ვახტანგ გოილაძე

მირონის კურთხევის დაწესება საქართველოში

ეკლესიის ავტოკეფალობის (თავისთავადობის, დამოუკიდებლობის) ერთ-ერთი ნიშანი, წმიდა მირონი - მცენარეული სურნელოვანი ზეთი, ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოების შესრულების დროს იხმარება. მას ასევე მეფეთა, ტაძრისა თუ ტრაპეზის კურთხევისას იყენებენ. მირონი ახლა საქართველოში მზადდება. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი უძლიერესი - ანტიოქიის საპატრიარქოსაგან რომ ავტოკეფალია მოეპოვებინა და მირონის კურთხევის უფლება მიეღო, ქართლის სახელმწიფოსა და ეკლესიის მესვეურებს დიდი გარჯა დასჭირდათ.

თავისი არსებობის პირველ საუკუნეებში (კერძოდ, 487\88 წლამდე) მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რომ ავტოკეფალური არ იყო, ამაში გარკვეული როლი, ახ.წ. III ს. დასასრულს შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამაც შეასრულა. სასანიანთა ირანსა და რომის იმპერიას შორის ჩრდილო შუამდინარეთსა და ამიერკავკასიაში გასაბატონებლად მიმდინარე მრავალწლიანი ომი 2მ8 წელს რომაელთა გამარჯვებით დასრულდა. ნისიბისში დადებული 40-წლიანი ზავით სომხეთი და ქართლი რომის მფარველობაში მოექცა (დასავლურ-ქართული სახელმწიფო ეგრისი უფრო ადრე იყო მოქცეული რომის გავლენაში). ამ დროიდან დასახელებული ქვეყნები რიმის იმპერიაში მიმდინარე მოვლენების თანაზიარნი გახდნენ. 303 წლის 23 თებერვალს იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცემულმა ედიქტმა, რომლითაც ქრისტიანობა იკრძალებოდა, ქართლში მიმდინარე ქრისტიანიზაციის პროცესიც შეაფერხა. მაგრამ, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 305 წლის1 მაისს იმპერატორი დიოკლეტიანე გადადგა, 311 წლის აპრილში გამოცემული ედიქტით რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის გამგებელმა გალერიუსმა (გარდ. 311 წ. მაისში) ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. 313 წლის ედიქტით კი ლიცინიუსმა ქრისტიანთა უფლებები აღადგინა, რის შედეგადაც იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის იდეოლოგიურ ცხოვრებაში არსებითი გარდატეხა მოხდა - როგორც იმპერიის ტერიტორიაზე, ისე იმპერიის გავლენაში მოქცეულ ხალხებს შესაძლებლობა მიეცათ აშკარად ეღიარებინათ მანამდე აკრძალული რელიგია - ქრისტიანობა. იმ დროისათვის გარდა იმისა, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებში ქრისტიანულ თემებს არსებობის საუკუნოვანი ტრადიციები ჰქონდა, იმპერიიდან გამოგზავნილი მისიონერთა მიერ ნიადაგი მომზადებული იყო ქრისტიანობის გამარჯვებისათვის. და, მართლაც, 317\318 წლებში მათში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. 324 წლის 18 სექტემბრიდან რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილიც იმპერატორ კონსტანტინე დიდის ხელში მოექცა. 325 წელს ქ. ნიკეაში მან ქრისტიანული ეკლესიის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვია. ეს უკვე ახალი რელიგიის გამარჯვებას ნიშნავდა.

მირონის ხარშვა
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 2011 წ.
(გიორგი ბარისაშვილის ფოტო)

ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტეს მცნების დანერგვის საქმეში დიდი წვლილი ანტიოქიის (მდ. ორონტზე, სირიაში) ეკლესიის გავლენაში მყოფი პონტო-კაპადოკიის საეკლესიო ცენტრებიდან გამოსულმა მისიონერებმა შეიტანეს. აღნიშნულმა განაპირობა ნიკეის კრების დაწყების წინა ხანაში ქართლის ეკლესიის მეთაური ქრისტიანობის მეორე აკვნად წოდებული ქ. ანტიოქიის ეპისკოპოსის ევსტათის (324\5-30 წწ.) მიერ (შესაძლოა მისი ხელქვეითი რომელიმე სასულიერო პირის) რომ იქნა ხელდასხმული. რის შედეგადაც ქართლის ეკლესიაზე ანტიოქიის ეკლესიის ზემდგომობა დამყარდა. XI ს. ცნობილი ქართველი ფილოლოგისა და ფილოსოფოსის, ანტიოქიის მახლობლად შავ მთაზე მოღვაწე ეფრემ მცირეს ცნობით, ამ დროიდან დაეკისრა ქართულ ეკლესიას მირონის დასამ\ადებლად საჭირო „ნივთთა წმიდისა მოსასყიდელად“ „ათასი კუამლიდან“ აღებული გადასახადის ანტიოქიაში გაგზავნა. ეფრემის თანახმად, ეს იყო „საფასოჲ“ „ნივთთა მიჰრონისათა, რამეთუ მათ ჟამთა არასადა სხუაგან წმიდა იქმნებოდა მიჰრონი თჳნიერ ანტიოქიას და მიერ განეყოფვოდა ყოველთა“ (7,8).

ევსტათი ანტიოქიელის მიერ ქართლის ეკლესიის მეთაურის ხელდასხმამ ქართულ ეკლესიაზე ანტიოქიის ეკლესიის ზემდგომობა დააკანონა. იმ დროიდან ქართლის ეკლესიას ანტიოქიიდან გამოგზავნილი ეპისკოპოსები განაგებდნენ. თანაც „ნივთთა წმიდისა მოსასყიდელად“ თანხა რადგან ანტიოქიაში იგზავნებოდა, ცხადია, მირონიც იქიდან შემოჰქონდათ (როგორც ქვემოთ ვნახავთ, ანტიოქიიდანვე მიიღო ქართლის ეკლესიამ მირონის კურთხევის ნებართვა).

საისტორიო წყაროთა ასეთი მონაცემების მიუხედავად შედარებით გვიანდელ ცნობებზე დაყრდნობით, მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის რომ ქართულ ეკლესიას მირონი იმთავითვე იერუსალიმიდან შემოჰქონდა. უფრო მეტიც, აკად. კ. კეკელიძეს ქართული ეკლესია იერუსალიმური წარმოშობისად მიაჩნდა (25, 360-361), ხოლო მ.თარხნიშვილის მტკიცებით, „იერარქიულ მდგომარეობასთან მირონის კურთხევას არავითარი კავშირი არა აქვს“. იმის გამო, - დასძენს იგი, - რომ მირონის დამზადება რთული იყო, ქართველები იძულებულნი იყვნენ მირონი იერუსალიმიდან ჩამოეტანათ (მ,163).

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ანტიოქიის ეკლესიის სიძლიერეს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ეფრემ მცირეს ცნობათა სანდოობაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. ადრექრისტიანულ ხანაში იერუსალიმიდან ქართლში მირონის შემოტანის შესახებ, წყაროებში არავითარი მითითება არაა. საისტორიო წყაროთა თანახმად, რომელსაც XVIII ს. ანტიოქიელი მღვდელი მიქაელ ბრეკიც ადასტურებს ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში თვით იერუსალიმის ეკლესიაც ანტიოქიის სამწყსოს წარმოადგენდა (2მ,361).

ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) შემდეგ დაიწყო ანტიოქიის საპატრიარქოს მრევლის შემცირება. კრების დადგენილებით მისი სამწყსოს ნაწილი კონსტანტინოპოლისა (ამ დროიდან დაექვემდებარა ეგრისის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს [1]) და იერუსალიმის ეკლესიებს გადაეცა (5,12-15). როგორც ეფრემ მცირე გვამცნობს, ამავე კრებას უნდა მიეცა ქართლის ეკლესიისათვის მირონის დამზადების უფლება. „...ესოდენ ვპოვე საზოგადოდ, - წერს იგი, - ...ვითარმედ ქალკიდონისა კრებასა ესმა, რომელ სიძჳრისათჳს ფასით ჰყიდდეს მიჰრონსა, ამისთჳს ბრძანეს წმიდათა მამათა, რაჲთა არა ხოლო ანტიოქია, არამედ სხუათაცა ეკლესიათა შინა წმიდა იქმნებოდეს მიჰრონი. ხოლო თჳსაგან ქართველთაჲ საგონებელ არს, ვითარმედ სიშორისათჳს გზისა და რომელ ფრიად საშიშ არს უცხო თესლთა შორის ხმელით ანტიოქიით ქართლს წარღებაჲ წმიდისა მიჰრონისაჲ, ამისთჳს თჳთ ადგილსა დაწესებულ არს მათდა კურთხევაჲ მიჰრონისაჲ“ (7,10. მსგავსი ცნობა აქვთ ეფრემ მცირეს თანამოღვაწეს ნიკონ შავმთელსა და XVII ს. ანტიოქიელ პატრიარქს მაკარიოსს. 30,47-48;24).

