უფალო, ძალი ერსა ჩვენსა მოეც...

გალისა და ოჩამჩირის რაიონების საზღვარზეა სახელგანთქმული ბედიის ტაძარი. „ვისაც გენებოს განიცადოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ მეფისა, განიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“-ო, გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“.

ძველებური ბრწყინვალების თითქმის არაფერი შერჩენია ამ მართლაც დიდებულ ნაგებობას, ისეა გაპარტახებული და მოუვლელი აქაურობა.

ჩემს ბავშვობაში ასეთი გადმოცემა გამიგია ტაძრის აშენების თაობაზე:

ერთიანი საქართველოს პირველი დიდი მეფე ბაგრატ III თავისი მხლებლებითურთ ნადირობდა ოდიშის უღრან ტყეში, და აი, დღევანდელი ბედიის სანახებში მონადირეებს გზა დაებნათ. ბევრი ხეტიალის შემდეგ იმ ადგილზე გამოვიდნენ, სადაც ახლა ტაძარია. აქედან კარგად ჩანდა კოლხეთის ვრცელი დაბლობი და ზღვა. ერთ-ერთმა დიდებულმა მიახარა თურმე მეფეს - ბედი გქონია, მეფევ ბატონო, გადავრჩითო!

მეფე კარგა ხანს მდგარა მდუმარედ. მერე უბრძანებია, ამ ალაგას ჩვენი გადარჩენის აღსანიშნავად, აიგოს დიდი ეკლესია და მას ბედია ეწოდოსო!

სულ მალე აშენდა დიდი საკათედრო ტაძარი - ქართული არქიტექტურის მშვენება - ბედიის სახელით რომ იხსენიება.

x x x

ბედიის ტაძარი (X-XI სს.)

ბაგრატ III - სრულიად საქართველოს პირველი დიდი მეფე - დავით კურაპალატის შვილობილი, გურგენ მეფეთამეფის ძე, შთამომავალი ტაოს ბაგრატიონთა, რომლებიც, ქართველთა მეფეებად იწოდებოდნენ და რომელთაც სათავე დაუდეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას, დედით აფხაზთა მვფის ასულის, გურანდუხტის შვილი იყო. დავით კურაპალატი ქართლის წარჩინებულის, იოანე მარუშის ძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და აქ თავისი შვილობილი გააბატონა. მცირეწლოვანობის გამო ბაგრატს თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა.

„აფხაზია“ მეფეს თეოდოსს, გურანდუხტის ძმას, შვილი არ ჰყავდა, დავით III უშვილო იყო. ამრიგად, ბაგრატ III დედით დასავლეთ საქართველოსა და ქართლის, მამით და მამობილით კი სამხრეო საქართველოს კანონიერი მემკვიდრე გახლდათ.

978 წელს დავით კურაპალატმა და იოანე მარუშის ძემ, ამ დაუღალავმა, ენერგიულმა და გამჭრიახმა დიდებულმა და დიდმა მამულიშვილმა - ბაგრატი აფხაზეთში, დასავლეთ საქართველოში გაამეფეს; გურანდუხტი კი ამ დროს ქართლს განაგებდა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი ედგა სათავეში. 979 წელს დაამარცხა, აგრეთვე, გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაშიც და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო. გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდ. ნაწილიც (ამიერ ტაო: შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი). ამ დროიდან ბაგრატ III „აფხაზთა და ქართველთა“ მეფის ტიტულს ატარებდა. 1010 წელს მან კახეთ-ჰერეთიც დაიკავა და ამით საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებული საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. ამით მან დააასრულა ის საქმე, რაც აფხაზთა მეფე ლეონ II-მ წამოიწყო.

ვინ არიან ისტორიული აფხაზები, რომელთა სახელწოდებით იწყება ჩვენი მეფეების ტიტულატურის ჩამოთვლა? რა კავშირი აქვთ მათ ძველ აბაზგებთან და აფშილებთან, ვინ არიან აფსუები?

ზოგიერთი ქართველი მეცნიერის აზრით, აბაზგები და აფშილები დღევანდელი აფხაზების (აფსუების) წინაპრები არიან. სხვათა აზრით, ისინი ქართველური მოდგმისანი გახლავან. ს.ჯანაშიას აზრით, აბაზგებსა და აფშილებს მათი დღევანდელი ტერიტორიის დიდ ნაწილზე „წინ უსწრებდა ერთი მხრით, სვანური, მეორე მხრით ჭანურ-მეგრული მოსახლეობა“. შემდეგ ევსევი კესარიელის, იპოლიტე პორტელის და სხვათა მიხედვით, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე სანიგები ყოველთვის დაკავშირებული არიან სებასტობოლისთან-ცხუმთან და, საერთოდ, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. იმავე ს.ჯანაშიას აზრით, „სანიგი“ არის სახელწოდება იმ მეგრული ტომისა, რომლის არსებობა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აქ აფხაზთა დამკვიდრების უწინარესად არის საგულვებელი. ამ დებულების ერთ-ერთი უტყუარი საბუთი სწორედ ტოპონიმიკაც გახლავთ, არქეოლოგიურ მასალებთან ერთად, ესოდენ უგულვებელყოფილი რომ არის ზოგი მეცნიერის მიერ დღეს და რის გამო ასე გააფთრებით ებრძვიან ხოლმე პ.ინგოროყვას, რომელსაც, სხვათა შორის, თითოეული ტოპონიმის ასახსნელად მოჰყავს ოთხი თუ ხუთი წყარო მაინც, როგორც უცხოური, ისე ქართული.

