გეოგრაფიული რუკა, რომელზედაც დაწვრილებით არის აღნუსხული ამა თუ იმ მხარის ტოპონომია, ისეთივე ინტერესით შეიძლება წაიკითხოს კაცმა, როგორც კარგი მხატვრული ნაწარმოები; ოღონდ, რასაკვირველია, ეს ინტერესი მაშინ აღიძვრის, თუ გვესმის ტოპონიმების მნიშვნელობა და ვიცით მათი წარმომავლობა. ვინც ასეთი თვალით გადახედავს აფხაზეთის რუკას, შეუძლებელია არ შენიშნოს გეოგრაფიული სახელების დიდი სიჭრელე ამ ტერიტორიაზე. აქ აფხაზურ (იგულისხმება დღევანდელი აფსუა-აფხაზები) ტოპონიმებთან ერთად, რომელთა დიდი ნაწილი ახალია, მრავლად გვხვდება სხვა ენოვანი ტოპონიმებიც, რომელთა შორისაც თავისი სიძველითა და დიდი სიუხვით გამოირჩევა ქართველური მასალა. ან კი, რა არის გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალს ქართული სახელი ერქვას? გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ამ ანბანური ჭეშმარიტების დაჯერება და აღიარება არ სურთ აფხაზ სეპარატისტებს და მათი ქართველთმოძულე იდეების ქადაგებით გონდაბნეულ უბირ ადამიანებს.
თავის დროზე აფხაზეთის ტოპონიმიას ვრცლად შეეხო გამოჩენილი მკვლევარი პავლე ინგოროყვა. მის ფუნდამენტურ ნაშრომში „გიორგი მერჩულვ“ ჩართულია სპეციალური ექსკურსი: „აფხაზეთის მხარეთა გეოგრაფიული სახელწოდებანი და მათი კავშირი ქართულ ენობრივ სამყაროსთან“, სადაც განხილულია 140-მდე ძველი გეოგრაფიული სახელწოდება, მიმობნეული აფხაზეთის ტერიტორიაზე და არაერთგზის მოხსენიებული საისტორიო ანტიკური ხანიდან ჩვენამდე.
ეს სახელწოდებანი, მკვლევარის მტკიცებით, ქართულ ენობრივ სამყაროს ეკუთვნის და გარკვევით მეტყველებს იმაზე, რომ ქართველობა აფხაზეთის მხარის ძველთაძველი მკვიდრია და ეს ტერიტორია ისტორიულად საქართველოს განუყრელი ნაწილია.
ცნობილია, რა მწვავე რეაქცია გამოიწვია პავლე ინგოროყვას ამ მოსაზრებამ აფხაზ სეპარატისტთა შორის, რომლებმაც იმ ხანებში შეძლეს კიდეც მეცნიერული კამათის ჩახშობა პოლიტიკური შანტაჟის გზით; მაგრამ საბოლოოდ სიმართლის დათრგუნვა შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, პ.ინგოროყვას მიერ განხილული ყველა ტოპონიმის ეტიმოლოგია თანაბრად დამაჯერებელი და უდავო არ არის. ასეთი რამ ტოპონიმიკური კვლევა-ძიების რთულ გზაზე არც არის მოსალოდნელი; მაგრამ აფხაზეთის ისტორიული ტოპონიმიის დიდი ნაწილი რომ ქართულია და ამ მიწაზე ძველთაგანვე მოსახლე ქართველი ტომების მიერ არის დარქმეული, ამის უარყოფა შეუძლებელია. აბა, რომელ სპეციაღისტს, ან არასპეციალისტს შეუძლია უარყოს ისეთი ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების ქართველური წარმომავლობა, როგორიცაა აჭანდარა, აშეღალი, ღალიძგა, სკურჩა, წყურგილი, ტყაურუ, ტყვარჩელი, მუხური, თხინი, წამხარი და სხვა მრავალი?!
ამჯერად ჩვენ გვინდა ყურადღება შევაჩეროთ მხოლოდ ორიოდე ისეთ ტოპონიმზე, რომლებიც ქრისტიანული კულტურის თვალსაჩინო ცენტრებდ ცნობილ პუნქტებს აღნიშნავს აფხაზეთის ტრიტორიაზე:
ბიჭვინთა ქრისტიანობის ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო უძველესი დროიდანვე: აქ საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა ჯერ კიდევ IV ს. პირველ მეოთხედში. აქაური ეპისკოპოსი სტრატოფილე ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მონაწილე იყო (325 წ.). აფხაზეთის სამეფოს შექმნის შემდეგ ბიჭვინთა აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენციად იქცა, ხოლო ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ (XV-XVI სს) აფხაზეთის სულიერი მოძღვარი, რომელიც კვლავ ბიჭვინთაში იჯდა, კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა.
