ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი

მეფე სვიმონ

და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილად მეფე სჳმონ და ეკურთხა მუნვე მცხეთას. და ამას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი ნიკოლოზ. და მოკუდა კათალიკოზი ნიკოლოზ და დაჯდა დომენტი.

და მაშინღა დაემძახლა მეფე სჳმონ კახს ბატონსა ლევანსა. და მოსცა ბატონმან ლევან ქალი თჳსი, ნაშობი შამხლის ქალისაგან, და ყვეს ქორწილი სახელოვანი. და იყვნენ წელსა ხუთსა განსუენებით. და დაიპყრა საქართველო და პატრონობდა კეთილად.

ამისა შემდგომად იწყო ამანცა მტერობა. შემოიყარა სპა თჳსი და ჩამოვიდა ციხედიდს. და მიუმცნო ცოლის ძმასა თჳსსა კახ-ბატონიშვილს გიორგის, ითხოვა მისგან შეწევნა. და მოვიდა გიორგი, ცოლის ძმა მისი, და შემოეყარა ციხედიდს.

მაშინ სცნეს სპარსთა და წარმოვიდეს მსწრაფლ იდუმალ რამეთუ მაშინ ხუნანი, [ღვინჭრობი] და ვაშლოვანი, და თელეთები აოჴრებული იყო, მოვიდნენ და დადგნენ იაღლუჯას. მუნითგან წარმოვიდნენ იდუმალ. რამეთუ მაშინ ტფილისის ციხე თათართა ეპყრა და მათ არა განთქუეს, და ღამე წარმოვიდენ. და ვერა აგრძნა მეფემან სჳმონ ამისთჳს, რომე ფარეშად გერმანოზის-შვილი ყარაულად იდგა მუხათგუერდს, და ის ღამე აღდგომის ღამე იყო. და ასულიყო სოფელსა მუხათგუერდისასა ამისთჳს, რომ აღდგომის სასწაულსა და წირვას გარდიჴდიდა და მერმე წარმოვიდოდა და გზის მცველად დადგებოდა. ამაშიგან შემვლოთ ყიზილბაშთა, და ვერა ეგრძნა ფარეშადს, და დაესხნეს მეფესა სჳმონს.

მაშინ იქმნა ბრძოლა ძლიერი, ქრისტეს აქათ ჩ~ფო, რამეთუ იბრძოდეს ქართველნი მჴნედ და მეფე სჳმონ, და მაშინ მოიკლა ძე ბატონის ლევანისა გიორგი, და მოსწყდა თავადნი და აზნაურნი და მრავალნი მსახურნი, და მოსწყდა ყიზილბაშნი ორი წილი. მაგრამ ბოლოს იძლივნეს ქართველნი, და ივლტოდა მეფე სჳმონ და სპანი მისნი, ხოლო ყიზილბაშნი შეიქცენ გამარჯუებულნი, და წარვიდენ თჳსად. და იქმნა გლოვა დიდი ძისათჳს ბატონის ლევანისა; და წარიღეს და დამარხეს სამარხოსა თჳსსა ალავერდს. და რა იხილა ძმამან მეფის სჳმონისამან დავით საქმე ესე (და ესე დავით იყო კაცი უღმრთო, მოყუარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე, რომლისა გულსა არარა იყო ზრუნვა სულისა და ქუეყნისა ამის, თქმულ არს, ვითარმედ მამის სიკუდილშიაც ერივაო, მეფის ლუარსაბისაშიაო) - და ამან განცა ძმა და ქუეყანა თჳსი და წარვიდა ყაენთან, და მივიდა შაჰ-თამაზთანა ყაზმინს, და გაჰყვნეს რომელნიმე თავადნი აზნაურნი და მსახურნი, გათათრდა და უწოდეს დაუთხან. და მუნ დიდად პატივ-სცა შაჰ-თამაზ, და უწოდა ძმად თჳსად, და ასწავლა სჯული მაჰმადისა. და გაგზავნა ტფილისსა და რაოდენი ადგილი ეპყრა საქართველოსანი. და მოუმცნო სულთანსა განძისასა შემწეობა მისი. და მოვიდა დაუთხან ტფილისსა, და დაიპყრა ტფილისი.

ეძჳნებოდა მეფესა სჳმონს და ყოველსა საქართველოსა საქმე ესე შეიყარა ჯარი მეფემან სჳმონ და წარვიდა დაუთხანზედა, ქრისტეს აქათ ჩ~ფჲჱ. და მოვიდა მეფე სჳმონ დიღვამს; და რა სცნა დაუთხან, მოიცა ძალი ყაენისაგან და, რაოდენი ჯარი ჰყვანდა ტფილისსა და გარეშემო საქართველოსნი, შემოიყარა და წარმოვიდა და მოეგება წინა მეფესა სჳმონს დიღვამს. და ეწყუნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრა დაუთხანის სპისაგან მრავალი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სჳმონს, და ივლტოდა დაუთხან და შევიდა ციხესა ტფილისისასა, და მოადგა მეფე სჳმონ გარე, და დაიპყრა ყოველნივე გარემონი, და დადგა მრავალხან. და შეაწუხეს, და ადგნენ ხანსა რაოდენსამე.

და რა შეწუხდა დაუთხან, გაგზავნა კაცი სარდალს უსეინ ბეგთანა ყარამანლუსა, და აუწყა შეწუხება თჳსი და ითხოვა მისგან შეწევნა. და რაჟამს ესმა უსეინ ბეგს, მსწრაფლ წარვიდა. და ვერა სცნა მეფემან სჳმონ მოსვლა მისი, და შემოვიდა ციხესა ტფილისისასა, დაუდვა იმედი დაუთხანს, განიხარა.

