„წმინდა დავითის უდაბნო,
გამოკვეთილია კლდისაო,
შიგა სუფევენ ბერები,
მადიდებელნი ღვთისაო,
წირვა და ლოცვა იმათი,
გალობა გერონტისაო“ *
ხალხური სიმღერა
დავით გარეჯის უდაბნო |
უდაბნო ესე მდებარეობს ტფილისის მაზრაში ქ. ტფილისიდამ 60 ვერსტზედ, გარეთ გახეთში, სოფელ საგარეჯოს სამხრეთისკენ, ერთს მთიან ადგილზედ, განშორებული ყოვლის მხრით სოფელს, ტყეს და წყალსა არა უმცირეს 30-ის ვერსტისა, ფრიად ცხელსა და ყოვლითურთ უპოვარს ალაგზედ.
ეს უდაბნო დაარსებულია 562 წელსა, შემდგომ ქრისტესა, ღირსისა და ღმერთ-შემოსილის მამისა ჩვენისა, ქართველთ მნათობისა დავით გარესჯელის მიერ, რომელიც იყო იმ ათ-ცამეტთა მამათაგანი, რომელთაც გამოეცხადა ყოვლად-წმინდა ღვთის მშობელი და უბრძანა, რათა წამოსრულ იყვნენ სირიიდამ გასავრცელებლად ქრისტიანობისა საქართველოსა შინა.
ესე წმინდანი მამები მოვიდნენ საქართველოში მეექვსე საუკუნეში; თითოეულმა მათგანმა დაისადგურეს სხვა და სხვა ალაგებზედ: ქართლში და კახეთში, სადაც ხალხში ამტკიცებდნენ წმინდა ნინოსგან ქადაგებულს ქრისტეს სარწმუნოებას.
წმინდა და საკვირველთ-მოქმედი დავით, როგორც მყუდროების მოყვარე, განშორდა სოფლის შფოთს და ამბოხებას - დაისადგურა ამა ალაგზედ, სადაც იღვწოდა და აღვიძებდა მოწაფეთა მისთა სარწმუნოების გავრცელებისათვის, რომლისაგამო აღშენდა თორმეტი მონასტერი, რისთვისაც იწოდებოდა ადგილი ესე „მრავალ მთის უდაბნოდ“.
წმინდა დავითის ლავრა. კარიბჭე |
კაცი უცნობი და უვალი ამ ადგილებში, მომავალი ჩრდილოეთიდამ სამხრეთისკენ, შემდგომ თვალ უწვთენელ მინდვრებით სიარულისა ამ უდაბნოში, პირველად შეხედავს მთის თავზე მაღალ საყარაულო კოშკს ოთხ კუთხიანს, აშენებულს ქვიტკირით კლდეზე.
მოუახლოვდება რა ამა მთის ძირს, მოულოდნელად შეხვდება გზის პირად მარჯვნით აღმართულ კლდეში გამოკვეთილს ერთს სენაკს და სხვა ასავალ ჩაჭრილ კიბეებს და ამოკვეთილ ღარებს. ქვემოთ ამისა ნახავს ორს ჭას ამავე კდლისაგან ამოკვეთილს, რომლის ამოკვეთილ ღარების ქვემოთ არიან დარგული ნუშის და ატმის ხეები თავის დროზედ მსხმოიარენი.
კაცი მოსრული ამ მთის ძირში, უეცრად ნახავს დიდს კარს დაკეტილს, აღმოსავლეთისკენ მხედველს, მცირე კედელს და სახლის კუთხეს ქვითკირით ნაშენსა, და გაოცდება ამგვარ შემთვევათათვის ამისთანა უდაბურს ალაგზედ.
აქ შესავალი კარის თავზედ მიიქცევენ მნახველის ყურადღებას გამოხატულებანი და ამგვარი წარწერილობა ხუცურის ასო-მთავრულით: „განმიხვენით჻ მე჻ ბჭენი჻ სიმართლისა჻ შევიდე჻ მასშინა჻ და჻ აუარო჻ უფალსა჻ ესე჻ არს჻ ბჭე჻ უფლისა჻ და჻ მართალნი჻ შევლენ჻ მას჻ შინა჻ ქორონიკონს჻ ტპგ (383).
ამ ქვაზედ არის ამოჭრილი სამი ირემი ნუკრიანი, მაგალითი იმისი, რომ უფალმან იცის პირუტყვთაცა - ნადირთაგან გამოზრდა მოშიშთა მისთა, როგორც იზრდებოდა წმიდა დავით და მოწაფე მისი ლუკიანე; როდესაც აქაურმა ცხელმა ჰაერმა გაახმო ის ბალახიც, რომელთაც ეს მამები ხმარობდნენ საჭმელად, მათ მოითმინეს შიმშილი და წყურვილი; მაშინ ღმერთმა მოუვლინა ირმები, ყოველ საღამოს მოვიდოდნენ, როგორც შინაური საქონელი, მივიდოდა ლუკიანე და მოსწველიდა მათ; რძეს მიართმევდა წმიდა დავითს, დასახავდა იგი ჯვარს და შედგებოდა ყველად.
კარიბჭის წარწერა |
აქვე არის ამოჭრილი ერთი არწივი და მისს კლანჭებს ქვეშ სძევს თევზი ორაგული, ნიშნად მისსა, რომ, როდესაც ამ უდაბნოს მოღვაწე მამებს ერთს ბზობა დღეს არ ჰქონდათ არც თევზი და არც მხალი, მათ მოახსენეს წინამძღვარს, თუ რითი ინუგეშონ ხორცის უძლურებისათვის; მაშინ უბრძანა მამამ ორ ძმას, რომ გავიდნენ ველზე და მოძებნონ მწვანვილი მინდვრისა. - ერთი წავიდა ჩიჩხიტურის მხრით და მეორე დოდოს უდაბნოსკენ; მწვანვილის ძებნაში ერთ მათგანის წინ დაეშვა არწივი და დააგდო თევზი ცოცხალი ორაგული**. მაშინ ბერმა სიხარულით ხმა უყო ძმასა თვისსა: „თევზი, თევზი!“ მოვიდა იგი და ორთავემ მოართვეს წინამძღვარს, რომელმაც ბრძანა: „იოანნე მახარებელმა გამოგვიგზავნაო“. ამ დროიდამ უნდა იყოს ხალხში ხმარებული ის, რომ უქონლობის დროს იტყვიან ხოლმე: „იოანე მახარებელი გამოგვიგზავნის“.
ამავე ქვაზედ არის ამოჭრილი სახე ორის ყორნისა, რომელთაც მიმფრინავთ ნისკარტით მიაქვსთ ვაშლები. ეს არის სახსოვარი მისი, რომ ამ ლავრაში იდგა ვაშლის ხე მოსხმული, ამის ნაყოფისგან ყველა ძმები საერთოდ სჭამდნენ დროსა პურის ჭამისასა ტრაპეზსა ზედა.