ზემოდასახელებული მიქაელ ბრეკის თანახმად, ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება უკვე ანტიოქიის პატრიარქ პეტრე I ფულონის (იგივე პეტრე გნაფე//კნაფეა) პატრიარქობისას განხორციელებულა. „მირონს, რომელსაც ყოველწლიურად ლოცვით აკურთხებდა ანტიოქიიის პატრიარქი, - გვამცნობს ბრეკი, - ახლა (პეტრემ) ნება დართო ყველა ეპისკოპოსს ეკურთხებინა; ასევე დაადგინა, რომ წყალკურთხევა შესრულებულიყო წელიწადში ერთხელ..., შემოიღო სხვა სიახლენი“ (2მ,387).

ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ პეტრე I ფულონის პატრიარქობისას - 487\88 წელს მოიპოვა ავტოკეფალია (დაწვრილებით იხ.5.თ.X). თან 451 წელს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ თუ ყველა ეკლესიას დართო მირონის კურთხევის ნებართვა, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დადგენილებით ქართული ეკლესიაც ისარგებლებდა და მცხეთაშიც დაიწყებოდა მირონის დამზადება. აღნიშნულთან ერთად იგულისხმება, რომ ამიერიდან აღარც 1000 კომლიდან აღებულ გადასახადს გააგზავნიდნენ ანტიოქიაში მირონისათვის „ნივთთა წმიდისა მოსასყიდელად“. მაგრამ, ასეთი მსჯელობა ისტორიული ვითარების ამსახველი არ უნდა იყოს. ქალკედონის მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება, როგორც ჩანს, იმპერიაში შემავალ ისეთ დიდ საეკლესიო ცენტრებზე გავრცელდა, როგორებიც იყო კონსტანტინოპოლის, ერუსალიმისა და ალექსანდრიის ეკლესიები (451 წლიდან საპატრიარქოები). ქართლის ეკლესიას იგი, ალბათ, არ შეხებია. ეფრემ მცირეს ვარაუდი („საგონებელ არსო“), რომ შორი და სახიფათო გზის გამო, რადგან ანტიოქიიდან ქართლში მირონის მოტანა ჭირდა, ამიტომ უნდა დაწყებულიყო ჩვენშიც მირონის კურთხევა, არ დასტურდება. 451 წლის შემდეგაც რეალური ავტოკეფალიის მოპოვებამდე, ქართლის ეკლესია კვლავ ანტიოქოს საპატრიარქოს გავლენაში იმყოფებოდა.

V ს-ში ქართლის გამოჩენილი მეფის ვახტანგ გორგასლის ზეობაში (438-4მ1 წწ.), როგორც ძველ ქართულ წყაროებშია ნათქვამი, ქართლის მოქცევიდან 170 წლის თავზე (317/318+170=487/488 წ.) ანტიოქიის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ პატრიარქ პეტრე I ფელონის თავმჯდომარეობით, ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია დაუმტკიცა (5,185). დამოუკიდებელი ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობლად ვახტანგმა იმპერიაში საეკლესიო განათლებას ზიარებული, როგორც ჩანს, წარმოშობით კაპადოკიელი (ქართველი?) პეტრე დაადგინა (მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლის ეკლესიას პეტრესთან ერთად მოსული სამოელ კაპადოკიელი განაგებდა).

ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ბიზანტიელი კანონისტებიც მიუთითებენ. ასე, მაგ., კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების (381 წ.) მეორე კანონისადმი დართულ კომენტარში XII ს. ცნობილი ბერძენი საეკლესიო მოღვაწე და კანონისტი, 1185 წლიდან ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი წერს: „ნუ გაიკვირვებ, თუ სხვა ეკლესიებსაც იპოვი ავტოკეფალურად როგორც [მაგალითად], ბულგარეთის ეკლესიას, კვიპროსისასა და იბერიისას... იბერიის არქიეპისკოპოსი პატივში აიყვანა ანტიოქიის კრების დადგენილებამ. ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც ღვთაებრივი ქალაქის დიდი ანტიოქიის უწმინდეს პატრიარქად იყო უფალი პეტრე, გამოტანილი იქმნა კრების დადგენილება, რომ იქნეს თავისუფალი და ავტოკეფალური ეკლესია იბერიისა, რომელიც მაშინ ექვემდებარებოდა ანტიოქიის პატრიარქს“ (10,18). მსგავსი ცნობა აქვს XIV ს. ბიზანტიელ კანონისტს მათეოს ბლასტარესის (17,11მ-120).

თუ კანონიკური სამართლით ვიმსჯელებთ, ავტოკეფალიის მოპოვებასთან ერთად ქართლის ეკლესიას მირონის კურთხევის უფლებაც უნდა მიეღო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ანტიოქიის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილება რადგან მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ არ იყო დადასტურებული, ქართლის ეკლესიისათვის როგორც ავტოკეფალია, ისე მირონის კურთხევის უფლება, კარგა ხანს საკამათოდ დარჩა.

ქართლში პეტრესა და სამოელის კათალიკოსობის ხანაში იმპერიაში მსოფლიო საეკლესიო კრება არ მოწვეულა. მათ შემდეგ ერთხანს, ქართლის ეკლესიას კვლავ იმპერიიდან გამოგზავნილი სასულიერო პირები განაგებდნენ. VI ს. 20-იანი წლების დასასრულს ქართლის მეფე ფარსმანმა (დაახლ. 525-535 წწ.) ბიზანტიიდან გამოგზავნილი კათალიკოს ჩერმაგის გარდაცვალების შემდეგ, ქართლის საკათალიკოსო ტახტზე საბა დასვა. „აქეთგან, - ნათქვამია წყაროში, - არღარა მოიყვანებდეს კათალიკოსსა საბერძნეთით. არამედ ქართველნი დასხდებოდეს, წარჩინებულთა ნათესავნი“ (23,207. „ქართლის ცხოვრების“ ძველ სომხურ თარგმანში პირდაპირაა ნათქვამი, რომ საბა კათალიკოსად დასვეს ანტიოქიის გარეშე. გვ. 188. მსგავსი ცნობა აქვს, სომეხ ისტორიკოსს მხითარ აირივანეცის). როგორც „ქართლის ცხოვრების“ (ტ.I, გვ. 207) ჩანართიდან ჩანს, ფარსმანს ასეთი ნაბიჯი იმპერატორ იუსტინიანე I (527-565 წწ.) მიერ „დაწერილი წიგნის“ (სიგელის) საფუძველზე უნდა გადაედგა.

533 წელს კონსტანტინოპოლში მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა. ქართლის კათალიკოსმა ევლავიოსმა და მეფე ფარსმანმა, რომელსაც იმპერატორ იუსტინიანე I-თან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კრების წინაშე დასვეს თუ არა ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დადასტურების საკითხი, წყაროებიდან არა ჩანს. ფარსმანის ძის - ბაკურ მეფის გარდაცვაღების შემდეგ, დაახლ 537 წელს სასანიანებმა ქართლში მეფობა გააუქმეს. ქართლი ირანის პროვინციად იქცა, ქვეყნის უშუალო გამგებელი ირანელი მარზპანი გახდა. ასეთ ვითარებაში 553 წელს კონსტანტინოპოლში კვლავ შედგა მსოფლიო საეკლესიო კრება (ეს კრებაც მეხუთე კრების სახელითაა ცნობილი. როგორც 533 წელის, ამ კრებასაც ახალი კანონები არ შეუმუშავებია), მაგრამ, არც ამ კრებაზე განხილულა ქართლის ეკლესიის საკითხი. იგი დიდი ხნით გადაიდო და მხოლოდ 680\681 წლებში კონსტანტინოპოლშივე მოწვეულმა მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადასტურა 487 თუ 488 წლის ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრების გადაწყვეტილბა ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ [2]. ამ კრების ამსახველი ქართული ცნობა, რომელიც „ქართლის ცხოვრებაშია“ ჩართული, გვაუწყებს, რომ იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის (668-685 წწ.) დროს კონსტანტინოპოლში გამართულ მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე „...ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიარქონი. და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარკპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა... ხოლო პირველთაგან ანტიოქიის კრების მიერ განპატიოსნებული იყო, და ამ კრებისა მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად... ხოლო ოდესცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა“ (23,231-232. მსგავსი შინაარსისაა „კონსტანტინოპოლის ტაქტიკონიდან“ მომდინარე ცნობა, რომელიც „მარტვილის ხელნაწერშია“ შემონახული. 1მ,117).

