დიდად საინტერესოა მოძღვარ ვოსტორგოვის საანგარიშო ბარათის ზოგიერთი ადგილი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ზოგიერთი საკითხისათვის“. პეტიციებში, შენიშნავს იგი, თითქოს მოთავსებულია ისეთი „მოთხოვნები, როგორიცაა მღვდელთა მეორედ დაქორწინება (რაც არაა აკრძალული, როგორც კი მღვდელი ანაფორას გაიხდის), ქალთა მეფსალმუნეობის დაშვება (?) და ა. შ. ამგვარი ხასიათის კითხვები საქართველოში შეიძლება გადაწყდეს სხვანაირად, ვიდრე რუსეთში.
როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ერთიანი რუსეთის იმპერიის მართლმადიდებელნი, თუ ისინი ერთი ავტოკეფალიის რაიონიდან დროებით მეორეში გადასახლდებიან?“ რაკი ქართული ეკლესია ავტოკეფალურია, მაშინ მღვდელთა მეორედ დაქორწინებისა და ქალთა მეფსალმუნეობის პეტიციები რუსული ეკლესიის საქმე არაა და მის გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება. მეფსალმუნე ქალები მოძღვარმა ვოსტორგოვმა ქალ დიაკვნებთან გააიგავა. მეფსალმუნეთა ინსტიტუტი, რომელიც რუსულმა ეკლესიამ დასავლეთის ეკლესიიდან გადმოიღო, ქართველები, ალბათ, მას მედავითნეებით ანდა დაქირავებული მგალობლებით შეცვლიან. თუ ქართველი მღვდლები მეორედ დაქორწინდებიან, მაშინ ქართული ეკლესია გაემიჯნება ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელს არ მოუხდება, არამართლმადიდებელ ქართულ ეპისკოპოსს დაემორჩილოს. ქართულ ეკლესიაზე ცილისწამებაში ნამეტნავად ხომ არ შეტოპა მოძღვარმა.
აი, რას მოწმობს XVIII საუკუნის დოკუმენტები საქართველოსა და მისი ეკლესიის შესახებ: „რწმენის სითბო ქართველებში უდიდესია, ამიტომაა, რომ ისინი სრულიად რუსეთის საიმპერატორო სასახლის მიმართ მონდომებულნი და რუსი ხალხისადმი კეთილგანწყობილნი არიან“. ასეა ნათქვამი 1786 წ. ეკატერინე II საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ წარდგენილ მოხსენებით ბარათში.
„რუსეთმა ამიერკავკასიის მხარეში მხოლოდ მაშინ მოიკიდა მტკიცედ ფეხი, როცა საქართველომ სტუმართმოყვრულად გაუხსნა რუსებს თავისი სახელმწიფო საზღვრები; ამგვარად, არამარტო კავკასიის მთიელების დამორჩილება, რომლებიც სასაზღვრო ხაზებს აცამტვერებდნენ, არამედ შუა აზიის და ამიერკავკასიის მხარის დაპყრობაც ბუნებრივი შედეგია 1783 წ. ქართული ხელშეკრულებისა. რუსეთთან კავშირს, ამბობს პროფ. ა.ა.ცაგარელი საქართველომ შესწირა თავისი ოცსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა, 15 საუკუნოვანი ეკლესიობრიობა. რწმენა ქრება და ხალხი, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ შეძლებს არსებობას „რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღმერთისა“. ესაა პროფესორის პასუხი სასულიერო „ორატორისადმი“, რომელმაც საქართველოს „უმადური“ უწოდა. „ახლა ისმება კითხვა, ვინაა უმადური და ვინ ვისთვისაა კეთილისმყოფელი?“
„ქართული ეკლესია, შენიშნავს პროფესორი ნ.ი.მარი, რომელმაც ყველაზე საშინელ პოლიტიკურ გამოცდებს გაუძლო და მართლმადიდებლობა წმინდად შემოინახა, ყოველმა მართლმადიდებალმა ახლოს უნდა მიიტანოს გულთან. აქ კი ეჭვობენ, საჭიროა თუ არა ქართული ენის შესწავლა და ეს სეპარატიზმთან ხომ არ მიგვიყვანს“. „ერთმორწმუნე რუსეთთან თავისი ბედის შეერთების აზრისა და გადაწყვეტილებისათვის, კრიტიკულ მომენტში რუსი ჯარების მიტოვებული საქართველო, შაჰ-აბასის დროს სისხლის ნიაღვრებით აივსო და ცეცხლს მიეცა. იგივე გააკეთა ეკატერინე II საბერძნეთის მიმართ, როცა რუსული ფლოტი აჯანყდა და ბერძნებს იარაღი მისცა, თვითონ კი ჩესმში წავიდა.
