უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დაივიწყენ მარჯვენეჲცა ჩემი (ფსალ. 136,5)
გზანი შენნი, უფალო, მაუწყე მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა, და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, მაცხოვარი ჩემი, და შენზედა ვსასოებ მარადდღე (ფსალ. 24,4-5). მოვიხსენო აწ საქმენი უფლისანი, და რომელი ვიხილე, უთხრობდე. (ზირაქ. 42,15). ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისა ჩემისასა და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ განმაგდებ, ვიდრემდის მიუთხრა ნათესავსა ამას ძლიერება შენი და მომავალთა საკვირველება შენი. (ფსალ. 70,9,18). სლვანი კაცისანი უფლისა მიმართ წარიმართებიან.
ამისთვის სამადლობელსა შევსწირავ ყოვლად მოწყალე ღმერთსა, რომელი თანამავალ მეყო მე ჩემს მოგზაურობასა და მიმოხილვაში წმიდათა ადგილთა და მშვიდობით და უვნებელად მომაქცივა სამშობლოდვე, 31 აგვისტოსა 1899 წ. დიდება ღმერთსა, კეთილისმყოფელსა ჩვენსა აწ და უკუნისამდე!
(ათონის ქართველთა სავანის ძმათა მდგომარეობის შესახებ)
გაზეთ „ივერიიდან“, №217, 1899 წ.
ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უწყის, რა უკიდურესად სამწუხარო მდგომარეობაში არიან ათონში ქართველთა სავანის ბერნი, რომელთაც მოსვენება და თავისუფლად ცხოვრება არ ძალ-უძთ ბერძენთაგან. ამის შესახებ დიდი ხანია გამოძიება სწარმოებდა და ხმაც დადიოდა, რომ ბერძნები ალაგმულნი იქმნებიან და ჩამოერთმევათ მათ მიერ დაჩემებული ქართველთა მამულები და წმიდა ადგილებიო, მაგრამ აგერ დღესაც ისევ იმავე მდგომარეობაშია საქმე, თუმცა დიდი ხანი დროა ბოლო მოეღოს ასეთს ვითარებას. იმის გასათვალისწინებლად, თუ როგორ არიან შევიწროებულნი ქართველნი ძმანი ათონის ძმის სავანისანი, ვბეჭდავთ თვით იმათს წერილს, პატივცემულის პეტრე კონჭოშვილის მიერ მიღებულს, რომელსაც წინ წარემძღვარების თვით მ. დეკანოზის წერილი, ჩვენდა მომართული. აი, რას იწერება პატივცემული მ. კონჭოშვილი:
ჩემის მოგზაურობის აღწერა უკვე შესრულებული მქოწდა, როდესაც 30-ს სექტემბერს 1899 წელსა მივიღე გულ-შემზარავი წერილი ათონის მთიდგან ქართველთა სავანის ძმათა. ამ წერილით გვაცნობებენ იგინი, თუ რაოდენს შევიწროებას, დევნულებასა და მწუხარებას ითმენენ ქართველნი ძმანი ივერიის მონასტრის ბერძენთა მონაზონთაგან, ვითარცა პირველ საუკუნოების ქრისტეანენი წარმართთაგან. ბერძენთა მონაზონთ განუზრახავთ სრულიად გამოდევნა ქართველთა ძმათა ათონის მთიდგან და აღგვა მათი პირისაგან ქვეყანისა. ამავე დროს ათონის მთაზედ მყუდროებით ჰმოღვაწეობენ სხვა-და-სხვა ეროვნობათა სავანეთა შინა: რუსნი, ბოლგარნი, მოლდავანნი, სერბიელნი, ვლახელნი, შავმთიელნი, არაბნი და არნაუტნი. მაშ რა არის მიზეზი ქართველთა ძმათა დევნულებისა ბერძენთაგან? სხვა არა რაიმე, არამედ მხოლოდ ის, რომ ქართველი ერი 1883 წლიდგან დავობს თვისის თავად-აზნაურობის წინამძღოლების შუამავლობით, რათა დაუბრუნდეს ათონის ქართველთა სავანის ძმათა ათონის ივერიის მონასტერი თავის მამულებით, ვითარცა სამკვიდრებელი ქართველის ერისა.