როგორც ვხედავთ, VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ ქართლის ეკლესიას ანტიოქიის ადგილობრივი საეკლესიო კრების (487 ან 488 წლის) მიერ მიცემული ავტოკეფალია დაუდასგურა და მირონის კურთხევის უფლება დართო - 681 წლიდან ქართლის ეკლესია სრულიად დამოუკიდებელი შეიქმნა. რაშიც, ალბათ, გარკვეული როლი არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ შეასრულა. იმ დროისათვის კონსტანტინოპოლში შეხიზნული ანტიოქიის საპატრიარქო კათედრა თუ დიდ გასაჭირში იყო, ქართლის სახელმწიფო აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ქართლის მომავალ ერისმთავარს ნერსე I-ს სომხეთში მდგარი არაბთა სარდალი ბარაბაც კი დაუმარცხებია და არაბები განუდევნია. როგორც ფიქრობენ, არაბების წინააღმღეგ ბრძოლებში ქართლი და ბიზანტია თუ, მართლაც, საერთო პროგრამით გამოდიოდნენ (1:45), მაშინ, ცხადია, VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დადასტურებას ბიზანტიის საიმპერატორო კარიც დაუჭერდა მხარს.

ქართულმა ეკლესიამ 681 წელს კი მიიღო მირონის კურთხევის ნებართვა, მაგრამ იმ ცნობებში, რომლებიც საქართველოში მირონის კურთხევის დაწესებას ეხებიან, გარდა იმისა, რომ ეს აქტი სხვადასხვა დროითაა განსაზღვრული, ერთ მათგანში, ანტიოქიის პატრიარქთან ერთად მირონის კურთხევის უფლების მიმნიჭებლად იერუსალიმის პატრიარქიცაა დასახელებული. აქ თუ ეფრემ მცირესი და ნიკონ შავმთელის ცნობებსაც გავითვალისწინებთ [3], მაშინ მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება საეჭვო ხომ არ ხდება? ვფიქრობ, რომ არა.

იმ დროისათვის ქართლის სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო და გამორიცხულია VI კრების დადგენილების ცხოვრებაში გატარებისათვის რაიმეს შეეშალა ხელი. ამიგომ გვგონია იმ ცნობებში, რომლებშიც კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრების (681 წ.) დადგენილებიდან გამომდინარე, საქართველოში მირონის კურთხევის დაწესებაზეა მოთხრობილი, რეალური ამბავია ასახული.

საქართველოში მირონის კურთხევის დაწესების შესახებ ჩვენთვის საინტერესო ცნობებმა, მართალია, კარგა ხანია საკითხით დაინტერესებული მკვლევართა ყურადღება მიიქცია, მაგრამ, ამ ცნობათა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების კრიტიკული ანალიზი დღემდე არავის უცდია. ეს მკვლევრები გარდა იმისა, რომ ზემომოტანილ ქართულ ტექსტს, რომელშიც VI მსოფლიო საეკლკსიო კრების დადგენილებაა ასახული, საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას, ქართული ეკლესიის მიერ მირონის კურთხევის უფლების მოპოვების დასადასგტურებლად არსებული ცნობებიდან მხოლოდ ერთ-ერთს იყენებდნენ. რის გამოც, საკითხიც იოლი გადასაწყვეტი ჩანდა. ასე, მაგალითად, მირონი ქართლში თეოფილაქტე ანტიოქიელამდეც (744-750 წწ.) რომ იკურთხებოდა, ამის დამადასტურებლად კ.კეკეღოძემ ქვემომოტანილი ცნობა დაიმოწმა. ამ ცნობაში ნათქვამია: „დიდნი შფოთნი და ამბოხნი იქმნებოდეს ეპისკოპოსთა ცილობისაგან და ღმრთივ-გჳრგჳნოსანმან მეფემან არჩილ არა სათნო იჩინა ამათ შფოთთა ქმნად და გჳბრძანა გაჩენად, ვითა ნიშანთა შეტყუებოდა, და ხწლ-ვყავით მე, გლახაკმან მიქაელ ქართლისა კათალიკოზმან და ვაკურთხეთ წმიდაჲ მირონი“ (20,47).

მიქაელის კათალიკოსობამდე (გარდ. 720 წ.), - წერს კ.კეკელიძე, - მირონის კურთხევის შესახებ საქართველოში განსაკუთრებული ტერმინოლოგიური ინსტრუქცია არ ყოფილა და მისი პირველი რეგლამენტირება მიქაელს მოუხდენია. ეპისკოპოსთა შორის დავა და კინკლაობა დაწყებული ადგილებისათვის. ასე რომ, - ასკვნის იგი, - ქართულ ეკლესიაში მირონის კურთხევა თეოფილაქტემდე გაცილებით ადრე ხდებოდა (26,253, შენ.1). თუ ნიკონ შავმთელს დავუჯერებთ, დასძენს შემდეგ კ.კეკელიძე, მირონის კურთხევა საქართველოში IV კრების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ამაზე დათანხმება ძნელია (იქვე).

მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ იმის დამადასტურებლად მირონის კურთხევა ჩვენში ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების საფუძველზე რომ დაიწყო, იმ ძველ ავტორთა ცნობები მიიჩნია, რომელნიც VI საუკუნისათვის სომხეთსა და ალბანეთში მირონის კურთხევის შესახებ მიუთითებენ. მეუფე ანანიას დასკვნით, ქართული ეკლესია რადგან ღირსებიო მათბე ნაკლები არ იყო, მირონის კურთხევა ქართლშიც ადრევე უნდა დაწყებულიყო (იხ. 22).

სომხური ეკლესია, როგორც ცნობილია, ადრევე ჩამოშორდა იმპერიის ეკლესიას (მათმა წარმომადგენლებმა უკვე 381 წელს კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში აღარ მიიღეს მონაწილეობა). 451 წელს ქალკედონმი გამართული IV მსოფლიო კრების შემდეგ სომხეთის ეკლესია დაადგა მონოფიზიტობის გზას, რის გამოც იმპერიის ეკლესიას ანგარიშს აღარ უწევდა. ამიტომ მას შეეძლო მირონის კურთხევა იმპერიის ეკლესიის ნებადაურთველად დაეწყო (3:თ.IX). რაც შეეხება ქართულ ეკლესიას, როგორც ცნობილია, იგი მტკიცედ იცავდა დიოფიზიტურ მრწამსს და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებსაც ანგარიშს უწევდა.

საქართველოში მირონი თეოფილაქტე ანტიოქიელამდე (744-750 წწ.) რომ მზადდებოდა, ეს, როგორც ვნახეთ, VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებიდან ივარაუდება. ვფიქრობ, საეჭვო არაა, ზემომოტანილ ცნობაში მოთხრობილი ამბავი სწორად VI კრების გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების აღწერას რომ წარმოადგენს. ამიტომ, საინტერესოა გაირკვეს, რომელ წელს შედგა ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ეს მეტად დიდმნიშვნელოვანი ცერემონიალი.

„ღმრთივ-გჳრგჳნოსანი მეფე არჩილი“, რომლის დროსაც ქართლში მირონის კურთხევა შედგა, რადგან ქართლის ერისმთავარი არჩილ მეორეა, მაშინ იგი და მიქაელ კათალიკოსი თანადროული მოღვაწეები უნდა იყვნენ. თანაც, ორივე პიროვნება თეოფილაქტე ანტიოქიელზე ადრე, ე.ი. 744 წლის წინა ხანაში უნდა ჩანდნენ ისტორიის ასპარეზზე.