მიუთითებენ ქართველი მღვდლების მიერ ეგზარქოსებისადმი გაგზავნილ წერილებზე, რომლებშიც ისინი იმუდარებიან, ჩვენ სახელებს ნუ გასცემთ და ავტოკეფალიის საკითხს ხელოვნურად უჭერენ მხარს და ავტოკეფალია ვნების მეტს არაფერს მოიტანსო. რა ვუყოთ, ყოველ ხალხში მოიძევება მოღალატეები და გამცემლები.
კარგი მღვდლები კი ყოფილან, თავის მრევლის წინაარმდეგ მიდიან და თავიანთ სახელებს მალავენ?.. ისინი წერდნენ პეტიციებს? განა ეგზერქოსებმა მათი ხელწერა არ იციან?
კირ-„უპირველესის“ საბოლოო სიტყვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამო პირმოთნე იყო. იგი მსგავსი იყო პეტერბურგის მწყემსმთავრის ყველა მოქმედებისა, რომელმაც არ იცოდა რომელ პარტიას მიმხრობოდა, ვისთვის და როგორ ემსახურა, ისე, რომ მგლები მაძღარნი ყოფილიყვნენ და ცხვრები უვნებელნი. „ვფიქრობ, აცხადებს მეუფე, რომ კანონიკური და ისტორიული თვალსაზრისით ქართული ავტოკეფალიის აღდგენაც შეიძლება და არააღდგენაც, მაგრამ საკითხი განხილული უნდა იქნას პრაქტიკული თვალსაზრისით“. სხვანაირად რომ ითქვას, შეიძლება დარღვეული იყოს წმინდა კანონები და შეიძლება დაცულიც, ვის როგორ აწყობს. და ამას ამბობს „წინამძღოლი“ (?), როგორც ის თავის თავს უწოდებს, რუსული ეკლესიისა? მაგრამ ქართული ეკლესია სრულებითაც არ თხოვს კირ-„უპირველესს“ ავტოკეფალიის აღდგენას, რადგანაც მისთვის არსებობს წმინდა კანონები, რომელზეც აფუძნებს თავის ავტოკეფალიას. იგი სამთავრობო სინოდს თხოვს - ნუ დაარღვევს წმინდა კანონებს და ამიტომ ცნოს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ვინაიდან იგი სქიზმური არაა და ბულგარულ ეკლესიასთან არავითარი ურთიერთობა არა აქვს. მიტროპოლიტ ანტონს ეშინია, „ავტოკეფალიისადმი მისწრაფებაში თუნდაც შეუცნობლად, ხომ არ იმალება დროის რევოლუციური და ნიჰილისტური მიმართულება (აი, საით შეტოპა მეუფემ!). ხედავთ, ქართველებმა მღვდლებისთვის ორცოლიანობა, იერარქიის შესუსტება და საერო სამოსელის გადაცემა მოინდომეს (ეს, ხომ მეუფეო, 1880-იანი წლების რუსი ხუცეს-ნიჰილისტების ნაბოდვარია. იხ. პოპოვიცკის მიერ გამოცემული „საეკლესიო საზოგადოებრივი მოამბე“) თქვენ კი ქართველებს ადანაშაულებთ. თუ ქართველები ხუცესების ორცოლიანობას შემოიღებენ, ისინი მწვალებლები, ერეტიკოსები იქნებიან და არამც და არამც მართლმადიდებელნი, ეჰ, მეუფეო, თანაც დოქტორი არ ბრძანდებოდეთ, მხოლოდ, როგორც ჩანს, არა მართლმადიდებლური, არამედ პროტესტანტული ღვთისმეტველებისა. ეკლესიის ჭეშმარიტი ქომაგი აი, რას ეტყოდა ქართველ ეპისკოპოსებს: „თქვენ სახელოვანი, ქრისტესთვის ტანჯული ჯვარმოსილი ეკლესიის სახელით თხოვნით მოხვედით რუსეთის სინოდთან, რათა ეცნო თქვენი ეკლესიის ავტოკეფალიის დარღვევაში ჩვენ მიგვიძღვის ბრალი, ისევე როგორც თქვენი მრავალტანჯული ეკლესიის მამულებისა და საგანძურების მიტაცებაში დამნაშავენი არიან ჩვენს მიერ დაყენებული ეგზარქოსები. ჩვენ ვასრულებთ თქვენს სურვილს, ვინაიდან არა გავაქვს ღვთისმიერი კანონების დარღვევის უფლება. ჩვენ არ გვსურს თქვენს ეკლესიასთან დაშორება, რადგანაც ჩვენი რჯჯული, ეკლესია თქვენი ეკლესიითაა დიდებამოსილი. თქვენმა ეკლესიამ ექვსი საუკუნით ჩვენზე ადრე მიიღო ქრისტიანობა, სამი მოციქულით დასხმული თქვენი ეკლესია ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის ყველაზე უფრო