ამისათვის ქართველთა ათონის სავანის ძმათა წერილსა ამასთანავე სრულიად შეუცვლელად და უნაკლულოდ დავურთავ, რათამცა ამ წერილიდგან ნათლად დაინახოს ქართველმა საზოგადოებამ, თუ რა უკიდურესს მდგომარეობაში იმყოფებიან ჩვენნი ძმანი ათონის მთაზედ. ამ წერილის წამკითხველი ანუ მომსმენი ქართველი საზოგადოება, განურჩეველად წოდებისა და სქესისა, ვისაც-კი მცირედი სიყვარული უღვივის გულში სამშობლოს მიმართ, მოვალეა წინაშე ღმრთისა და კაცობრიობისა აღმოუჩინოს შემწეობა ქართველთა ათონის სავანის ძმათა გამოსახსნელად მათდა ბერძენთა ბერების მტარვალობისაგან. ამას მოითხოვს ჩვენი ეროვნული ღირსება, პატივი, ძველი ისტორიული დიდება ქართველის ერისა და მოყვასთა მიმართ სიყვარული, ვინაიდგან ქართველთა ათონის სავანის ძმანი არიან ხორცნი ხორცთა ჩვენთაგანი და ძვალნი ძვალთა ჩვენთაგანი (შექმ. 2,23).
ღმერთმან ინებოს, რომ ამ საქმის წარსამართებელად აღმოჩენილ იყვნენ საქართველოს ნიადაგზედ მსგავსნი დიდებულთა, სახელოვანთა წმიდათა მამულიშვილთა: ესთერისა, მარდოქესი, ეზდრასი, ნეემიასი და იერემიასი, რომელი გოდებდა დარღვეულის იერუსალიმის და მის ტაძრისათვის, ზორობაბელ მთავრისა, ისუ და სვიმონ დიდთა მღვდელთა, რომელთაც კვალადცა აღადგინეს დანგრეული ტაძარი და ქალაქი იერუსალიმი და განაშვენეს იგი, ვითარცა თვისი ეროვნული დიდება. ყოველთა ამათ დიდებულთ ზემოხსენებულთა პირთა, ვითარცა სამშობლოს სიყვარულითა შემსჭვალულთა, იშრომეს, იღვაწეს ვიდრე თავგანწირულებადმდე მამულის კეთილდღეობისათვის.
ქრისტეს მოციქულის სიტყვისაებრ, რაჲცა დაწერილ არს, ყოველივე ჩვენდა სამძოძღვრებელად და სასწავლელად დაწერილ არს. ამისათვის ვბაძვიდეთ მართალთა საქებელთა საქმეთა შინა; ხოლო ვევლტოდეთ ხენეშთა მათ და ბილწთა ცოდვათა უკეთურთასა (წმ. ანდრია კრიტელის მერვე სძლის პირი, დიდ მარხვის პირველის შვიდეულის სამშაბათს).
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი
ვბეჭდავთ აქვე შეუცვლელად ათონის ქართველთა სავანის ძმათა წერილს, გამოგზავნილს მ. კონჭოშვილის სახელობაზედ ამ წლის 10 სექტემბერს:
თქვენო მაღალ-კურთხევავ, ყოვლად პატიოსანო დეკანოზო, მამაო პეტრე!
უწინარეს ყოველისა, ძმანი წმიდისა ათონის ქართველთ სავანისანი, გამოვითხოვთ თქვენგან ლოცვა-კურთხევას, და ამასთანავე ვართ მსურველნი თქვენის მრავალ-ჟამიერ სათნოდ ღვთისა და სასიქადულოდ ივერიისა - სიცოცხლისა.