და რა სცნა სჳმონი, უკუ-ეცალა, და ავიდა ტაბაჴმელასა. და რა სცნა დაუთხან საქმე ესე, განლაღდა და განვიდა ბრძოლად. და ეწყუნეს ურთიერთას ტაბაჴმელას. შეიქმნა ბრძოლა ძლიერი. და გალომდა მეფე სჳმონ და ქართველნი, და მოსრეს სპა დაუთხანისა ურიცხჳ და იოტეს ბანაკი მისი. და შემოადგა ციხესა მეფე სჳმონ და შეაწუხა დაუთხან, და უზრახა სჳმონ მეფესა, რომელნი მას თანა ჰყვნეს ქართველნი, ხოლო მათ არა ინებეს მოსვლა მის თანა. და სცნა მეფემან სჳმონ სიმაგრე ციხისა და უკუ-ეცალა.

და მიუმცნო დაუთხან შაჰ-თმაზს საქმე ესე. მაშინ მოუწერა შაჰ-თამაზ ჩერქეზსშამხალს სულთანსა შაქისასა, რათა წარვიდეს ლაშქრითა შაქელითა და ყარაბაღელისათა. და წარმოემართა შამხალ-სულთანი სპითა მრავლითა და მოვიდა ქართლად.

რა სცნა სჳმონ მეფემან, შეიყარა სპა თჳსი და მოვიდა აწუფისს, და ისინი მოვიდეს ფარცხისს. ხოლო წარვიდა კახაბერი ყორღანაშვილი და მიეგება განჯას და მიერითგან მოუძღოდა იგი და ეტიკობდა. და ეძჳნებოდა ყიზილბაშთა მოსვლა ქართლად, და ამან ყორღანაშვილმან გაუადვილა და ესრეთ უთხრა: „სისხლი თქუენი ჩემსა ქედსაო, უკეთუ გევნოსთო რამეო“. და მან წარმოიყვანა.

და რა სცნა მეფემან სჳმონ მოსვლა მათი ფარცხისს, ჩავიდა და ეწყო მუნ. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსწყდეს ორგნითვე მრავალი. შეუტივა მეფემან სჳმონ ყიზილბაშსა ერთსა და სცა ოროლი და მოკლა იგი. და შეუტივა სხუათა და განშორდა სპასა თჳსსა. მაშინ უთხრა კახაბერ ყორღანაშვილმან ყიზილბაშთა, ვითარმედ მეფე სჳმონ განშორდა სპასა თჳსსა, და აცნობა. და რა სცნეს ყიზილბაშთა, შემოეხჳვნეს მეფესა სჳმონს და შეიპყრეს მეფე სჳმონ და ივლტოდეს სპანი ქართველთანი.

და წარიყვანეს მეფე სჳმონ შაჰ-თამაზთანა და რა მივიდა შაჰ-თამაზ დიდად პატივ-სცა მეფესა სჳმონსა და მიანიჭა ნიჭი მრავალი და ხანსა მრავალსა აიძულა დატეობა სჯულისა. ხოლო მეფემან სჳმონ არა დაუტევა სჯული ქრისტესი და ეგო სიმტკიცესა ზედა, ამისთჳს შეიპყრა და ტყუე-ყო ციხესა ალამუთისასა.

ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა ბატონი ლევან, მპყრობელი კახეთისა, წელსა ქრისტეს აქათ ჩ~ფოვ. და დაჯდა მის წილად კახეთს ძე მისი პირმშო ალექსანდრე. ხოლო ნაშობნი შამხლის ქალისანი, ელიმირზონ ძე ლევანისა და ხოსრო-მირზა, უწინ სჳმონ მეფის მოყურობით გათამამებულნი იყვნენ და განძლიერებულნი. არა უმდაბლეს ალექსანდრესა. და მიერთნენ რომელნიმე კახნი და - რამეთუ ჩუეულებაცა არს კახთა, - და მივიდეს თორღას ელიმირზონ და ხოსრო-მირზა.

და რა სცნა ბატონმან ალექსანდრე, შეიყარა მანცა სპა თჳსი და წარვიდა მათ ზედა. მივიდა და ეწყუნენ ურთიერთას. და ქმნა ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სპანი მრავალნი და მოიკლნეს ელიმირზონ და ხოსრო-მირზა ორნივე ძმანი.

და დაჯდა ბატონი ალექსანდრე. და ჰყვა ნაშობი დედისა თჳსისა გურიელის ქალთან ძმა ერთი, და მოკუდა სენითა თჳსითა იგიცა. და დარჩა ბატონი ალექსანდრე მარტოდ.

ხოლო დაიპყრა დაუთხან საბარათიანო და დაჯდა დმანის-ჴევსა ციხესა ქუეშე.

და ცოლი მეფისა სჳმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან, ასული კახის ბატონისა, იყო კავთისჴევს და ჰყვა ძე მისი მცირე გიორგი. და რა ნახეს ქსნის ერისთავმან და ამილახორმან, ნესტან-დარეჯან დედოფლის ქმარი ალამუტის ციხეში დაატყუევეს, და ძმანი მისნი მოსრნა ალექსანდრე. და ალექსანდრეც არ იყო კარგი იმისთჳს, ამისთჳს რომე არ იყო ნაშობი დედისა თჳსისა, ამაზედ დრო იცეს ამილახორმან და ქსნის ერისთავმან, და შეესივნეს დედოფალს ნესტან-დარეჯანს და აიფორაქეს და წარიღეს საქონელი ყოველივე, რაცა ჰქონდა რამე. თუ დაუთხანსა არ ენაღულებოდა. და მიერითგან ითქუა: „ვაი ბატონის სჳმონის საქონელიო“, რომელსა აწცა იტყჳან ქართველნი.

ხოლო საჩინო ბარათაშვილი იყო სპასპეტი, კაცი ყოვლის კეთილით შემკული და არა მორჩილი დაუთხანისა და არცა ყიზილბაშთა, სიყუარულისათჳს სჳმონისა. ხოლო დღესა ერთსა მოვიდოდა კოჯრისაკენ და, რა მოვიდა ჴევის თავსა გელიყარისასა, მუნ კახაბერი ყორღანაშვილი შემოეყარა წინა, რომელმან უწინამძღურა ყიზილბაშთა და დააჭერინა მეფე სჳმონ. და რა იცნა საჩინომ კახაბერი ყორღანაშვილი, შეიპყრა და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა. და რა მიგორევდა ჩაღმა, იტყოდა თჳთვე ლექსსა ამას:

„ყორღან-ოღლი ქარაფინდა, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა“

ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა. და ესხნეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე, როსტომ, ასული ერთი ნესტან-დარეჯან. ხოლო ესე ნესტან-დარეჯან მიათხოვა დადიანსა მანუჩარს, ძესა მამიასასა, ზითჳთა დიდითა. ხოლო ძე მისი ერეკლე გაუარშივდა ალექსანდრეს და წარვიდა სტამბოლს.