გარდა იმისა, რომ ამ ბოლო ხანებამდე ქართლის ერისმთავრის არჩილ II ფარნავაზიანის ზეობის წლების მიახლოებითი განსაზღვრაც კი ჭირდა (მისი გარდაცვალების თარიღი 6მ0 წლიდან 787 წლამდე მერყეობდა. 1,16-17), ძველ ქართულ წყაროებში („მოქცევაა ქართლისაჲ“, ვახტანგ გორგასლის „ცხოვრების“ გაგრძელება) VII-VIII ს-ში მოღვაწე პირებს შორის მიქაელის სახელის მქონე კათალიკოსი არ იხსენიება.

ამ ბოლო ხანებში ვითარება არსებითად შეიცვალა. არჩილ II-ის ზეობის წლებზე შედარებით ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნა ატენის სიონში სტეფანოზ მამფალის (ბაგრატიონის) ფრესკული ეპიტაფიის აღმოჩენის შემდეგ. ეპიტაფიაში მოხსენიებული „ღმრთივგჳრგჳნოსანი მეფე“ (მეფის სახელი არაა დასახელებული) გ.აბრამიშვილმა არჩილ მეორედ მიიჩნია (მირონის კურთხევის ცნობაში „მეფე არჩილი“, როგორც ვნახეთ, ასევე „ღმრთივ-გჳრგჳნოსან მეფედ“ იწოდება). ეპიტაფიის მონაცემთა საფუძველზე მისი ზეობის დასაწყისი 71მ წლით განსაზღვრა (1:15). აღნიშნულიდან გამომდინარე, მირონის პირველი კურთხევის ცერემონიალიც, თითქოს, 71მ წლის შემდეგ უნდა შემდგარიყო. მაგრამ, თუ ვახტანგ გორგასლის „ცხოვრების“ გაგრძელებაში არჩილის შესახებ არსებულ ცნობებს გავითვალისწინებთ, იგი ჯერ კიდევ მამის - სტეფანოზ II (ფარნავაზიანის) სიცოცხლეში ყოფილა ქართლის გამგებელი. როგორც დასახელებული წყაროდან ვგებულობთ, ქართლში შექმნილი რთული შინაპოლიტიკური ვითარების გამო სტეფანოზ II იძულებული გამხდარა ოჯახით ქართლი დაეტოვებინა და, უფროს ძესთან - მირთან ერთად ეგრისში გადასულიყო. ქართლის მმართველად მას უმცროსი ძე - არჩილი დაუტოვებია. მაგრამ ვერც არჩილმა გაძლო ქართლში დიდხანს, „შემდგომად მცირედთა ჟამთა დატოვა ქართლი და ეგრისში გადავიდა (23,233). მაგრამ როდის?

უცხოენოვანი წყაროები 686 წლისათვის ქართლის ერისმთავრად უკვე ნერსე I ბაგრატიონს ასახელებენ (1:25), რომელიც, ცხადია, სტეფანოზ II ფარნავაზიანის სახლს არ ეკუთვნოდა. მეორე მხრივ, არჩილის ეგრისში გადასვლა რადგან 682\686 წლებს შუა ხანაში ივარაუდება, მირონის კურთხევის ცნობაში, როგორც ჩანს, ქართლში მისი პირველი (ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში) მცირეხნიანი მმართველობაა ასახული.

საქმე ისაა, რომ მას შემდგგ რაც სტეფანოზ II-მ ოჯახით ქართლი დატოვა და ეგრისში გადავიდა არჩილმა და მისმა უფროსმა ძმამ - მირიმ რამდენიმე ათეული წელი ეგრისში დაჰყვეს (ამ დროს მათ ქართლზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ძმებმა ეგრისში გარდაცვლილი მამის ნეშტიც კი ვერ ჩამოასვენეს მცხეთაში. 23,241). როგორც ატენის სიონში გამოვლენილი სტეფანოზ მამფალის ეპიტაფიის მონაცემებით გაირკვა, არჩილმა მხოლოდ 71მ წელს, მირის გარდაცვალების შემდეგ მიიღო იმპერატორ ლევ III ისავრიელისაგან (716-741 წწ.) გვირგვინი და ტერიტორია „კლისურიდან ვიდრე შორაპნადმდე“. ქართლში კი 731 წელს გადმოვიდა.

ახლა, რაც შეეხება მიქაელს. რით უნდა აიხსნას VII-VIII სს. ქართლის კათალიკოსთა შორის მისი მოუხსენებლობა?

შეიძლებოდა გვეფიქრა, მას შემდეგ, რაც სტეფანოზ II ფარნავაზიანმა ოჯახით ქართლი დატოვა და ნერსე I ქართლის ერისმთავრის ტახტს დაეუფლა, მან ქართლის საკათალიკოსო ტახტიდან მიქაელი გადააყენა, მაგრამ წყაროებში მისი მოუხსენებლობა აღნიშნულით არ უნდა იყოს გამოწვეული. უფრო სარწმუნოდ მეჩვენება ქართლის კათალიკოსთა შორის მიქაელის მოუხსენებლობა, მისი მრწამსით იყოს განპირობებული.

VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ, როგორც ცნობილია, მონოთელიტობა მწვალებლობად გამოაცხადა, დაწყევლა და მონოთელიტური თხზულებანი დაწვა. მონოთელიტური მრწამსის ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოს I გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა. ამავე კრებამ განკვეთა მონოთელიტობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, იმ ხანად დიდი ხნის გარდაცვლილი, ქართლის ყოფილი კათალიკოსი კირონი (6,214,217-242). აღნიშნულთან ერთად, როგორც პროფ. ზ.ალექსიძე ვარაუდობს, იმ ხანად კავკასიის ეკლესიების ოფიციალური მრწამსი თუ, მართლაც, მონოთელიტური იყო (იხ. 2), მაშინ გამორიცხული არაა მიქაელიც მონოთელიტი ყოფილიყო, რის გამოც, ისევე როგორც კირონის სახელი, მისი სახელიც სამუდამოდ ამოშლილი იქნა ქართული წყაროებიდან. მხოლოდ მირონის კურთხევის ფაქტთან დაკავშირებით შემორჩა ზემომოტანილ ცნობაში მისი კათალიკოსობის ამბავი.

არჩილ II-მ თუ დაახლ. 686 წელს დატოვა ქართლი, მაშინ მიქაელის მიერ მირონის კურთხევა, რა თქმა უნდა, მისი მმართველობის დროს VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების საფუძველზე 681\682 წელს (კრებამ მუშაობა 681 წლის სექტემბერში დაამთავრა) უნდა შემდგარიყო.

როგორც ვხედავთ, ზემომოტანილ ცნობათა სახით ჩვენს ხელთაა მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტებთ ერთში („ქართლოს ცხოვრების“ ჩანართსა და „მარტვილის ხელნაწერში“) VI მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დადასტურებისა და მირინის კურთხევის უფლების მინიჭებაა ასახული, ხოლო მეორეში - ამ უფლების საფუძველზე მცხეთაში მირონის კურთხევის პირველი ცერემონიალი VI მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დადასტურება ფარნავაზიანთა სახელის ცნობილი წარმომადგენლების: სტეფანოზ II-ის მისი ძის - არჩილ II-ის, ასევე, ქართლის კათალიკოს მიქაელის მოღვაწეობის ხანაში მომხდარა VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების საფუძველზე საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ნება დაერთო თვითონ დაემზადებინა წმიდა მირონი. მირონის კურთხევის პირველი ცერემონიალი 681 წლის დასასრუღს (ან 682 წლის დამდეგს) შესრულდა მცხეთაში.

საქართველოში მირონის კურთხევის შესახებ არსებული ცნობები ზემომოტანილით არ ამოიწურება. მეტად საინტერესოა ცნობა, რომელიც ასევე ქართლში მირონის კურთხევის დაწესებას შეეხება. ეს ცნობა X ს. ცნობილ ქართველ მოღვაწეს გიორგი მერჩულეს ეკუთვნის. „დიდი ეფრემ, - წერს იგი, - მრავლისა კეთილისა მომატყუებელ (შემძინებელი. ვ.გ.) იქმნა, ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტესმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალემისა პატრიაქისა განწესებითა“ (21,2მ0).