წმ. დავითის ლავრა |
ამ ვაშლისგან ჩუმად იკრიფებოდა ვაშლები; მაგრამ ვერა გაიგეს-რა. ბოლოს წინამძღვარმა ინება დარაჯის დაყენება, რომელმაც ნახა, რომ ორი ყორანი მოვიდნენ, მოსწყვიტეს ნეკრები ვაშლითურთ და შეიტანეს ერთს კლდეში; ცნობის მოყვარე კაცმა ისურვა ნახვა იმ ადგილისა, საცა ყორნებმა შეიტანეს ვაშლები; აღმოჩნდა, რომ იმ კლდეში ყოფილა მოღვაწე დაყუდებული, რომელიც იზრდებოდა ყორანთაგან; სულიერის სიტკბოებით უამბორნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბაასი ზეციურ ცხოვრებაზედ. შემდგომ ამ ალაგზედაც გამრავლდნენ მოღვაწეები, გამოკვეთეს ეკკლესია და სენაკები, წითელ უდაბნოდ წოდებული, რომელიც მდებარეობს სამხრეთისკენ შორის ბერთ-უბნის და დავითის უდაბნოსა ორს ვერსტზედ. დღესაც არის ძველი ჩამოქცეული ეკკლესია და სენაკები.
ზემო ნახსენები კირის ქვაზედ კიდევ არის ამოჭრილი ორი ლომი ჯაჭვით დაბმულნი, ეს მოგვაგონებს იმას, რომ ღვთისადმი მინობილთა დათრგუნონ ლომი და ვეშაპი, როგორც დაიმორჩილა წმიდა დავითმა დიდი და საზარელი იგი ვეშაპი, რომელიც იყო ამ უდაბნოს დიდს ქვემო ხევში და რომელმაც შეუჭამა ირემს ნუკრი; ამიტომ წმიდა დავითმა გამოიყვანა ამ ხევიდამ ეს საშინელი გველი, რომლის მნახველი ლუკიანე შიშით თავ-ზარდაცემული დაეცა მიწაზედ; მაშინ დავითმა უბრძანა: მამაო ლუკიანე! რათ შეშინდი ერთის ჭიისაგან, რომელიც განგებულებითა ღვთისათა დაიწვა ცეცხლითა.
ზემო მოხსენებულნი მაგალითნი, როგორც გადამოცემით ვიცით, დაწერილ არიან ჯვარ-შემოსილის წიგნში, რომელიც გაუტანია განსვენებულს პლატონ ეგ. იოსელიანს და დღეს ვისა აქვს არ ვიცით.
კაცი შევა თუ არა უდაბნოს გალავანში, წარმოუდგენიან უცხო სანახავნი: ხეები მწვანით შემოსილნი, ორი მაღალ-მაღალი მრგვალი კოშკები, მაღალ-მაღალი გალავნების კედლები (ერთი ამათგანი ახალი დიდი კედელი აშენდა 1883 წელში, ჩემს დროს, რომელიც ექვსის წლის წინათ ჩამოქცეულიყო).
გარშემო უდაბნოჲსა იმყოფებიან დიდი მთები სამის მხრით აღმართულნი. ქვემოთ ამისა, კედლებში ნახავს კაცი მხოლოდ კარსა და ფანჯრებს და სხვა არაფერს; მაგრამ შევა თუ არა კედლის კარში შეხვდება გონების გამაცვიფრებელს დიდს პალატს კლდეში გამოკვეთილს კამარედად; სიგრძით აქვს მას ცხრა საჟენი, განით სამი საჟენი და სიმაღლით სამი საჟენი და ერთი ალაბი. ორივე მხარეს აქვს გაზიდული ბაქნები, იმავე კლდისაგან გამოკვეთილი. წინ ექვს-ექვს ქვის სვეტებზე დაწყობილია ხონჩის მსგავსი გრძელი ხის სუფრები.
ამ ტრაპეზიდამ ადვილ გამოსაცნობია, თუ რამდენი ყოფილან უწინ ბერები ამ უდანოში. აქ შეკრბებოდენ წინამძღვარი და ძმები პურს საჭმელად, ეგრეთვე მაშინ, როცა ექმნებოდათ რჩევა სამონასტრო საქმის განგების შესახებ. ამ საზოგადო ტრაპეზს აქვს თავზე საკუთარი საჯდომი, სადაც დაჯდებოდა წინამძღვარი იკონომოსით და რიგის მღვდელ-მონაზონითურთ, ხოლო სხვანი - ორთავე მხარეს თავიდამ ბოლომდის. ტრაპეზის დროს ერთი განწესებული ძმათაგანი აღვიდოდა საწიგნობრეზედ და კითხულობდა წმიდათა ცხოვრებას, ჩვეულებისამებრ მონასტრისა; ყველა ძმანი პურის ჭამისათანა სიჩუმით, ყურადღებით და უგლის ხმის ყოფით ისმენდნენ ამას (როგორც ეს დღეს არსებობს დასავლეთ საქართველოში - აფახაზეთში, ახალ-ათონის სვიმონ კანანიტის მონასტერში, სიმრავლისა გამო რუსის ბერებისა). შემდგომ ტრაპზეიდამ აღდგომისა შესწირვიდნენ მადლობის ლოცვას, წავიდოდნენ მყუდროებით თვის-თვის სენაკებში ხელთ საქმარისათვის, ვისაც კი რა შეეძლო; ვერ ნახავდა ერთი მესენაკე მეორესა; ამ ნაირად იყვნენ მოუკლებელ ლოცვასა და მარხვაში, სწერდნენ საღმრთო წერილების თარგმანებს, ჰქონდათ სკოლა და ცდილობდნენ სწავლის გავრცელებას მით, საიდამაც გამოდიოდნენ მეცნიერნი სასულიერო მქადაგებელნი; მაგალითად, ანტონ I კათალიკოზი და დიდი ანტონ ჭყონდიდელი იყვნენ აქ აღზრდილნი.
წმ. დავითის ლავრის ძმობა |
რომ აქაურნი უწინდელნი მოღვაწე ბერები იყვნენ დაუძინებელნი მშრომელნი, არ იყო მათში ჩვენი დროების სენი - შური და მტრობა, ამას გვიმტკიცებენ მათგან ნაშრომ-ნაღვაწნი ძველნი ხელთ-ნაწერები და სხვ.
ამ დიდს პალატს მარჯვნით შიგნით აქვს კარი შესავალი მარანისა, რომელიც გამოკვეთილია კლდეში; დღესაც არიან დამარხულნი დიდი და პატარა ქვევრები.
ამ პალატიდამ სამხრეთისკენ არის შესავალი კარი იოანე ღვთის-მეტყველის დიდის ეკლესიისა, იმავე ბუნებითის კლდისაგან კამარედად გამოკვეთილი, რომელსაც განყოფს ამ პალატის ერთი გამოკვეთილი კედელი. ეკკლესიას აქვს შიგნით სიგრძე ცხრა საჟენი, განი ოთხ-ნახევარი საჟენი და სიმაღლე ოთხ-ნახევარი საჟენი.
