ქართლის ცხოვრება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

ვითარცა განთენდა, მოვიდეს შანქორელნი და მოართუნეს კლიტენი. და ამღებელმან ქალაქისამან და ყოველთა მისთა მიმდგომთა ქალაქთა და ციხეთამან ითაყუანა ამირ-მირმან და უბოძნა მას. თჳთ გაემართა განძას და მივიდა სიახლოესა ქალაქისასა: გამოეგებნეს დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი. დავრდომით მიწა-ქნით თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შეავედრნეს თავნი [თჳსნი] და შვილნი; განახუნეს კარნი ქალაქისანი, და მიუფენდეს სტავრასა კართა-სრამდი სულტინისა, და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვეცხლსა, დრამასა და დრაჰკანსა. და ვითარცა შევიდა სრადა და დაჯდა ტახტსა სულტნისასა.

შეიქმნა დარბაზობა, და დასხნეს ამირ-მირმან და შარვანშა თჳთეული თჳსსა ადგილსა ეგრეთვე ვაზირნი: მანდატურთ-უხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელიცა აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისა, დასუეს. მაშინდელი ზარი და ზეიმი ვისმანმცა ენამან გამოთქუა, ანუმცა ვისი გონება მისწუთა მეფობისა და სულტნობისა ერთად მქნელობასა, ათაბაგის ძისა და შარვანშა; ყმად ყოლასა, ყოვლისა მუსულმანობისა ტყუე-ქმნასა შინა და რომელნი დარჩომილ იყვნეს მოსლვასა და სამიწოდ თაყუანებასა შინა? შეიქმნა პურობა და ნადიმობა შესატყჳსი ჟამთა და მის დღისა.

მაშინ წარმოგზავნეს მახარობლად მანდატურთ-უხუცესი ჭიაბერი. და მოვიდა ტაბაჴმელასა და ჰკადრა თამარს საქმე აღსავსე სიხარულითა გამოუთქმელითა. ხოლო აღუზავებელითა და წყნარითა ტკბილითა სულითა და ლმობიერითა გულითა შეწირეს. ღმრთისა მიმართ მადლი და ქება ჯეროვანი.

და ქალაქს სლვისა გამომრჩეველნი მივიდეს სრასა. და მოვიდა მეფე და მის წინაშე ლაშქარნი, სავსენი წყალობითა ღმრთისათა, სახელითა მიუწდომელითა და სარგებელითა გამოუთქმელითა. მოიღეს ნიჭი, არმაღანი და განძი აურაცხელი კაცი (ჴელმწიფე-აზნაურთა მონამდის) თორმეტი ათასი, ავაზა ორმოცი, ცხენი ოცი ათასი, ჯორი შჳდი ათასი, აქლემი თხუთმეტი ათასი. დროშათა სხუათა, სიმრავლეთა საჭურჭლეთა, ოქროთა და ლართა ვინმცა უძლო აღრიცხვად? იქმნა თამარისა შეწყალება, რომლისათჳს დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობელისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა: მაშინ მას წარეგზავნა მოძრცჳლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასისათა. მიზეზად ძღუნისა- შემწირველობისასა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა.

ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთ-მთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.
სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.

შენ მიერ მისთჳს დრკუსა მის განმგებელი
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო.
შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად
ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად.

შენგან, ქალწულო, რომელსა შენთჳს დავით
როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად.
მე თამარ, მიწა შენი და მიერივე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თჳსობასა.
ედემს, ღადითად, სიმხნით, და ჩრდილოეთით

შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.

ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა
ჩუენნი მჴედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;
მოწყლნეს, მოსწყჳდნეს აგარის ნათესავნი.
მუნით მოსმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას.
შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!

და ვინათგან თამარ მზეებრ უხუ იყო და ყოვლად უჭნოთა მათ ნიჭთა ამღებელი იქმნებოდა, ამისგან თჳთოსა დამჯერებელმან აიღო საპატრონო პატრონმან ჴმელთა და ზღჳსამან. და მადლისა და წყალობისა გარდამჴდელმან აყარნა ლაშქარნი. ხოლო მწყემს ოდენ ეკმაებოდეს ტყუესა და ნატყუენავსა, და თჳთ იშუებდეს, იხარებდეს, ნადირობდეს და სუფევდეს ულუმპიანად და შუენიერად ბედიანნი და სჳანნი თამარ და დავით ორთა შვილთა თანა, ნათელ-მოსილთა და ბრწყინვალეთა.

