ჰმარხია დავით-გარეჯის წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე.

3) ჩრდილოეთ-დასავლეთის სვეტსა და დასავლეთის კედელს შუა ჰმარხია ქვრივი მალხაზ ანდრონიკაშვილისა, მარიამ. ასული იმერეთის მეფის არჩილისა, +10 სექტემბერს 1854 წ. შობიდან 79 წლისა25.

4) უკანა სვეტებს შუა ასაფლავია ბატონიშვილის გიორგის ნაზრიი ტარიელ ჯვარაშვილი +1793 წ. და ძე მისი გიორგი +1791 წ.

5) ამბიონის მარცხნივ ასაფლავია დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე მესხი +1808 წ. 63 წლისა.

6) ამბიონის მარჯვნივ დეკანოზი დიმიტრი სოლომონის ძე +1862 წ. 84 წლისა.

7) სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტის წინ ჰმარხია იოანე ბუჭყიაშვილის მეუღლე ნინო +1802 წ.

8) მის მარჯვნივ კედელთან - გენერალ-მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი +1849 წ.

9) შემდეგ, დასავლეთით მისი ძმა პოდპოლკოვნიკი გედეონ ივანეს ძე ბუჭყიაშვილი, +1858 წ.

10) სამხრეთ კარების შესავალთან სვეტებ შა ჰმარხია პოლკოვნიკი თ. იესე იოსების ძე ანდრონიკაშვილი + 10 ოქტომბერს 1863 წ. 62 წლისა.

11) მის გვერდით ასაფლავია მისი მეუღლე სალომე, სარდლის ქაიხოსრო წერეთლის ასული + 1889 წ.

12) ბეთანიის ხატის წინ ჰმარხია ანახანუმ ზაალის ასული ბუჭყიაშვილისა +1857 წ.

13) მის დასავლეთით ჰმარხიან მისივე შვილები: პოლკოვნიკი მიხეილ ბეჟანის ძე ბუჭყიაშვილი +1887 წ.

14) ჩრდილოეთის კარებთან კონსტანტინე ბეჟანის ძე ბუჭყიაშვილი +1889 წ.

15) გენერალ-მაიორი ვახტანგ ბეჟანის ძე ბუჭყიაშვილი +1901 წ.

16) ჩრდილო-აღმოსავლეთის სვეტთან ჰმარხია პოლკოვნიკი ივანე ბეჟანის-ძე ბუჭყიაშვილი +1890 წ.

17) სამხრეთ კარების მარცხნივ ჰმარხია გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ბეჟანის-ძე ბუჭყიაშვილი +1902 წ.

18) სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტთან ჰმარხია კნეინა ქეთევან დიმიტრის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა +1895 წ.

19) ჩრდილო-დასავლეთის სვეტთან ჰმარხია დეკანოზი სტეფანე გუმილევსკი +1891 წ.

XIV

ანჩისხატის ტაძრის ძველ შემოწირულობათა სიგელ-გუჯართაგან ბევრი აღარა გადარჩა-რა გამუდმებულ ქვეყნის აკლებასა და აოხრებასა.

ათიოდე გუჯარია ჩვენს ხელთ, რომელნიც სიტყვა-სიტყვით მოგვყავს. ეს გუჯარნი ცხადათ ამტკიცებენ ქართველთა სარწმუნოებრივს გრძნობის ძლიერებას და სხვათა შორის, ასაბუთებენ ანჩის პირი-ღვთის ხატის სინამდვილეს, როგორც ზევიტა ვსთქვით.