და რა ესმა შაჰ-თამაზს წარსვლა მისი სტამბოლს, განრისხდა შაჰ-თამაზ და ჰგონებდა ბატონის ალექსანდრესაგან საქმესა ამას. და წარემართა შაჰ-თამაზ სპითა ურიცხჳთა ალექსანდრესა ზედა და მოვიდა შაჰ-თამაზ ყარაბაღს.

შეწუხდა ბატონი ალექსანდრე. ხოლო იყო სახლთ-უხუცესი ჩოლაყაშვილი და მან უთხრა კახთა და ბატონს ალექსანდრეს, რომე „რაც ამაზედ ცოდვა იქნას ყველასი იყოსო და მე მოვარჩენ კახეთსაო ამოწყვეტისაგანო“. და მაშინ მისცეს ჴელით-წერილი ყოველთავე მკჳდრთა კახეთისათა, რაც მაშიგ ცოდვა იქმნას, ჩუენი იყოსო.

მაშინ განიზრახა ესრეთ: ქაისოსრო ათაბაგი მომკუდარიყო და ძე მისი მანუჩარ მცირე დარჩომილიყო, არა ეძლო პყრობა ზემო ქართლისა მანუჩარს და დედისიმედი პატრონობდა. ესე არჩია კახ ბატონის სახლთუხუცესმა ჩოლოყაშვილმა, რომ დედისიმედი უღ(ვ)თო ქალი არისო და გლისპიო, და მიუმცნოთ ესრეთ:

ვარაზას“ შაჰ-თამაზ ყაენი მანდ მოჰყავსო, ნებავს ამოწყუეტა სამცხისაო და ძისა შენისაო მანუჩარის სიკუდილიო, და მრავალგზის მოგაყივნა ქუეყანასა ზედაო და თჳთონ უნდა ეგ ქუეყანა დაიჭიროსო. და მანდ გაბატონდესო. და დაიჭირე ვარაზა, მოჰკალ და მერმე შაჰ-თამაზ ყაენი ვეღარ მოვა და გაბრუნდება და წავა და მორჩება ქუეყანაო“.

და რა ესმა დედისიმედსა, დაიჯერა ამისთჳს, რომ იყო უჭკუო და უმეცარი, გლისპი და ღმრთის უშიშარი ქალი იყო, და შეიპყრა ვარაზა შალიკაშვილი ღალატითა და მოკლა. ესე ვარაზა იყო შვილი ოთარ შალიკაშვილისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზ ყაენისა.

და რა ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი მისი, განწერა შაჰ-თამაზ და წარვიდა სამცხეს და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოჴრა და ამოსწყჳტა სამცხე და მრავალი ბოროტი შეამთხჳა სამცხესა, და შემდგომად ამისსა შემოიქცა და წარმოვიდა.

მაშინ გაუგზავნა კაცი სულტანსა ოსმალისასა და მიუწერა ესრეთ: „ვყოთ მშჳდობა ურთიერთას, რამეთუ სჯულითა ვართ მოსავნი მაჰმადისანი“, რამეთუ მაშინ ბრძოლა იყო მათ შორის. უსმინა სულტანმან და შერიგდენ. მაშინ განყვეს ქუეყანანი და დარჩა სულტანს იმერეთი, ოდიში, გურია, ზემო ქართლი საზღვრამდე ქართლისა, და კარი საზღვრამდე აბოცისა და ერვნისა, სომხითი, რომელსა აწ ქურთისტანად სახელსდებენ, ვიდრე ბაღდადამდე. ხოლო შაჰ-თამაზს დაუგდო ქართლი კახეთი, ერევანი და ქურთისტანს აქათი. და მშჳდობა ჰყვეს ურთიერთას და მიერითგან იყო შაჰ-თამაზ მოსუენებით, აღარავინ უძლო მტერობად მისად, და იყო ხანსა რაოდენსამე განსუენებით.

ხოლო ბატონმან ალექსანდრე გაუგზავნა ძე მისი კოსტანტინე და მრავალი ძღუენი და თავის-მართლება შეუთუალა, რომე ძე ჩემი ერეკლე ჩემად უნებურად წავიდა სტამბოლსო, და შეეხუეწა და წავიდა. ისმინა ვედრება ბატონის ალექსანდრესი, შესჯერდა და წარვიდა ადგილსა თჳსსა.

და ხანსა რაოდენსამე შინა მოკუდა შაჰ-თამაზ და დაჯდა მის წილ ძე მისი ისმაილ-მირზა. ამან გამოიყვანა მეფე სჳმონ ალამუტის ციხიდამე და მოიყვანა მის თანა. და ესე ისმაილ-მირზა იყო კაცი მესისხლე და მრავალნი კაცნი დაჴოცნა. და შეიძულეს ყიზილბაშთა და რჯულით სუნობასაც ეწამებოდენ, და ექუს თუეს იბატონეს და მოკლეს. და დასუეს მის წილად ძმა მისი შახუდაბანდა. და ესე იყო შახუდაბანდა კაცი უღონო და თუალითა ბრმა, და ვერა იპყრა მეფობა ყიზილბაშთა წესისაებრ.

ამას ჟამსა შინა გამოვიდა ხონთქარის ჯარი, და თავრეზი, ერევანი, განჯა და ყარაბაღი და ვიდრე სულთანიამდე დაიპყრეს ყოველივე ადგილი ადარბაგანისა. და ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა ლალა ფაშა, რომელი იყო გამზრდელი ხონთქრისა, ქრისტეს აქათ ჩ~ფოთ.