აწ თქუას სიტყუამან ესეცა საძნაური და საბრალო. ვინათგან სიბრძნედ- და. მეცნიერობად ნათესავსა აგარიანთასა აქუს საქმე გრძნებისა და მოგუობისა განსწავლილთა იუნიტანისაგან, რომელ ნებროთ, იხილა კიდესა ზღჳსასა კჳროისა-ზე და დარიოსისა. შემდგომითი შემდგომად არიან მჩხიბავნი, მწამლველნი უარისმყოფელნი ღმრთისანი. აქაცა რწმენა ვინმე დიდძალისა ოქროსა ქადებითა ბუბუქარ ათაბაგ-ყოფილმან და ნახჭევანს გარდახუეწილმან მოწამლვა და სიკუდილი ძმისა მისისა ამირ-მირმანისა. და მისცეს წამალი სასიკუდინე და დასნეულდა. და გაგზავნეს კაცი მცნობებელი და მუნით დიდითა შიშითა და ზარითა, ასპიტისაგან კბილნი მთართახნი, ძლივ-სადმე მოვიდა მთასა კაპისსა, სანახებსა განძისანა. და ცნეს დასტური სიკუდილი.

მოვიდა ბუბქარ განძას; გავიდეს და შეიბნეს ყმანი ამირ-მირმანისეულნი. და ზოგნი დაჴოცეს და ზოგნი გარდახუეწნეს; თჳთ მოიფიცა განძა და გამაგრდა; შიშითა მანდ არა-დამყოვნელი ხანისა გავიდა ჯერთ უმეცარი ამირ-მირმანის სიკუდილისა, არა-დამხედავი მცირეთა ყოვლისა. გაემართა და მივიდა შანქორამდი. და მუნღა მოეგებნეს დიდებულნი არანისანი მტირალნი, დამსხმელნი თავსა ნაცრისანი, და ჰკადრეს: ჟამად აღარა იქმნებისო; სიმაგრეთა ესე წაუხუამთ და ბუბქარს აღარსად დაუდგნა ამას ქუეყანასა“.

მაშინ შემოიქცა მეფე დიდებულითურთ, მოვიდა წინაშე თამარისა და მსგავსად ალექსანდრესა, ვით დასდვა პატივი დიდი პორეს ლუსკუმასა შინა ჯდომითა, ეგრეთვე შავითა შეიმოსა ნათელი იგი, პირველი ნათლისაცა - უბრწყინვალესი, და დიდითა ცრემლითა მოიტირნა. დიდებულნი ხასაგიანნი და მონანი ამირ-მირმანისეულნი დიდითა პატივითა და სიყუარულითა დაიჭირნეს.

ხოლო ივანე მჴარგრძელი მჴნე და ბრძენი იყო ომთა და ლაშქრობისა საქმესა შინა. მოჰმართა, და გავიდა გელაქუნად მცირედითა ლაშქრითა, და დადარნა ვითარცა დათუმან მომზირალმან ბრჭალსა მტერისასა, ვით ლეკუმან ლომისამან, და ძეთა ისრაელისათა ძეთათჳს ბენიამენისთა, და არავინ იახლა თანა ყმა ფიცხელი.

ამას შინა თჳთ ივანე, მდგომმან მსტოვრობასა შინა, იხილნა ლაშქარნი შორს, ჯეკმად ათკეცად უფროს ლაშქართა მისთასა, მომავალნი განძით და მიმავალნი ქუეყანასა დვინისასა სურმანს, მასისის გჳრაბისა და შურისასა; თჳთ ბალშან, გაზრდილი ელდიგუზ ათაბაგისა, ლომი ჭაბუკი, პატრონი დვინისა და სომხითისა, ძმა სურმანელისა, სურმანელითა ლაშქრითა; ალი შურიშამი, დიდად მყოფი, კაცი მმარჯუე, ეგრეთვე დროშის პატრონი. ვინათგან [ივანე] კაცი გულ-მჴეცი იყო, არ დახედნა სიმცროსა მათსა და უფროსობასა მტერთა მათთასა, და გამომჴდომმან დაფანჩნა და დაპანტნა, ვითა წერონი ტუღრილმან და ვითა ჯოგი კანჯრისა ლომმან, დაჴოცნა, ამოსწყჳდნა და რისხვა ღმრთისა მოვლინა თავსა მათსა ზედა; თჳთ ბალშან, ლაშქარნი და დროშანი, მკუდრისაგან კიდე კაცი ცოცხალი ოთხი მოიღო. თჳთმპყრობელთა განაღამცა გაიხარეს დიდად წყალობათა მიმცემელთა და. ღმერთსა შესწირევდეს მადლობასა ჯეროვანსა.

და შეიყარა მეფე სპითა იმიერთა და ამიერთათა ქუყანასა განძისასა, და თამარ ჩავიდა დვინამდი, წინაშე მოვიდა შარვანშა სამსახურად; და გაგზავნა ლაშქარი, შემოქცეული დადგა აგარათა მორჭმითა და სუფევითა. და მოვიდეს კარსა განძისასა. ამწყუედელთა და მსრველთა არნისათა დაყვეს კარსა ქალაქისასა დღე ოცდახუთი. ცალკე ივანე მსახურთ-უხუცესმან, დიდთა ლაშქართა დაურიცხჳსა ალაფისა შინა გამომგზავნელმან, ხაჩინელნი დიდებულნი მიიტანნა წინაშე მეფისა. რამეთუ განმაქარვებელნი არანისანი, და განძისა და სხუათა ქალაქთგან ხარაჯა-ძლეულნი, [შემოიქცეს] სამეფოდ ძლევაშემოსილნი, შარვანშას თანამომტანელნი. მაშინ უბოძა საბოძუარი; და შემოსეს მრავალმრავალჯერ, გაგზავნეს შინა პატივითა.