როგორც ცნობილია, არაბთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად დაეცა ეგრისის სამეფო. სამეფო დინასტიამ თავშესაფარი ჰპოვა უფრო დაცულ ჩრდილო-დასავლეთში, მომძლავრებულ აფხაზეთში. სწორედ ამ დროისათვის ე.ი. მერვე საუკუნის ბოლოსათვის აფხაზთა მთავარი ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიაზე დამოკიდებულებისაგან და მიიღო აფხაზეთის მეფის ტიტული. საზღვარმა ანაკოფიიდან მდ. კელასურამდე, ანუ კლისურამდე გადაინაცვლა, ხოლო ეგრისის დაუძლურების გამო ეგრისის მთელი ტერიტორია მთლიანად შევიდა ამ ახლადჩამოყალიბებული სამეფოს ფარგლებში და მისი დედაქალაქი გახდა ქუთაისი.

მე-10 საუკუნეში, ზოგი მკვლევარის ვარაუდით, უფრო ადრე მე-8 საუკუნეში აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსომ შეცვალა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ლაზიკის სამიტროპოლიტო და აბაზგიის სამთავარეპისკოპოსო ეპარქიები. აფხაზეთის კათალიკოსის საკათედრო ტაძარი, რომელიც ანდრია მოციქულის საყდრად იწოდებოდა, ბიჭვინთაში იყო: აფხაზეთის კათალიკოსი ბიჭვინთის კათალიკოსადაც იწოდებოდა და საქართველოს კათალიკოსს ექვემდებარებოდა.

ის გარემოება, რომ, დასავლეთ საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ აქ ეკლესიებში წირვა-ლოცვა და ქადაგება მხოლოდ ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა, რომ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ მერვე თუ მეცხრე საუკუნეში „შეაღწია“ ქართულმა დამწერლობამ, ენამ და კულტურამ, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს.

აღმოსავლური ქრისტიანული მართლმადიდებლობა იმითაც გამოირჩეოდა დასავლურისაგან, რომ იმთავითვე მოითხოვდა ქადაგებას და წირვა-ლოცვის ჩატარებას მშობლიურ ენაზე, რათა გასაგები და უფრო ახლობელი ყოფილიყო მოსახლეობისათვის ქრისტიანული სარწმუნოება, და შემდეგ: თუკი მთელი ექვსი საუკუნის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ბერძნულ ენაზე ისმენდა ქადაგებას და წირვა-ლოცვას, წესით და რიგით ამ ხნის განმავლობაში იგი სულიერად მაინც უნდა „გაბერძნებულიყო“. და თუ ეს ასეა, როგორღა იმძლავრა მერვე თუ მეცხრე საუკუნეში ქართულმა ენამ და კულტურამ ჯერაც დაქუცმაცებულ ქვეყანაში?

დიდი ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე ყველა ქართველ ტომთათვის კულტმსახურების ენა ქართული იყო.

ქართული ენა სრულიად გასაგები და დედა ენა იყო ყოველი ქართველი ტომისათვის, ხოლო „მეგრელებსაც და სვანებსაც, და დავუმატებ ჭანებსაც, მათ მართლა ქართველ ტომებად ვთვლი და ვუწოდებ“-ო, -ბრძანებდა დიდი მეცნიერი.

ასე რომ, საკვირველი არ უნდა იყოს, ქრისტიანობის მიღების შემდეგაც, რომელიც თითქმის ერთდროულად მოხდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, მღვდელმსახურება ყველასათვის ქართულ ენაზე რომ ყოფილიყო.

... ერთიანი, მთლიანი საქართველოს დაშლის პერიოღში (XV ს.) აფხაზეთი შედიოდა სამეგრელოს სამთავროში და ერთი მთავარი ჰყავდა - ბედიანი.

ნ. ბერძენიშვილის განმარტებით, კულტურულ-ისტორიულად საქართველოში „აფხაზი“ იმდენადვე (და არა უფრო მეტად) არსებობდა, რამდენადაც ქართი, კახი, მესხი, ჯავახი, კლარჯი, ეგრი, სვანი და სხვ. ან კიდევ „კახელი“, „ქართლელი“, „გურული“, „მეგრელი“, „იმერელი“, „აჭარელი“ და ა.შ. რომ ფეოდალური აფხაზეთი მხოლოდ „ქართული“ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ აფხაზი კულტურულ-ისტორიულად „ქართველი“ იყო.