გიორგი მერჩულეს ცნობა ქართულ ისტორიოგრაფიაში იმის დასტურად იქნა მიჩნეული მირონის კურთხევა ქართლში რომ დაწესდა. აკად ივ. ჯავახიშვილის თანახმად იმ ხანად (843-85მ წწ.) ქართული ეკლესია იერუსალიმზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლდა. ქართულმა ეკლესიამ იმ დროის შესაფერისად დიდი უფლება და უპირატესობა მიიღო (21, 120).

საქართველოში მირონის კურთხევის დაწყების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ივ.ჯავახიშვილის მსგავსად მ.თარხნიშვილმა (მ,163) და ბ.ლომინაძემ სწორედ ზემომოტანილი ცნობა გამოიყენეს. ბ.ლომინაძემ დაასკვნა: „...როგორც ქართული წყაროებით გამორკვეულია, ქართლი მირონს იღებდა იერუსალიმიდან და მხოლოდ IX ს-ის 40-იან წლებიდან მიღო მისი დამზადების უფლება იერუსალიმის პატრიარქისაგან, რისი ინიციატორი და საქმის მომგვარებელი იყო აწყურის ეპისკოპოსი ეფრემი“ (15,88).

გიორგი მერჩულეს ცნობა, ზემოგანხილულ ცნობებთან შედარებით, თითქმის ორი საუკუნით გვიანდელ ამბავს ასახავს და თუ ეს ცნობაც საკუთრივ ქართლს ეხება, მაშინ გამოდის, რომ 681 წელს გადაწყვეტილი საქმე კვლავ სადავო ყოფილა და იგი IX ს. 40-იან წლებში ხელახლა მოუგვარებია ეფრემ მაწყვერელს.

როგორც ზემოთ ვნახეთ, ავტოკეფალიის მოპოვებამდე ქართლის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. ამიტომ, VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ, როცა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია დაუდასტურა და მირონის კურთხევის ნება დართო, იქვე აღნიშნა: ქართლის ეკლესია „პირველითგან ანტიოქიის კრების მიერ განპატიოსნებული იყოო“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახსნას მოითხოვს, რა დაედო საფუძვლად მერჩულეს ცნობას, ქართლში კათალიკოსის უმაღლესი სასულიერო ხელისუფლების არსებობის პირობებში რამ განაპირობა ამ დიდი აქტის ინიციატორად მაინცდამაინც ეფრემ მაწყვერელი რომ გამოდის?

გიორგი მერჩულეს ცნობას ნ.მარიც შეეხო. მან ცნობა იერუსალიმის პატრიარქის სერგის (ნ.მარი არ წერს რომელი სერგია, მაგრამ ეფრემ მაწყვერელის თანამედროვე სერგი I - 843-85მ წწ. იყო) პატრიარქობის ხანას მიაკუთვნა. კრებას, რომელზედაც ქართულ ეკლესიას მირონის კურთხევის ნება დაერთო, - დასძენს ნ.მარი, - ანტიოქიის პატრიარქიც ესწრებოდა. ამ დროიდან წყდება საქართველოში იერუსალიმიდან მირონის შემოტანა (28,126). ნ. მარის ასეთ დასკვნას მხარს უჭერს მის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მიკვლეული ცნობა. აღაპში 3 მაისის ქვეშ დაწესებულია მოსახსენებელი „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენისა, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“, კრებისა, სერგი იერუსალიმელისა და ანტიოქიის პატრიარქთა ნებართვით იერუსალიმიდან მცხეთაში მირონის კურთხევა გადმოიტანეს (28,126).

ზემომოტანილი საბუთების შემდეგ თავისთავად ისმება კითხვა, მათგან რომელია სწორი, ან რა საერთოდ აქვთ მათ ერთმანეთთან?

იერუსალიმური ცნობა, როგორც ვხედავთ, ეფრემ მაწყვერელს არ იცნობს და საქართველოში მირონის კურთხევის განმწესებლად მიქაელსა და არსენს ასახელებს. ასეთი უფლება მათთვის სერგი იერუსალიმელსა და ანტიოქიის პატრიარქს მიუნიჭებია.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო: მერჩულე რადგან „აღმოსავლისა კათალიკოსებს“ (ე.ი. აღმ. საქართველოს კათლიკოსებს) ასახელებს, იმავდროულად დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა არსებობაც ივარაუდება, რაც მეტად საყურადღებოა. მეორე, საეჭვო არაა იერუსალიმურ აღაპსა და გიორგი მერჩულეს ცნობაში ერთი და იგივე ამბავი რომაა ასახული. მაგრამ, ვინ უნდა იყვნენ აღაპში მოხსენიებული მიქაელი და არსენი?

მათი მოღვაწეობის დროის განსასაზღვრავად მეტად მნიშვნელოვანია მათთან ერთად სერგი იერუსალიმელის დასახელება. იგი, მართლაც, ეფრემ მაწყვერელის თანამედროვე იყო. რაც შეეხება აღაპში მოხსენიებულ არსენისა და მიქაელის ვინაობას, პ.ინგოროყვა ფიქრობდა, რომ აღაპში მოხსენიებული „წმიდა მამა არსენი“, არსენი საბაწმიდელია და ეფრემ მაწყვერელთან ერთად დაახლ. 845 წელს იერუსალიმიდან მან გადმოიტანა საქართველოში მირონის კურთხევა და მანვე მიიღო მონაწილეობა მცირე აზიაში - ბითვინიაში ულუმბოს მთაზე ქართული სავანის მშენებლობაში (11,350).

ულუმბოს მთაზე არსებული ქართული მწერლობის კერების შესახებ ცნობათა გაანალიზებისას პროფ. ლ. მენაბდემ გაიზიარა პ.ინგიროყვას მოსაზრება აღაპში დასახელებული არსენის, არსენ საბაწმიდელთან იდენტურობის შესახებ და დასძინა: „არსენი და მიქაელი თანამედროვენი ყოფილან სერგი პატრიარქის ... და ილარიონ ქართველისა... მათ დაუწყიათ ოლიმპის მთაზე სამონასტრო კოლონიზაცია“-ო (18,181).

როგორც გიორგი მერჩულე წერს, იმ ხანად საბაწმიდაში, მართლაც, მოღვაწეობდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე „უხმარი არსენ“. მერჩულეს იქვე მოტანილი აქვს ამ არსენისა და „მაკარი უძლურის“ გრიგოლისადმი მიწერილი ეპისტოლე, მაგრამ მასში არსენი თავისი დამსახურების შესახებ არაფერს წერს (21,302-303. საერთოდ არსენი საბაწმიდელის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით). რაც შეეხება აღაპში მოხსენიებული მიქაელის ვანაობას, შეიძლება ამ პიროვნებად კოზმან-დამიანეს სავანეში მოღვაწე მიქაელი მიგვეჩნია, მაგრამ ათონის მთაზე დაცულ სამოციქულოს ანდერძში იგი თავის თავს „ბერთას აღზრდილ“ „მიქაელ მღდელს“, „ზეკაპე ბერს“ უწოდებს და ულუმბოს მთაზე მონასტრის აშენების შესახებ არაფერს წერს (18,182). მას რომ მონასტრის აშენებაში მონაწილეობა მიეღო, თავის დამსახურების შესახებ, ალბათ, ანდერძში აღნიშნავდა.

ისტორიულ რეალობასთან უფრო ახლო ხომ არ იქნება, აღაპში მოხსენიებულ „წმიდა მამა არსენად“ ეფრემ მაწყვერელის თანამედროვე, ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი მივიჩნიოთ? მართალია, ზემოაღნიშნულ ამბებთან დაკავშირებათ წყაროებში არც მის დამსახურებაზეა რაიმე ნათქვამი, მაგრამ, იერუსალიმიდან მირონის კურთხევის შემომტან ეფრემ მაწყვერელს, მხარში სწორედ არსენი უნდა ამოდგომოდა. გიორგი მერჩულეს თანახმად, ეფრემი და არსენი ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ გრიგოლ ხახძთელთან. „და იყო სიყუარული მათ შორის ერთად ზრდილობისაჳს“ (21,286). შემდეგ როცა „დიდი ეფრემ, უწინარეს მრავლით წლით არსენისსა, იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა, არსენი კვლავ გრიგოლთან რჩებოდა და თუ მისი ოჯახის - სამცხის ცნობილი ფეოდალის შეძლებას გავითვალისწინებთ, მას, მართლაც, შეეძლო ულუმბოს მთამე მონასტრის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა. გიორგი მერჩულეს იქნებ არ ჰქონდა სრული ცნობები არსენის დამსახურების შესახებ. ულუმბოს მთაზე არსებული ქართველთა სამი მონასტრიდან (ქუაბი ან ეკლესია წმიდისა ღვთისმშობლისა, კოზმან-დამიანე და ლავრა კრანია), ერთი 864 წლის შემდგომ ახლო ხანაში ილარიონ ქართველს აუგია (12,მ0), დანარჩენი ორის აღმშენებლები ვინ იყვნენ, სანამ ახალი მასალები არ აღმოჩნდება, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.

