მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ადგილი საიდუმლო სერობისა

შვიდს ივნისს მოვიხილე სიონის ქორი (სამლოცველო სახლი მაღლა სართულში); ეხლა აქ სდგას ოსმალთა მეჩეთი და პირველ დროს კი ყოფილა პირველ ქრისტეანეთა ეკკლესია სიონისა. აქედან არის კეთილ-მოწიწების მიბაძვით აღებული სახელ-წოდება სიონისა, რომლის სახელზედაც საქართველოში რამდენიმე შესანიშნავი ტაძარია აღშენებული. ამ მეჩეთში, ძველად სიონის ქორში, არიან საფლავნი დავითის, სოლომონის და სხვათა მეფეთა ისრაელის ერისათა. აქ იყო იგი „დიდი, დაგებული“, განმზადებული ქორი, რომელშიაც შესრულებულ იქმნა საიდუმლო სერობა; აქ მაცხოვარმან დაჰბანნა ფერხნი მოწაფეთა თვისთა და წინასწარ-ეტყოდა მათ ნებსით ვნებათა თვისთა, და დაამტკიცებდა სარწმუნოებასა და სიყვარულში; აქედან გამოვიდა იგი მოწაფეებითურთ გეთსიმანის მტილსა (ბაღსა). აქ იყვნენ შეკრებულ მოციქულნი „შიშისათვის ურიათასა დახშულის კარებით“, და უფალი გამოეცხადა მათ შემდეგ აღდგომისა თვისისა. დახშულის კარებით, ანუგეშებდა მათ და გარდასცა მადლი სულისა წმიდისა; აქავე მეორეგზის გამოეცხადა იგი, რათამცა დაერწმუნებინა მოციქული თომა თვისსა აღღგომაზედ; აქავე გავარდნილის იუდა გამცემელის მაგიერ იყო წილით აღრჩეულ მოციქულად მატათან; აქ დღესა მეერგასესა (50) გარდამოვიდა სული წმიდა მოციქულთა ზედა, სახითა ცეცხლისა ენათა. უწინარეს სულის წმიდის გარდამოსვლისა სიონის ქორში იყარეს წილი ათორმეტთა მოციქულთა და ყოვლად წმიდა ღვთის-მშობელმან, ვის რომელს მხარეს შეჰხვდებოღა ქადაგება სახარებისა. და ამ წილის ყრით დედასა ღმრთისასა ერგო წილად ივერია-საქართველო. ამავე სიონის ქორში წმ. იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, წოდებული მცირედ, იყო დადგენილ პირველ ეპისკოპოზად იერუსალიმისა. აქ შესდგა პირველი მოციქულთა კრება ქ. იერუსალიმსა, აქ შეასრულა წმ. იოანნე მახარებელმა პირველი წირვა ყოვლად წმიდა ღვთის-მშობელისათვის აქა სცხოვრებდა 24 წლის განმავლობაში ყოვლად წმიდა დედა ღმრთისა საფარველსა ქვეშე თავის ძისა პირველის ეკკლესიისასა და აქავე დაასრულა თვისი ქვეყნიური ცხოვრება. ხოლო მეორე ნაწილი სიონისა, რომელიც განიყოფება ქვითკირის გალავანითა, დანიშნულია სასაფლაოდ ქრისტეანეთა, განურჩევლად აღსარებისა, ეროვნობისა და წოდებისა.


სიონი

იერუსალიმში არაბთ მღვდელთ მიუთვისებიათ ის უფლება, რომ უკეთუ სხვა ეროვნების მართლ-მადიდებელი ქრისტეანე გარდაიცვალა, პატრონი მიცვალებულისა მიუცილებელად ვალდებულია მიიწვიოს ანდერძის წესის შესასრულებელად არაბთაგანი მღვდელიც. არაბთა მღვდელთავე კვალადცა აქვთ მეორე უფლება:  როდესაც იერუსალიმის რომელსამე ეკკლესიაში შესრულდება ტაძრის დღესასწაული, მაშინ არაბთაგანი მღვდელიც უეჭველად მონაწილეობას იღებს ღვთის-მსახურებაში და ამ ერთის დღის შემოსავალი საწირავი მის კუთვნილებას შეადგენს.