ბრწყინავს ღვთისმოშიშობით, რწმენით, აღმასრულებლობით და საღვთო საქმეებით. ჰოდა, ვილაპარაკოთ არა ავტოკეფალიაზე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, არამედ იმაზე, როგორ ავიყვანოთ მაღალ დონეზე თქვენი ჯვარმოსილი ეკლესია, ავამაღლოთ მისი მნიშვნელობა მართლმადიდებლურ სამყაროში, აღვადგინოთ უკვე 95 წლის განმავლობაში დაუქმებული სამღვდელმთავრო ტრაპეზები და ერთმენეთთან დავაკავშიროთ, ორთავე ეკლესია - ჩვენს მიერ გაძარცული უფროსი, ქართული და უმრწემესი, მაგრამ მატერიალურად მდიდარი, რუსული. ჩვენს რუსულ ეკლესიას დანაშაული მიუძღვის თქვენი ეკლესიის გარატაკების საქმეში... დაე ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის სადიდებლად ქართულმა ეკლესიამ შემოინახოს თავისი უძველესი ეკლესიურ ხალხური ადათ-ჩვევები, თავისებურებები და თავისი ენა და აღადგინოს და განავრცოს ქართული საეკლესიო კულტურა“. სამწუხაროდ, ჩვენი ანტიკანონიკური „უპირველესი“ ამას ვერც მოიაზრებდა და ვერც იტყოდა, ხოლო მიტროპოლიტი, რომელიც რუსული სინოდის მოქმედებას ქართული ეკლესიის მიმართ ყოველთვის ანტიკანონიკურად თვლიდა, აი რას იტყოდა: „ჩვენი რუსული ეკლესია, როგორც ამაში ბევრი ქართველია დარწმუნებული, არის „მწვალებლური“, სასულიერო-წოდებრივი ეკლესია, რომელიც თავის წოდებრიობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ხალხზე; ჩვენი სასულიერო-წოდებრივი მწყემსმთავრები და მღვდლები, რომლებსაც ხალხის გაჭირვება გულთან არა მიაქვთ, ქართული ეკლესიის გაჭირვებას გაგებას ვერ შეძლებენ. სამაგიეროდ, დიდება და პატივი მათ, რომლებიც ქართული ეკლესიის უფლებების დასაცავად დგანან. ქართველები და ეკლესიის ქომაგნი არასდროს არ დაივიწყებენ უსამღვდელოესობა ეპისკოპოსთა ნიკოლოზ ნალიმოვის, ნიკოლოზ ოზეროვის, პიტირიმე კურსკის, ტიხონის (ამჟამად როსტოველის), ტიხონ პენზელის და სხვათა სახელებს. აღსანიშნავია, რომ ყველა დასახელებული მწყემსმთავრები სხვა უმრავლესობა მღვდელმთავრებისგან გამოირჩევიან სიმტკიცითა და ეკლესიისადმი გულმოდგინებით.
ამიერკავკასიის რუსული სამღვდელოების და საეგზარქოსოს რუსული სასულიერო-სასწავლო დაწესებულებათა მასწავლებლების ბარათში რუსი მოძღვარნი - მღვდლები ასე არიან დახასიათებულნი: „სამწუხაროდ, მრევლთა უმრავლესობა, განსაკუთრებით რუსული სამწყსოები, თავიანთი მღვდლების მიმართ არაკეთილისმყოფელურად არიან განწყობილნი. ამ სამწყსოებში ეკლესიის მსახურთა დიდი უმრავლესობა უკიდურესად არაინტელიგენტურნი და ხშირად საეჭვო ზნეობისანი არიან. ვინ არიან რუსული სამწყსოების მღვდლები? ესენი არიან რუსეთიდან გადმოსახლებულები, რომლებიდანავ ბევრს რუსულ ეპარქიებში არასდროს არ უბოძებდნენ მღვდლისა ან დიაკონის ხარისხს. მათ დიდი დრო დასჭირდებოდათ მედავითნის წოდების მისაღებადაც კი. ყველა ეს პირი გადამფრენი ფრინველები არიან, თავიანთ მრევლზე ისინი არ ფიქრობენ“. ზოგი მათგანი მრევლიდან მრევლში დაეხეტება და, რა თქმა უნდა, რუსი ეგზარქოსების წყალობით 1-2 წელიწადში სამ ადგილს იცვლის!“ რუსული სამწყსოები დიდი ხნობით უმღვდლოდ და ღვთისმსახურების გარეშე რჩებიან; ადამიანები უზიარებლად კვდებიან და წესის აუგებლად იმარხებიან“. სკოლის ერთ ინსპექტორთან როგორღაც ქანცგაწყვეტილი კურტაკიანი გლეხი მივიდა, რომელსაც, ეტყობოდა, ტემპერატურა ჰქონდა აწეული.