ამ მხრივ არაფერი შეცვლილა საქართველოს დაქუცმაცების დროსაც.

ბედიანის სამფლობელოში, სამეგრელოსა და აფხაზეთის გარდა, შედიოდა გურია და სამი ქალაქი: ცხუმი, ფოთი და ციხისძირი (პეტრა), აგრეთვე, ბათუმი.

მე-17 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა დამოუკიდებელი სამთავრო, რომლის სამხრეთის საზღვარი ხდება მდ. კოდორი (კორაქსი), ასეა ეს არქანჯელო ლამბერტის მიერ შვდგენილ რუკაზე (1654 წ.) და მის წიგნში „წმიდა კოლხეთი“. ამ საუკუნიდან იწყება ბრძოლა საზღვრების გაფართოებისათვის. ხან დადიანები იმარჯვებდნენ ამ ბრძოლა-ქიშპში, ხანაც შარვაშიძეები. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება აფხაზთა ინტენსიური თავდასხმები სანაპიროებზე. ვახუშტის ცნობითაც და მისიონერების ჩანაწერებითაც ირკვევა, რომ დიდძალ ტყვვებს იტაცებდნენ გურიის სანაპიროებიდანაც. „აფხაზები თავს ესხმოდნენ სამეგრელოს საზღვრებს. მთლიანად ააოხრეს ის, ხოლო მცხოვრებნი გაყიდეს მონებად და გადაასახლეს აფხაზეთში“, წერს ლამბერტი. სამეგრელოდან, გურიიდან მოტაცებული ტყვეები ხდებოდნენ მეტწილად მონები (აფხ. აგრუა - მეგრელს ნიშნავს, ხოლო აგურუა - გურულს). თანდათანობით ეს აგრუა აფხაზდებოდა, კარგავდა მშობლიურ ენას. მაგრამ ტყვე აგრუებს თუ აგურუებს, ბუნებრივია, თან მოჰქონდათ თავიანთი ადათ-წესები, სულისმიერი კულტურა, სიმღერები, ცეკვები და ისინი ნელ-ნელა ერწყმოდნენ თავიანთ მონათესავე აფხაზურს. აქედანაა აფხაზურ-მეგრული სიმღერების ასეთი მსგავსება. ეს ნათესაობა ბევრ რამეში იჩენდა თავს და ესეც ბუნებრივი იყო, რადგან ორივე ტომი საერთო - იბერიულ-კავკასიური ფესვით საზრდოობდა და იკვებებოდა. ამგვარი გზით გააფხაზებულთა რაოდენობა შემდეგაც იზრდებოდა (აქედანაა დღეს ამდენი აფხაზი ფაჩულიები, კობახიები, ხვარწკიები, გურგულიები, გვარამიები, გოგუები, დოლიძეები, თაყაიშვილები და ა.შ.). ხდებოდა პირუკუ პროცესიც, ცნობილია ლევან დადიანის ბრძოლები იმერეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. დადიანის მიერ აყრილი ტყვეები ექცეოდნენ მეგრულ გარემოცვაში და ასე ვთქვათ, მეგრელდებოდნენ. შემდეგ ამ ფაქტორებს მე-19 საუკუნეში დაემატა ცარიზმის პოლიტიკა: დაყავი და იბატონე; დაემატა „ჩინ-მედლების“ სიყვარული, სავარძლის სიყვარული... ეროვნულობის სასწორმა იქითკენ იწყო გადახრა, საითკენაც მეტი იყო გამორჩენა - პირადული, რასაკვირველია.

მივუბრუნდეთ ისევ მე-17 საუკუნის ამბებს. დასავლეთ საქართველოს, იმერეთის სამეფო ფორმალურად ერთიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრები დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, სამთავროთა შორის გაუთავებელი ომებით სარგებლობდა თურქეთი და სპარსეთი. „საქართველო თავად ცოტა იყო და მერმე მრავალ გაყოფილი და ერთმანეთის ურჩი და ქიშპნი მტერნი, ერთმანეთისა მარბევნი და მაწყინარი“, - შენიშნავს ქართველი მემატიანე, - არც ერთმანეთს ასვენებდნენ და არც ქვეყანას, ხოლო ამით მტერმა „უფრო ძალა წამოატანა და დაჩაგრა, თორემ თუ ამას ერთი პირი ჰქონებოდათ, ვერც არას უზამდნენ, ვერც ამას სხვა მტერი წაართმევდა რასმე. ამათი საქმე ნიადაგ ასე ერთმანეთის მესისხლეობით გათავებულა და წამხდარა, მაგრამ ამ საქმეს არც მოკლებიან და არც მოუშლიათ“.