გრიგოლ ხანძთელის მოწაფეს - „წმიდა მამა არსენს“, რა თქმა უნდა, ასევე შეეძლო მამის შემწეობით, დიდი დახმარება გაეწია ეფრემ მაწყვერელისათვის იერუსალიმიდან საქართველოში მირონის კურთხევის გადმოტანის საქმეშიც. სამცხის ცნობილი ფეოდალი მირიანი როცა აქტიურად ჩაერია შვილის პირად ცხოვრებაში და, საეკლესიო კრების დადგვნილების გარეშე, იგი ქართლის კათალიკოსად დაადგინა, მას იქნებ გარკვეული საფუძველი ჰქონდა არსენის დასაწინაურებლად?

მირიანის ასეთი ნაბიჯის წინააღმდეგ პირველი ეფრემ მაწყვერელი გამოვიდა (მას ეპისკოპოსთა ნაწილმა და გუარამ დიდმა მამფალმა დაუჭირა მხარი). მაგრამ, ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე გრიგოლ ხანძთელმა არწმუნა ეფრემს, გუარამსა და სხვებს, რომ თვით „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი“ (21,288). და მოწინააღმდეგენი შეარიგა. ამის შემდეგ, 1ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყუარული არსენი კათალიკოსისაჲ პირველებრვე განაახლა“(21, 2მ0).

მერჩულეს ცნობაზე დაყრდნობით, ეფრემის აწყურში ეპისკოპოსობას 845-885 წლებით განსაზღვრავენ. აღაპში ნახსენები სერგი კი, რადგან 843-85მ წლებში იყო იერუსალიმის პატრიარქი, იერუსალიმიდან ქართლში მირონის კურთხევის გადმოტანა, როგორც ვარაუდობენ, მართლაც IX ს. შუახანებში უნდა მომხდარიყო [4] (15,88). მეორე მხრივ, აღაპში ნახსენები კრება, ცხადია, სერგი იერუსალიმელის პატრიარქობის ხანაში (ე.ი. 85მ წლამდე) უნდა შემდგარიყო და მასში თუ საქართველოში (ჯავახეთში) გამართული ის კრება იგულისხმება, რომელზედაც არსენის კა თალიკოსობის ბედი გადაწყდა, მაშინ ეს კრება 860 წელით კი არა, ცოტა ადრე ხანით უნდა დათარიღდეს.

ახლა კვლავ გიორგი მერჩულეს ცნობას დავუბრუნდეთ. როგორც იგი წერს, ეფრემ მაწყვერელის ინიციტივით საქართველოში თუ, მართლაც, დაიწყო მირონის კურთხევა, თანაც, როგორც აღაპშია მითითებული, მირონის დამზადება ამჯერადაც მცხეთაში ხდებოდა (მერჩულე მცხეთას არ ახსენებს), მაშინ რას უნდა გამოეწვია VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებიდან, თითქმის ორი საუკუნის გასვლის შემდეგ მირონის კურთხევის ხელახლა განწესება? ამჯერად უკვე ანტიოქიის პატრაარქთან ერთად იერუსალიმის პატრიარქის თანხმობით?

ერთი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას. ასეთ ფაქტს რომ საქართველოში მართლა არ ჰქონოდა ადგილი, არც გიორგი მერჩულე და არც აღაპის შემდგენელი მასზე არ მიუთითებდნენ. მირონი, რომლის კურთხევა, გიორგი მერჩულეს თანახმად IX ს. შუახანებიდან „ქართლს განეწესა“, რა თქმა უნდა, საკუთრივ ქართლისათვის არ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. იმ დროისათვის „ქართველთა სამეფო“ რადგან ცალკე პოლიტიკური ერთეული იყო, და თანაც, მერჩელე ამ საქმის მთავარ ინიციატორად ეფრემ მაწყვერელს თვლის და არა ქართლის კათალიკოსს, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ცნობაში სწორედ „ქართველთა სამეფოში“ მირონის კურთხევის განწესებაა ასახული. მაგრამ, როგორც აკად ნ.ბერძენიშვილმა შენიშნა, ეს ქვეყანა (ნ.ბერძენიშვილის თანახმად კლარჯეთი) უკვე დიდი ხანია მცხეთის სამწყსოში შედიოდა. ამის უეჭველი საბუთია, - დასძენს იგი, - ჯავახეთის საეკლესიო კრება (IX ს. შუა წლებში). აქ კარგა ხანია კულტურული „ქართლია“ და მცხეთას ნაკურთხი მირონიც აქ სავალდებულოა (4,50, შენ.43).

მერჩულეს ცნობას, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ნ.ბერძენიშვილი რადგან დასავლეთ საქართველოს უკავშირებს, ამიტომ ცოტა უკან დავიხიოთ და „ანტიოქიური ქრონოგრაფიდან“ მომდინარე იმ ცნობას გადავხედოთ, რომელშიც თეოფილაქტე ანტიოქიელის (744-750 წწ.) მიერ ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებაა მოთხრობილი.

ცნობაში, როგორც ვნახეთ, ნათქვამია, რომ თეოფილაქტესთან ჩასული ორი პიროვნებიდან ერთი - იოანე თეოფილაქტე ანტიოქიელმა ქართლის კათალიკოსად აკურთხა. იოანეს ხელდასხმა, ცხადია, 744 წლის შემდეგ ივარაუდება. ეს კი ის დროა, როცა ლეონ აფხაზთა ერისთავი ჯერ აერთიანებს ეგრის-აფხაზეთს, შემდეგ თავს ითავისუფლებს ბიზანტიის ვასალობისაგან და „სამეფოდ ყალიბდება“ (16,418). პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ლეონ I, რა თქმა უნდა, შეეცდებოდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან ერთად თავისი ქვეყნისათვის საეკლესიო თავისუფლებაც მოეპოვებინა. ვახუშტი ბატონიშვილი „აფხაზეთის საკათალიკოსოს“ შექმნას სწორედ ლეონ I-სა და მისი მემკვიდრის ხანას უკავშირებს (8,746. შდრ. 16,422-423). ქვეყნისა და ეკლესიური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ლეონ I-ს (მის ზეობას 720\30-740-იანი წლებით განსაზღვრავენ, რაც, როგორც ვხედავთ, ემთხვევა თეოფილაქტეს კათალიკოსობის წლებს) დროც შესაფერისი შეურჩევია. იმ ხანად ხატთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებით მწვავე ხასიათი სწორედ კონსტანტინოპოლში ჰქონდა. და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შემავალმა დასავლეთ საქართველოს ეკლესიამ ხელდასასხმელად, როგორც ჩანს, ძველ სიუზერენს - ანტიოქიის საპატრიარქოს მიმართა. იმ ხანად როგორც ნ.მარი წერს, სწორედ ანტიოქიიდან გაისმოდა დამასკელი მოძღვრის (იგულისხმება იოანე დამასკელი. გარდ. 753 წ.) ხმა ხატთაყვანისმცემელთა დასაცავად (28,130). ცნობა რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესიას შეეხება, ეს შემდეგიდანაც დასტურდება. 744 წლის მომდევნო ხანაში ქართლის კათალიკოსთა შორის იოანეს სახელის მქონე პიროვნება არა ჩანს, ამიტომ თეოფილაქტეს მიერ 744-750 წლებს შუა საქართველოს კათალიკოსად ხელდასხმული იოანე, დასავლეთ საქართველოს პირველ კათალიკოსად უნდა იქნას მიჩნეული. მით უმეტეს, რომ მაკარიოს ანტიოქიელი (1647-1672 წწ.) პირდაპირ მიუთითებს, თეოფილაქტემ იოანე აფხაზეთის კათალიკოსად აკურთხაო (24,10).