7 ივნისს, ორშაბათს, სულის წმიდის დღეს, ვიყავ კვალადცა თანამწირველ პატრიარქისა რუსთა მისსიის სამების საკრებულო ტაძარში. ამ დღეს თანამწირველად პატრიარქისა იყვნენ ორი არქიმანდრიტი, ორი დეკანოზი და 12 მღვდელი და მღვდელ-მონაზონი. ეკკლესიაში შემოსვლაზედ მივეგებენით პატრიარქსა შემდეგის წესით: რუსთა არქიმანდრიტი, წინამძღვარი ამ მონასტრისა - ჯვარითა, შუაში მდგომარე, ბერძნის არქიმანდრიტი - დღესასწაულის ხატითა მარჯვენით, და მარცხენით მე - სახარებითა. პატრიარქის შემოსვლაზედ რუსთა არქიმანდრიტმა გამოიტანა პატრიარქის მიტრა, ბერძნისამ - ომოფორი, მე მივართვი ენქერი, რუსის დეკანოზმა - ბისონი, სხვებმაც დანაშთენნი შესამოსელნი. წირვაზედ, შემდეგ „ღირს-არსისა“ ანუ დღესასწაულის მეცხრე სძლისპირისა, ბერძენთა ეკკლესიაში მიღებულია შემდეგი წესი: დიდის ლანკანით მოართმევენ პატრიარქსა ანუ სხვა უპირატესს მწირველსა სეფისკვერთა მრთელთა და დაჭრილთაც უპირატესი მიიღებს ხელში ლანკანსა ანუ სინსა და მით გამოსახავს ნიშანსა ჯვარისასა წმ. ძღვენთაზედა, შემდეგ დასწერს ჯვარსა ლანკანსა, სეფისკვრებით სავსესა, აიღებს რაოდენსამე ნაჭერს სეფისკვერისას და შეეხება მით ბარძიმსა, და შემდეგ გარდასცემს ლანკანსა დიაკონსა, რომელმაც მოართვა იგი, და ერთს ნატეხს სეფისკვერისას მასთანავე უბოძებს მას.

ამ წირვის დროს ჰგალობდა ორი გუნდი: საპატრიარქო ხორო - ბერძნულად და მონასტრის საერო წოდების მგალობენი - რუსულად. სახარება და სამოციქულო ჯერ ბერძნულაღ წაიკითხეს და შემდეგ სლავურად. პატრიარქი და არქიმანდრიტები ბერძნუღაად ამბობდნენ ასამაღლებელთა და სხვა სამღვდელონი - სლავურად. ასამაღლებელნი რიგზედ სათქმელნი ყველას შეგვხდა. მე შემხვდა მეორედ ასამაღლებელი: „და ღირს მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად კადრებად და ხდად (მოწოდებად) შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად“.

ამ მონასტრის საკრებულო ტაძარში არის სამაგალითოდ მოწყობილი სალარო. თითოეულ შკაფში განსაკუთრებით აწყვია ფილონები, მეორეში - ოლრები, მესამეში - სტიხრები და სხვა. ოცი წყვილი სამღვდელო და სადიაკონო შესამოსი არის, აგრეთვე არის საღმრთონი ჭურჭელნი ოქროსი და ვერცხლისა ცხრა წყვილნი. რომელნიმე მათგანნი ძვირფასნია და შემოწირულ სამეფო პირთა რუსეთის საიმპერატორო სახლისათა.

წირვის შესრულების შემდეგ, მ. არქიმანდრიტმა რაფაელმა, რუსთა მონასტრის წინამძღვარმა შეიწვია თავის სადგურში ჩაიზედ მისი უნეტარესობა და მწირველნი სამღვდელონიც. დარბაზში იყვნენ, სამღვდელოების გარდა, რუსის კონსულის სახლობა, მდივანი კონსულისა და დრაგომანი მისივე. მისმა უნეტარესობამ მიბრძანა ჩაის დროს: როგორ მოგწონს ჩვენი ქალაქიო? მე მოვახსენე, ვმადლობ ქრისტე მაცხოვარსა, რომელმან აკურთხა სლვანი ჩემნი და ღირს-მყო ხილვად წმ. ქალაქის იერუსალიმისა, და თაყვანისცემად ცხოველს-მყოფელის თვისის საფლავისა. შემდეგ ბრძანა: „ტფილისში შევისწავლე ქართული ენა და აქ დამავიწყდა და მცირედ-ღა მესმის, როგორ მშვიდობით ბრძანდებით?“ მე უმდაბლესად მადლობა მოვახსენე ეგევითარის მამობრივის სათნოყოფისა და ყურადღებისათვის ჩემდა მომართ.