თურქეთი მარტო იარაღით რომ ვერაფერს ხდება, მიმართავს თავის ნაცად ხერხს - ფეოდალთა გადმობირებას, მოსყიდვას. სწორედ ამ მოსყიდულ ფეოდალებზე დაყრდნობით გაჩაღდა უზარმაზარი მასშტაბით ტყვეთა სყიდვა, მაჰმადიანობის გაძლიერებული ქადაგება და დანერგვა, უძველესი მატერიალური და კულტურის ძეგლების მოსპობა, ადგილობრივი ტრადიციების დევნა, ენის შევიწროება და ა.შ. ყოველწლიურად მარტო სამეგრელოდან მიჰყავდათ 12 ათასი ტყვე. „არც ერთ ომს, არც ერთ უცხოელ დამპყრობელს არ მიუყენებია საქართველოსთვის ისეთი ზიანი, როგორც ტყვეთა სყიდვამ“ (ივ.ჯავახიშვილი, ნ.ბერძენიშვილი, ს.ჯანაშია).

ამ საშინელ ბოროტებას ებრძოდნენ მოწინავე ადამიანები, იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1540-1549 წწ.) საგანგებოდ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც დააწესა მკაცრი სასჯელი სახელმწიფო წესრიგის დამრღვევთათვის. „ამ დროს - წერს ვახუშტი - იმერეთში გახშირდა გაყრა, კაცთა კვლა და ტყვეთა ფარული სყიდვა... შეიკრიბნენ კათალიკოსი ქართლისა მალაქია, აფხაზეთისა ევდემონი და იმერეთისა და ოდიშის ყველა ეპისკოპოსი: ეპისკოპოსები იყვნენ: ქუთათელი სვიმონი, გაენათელი ანტონი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი ფილიპე, ცაგერელი კოზმანი, ხონელი ზაქარია, ნიკორწმინდელი იოაკიმე, ცაიშელი კირილე“.

მე-17 საუკუნის 80-იან წლებში უკვე აღარ არსებობს არც მოქვისა და არც დრანდის საეპისკოპოსო, თურქთა მოძალეობის გამო ბიჭვინთიდან ზაქარია ქვარიანმა (დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი) კათალიკოსის კათედრა გადაიტანა გელათს. თუმცა თურქეთი ყოველ ღონეს ხმარობდა მოსახლეობის გასამაჰმადიანებლად, ის მაინც ცდილობდა შეენარჩუნებინა ქრისტიანობა. საყურადღებოა ერთი გარემოება: როცა რუსთა ჯარმა დაიკავა ბიჭვინთა, საკურთხეველში იპოვეს ქართული სახარება მე-15 საუკუნისა და სხვა საეკლესიო ნივთი. ვერც ქართული ენის ამოძირკვა შესძლეს თურქებმა: XVI-XVII სს. აფხაზეთში ქართული ენა დარჩა ეკლესიის, წიგნისა და თავადური დაწესებულების ენად.

XVIII საუკუნეში ძლიერდვბა ბრძოლა თურქეთის წინააღმდეგ აფხაზეთში. როგორც ცნობილია, იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა გამოსცა კანონი ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქეთმა მოითხოვა ამ კანონის გაუქმება. ბრძოლა ხრესილთან მოხდა 1775 წ. სოლომონის ლაშქარში იბრძოდნენ სამურზაყანოს მფლობელი ხუტუნია შარვაშიძე და კაცია დადიანი.

სოლომონ I-მა 1759 წელს ფიცი დაადებინა ყველა მთავარსა და ფეოდალს ტყვეთა სყიდვის აღკვეთაზე. მიტროპოლიტმა მაქსიმემ დასწყევლა კაცია ჩიჩუა ბიჭვინთის გლეხთა გაყიდვისათვის.

თურქეთი, რაკი იარაღით ვეღარ სძლია სოლომონს, ცდილობდა ერთმანეთისათვის გადაემტერებინა მთავრები, ცალკეული ფეოდალები, თვით სამთავროშიც მოეძვბნა მოღალატენი.

ამასობაში რუსეთის მომძლავრებული დაწოლისაგან ჩრ. კავკასიელმა ტომებმა იწყეს საქართველოს ბარად ჩამოსახლება: ადიღეველები, ოსები, დაღესტნელები მძლავრ ნაკადად მოეშურებოდნენ სამხრეთისაკენ, გაპარტახებული საქართველოს პროვინციებში.