და წარვიდეს ლიხთ-იმერეთს; შთასრულთა ზღუა პონტოსა მოიურვეს, და მოირჭუნეს დიდად და კარგად, ვინათგან ქუეყანა არტანისა, ძაღინის ჴევისა, პალაკაციო წაეღო თურქთა.

და თამარსა, გონებითა და განზრახვითა ბრძენსა, არ ავიწყდებოდა მას ყაბოს მკულეველი კეკოს. და მიუწია მარბიელმან ბასიანამდის და ურაბებამდი. ავსილთა დაიბანაკეს სისხლის მქონელსა, აწცა იხილვებოდა, მსგავსადვე ძუელ ოდესმე თქმულისა და მქონელისა, ქუეყანა და საყოფი მათი, ვითარცა „სისხლის მუცელი“.

ამა ძლევითა და გამარჯუებითა იყო თჳთ მეფე მეფეთა. არცა იგი უმადლოდ იპოებოდა გამმარჯუებელისა მისისა, არამედ დიდ-ბუნება იყო სკიპტრის მპყრობელთა შორის უსაჩინოესთა ესე თამარ.

ამისათვისცა უდიდესთაა ჴელ-ყო საქმეთა, რომელთა მთხრობელად მოწევნული მყის თავსა შორის ჩემსა, უჴმოსა და უგუნებოსა, მსგავსი იპოებოდი უმეცრებით ლექსთა მეტყუელებად. და ვინათგან საქმეთა დიდთა კეთილთა დავიწყებად შეიქნა, არა ჯერ ვიჩინე დადუმებად, რომელნი ზესთა ძალისა არიან არა ჩემთჳს ოდენ, არამედ ვგონებ პირველთა სიტყჳს-მოქმედთა ვინა უტყუელი პირი იტყჳს: „ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს“. და ამისმან მსმენელმან და კეთილად გულის-ჴმის მყოფელმან აღიხილნა თუალნი მაღლისა მიმართ და აღამაღლა გონება, ყოვლად რამე ბრძენი და კეთილად ცნობა-გონიერი, რომელი ყოვლითურთ შეეყო მაღალსა მას, ყოველთა ზედა მხედველსა, და შემსჭუალა თუალი მრუმედ მხედველი, რათა მეცნიერ ყოს და მას მხოლოსა ხედვიდეს.

ვერ შეიტყუა იგი საშუებელმან ამის საწუთროსამან, არცა მეფობამან გჳრგჳნისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმჴნემან, რომელი სიტყუა, ცხად-ყოს. არა მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან, ვითარ ძუელ-ოდესმე მეფენი მრავალნი და უმეტეს ამის სანატრელისა მამა, ყოველთა ბრძენთა უპირატესი და უმეტესი სოლომონ. ესრე უბრძნე იქმნა ბრძენისა მის, რომელ ესეოდენ შეიყუარა ღმერთი იგი და უცხო ექმნა საცთურთა სოფლისათა. ამან ისმინა ჴმა იგი უტყუელისა პირისა და შეიტკბო იგი, რამეთუ ღამე ყოველ მღჳძარება, ლოცვა, მუჴლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა განსაკჳრვებელ აქუნდა, და ღამე ყო ჴელსაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა. ერთი ოდენ ვაჴსენოთ.

ლოცვისა და ჴელსაქმარისა მიერ მაშურალმან მცირედ მიიძინის ბუნებითისა წესისაებრ ამას მცირედ მირულებასა შინა იხილა ჩუენებით რაცა საყოფელი, სახილავად ტურფა და სიკეთე-აღმატებული ადგილი, ყუავილთა, მწუანვილთა და ნერგთა მიერ განშუენებული, რომელი საწადელ იყო მხილველთათჳს და სიკეთესა და შუენიერებასა მისსა სამოთხისასა მითხრობა შეუძლებელ. ამას შინა იყო შესწორებული საყდრები და სარკმლები, პატიოსნად შემკული ოქროთა, რომელიმე ვეცხლითა, თჳთო ფერად განშუენებული საჯდომი თჳთოეულისა კაცისა, არძანგისაებრ საქმეთა, ნაქმარისა მისისა. ხოლო ზენა-კერძო იყო ტახტი, უპატიოსნესი ყოველთა დასაჯდომელთა, ოქროსა, შემკული თუალითა და მარგალიტითა პატიოსნითა. ამას სამოთხესა შინა შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი მას შინა ყოფისა მეფე თამარ. იხილა საჯდომები და განიზრახა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: „მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი“. და მყის მიმართა მან დაჯდომად. ხოლო წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლითა მოსილი და უპყრა ჴელი, მოხედნა და რქუა: „შენი არა არს საჯდომი ისი, რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად იმისსა“. და მეფე იტყოდა: „ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომი?“. მან რქუა: „საყდარი ისი შენისა დიასახლისისა არს, ამისთჳს რომელ ათორმეტთა მღდელთა მისთა. ჴელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და საშინლსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნისა მსხუერპლისა. ამისთჳს. იგი უზეშთაეს შენსა არს; დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფი შენი აქავე არს“. და უჩუენა უდარესი და უუნდოესი.