„მარჩენლებო! - უძლური ხმით ამოიკვნესა მან, სულს ძლივს ითქვამდა. - მარჩენლებო! მღვდელი მაინც მომიყვანეთ... უნდა ვეზიარო... ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ. ეგების დახმარება მოვიდეს... არა და სულ ქინაქინა და ქინაქინა... აი, შეხედეთ, - ხელი სასაფლაოსკენ გაიშვირა, - რამდენი ვწევართ იქ, ყველა უზიარებელი და წესაუგებელია... პირუტყვებივით... ყველას დაგავიწყდათ...“
და რამდენი „შემთხვევა იყო, რომ ქართულ სამწყსოებში ისეთ მღვდლებს აწესებდნენ, რომლებმაც მრევლის ენა არ იცოდნენ. აგერ სოფელი ვიხაილოვკა, ბორცალოს მაზრაში, რუსულია. 25 წლის წინათ მართლმადიდებლური სოფელი იყო, ახლა კი ერთიანად მალაკნებისა გახდა. სოფელი ახალი ალექსანდროვკა სამი წლის წინათ მართლმადიდებლური იყო, ახლა ნახევრად მალაკნურია. ასევეა გერგერიც“. ამიერკავკასიაში ათეული საუკუნეების განმავლიბაში, 1800 წლამდე, მაჰმადიანების, ერეტიკოსების და წარმართების მოწოლის წინააღმდეგ მართლმადიდებლობის ერთადერთი დასაყრდენი სწორედ ქართველები იყვნენ. ისინი „წმინდა ეკლესიის საყვარელი შვილები არიან...“ ქართველების მართლმადიდებლობისადმი კეთილი ერთგულების ნაციონალური თავისებურების გამოვლინება ასეთია: ტაძრებისა და ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უძველესი წმინდა ძეგლების სიმრავლე მათ მხარეში, საეკლესიო თქმულებათა მიმართ შეურყეველი ერთგულება და სხვ...“ რაც შეეხება ბერძენ მღვდლებს „ისინი თავიანთი მრევლის ცხოვრებით ცხოვრობენ, ინაწილებენ მათ სიხარულსა და მწუხარებას“, თუმცა რუსი ეგზარქოსები ბერძნების არასასიამოვნოდ მათ სამწყსოებში სხვა ენით მოლაპარაკე რუს მღვდლებს აყენებენ. 1906 წ. დეკემბერში ეგზარქოსმა ნიკონმა ყარსის ბერძნულ ტაძარში დეკანოზად დანიშნა მცირე განათლების მქონე, ბერძნული ენის არამცოდნე ფოსტის ჩინოვნიკი კამორა. ბერძნები მღვდლად გიორგი კარიბოსს ითხოვდნენ, რომელსაც სემინარიული განათლება ჰქონდა; კარიბოსი ბერძნებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ; იგი 15 წელი ტაძარში მსახურობდა. აღშფოთებული ბერძნები შეურაცხყოფილნი დარჩნენ. მაგრამ ამასთან რა ესაქმებოდა ქართული ეკლესიის უზურპატორს, რომელსაც ქართველები ისე ახასიათებენ, როგორც „ჯაშუშების ხროვით გარშემორტყმულ დახვეწილ დიპლომატს, რომელსაც ანონიმური წერილების სჯეროდა...“
ყოფილ 800 ქართულ მრევლს მღვდელი არა ჰყავთ, სამაგიეროდ ერევნის გუბერნიის სოფელ აგინოში არის ხუთკაციანი მრევლი, რომლის საეკლესიო კრებული, როგორც რუსული, შესანახად ღებულობს 1100 მანეთს.
აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში 60 ათასი რუსი სექტანტია. „რუსი სექტანტები უფრო ენათესავებიან და ხელმისაწვდომნი არიან რუსი ადამიანისთვის ვიდრე ქართველისთვის, არა მარტო სისხლისმიერად, არამედ საერთოდ ყოფაცხოვრების ნირითა და სულიერადაც“. სრული სიმართლეა, მაგრამ რუსმა მოძღვრებმა, მღვდლებმა, ნაწილობრივ დიდი ხელფასის მქონე მისიონერებმა, რომელთა შორის, ეგზარქოს კირ-ალექსის დროს, იყო ცნობილი „ადმინისტრატორი“, ვერც ერთი რუსი სექტანტი მართლმადიდებლად ვერ მოაქციეს? დიდი ხელფასის გამო ხომ ვერა? რა თქმა უნდა, ქართველ კათალიკოსს საწინააღმდეგო არაფერი ექნება, თუ რუს სექტანტებს ქრისტიანული მოძღვრების ნათელით ენობრივად ნათესავი მღვდლები გაანათლებენ. ქართველები კაცთმოძულეობით არ გამოირჩევიან.
მაინც რაში უნდა გამოიხატებოდეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
პირველი: ძველი საეკლესიო დაყოფის თანახმად, ივერიის ეკლესია თავის საზღვრებში შეიცავს მთელ ქართლს, კახეთს, იმერეთს, აფხაზეთს, სამეგრელოს, სამურზაყანოს და სვანეთს, სამცხესა და გურიას.
მეორე: მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები და ეკლესიები (მათ შორის რუსული, ოსური, აფხაზური, ბერძნული), ემორჩილებიან იმ ქართველ მღვდელმთავრებს, რომელ ეპარქიასაც ისინი განეკუთვნებიან.