ლეონ I-ის მცდელობით დასავლეთ საქართველოს ეკლესიისათვის მოპოვებული ავტოკეფალია ხანმოკლე აღმოჩნდა. 843 წლიდან იმპერიაში კვლავ აღდგა ხატის თაყვანისცემა (27,91). ამის შემდეგ, როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დასავლეთ საქართველოში თავისი უფლებების აღდგენას შეეცადა. აღნიშნულით უნდა აიხსნას IX ს. ბოლოს შედგენილ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულ კათედრათა ნუსხაში, დასავლეთ საქართველოს სხვა საეპისკოპოსო კათედრებთან ერთად „აფხაზეთის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო“ რომ არის დასახელებული (3,180-181).

ლეონ I-ის შემდეგ ქართველ სასულიერო მოღვაწეებს ხელახალი ბრძოლა დასჭირდათ, რათა დასავლეთ საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებისაგან გაეთაეისეფლებინათ (ამ მხრივ მათ გარკვეული მხარდაჭერა დასავლეთ საქართველოს საერო ხელისუფალთაგანაც ჰქონდათ). სწორედ ეს ბრძოლაა ასახული მერჩულეს ცნობასა და იერუსალიმურ აღაპში. ნ.ბერძენიშვილის თანახმად ეს ის დრო იყო, როცა მცხეთის საკათალიკოსო ლიხთ-იმერეთის კულტურულ-რელიგიური გაერთიანება - შემოერთებისათვის მიიწევდა, აფხაზი მეფეები კი იმერ-ამერეთის პოლიტიკურ მთლიანობას უყრიდნენ საფუძველს... მცხეთა კი ამ პოლიტიკურ მთლიანობას ერთს და მთლიან კულტურულ შინაარსს აძლევდა (4,50). როგორც ნ.ბერძენიშვილი წერს, მერჩულე მოგვითხრობს რა მირონის კერთხევის „ქართლში“ განწესების შესახებ IX ს. პირველ ნახევარში, იქვე განმარტავს: „არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების...“ და სხვა. ამ განმარტებით, - განაგრძობს იგი, - მერჩულეს სურს აღნიშნოს, თუ სად უნდა იხმარებოდეს „ქართლში“ (მცხეთაში) ნაკურთხი მირონი. ამ მხრივ კლარჯეთი მისთვის სადავო არ არის... სადავოა სულ სხვა მხარე და სწორედ ისა აქვს მხედველობაში მერჩულეს. ასეთი მხარე, - ასკვნის ნ.ბერძენიშვილი, - „აფხაზეთია“. აქ იყო სადავო იერუსალიმით მოტანილი ან მცხეთაში ნაკურთხი მირონის ხმარება. აქამდის აქ, რა თქმა უნდა, მირონი კონსტანტინოპოლიდან მოჰქონდათ (4,50, შენ.43).

როგორც ითქვა, VIII ს. შუახანებში ლეონ I-ის ცდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან ეკლესიური დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, მარცხით დამთავრდა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შემდეგი ეტაპი, როგორც ჩანს, IX ს. მეორე ნახევარში დაიწყო და, როგორც ნ.ბერძენიშვილი ასკვნის, ლიხთ-იმერეთის ეკლესიები XI ს-ში უკვე მცხეთის საკათალიკოსოს სამწყსოში შედიან (4,48).

გიორგი მერჩულეს ზემომოტანილ ცნობასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ. მისი მტკიცებით, „აღმოსავლეთის კათალიკოსებში“ თუ I-IV სს-ის რომის იმპერიის დროინდელი აღმოსავლეთის ქვეყნების ეპისკოპოსები იგულისხმებიან, ისინი იერუსალიმიდან მირონს ვერ წაიღებდნენ, რადგან მაშინ იერუსალიმი არ იყო არც საეკლკსიო და არც საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრი. ამიტომ, - მისი დასკვნით, - გიორგი მერჩულეს ცნობის ქარაგმაში „აღმოსავლეთის“ ნაცვლად „აფხაზეთის“ უნდა ყოფილიყო. ტექსტის შემდეგდროინდელ გადამწერს სწორად ვერ გაუხსნია ქარაგმა „ა-სა“. თავდაპირველად იქნებოდა „აფხაზეთისა კათალიკოსებს“ მირონი იერუსალიმიდან შემოჰქონდათ, ეფრემის შემწეობით კი აფხაზეთისათვის საჭირო მირონის კურთხევა დაწესდა. ე.ი. აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსების შემდეგ - 720 წლიდან, იგი მირონს იღებდა იერუსალიმის საპატრიარქოდან, ხოლო 840-იანი წლებიდან მირონს იღებს უკვე მცხეთიდან მსოფლიო მართლმადიდებლობის დასტურით (იხ. 22).

X ს. დასაწყისში შედგენილ ნუსხებში დასავლეთ საქართველოს არც ერთი კათედრა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებულად აღარ იხსენიება. რის გამოც სამართლიანად ასკვნის, რომ დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გამოყოფა კონსტანტინოპოლიდან და მისი მცხეთისადმი დაქვემდებარება XI ს. მანძილზე მომხდარა [16,424; ამ საკითხზე იხ. აგრეთვე 13. მაკარიოს ანტიოქიელის ცნობით, თეოდორე ანტიოქიელმა (970-976 წწ.) მისცა საქართველოს კათალიკოსს მირონის დამზადების უფლება. 24,10-11]. აღნიშნულის მიუხედავად, როგორც ზემოთ შევნიშნე, ეფრემსა და ნიკონს აქვთ ცნობა, რომელიც XI ს. დამდეგს საქართველოდან ანტიოქიაში გაგზავნილ საეკლესიო გადასახადს შეეხება. მათი ცნობით, 1000 კომლიდან ის გადასახადი, რომელიც ანტიოქიაში იგზავნებოდა „ნივთთა წმიდისა მოსასყიდელად“, იმპერატორ ბასილ II-ის (976-1025 წწ.) თანხმობით, იოანე III ანტიოქიელს (996-1025 წწ.) ორესტი იერუსალიმელისათვის (986-1006 წწ.) დაუთმია (7,10; 30,47-48). მაკარიოს ანტიოქიელის თანახმად ეს შემოსავალი იოანემ მაშინ დაუთმო ორესტის, როცა ეს უკანასკნელი ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაკიმის (996-1021 წწ.) ბრძანებით ბიზანტიელებთან ზავის დასადებად მიდიოდა და ანტიოქიაში გაჩერდა (24,8-9).

მოტანილ ცნობათა საფუძველზე დასახელებულ პატრიარქთა შეხვედრა 996-1006 წლებს შუა ხანაშია სავარაუდებელი. ამ დროისათვის ქართლის ეკლესიას უკვე დიდი ხანი იყო, რაც ავტოკეფალია ჰქონდა მოპოვებული - 681\682 წლიდან კი მირონიც მცხეთაში იკურთხებოდა და, ცხადია, ქართლიდან ანტიოქიაში არაფერს გააგზავნიდნენ. მეორე მხრივ, ეფრემ მაწყვერელის ღვაწლით IX ს. შუახანებიდან რადგან დასავლეთ საქართველოს ეკლესიაც მცხეთაში ნაკურთხ მირონს იყენებდა, რით უნდა აიხსნას XI ს. დამდეგისათვის ზემომოტანალი ცნობის გაჩენა?

ერთი შეხედვით შეიძლებოდა ცნობის სანდოობაში ეჭვი შეგვეტანა, მაგრამ მასმი იმდენი ისტორიული პირია დასახელებული, რომ აშკარაა, მას რაღაც რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. გამორიცხული არაა ბასილ II-ის თანხმობით იერუსალიმის პატრიარქს იმპერიის ფარგლებში მოქცეული იმ ქართული მიწების ეკლესიის შემოსავალი გადასცემოდა, რომელიც იმპერიამ 1001 წელს დავით III კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

ამრიგად: I. წარმოქმნისთანავე ქართლის ეკლესია რომის (შემდგომში ბიზანტიის) იმპერიაში შემავალი ანტიოქიის საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებული აღმოჩნდა. მისგან მიიღო 487\88 წელს ავტოკეფალია, რომელიც შემდეგ 680\681 წლებში კონსტანტინოპოლში გამართულმა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაადასტურა. ამავე კრების გადაწყვეტილებით მიიღო ქართლის ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება, რომლის პირველი ცერემონიალი დაახლ. 681 წლის დასასრულს ან 682 წლის დამდეგს ქართლის კათალიკოს მიქაელისა და ერისმთავარ არჩილ II ფარნავაზიანის დროს შესდგა.