ვითარ განიღჳძა, წინაშე მოყვანებად სცა დიასახლისი იგი, რომელმან აღიარა თორმეტისა მღდელისათჳს უფროსად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვა და მღდელთა მიძღუანვა. მიერითგან იწყო ამანცა ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულისა მატყლისაგან სთვად და ქმნად შესამოსლისას ვიდრემდის ათორმეტად სრულ-ყოს.

თქმულ არს ესეცა, დაღათუ მოუწყობელ არ სიტყვა, ვითარმედ თჳსითა ჴელითა ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი ფას-რაოდენ დღივ შეჭამის. ჴელით-საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა აჴელსაქმრის და მისცის არა სამეფოდ შემოსავალთაგან. საეკლესიო ლოცვად წესი ლოცვისა დაუკლებელად. აღესრულებოდის, ვითარცა ტიბიკონი მოასწავებდა და განწესება პალესტინისა მონასტრისა მოგჳთხრობს, ყოველი სრულიად. დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერვინ დააკლდებოდა: მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს.

გარნა სამართალთათჳს მისთა არა იყო მიმმძლავრებელი, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი. იტყოდა, ვითარმედ: „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“. მოწყალებისათჳს კმა გეყავნ დადიანი ვარდან, გუზან, რომელი თუალ-მრუმე ოდენ ყვეს, ბოცოს-ძე ბოცო და ამათნი მიმდგომნი დიდებულნი და აზნაურნი, რომელნი ჩანან შეწყალებულნი.

ვინათგან უდიდესნი საქმენი წინამდებობენ, ვითა თქმულ არს, „ვინმცა მცნა მე ფრთენი ტრედისანი“, ვინმცა მცნა მე ისტორიათ-აღმწერელმან ქმნა ღმრთის-მოყუარესა თამარს წინაშე სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი?

მოვიდეს ძმანი ორნი მეფეს წინაშე მსახურებად, ძენი სარგის ამირსპასალარისანი, რომელნი მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნეს მეფისა მიერ: ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთ-უხუცესი. ყოველნი მკჳდრნი მეფის წინაშე იყვნეს: კათალიკოსი იოანე, სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე, და მცირენი ეპისკოპოსნი, და სხუანიცა საქართველოს წარჩინებულნი შეკრებულ იყვნეს. ვითარ კათალიკოსი იოანე უსისხლოსა მსხუერპლსა მღდელმოქმედებდა, მოიღო და შესწირამან ჟამი. აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მოუჴდებოდეს ჭამად სეფისკუერისა. ინება ზაქარია ამირსპასალარმან შეხებად და აღებად სეფისკუერისა. ხოლო მღდელთა არა მისცეს, რამეთუ იყო სარწმუნოებით სომეხი, შეჩუენებულთაგანი; და სირცხჳლითა იკადრა ზაქარია აღტაცებად სეფისკუერისა და შეჭმად. რომლისათჳს კათალიკოსი, ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა და ეტყოდა: „ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი იკადრებს მღდელმოქმედებასა სეფისკუერს თქუენ, შჳდგზის წყეულთა სომეხთა, მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს“. რომლისათჳსცა სირცხჳლეული წარვიდა ზაქარია კარვად თჳსად.

და დარბაზს მასერებელი ზაქარია ამირსპასალარი მცირედ რასმე სიტყუასა ჰყოფდა ურწმუნოსა, რამეთუ სიტყჳთა ჰგმობია სარწმუნოებასა ჩუენსა. ვითარ სულმობერული კათალიკოსი მიუგებდა და აუჴსნიდა, წინააღდგომად ვერ შემძლებელი ზაქარია ეტყოდა: „მე, მელაშქრე, ვერ კეთილად მეცნიერ ვარ სიტყჳს-გებად შენდა; არამედ მოუწოდო მოძღუართა სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელთა ჩემწილ სირცხჳლეულ-გყონ“. კათალიკოსი იოანე მიუგებდა: „იყავნ ნება ქრისტესი და მარადის-ქალწულისა ღმრთისმშობელისა, რომელმან სირცხჳლეულ ყვნეს უარისმყოფელნი თჳსნი“.

ამისმან მსმენელმან ზაქარია წარალინა კაცი კათალიკოსისა მიმართ მათისა, თანა-და ეპისკოპოსთა, ყოველთა ვარდაპეტთა და მეცნიერთა. ხოლო ივანე წინააღუდგებოდა და ეტყოდა: „განიყენე მაგისა ქმნად, რამეთუ უწყით, ვითარმედ ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე არს“. გარნა მხოლო არა ისმინა ზაქარია.