№ 1. „ქ. შენ საშინელო ღვთაებაო და ხატო უცვალებელო, არსებით მიუწდომელო და ძლიერებით განუზომელო, რომელსა გმსახურებენ ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი ანგელოსნი და მთავარ-ანგელოზნი, მთავრობანი და ჴელმწიფებანი, სერაბინნი და ქერაბინნი და ყოველნი დასნი ძალთანი, შიშით მძრწოლარენი, - აქებენ ქებულებასა შენსა, ეჰა შენ შემოქმედო ჩემო ხატო ღუთაებისაო და პირო ქრისტესო, ანჩის ხატო! მეცა მიწიერი ქმნული შენ მიერი დაბადებული, თაყუანის-მცემელი და სარწმუნოებით და სასოებით შენდამი მოლტოლვილი და მთხოველი და მოქენე წყალობისა და შეწევნისა შენისა ციციშცილი ქაიხოსრო და თანა მეცხედრე ჩვენი ასული ბარათიანთი ანახანუმი და მცირენი ძენი ჩვენნი: იოანე და ნოდარ შიშით თაყვანის-მცემელნი შენ ღ~თაებისა ხატისა და პირისა სახისა თჳთ მეუფისა ჩემისა ქრისტესისა შეწევნისა და მოწყალებად ყოფისა მვედრებელნი და მოქენენი, თაყუანის-ცემით მკადრე ვიქმნებით მცირესა ამას შესაწირავსა, და ვიძღვნის-ვმრთმევლობით წმიდასა შინაჲ წმიდათასა სატრაპეზოსა სამსახურებელსა წლითი-წლადსა ზედაშესა და სეფისკვერსა. რათა ყოველსა წელიწადსა სახლისა ჩვენისაგან ათი კოდი პური და შვიდი კოკა ღვინო ჩვენისა ურმითა ქალაქს, ანჩის ხატის დეკანოზს ალექსის მიერთმეოდეს და შემდგომად ამისა, რომელიც ანჩის-ხატის დეკანოზად დადგინებულ იყოს, იმას მიებარებოდეს და თვითცა წმიდათა შინა წირვასა მოხსენებად ღჲრს ვიქმნებოდეთ საქმით რათამე აქ ამ  პურს და ღვინოს ვერ მოვიტანდეთ, თვით დეკანოზი ანუ კაცი მისი მოვიდოდეს სახლსა ჩვენსა და ათს კოდს პურსა და ათს კოკას ღვინოს მიირთმევდეს და თვით წაიღებდეს შეიწირე შენ ხატო უცვალებელო მცირე ესე შესაწირავი და ხელი წყალობისა შენისა აგვიპყარი და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან და ნაცვალ გვავე ორსავე შინა სუფევასა და ძენი ჩვენნი მცირენი დაიფარენ საფარველსა ქვეშე მოწყალებისა შენისასა! დაიწერა ქრისტეშობისათვის ოცს გასულს ქ~ეს აქეთ ათას შვიდას ოცდა ჩვიდმეტს.“ 

ქაიხოსრო

№ 2. „ყოვლისა საქართველოს კათალიკოზ-პატრარხი მეფის ძე ანტონი გიბრძანებ ყოველ წლივ ჩვენის კათოლიკე ეკკლესიის სვეტისცხოვლის კარის იჯარის ამღებთა, მეიჯარეთა; მერე ტფილისის ჩვენი ეკკლეია სანთლითა და საკლმით დიდათ ნაკლულევანია ანჩის-ხატი და ჩვენს სადღეგრძელოდ და სულიერად წარსამართებელად წელიწადში სამი თუმანი და სანთლისა და საკლმის ფასად შეგვიწირავს და მიგვირთმევია. ჩვენის კარის იჯარას ვინც აიღებდით ხოლმე, ყოველს წელს რაც ზევით დაგვიწერია რიცხვით, იმას ანჩის-ხატის დეკანოზს მისცემდეთ უკლებლად და დეკანოზი როგორც ეკკლესას ეჭირება სანთელ-საკმეველი, ისე მოიხმარებს; და როდესაც მისცემდეთ, ბარათს გამოართმევდეთ დეკანოზსა და იმ ბარათს ჩვენი მოხელენი ანგარიშში გაგიტარებენ და გიბრძანებთ კარისა ჩვენისა მოხელენო და მოსაქმენო ჩვენგან შეწირულსა და დამტკიცებულსა ამას ნურვინ წინა აღუდგებით თვინიერ შეწევნისა და თანა-დგომისა, რომ ყოველს წელს ასე უნდა ეძლეოდეს უკლებრად და ულაპარაკოდ. კათალიკოზი ანტონი.“