კანკელი ამისი გამოჭრილია ძირიდამ თავამდე იმავე ბუნებითის კლდისაგან, რომელზედაც დახატულია ხატები მსგავსად მაზაიკისა ბერძნულის მხატვრობით, იმ დროიდან დღესაც ცხოვლად დაშთენილნი.
საკურთხეველი აქვს დიდი, მაღალ დასაჯდომელიდამ (ტრაპეზის უკან მღვდელ-მთავრის საჯდომელი): ორივე მხარეს სრულიად ეკკლესიის კედლებს აქვს ჩამოსაჯდომი კლდისაგან გამოკვეთილები. ტრაპეზი დღესაც შეურყეველია, სამკვეთლო და სხვა, კლდისგანვე გამოჭრილი, ყოველი მრთლად არის. საკურთხეველს აქვს აღმოსავლეთით მხოლოდ ერთი ფანჯარა, რომელიც ანათლებს სრულიად ეკკლესიასა.
ამ ეკკლესიის დასავლეთით არის მეორე გამოკვეთილება იმავე კლდისაგან, განით და სიმაღლით იმდენი, რამდენიც არის თვით ეს ეკკლესია; ხოლო სიგრძით ხუთი საჟენი. ჩამოქცეულია რამდენიმე დიდრონი ქვები და არა სჩანს, თუ რა ყოფილა ესა; მაგრამ უნდა ყოფილიყოს სალარო. ეს ეკკლესია, როგორც გუჯრებიდან სჩანს, ყოფილა აღშენებული თეიმურაზ პირველის მეფის შემწეობით. ამ ეკკლესიის სამხრეთის კარით არის ქანქანა (გზა ფარული), გაყვანილი ზემო და ქვემო ორის უბნის ნაწილების ყველა გამოკვეთილების და შენობების ქვეშ, სიგრძით ამ სამოც საჟენზედ. ეს ქანქანა მიდის აღმოსავლეთისკენ წმინდის დავითის საფლავის ეკკლესიისადმი, ასე რომ ღვთის მეტყველის ეკკლესიიდამ ყოფილა საიდუმლო შემაერთებელი გზა; მაგრამ ალაგ-ალაგ ჩამოქცეულა და ამის გამო დახშულია.
უდაბნოს მონასტერი. |
ცა ამ დიდის ეკკლესიისა სიძველისაგამო ჩამოქცეულა, რომლის ნაქცევითაც იატაკი დაფარულია ნახევრის ალაბიდამ ერთს ალაბამდე. მნახველი ამ შესანიშნავის ეკკლესიისა ვინ იქნება იმისთანა უგულო, რომ არ ისურვოს მისი განახლება, რომელიც შეადგენს საქართველოს ძველს მოღვაწეთა ქალაქს და არხიტეკტურას?!
ამ ღვთის მეტყველის ეკკლესიის მაჯვენით არის მეორე პალატი იმავე კლდეში გამოკვეთილი, რომელსაც აქვს შიგნით რვა-ნახევარი საჟენი სიგრძე, განი სამ-ნახევარი საჟენი და სიმაღლე სამი საჟენი, რომელშიც, ძველის ჩვეულებისამებრ, დღესაც არსებობს საზოგადო ტრაპეზი; ამას აქვს ერთი შესავალი კარი და მის ზევით ერთი ფანჯარა, რომელიც საკმაოდ ანათლებს. შემსვლელი მასში მარცხენით ნახავს კარს სახაბაზოსას, კლდისაგან გამოკვეთილს, შიგნით აგურით ნაშენ ფურნეს და დიდს ხის ვარცლსა, რომელზედაც იზილება ექვსი ფუთიდამ ათ ფუთამდის პურის ფქვილი; აქ ზარის დარეკვისთანავე, ძველის ჩვეულებისამებრ, უნდა შეიკრიბნენ ხოლმე ყველა ძმები და მსახურნი, რომ ყველამ ამოქნას ცომისაგან გუნდები.
შიგნით ამ პალატში არის საკუჭნაო, კლდისაგან გამოკვეთილი, ტრაპეზის სახმართათვის. ესენი არიან ზემო უბანზედ, სადაც საშუალ ალაგზე დარგულია ორი დიდი თუთის ხეები საჩრდილობელი და მათ შორის ქვითკირის ნაშენი დასასხდომი.
მარჯვენით ამისა ციცაბო კლდეში არის გამოკვეთილი ძირიდამ თავამდე, დაყოფილი სართულებად, თერთმეტ სენაკამდის: რომელიმე ამათგანი ჩუქურთმით, ვაზებით და ტევნებით შვენიერად გამოქნილნი კლდისაგან და რომელნიმე დახატულნი წმინდად; ხუთს ამათგანში დღესაც სცხოვრობენ ძმანი. ამ ზემო უბნის ჩასავალ კარზედ მარცხენით ნახავს კარს სამზარეულოსას, საკმაოდ კლდისგან გამოკვეთილს.
მონასტრის ზედა ეზო |
ზემო ნაწილის უბანი - ორის კოშკებიდამ გავლებულია მაღალი კედლები ქვით-კირისა, სადაც არის გაშენებული ქვითკირის ერთი ორ-სართულიანი სახლი, რომელიც შეადგენს გალავანს, აქვს ორი კარი, ერთი ამათგანი რკინისა. ამ ზღუდიდამ წარსული აღმოსავლეთისკენ გავა მცირე გალავანს და ჩავა მეორე ნაწილში, სადაც სდგას ერთი ტოტებ გაშლილი დიდი ხართუთა, საჩეხიანს ვაკეზედ, და ორი კაკალი ხევის პირებში. ამ მეორის მოედნის ჩასავალ კიბის მარჯვნით შეგხვდებათ კარი, კლდეში გამოკვეთილი, ექვს საჟენზედ ფარულად ჩასავალი; მერმედ შესდგება მესამე ნაწილი, რომლის აივან გრეხილით და კიბით ჩავა მეოთხე ნაწილის გალავანში, სადაც არიან დასაფლავებულნი სხეულნი ძმებთა და თავადთ ანდრონიკაანთ და ვაჩნაძეებთა.
აქ მარცხნით არის ეკკლესია ფერის-ცვალებისა, გამოკვეთილი კლდისაგან; შიგნით სიგრძე აქვს ექვსი საჟენი, და ორ-ნახევარი ალაბი, განი ოთხი საჟენი და ხუთი ჩარექი, და სიმაღლე ორ-ნახევარი საჟენი. ფანჯრები აქვს სამი კამარებში: ერთი საკურთხეველში, მეორე საშუალ ეკკლესიისა, კანკელის სანათობელად, და მესამე ეკკლესიის შესავალ კარზედ; კარი რკინისა აქვს.