და მოვიდა კათალიკოსი ვანისა და ყოველნი ვარდაპეტნი და დაიდგა სამსჯავრო, და დაჯდა დედოფალი, დედოფლისა მოსავი, დავით მეფე და წარჩინებულნი საქართველოსნი ერთ-კერძო, მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ერთ-კერძო. მოუწოდეს კათალიკოსსა იოანეს. შევიდა და იტყოდა ფსალმუნსა ამას: „აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯა შენი, მოიჴსენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან ვითარ შევიდა, აღდგეს მეფენი და პატივით თანადაისუეს; ეგრეთვე მარღასთა და ვარდაპეტთა სომეხთა მათცა პატივი უყვეს წესისაებრ.

ვითარ მოკითხვამან ჟამი მოიღო, დადუმნეს ყოველნი და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა მათისა თქმად სიტყუა-მჭევრად და ვრცელ-სიტყუად, ვინცა კეთილად მოჴსენებულ იყვნეს. კათალიკოსი, ზეგარდამოთა ნიჭითა აღსავსე, გონიერებით აღუჴსნიდა და ბრძნად მიუგებდა უკურღუევად თქმულთა მათთა, ხოლო თჳსისა დამამტკიცებელად. და გაგრძელდა სიტყჳს-გება მიმწუხრამდე.

მოშიშმან ისტორიისა სიგრძისამან კმა-ვიყო თქმად: ვითარ უწყით სომეხთა სიტყუა-მასვეობისა, ძლიერი ღაღადი აღუტევეს, ცილობისა სწორი ძლევა იქმნებოდა. ამის მსმენელმან კათალიკოსმან იოანე, ღმრთის-მეტყუელისა მოსახელემან, ნუ უკუე ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულმან ანუ თუ მართლისა სარწმუნოებისა მინდობილმან-არა უწყის, აღაღო პირი ბრძნად მეტყუელი შეუვალთა სიტყუათა. ოდესმე დიდი ელია მსხუერპლსა ზედა მოხედვიდა ცეცხლითა ღმრთისა მიერ მლოცველი; იხილეთ, თუ ვითარ უაღრეს აღსაჴდელ არს უსისხლო მსხუერპლი-ჴორცი და სისხლი ღმრთისა კაც-ქმნულისა-მსხუერპლსა ზროხისასა, რომელი აჩრდილსა მწერებულად იყო, ეგოდენ უბრწყინვალეს და უზენაეს არს, რომელი აწ იქმნა და ითქუა, ვჰგონებ, სულისა მიერ წმიდისა, პირითა მსახურისა მისისა კათალიკოსისათა. რამეთუ თქუა:

„სახლით თარგამოსნო, რომელნი შეკრებულ ხართ ძჳნად და მტერად მართლისა სარწმუნოებისა! უწყითა, რომელ ნათესავსა კაცთასა ეუფლა ეშმაკი? დამყოფელმან თუალთა გონებისათამან შეასაკუთრნა ხრიზმოსთა, და არამეცნიერნი და დამტევებელნი ღმრთისანი უზორვიდეს კერპთა, ხახუსა და ნიორსა და ჯინჭარსა. ხოლო ღმერთი, არა უგულებელს-მყოფელი დაბადებულთა თჳსთა, ეზრახა აბრაჰამს და მერმე ნათესავსა მისსა; კუალად მოსეს მოსცა სჯული და მსჯავრი უკანასკნელ, უმეტესთა წყალობათა აღძრული, ზეცით გარდამოჴდა ერთი სამებისაგანი, შე და სიტყუა, ქალწულისა მარიამისგან ჴორცნი შეისხა და მსგავს კაცთა იქმნა, რამეთუ სისხლთაგან ქალწულისათა მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და სული სიტყჳერი, იქცეოდა კაცთა თანა და ყოველნივე განგებულნი აღასრულნა. რაჟამს შესაძრწუნებელი იგი ნებსით ჯუარცმა ეგულებოდა, ათორმეტთა მოწაფეთა თანა ისერა და სრულ-ყო პასექი ვითარ სრულ იქმნა, იწყო ახალსა ამას ღმერთ-მყოფელსა საიდუმლოსა: მოიღო პური, განტეხა და მისცა მოწაფეთა, და თქუა: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე ჴორცი ჩემი არს მისატევებელად ცოდვათა“ ეგრეთვე სასმელიცა: „ხუთ ამისგან, ესე სისხლი ჩემი არს“ და პირველ იტყოდა: „უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“. და კუალად იტყოდავე: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს. და მრავალ-სადმე არიან ესევითარნი სიტყუანი. აწ უკუე მომიგეთ: გრწმენა ესევითარნი ჴმანი მახარობელთანი“ - ხოლო მათ მიუგეს: „უცილობელ არს ეგე. რამეთუ მოგუცა ჴორცი და სისხლი მისი. რათა უკუდავებად ვჭამდეთ და ვსუმიდეთ; ესე არს ნიჭი დიდი ჩუენდა მომართ, რათა ქრისტეს ღმერთად აღმსარებელნი ვჭამდეთ ჴორცსა მისსა და ვსუმიდეთ სისხლსა მისსა“.