№ 3. „ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა. ესე წიგნი მოგართვი თქუენ დეკანოზს სოლომონს და წმინდის ანჩის-ხატის ეკკლესიის მეწისქვილე აზატამ ასე რომ ყაფლანის შვილის ქაიხოსროს ჯალაბის ანნას წილხდომილი ყმა ვიყავი, რომ მეფის ირაკლის და მსაჯულთ სამართლით დავრჩი ამას ყმათ; მანამ ეს ჩემი ბატონი ანა ცოცხალი იყო ვმსახურე და სიკუდილის ჟამს ცემი თავი ანჩის-ხატის ეკკლესიას შემოსწირა და დამადო ერთი ჩარექა ზეთი, სამი სტილი სანთელი და ორი სტილი საკმელი ყოველს წელიწადს, ეს უნდა მოგართო და ერთი საწირავიც რომ ჩემს ბატონს ანას უწიროთ. ჩემ შედეგათ ჩემმა შვილმა და შვილის შვილმა ასე მსახურონ ეკკლესიასა. მე მწერალს იოანე პენტელაშვილის დამიწერია აზატას სიტყვით იანვრის ი ქ~კს უჲც +“ (1780 წ.)

№ 4. „ქ. შენ ჩვენს სასოსა და მეოხსა პირსა მღვთისასა შემოგწირე მე მონამან შენმან ანდრონიკეს შვილმან დიანბეგმან ქაიხოსრომ, რათა მეოხ ექმნა მონასა შენსა ძესა ჩემსა სვიმონს და განათავისუფლო სნელებისა ამისგან ამინ. ერთი კომლი კაცი თავის მამულით. ქაიხოსრო“.

№ 5. „ქ. ჩვენს ს~დ ქართლისა კახეთისა და სხვათა მეფე გიორგი ამ ჩვენის სიძის ენდრონიკოვის სვიმონისაგან შეწირულობის წიგნს ამას ვამტკიცებთ მარტის ლა, ქ~კს უპვ.

გიორგი

„ქ. ნებითა და შეწევნითა ღ~ისა მამისა და ძისა და სულისა წმინდისათა, მეოხებითა ყ~დ წმიდისა და ღ~ის მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველ-მყოფელისა ჯუარისათა, მინდობითა წმინდათა და ყ~დ ქებულთა ათორმეტთა მოციქულთათა და მადლითა მოციქულთა სწორისა და ქართველთ განმანათლებელისა დედისა ნინოსითა, - შენ ზესთა საკჳრველსა და სასწაულთა მოქმედსა სასოსა ჩუჱნსა ანჩის ხატსა მანდილსა ზ~ა გამოწერილსა პირსა ღ~თისასა შემოგწირეთ ჩუჱნ საფარველითა შენითა დაცულმან ანდრონიკემან ქისიყის მოურავის შვილმან ელიაღასმან სჳმონმა და თან ფერცხალმან ჩუჱნმან, საქართველოს მეფის გიორგის ასულმან ბატონისშვილმან ბარბარემ, შემოგწირეთ ჩუჱნი მკვიდრი ყმა, მელაანს სოფელში მსახლობელი, ბიძინას შვილი ბიძინა ერთი კომლი კაცი თავისის მამულით სახნავ-სათესით, ვენახით და სახლ-კარით, რითაც შეძლებით მქონებელი იყოს ყოვლითავე, აღსაზრდელად და დასაცუჱლად ძისა ჩუჱნისა თომასსა, და საოხად სულთა ჩუჱნთა და შესაწევნელად ჩუჱნსა ყ~თა აღდგომასა დიდსა მას დღესა განკითხვისასა; დამამტკიცებელნი წიგნისა ამის შეწირულობისანი ღ~თმან აკურთხენ და შლად ხელმყოფნი და გამომწირველნი ამისთ იყუნენ წყეულ და შერისხულ ამინ. წელსა ქ~ს განხორციელებითგან ჩღჟჱ თუჱსა, მარტსა ია-ს. ერთს ღ~თს ვესავ სამებითს სჳმონ ვამტკიცებ წამებით +.