თითქმის ექვსი საუკუნის განმავლობაში ხმლის ქნევამ დააკნინა ერთიანი, მძლავრი ქართული სული, დააძაბუნა ერის თვითმყოფადობა, შემოქმედებითი უნარი და შესაძლებლობა. სულიერ-მორალურ-ზნეობრივი გადაგვარება მოედო ფართო ფენებს... სოციალური უთანასწორობა უფრო გამოიკვეთა და გამძაფრდა. და მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში იფურჩქნებოდა ცალკეული ერების შემოქმედებითი ენერგია, ყვაოდა რენესანსი - მისი წამომწყები - აღმოსავლეთის დესპოტურ ტირანიებს შორის მომწყვდეული პატარა ქვეყანა სისხლისაგან იცლებოდა, სულს ღაფავდა აგონიაში ჩავარდნილი.

დაყავი და იბატონე - აი, ძირითადი ფორმულა, რაც ასე ბრწყინვალედ აითვისეს, შეისისხლხორცეს, შემდგომ განავითარეს და გაატარეს რუსეთის თვითმპყრობელმა მონარქებმა.

დაჰყავი...

უნდა დაეწყოთ იქიდან, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი! და გამოჩნდნენ საიმისოდ გაწაფული, დაქირავებული პროპაგანდისტები ე.წ. მეცნიერები.

აფხაზეთი არ არის საქართველო!

მაგრამ ესეც არ იკმარეს, საჭიროა უფრო მეტი: ადიღეურ-ჩერქეზული ტომი უნდა დაუპირისპირდეს ქართველურს, ადიღეური მოდგმის ხალხი უფრო ძველია ქართველურზე და მათ მთელი დასავლეთი საქართველო ეკავათ ტრაპეზუნტის ჩათვლით. ლაზ-მეგრელები და სვანები სადღა არიან? ისინი მერე მოვიდნენ, გვიან; საიდან გამოჩნდნენ? სადღაც აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთ-დასავლეთიდან, თუ.... ვინ უწყის, საიდან; მთავარია, ადგილობრივი მკვიდრნი არ გახლავან. ხოლო დამხვდურები - აბორიგენები ადიღეურ-ჩერქეზული ტომები არიან. და მთელი კულტურაც კოლხეთისა, შესაბამისად, შექმნილია მათ მიერ. საბუთი? თითო-ოროლა ტოპონიმი, თურმე, დასავლეთ საქართველოში იშიფრება მხოლოდ ადიღეური ენის მეშვეობით. ქართულ-ზანურენოვანი ტოპონიმების აბსოლუტური უმრავლესობა მერეა გაჩენილი. საბუთი? არავითარი. ბერძნულ-ბიზანტიური თუ რომაული წყაროების იგნორირება ისე შეიძლება, ვითომც არაფერი მომხდარა. მთავარი ხომ სიმართლე არ არის. მიზანი ამართლებს საშუალებას. ახლა საჭიროა კულტურის სფეროშიც მოხდეს იგივე: ჩრდილოეთ-კავკასიელი ტომები და სამხრეთის კავკასიელები ერთმანეთს ჰგვანან გარეგნულად, ჩაცმულობით, ადათ-წესებით, ფსიქიკით, სულიერი წყობით, ზოგადი საერთო კავკასიური კულტურით. ერთ დროს კიდეც მოხდა მათი დიდი ნაწილის კონსოლიდაცია ქართლის გარშემო, ქართულ ენაზე შეიქმნა პირველად კავკასიის ტომთა შორის დამწერლობა, მდიდარი სულიერი თუ საერო ლიტერატურა, რაც საერთო და ახლობელი იყო ყველა კავკასიელი ტომისათვის: თითოეული ღებულობდა მონაწილეობას ამ საერთო იბერიულ-კავკასიური კულტურის შექმნაში.

მაგრამ ეს აშკარა ნიშნები მსგავსებისა უნდა წაიშალოს, უგულებელყოფილ იქნას, და აქაც, ამ სფეროში ჩნდება ათასგვარი „თეორიები“.