მაშინ დახუდა მანუჩარ ათაბაგი, ძე ქაიხოსროსი და დედისიმედისა, - და ამას ესუა ცოლად დაჲ სჳმონ მეფისა, - და დახუდა ესე მანუჩარ ათაბაგი და დაესხა რომელსამე თარეშსა და ნაწყუედსა ჯარისასა, და მოსრა რაოდენიმე, და მერე ვეღარა დაუდგა და გარდმოვარდა ქართლს თავის სიდედრთანა.

ხოლო ლალა ფაშამ ამოსწყჳტა ყოველი სამცხე და დაიპყრა ციხე და სიმაგრენი.

ხოლო მიესმა შაჰ-ხუდაბანდას საქმე ესე და შაჰ-ხუიაბანდას დედამ მოიყვანა, ოთარ შალიკაშვილის ქალმან, მეფე სჳმონ, ვითარცა წესი არის, ქართველთა დედანი ლეჩაქს მოიხუევენ, - და იგიცა ქართველი იყო, - მანცა ეგრეთვე ყო და წარმოუგზავნა ლეჩაქი თჳსი და მოუმცნო: „მეფე სჳმონ, გწადდეს ლეჩაქი ესე აიღეო და გწადდეს ჴრმალიო, ჩუენც მოგუეჴმარე და შენს საბატონოსაცა“. და მისცა ნიჭი მრავალი და სამოსელი სამეფო და წარმოგზავნა თჳსსა ქართლად და წარმოვიდა.

რა სცნა დავით, უღონო იქმნა, რამეთუ ყიზილბაშთ იგი გაუშუეს და მეფეს სჳმონს მოეკიდნენ, და ქართველნიც არა ჰყუარობდნენ და თჳთ მეფესი სჳმონისა ერჩივნათ. და ვეღარც დადგებოდა ქართლსა და ვეღარც ენდობოდა ყიზილბაშთა. და მიუგზავნა კაცი ლალა ფაშას, და მისცა რაოდენი ციხენი იყვნენ ქართლსა შინა; და შეაყენნა მცველნი მათნი, და თჳთან წარვიდა სტამბოლს ხონთქარსა თანა.

ხოლო სჳმონ მოვიდა ქართლსა, ქრისტეს აქათ ჩ~ფოთ, და აიღო ციხე გორისა და დაიჭირა ქართლი და სომხითი, საბარათაშვილო და ლორე და ყოველნი სიმაგრენი, თჳნიერ ციხეს გარდა.

და შეუშინდა ქსნის ერისთავი და ამილახორი დედოფლის ურიგოს კადრებისათჳს. ხოლო დაუწყეს ხუეწნა, და ქსნის ერისთავმან მიართუა საუპატიოდ მეჯუდისჴევი და ახალგორი, და ამილახორს გამოართუეს კარბი და კასპი. ხოლო ყორღანაშვილის კახაბერის ცოლი და შვილი და სახლეულნი დაიპყრნეს და გარდაყარეს კლდესა გელიყარისასა და იტყოდენ პირველსავე მას ლექსსა. ხოლო სხუანი ნათესავნი მისნი ივლტოდნენ და წარვიდეს რომელნიმე ყიზილბაშად და რომელნიმე ზემო ქართლად.

ხოლო დარჩა დაუთხანს მეუღლესა მისსა თანა ძე ერთი, სახელით ბაგრატ.

შემდგომად ამისსა ჰქონდა შური კახს ბატონს ალექსანდრეს, ცოლის ძმები რომ დაუჴოცა სჳმონ მეფესა, - და ალექსანდრე დავითის ცოლის ნათესავიც იყო, - ამ ორის საქმისათჳს ემტერებოდა მეფეს სჳმონს. და რაჟამს იდგა მეფე სჳმონ დიღვამს დედოფლითა ხუბათა, მოუჴდა კახი ბატონი ალექსანდრე, დაესხა თავსა და თჳთ მეფე სჳმონ თავკაცად ძლივ გარდაესწრა; საქონელი და თუ რამე ჰქონდა ყოველივე აუფორაქა. და საფარველი ცოლისა, რომელ არს სამოსელი წჳსისა, შუბის წვერზედ მოახჳა და ესრეთ წარიღი.

და მეფე სჳმონ წარვიდა ლტოლვილი და შემოიყარა სპა ქართლისა. და ალექსანდრეს დაებანაკებინა მარტყოფს ზეით, ადგილსა ჭოტორსა. და რაჟამს შეყრილი წარმოვიდა მეფე სჳმონ, მიუგზავნა ალექსანდრეს მოციქული და ესრეთ შეუთუალა: „შენ რომ შეუტყობრად, ქურდულად მოხველ და თავს დამესხი, მე ხომ მაგას არა ვიქ და თუ კაცი ხარ, დამხუდი, ამა და ამ დღეს მოვალო.

და მივიდა იმავ თქმულსა სიტყუასა ზედა მეფე სჳმონ, ქრისტეს აქათ ჩ~ფპბ, შეიბნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა სჳმონს და ივლტოდა ალექსანდრე და კახნი თავადნი სულ ერთპირად ჴელად დარჩა მეფესა სჳმონს. და წარმოვიდა გამარჯუებული მეფე სჳმონ და მოვიდა მცხეთას. და მუნ დააფიცნა კახნი დარბაისელნი ესრეთ, ვითარმედ: „ღმერთმან კახს კაცს მის დღეში ქართველს კაცზედ ნუ გაუმარჯოსო“. და მისცა ხალათებს და გაისტუმრა.

შემდგომად ამისა გამოვიდა სარდალი ხვანთქრისა მაჰმად ფაშა, და ჩამოვლო ზემო ქართლი, და აიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი შინა; თჳთ წარმოვიდა და მოვიდა მუხრანს. დახუდა მუნ მეფე სჳმონ შეყრილი სპითა თჳსითა. ეწყუნენ ურთიერთას. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღ(ვ)თით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და ფაშა ლტოლვილი წარვიდა და შეეხუეწა ქალაქს ციხეში, ქრისტეს აქათ ჩ~ფპბ.