მესამე: თუ მართლმადიდებელი რუსები, ბერძნები, ოსები, აფხაზები თავიანთ ეპისკოპოსებს ისურვებენ, მაშინ ისინი ემორჩილებიან ივერიის პატრიარქს და, როგორც მის, ასევე სხვა ეპარქიებში მოქმედებენ საღრმთო კანონების თანახმად.
მეოთხე: ბერძნული, ოსური და აფხაზური სამწყსოები მღვდლებს ირჩევე თავიანთი ხალხიდან, თუ ღირსეულს ვერ გამოძებნიან, მაშინ ასეთს ეპისკოპოსი შეარჩევს მრევლის ენის მცოდნეთა შორის.
მეხუთე: ქართველ მღვდელმთავართა საეკლესიო კრება მოიწვევა წელიწადში ორჯერ,
გაზაფხულზე და შემოდგომაზე, მცხეთაში (1 ოქტომბერს) და ქუთაისში (წმინდა აღდგომის
დღეების შემდეგ), ასევე თანაბრად ეპისკოპოსების არჩევისას, არაუგვიანეს 40 დღისა,
კათედრის გაუქმების შემდეგ და სხვა შემთხვევაშიც, საჭიროებისამებრ.
მეექვსე: პირველ ხანს ეპარქიების რაოდენობა განისაზღვრება ხუთით.
I ქართლის, რომელსაც განაგებენ მცხეთის არქიეპისკოპოსი და ივერიის კათალიკოსი. მასში შედის ქართლისა და სამცხეს 6 მაზრა. ჰყავს სამთავროგორის არქიეპისკოპოსის მოადგილე. ეპარქიაში არის 450 ათასი მართლმადიდებელი, აქედან 285 ათასი ქართველია, 70 ათასამდე - ოსი, 67 ათასი (ჯარით) - რუსი, ბერძენი - 31 ათასი.
II იმერეთის, რომელსაც განაგებს ქუთათელ- გაენათელი მიტროპოლიტი; მასში შედის იმერეთის 4 მაზრა, სვანეთის უბნის გარდა, ითვლის 515 ათას მართლმადიდებელს, აქედან ქართველია 495 ათასი, ბერძენი - 6 ათასამდე, ოსი - 4 ათასსზე მეტი.
III სამეგრელოს. განაგებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი. მასში შედის სამეგრელოს სამურზაყანოს და სვანეთის 2 მაზრა. ითვლის 305 ათას მართლმადიდებელს, აქედან 287 ათასი მეგრელია, 12 ათასი - სვანი, 3 ათასზე მეტი - აფხაზი, 3,5 ათასი - რუსი.
IV კახეთის. განაგებს ალავერდის მიტროპოლიტი. მასში შედის კახეთისა და ზაქათალის მხარის 3 მაზრა. ითვლის 200 ათას მართლმადიდებელს; აქედან 195 ათასი ქართველია, 4,5 ათასამდე - რუსი.
V გურიის. განაგებს ჯუმათის არქიეპისკოპოსი გურიიდან და ბათუმის ოლქიდან. ითვლის 120 ათას მართლმადიდებელს, აქედან 100 ათასი ქართველია, 8 ათასზე მეტი - ბერძენი, 10 ათასამდე - როსი (ჯარით).
სოხუმის ეპარქია შემოფარგლულია სოხუმის ოლქის 3 უბნით ჭყონდიდის სამიტროპოლიტოს ნახევრადდამოუკიდებელი საეპისკოპოსოთი. მასში 55 ათასი მართლმადიდებელია, აქედან 40 ათასამდე აფხაზია, 5 ათასამდე - რუსი (ჯარით), 7 ათასზე მეტი - ბერძენი და ქართველი.
რუსული უზენაესი მღვდელმსახურებასთან დამოკიდებულება შეიძლება შემდეგი იყოს:
ივერიის პატრიარქი, მისი საქართველოს საეკლესიო კრების არჩევისა და ხელმწიფე იმპერატორის დამტკიცების შემდეგ, საეკლესიო ერთიანობისთვის, ინიშნება სრულიად რუსეთის სინოდის წევრად და იმპერიის დედაქალაქში ყოფნისას ესწრება სინოდის სხდომებს.
მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9 და მე-7 კანონის თანახმად, ქართველ ეპისკოპოსებს თავიანთ კათალიკოსზე საჩივრები შეაქვს მეფის ტახტთან მოსკოვში (ნაცვლად კონსტანტინეპოლისა).
ბაქოს, ყარსის, ელიზავეტოპოლისა და ერევნის გუბერნიებში, რომლებშიც 100 ათასამდე მართლმადიდებელია (ამათგან 56 ათასამდე რუსია, 40 ათასამდე - ბერძენი), ქმნიან განსაკუთრებულ ამიერკავკასიის ეპარქიას, რომელიც დამოკიდებულია რუსეთის სინოდზე.