მარჯვენით კედლის კამარის ჩასწვრივ არის საფლავი ამ მონასტრის დამაფუძნებელის, წმინდა დავით გარესჯელისა, გაჯით გალესილი; ზედ სდგას ახალი კაკლის კუბო ვარაყიანი და ზედ აგმოხატულება წმინდა დავითისა, ოქრომკედის ნაქსოვი ფარჩით დაფარებული.
კანკელი არის ტოლზედ ნახატი, ეკკლესია საკმაოდ გაწყობილი, რომელშიაც სრულდება წირვა-ლოცვა. საკურთხევლის მაღალი დასაჯდომელიდამ ორივე მხარეს აქვს ეკკლესიას ჩამოსაჯდომები, გამოკვეთილნი იმავე კლდისაგან. სამკვეთლო საკუთარს განყოფილებაშია კლდეში გამოჭრილი.
წმ. მამა დავით გარეჯელის სენაკი |
ამ ეკკლესიაში ასვენია ერთს მცირე ვეცხლის ყუთში ის მადლის ქვა, რომელიც მოიტანა წმინდა დავითმა ქრისტეს საფლავიდამ. შემდგომ მის გარდაცვალებისა ბევრმა წელმა გაიარა, რომ არავინ იცოდა, თუ სად იყო იგი შენახული. 1816 წელს, სიძველის გამო, ეს ეკკლესია განაახლა ამ უდაბნოს წინამძღვარმა არხიმანდრიტმა ილარიონ (ვაჩნაძემ) მეორემ; დაიწყო საფუძვლიდამ შენობა მისი; მოითხოვა საჭიროებამ გაესწორებინა კანკელის ოთხ კუთხიანი სვეტი, რომელიც იყო ფეხებისკენ წმიდა დავითის საფლავისა. ეს სვეტი ნახევარი რომ ჩამოაქციეს, გამოჩნდა კედელი, გაჯით გალესილი, და შიგ დახატული ღირსი მამები დავით და დოდო, იმ დროისა, როდესაც დავითი მოვიდა იერუსალიმიდამ და შეეყარა დოდოს მხიარულის სახით ერთმანეთის ხელებზედ ამბორის მყოფელნი; ზედ ეწერა: „ხატი წმ. დავითისა, იერუსალიმიდამ მოსულისა“. მოითხოვა საჭიროებამ ამ კედლის ერთბაშად ხატითურთ გასწორება; როდესაც ჩამოქცეულ იქმნა, გამოჩნდა სხვა კედელი გაჯით გალესილი და თახჩაში მცირე სორო, რომელშიაც იდვა ეს მადლის ქვა; - ეს ეკლესია პირველში ყოფილა ღრმა ამოკვეთილი ჭა ანუ ქვაბი, რომელშიაც ცხოვრობდა ღირსი მამა დავით, სადაც აღსრულდა და დასაფლავდა. შემდგომ მოღვაწეთა ამა უდაბნოსათა გამოკვეთეს კლდე, გაავრცელეს, აღაშენეს კედელი და გააკეთეს ეკკლესიად.
მადლის ქვა არის ბატის კვერცხზედ ცოტა ნაკლები, - მოგრძე, - თავზედ აქვს ხალი ძველი სისხლის ფერი, ცალ გვერდზედ მისივე ფერით წვრილად ჩაწრეებული თავიდამ ბოლომდის, ფერით არის საშუალ თეთრის და წითლისა, რომელიც ჰკურნავს სარწმუნოებით შემხებელსა მისსა. ამ ქვისადმი და დავითის საფლავისადმი დიდი სასოება და პატივის ცემა აქვსთ ქართველთა, რუსთა და სომეხთა; ეს ქვა გამოისვენება ხოლმე მხოლოდ წმინდა დავითის ტაძრის დღესასწაულზედ, რომელსაც აღვასრულებთ ყოველთვის ამაღლების სწორზედ დღესა ხუთშაბათსა. დავითზედ ამბობს ნიკოლოზ ტფილელი:
„განშორებულა, სიკეთე მამა დავით,
ირემთა ზრდილობს, ნიშებს საკვირველებთა,
ბუბაქარს ქრისტნავს, ვეშაპს ცეცხლითა დასწვავს,
შრომათა ხვავსა, თან წარყვების ზეცად,
გარეჯას მღვიმობს, სულსა აღა-ღვთის ხელებს“.
(იხილე სადღესასწაულო, გვერდი 551.)
წმინდა დავითის საფლავის ეკკლესიის პირდაპირ არის სამი სენაკი ქვითკირის ნაშენი. მეორე ზემო სართული შესდგება შენებულთ აივანთ, სენაკების, კიბეების და გამოკვეთილ თახჩებისაგან. მესამე, ზედა სართული შესდგება ახალ გვარი შენობისაგან, ორ სართულიანი სახლი საჩეხიანი და ერთი სენაკი.
წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სამრეკლო და მონასტრის კოშკი |
ამის ზემოდ არის მეოთხე სართული და ერთი სენაკი, პატარა საკუჭნაოთი, რომელსაც აქვს მცირე აივანი და ზედ დარგულია ერთი ძირი ვაზი და მსხმოიარე ატმის ხე.
სისწორივ ამისა მარჯვენა გვერდით არის მცირე ეკკლესია წმინდის ნიკოლოზისა, ქვითკირით ნაშენი; ამას აქვს სამი ფანჯარა: ერთი საკურთხეველში და ორი ეკკლესიის მარჯვნით, და ერთი შესავალი კარი. შესავალი კარის ზემოთ ოთხი აგურით ნაშენი სვეტებია და მათ ზემოთ სამრეკლო ექვსის ზარით. ეკკლესია არის სიგრძით ოთხი საჟენი, განით და სიმაღლით ორ-ორი საჟენი. კანკელი და აღსავლის კარები აქვს ახალი კამარედად კაკლისა, ხატები მშვენიერის ხელოვნებისა ვარაყით და მინანქრით გამოხატული, პეტერბურღიდამ მ.საბინინისგან შეწირული 1880 წელსა. ეს ეკკლესია იმყოფება პირველ შესავლის გალავნის პირველ ნახსენების კარისა-თანა.
ამის ზემოთ არის ახალ-ნაშენი სახლი, სამ-თვალიანი, რომლის ზედა სართული სდგას ამავე შესავალ კარის ბჭის თავზედ. ამ სახლის აივნიდამ მარჯვნით ზევით ამხედველი ნახავს კლდეში ყურადღების მისაქცევ გამოკვეთილებას, ქვა-კირით თაღ-შეკრულს, მაღლა გაზიდულს პირველ ნახსენების საყარაულო კოშკის ძირამდის, რომელსაც აქვს ას-თორმეტი ნაბიჯი, ფეხის მოსამაგრებელი აღმოკვეთილება კიბედ იმავე კლდისაგან, - ეს არის საიდუმლო გზა, ასავალი იმ საყარაულო კოშკზედ. ასრე, რომ მტერი ვერ დაინახავდა ამსვლელს და ვერც ვერაფერს ავნებდა. ამ კოშკში დღესაც არის დიდრონი გათლილი ქვები, მრგვალი როგორც ბურთი; როცა მტერი მიუხდებოდათ, სხვათა-შორის ამ ქვებსად დააგორებდნენ ხოლმე ყარაულები კოშკიდამ, რომლებსაც ვერაფერი ვერ შეამაგრებდა მტრის მოსაგერიებლად.