ბიჭვინთა პირველად სტრაბონის „გეოგრაფიაში“ არის ნახსენები დიდი პიტიუნტის სახელით. ბერძენ-რომაელ მწერალთა თხზულებებში ამ პუნქტის სახელწოდება გვხვდება, აგრეთვე, პიტიუსის ფორმით.
სავსებით გასაზიარებელია პ.ინგოროყვას მოსაზრება, რომ ბერძნულში ერთ შემთხვევაში წარმოდგენილია გეოგრაფიული პუნქტის ადგილობრივ (ქართულ) სახელწოდებასთან მიმსგავსებული ფორმა (პიტიუნტი), მეორე შემთხვევაში კი მოცემულია მისი თარგმანი (პიტიუს ბერძნულად ფიჭვს ნიშნავს).
დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმას, რომ ბიჭვინთის სახელწოდება მცენარეს - ფიჭვს უკავშირდება, ეს კურორტი დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ აქ ზღვისპირს გასდევს შესანიშნავი ფიჭვნარი და ერთმანეთს ეზავება ზღვისა და ფიჭვის ტყის ჰაერი. ეს ფიჭვნარი წინათ საღმრთო ტყედ ითვლებოდა და მას კაცი მოსაჭრელად ვერ შეეხებოდა.
არ არის გამორიცხული, რომ მცენარის სახელწოდება ფიჭვი ბეწვ სიტყვის კოლხური (ზანური) შესატვისი იყოს და მცენარეს გრძელი წიწვების, ანუ ბეწვების გამო ჰქონდეს შერქმეული. ამის გარკვევას აქ არ გამოვუდგებით. ამჯერად ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ასეა თუ ისე, ფიჭვს, როგორც ჩანს, მოეპოვებოდა პარალელური ფორმა ბიჭვი (ისევე, როგორც ავხაზი და აბხაზი, ფრჩხილი და ბრჩხილი, ვსკერი და ბსკერი და სხვ.) ამ უკანასკნელს დართული აქვს ქართულ ტოპონომიაში გავრცელებული სუფიქსი -თა (ტა) რომლის წინაც ნ შესაძლოა ფონეტიკურ ნიადაგზე იყოს გაჩენილი, ან ისიც სუფიქსს წარმოადგენდეს: ბიჭვ-ინ-თა, ბიჭვინ-ტა. ამრიგად, როგორც პ.ინგოროყვა დაასკვნის, „სახელწოდება ბიჭვინთა ქართულია, როგორც ფუძე-სიტყვით („ბიჭვი“ - „ფიჭვი“), ისე ბოლოკიდური ფორმანტით „ნ-თა“)“ (გიორგი მერჩულე“, გვ.148).
ბედია ძველად განთქმული ქალაქი იყო, რომელიც, „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული გადმოცემის მიხედვით, ეგრისმა ააშენა და „უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვიან ბედია“, ხოლო მეფე ბაგრატ მესამემ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე „აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ... განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასვა ეპისკოპოსი“. როდის შეეცვალა ქალაქს სახელი და რატომ ეწოდა ბედია, ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ, რომ ბედიას ადრე ერქვა, აგრეთვე, სანარდო. ამჟამინდელი სოფელი ბედია მდებარეობს გალის რაიონში, მდინარე ოხოჯას მარჯვენა ნაპირზე, ხოლო ამავე მდინარის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ოჩამჩირის რაიონს ეკუთვნის, გაშენებულია სოფელი აგუბედია. ადრე მას გულიბედია, ანუ შუაბედია ეწოდებოდა. სწორედ აქ მდებარეობს ბედიის მონასტერი. ისტორიულად მთელი ეს მიდამო სამურზაყანოს ნაწილი იყო, რომლის მოსახლეობასაც მთლიანად ქართველები (მეგრელები) შეადგენდნენ. ბუნებრივია, აქაური ტოპონიმებიც ქართულია: კოპიტი, ქვალონი („ქვიანი“), ტყაური („ყრუ ტყე“, ანუ „უღრანი ტყე“), ოქუმი („სასელე“), ოხოჯა („სახარი“) და სხვ.
მოგვიანო ხანებში, XVIII ს. დამდეგს, როცა გულიბედიაში ქართველების გვერდით მომრავლდნენ აფსუები, მათ სოფლის სახელწოდების პირველი ნაწილი - გული (შუა) თავიანთ ენაზე თარგმნეს (აგუ - „გული“, „შუაგული“). ასე იქცა გულიბედია აგუბედიად.