და კუალად კათალიკოსმან ჴმა ყო ბრწყინვალედ: „კეთილ, შვილნო, ვინათგან აღიარეთ, აწ უკუე ესეცა გრწამს, ვითარმედ ახალი სჯული და ახალი პასექი იყო სერობა იგი, და ყოველნი, ქრისტეს ღმრთად და კაცად აღმსარებელნი, მღდელ-ვმოქმედებთ ქრისტეს ვნებათა მომჴსენებელნი; ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; იგი არს სჯული ჩუენი და მცნება ახალი“.

ხოლო სომეხთა მიუგეს: „აგრე, ამას არავინ უმეცარ არს“.

კათალიკოსმან თქუა: „აწ უწყოდეთ, უკეთუ სარწმუნოება თქუენი უმჯობეს-სადამე არს, თქუენ მიერ შეიცვალების პური ჴორცად უფლისად. თუ ჩუენი უმჯობეს არს, ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული შეიცვალების ჴორცად უფლისად“.

მათ თქუეს: „ეგრეთ არს“.

კათალიკოსმან თქუა საშინელი სასმენელად სიტყუა: „საქმითა გამოვაჩინოთ, არა სიტყჳთა“.

მათ თქუეს: „რომელსა ჰყოფ, ჰყავ“.

კათალიკოსი ეტყოდა: „მოგცემ ძაღლსა ერთსა და დრო-გიყოფ სამთა დღეთა, რომე ღამე განათიოთ ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა; სამ დღე ძაღლი უჭმელად დამარხეთ. და ერთი ძაღლი მე მომეცით, სამ დღე უჭმელად დავმარხო, ღამე განვათენო ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა. და გამოჩნდეს მართალი სარწმუნოება. მესამესა დღესა აღვასრულებ უსისხლოსა მსხუერპლსა და მოვიღებ სეფისკუერსა ხელითა ჩემითა. დაღათუ არა საკადრებელ არს, დაუგებ ძაღლსა წინა, რომელი თქუენ გყავს, და ეგრეთვე თქუენ სეფისკუერი მოიღეთ და დაუგეთ ძაღლსა მას, რომელი მე მყავს. რომლისაცა შეჭამოს, მისი რწმუნება არა არს; თქუენი შეჭამოს, თქუენ გრცხუენეს; თუ ჩუენი შეჭამოს, ჩუენ გურცხუენეს“.

ესმა ესე მეფეთა და ერსა, განკჳრდეს და უღონოებამან მოიცუნა. ვითარ გონებად მოვიდეს, რქუეს კათალიკოსსა: „რა ესე სთქჳ, სასმენელადცა ზარია!“ კათალიკოსი უმეტეს დაამტკიცებდა. გარნა სომეხთა აღარ ენება, მისცნეს ძაღლნი ურთიერთსა, და წარვიდეს კარავთა მიმართ.

ხოლო მეფე, ძლიერად მბრძოლი, ეტყოდა კათალიკოსსა: „რა სთქუ, ვინ შემძლებელ არს ამისდა ქმნად, მოგონებად და სმენად, რამეთუ განსაკჳრვებელ არს?“ კათალიკოსი წყნარითა გონებითა მიუგებდა: „საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყავ, არამედ ვყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს და ვინ არიან მართლ აღმსარებელნი და ვისითა მღდელმოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხუერპლსა და ვისთა ჴელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თჳსსა, ანუ ვინ ვჭამთ ჴორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხად ვყოფთ ჭეშმარიტებასა. მეფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე“. განკჳრდა მეფე და ყოველი ერი, ისმინეს რა ბრძანება კათალიკოსისა, და წარვიდეს თჳს-თჳსად.

იყო დღე იგი პარასკევი. იწყეს ლიტანიობად: ერთკენ მეფემან და კათალიკოსმან და ყოველმან სამღდელომან კრებულმან (მცირედნი იყვნეს მუნ ეპისკოპოსნი, რამეთუ არა კრება ეყო მეფესა), და ერთ-კერძო სომეხნი და მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ღამე იგი ორთავე გაათენეს, შაბათსა კუალად იწყეს ლიტანიობად და მწუხრი ერთშაბათი გაათენეს. და აღმოჴდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიაი, ცრემლით მვედრებელნი ღმრთისანი. განამზადეს წმიდა ტრაპეზი ორგნითვე, იყო ტირილი ორისავე კრებულისაგან. და სრულ-ყო რა უსისხლოსა მსხუერპლისა შეწირვა, აღიქუა კათალიკოსმან ფეშხუმითა შესაძრწუნებელი იგი ჴორცი ჩუენთჳს კაც-ქმნილისა ქრისტეს ღმრთისა. წარმოვიდა კრებულისა მიმართ მგზავრ მეტყუელი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა მისითა“.