მონასტრის კოშკები |
როდესაც სამხრეთ-დასავლეთისკენ მიიხედავს კაცი, პირველად გარდაავლებს თვალს ორს მაღალ-მაღალ მრგვალ ქვითკირის კოშკებს და სამს მაღალ ქვითკირისვე კედლებს, და შეაჩერებს თვალს მოფერდო დიდ მაღალ შიშველ კლდესა, განით მდებარეს, რომელიც სიმაღლით ოთხას საჟენამდის არის და სიგრძით მარტო ის ნაწილი, რომელიც პირ-და-პირ დასცქერის ამ უდაბნოს, არის თითქმის ამდენივე; მაგრამ სრულიად ამ მთის სიგრძე იქნება არა უმცირეს ორის ვერსტისა, რომელიც დაჰყურებს დასავლეთ ყარაიის მინდვრებს, ტყეს და მდინარე მტკვარს, სამხრეთისკენ პატარა არარატს და სხვა სომხეთის მთებსა. ამ მთას გადმოღმით (უდაბნოსკენ) აქვს მრავალი სხვა-და-სხვა ამოკვეთილი ღარები და ძირს თორმეტი ჭები, ამოკვეთილნი, ძირ-ფართო და პირ-ვიწროები, სიმაღლით სამ-ნახევარ საჟენიდამ ხუთ საჟენამდინ, რომელნიც აივსებიან ხოლმე წვიმიანობის დროს და ინახავენ გრილ წყალს, რომელსაც ხმარობენ ძმანი სასმელად და საჭმლისათვის.
ამ მთის კალთაში არის გამოკვეთილი სიმაღლით საჟენი და განით სამი საჟენი; ამაში ძირიდამ და ზემო კედლებიდამ სწვეთს, როგორც ცვარი, და შესდგება საათში ერთი ბოთლი წყალი, მშვენიერის ფერის და გემოსი, რომელსაც უწოდებენ „ცრემლის წყალსა“; ხოლო მლოცველი ხალხი კი ეძახის: „მადლის წყალს“, რომელიც მიაქვთ ხოლმე სახლში, როგორც ნაკურთხი წყალი.
წმ. მარინეს ეკლესია |
მარცხნით, ე.ი. სამხრეთით, მესამე ციცაბ კლდეში არის გამოკვეთილი ექვსი სენაკი, სხვა-და-სხვა თახჩებში და ორი ეკკლესია; ამ ეკკლესიებში ერთი არის ღვთის-მშობლის მიძინებისა, კამარედად გამოჭრილი, რომელიც არის სიგრძით ოთხი საჟენი, განით ორი საჟენი და ორი ალაბი და სიმაღლით ორი საჟენი და ერთი ჩარექი. კანკელი ამისი არის გაჯით აშენებული და ჩუქურთმით გამოქნილი; ხატები არიან ტილოსი მშვენიერად თვითოეული ცალ-ცალკე მის ზომის ქვაზედ დაკრულნი; ამბიონი და იატაკი აქვს შესაფერი, გამოკვეთილი. საკურთხევლიდამ ორივე მხარეს აქვს ეკკლესიას ჩამოსაჯდომი კლდისაგან გამოკვეთილი; გახვრეტილია კლდე და ეს შეადგენს საკურთხევლის ფანჯარას, რომლისაგანაც ნათლდება. ეკკლესია კი ერთი დასავლეთის კარის და მის ზევით ერთი ფანჯრისგან იღებს სინათლეს; ეკკლესია საკმაოდ შემკობილია, დღესაც სრულდება მასში წირვა-ლოცვა.
ამის ზემოთ არის მეხუთე ეკკლესია, მცირე, წმინდის ქალწულის მოწამის მარინასი, კლდისაგან გამოკვეთილი; სიგრძე აქვს ორი საჟენი, განი და სიმაღლე თითო საჟენი; მასში არის ძველი მშვნიერი მხატვრობა, მაგრამ არ სრულდება საღმრთო მსახურება. აქ არის მხოლოდ ორი სენაკი და სხვანი სიძველისაგამო ჩამოქცეულან.
აქვე არის ის დიდი სამჭედლო, კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესაც არის ჩასმული გრდემი, საბერველი და სხვა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ჩვენი უწინდელი ბერები იყვნენ მჭედლებიც, რკისნი, სპილენძის და ოქროსი.
აქ სჩანან სხვა-და-სხვა ალაგებში თეთრი მოდიდო ლოკოკინები, შენივთებულნი ქვებზედ; აქ არის კლდეში გაქვავებული ცხოველის ძვალიც.
წმ. ილარიონ ქართველის ეკლესია |
ამ მთის ზემო კერძო სამოც საჟენზედ დაშორებით, მეორე გვერდით გამოკვეთილია სენაკი (ქვაბი), რომელშიაც მოღვაწეობდა დიდი ილარიონ ქართველი (კახეთის თავადი ვაჩნაძე). ეს იყო მღვდელ-მონაზონი, თავი კი მოძღვარი იყო ამ სავანისა - მეცხრე საუკუნის დასაწყისში, რომელიც თავის წმინდა ცხოვრებისაგამო აიძულა მეფემ და ხალხმა, რომ მიეღო საეპისკოპოსო კათედრა; მაგრამ არ ინება, რადგან უყვარდა დაყუდებით ცხოვრება; ამის გამო გამოარჩია ერთი ძმათაგანი, რომელიც გონებით მაღლა იდგა სხვებზე, და მიანდო მას გამგეობა ამ სავანისა ამ ნაირის დარიგებით: „აჰა ესე რა მწყემსად და მოძღვრად ძმათა ამათ განგაჩინებ შენ წამის ყოფითა ღვთისათა“; სხვათა შორის, ეს მოძღვრებაც დაუტოვა: „ნუ ოდეს დაუხშავ (დაუკეტავ) კარსა მონასტრისასა უცხოთა და უღონოთა, არამედ სართულიცა ესე ზოგად იყავნ თქვენდა და უცხოთა თანასწორად. თქვენდა და გლახაკთა იყავ ყოველივე ზიარი, ესრედ თუ იქმოდით მრავალ-წილად მოისთვლოთ ზეგარდამო სარეწავი (სარგებლობა) თქვენი“. შემდგომ ამ გვარის დარიგებისა ნეტარი და საკვირველთმოქმედი ილარიონი გაექცა კაცობრივ დიდებას და წავიდა პალესტინეს, - თესალონიკეში; მიიცვალა 882 წელსა. საქართველოს ეკკლესია დღესასწაულობს ხსენებასა მისსა 19 ნოემბერს ამ სახით:
„ნაპრალით კლდისად, გარესჯისად, მამაო,
ამაღლდი ზენა, სიმაღლედ ილარიონ.