ვინაიდგან უკვე ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს ჭირსა და ლხინსა, ვითარცა თვისთა მოძმეთასა, განიზიარებთ, როგორც ჭეშმარიტი ქართველი; ამისათვის ვკადნიერობთ, გაუწყოთ ჩვენი გარემოება, რომელი თქვენც დაგაფიქრებსთ, და რასმე საშუალებას მოგაგონებსთ თქვენთა ძმათა მწირთათვის, რომელნიც იმყოფებიან უსამართლოდ დევნულებაში და ფრიად შეიწროებაში ბერძენთა მიერ ეს ოცდა-თორმეტი წელიწადია!..
ფრიადი მიუცილებელ საჭიროებისა გამო ვიწყეთ ერთ კედელზედ მიშენება უბრალო ხის ბოძებზე შეშის დასაწყობად ფანჩატურისა, რომელის მიზეზის გამო, უამისოთაც მეძიებელნი რაიმე შემთხვევისა ბერძენთ ბერნი, აწ მცხოვრებნი ჩვენს ივერიის მონასტერსა შინა, 30 აგვისტ. ამავე წელსა - დილით ადრე, ჟამსა საღმრთო ლიტურღიის შესრულებისასა, როდესაც მწირველი ამბობდა: „შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით“, მოგვიხდნენ რიცხვით ოთხნი პროიღუმენნი, მონასტრის წარჩინებულნი პირნი - ამათში ორს თქვენც იცნობთ, ერთი ამ წლის მეორე ეპიტროპოსი პორფირი, რომელმანც საზოგადო სიყვარული გამოგიცხადათ, როდესაც თქვენ საზოგადო კრებაში სთხოვეთ ბიბლიოთეკის განხილვა, პირველ ნათხოვი არხიმანდრიტ გერასიმეზე. მეორე - მამა დანიელ, რომელიც ლაპარაკობდა ქართულს ენაზედ, და რომელსაც ეოცნების შემდგომში საქართველოში არხიმანდრიტობა და ჩვენი საწყალი ხალხის გლეჯა-ცარცვა მათის თეთრის კბილით და ორნი ერის კაცნი, მსახურნი მათნი, შეჭურვილნი თოფებით, მახვილებით და რევოლვერებით და ირგვლივ წელზედ მექონნი სასწრაფოთა სავსე ვაზნებითა.
ვინაიდგან პირველ იყვნენ ბოროტ-მოქმედების განმზრახველნი, ესე ვითარმა მათმა განზრახვამ იმ ზომამდის დაავიწყათ მათ თავიანთი მოვალეობა, რომ სამღვდეღიო პირნი არც კი შემობრძანდნენ ეკკლესიასა შინა თაყვანის საცემლად იმ წმიდის ხატისა, რომლის სახელსა ზედაცა აღგებულია სავანე ჩვენი, არამედ გარე მდგომნი მსწრაფლ ითხოვდნენ გამოგზავნითა თვისთა იასაულთა, რათა მივიდეს მათთან უფროსი სავანისა; ხოლო ვინაიდგან დროებით მმართველი მ. იონა იყო შინაგან ეკკლესიისა და ლიტურღიაც სრულდებოდა და არ ჰქონდა დრო, ამისთვის მივიდა მათთან მამა გაბრიელი, რომელთაც სთხოვა ბერძულის ენით, რათა მობრძანდენ სასტუმროში ჩაის მისართმევად, ხოლო მათ ცივის სიტყვით უპასუხეს, რომ იგინი არ მოსრულან ჩაისათვის, არამედ აქვსთ სხვა საქმე, რომლისათვისაც მოსრულან. ნახა რა მამა გაბრიელმა იგინი აღშფოთებულად, არღარა მიუგო მათ. ამ დროს წირვაც გათავდა და შეატყობინეს მამა იონას, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეგება მათ თავაზით და მანცა სთხოვა, რათა თითო სტაქანი ჩაი მიერთმიათ. ხოლო მათ განძვინებულთ, თუმცა კადნიერ არს სიტყვა ესე, გარნა