„რაც მან დედამიწის ზურგზე თავი შეისწავლა, მის დევიზად თავის დღეში არ ყოფილა ქელვა, დათრგუნვა, დაბრიყვება, დამონება, მიწასთან გასწორება რომლისამე ერისა. ჩვენი ერის ხმალი მღელვარებდა მხოლოდ თავის თავისუფლების დაცვისათვის და დამოუკიდებლობის მოუსპობლობისათვის. თუ ოდესმე დროთა ვითარება იძულებულს ხდიდა შემოეერთებინა თავისთან რომელიმე უცხო ქვეყანა, ჩვენი ერი ანიჭებდა მას სრულს თვითმმართველობას და ხელუხლებლად იცავდა ყოველ მის უფლებას. თვით საქართველოშიც სხვა სარწმუნოების მიმდევნი სარგებლობდნენ სრულის თავისუფლებით და თანასწორობით ქართველებთან. - როდესაც განათლებულს საფრანგეთში ჰუგენოტებს ართმევდნენ კაცის ყოველს უფლებასა და ბარბაროსულად ჟლეტდნენ მათ კათოლიკები, როდესაც სახელოვანს ინგლისში კათოლიკები იდევნებოდნენ უწყალოდ და ულმობლად, იმ დროს საქართველოში შემოხიზნული სომხები იყვნენ ყველაფერში გათანასწორებულნი ქართველებთან, ჰქონდათ მინიჭებული ყოველი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება და ხშირად მემკვიდრეობით ეჭირათ უმაღლესი ადგილები ჩვენს სამეფოში. ამგვარივე თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული თვით ებრაელებსაც. იგინი... ყოველთვის სარგებლოდნენ ჩვენში სრული მყუდრო ცხოვრებით და მათ ერთხელაც არ გამოუცდიათ ის დევნა და ჟლეტა, რომლის მსხვერპლად ხდებოდნენ და ხდებიან ახლაც ევროპაში“... ჩვენი ერის სასიქადულო შვილის, იაკობ გოგებაშვილის ამ სიტყვებში წარმოჩენილია ქართველი კაცის დიდსულოვნება, შემწყნარებლობა და ლმობიერება უცხო ერის წარმომადგენელთა მიმართ, მისი განსაკუთრებული კეთილგანწყობილვბა ყოველი დევნილისა და დაჩაგრულის მიმართ; ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ამბავი, როცა მრავალრიცხოვანი და დიდი ერები მიწის ერთ გოჯსაც არ თმობენ უსისხლოდ და უომრად, ქართველობამ თავისი პროვინციის ნაწილი სამაჩაბლო და საერისთავო დაუთმო ოსებს, რომელსაც შემდგომ, ჩვენდა დაუკითხავად, სამხრეთ ოსეთი უწოდეს.

როცა აფხაზებს თავისი მიწა-წყლიდან ასახლებდნენ, ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილმა, ერის ღირსეულმა შვილებმა აღიმაღლეს ხმა უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. მაგრამ... საქართველო უკვე პოლიტიკურად არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ერთეულს. და ამდენად, არც შეეძლო რაიმე შეეცვალა დიდმპყრობელური სახელმწიფოების ზრახვებში.

პირველი საბუთი, რითაც საქართველო და ქართველობა მიიწევდა რუსეთისაკენ, იყო მისი ერთმორწმუნეობა, მაგრამ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, როცა კახეთში პირველად გამოჩნდნენ მეფის რუსეთის მიერ გამოგზავნილი მღვდლები, ნათლად გამოჩნდა მათი „მისიონერული მოღვაწეობის“ ნამდვილი შინაარსი და მიზანი. დიდი ისტორიკოსი ივ.ჯავახიშვილი წერს: რუსთა მიერ გამოგზავნილი მღვდლები, „როგორც კარგი გამომძიებელნი და მეძებარნი, იმ წამსვე ეკლესიების ჩხრეკას შეუდგებოდნენ ხოლმე და წირვაზე უარს ამბობდნენ, საკურთხეველს სხვანაირი სამოსი უნდა ჰქონდესო, სახარების ყდას და ბარძიმს ესა და ეს სახე აკლია და გამოყვანილი არ არისო, ეკლესიები ხელახლა უნდა ვაკურთხოთო. თავდაპირველად კი, სადაც რუსი მოძღვრები გამოჩნდნენ, სიხარულით ხვდებოდნენ ყველგან, ვითარცა თანამორწმუნეებს, რომელთაც ქართველების დახმარება სწადიათ „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლაში; ხოლო მათ სიყვარულისა და მშვიდობიანობის დამყარების მაგიერ თავიანთი მედიდური და მძულვარებით გამსჭვალული ქცევით ყველგან უსიამოვნო გრძნობა დატოვეს“.

მე-19 საუკუნეში, როცა უკვე რუსეთი სრული ბატონ-პატრონი შეიქმნა საქართველოსი და უწინარეს ყოვლისა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან განიდევნა ქართული ენა, ჯერი მიდგა ეკლესიაზე: პირველ რიგში მოისპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალობა, კათალიკოსის ნაცვლად ახლა ეგზარქოსი განაგებდა ქართულ ეკლესიას. თუ რას წარმოადგენდნენ ეგზარქოსები და როგორ „განაგებდნენ“ ისინი ქართულ ეკლესიას, ამის შესახებ თვით რუსი ისტორიკოსი ბრაილი აღნიშნავს: „რუსი ეგზარხოსები ევლინებოდნენ საქართველოს არა იმისთვის, რათა ემწყემსათ მათთვის მინდობილი ეკლესია, არამედ ეძარცვათ და გაენიავებინათ ძველი ივერიის საეკლესიო ქონება, შეურაცხეყოთ მის მცხოვრებთა ენა; მერე კი ნაძარცვი საეკლესიო ქონებით და ფულით დაბრუნებულიყვნენ რუსეთში. სინოდს საშინელი ბოროტებისა და ზიანის მეტი არაფერი მოუტანია საქართველოს ეკლესიისათვის. მისთვის ეს ეკლესია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იყო ბარბაროსული ქვეყნის ეკლესია. უგულებელყო რა ყველა საეკლესიო კანონი და დადგენილება, რომელიც ქართულ წკლესიას ეხებოდა, მისცა რა ცეცხლს მრავალი უძველესი საეკლესიო დოკუმენტები, სხვები კი გაზიდა პეტერბურგში, სინოდის მმართველებმა წაართვეს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალობა, დახურეს ოცზე მეტი ეპარქია, რომელთაგან ზოგიერთი არსებობდა ქრისტიანობის მიღების დროიდან, ე.ი. დაახლოებით 15 საუკუნის განმავლობაში; გაანადგურეს მრავალი ძველი მონასტერი და მიაღწიეს იმას, რომ ხაზინისთვის გადაეცათ ქართული საეკლესიო მამულები და ამით ქართული ეკლესია მიიყვანეს ისეთ სავალალო მდგომარეობამდე, რომ ამჟამად 860-ზე მეტი ეკლესია უმოქმედოა“.