ველით უდაბნოთ, იორდანისად, დიდო,
ანგელოზთასა, საზღვარსა მისწვეთ, კნინღა,
აქ დახედ მზეო, იმსრბოლე ცად მესამედ“.
(იხილე სადღესასწაულო, გვერდი 345).
ყველა ზემო ნახსენები კლდეებიდამ გამოკვეთილები: ეკკლესიები, სენაკები, პალატები წმინდათ გალესილ არიან გაჯით, გარდა იატაკისა. ამ სავანეში დღეს არის ხუთი ეკკლესია. სამში დღესაც სრულდება საღმრთო მსახურება.
მარტო ზემო აღრიცხული სამის მხრით აღმართულ კლდეებში არიან ოთხმოცდა თხუთმეტი სენაკები, რომელნიც დღესაც იხილვებიან, გარდა ეკკლესიებისა, პალატებისა და სხვა-და-სხვა თახჩებისა.
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია |
ქვითკირით შენობა შესდგება თორმეტის სხვა-და-სხვა ხუთ-ხუთ საჟენიანი კედლებისაგან. ყველა გონიერი მნახველი ამ სავანისა მის არხიტექტურულ მუშაობაზე გაოცდება: აი როგორ მოიხსენიებს უ.არქიტექტორი ლიპირიტი თავის შენიშვნაში ამ უდაბნოს: „განიხილვების რა დრო, მოთმინება, წინად დანახვა, რომელთაც მოითხოვდნენ ესოდენნი დიდნი მუშაკობანი, გავრცელებისთვის ამა სასულიერო დაწესებისა, ადგილთა შინა მოკლდებულთა ყოველთა საჭიროებათა ღონის-ძიებათა შენობისათვის: ე.ი. ხისა და წყლისა; მტკიცედ გაბედვისათანა დასაპყრობელად ამა ადგილისა დაშთებოდა ერთი ღონის-ძიება: გამოკვეთა კლდეთა შინა თავთა თვისთა სადგურისა, რომლის დამამტკიცებელნი არიან სადგურნი ღრმად სიძველის წარმომადგენელნი; კლდეზედან იხილვებიან ჯერეთცა ნაცემნი წერაქვთანი***, რომელნიც გამოკვეთილ არიან წერაქვებითა და იარაღებითა და არა თოფის წამლითა; გამოჭრილ არს მათ შინა კლდე: ეკკლესიათა, სენაკთა, კართა, სარკმელთა, და თახჩებთაგან ოთხ ას ოცდა ჩვიდმეტი კუბიკური საჟენი. ამა კლდეთა შინა კეთილ-ხელოვანი ქვის მჭრელი შეიძლებდა წერაქვით გამოჭრასა დღესა შინა ნახევრის ადლის ოდენ კუბიკურის საჟენისა, და ამასაც არ აყოველგან; აღრიცხვითა ამით საჭირო იყო ოცდა ორი ათას ას ორმოცი დღე საწარმოებლად ესე ვითარისა მუშაობისა; სჩანს, რომ უმეტესი ნაწილი წარმოებულ არს თვით მონაზონთაგან“.
წმ. დავით გარეჯელის ლავრა. |
ასე და ამ გვარად, ყველა ხსენებულ გამოკვეთილებას მოუნდებოდა სამოც-და-ექვსის წლის მოუწყვეტელი მუშაობა.
ამ უდაბნოში მოღვაწე ბერებისაგან სხვათა-შორის ჩვენ დაგვრჩენია მშვენიერი ძველი ხელთ-ნაწერები, ხუცური და მხედრული, ქართული სამეცნიერო წიგნები, და სახელდობრ: 1. დოღმატიკა, 2. ხრონოღრაფი, 3. გრდემლი, 4. კავშირი, 5. დიალეკტიკა, 6. საზღვარი დავითისი, 7. წიგნი დამარღვეველი ლათინთ სარწმუნოებისა, 8. წინწილი ღაღადებისა, 9. ოთხი თავი სახარების განმარტება ეტრატზედ, 10. კატეგორია, 11. იოანე სინელი, 12. დამასკელი გრიგორისა, 13. დიონისის წინა ბჭე, 14. ეფრემ ლაფსაიკონი, 15. ლაფსაიკონი მეორე, 15. ნეტართა მამათა ცხოვრება, 17. ქართველთა წმინდათა ცხოვრება, 18. სვინაქსარი ეტრატზედ, 19. ცხოვრება გრიგორი ღვთის-მეტყველისა, 20. გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა, 21. დავითნის განმარტება ეტრატზედ, 22. ლაფსაიკონი ოქროპირისა, 23. წინამძღვარი იოანე დამასკელისა, 24. ჟამ გულიანი ეტრატზედ, 25. სწავლა მონაზონთათვის ეტრატზედ, 26. ქართული ლექსიკონი, 27. ქართული ღრამატიკა და სხვ., რომელნიც შენახულ არიან ამა უდაბნოს ბიბლიოთეკაში. ნუ თუ ცოდვა არ არის ამ გვარი სამეცნიერო წიგნები რჩებოდეს დაუბეჭდავად და სხვა ამ გვარი ნაშრომ-ნაღვაწი წინაპართა გაუცნობელად შემდგომთა მათთა შთამომავალთათვის?!
ზედა ეზო. გიორგი XII-ის სენაკი |
გარდა წმინდა დავითის სხეულისა აქ განისვენებენ ცნობილნი კეთილის მოქმედებითა და წმინდა ცხოვრებითა თვისითა: ღირსი მამა დოდო (კახეთის თავადთაგანი, ადნრონიკანი), მოწაფე დავით გარესჯელისა, რომელმაც დააფუძნა დოდოს მონასტერი, რომელიც პირდაპირ უყურებს ჩრდილოეთიდამ ამ უდაბნოს, ერთ ვესტზედ, ერთს დიდ მთაზედ, სადაც დღესაც არის ეკკლესიები, სხვა-და-სხვა სენაკები და ჭები, კლდისაგან გამოკვეთილნი, ვიდრე ორასამდის; წმინდა დოდო აღესრულა ექვსას-ოც-და-სამ წელში, რომელსაც ქართველთა ეკკლესია დღესასწაულობს მეშვიდესა ზადიკის ოთხშაბათსა, ე.ი. ამაღლების შემდეგ, სწორეთ წინა დღეს დავით გარესჯელის დღესასწაულისა; მამა ლუკიანე, მოწაფე წმინდა დავითისა; ღირსი მამა არსენი, წამებული შაჰ-აბაზისაგან ათას-ექვსას-სამ წელში; გრიგორი ხუცეს-მონაზონი, გარდაცვლილი ათას-ექვსას-ოცდა-რვა წელში, რომელმაც აღწერა წამება ქეთევან დედოფლისა.