შეგვიძლიან ვსთქვათ, რომელ ბარბაროზებრივი შეხედულობით და ქცევით იწყეს ყვირილი და ბრძანება, რათა ჩვენ ქართველებს მსწრაფლ დაგვემგვრიოს ზემოხსენებული ფანჩატური, რომლისთვისცა იყო დასობილი ხოლო ოთხი ხის სვეტი ჯერჯერობით. მამა იონამ დაუწყო მათ ლაპარაკი სიმშვიდით და სურდა, რათა აეხსნა შესახებ ამ ფანჩატურის აგებისა, ხოლო მათ სიტყვაც არ აცალეს, და გადაწყვეტით ბრძანეს: „დაარღვევთ თუ არა თქვენის ხელით უკვე დაწყებულს?!“ ამაზედ უპასუხა მ. იონამ, რომ დასარღვევად არ გვიშრომია, და არც ჩვენ დავარღვევთ, და არც სხვას ვაძლევთ ნებას მისის დარღვევისას, თვინიერ ჯეროვანის მართებლობისა. მაშინ თაოსნობითა პროიღუმენი პორფირისათა იქმნა ბრძანება ბერძენთა მიერ თვისთა მსახურთადმი: „აბა, ბიჭებო, დაამგვრიეთ, დაამსხვრიგთ, დალეწეთ“ . და მიეშურენ ბიჭები და თან მიჰყვნენ პროიღუმენნი დასამგვრევად სვეტებისა; ხოლო ვინაითგან მ. მ. იონა და გიორგი ახლოს იყვნენ სვგტებთან, ამისათვის არ დაანებეს დაემგვრიათ. მათ ბერძენთ ველურ ყვირილზედ, არა თუ ძმანი წმ. ჩვენისა სავანისანი, არამედ უკეთუ - ყოფილ იყვნენ ახლო-მახლოს ვინმე მეზობელნი, იგინიცა იქმნებოდენ მოწამენი ყოვლივე აქა შემთხვევისა. იხილეს რა ბერძენთა, რომ არ ვაძლევთ ნებას მათის გულის წადილის აღსრულებისას, უნდოდათ ეხმარათ იარაღებრივ ძალა, და მ. გიორგის და ერთს მონაზონს მახვილით შემოუტივეს, ხოლო განგებითა ღვთისათა ერთმა პროიღუმენთაგანმან უბრძანა მათ, რათა უკან დაბრუნებულიყვნენ და ესრეთ ბრძანებისაებრ მისისა უკან დაიწიეს და დიდის მუქარით, რომ მოვლენ შემდგომში უმეტესის ძალით და არ დაგვტოვებენ აღუოხრებელად, მიბრძანდნენ შინისკენ. ამ ჟამად, წყალობითა ღვთისათა, მფარველობითა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისათა, მეოხებითა ყოვლად ქებულისა იოანე ღვთის-მეტყველისათა და თქვენის ლოცვით გადავრჩით მშვიდობით. ამავე დღესა ყოველივე ჩვენი გარემოება მოვახსენეთ ადგილობრივ უფროსს, რომელმაც არავითარი ყურადღება არ მოგვაქცია, ვითარცა ყოველის მხრით კაცთა მიერ შეუწევნელთა, ღარიბთა და მწირთა, გარნა მსასოებელთა წყალობასა ზედა ღვთისასა, რომელ იგი ყოვლად ძლიერი და ყოვლისა შემძლებელი შეუწევნელთა შემწე, მწირთა და ობოლთათვის მზრუნველი, არ დაგვიტევებს თვინიერ მისის შეწევნასა, და მით არ გაახარებს ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩვენ მდაბალთა ზედა - შთაგონებითა ზეგარდამო; მივმართეთ ჩვენს ელჩს კონსტანტინეპოლში და თესალონიკის ვიპატოსს, რომელთაც მოახდინეს ჯეროვანი განკარგულება... აგვისტოს 31-სა მობრძანდნენ ჩვენს სავანეში თხოვნისამებრ ბერძენთა აქაური პროტატიდგან ანტიპროსოპნი (მოადგილენი), რომელთა გამოგვიცხადეს, რადგანაც ივერიის