ილორი. ოჩამჩირის რაიონში, შავი ზღვის პირას, მდებარეობს ქრისტიანული კულტურის კიღევ ერთი ძეგლი - ილორის წმიდა გიორგის ეკლესია. ეს ეკლესია, აგებული XI ს. პირეელ მეოთხედში, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. ილორი მთელი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი იყო, სადაც ყოველწლიურად 20 ნოემბერს იმართებოდა წმიდა გიორგის დღესასწაული - ილორობა.
შუა საუკუნეების ილორი ოდიშის სამთავროს ფარგლებში შედიოდა, ილორის ტაძრის დაცვაზე სამეგრელოს მთავრები ზრუნავდნენ. ასე შეაკეთა ილორის ტაძარი ლევან II დადიანმა XVII საუკუნეში. 1736 წ. თურქების მიერ გადამწვარი ილორი ისევ ოდიშის მთავრებმა აღადგინეს. დასასრულ, ძეგლი საფუძვლიანად იქნა რესტავრირებული XIX ს. 40-იან წლებში.
ჩვენ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რას ნიშნავს ილორი, როგორია მისი მეცნიერული ეტიმოლოგია, მაგრამ თავისი ფორმით (კერძოდ, ორი სუფიქსით) ის ქართული ჩანს. (შეადარეთ: სხვიტორი, გომბორი, მანდიკორი, შაორი, ჯეჯორი და სხვ.) რაც მთავარია, აშკარად ქართულია, აგრეთვე, ილორის მიმდებარე მიდამოების ტოპონიმია: ოხურეი, ღალიძგა, ზენი, ნაგვალოუ, სუკი და სხვ.
მოქვი. დასასრულ, საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ ოჩამჩირის რაიონის ერთი სოფლის სახელწოდებაზე, სადაც დგას სამნავიანი საკათედრო ტაძარი, აგებული აფხაზთა მეფის, ლეონ III-ის მიერ 957-967 წლებში. ცნობილია, რომ ამ საკათედრო ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა, სადაც არაერთი ძვირფასი ქართული ხელნაწერი ინახებოდა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მოქვის სახელწოდების დამაჯერებელი ახსნა ჯერჯერობით არავის მოუცია. ჩვენი აზრით, მას კავშირი აქვს სვანური სახელის ფუძესთან მოქუ („თივის ბულული“). სვანურში დაცულია ამ ფუძისაგან ნაწარმოები ზმნაც: ლიმქუე („დაბულულება“). ეს ფუძე სვანურიდან შესულია რაჭულსა და ლეჩხუმურშიც. ლეჩხუმურში, მ.ალავიძის განმარტბით, მექვი არის „ბულული, თივის პატარა გროვა, მონათიბში დროებით (დაზვინვამდე) დადგმული“, დამექვა - მექვების დადგმა მონათიბში. (შდრ. სვანური „ლიმქვე“; „მექობს - ბაქიობს, იკვეხის, ტრაბახობს“). რაჭულში ეს სიტყვა დასტურდება ნექვ-ის ფორმით და ნიშნავს „ნაწილ-ნაწილ აგროვებულ თივას ზვინის დასადგმელად“ (ვუკოლ ბერიძე, „სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა“).
ამ ფუძისაგან არის ნაწარმოები ლეჩხუმის ერთ-ერთი ცნობილი სოფლის სახელწოდება მექვენა. საერთოდ, თივის აღმნიშვნელი ფუძის გამოყენება ტოპონიმად ქართველურ ენებში ცნობილი ფაქტია (თივი - სოფელი ყვარლის რაიონში, ჰაწუალ - ადგილის სახელი სვანეთში; ჰაწილ თივის, ან ჩალის ზვინს ნიშნავს სვანურად).
ამრიგად, მოქვი „თივას“, „თივის ბულულს“ ნიშნავს, ოღონდ გასარკვევია, ეს ტოპონიმი აფხაზეთის ტრიტორიაზე სვანიზმია, თუ ეს სიტყვა სხვა ქართველურ ენებშიც (კერძოდ, მეგრულში) არის სადმე შემონახული.
წარმოდგენილი მცირე მასალიდანაც კარგად ჩანს, თუ რარიგ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ მასალას აფხაზეთის ტოპონიმიაში. დებულება, რომ ქართველები აფხაზეთის მიწაწყლის ძველთაძველი მკვიდრნი არიან, ურყევია და მისი უგულებელყოფა არავის შეუძლია.
ზურაბ ჭუმბურიძე
პროფესორი
ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“, №1, 2005 წ.