აქ დასაფლავებულნი არიან სხეულნი საქართველოს მეფეთა: 1) ალექსანდრე პირველისა ათას-ოთხას-ორმოც-და-ორ წელში, 2) ბაგრატიონისა, რომელმაც დასტოვა სამეფო ტახტი და შეიმოსა მონაზონებითი ცხოვრება, 3) დიმიტრი, რომელიც შეუდგა მამის მაგალითს, დაუტევა ქვეყნიური მეფობა და შევიდა ბერად, იწოდებოდა დამიანედ, მრავალს მოღვაწებაში აღსრულდა ათას-ხუთას-ორმოც-და-თოთხმეტ წელში, და 4) მეუღლე საქართველოს მეფის გიორგისა ეკატერინე (ქართულად) ქეთევანი, ათას შვიდას ოთხმოცდა ორ წელში.
აქვე მარხიან მღვდელთ-მთავარნი: 1) იოსებ მიტროპოლიტი ნინო წმინდისა, ათას შვიდას თერთმეტ წელს, 2) ნიკოლოზ ნინოწმინდელი, 3) იოანე ბოდბის მიტროპოლიტი, 4) დომენტი რუსთავის მიტროპოლიტი, 5) დავით ბოდბის მიტროპოლიტი და 6) მთავარ ეპისკოპოსი ქართლისა, რომანოზ მონაზონი, ათას შვიდას წელს და სხვა.
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდის, დავით გარესჯელის უდაბნო იყო ყოვლისფრით მდიდარი და უნაკლულო, როგორც სჩანს გუჯარებისაგან; ლეონ მეფესა და შემდეგთა ჰქონდათ მიცემული ყმა და მამული, წისქვილები, ეგრეთვე ხორაგნი, რამდენიც კი საჭირო იყო იმ დროს დიდ-ძალის ბერებისათვის, ე.ი. პური, ღვინო, თევზი, ყველი, ერბო, ბრინჯი, ხიზილალა, ნიგოზი, ხახვი, მარილი, მატყლი და ტანის სამოსი, რომელიც შესდგებოდა მარტო შალის ჩოხებისაგან და ცხვრის ტყავებისაგან; ხოლო ეკკლესიისთვის სანთელი და საკმელი საკმაო.
(იხილე 1566-1696 წ. გუჯრები).
უწინდელი დიდი მამულები გარდავიდა ხაზინში 1818 წელში; დღეს აქვს ამ უდაბნოს საკუთარს მფლობელობაში საძოვარი მინდვრები ირგვლივ მახლობლად მონასტრისა, ზვარი და წისქვილი ს. საგარესჯოში.
ძმანი სცხოვებენ საზოგადო ტრაპეზით და ჯამაგირით. აწ არიან შტატით: ერთი წინამძღვარი არხიმანდრიტი გრიგორი (დადიანი), წევრი საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორისა, სამი მღვდელ-მონაზონი, ორი იერო-დიაკონი, ოთხი მორჩილი, ექვსი შაგირდი, ერთი ჩაფარი და სამი მოსამსახურე; ესენი მუდამ მონასტრის ხარჯზედ ინახებიან.
ამავე მდგომარეობასა და განსაზღვრებასა სინა იმყოფებიან მკვიდრნი იოანე ნათლის-მცემლის უდაბნოისა, რომელიც მდებარეობს დასავლეთისკენ რვა ვერსტზედ; ესეც ამ გვარს გამოკვეთილ კლდეებში არის და უფრო ფიცხელს და უპოვარს ალაგზედ.
წმინდა დავით გარესჯელის უდაბნო აკლებულია ოთხ-ჯერ სპარსთა და ლეკთაგან: ა) მეთექვსმეტე საუკუნეში, ბ) 1772 წელში, გ) 1851 წელში და დ) 1857 წელში; ამიტომ დღეს არავითარი ძველი ნივთები არ მოიპოვებიან, მხოლოდ არის ძველი ჯაზაირი და თოფები, რომელნიც ჰქონიათ მიცემული მეფეთა და ხალხთაგან მოსაგერიებლად მტერთა. ოთხი ამ თოფებთაგანი საუკეთესო გატანილ არიან სამოქალაქო მმართებლობისაგან 1879 წ. მუზეუმში, ნაცვლად მათისა მოსცეს სამი ახალი სისტების თოფები (ბერდენკები) და ერთი პიბოდი. უწინ ყავდა ამ მონასტერს ოც-და-ათი კაცი ყარაული, შემდეგომ თუთხმეტი კაცი, მერმედ რვა, ამის შემდეგ ოთხი, უკანასკნელ წარსულ წლებში ორი, და ეხლა კი დადგა ერთ ჩაფარზედ...
საშეშე სრულიად არ იპოვება; მხოლოდ ბუნებას მოუცია გასახურებლად ფურნისა გრაკლის ფიჩხი. ძმანი სცხოვრებენ უბუხრო გამოკვეთილ სენაკებში, რომელნიც ზამთრით თბილნი არიან და ზაფხულით კი გრილნი.
ფრესკები |
თუმცა ეს ადგილი უწყლოა და ცხელი, მაგრამ უწინ მშრომელ ბერებთაგან დარგულია ხევებში ხეხილნი: ნუში, ატამი, ჭერამი, კაკალი, თუთა, ხართუთა და სხვ., განგებ მათთვის გაკეთებულს მოფერდო ალაგზე, ქვა და მიწით შემაგრებულს ხევებში, ძირიდამ აყოლებული ვიდრე უდაბნოს მთის თავამდის, ერთი მეორეზედ მოშორებით, თითქო გალავნით ნაკვეთ-ნაკვეთ მიწებად დაყოფილი, როგორც ბაღი; ამ გვარად დარგული ხეხილი და მწვანე თივა ახარებენ მნახველის გულსა.
ამ ნაირად არიან სხვა და სხვა ამ უდაბნოს კალთებშიაც დარგული ნაყოფიერი ხეები, რომელთაც ასაზრდოებს მიწა და ნაწვიმარი წყალი, ჩამომდინარე ხსენებულის მთებიდამ.
ამ უდაბნოს მთები არიან ფერით მოყვითალო, ქვიშიანი; ქვემოთ მდებარე მთები კი ფერათ არიან თეთრი, წითელი, ლურჯი, შავი და ყვითელი, როგორც საღებავი, და ზოლიანი; არიან ეგრეთვე გოგირდის სუნის მლაშე ადგილები, ქვის ნახშირი, უნდა იყოს ნავთიც. არ შეიძლება არ იყოს რაისამე მადანი ამ მხარეში, თუ კი იმას ეყოლება მცოდნე მძებნელი. ამ მთებს უვლის ბაქოს რკინის გზა თუთხმეტ ვესტზედ ყარაიის მინდვრებით.