ქ. ჩუჱნ ქართლისა და კახეთისა და სხუატა მეფის გიორგის ასული ბატონის შვილი ბარბარე, ნებითა ჩემითა ვამტკიცებ წიგნსა ამას შეწირულობისასა მარტის ია, ქ~კს უპვ. მეფის ასული ბარბარე.“

№ 6. „ქ. უწმიდესს პირი ღ~ისას კაცი რომ შემოსწირა მის უმაღლესობის სიძემ ენდრონიკაშვილმა სვიმონ, ის კაცი ბიძინაშვილი ბიძინა, მელაანს მემკვიდრე მსახლობელი, ამ მამულის მქონებელია დღეს, თითონ ფიცით თქვა.

ქ. ოთხის დღის მიწა სახნავი შიგნითა მაქვსო.

ქ. ოთხის დღის მიწა გარეთ ტყის პირსაო.

ქ. ოთხის საპალნის ვენახი მაქვსო“.

№ 7. „ქ. შენ ყ~დ დიდებულსა ხატსა და ბრწყინვალებასა ღუთისა მამისა ანჩის-ხატისა პირსა მღ~უთისასა მოახსენე მე ენდრონიკაშვილის ბატონის სიძის ელიაღასი სვიმონისაგან მამულით შემოწირულმან მელაანს მოსახლემ ბიძინა შვილმა ბიძინამმ და გადვიკვეთე ჩემის ნებითა და ჩემის შვილის მოსესა და აბრამის ნებით თქვენი სამსახური ყოველს წელიწადს გიორგობისთვეს გიახლებოდე და რვა მინალთულს თქვენს დეკანოზს თქვენს სამსახურად მივართმევდე, და თუ მე ვერ გიახლო და ვერ მოგართვი და დეკანოზის კაცი მომივიდეს, ამ რვა მინალთულს იმას მივაბარებე, რომელიც სოლომონ დეკანოზის ნებით გამოგზავნილი კაცი იყოს. არის ამისი მოწამე თვით ჩემი მფარველი პირი მღ~უთისა და კაცთაგან მისის სიმაღლის კარის მღუდელი დიმიტრი. მონა მღუთისა დიმიტრი თურქისტანიშვილი, კ~დ მღუდელი იოსებ (იოსებ), საათაბაგოელი პეტრე ბერი + დიაკონი იოანე + და მე ბატონის მოძღუარს იოსებს დამიწერია ამ ბიძინაშვილი ბიძინას ნებართვითა და სიტყვითა და მოწამეცა ვარ. დაიწერა ივლისის ა. წელსა ჩღჟჱ ქ~კს უპვ.“

№ 8. „ქ. მე მუხრან-ბატონის ძეს ერმის შემომიწირავს ანჩის-ხატის პირის მღვთისათვის სასეფისკვერეთ წელიწადში სამი კოდი ფქვილი თავის მარილითა ... ასე, რომ შეწირულობის ფქვილი ესე ყოველწლივ და უკლებლად უნდა მიერთმეოდეს თელეთის ღალიდამ. რომელიც იმ წელს მოღალე იქმნება იმას უნდა გამოართმევდეს ხოლმე დეკანოზი. აგვისტოს ბ. წელსა ჩყივ-ს. მუხრანის ბატონის ძე ერმი“.