მონასტერს არ სურს, რათა აღშენდეს ჩვენს ეზოში შეშის დასაწყობი, ამისათვის დაგვემგვრია ჩვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვით იგინი დაამგვრევდენ და შეადგენდნენ განაჩენს ჩვენდა სავნებელად, რომელსაც მოჰყვებოდა ჩვენ ქართველების ათონიდამ გადარეკა. ვიხილეთ რა, რომ სიმართლე თვის მახვილს ვერ მოიქნევდა, რადგანაც ყოველივე ღონე და ძალა ათონის მთაზე არის ბერძნების ხელში და გუშინდელნი შეშინებულნი აქაური მოსამართლისაგან, რომელმანცა გვითხრა სხვათა შორის, რომ თუ ბერძნები უბრძანებენ, რათა ქართველნი იქმნენ განდევნილნი ათონიდამ, მაშინ ის მოვალე არის აღასრულოს დაუყოვნებლივ ბერძნების ბრძანება, -დავემორჩილენით, ვითარცა ცხოვარნი მგელთა, და იმ ზომად დაგვიმონეს, რომელ ჩვენისვე ხელით, მხილველთა მიერ შესაბრალებელად, დაგვანგრევინეს სვეტები თავის მოწყობილებით. როდესაც ბერძნებმა შეასრულეს მათი გულის წადილი, დიდის ბოროტის სიხარულით აღფრთოვანებულნი წაბრძანდნენ თვისად, ხოლო ჩვენ დაგვტოვეს შეუწყალებელად.
იმედი გვაქვს, თქვენო მაღალ-კურთხევავ, რომ ამ ჩვენს გაჭირვებულს მდგომარეობას გაიზიარებთ და სხვასაც გააცნობთ, ვისთან და სადაც ჯერ არს, რათა იცოდეს მთელმა ივერიამ, რომ მათს მამულში მცხოვრებს ქართველებს არ აძლევენ ნებას უკანასკნელ ფანჩატურის აშენებისასაც-კი!
დიდის პატივისცემით მოგიკითხვენ ყოველნი ძმანი ჩვენის სავანისანი, მარადის მომხსენებელნი უტკბილეს უფროს თაფლისა და გოლეულისა თქვენის საუბრისანი.
გთხოვთ გვანუგეშოთ თქვენის ძვირფასის ეპისტოლით.
ზაფხულში 1900 წელსა მოულოცნია წმ. ადგილები პალესტინისა და წმ. ათონის მთისა ერთს ღვთისმოყვარე გენერალს რუსთაგანს ა. ვენერ-ს. ეს გენერალი სწერს ერთს სულიერს მამას ქართველთაგანსა გულმტკივნეულობით თავის შთაბეჭდილებას შემდეგ წმ. ადგილების მიმოხილვისა საზღვარს გარეთ: „ქართველებს ოდესმე ჰქონიათ იერუსალიმში სამი მონასტერი, ორს მათგანში ეხლა სცხოვრებენ ბერძენთა ბერებიო, სახელდობრ წმ. მამათმთავარის აბრაამის და წმ. ჯვარის მონასტრებში; ხოლო მესამეში - წმ, იოანნე ღვთისმეტყველის სავანეში - აწ იმყოფებიან ფრანგთა მონაზონნი. აგრეთვე ათონის მთაზედაც ჰქონიათ ქართველებს დიდებული ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტერი, რომელშიაც აწ იმყოფებიან ბერძენთა ბერები, რიცხვით 150 სულამდის“. როდის და რა სახით დაუკარგავთ ქართველებს ეს დიდებული სავანენი? გულმწუხარებით ეკითხება ბოლოს. შემდეგ განაგრძობს: „ათონის კელლიაში მოღვაწენი ქართველნი ძმანი ამ ჟამად დიდს შეწუხებაში არიან, სულგრძელებით ითმენენ ბერძენთა მონაზონთაგან სიყმილსა, მწყურვალებასა და ყოვლის მხრით დევნულებასაო. ხოლო ამავე დროსა მახლობლად ქართველთა ძმათა კელლიისა