რუსის ეგზარხოსები, რომელთაც საქართველოში აგზავნიან, ამ ქვეყანას უყურებენ, როგორც საძარცვ მხარეს, რამეთუ ღვთის მადლით, იგი ჯერ კიდევ არ არის მოკლებული ფასდაუდებელ საუნჯეებს. როცა საქართველოში ისეთ ეგზარხოსებს ნიშნავდენ, როგორიც პავლე, პალადი და ვლადიმერია, ჩვენი სასულიერო უწყება საქართველოს ართმევს საშუალებას ილოცოს თავის მშობლიურ ენაზე. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ საქმეში მცირე განათლების მქონე სოხუმის ეპისკოპოსი არსენი.

ერთობ გამწვავდა მდგომარეობა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, იმავე ბრაილის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ამჟამინდვლმა რუსის ეგზარხოსმა ვლადიმერმა ნადირის მსგავსი ყოფილი ეგზარხოსის პავლეს დარად... წაართვა ქართველებს უფლება ილოცონ მშობლიურ ენაზე საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნსნოს საფლავზე... ამ ბოლო დროს კი იგი საეპისკოპოსო კათედრაზე ნიშნავს რუს ეპისკოპოსებს, რომელთაც არა სურთ იცოდნენ თავიანთი მრევლის ენა და ამის გამო სასაცილო ხდებიან უკანასკნელთა თვალში“.

როგორც ცნობილია, სწორედ ამ ერთ-ერთმა „ნადირის მსგავსმა“ ეგზარხოსმა პავლემ იყო, ამბიონიდან რომ დასწყევლა ქართველი ერი... უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ისტორიოში! საჯარო წყევლასაც აღარ თაკილობენ „ერთმორწმუნე“ ქვეყნის სასულიერო პირნი. ამ გაუგონარ შეურაცხყოფას შეეწირა კიდეც საქართველოს საუკეთესო შვილი დიმიტრი ყიფიანი, რომელმაც არ მოუთმინა თავგასულ შავრაზმელ „ღვთის მსახურს“ ერის აბუჩად აგდება, ერის შეგინება.

მაშ ასე: სახელმწიფო დაწესებულებებში, სასამართლოებში, სკოლებში, ეკლესიებში აიკრძალა ქართული ენა, მაგრამ კიდევ რჩებოდა ერთი დაბრკოლება: ტერიტორიული მთლიანობა. უნდა გამოსცლოდა მიწა ადგილობრივ მკვიდრთ და კოლონიზატორთა ხელში გადასულიყო, „თუ ჩვენი ხალხი გამოესალმა მიწა-წყალს, მისი გაქრობა დედამიწის ზურგიდან აუცილებელი გახდება... მიწა-წყალი ნამდვილი ფესვია ერის ცხოვრებისათვის და როგორც ხე მოშორებული ფესვებს, ხმება, ისე იღუპება ერი, როცა ხელიდან ეცლება მიწაწყალი, ტერიტორია“, - იაკობ გოგებაშვილის ამ სიტყვებში ნათლად და მკაფიოდ არის წარმოჩენილი, რა საშიშროების წინაშე იდგა ქართველი ერი. „ტერიტორია ის ძალაა, რომელიც ეროვნებას აკავშირებს და გარკვეულ სახეს აძლევს. იმ ძალის უქონლობა ერმა უსათუოდ, როგორმე უნდა აინაზღაუროს; წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვარება და გაქრობა მოელის“ (გერ. ქიქოძე).

... საქართველოს სახელი წაშლილი იყო პოლიტიკური გეოგრაფიის რუკაზე, ქართული ენა განდევნილი იყო ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან, სასამართლოდან, საშუალო სკოლიდან, ეკლესიიდან, მეფის მთავრობა ერთმანეთს უპირისპირებდა ქართლ-კახელებს, იმერლებს, მეგრელებს, აფხაზებს“ (გ. ქიქოძე).