№ 9. „ქ. 1816 წელსა ოქტომბრის 6 დღესა. შენ კაცთა ბუნებისა ჴსნისათვის განკაცებულსა ღ~თისა სიტყვისა სახესა ხატსა მაცხოვრისასა, ტფილისს ანჩის-ხატის ღ~თის მშობლის შობის ეკკლესიასა შინა სვენებულსა ჴელითუქმნელსა ხატსა პირსა ღ~თისასა და სასოსა ჩემსა და ჩემთა მშობელთასა, ადრინდელისამებრ ჩემისა განზრახულებისა აწ შემასრულებელმან შემოგწირე საუკუნოჲთა და ყოველთა კაცთა მიერ უცილობელთა შემოწირვითა, საკუთარი ჩემი მამა-პაპეულებისა გამო, და ეგრეთვე საკუთარი ჩემი ხვედრი ძმისა გამო ჩემისა, ხატის თელეთსა შინა სოფელსა მდებარე მიწა, რომლისაც ერთს მხარეს უძევს მუხრან-ბატონის მამული, მეორე მხარეს ჩემის საკუთარი ბაღის ჴევამდინ, ზევით მხარეს ყოვლადწმიდის საყდრის გორა, ქვეით მხარეს ბოლომდინ, სადამდინაც მე ვფლობ. ამ ოთხ მიჯნათა შორის შემოგწირე ოცის დღის ნაფუძარი მიწა ხოდაბუნად, რომელიც თქვენმა კრებულმა უნდა გამიჯნოს და უნდა იყოს ეს ჩემი შემოწირული თქვენდა პირო-მღვთისაო, ვ~ა მწულილი იგი ოდესმე ქურივისა მის, და შენ შემწირველმან ამა ჩემის მცირის შესაწირავისამან მომაგე შენი უხვი წყალობაჲ სულიერად და ჴორციელადცა! და რომელმან კაცთაგანმან ამ ჩემის შეწირულობისა ცილობად ჴელჰყოს მახლობელმან ჩემმან, ანუ უცხომან - შენ მიაგე რისხუა შენი და ჩემთა ცოდუათათჳს იგიმცა განიკითხჳს დღესა სასჯელისასა. ხ~ო დამამტკიცებელნი ამისნი შენ აკურთხენ საღმრთოჲთა კურთხევითა შენითა. ამინ. თავადი ფარსადან, ძე თეიმურაზისა ციციანოვი.

ეს შეწირულობის წერილი თავადის ფარსადან ციციანოვის თხოვით დავწერე, დეკანოზი იესე ჩუბინოვი.

ჩემის ძმის თ. ფარსადანის შეწირულობის ყაბული მაქვს თ. დავით ციციანოვს, თეიმურაზის ძეს; ამ დავითის თხოვნით, რადგან წერა არ იცოდა, და მე ათანასეს დამიწერია პორფიროვს. მე კნეინა ანნა ამ ჩემის შვილის ფარსადანის შეწირულის თანახმა ვარ.

თხოვითა ფარსადან ციციანოვისათა თანა დამსწრე და მოწამე ვარ შეწირულობის წერილისა ამის მღუდელი ეგნატი იოსელიანი.

თხოვითა ფარსადან ციციანოვისათა თანა დამსწრე და მოწამე ვარ შეწირულობის წერილისა ამის მღვდელი იოსებ ბაქრაძე“.