ჩამოვიდა მეფე სჳმონ დიღვამს და დადგა მუნ, შეჰყარნა თავადნი თჳსნი ჯალაბობრივ და წარვიდა თჳთ დედოფალით და დარბაისელნი და დარბაისლის ცოლნიც თან წარიყვანნა, წარვიდა, დადგა ტბასა ლილოსასა, თავსა, რომელი არს გორა მაღალი, და თან ახლდა ჯარი და სპა თჳსი. და რაჟამს გამოვიდა ქალაქის ციხიდამე მროწეული ურუმთა, გაუსია მეფემან სჳმონ მცირე ჯარი და დაატაცებინა მროწეულნი, და რა იხილნეს მემროწლეთა, ივლტოდენ და ამცნეს ციხესა მყოფთა ურუმთა, და გამოვიდა სიმრავლე ჯარი ურუმთა. და რა იხილა ესე მეფემან სჳმონ, თჳთცა შემოუტივა სპითა თჳსითა და ეწყუნენ ურთიერთას. და მაშინ უყურებდენ დედოფალი და დარბაისლის ცოლები, და ამოსწყჳტა მეფემან სჳმონ ურუმნი და დაჴოცნეს მრავალნი და ციხის კარამდი მიჰჴოცდენ, ამოსწყჳტეს, და ციხე ვერა აიღეს.

მაშინ გამობრძანდა მეფე სჳმონ გამარჯუებული და განისუენა და იხარებდა მცირეთა ჟამთა. და მაშინ კუალად შეჰყარა სპა თჳსი და წარემართა ლორესა ზედა. რა მივიდა, გამოვიდა ფაშა მუნებური და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღ(ვ)თით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და მოსწყდა ურუმი მრავალი, კაცი ოთხას სამეოცდაცამეტი, ქრისტეს აქათ ჩ~ფპვ. და აღიღო ქუაბები ლორისა, დაიპყრა ლორე, და ციხე მათვე ურუმთ ეჭირა.

და გამოვიდა ხანი, მცირედთა ჟამთა შეისუენა და კუალად შეიყარა და წარმოვიდა და მოადგა ციხესა ლორისასა, დაუწყო ბრძოლა და აღიღო ციხე ლორისა აპრილსა ერთსა, და დაიპყრა ლორე და გამობრუნდა მუნითგან, დადგა სახლად თჳსად.

და ხანსა რაოდენსამე უკანა გამოვიდა და დადგა ტაბაჴმელასა. და რა სცნა ასან ფაშამან, რომელი იყო ქალაქის ციხეშიგან, შეიყარა და გამოვიდა, სწადდა თავს-დასხმა მეფისა სჳმოინისა. შეიბნენ და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღვთით გაემარჯუა მეფესა სჳმონს, და შეუტივა ერთსა კაცსა მეფემან სჳმონ და გაიქცა კაცი იგი ძლიერად, გამოუდგა მეფე სჳმონ და იგი გაქცეული კაცი გარდავარდა ჴევსა მას ტაბაჴმელისასა. და ეგრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მოკუდა კაცი იგი ცხენ-კაციანად გარდავარდნილი. და მოისრა მუნ ურუმნი ვითარ ხუთასნი.

მაშინ წარმოვიდა მეფე სჳმონ და მოადგა ციხესა ტფილისისასა და აღიღო ციხე ტფილისისა და ქალაქი დაიპყრა თჳთან და მოსრა ყოველივე, რაოდენიცა იყვნეს ციხესა ტფილისისასა ურუმნი.

და რა ესმა ესე ხონთქარსა, წარმოგზვნა ლაშქარი და სარდალი ერთი. წარმოემართა და მოვიდა ლორეს და აღიღო ციხე ლორისა და დაიპყრა. მოვიდა და დადგა ხატის-სოფელის ბოლოს.

რა სცნა ესე მეფემან სჳმონ, შეიყარა სპა თჳსი, მივიდა და დადგა ხრამის გამოღმა. მაშინ მოიჴელოვნა და მოირთო ელჩად მეფე სჳმონ და მივიდა ფაშასთანა. სჳმონ მეფის მაგიერად წარმოუთხრნა სიტყუანი ესრეთ, ვითარმედ: სჳმონ“ მეფემან მოგაჴსენათ: მეყოფა ამდენის ჴრმლის ქნევა და ომი ყაენის გულისათჳსო; თუ გინდათ თქუენ იყავით ჩემი ბატონი, თუ ენდა ისი. აწ თქუენთჳსაც სჯობს და ჩუენთჳსა, შევრიგდეთ და მოვისუენოთ ამდონის ლაშქრობისაგან“.

მაშინ, რა ესეა ფაშას სიტყუანი ესე, განიხარა და შემოუთუალა ესრეთ, რომე კარგად შემოგითულია და სჯობს, რომ შევრიგდეთო. და წარმოგზავნა მეფე სჳმონ და მოვიდა თჳსსა ჯარში. მაშინ მეფემან სჳმონ გასჩხრიკა ყოველივე ძალი და დგომა და საქმე მათი, და მოუარა ხატის-სოფლის გორებიდამე ღამე; და დაესსა თავსა ურუმთა, ამოსწყჳტა და გაემარჯუა მეფესა სჳმონს და რომელიმე დაჴოცეს, რომელიმე შეიპყრეს და რომელიმე ლტოლვილი წარვიდეს.

მოვიდა მეფე სჳმონ გამარჯუებული ტფილისს, და შეიყარა სპა თჳსი, და მიადგა დმანისს. რამეთუ მაშინ დმანისი ეპყრათ ურუმთა. და მოსრნა ყოველნივე დმანისს მყოფნი ურუმნი, და დაიპყრნა ყოველნივე გარემონი. და განასხნა ყოველნივე ურუმნი საქართველოსაგან და თჳთ დაიპყრა, თჳნიერ ერთი გორისა და ლორის მეტი.