ამიერკავკასიის ეპარქიის მიტროპოლიტი, რომელსაც ბაქოში აქვს კათედრა, ჩამოდის თბილისში, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის, თანაც, ითვლება წმინდა სინოდის აპოკრისარიად და ეგზარქოსად საქართველოში და ქართული საკათალიკოსოს საქმეების გამო ესწრება ქართულ სინოდს. კათალიკოსის ნებართვით მას უფლება ეძლევა მთელი საკათალიკოსოს რუსულ ეკლესიებში დანიშნოს რუსი მღვდლები და საეკლესიო კრებულის სხვა წარმომადგენლები, ამასთანავე, ყველა რუსულ ეკლესიაში მისი სახელი ცხადდება კათალიკოსის სახელის შემდეგ.
ბერძნული და ოსური ეკლესიები შეადგენენ განსაკუთრებულ საბლაღოჩინოებს და ემორჩილებიან მღვდელმთავრების მოადგილეებს, რომლებმაც იციან სამწყსოს ენა.
საკუთრივ მაინც რისი ეშინიათ ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებს და, ამავე დროს, საღმრთო კანონებისა და საეკლესიო მშვიდობის დამრღვევებს?
ერთ საეკლესიო სფეროში ორი დამოუკიდებელი ეკლესია არ არსებობს, ამიტომ ქართულ ეკლესიაში არ შეიძლება იყოს ორი ეპარქია: რუსული და ქართული; სხვაგვარად ამას მოჰყვება საეკლესიო განხეთქილება და გათიშვა, რომლის დროსაც გამთიშველებად აღმოცნდებიან რუსები, როგორც კი უცხო ეპარქიაში თავიანთ სამსხვერპლოებს ააგებენ.
პროფესორ ბერდნიკოვს თავის ბარათში მიაჩნია: „აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამიერკავკასიის მხარის რუსი მცხოვრებლების თხოვნა არაქართველ მცხოვრებთა მართლმადიდებლური სამწყსოებისათვის, დამოუკიდებელი რუსული ეპარქიის დაარსების შესახებ, ეს თხოვნა სინოდს გადაეცა 1906 წლის 7 ივნისს“. მაგრამ ეს თხოვნა გადაცემული იქნა რუსების მიერ, რომლებსაც უფლება არა აქვთ არც ბრძანების და არც იმისა, ოსების, აფხაზების გაჭირვებაზე ილაპარაკონ. რუსებისათვის არსებობს ბაქოს რუსული საეპისკოპოსო და იგი შეიძლება დამოუკიდებლად გადაიქცეს და რუსული სახსრებით შეინახოს თავი. საქართველოს კათალიკოსთან რუსული მღვდელმთავრების ყოფნა იმას ნიშნავს, რომ რუსები შეინარჩუნებენ ყველაფერ იმას, რაც მათ უფლებით ეკუთვნით.
ამასობაში საეკლესიო კრებულის კომისიამ, არა მარტო ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის წინააღმდეგ გაილაშქრა, არამედ საღმრთო კანონები უარჰყო და პოლიტიკას მიჰყო ხელი. „როგორ უნდა გაემიჯნონ ოლქში ერთადერთ (?!) გამაერთიანებელ რუსულ ხელისუფლებას?“ აცხადებს მოძღვარი ვოსტორგოვი. არარუსული მოსახლეობისთვის რატომ უნდა იყოს ავტორიტეტული რუსული ხელისუფლება და არა ქართული? ბერძნებმა მინისტრთა კომიტეტში ჯერ კიდევ 1905 წ. შეიტანეს თხოვნა მათთვის საგანგებო ეპისკოპოსის ბოძების შესახებ. ამით მათ სურდათ, რაც შეიძლება მალე აეცილებინათ ეგზარქოსისგან შევიწროება. ოსებიც, რომლებიც უძველესი დროიდანვე ქართველების გვერდით ცხოვრობენ, ცდილობენ რუსი ეგზარქოსების მეურვეობის თავიდან აცილებას!
აი, მაგალითად რას გვატყობინებენ ახლანდელ რუს ეგზარქოს კირ-ნიკონის შესახებ: „ეგზარქოსი საქართველოდან ერეკება საუკეთესო ქართველ მღვდლებს და მათ თბილისიდან ანაცვლებს ბაქოს გუბერნიის ღარიბ რუსულ სოფლებში (როგორც მაგალითად, მღვდელ ჯაშს მოექცა). 1906 წ. მიწურულში ქართველებმა ეგზარქოსს თხოვეს დიაკონი (სემინარიის განათლებით), რომელმაც ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში 15 წელი იმსახურა, მღვდლად ეკურთხებია. ეგზარქოსმა უარი განაცხადა და მღვდლად ნაკლები განათლების ახალგაზრდა რუსი დასვა. ეკლესია ქართველების აგებულია და ჰყავს 4 რუსი მღვდელი. ქართველები, რომლებმაც რუსული ენა არ იციან, უაღსარებოდ კვდებიან. ასეთია რუსი ეგზარქოსის გულქვაობა.