II. თეოფილაქგე ანტიოქიელის (744-750 წწ.) მიერ ხელდასხმული იოანე ავტოკეფალიისათვის მებრძოლი დასავლეთ საქართველოს ეკლესიის პირველი კათალიკოსი უნდა ყოფილიყო.

III. გიორგი მერჩულეს ცნობასა და იერუსალიმურ აღაპში დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაა ასახული და ეფრემ მაწყვერელის მიერ იერუსალიმიდან მირონის კურთხევის „ქართლს განწესება“ დასავლეთ საქართველოს შეეხება. მერჩულე მირონის კურთხევის განწესების ამავს იმ ცნობილი განმარტების წინ მოგვითხრობს, რომლის თანახმად ყველგან ქართლია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე სრულდება. ეს იმას ნიშნავდა, მცხეთაში ნაკურთხი მირონი სავალდებულო რომ იყო ყველა იმ ეკლესიისათვის, სადაც მღვდელმსახურება ქართულ ენაზე სრულდებოდა.

IV. დასავლეთ საქართველოს მიერ ბიზანტიის იმპერიისაგან პოლიტიკური სუვერენიტეტის მოპოვებას უშუალოდ უკავშირდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან ეკლესიურად გამოყოფა. IX ს. შუახანებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია მცხეთის ტახტს უერთიანდება, ხოლო აფხაზთა კათალიკოსი სრულიად საქართველოს კათალიკოსს დაუქვემდებარდა. იმ დროს მცხეთის საკათალიკოსოს უკვე ემორჩილებოდა, კახეთის, ჰერეთის, ქართველთა სამეფოს (ტაო-კლარჯეთის) ეკლესია. ეგრის-აფხაზეთის შემოერთებით საქართველოს საეკლესიო გაერთიანებამ წინ გაუსწრო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას. ეს დიდი ეროვნული საქმე, ერთიანი ქართული საეკლესიო იერარქიის შექმნის დასრულება, მცხეთის საკათალიკოსო ტახტის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა (16,427).

თბილისი, 2008
რედაქტორები: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბერაძე
რეცენზენტი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი

 


[1] - ბ. კუდავას თანახმად, VI საუკუნიდან მოყოლებელი დასავლეთ საქართველოს კათედრები უკვე მყარად არიან ჩართულნი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იერარქიაში. რაც მისი აზრით, ნოგიციების ჩვენებებთან ერთად, მსოფლიო საეკლესიო კრების ნუსხებიდანაც დასტურდება. იხ. მისი, დასავლეთ სქართველოს ეკლესია (IX-XI სს.) თბ., 2002, გვ.მ (საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი).

[2] - მეხუთე კრების მსგავსად არც მეევესე მსოფლიო საეკლესიო კრებას შეუდგენია ახალი კანონები. მასზე მხოლოდ წინა 4 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები დააფიქსირეს, რის გამოც, ამ კრებებზე განხილულმა სკითხებმა კანონებში ასახვა ვერ პოვა. VI კრებაზე მიღებელი ჩვენთვის საინტერესო გადაწყვეტილება მხოლოდ ქართულმა მხარამ (ორი ვარიანტით) შემოინახა.

[3] - „ანტიოქიური ქრონოგრაფიდან“ მომდინარე ცნობაზე დაყრდნობით ისინი წერენ, რომ თეოფილაქტე ანტიოქიელთან (744-750 წწ.) ქართლიდან ჩავიდა ორი მონაზონი და აუწყეს, რომ ანასტასი ანტიოქიელის (გარდ. 60მ წ.) „დღეთაგან“, „სიძნელისათჳს გზისა“ მათთან არ კურთხებულა პატრიარქი. თეოფილაქტემ ნება დართო ქართველებს თვითონ ეკურთხებინათ პატრიარქი. ჩასულ მონაზონთაგან ერთი - იოანე თეიფილაქტემ კათალიკოსად აკურთხა და გამოისტუმრა. მათივე ცნობით, „ათასი კუამლის“ გადასახადი საქართველოდან გვიანობამდე იგზავნებოდა და იმპერატორის ნებართვით იოანე ანტიოქიელმა (მმ6-1025 წწ.) ორესტი იერესალიმელს დაეთმო (7,მ-10; 30,47-48. ამ ცნობის შესახებ იხ. ქვემოთ).

[4] - პროფ. ბ. დიასამიძის თანახმად დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გაეათიანება, კათალკოსის ინსტიტუტის გაჩენა და შემგედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან გამოყოფა 835-842 წლებს შორის უნდა მომხდარიყო, რასაც მოჰყვა 843-844 წლებში ბიზანტიელი სარდლის თეოქტისტეს ლაშქრობა ეგრისში. იხ. მისი, ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში I-IX საუკუნეებში, ბათუმი, 2001, გვ.219-220.

 

მითითებული წყაროები და ლიტერატურა

1. აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977.

2. ალექსიძე ზ., მონოთელიტობა. ქართული საბჭ. ენციკლოპედია, ტ.7., თბ., 1984.

3. ბასილი სოფენელი, უწმინდესი მოსაყდრე პატრიარქების ნუსხა, გეორგიკა, ტ.IV ნაკვ.II, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს.ყაუხჩიშვილმა, თბ., 1952.

4. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, III, თბ., 1966.

5. გოილაძე ვ., ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991.

6. ეპისტოლეთა წიგნი, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 1968.

7. ეფრემ მცირე, უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თბ., 1959.

8. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973.

9. თარხნიშვილი მ., საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის წარმოშობა და განვითარება, „მნათობი“, 1989 №11.

10. თეოდორე ბალსამონი, გეორგიკა, ტ.VIII, 8, თბ., 1970.

11. ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.

12. კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.I, თბ., 1960.

13. კუდავა ბ., კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრები (IX ს.), „ისტორიანი“, თბ., 2000.

14. ლომოური ნ., საქართველოს ეკლესია და მისი ავტოკეფალია, ჯვარი ვაზისა, 1990 №3.

15. ლომინაძე ბ., საქართველოს საპატრიარქო და მისი ავტოკეფალია, საღვთისმეტყველო კრებული, №12, თბ., 1981.

16. ლორთქიფანიძე მ., ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.II, თბ., 1973.

17. მათე ბლასტარესი, გეორგიკა, ტ.VIII, თბ. 1970.

18. მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980.

19. მარტვილის ხელნაწერები, ძველი საქართველო, ტ.III, ტფ., 1913-1914.

20. ქართული სამართლის ძეგლები, II, თბ., 1965.

21. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I (V-X სს.), თბ., 1963.

21. ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.II, თბ., 1983

22. ჯაფარიძე ანანია (მიტროპოლიტი), მირონის კურთხევის შესახებ, გაზეთი „მადლი“, 1992 №6 (7 აპრილი); მისივე, მირონის კურთხევის შესახებ. წიგნში - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ.II, თბ., 1998.

23. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, I, თბ., 1955.

24. Жузе П., Грузия в 17 столетии по изображению Патриарха Макария, Казань, 1905.

25. Кекелидзе К., К вопросу об иерусалиском происхождении грузинской церкви, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ.IV, თბ., 1957.

26. Кекелидзе К., Литургическая справка по вопросу об автокефалии грузинской церкви, ეტიუდები..., ტ.VII, თბ., 1961.

27. Курбатов Г., История Византии, М., 1984.

28. Марр Н., Исторический очерк грузинской церкви, „Церковные ведомости“, 1907, №3. прил.

29. Михаил Брек, Список антиохийских Патриархов, Труды Киевской духовной Академии, 1874, Июнь.

30. Никон Черногорец, Материалы для истории Патриархов Иерусалимского и Антиохийского ХI века, Православний палестинский сборник, вып.16, т. VI, вып I, СПБ., 1889.