და წარვიდა მანუჩარ ათაბაგიცა თჳსსა ადგილსა და დაიჭირა ზემო ქართლი და საათაბაგო და ვეღარ შესძინეს ურუმთა მოსვლად.

რამეთუ მას ჟამსა ყიზილბაშთ შაჰ-ხუდაბანდა ყაენი გარდაეგდოთ თავის ჴელმწიფობიდამე თავის ყმათა,და მის წილად დაესუათ ძე მისი შააბაზ. და ამან შააბაზ დაიპყრა თავრიზი და, რაოდენი ადრაბაგანი იყო, ყოველივე დაიპყრა, თჳნიერ ერევნისა და ბაღდადისა.

და ჟამსა ამას შინა გადიდდა მეფე სჳმონ და მოირჭმო ძლიერად. ყაენი აძლევდა მრავალსა, და სხუაცა მრავალი ეშოვნა ომითა, და თავისის ქუეყნებიდამ შესდიოდა მრავალი, და [მტერი] არღარა სადა ჰყვანდა, რამეთუ კახ-ბატონს მოესწრა ძე თჳსი და ამასაც მოესწრა შვილები. ამისი შვილები და კახის ბატონის შვილი თჳთ ეყოდენ ერთმანერთს და ნათესავნი იყვნენ ერთმანერთისა და, რათგან ორისავე ძენი ერთმანერთს არას ეცილებოდენ და იყვნენ სიყუარულითა, მამებმაც მშჳდობა ყვეს და იყვნეს მოსუენებით და თავის მამულის მჭირველნი მშჳდობით.

და ჟამსა ამას შინა მტერი აღარავინ ჰყვანდა მეფესა სჳმონს, განძლიერდა და იწადა დაპყრობა იმერეთისა, შეიყარა სპა და გაემართა იმერეთსა ზედა.

ამას ჟამსა მომკუდარიყო პატრონი იმერეთისა გიორგი და ძე მისი კოსტანტინე გაბატონებულ იყო. იგიცა მომკუდარიყო და ძმა მისი ლეონ გაბატონებულიყო. დადიანს მანუჩარსა და იმას შუა მტერობა იყო. და ამა მანუჩარს ჰყვანდა კახი-ბატონის ალექსანდრეს ქალი ნესტან-დარეჯან, რომელი მიათხოვა დიდის მზითჳთა და დიდებითა. ჰყვანდა მასთან ძე ერთი, რომელსა სახელად ეწოდა ლეონ. შემდგომად შობისა ყრმისა ამის მომკუდარიყო ქალი იგი და შეერთო ათაბაგის ქალი ქურივი, ცოლ-ყოფილი ვახტანგ გურიელისა, დედა ქაიხოსროსი, რომელი შემდგომად გურიელ იქმნა, და ოდიშს იგი ბატონობდა. და გურიას გიორგი გურიელი მკუდარიყო და ვახტანგ, ძე მისი დამჯდარიყო გურიელად.

ხოლო არცა ერთი, ემწენ მეფესა სჳმონზედა იმერეთის ბატონსა ლევანს. შეჰყარა რაოდენნი ჰყვანდა, და დადგა გოფანთოს. და მეფე სჳმონც[ა] წარვიდა მის ზედა, შემოიყარა ზემოური იმერლები და მივიდა გოფანთოს. შეიბნეს მუნ გოფანთოსა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. გაემარჯუა მეფესა სჳმონს, ქრისტეს აქათ ჩ~ფჟბ, და გაიქცა ლევან, მპყრობელი იმერეთისა, და ივლტოდა ხოლო სჳმონ მეფემან დაიპყრა იმერეთი, რომელთამე. მძევალი გამოართუა. რომელიმე ვერა ჩაიგდო ჴელში. და ქართლისაც ფიქრი ჰქონდა, გორის ციხეში რომ ურუმნი იდგნენ მისგან, და წარმოვიდა მეფე სჳმონ ქართლსავე. გარდმოვლო მთა ლიხისა და ჯარიც შემოეცალა, დასტური მისცა.

და რა გარდმოვიდა მეფე სჳმონ ქართლად, კუალად ჩამოვიდა პატრონი იმერეთისა ლევან და დაიპყრა იმერეთი მაშინ ლევან და დადიანი მდურობდენ ამისთჳს, რომე. მეფე სჳმონ რომ შეება ლევანს, დადიანი არ მოჰჴმარებოდა, და უწინდელი სამდურავიც იყო. დაუწყო სამდურავი და მტერობა ჩამოვარდა ორთავეს შინა ესრეთ ვითარი, რომე აქეთ ეს შეიყარა და იქით ისი, და შეიბნენ. და გაემარჯუა დადიანსა, და ბატონი ლევან ჴელთ დარჩა, წარიყვანა და პატიმრობაში მოკუდა ამავე ქრონიკონსა ჩ~ფჟბ.

რა სცნა მეფემან სჳმონ, კუალად შეიყარა სპა თჳსი და გარდავლო იმერეთი, ქრისტეს აქათ ჩ~ფჟგ, ჩავიდა ქუთაისს, და ძმისწულსა იმერლის ბატონისასა, ბაგრატს, გაემაგრებინა ციხე. და მიადგა ციხესა და წაართუა ციხე და გამოიყვანა თჳთცა, დამძევლა იმერეთი და დაიპყრა თჳთ და წარმოვიდა.

ხოლო ლევან, იმერელი ბატონი, უძეო დარჩა და ძმისა მისისა ძე, კოსტანტინესი, როსტომ დარჩომილიყო და სხუა აღარავინ იყვნენ. და დაუწყო როსტომ მანუჩარ, დადიანს ლაპარაკი შეწევნისა და შერიგებისა. და უსმინა დადიანმან და მოვიდა, დააპყრობინა იმერეთი. და მოადგენ ციხესა ქუთაისისასა იმერელნი. შემდგომად ამისა აღიღეს იგიცა.