თბილისში 2 ტაძარი, 1 მონასტერი და 23 ეკლესიაა ქართული მრევლით, და არა 15, როგორც ეს წინასაეკლესიო კრების კომისიაზე განაცხადეს, (ქართველების მიერ აგებულ ეკლესიებს არ შეიძლება რუსები დაეპატრონონ), ხოლო ორი ტაძარი და 13 ეკლესია - რუსული მრევლით. 1905 წ. იყო 54.500 ქართველი (1897 მოსახლეობის აღწერით - 42.206), მაშინ როცა რუსი მართლმადიდებლები შეადგენდნენ 52 ათასს, მაგრამ მათგან უმეტესი ნაწილი მოდიოდა ჯარსა და იქ დროებით მყოფ მუშებზე. იმის მაგივრად, რომ ერთ-ერთი რუსული ტაძარი (თუნდაც ალექსანდრე ნეველის, რომელშიც დღესასწაულების დროს ეგზარქოსი წირავს) ამიერკავკასიის მომავალი რუსი არქიეპისკოპოსის საკათედრო ტაძრად გადაექციათ, წინასაეკლესიო კრების კომისიამ მოიწონა მოძღვარ ვოსტორგოვის ანტიკანონიკური პროექტი - რუსულ საკათედრო ტაძრად გადაეკეთებიათ თბილისის სიონის ტაძარი, რომელიც აგებულია 576 წ. და ქართველების სათაყვანო სალოცავს წარმოადგენს. იქ ქართველი მიტროპოლიტები არიან დამარხულნი. ამასთანავე რუს არქიეპისკოპოსს, გარდა ანჩისხატის ტაძრისა, ემორჩილება ქ. თბილისის ყველა ქართული ეკლესია ფერისცვალების მონასტრის ჩათვლით. ასეთ ყოვლად გაუმართლებელ და აშკარა ძალადობას სჩადიან ქართული ეკლესიის მიმართ და წინასაეკლესიო კრების კომისიის წევრები კიდევ თავიანთ მიუკერძოებლობაზე ლაპარაკობენ. თუ მსგავსი დადგენილებებით საქართველოში აღშფოთების გამოწევა და ყოვლად უდანაშაულო რუსი მოსახლეობისადმი არაკეთილგანწყობილებისა და შუღლის ჩამოგდება სურდათ, მაშინ ანაფორიანმა პოლიტიკოსებმა და ანტიკანონისტებმა ამას მიაღწიეს, სახელმწიფო სათათბიროში მარცხენა მხარეს, რევოლუციონერების გვერდით უნდა ჰქონდეთ ადგილი, მაგრამ ისინი, თავადაზნაურობის მტრები, კირ-„უპირველესის“ წყალობით წინასაეკლესიო კრების კომისიაში აღმოჩნდნენ. ღმერთმა დაიფაროს რუსული ეკლესია მსგავსი პირების მომავალი მოსკოვის წინასაეკლესიო კრებაზე დასწრებისაგან. კომისიამ წინადადება წამოაყენა - გარდა ქ. თბილისისა, რუსი არქიეპისკოპოსის გამგებლობაში შესულიყო ქართული მიწის აკვანი - სამცხე, იმიტომ, რომ იქ 6 ათას რუსზე სულ 6 ათასი მართლმადიდებალი ქართველი და 27 ათასი ბერძენია. მაგრამ ბერძნებს საერთოდ რუსებთან ყოფნა არ სურთ, ხოლო ქართველებს ენდობიან და კიდევაც უყვართ.
სოხუმის ეპარქია, კომისიის გადაწყვეტილებით, უნდა დაემორჩილოს რუს არქიეპისკოპოსს: მას უნდა გამოეყოს მეგრელებით დასახლებული სამურზაყანოს ნაწილი, რომელიც შეუერთდება სამეგრელოს ეპარქიას. ქ. ბათუმი, სადაც ქართველები ჭარბობენ, უნდა გამოეყოს გურიის ეპარქიას და მიეკუთვნოს სოხუმის ეპარქიას. ასეთი გადაწყვეტილება უსამართლო და არაკანონიკურია. საქართველოს სამეფო დამოუკიდებელი რომ იყოს და ამასთანავე რუსეთის მონარქია ფლობდეს სოხუმის მხარესა და ბათუმს, მაშინ სოხუმის ეპარქიისა და ბათუმის დაქვემდებარებას რუსული საეკლესიო ხელისუფლებისადმი აუცილებლად წარმოვიდგენდით. რუს იერარქს შეეძლო ქართველი იერარქისთვის ეთხოვა, სოხუმის ეპარქიისა და ბათუმის მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის ნება დაერთო რუსული იერარქიის ხელისუფლების გამგებლობაში გადასასვლელად. ამჟამად ქართული, კანონიკურად ავტოკეფალური, ეკლესია იმყოფება რუსეთის სამეფოში, რითაც რუსულ ეკლესიას უფლება არა აქვს ქართულ ეკლესიას მოწყვიტოს, როგორც სამცხე, ასევე აფხაზეთი, თბილისი და ბათუმი, - ოლქები და ქალაქები, რომლებიც ოდითგანვე საქართველოს ეკლესიას მიეკუთვნებოდა. ამასთანავე ბათუმის ოლქი უმეტესწილად დასახლებულია ქართველებით (ლაზები, აჭარლები), რომლებიც 65 ათასამდე არიან. რუსობა კი 5 ათასამდეა (ჯარით). ქართველთა უმრავლესობა მაჰმადიანია და, რა თქმა უნდა, სხვა ენაზე მოლაპარაკე რუსი მღვდლები მართლმადიდებლობაში ვერ მიაბრუნებს მათ. ბათუმში 8 ათასამდე ქართველია, რუსები 5 ათასამდე ძლივს აღწევენ ჯარის ჩაუთვლელად.