გოდების კედელი

ყოველს პარასკეობით იერუსალიმში მცხოვრებნი ებრაელნი შეიკრიბებიან გლოვის ადგილსა მახლობლად სიონისა, ქალაქის გალავნის წინაშე, რომელშიაც დღემდის მოიპოვებიან ლოდნი დროთაგან აღშენებისა სოლომონის ტაძრისა, უწინარეს ქრისტეს შობისა ათას ორმოც წელთა (1040), და აქ ტირილ-გოდებით წარმოსთქვამენ შემდგომს მუხლებსა:

სასძლოთათვის, რომელნიც არიან დაქცეულ,
ტაძრისათვის, რომელიც არს დანგრეულ,
ზღუდეთათვის, რომელნიც არიან დარღვეულ,
დიდებისათვის ჩვენისა, დაღუპილისა,
დიდებულთა მამაკაცთათვის, დაცემულთა აქ,
უძვირფასესთა საუნჯეთათვის ჩვენთა, დამწვართა აქა,
მღვდელთათვის ჩვენთა, რომელთაც შეურაცხ ჰყვეს ეს საკურთხეველი...

მსხდომარე ჩასკუპებით ერი თითოეულს მუხლზედ მოსთქვამს: „ჩვენ აქ ვსხედვართ და ვსტირთ“.

შემდეგ წინამდგომელი აღიმაღლებს ხმასა და განაგრძობს: „გევედრებით შენ, მოწყალე იქმენ სიონზედა“ .
ერი.
შეკრიბე ძენი ისრაელისანი.
წინამდგომელი.
ისწრაფე, ისწრაფე, გამომხსნელო სიონისაო!
ერი.
უთხარი სიხარული იერუსალიმსა.
წინამდგომელი.
რათამცა დიდება და დიდებულება დააგვირგვინებდენ სიონსა.
ერი.
ჰოი, იყავნ მოწყალე იერუსალიმისა მიმართ.
წინამდგომელი.
რათა კვალადცა გამოჩნდეს სუფევა სიონსაზედა.
ერი.
ნუგეშ-ეც მტირალთა იერუსალამისათვის.
წინამდგომელი.
რათამცა მშვიდობა და ბედნიერება შემოვიდეს სიონსა ზედა.
ერი.
და კვერთხი იესესი აღყვავდეს სიონსა ზედა.