და რა ესმა მეფესა სჳმონს საქმე ესე, შეიყარა სპა, გარდავიდა და აიღო ციხე კუარისა, კაცხისა და სკანდა, და მოვიდა ქუთაისს და აღიღო ციხე. ხოლო როსტომ ვერა წინააღუდგა და ივლტოდა, და წარვიდა დადიან მანუჩართანა. და წარვიდა მეფე სჳმონ ოდიშზედა, ჩავიდა და დადგა ოფიშკჳტს დიდებითა დიდითა და ძალითა მრავლითა.

ხოლო მანუჩარ დადიანმან მოუგზავნა კაცი და შემოუთვალა „შეარიგე როსტომ და და მეც შენ ყმად ვიქმნები, ამას იმერეთი დაანება და დაგჳმონე და დაგრჩება ქუეყანა“. რა მოუსმინა მოციქულობა მეფემან სჳმონ, გაჯავრდა და ასე შემოუთვალა: „მოვალ და დამხუდიო“. და რა ესმა დარდიანს მანუჩარს საქმე ესე, შემოიყარა მანცა ჯარი თჳსი და, რომელნიმე იმერელნი გარდაჰყოლოდნენ როსტომს თანა, იგინიცა თანა წარმოიყვანა, მოვიდა, დაესხა თავსა გარიჟრაჟზედ მეფეს სჳმონსა. შეჯდა მეფე სჳმონ და სპა თჳსი.

ხოლო მეფესა სჳმონს ჰყვა ორი რჩული ცხენი: ერთსა ერქუა ფალავანი და მეორესა შურდანი. უკეთუ შეჯდის ფალავანსა, გაემარჯუებოდა: იცოდა და იყო ომში გამოცდილი, და მრავალი ომი ენახა და გარდახდოდა, და შეატყობდა და, თუ გაემარჯუებოდა, ფალავანზედ შეჯდებოდა. და, უკეთუ შეატყჳს ომსა და გამარჯუება მისკენ არ იყვის, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა და წამოვიდოდა.

ხოლო ესე ყოველივე ზნე და საქციელი. ძისი უწყოდა ერთმან ვინმე თურქისტანისშვილმან, რომელი იყო შეზრდილი მეფისა სჳმონისი, და ესე მან უწყოდა. და რაჟამს გაჭირდა ომი და შეატყო მეფემან, რომე გამარჯუება დადიანს დარჩებოდა, მაშინ მოითხოვა მარქაფა შურდანი მომგუარეთო.

მას ჟამსა მოაჴსენა თურქისტანიშვილმან: „მეფევ, წასვლის დრო თუ არ არისო, რასთჳს მოითხოვე შურდანიო“. წარდგა თურქისტანისშვილი და თქუა: „აქედამ შუბმოუქნეველი არ წავალო. შეუტივა და ჩამოაგდო კაცი და იყო გულსრულად დამარცხებულს ომში თურქისტანიშვილი.

ხოლო მეფე სჳმონ წარმოვიდა მარტო. მაშინ მეფემან სჳმონ რომ გარდმოვლო კოლბეურის მთა, მივიდა ერთი დედაკაცი კოლბეურელი და მოაჴსენა მეფესა სჳმონს და შეეხუეწა, რომე ჩემი შვილი იახელითო. ხოლო მეფემან ასე უბრძანა: „დედაკაცო, მე კაცითა მთვრალი ვარო. კაცი არ მეჭირებაო“. და ოდეს დაუმარცხდა მეფესა სჳმონს და წარმოვიდა მარტო, რომ ერთი კაცი აღარ ახლდა, მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა ახოსა. და განგებით მოჰჴდა, რომე მეფე სჳმონ იმავ დედაკაცსა შეეყარა. და იცნა დედაკაცმან და სცნა, რომ დამარცხებიაო. მაშინ მოაჴსენა: „მეფეო, ვეჭობ, მაშინ რომ კაცით მთვრალი იყავ, გამოგნელებიაო“ და რა ესმა ესე მეფესა, მისცა მადლობა ღმერთსა და წარმოვიდა მსწრაფლ და გარდმოვლო. მთა და მიიწია ქართლად.

ხოლო შეიბა თურქისტანისშვილი და წარმოვიდა იგიცა. და მეფე მოვიდა კავთისჴევს და მიადგა ერთისა კაცისა სახლსა, რომელი იყო მდაბალი გლეხი, რამეთუ მეფე დამაშურალ იყო და ითხოვა მისგან განსუენება. და გამოვიდა ქალი ერთი და ვერა იცნა, შეუძღუა და დააყენა კარგად, რამეთუ ქმარი მის ქალისა ლაშქარში იყო. და რაჟამს მოუმზადა სერი და მოართუა და იჴმია მეფემან, შეატყო არღარა ნდომა საჭმლისა. მაშინ ჰკითხა ამბავი მეფისა და სპისა მისისა, თუ მეფე რა იქმნაო. ხოლო სჳმონ მეფემან ესრეთ თქუა: „არა უწყი მეფისა, თუ რა იქმნა“. და რაჟამს ესმა დედაკაცსა მას სიტყუა ესე, დიდად იწყინა და იმწუხარა და იტირა. და შემდგომად ამისა ჰკითხა ქმრისა მისისა, ნიშნეულად ანიშნა, რომე ამგუარი და ამისთანა კაცი იყო, და ის რა იქმნაო. მეფემან მისიცა უთხრა, არა უწყიო. მაშინ დედაკაცმან უთხრა, რომე, თუ ღმერთმან იპრიანა და მეფე მორჩაო და ის მშჳდობით არისო, ჩემი ქმარიც იმისი ჭირის სანაცვლო იყოსო, და სხუანი, რომელნიცა მყვანანო, იგინიცაო. მაშინ დიდად იამა მეფესა სჳმონს სიტყუა ესე ერთგულობისა დედაკაცისა მისგან, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე დაუწყო წყალობა მეფემან სჳმონ დედაკაცსა მას და ქმარიცა მოუვიდა და განააზნაურიშვილა. და არიან ახლაც გაკეთებულნი კაცნი იგი, რომელნი არიან ქულივიძენი.