მოსახლეობის აღწერის მიხედვით (1897 წ.) აფხაზები მთლიანად 58500 სულს შეადგენდნენ, მათ რიცხვში ითვლებიან სამურზაყანოს მეგრელების დიდი ნაწილი. წინასაეკლესიო კრება, სხვათაშორის, ხელმძღვანელობდა ისეთი ავტორიტეტების ცნობებით, როგორებიც არიან ვოსტორგოვი და სოხუმის მხარის უფროსის თანაშემწე ზენჩენკო. მათგან არცერთმა არ იცის არც აფხაზური და არც მეგრული ენა. მათ შეიძლება უბრალო ხალხმა დაუჯეროს და არა მეცნიერებმა.
საქვეყნოდ განთქმული ეთნოგრაფია, რომელმაც ყველა ქართული კილო იცის, გრაცკის უნივერსიტეტის პროფესორი, ვენის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დოქტორი ჰუგო შუხარდტი, კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერილობათა მასალების კრებოლში (ტომი 26), ამბობს, რომ სამურზაყანოს მაცხოვრებელთა საოჯახო ენა მეგრულია, მაგრამ მამაკაცებმა იციან აფხაზურიც... აკადემიკოსი ბროსე სამურზაყანოს მაცხოვრებლებს მეგრელებს უწოდებს. სამურზაყანოს მკვლევარი გოგობაშვილი ამბობს, რომ მეგრელები და სამურზაყანოელები ერთი ხალხი არიან. სამურზაყანოელები უნდა განვიხილოთ, როგორც სამეგრელოს მოწყვეტილი გააფხაზებული ხალხი. პროფესორ ცაგარელის გამოანგარიშებით, სამურზაყანოს 29 ათასი მეგრელიდან, მხოლოდ 2 ათასს შეიძლება ვუწოდოთ აფხაზი. ვოსტორგოვის მიერ წინასაეკლესიო კრების კომისიაში წარდგენილ ბარათში სოხუმის მხარეში ნაჩვენებია 55 ათასი აფხაზი, ნახვლად 49.320-სა; მაჰმადიანი - 12 ათასი, ნაცვლად 9.420-სა, მეგრელი - 23 ათასი, ნაცვლად 25.760-სა.
1906 წელს სამურზაყანოში იყო 35 ათასი მაცხოვრებელი, ამათგან 32 ათასის ბუნებრივ ენას წარმადგენდა მეგრული. ამიტომ სამურზაყანო უნდა მიეკუთვნოს არა სოხუმის, არამედ სამეგრელოს ეპარქიას. ვოსტორგოვი უგულვებელყოფს 1905-1906 წ.წ. მრავალი ათასი აფხაზის სარწმუნოებიდან განდგომას და გამაჰმადიანებას. ამის გამო სოხუმის მხარის გუდაუთისა და კოდორის მონაკვეთებმა, თავისი მოსახლეობის შემადგენლობით, სრულიად სხვა ელფერი მიიღეს. მასში ამჟამად იქნება 40 ათასი მართლმადიდებელი აფხაზი, 3 ათასზე მეტი - მეგრელი და ქართველი, 4 ათასზე მეტი ბერძენი, 5 ათასამდე - რუსი (ჯარით). რაც შეეხება საკუთრივ სოხუმს, მასში რუსები, სამხედროების ჩათვლით 2 1/2 ათასზე ნაკლებია, ბერძნები - 1250, ქართველები 21/2 ათასზე მეტი, აფხაზები კი სულ 144 კაცია. (იხ. კავკასიის კალენდარი, 1907 წ.). რუსებს, გარდა სამხედრო ეკლესიისა, აქვთ ტაძარი, ოთხი მღვდლით, ქართველები და ბერძნები კი უმღვდლოდ არიან დარჩენილნი. ასეთია ეგზარქოსის სიმართლე. უნდა შევნიშნოთ, რომ სოხუმი იმყოფება გუმისთას მონაკვეთში, სადაც 500 აფხაზიც კი არაა, ქართველები კი გაცილებით მეტნი არიან.