ივვრიის მონასტერში კი, ძველს ქართველთა სამკვიდრებელში - ბერძენთა ბერები დიდს განცხრომაში იმყოფებიანო. ეს უსამართლოება ღმერთს ტირილით შეჰღაღადებსო და გამოითხოვს შურის-ძიებასაო“. უცხო ტომის შვილს, მაგრამ ჩვენს ძმას მართლმადიდებლობით და ერთის სახელმწიფოს ჩვენთან ერთად ქვეშევრდომობით, საქართველოში უმსახურნია, შეუსწავლია ჩვენი ეროვნული ხასიათი და ზნე-ჩვეულებანი და ღირსებანი და ამისათვის გული სტკივა ჩვენს დიდებულ ნაშთთა დაკარგვისათვის; ჩვენ კი ჯერ ღრმა ძილში ვართ და ჩვენს სარწმუნოებრივს სამკვიდრებელსა, რომელიც ამასთანავე შეადგენს დიდებას ქართველის ერისას, არ ვეძიებთ გულმხურვალედ. თვითონ ამ ღვთისნიერს, სარწმუნოებით გაბრწყინვებულს გენერალს, უკვირს ეს ჩვენი გულგრილობა და დაუდევნეღაობა ამ გვარს წმ. საქმეში. რას აკეთებენ კითხულობს იგი, საქართველრს დიდებულნი და დარბაისელნი შვილნი? რატომ არ ეძიებენ ამისთანა ძვირფასს სამკვიდრებელსაო? ამასთანავე ასახელებს ქართველთა წარჩინებულ გვარების დიდებულთა წარმომადგენელთა. რომელთა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! ამ კეთილმსახურის გენერლის სარწმუნოებრივს გულ-მხურვალეობაზედ მოგვაგონდგბა სიტყვანი პეტრე მოციქულისა: „ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის ღმრთისა და იქმს სიმართლესა, სათნო არს ღმრთისა და ღირს არს ქებისა“ (საქმე მოციქ. 10,35).
10-ს ივნისს 1900 წელსა
უმაღლესი მთავრობის განკარგულებით ივერიის მონასტრის ბერძნის ბერებს დაუკავეს ბესარაბიის მეტოხის შემოსავალი უმეტეს 90,000 მ., რომელსაც აღარ აძლევენ, განმავლობს ეს მეათხუთმეტე წელიწადი; შესახებ ჩვენის საჩივრისა ეს შემთხვევა ბერძნებს ძალიან აშინებს. - კონსტანტინეპოლის პოსლანიკი (დესპანი) და თესალონიკის კონსული ეუბნებიან ივერიის მონასტრის ბერძნებსა, როდესაც საქართველოს გაურიგდებით, მაშინ მიიღებთ ამ ფულებს, თორემ ისე არ შეიძლება“ . ეს შემთხვევა და გამოცხადება ძალიან აშინებს ბერებს,
უწინდელმა პოსლანიკმა (დესპანმა) ნელიდოვმა თვით პირის-პირ გვითხრა: „თუმცა უმაღლესმა მთავრობამ მეტოქი რუსეთის და საქართველოჲსა დაუკავა და არ მისცა ბერძნებს, იმ შემთხვევაში სუბუქად გათავდა თქვენი საქმე და მშვიდობიანად. ამისთვის დაკავება მეტოქებისა ინოსტრანის სამინისტროში (პეტერბურგში) მე თითონ წარვადგინე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ცნობა არ მიმიღიაო“.
მოგვიტევეთ, პატიოსანო მამაო, მცირე ბარათისათვის, მაგრამ რადგანაც ცხადად ვხედავთ, რომ თითქო სრული საკუთარი საქმეაო, ისე მონაწილეობ ამ საქმეში, როგორც ჭეშმარიტი ქართველი, მისთვის გწერთ ასე მცირესაც, როგორც საქმის მასალას.
მმართველი მღვდელმონაზონი იონა ქრისტეს მიერ ძმებითურთ.
<< წინ |