და რაჟამს სმენოდა ლორეს მყოფთა ურუმთა დამარცხება მეფისა, მას ჟამსა გამოსულიყვნენ ურუმნი ციხიდამე და მოერბიათ კერძონი რამე ქართლისანი და დამდგარიყვნენ ტაშირზედა და იხარებდენ. მაშინ მეფემან სჳმონ შემოიყარა ჯარი მცირე, სპა თჳსი, რომელიცა დარჩომილიყვნენ ქართლსა შიგან. წარვიდა მეფე და მიუჴდა ლორეს ურუმთა და გაემართა, და ამოსწყჳტა. და აღიღო ციხე იგი და გამარჯუებული წარმოვიდა. კუალად დაიპყრა ციხე ლორისა, შემოიქცა და მოვიდა თჳსად სახლად.

ხანსა რაოდენსამე უკანა წარვიდა ზემო ქართლად და რა მიიწია გორისჯუარს, - და მას ჟამსა ეჭირა გორის ციხე ურუმთა, - მაშინ დაჯდა სჳმონ მეფე გორიჯუარსა და დაუწყო ღჳნოს სმა, რამეთუ, რაჟამს დაეტყუევებინა ყაენსა სჳმონ მეფე ციხესა ალამუტისასა, მაშინ გასწყობოდა თრიაქის ჭამასა და ღჳნის სმასა და მიერითგან ეწეობოდა თრიაქსა. და მაშინცა, გორისჯუარს რომ მივიდა, ჭამა თრიაქი და გამხიარულდა. გახედა გორისაკენ და ნახა, რომე ახალი მწუანილი ამოსულიყო და გაზაფხულის პირიც იყო. ოდეს გამხიარულდა, მოუნდა აფიონი, ვითარცა წესია აფიონის მჭამელთაგან მონთომება საჭმლისა რისამე.

მაში ქართველნიცა თანა ახლდენ და თქუა მეფემან: „ესე როგორ გეკადრებათ ქართველთა, რომე მე მწვანილი მინდა და თქუენ გორიდამ მწუანილს არ მომიტანთო“. მაშინ გავიდნენ ქართველნი და ჩავიდენ გორის ბოსტნებში და დაგლიჯეს მწუანილი. და დაუშინეს ციხიდამ ურუმთა და ისროლეს მრავალი და ამოსწყჳტეს ქართველნი მრავალნი, დიდნი და მცირენი, და მაშინ მოკლეს ბატონიშვილი გოჩა, რომელი იყო პაპის ძმისწულის შვილი მეფისა სჳეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი ამოსწყჳტეს. და მაშინ დაგმეს მეფე სჳმონ უჭკუობაზედ, რომ მწუანილისათჳს ამდენი კარგი კაცი ამოსწყჳტეს, და ამას ურუმნიცა და ყიზილბაშნიცა დელუ-სჳმონს ეძახდენ, რომელი ითარგმანების ხელი სჳმონ ჴელმწიფე.

ხოლო რა ნახა სჳმონ მეფემან საქმე ესე ურუმთაგან, ეწყინა და შეიყარა სპა და მცირეცა ხანსა შემოადგა გორსა და აიღო ციხე და მოსრა ყოველი ოსმალი, რომელი იყო ციხესა გორისასა.

და ესმა რა საქმე ესე ხვანთქარს, იწყინა და წარმოავლინა სარდალი ჯაფარ ფაშა და სხუა სპა მრავალი. და მოვიდნენ და დადგნენ ნაჴიდურის მინდორშია და დაიბანაკეს. მუნ შეიყარა მეფემან სჳმონცა სპა თჳსი და მივიდა, დადგა თავსა საღირაშნისასა. და მცირეთა ხანთა შინა წარვიდა თჳთ მარტო დასახედავად ჯარისა ათი-ოდენის ცხენოსნითა და წარიყვანა თანა ერთი მექანარე. და მივიდა და გარდადგა თავსა ნაჴიდურისასა; რომელ არს მცირე ეკლესია, მუნითგამო უჭურეტდა და სჩხრეკდა ჯარსა ოსმალთასა, რომელსა იდგა ურუმნი, რათა დასხმოდა თავსა. და, რა დახედა, რქუა მექანარესა დაძახება ქანარისა, რათა შეეტყო მეფესა, თუ ვითარ, უშიშრად არიან. და რა ესმა ჴმა ქანარისა ურუმთა, უთუოდ მეფე სჳმონ მოვიდაო, დაიწყეს კაზმა და შესხდენ ცხენებსა.

ხოლო რაჟამს იხილა მეფემან სჳმონ, წარმოვიდა თჳსისა ჯარისაკენ. ოსმალნიცა მის ქანარის ჴმისაკენ გამოუდგნენ უკანა. და მოვიდა ფარცხისსა, და მომავალსა დახუდა ლია და დაეფლა ცხენი ლიაშიგან. და ვირემ ცხენსა შეჯდებიდა და ანუ გაარჩევდა საქმესა მისსა, ამაზედან ოსმალნიცა მიესწრნენ. და გაიცნეს რა მეფედ, შემოესვივნეს გარე. და მეფე, ვითა სიკეთესა მისსა ჰფერობდა, ეგრე იყო, მაგრამ მარტოობით ვეღარა გააწყო რა და შეიპყრეს მეფე, ქრისტეს აქათ ჩ~ქ. ხოლო ძე მეფისა სჳმონისა, გიორგი ლაშქართა შინა იყო და მიერითგან აღიყარნეს და წარვიდენ, და მეფეცა თანა წარიყვანეს და წარვიდეს მსწრაფლ, რამეთუ ეშინოდათ ქართველთაგან და ძისა მისისა გიორგისგან, რომე ამას არ გაგუატანებენო უსიკუდილოდო.

ხოლო სცნეს რა ესე ქართველთა და გიორგი, გამოუდგნენ უკანით და სდიეს მოჭირვებით და ვერღარა მიეწივნენ. ხოლო ურუმნი მივიდეს ლორეს და აღიღეს ციხე ლორისა და შეაყენეს შიგან ჯარი თჳსი, და წარვიდეს და წარიყვანეს მეფე სჳმონ და მიიყვანეს სტამბოლს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>