პარასკეობით შეკრბებიან, ამისათვის რომელ ამ დღეს იყო აღსასრული მათის ეროვნულის არსებობისა, ამ დღეს მოჰხდა იუდეანთა სრული დამხობა, სოლომონის ტაძრის დარღვევა და დაწვა და გადრასახლება მათი ბაბილონს ტყვეობაში. ეს უბედურება ეწვია მათ უწინარეს ხუთასის წლისა ქრისტე მაცხოვრის შობამდის. ხოლო მეორე გზის დამხობა იერუსალიმისა და დაწვა ზორობაბელის ტაძრისა, რომელშიაც ჰქადაგებდა ქრისტე მაცხოვარი და რომლისა დარღვევაც და დამხობა იერუსალიმისა წინასწარ-სთქვა თვით უფალმა იესო ქრისტემ, უწინარეს თავის ჯვარცმისა, როდესაც მხილველი ზეთისხილის მთიდგან „ჰსტიროდა მასზედა და იტყოდა, ვითარმედ უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა; ხოლო აწ დაეფარა იგი თვალთაგან შენთა. რამეთუ მოვლენან დღენი შენზედა, და მოგადგენ შენ მტერთა შენთა ლაშქარი, და გარე-მოგადგენ შენ, და შეგავიწროონ შენ ყოვლით კერძო; და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაჰშთეს ქვა ქვასაზედა შენ შორის, ამისთვის რამეთუ არა გულის-ხმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისა“ (ლუკ. 19,41-44). „არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს“ (ლუკ. 21,32). წინასწარმეტყველება ესე აღსრულდა 70 წელსა შემდეგ ქრისტეს შობისა ანუ უფლისა მაცხოვრის ამაღლების შემდეგ 36 წ. ვითარცა პირველი დაქცევა იერუსალიმისა და დაწვა სოლომონის ტაძრისა ნაბუქოდონოსორის მიერ, ქალდეველთა მეფისა, 500 წლის უწინარეს ქრისტეს შობისა, ეგრეთვე მეორე გზის დამხობა იერუსალიმისა და დაწვა ზორობაბელის ტაძრისა რომაელთა კეისრის ტიტეს მიერ, მოჰხდა ათსა აგვისტოსა პარასკევსა დღესა. ამით უნდა სცნან ურიათა, რომ ეს სრულიადი მათი ეროვნული დამხობა, შემუსრვა იერუსალიმისა და წმიდა ტაძრისა, და გაფანტვა მათი ყოველთა კიდეთა ქვეყნისათა ეწვია მათ განგებულებისაებრ ღვთისა, უსჯულოებისა და ურწმუნოებისათვის მათისა. პარასკევი არს დღე იგი, როდესაც პილატემ უთხრა ურიათა იესო ქრისტეზედ: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგის მართლისა თქვენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან: „სისხლი მაგისი ჩვენზედა და შვილთა ჩვენთა ზედა“ (მათ. 27,24-25). ამავე პარასკევს დღესა გამომხსნელმა ქვეყანისამ, მათ მიერ ჯვარცმულმა, განუტევა სული თვისი ჯვარსაზედა, მვედრებელმა ზეციერისა მამისა მიმართ: „მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,34).

7 ივნისს, ორშაბათს, საღამოს ხუთ საათზედ, ჩემის თანამოგზაურით რუსის დეკანოზით წარვემართენით ეტლითა ქ. ბეთლემს და მივედით იქ ერთის საათის განმავლობაში; იგი ჰშორავს იერუსალიმს ათს ვერსამდის. დავბინავდით ბერძენთა მონასტერში, რომლის წინამძღვარმა მთავარ-ეპისკოპოზმა სტეფანემ მიგვიღო და გამოგვკითხა ჩვენი ვინაობა. პირველსავე შეხვედრაზედ წინადადება მოგვცა, ჩაგვეწერა დავთარში ჩვენნი ცოცხალნი და მკვდარნი მოსახსენებლად წირვაზედა და ჩვენცა შეძლებისაებრ მივართვით საწირავი. შევედით ეკკლესიად, თაყვანი-ვეცით ქრისტე მაცხოვრის შობის ადგილსა ანუ ქვაბსა, რომლისა თავზედაც არს ბერძენთა სამწირველო; ამ ტრაპეზის ქვეშ არის ვეცხლით მოჭედილი ადგილი ვარსკვლავის სახედ შემდეგის ზედწარწერითა: „აქ იშვა მაცხოვარი ქვეყანისა უფალი იესო ქრისტე“. მლოცავნი დავარდებიან და თაყვანისცემენ ამ წმიდა ადგილსა. 1850 წელსა ამ ტრაპეზისათვის შემოსწირა ფრანგთა იმპერატრიცამ ევგენიამ ძვირფასი ოქროთ ნაკერი ფარდა, ღირებული რავდენიმე ათას მანეთად. ეს ფარდა მოიპარეს და ამ შემთხვევამ გამოიწვია დიდი ამბოხება აღმოსავლეთის ომის უწინარეს. ამავე ტაძარში მარჯვენით, ორის ნაბიჯის სიახლოვეს, თაყვანი-ვეცით ბაგასა, რომელსა შინა მიიწვინა ყრმა ახალი, ქრისტე იესო, პირველ საუკუნეთა ღმერთი; ეს წმ. ბაგა შეადგენს ფრანგთა სამლოცველოს, ხოლო მარცხნივ არს სომეხთა სამწირველო.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>