მოუწოდა სომეხთა ეპისკოპოსთა და მჴარგრძელთა და ყოველთავე სარწმუნოებისა მათისა ზიართა და ეტყოდა: „ისმინეთ აწ, სახლო თარგამოსისო! უწყით, რამეთუ ღმერთმან, ჩუენთჳს კაც-ქმნა მან, მოგუცა ჴორცი თჳსი საჭმელად მეტყუელმან: „უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ჩემი, არა გაქუნდეს ცხოვრება, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“. და მოციქულიცა იტყჳს; „პურსა ამას რომელსა განვტეხთ, არა-მე ზიარება ჴორცთა ქრისტესთა არს?“ აწ უკეთუ სარწმუნოება თქუენი ჭეშმარიტ არს, პური. ესე წმიდა ჴორცი ქრისტესი იქმნების; უკეთუ ჩუენი სარწმუნოება სთნავს, ჩუენ მიერ კურთხეულ იქმნების ჴორცად უფლისად ყოვლადვე ნუ იყოფინ, რომელ იკადროს რომელმანცა [უარისყოფაჲ]. აწ მოიყვანეთ ძაღლი, რომელი მე მოგეც; დაღაცათუ არა საკადრებელ არს, წინადაუგებ პურსა ამას წმიდასა. უკეთუ შეეხოს ძაღლი და იკადროს მიახლებად, არა სადამე არს სარწმუნოება ჩუენი. მოყვანებად ვცეთ ძაღლი თქუენი, დაუდვათ პური თქუენ მიერ კურთხეული; იხილეთ რაძი იქმნას, და მას ზედა გამოჩნდეს, ვისი სარწმუნოება სთნავს ქრისტესა“.

ხოლო სომეხთა დაღაცათუ არა ენება, გარნა არა იყო პასუხი სამართლისა; ძლით ეტყოდეს კათალიკოსსა: „შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად“. ხოლო იყო ერსა ზედა შემოსვლად ჯარი რაძი იქმნას. და ამისმან მსმენელმან კათალიკოსმან თქუა „მე ვყო“. და ბრძანა ერისა შორად განყენება და მრგულივ გარემოდგომა, რათა ყოველთა მიერ სახილველ იქმნას დიდებულება ღმრთისა და განდგა ერი შორადრე.

წარმოდგა კათალიკოსი იოანე შემოსილი, და ჴელთა ეტჳრთა ზარის ასაჴდელი იგი საიდუმლო, ჴორც-ქმნილი, მღდელ-მოქმედებული. მეფე და ყოველი ერი ხედვიდეს განცჳფრებულნი და შეძრწუნებულნი. და კათალიკოსი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული, ესრე მტკიცედ დგა განშუენებულითა პირითა. მაშინ მოყვანება ბრძანა სამ-დღე უჭმელისა ძაღლისა; და მოიყვანეს ძაღლი იგი შიმშილითა, განლიგებული. და წარდგა იოანე კათალიკოსი და აღმოუტევა ჴმა ბრწყინვალე: ქრისტე“ მეუფეო, ჴსნისათჳს კაცთასა განკაცებულო, ჯუარცმულოჩუენთჳს, დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ჴორცი შენი, რათა მოსაჴსენებლად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩუენი, შეუხებელად და მიუახლებელად დაიცევ ზარისა ასაჴდელი ჴორცი ესე შენი, ჩუენ მიერ მღდელ-მოქმედებული; შენ უკუე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი, და მოხედე მსხუერპლსა ამას და სირცხჳლეულ ყვენ წინააღმდგომნი ჩუენნი“.

და რაჟამს ესე ითხოვა, დააგო შესაძრწუნებელი იგი უსისხლოსა მსხუერპლისა აღმონაკუეთი მოყმარისა მის ძაღლისა წინა. ხოლო მხილველი პურისა ვითარ მიეტევა მიეახლა მიუახლებელსა მას; მყის ძლიერად იყჳირნა ძაღლმან და ვერ შეეხო წმიდასა მას წმიდათასა, და იხილეს განსაკრთომელი ესე სასწაული განკრთეს მეფე და ყოველი ერი, მაღლითა ჴმითა ჴმა-ყო. კათალიკოსმან და ყოველმან სიმრავლემან ერისამან: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი!“ და აღუტევეს ჴმა სიხარულისა მადიდებელად ღმრთისა ცრემლითა სიხარულისათა. ხოლო სომეხნი, უღონოებასა მიცემულნი, განკჳრვებულნი დგეს და უკჳრდა.