სრული პოლარული წყვდიადი!

აშკარა, დაუფარავი შეტევა საქართველოს მოსასპობად, მის გასაქრობად, კიდურებმოგლეჯილი, აჭრელებული, დასუსტებულ-დაკნინებული, მუხრანსკებით, ქავჟარაძეებით, აშორდიებით „გამშვენებული“ საქართველო უკვე მერამდენედ დადგა ყოფნა-არყოფნის პრობლემის წინაშე - მარტოდმარტო შერჩენილი გაუმაძღარ იმპერიას - უთვისტომო, უმეგობრო.

მაგრამ ახლა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ბევრად უფრო მძიმე და რთული ვითარება შექმნილიყო ვიდრე ოდესმე. რა დაუპირსიპირა ქართველობამ ამ ერთობლივ სასტიკ და გაუგონარ შემოტევას? ენა, ღვთივკურთხეული ქართული ენა.

I მსოფლიო ომის დროს მეფის მთავრობამ უკვე აშკარად მოიწადინა აფხაზეთის მოკვეთა დედა საქართველოდან და ჩერნომორიის გუბერნიასთან მისი მიერთება. აფხაზეთის ეკლესიის სოხუმის ეპარქიის - საქართველოს ეგზარქატისაგან ჩამოცილება და უშუალოდ პეტერბურგში არსებულ ე.წ. უწმიდეს სინოდისადმი დაქვემდებარება. ფეხზე დადგნენ მთელი აფხაზეთის მოწინავე ადამიანები. წინ აღუდგნენ მას. შედგა დეპუტაცია. დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა და მეფისნაცვალს წარუდგინა პროექტი, რომელიც გრიგოლ შარვაშიძის მიერ იყო შედგენილი.

დედააზრი ერთი იყო ამ პროექტისა: „ერთობა ქართველებთან გვიხსნის მრავალნაირ განსაცდელთაგან და ამიტომ ყოველ საქმეში ჩვენ ერთად ვართ და ვიქნებით“. აფხაზეთის დეპუტაციამ კავკასიის მეფის ნაცვალს წაუყენა ეროვნული მოთხოვნები: აფხაზეთ-სამურზაყანოში ქართული სკოლების გახსნა, გზების კეთილმოწყობა და ა.შ. დეპუტაცია წარუდგა, აგრეთვე, საქართველოს ეგზარქოს პლატონს.

„თეატრი და ცხოვრება“ წერდა: „სამშობლო იღვიძებს, წყლულების გამრთელებას ცდილობს, დიდი ხნიდან დაქსაქსულნი ძმანი ძლივს ერთი კერის ირგვლივ დედა ქართლის გარშემო ვიკრიბებით. გვეყო, რაც უერთმანეთოდ, ერთი მეორისაგან გათიშულნი ვცხოვრობდით. ქართლ-კახეთი, იმერეთი-ამერეთი, გურია-სამეგრელო-აფხაზეთ-აჭარა-სვანეთი რომ ერთი დედ-მამის შვილნი ვართ, განა ამას მტკიცება უნდა! შავ დროთაგან გაგარევებულნი ქართველი მაჰმადიანები უკვე გვიბრუნდებიან.

ახლახან გაბედულად ხმა ამოიღო ძველი საქართველოს მშვენებამ - აფხაზეთმა და თავისი წარმომადგენლის ბაგით განაცხადა: მომეცით გზა განათლებული ცხოვრებისა და ნუ მწყვიტავთ დედა-საქართველოს მკერდს, მე მისი ძუძუ მიწოვია, იგი ჩემით საზრდოებულა; მასთან სიცოცხლე, მასთან სიკვდილი! ასე იყო ძველად, ასევე უნდა იყოს ახლა.

ვაშა და დიდება გათვითცნობიერების გზაზე შემდგარ ხალხს, სიბნელეს სავსებით არ უძლევივართ, გარიჟრაჟი შემოგვღიმის და მომავალს გვიქადის. სალამი ჩვენი გულის ჩამონაწყვეტ საკინძს - ჩვენს ძმებს აფხაზებს და გაუმარჯოს მათ პირველ ნაბიჯს“.

აკი გიორგი შარვაშიძესაც - აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის პირმშოს - „აფხაზეთი უსაქართველოდ და საქართველო უაფხაზეთოდ ვერ წარმოედგინა“. „უბედური მამულის ყმის“ გულიდან ამოხეთქილ-ამონაკვნესი იყო: „იქ ისმის ჟღერა ბორკილებისა, იქ კვნესის სული, არ გესმით განა? ღირსია, ძმაო შებრალებისა, ის უბედური ჩვენი ქვეყანა!“

ციალა არდაშელია
მწერალი, ჟურნალისტი
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.