№ 10. „არსებისა ხატო უცვალებელო ძეო, სიბრძნეო და სიტყვაო მამისაო, შემოქმედო ყოველთა ხილულთა და უხილავთაო, რომელმან შექმენ ცანი და ქვეყანა და არა არსისაგან მომიყვანენ არსებად და ყოველნი საქმენი შენნი საკვირველ არიან, რომელმან ჰქმენ კაცი ხატად და მსგავსად შენისა ღ~თაებისა, და შურითა მოძულისა ეშმაკისათა სცთა და გარდაჴდა მცნებასა ჴელმწიფებისა შენისასა, რომლისათვისცა დაისაჯა კაცთა ბუნება, გარნა შენ უსაზღვროჲთა მოწყალებითა არა უგულებელს ჰყავ დაბადებული შენი და გარდამოჴედ ქვეყანად  მიუწთომელითა განგებულებითა. და კაცთა ბუნებითა დაჰფარე ღვთაება შენი, რათა გამომიხსნა ჩვენ ტყვე ქმნილნი ჯოჯოხეთს შინა და ჩვენისა ცხოვრებისათვის დაგვიტევე თვით საუფლო სახე ჴელით-უქმნელი ხატი ღვთაებისა შენისა შესავედრებელად და მხსნელად ყოვლისა მხუარებისა ჩვენისა. ამისთვის ჩვენცა ყოვლისა კაცობრივისა შეწევნისა და ზრუნვისაგან უღონო ქმნილთა მოვმართავ შენსა საშინელსა ხატსა თვით შენსა ღვთაებასა შეხებულსა წინაშე! შენსა მიწასა ზ~ა დაცვივნულთა და ესრეთ მხურვალედ ცრემლით მთხოველთა სამკვიდროსა მამა პაპათა ჩვენთასა და აღვსთქვით აღთქმა ესე უტყუელი ჩვენ უღირსთა ქვემორე ჴელის მომწერთა: უკეთუ სათნო იჩინოს მოხედვა უსაზღვრომან მოწყალებამან შენმან და ჩვენ დასჯილნი ცოდვათა ჩვენთა სიმრავლითა ღირს ვიქმნნეთ გამოხსნად ტყვეობისაგან (?) და მამა პაპათა ჩვენთა სამკვიდროსა ზედა დამკვიდრებად. ყოველს წელიწადს მოვართმევდეთ ტაძარსა შენსა ორმოც ლიტრას წმიდას სანთელსა, ხუთ ლიტრას საკმელსა, ათ თუმანს თეთრს, ოც ხარს და ოცდა ათ სულს ცხვარს; და რომელიც საჭიროება ჰქონდეს დიდებულსა ტაძარსა შენსა აღსაშენებელი, ანუ განსაშვენებელი, ამით შეწირულობით და სხვითაცა შეძლებისაებრ ჩვენისა წარვმართებდეთ და მოვახმარებდეთ და ვინემ შვილნი და შვილის-შვილნი ჩვენნი იყვნენ თვისსა სამკვიდროსა ზედა, დაუცხრომელად მსახურებდენ საშინელსა ხატსა და ტაძარსა შენსა, ანჩის-ხატად სახელდებულსა; და ოდეს მივემთხვივნეთ სავედრებელსა და სათხოვარსა ჩვენსა სიგელიცა ესე განვაახლოთ და კახეთსა შინა ვენახიცა ერთი მოგართვათ საზედაშეო ყოვლის თავის გამოსავლით ყოვლის კაცის უცილობლად და მოუდევრად. წელსა ჩყვ მონა ღვთისა ბართლომე. გიორგი მონა ღ~თისა, მონა ღვთისა დავით (?).“

 


1. შუა თაღებზედ - მარცხნივ დახატულია შობა, ხარება, მიძინება ღვთისმშობლისა;  მარჯვნივ - მოციქული თადეოზი, პირი ღვთის ხატით და ავგაროზი, მისი განკურნება, ედესის ქალაქის კარის ბჭე იმავე ხატით და ანტონ მარტყოფელის მის მიერ მოსვენებული კეცის ხატით.

2. იხ. ქრონიკები. II, 190 გვ.

3. იხ. იქვე 267-258 გვ.

4. შემდე VI საუკუნეში ეს კეცი ხელითუქმნელის პირი ღვთის ხატით ესვენა ერთბუნებიანთა მწვალებელთა (ნესტორიანნი) საყდარში. წმ. მამა ანტონ ათორმეტთაგანმა ნახა იგი ხატი და შეშურდა, რომ ამისთანა დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში იყო. როცა წმ. იოანე ზედაძნელი თავისი მოწაფეებით გამოემართა საქართველოსაკენ, წმ. ანტონმა იდუმალ წამოიღო კეცი და მოასვენა საქართველოში.

5. პეტრეს შთამომავლობას (მესხიაანთ გვარს) ამილახვარმა უბოძა შემდეგ ბეითალმანი მამული გადასულის აზნაურისშვილის ფოცხვერაშვილისა ს. საკორინთლოში.