უდაბნოს გარეშე აღმომცენარეობს მშვენიერი წმინდა თივა, როგორც აფხაზეთ-სამეგრელოში კოინდარი; ბლომად ამოდის სატაცური, ქარქვეტა, დანდური, კაპარი და სოკო. ოთხფეხისაგან იმყოფებიან აქ ზამთრით ცხვრის ფარები, მუდამ კი ჯეირანები, კურდღელი, აფთარი, დათვი, მგელი და მელა. მფრინველთაგან - მგალობელნი: შროშანი, შაშვი, მერცხალი, ტარბი, კაკაბი, გნოლი, მწყერი, გარიელა, და დაბერებული ორბები; ზაფხულობით ერთობ ბევრი იცის ქვემძრომები. ზამთარში ეწვევიან ხოლმე უდაბნოს გარეული ინდოური, წერო და ბატები.
ესენი იმიტომ მოვიხსენე, რომ შეუძლიან მკითხველმა გაიცნოს თვისება აქაურის ჰაერისა.
წმინდა დავით გარესჯელის უდაბნოს მთა, რომელიც ზევით ვახსენეთ, დაჰყურებს ყარაიის მინდვრებს. გადაღმა გვერდით ციცაბ კლდეში არიან გამოკვეთილნი ეკლესიები და სენაკები, დღესაც მხატვრობით დაშთომილნი, იმ ათას ორას მამებთა, რომელნიც დაიხოცნენ უღმრთო სპარსის მეფის შაჰაბაზის მახვილით, ქრისტეს აღდგომის დღეს, თვით აღდგომის ეკლესიაში, რომელიც დღესაც არის ამ მთის თავზედ ეკკლესიაში, რომელიც დღესაც არის ამ მთის თავზედ დაქცეული; როდესაც ეს ღირსნი მამები აღასრულებდნენ ღამით აღდგომის ცისკარს და გარს უვლიდნენ ეკკლესიას სანთლებით, მაშინ შაჰაბაზმა დაინახა შორიდამ და წამოვიდა ჯარით მათკენ; როდესაც ესენი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდნენ და მიიღეს კიდეც წმინდა საიდუმლო, სწორეთ იმ დროს დაესხა უსჯულო იგი და აწამა 1603 წელში მოწამეობის გვირგვინითა. დღესაც ცხადად ღაღადებს უკან ორას-ოთხმოცი წლის დათხეული სისხლი; მაგ., ერთს ამ მთის კლდეში გამოკვეთილ ეკკლესიაში ტრაპეზის აქეთ-იქით მხარეზედ აჩნია დაღვრილი სისხლი, ასრე რომ შეიძლება იმის აღება. აქ არის ტრაპეზის პირ-და-პირ გამოხატულება: მაცხოვრისა, ღვთის-მშობლისა და ნათლის-მცემლისა, სრულის ტანით მოუშლელი, რომელთათვის თათრებს მოუთხრიათ თვალები ხანჯლის წვერით.
ამ წამებულთ ძვლები საქართველოს მეფემ თეიმურაზ პირველმა შეაკრებინა ერთად, რომ იქმნეს საგრძნობელად ჩვენის ხალხისა; ამიტომ ამ მთის თავზედ აღაშენა ერთი მცირე ეკკლესია, სადაც საკურთხეველში ერთს საწნახელში ჩაწყობილ არიან ამათი ძვლები, რომელთაც აჩნიათ დანაკრავი მახვილისა თავზედ და მკლავზედ.
ხსენებასა ამათსა დღესასწაულობს ქართველი ეკლესია სამშაბათს ბრწყინვალის კვირიაკისას, რომელსაც დღესაც ვდღესასწაულობთ სამღვთო ლიტურგიით თვით ამ წამებულს ეკკლესიაში.
ეკკლესია ქართველთ წამებულთა ამათ იხსენიებს ამ სახით:
„ვნებათა მიერ, წმინდათა იმარტვილნეს,
მმარხველთა ღირსთა, მხნედ ძლევის მოყვარებით,
ნივთნი ბებკულნი, აპორფირ-ძოწეულნეს,
სისხლით ღებვითა, ალარ-უსასყიდლო ჰყვნეს“.
(იხილე სადღესასწაულო, გვერდი 539).
ამ წამებულთ მთიდამ სამხრეთისკენ მეოთხე ვერსტზედ არის ბერთ-უბნის ეკკლესია, მოყვითანო ფერისა, ქვიშიანი, დიდს მთაზედ, - ციცაბ კლდეებში არიან გამოკვეთილნი: ეკკლესიები, სენაკები და შესანიშნავი დიდი პალატები, დიდრონი ჭები და ქვევრები. ერთს ამათგანს დიდს ღვთის-მშობლის ეკკლესიაში უფრო ცოცხლად დაშთენილია ძველი მხატვრობა, სადაც მარცხნით კედელზედ არის დახატული სრულის ტანით ჩვენი დიდებული თამარ მეფე, იმ სახით, როგორც არის მისი სურათი გამოფენილი, გვერდით მისსა შვილი მისი ლაშა გიორგი, ფშაურის ტანის-სამოსით. ამ ბერთ-უბნის და წამებულთ მთები და მშვენიერი ეკკლესიები თვისის სენაკებით ისრე მაღლა დაყურებენ შორ-ახლო მდებარე ადგილებს, თითქო შეუპოვარი მცველი, როგორც მაღლიდამ უხილავი მცველი თვალი ზეციურის დედოფლისა.
არიან სხვებიც მრავალნი გამოკვეთილნი სხვა და სხვა ამ მხრის მთებში: ეკკლესიები და სენაკები, რომელნიც მოგვითხრობენ, რომ წინაპართა ჩვენთა ჭეშმარიტად ისმინეს სიტყვა ღვთისა და მტკიცედ დაიმარხეს იგი, სადაც მეჩვიდმეტე საუკუნეს წინეთ ამ მრავალ მთის უდაბნოში იყვნენ უმეტეს თორმეტი ათასის კაცისა, აღვსებულთა კეთილითა და პატიოსანის ცხოვრების მოღვაწეობით, რომელთა სახელები დაწერილ-არიან კალმითა ზენაჲთა.
დღეს მხოლოდ არსებობს ეს პირველად დაარსებული წმიდა დავითის უდაბნო, როგორც უწინარეს ყოველთა დაარსებული, და მეორე ნათლის მცემლის უდაბნოა; ხოლო სხვანი ყოველნი, სამწუხაროდ, იხილვებიან უქმად და ბუდედ ორბთა, ღრმად წარმომადგენელნი სიძველეთა მათთა.
როგორც სჩანს, ამ უდაბნოს მთების სიყვითლისაგან და ქვიშიანობისაგან, ეს მთები უნდა იყვნენ წარმომდგარნი საქვეყნო წარღვნისაგან, მით უმეტეს როდესაც კლდეებში ვპოულობთ გაქვავებულ სხვა და სხვა ქვემძრომლებსა და ცხოველების ძვლებსა...
მღვდელ-მონაზონი კალისტრატე
1884 წ. წმ. დავითის უდაბნო
** ორაგული იცის მდინარე მტკვარმა, რომელიც უდის უდაბნოს დასავლეთისკენ ოც-და-ათს ვერსტზედ.
*** დღესაც ცხადად აჩნია თვითოეულის წერაქვის დანაკრავი.