მაშინ ევედრა კათალიკოსი მეფესა, რათა დაადუმოს ერი იგი. და ვითარ დაწყნარდეს ჴმანი იგი, რქუა ნათელ-მოფენილითა პირითა მარღასთა სომხითისათა და მჴარგრძელთა: „მისმინეთ და უწყოდით: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და შეუხებელი ბოროტისა რომლისაგანვე, უბოროტო არს და მან თავადმან ბრძანა პურისა ამის წმიდისა ჴორც ქმნად. ნუ გიკჳრს, რამეთუ მანვე თქუა: იყავნ ნათელი და კუალად. გამოჩნდა ნათელი, „ჴმელ - და გამოჩნდა“, მანვე სიტყუამან არა-რასაგან ქმნა ჴმელი. არა თუ სახისმეტყუელებ არს, არამედ ჭეშმარიტად ჴორცი მისი. ამას რა შეეხებოდა? ჴორცი მისი და პური ანუ ორივე ერთ არს, ანუ უმჯობეს რომელიმე“.

ხოლო სომეხთა არათუ ენება, უნებლიეთ თანაედვა ამისი ქმნად. ვითარ მღდელნი დგეს და მოიყვანე ძაღლი, რომელი ჰყვა კათალიკოსსა, და მოუგდეს მსხუერპლი მათი. და მყის აღიტაცა. და ქართველთა იწყეს მადლობად ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა, იქით და აქეთ ხლდომითა მასვე იტყოდეს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ არიან საქმენი შენნი“. და კათალიკოსი შემოსილი შესუეს ჰუნესა თჳსსა, და ჴელთა ეტჳრთა ტაბაკითა სეფისკუერი და თანაჰყვებოდეს ყოველნი წარჩინებულნი და ლაშქართა შინა ვიდოდეს მეტყუელნი ესრეთ ფსალმუნსა ასოცდამერვესა:

„მრავალგზის მებრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ მერეოდეს.

„ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძეს უსჯულოება მათი.

„უფალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.

„ჰრცხუენოდენ და მართლ უკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი,

„უფალსა უგალობდით. რამეთუ დიდებით დიდებულ არს. უფალმან შემუსრნა მბრძოლნი, უფალ არს სახელი მისი.“

ესრეთ მხიარულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარცა მყუარი უტბო, ეგრეთ დგეს უჴმოდ, ქუეყანად მხედველნი, ვითარ ძუელ ოდესმე მღდელნი ასტარტესნი. ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი შემზადეს მეფემან და კათალიკოსმან.

ხოლო სომეხნი სირცხჳლეულნი წარვიდეს მჴარგრძელთა კარვად. ივანე მსახურთუხუცესი ეტყოდა ძმასა თჳსსა ამირსპასალარსა ზაქარიას ვითარმედ: „მე არა მენება ცილობა; ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა, რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა კათალიკოსისა მიერ?“ ხოლო იგი მიუგებდა: „უწყი, ძმაო, რამეთუ მართალი სჯული არს ქართველთა, მაგრა რომელი განიკითხვის დღესა მას, ჰკითხონ; მე არა შევერთვი ქართველთა!“ და ესმა ივანეს და რქუა: „მიკჳრს სიბრძნისა შენისაგან, რომელ უმჯობესსა არა არჩევ, მე არა შევერთჳ განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა ზედა ქართველთასა“.

რადღა საჴმარ არს სიტყუაა მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა იოანეს მიერ კათალიკოსისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად. და იქმნა სიხარული, და. ზაქარია ეგოვე ურწმნოებასა ზედა.

ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარსა, გარნა არცა ის უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთჳს ჴელ-ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯუებელსა მისსა ზეშთა-კურთხეულსა ვარძიისა ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიის ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან გამოჰკუეთა, თჳთ პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუვალ და უბრძოლველ იყო. ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ქმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, და შესწირნა მრავალნი და დიდროანი სოფლები, და შეჰკაზმნა ტრაპეზისა შემოსავალნი დიდნი, რომელი ყოვლისაგანცა მოთხრობა ძნელ არს. თუ ვისმე ნებავს ამისგან იხილენ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი და ნაშენები ქუაბ-ქმნილი. ვინა მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და განსაკრთომელისა სასწაულთა-მოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა, ამისათჳს უმეტეს პირველთა იდიდა მეფობა მისი.

ხოლო სხუანი საქმენი მისნი, აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი ისმინენით. არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენნა, არამედ პალესტინეს იერუსალემს. ააშენა პირველად მონასტერი; და კუალად კჳპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და კუალად კოსტანტინეპოლის აღაშენა მეტოქი მათი. და გრძელ სადამე არს ყოვლისა მოთხრობილობა, რომელ საბერძნეთს და ყოველსა ელადას შინანი მონასტერნი უხვად წყალობა-მიფენილ ყვნა და საქართველოსა მცირითგან მონასტრით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო.

ესრეთ კეთილად აღეპყრა საუკუნოსა გონებასა, და მომნიჭებელი წარმოუმატებდა საქმესა დღე-კეთილობასა შინა. და ყოველნი გარემოს მყოფნი მეფენი, ქალაქნი და ამირანი ძღუნითა და ხარკითა მომშჳდებდეს პირსა მჴნეთა სპათა მისთასა, და არბევდიან ურჩთა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>