6. ეს მარგალიტი თამარ დედოფლის ყელზედ სამკაულს თურმე შეადგენდა ოდესმე.

7. ქართველთა ეკკლესია დღესასწაულობს წმ. შალვას და მისთა მოყვასთა ხსენებას 29 სექტემბერს.

8. იხ. ქ. ცხ. II, 168-169 გვ.

9. მაგ. სავედრებელი პარაკლისი და სხვა მრავალნი.

10. იხ. Изоб. жит. свят. А.Н. Бохметьевой, Августь 51-56 стр.

11. იხ. პარაკლისი.

12. იხ. ქრონიკები II, ჟორდანია - 170 და 186 გვ.

13. მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძის ელჩი არხიმანდრიტი იოსები, თ.ვოლინსკის ამალაში აღდგომის დღეს 11 აპრილს 1637 წ. თავის ამხანაგებით ალავარდის ტაძარში იმყოფებოდა. წირვის მოსმენის შემდეგ იოსებმა უამბო ამხანაგებს - ქართველებს სახარების კითხვა არა სცოდნიათო, გალობენო. ასეც მისწერა მოსკოვში. ამ დღის მწირველი იყო ალავერდელი ზებედე მთავარეპისკოპოსი კრებულით.

14. ეს ქვა დაცულია ანჩისხატის ტაძრის სალაროში.

15. დღეს სიონის მთავარი სცხოვრობს.

16. გრე - გოჯი, ადლის მეთექვსმეტედი ნაწილი.

17. იყო სიძე ერეკლე მეფისა, მეუღლე მარიამისა. ანტონს სახლთხუცესად ჰყვანდა და 1828 წ. იქვე მოკვდა დარდისაგან დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის ჩინით. ანტონი რომ მიიცვალა, ნიჟეგოროდის ეპისკოპოსმა ათანასემ უწმ. სინოდს წარუდგინა მისი პანაგია, დაფასებული 3915 მან. და შუბლის ბრილიანტის ჯვარი, დაფასებული 3905 მან. სულ7820 მან. ეს ფული სინოდმა გამოგზავნა ტფილისში, სასინოდო კანტორაში და ჩააბარეს ესტატეს მემკვიდრეს - პრაპორშჩიკს ქართველთა გრენადერის პოლკისას, დავით ესტატეს ძე ციციშვილს ოქტომბრის 25-ს 1829 წ. რაკი ანტონმა თავისი ქონება ესტატეს უანდერძა (იხილე Д. Груз. И.С. Конторы 1829 г. № 2195).

18. ამ ქონებიდგან - ბარძიმი (1 გირვ. და 36 მისხ.), ფეშხუმი (50 მისხ.) და ორი თეფში (1 გირვ. 10 მისხ.) ოქროცურვილი ვერცხლისანი და სხ. - საქართველოს ეგზარხოსის ისიდორეს განკარგულებით გადაეცა სასინოდო კანტორას ლეკთაგან აკლებულის კახეთის ეკკლესიებისათვის 1851 წ.

19. იყო ძე დავით გარესჯის უდანოს სქემონაზონის ონისიფორესი (+1786 წ. იანვრის 6).

20. იხ. დასტურ. მეფე ვახტანგ VI, ტფილისი, 1885 წ. 15 გვ.

21. იხ. სახ. მუზეუმში № 5

22. იხ. ივერია 1879 წ.

23. იხ. წ. კითხ. სახ. მუზეუმში ხელნაწერი № 1597.

24. იხ. იქვე ხელნაწერი № 87.

25. ბატონიშვილი მარიამ სცხოვრობდა ჯერ სიღნაღის მაზრის ს. გურჯაანში, კახთუბნის ყოვლად წმიდის მონასტერში და 1840 წლიდან გადმოსახლდა ტფილისში, და ანჩის-ხატის ტაძრის ეზოში სცხოვრობდა, დღე-ღამე მლოცველი და მომსმენი წირვა-ლოცვისა.