ვითარ-იგი შეიპყრეს ქართველთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, და წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა. და დაიპყრეს ქართლი სპარსთა, და განრყუნეს ეკლესიანი, და დამალეს ჯუარები ქართველთა. და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლის-მსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი.
ხოლო ნათესავნი ქართველთა მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა. და შემდგომად სამისა წლისი უცალო იქმნა სპარსთა მეფე, რამეთუ აღდგეს მტერნი აღმოსავალით. მაშინ შეითქუნეს აზნაურნი ქართლისანი, მოიყვანეს და დასუეს მეფედ მცხეთას ძე თრდატისი, ძმის-წული მირდატისი, მეფისა წარტყუენულისა, სახელით არჩილ.
ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ნათესავი ივბიმიანოს მეფისა, სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობა სპარსთა; გამოაჩინნა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი; მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთით და წარძღუანებითა ჯუარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა.
მაშინ ერის-თავი სპარსთა მეფისა რომელი ერისთაობდა რანს და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობადმდე, მისი-ვე გასაგებელი იყო ქართლი. ამან შეკრიბა სპა რანისა და მოვაკანისა და ადარბადაგანისა, და მომართა არჩილს. ხოლო არჩილ, სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, მიეგება საზღვართა ზედა ქართლისათა და რანისათა, ეწყო მუნ მდინარესა ზედა ბერდუჯისასა, და ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა მოსრნა და ტყუე-ყვნა; შევიდა რანს, მოტყუენა და მოვიდა შინა გამარჯუებული. განავლინა ქადაგი ყოველსა შინა ქართლსა და რქუა ყოველთა: „არა ძალითა ჩუენითა, არ-ცა სიმჴნითა, არ-ცა სიბრძნითა, არ-ცა სიმრავლითა სპათათა ვსძლეთ მტერთა, არამედ ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, რომელმან მოგუცა წინა-მძღურად და საჭურველად ჯუარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა. შეწირეთ მადლობა, და მტკიცე-მცა არიან გულნი თქუენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა. და ყოველთა ქართველთა შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, და განაახლნეს ეკლესიანი.
მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფან-წმიდისა მცხეთას, კართა ზედა არაგჳსათა, სადა იყვნეს კოშკნი მტკიცენი საბრძოლნი, რომელნი მას-ვე აღეშენნეს.
ესუა ძე არჩილს, და უწოდა სახელი მისი მირდატ. აღიზარდა ესე მირდატ, და დადგა ასაკსა მამაკაცობისასა. მირდატ იყო მორწმუნე და ღმრთის-მსახური, ვითარცა მამა მისი; და იყო იგი ქუელი და შემმართებელი. ამან უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყუენვად რანსა და მოვაკანსა; რამეთუ მას ჟამსა უცალო იყო მეფე სპარსთა, და ბრძოდა იგი ინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდისა გამოგზავნად; და სპათა რანისა და მოვაკანისათა და ადარბადაგანისათა ემძლავრებოდეს ქართველნი. წინა-მძღუარ ექმნის მირდატ სპათა მამისა თჳსისათა, და მარადის ტყუენვიდის რანსა და მოვაკანსა.
მას ჟამსა შინა იყო რანს ერის-თავად ბარზაბოდ, და ვერა-ოდეს წინა-აღუდგებოდა იგი, არამედ განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და შესლვასა ქართველთასა რანს, სადა-ცა ეწყუნიან სპარსნი ნაწყუედთა ლაშქართა, მტყუენველთა ქართველთა, მარადის სპარსნი იძლეოდიან. ხოლო ბარზაბოდს, ერის-თავსა რანისასა, ესუა ასული ქმნულ-კეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისსა, სიშუენიერე მისი, და სმენითა სიშუენიერისა მისისათა ტრფიელ იქმნა მირდატ მის ზედა. მოაჴსენა მამასა თჳსსა: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშჳდობა. დაღათუ ძალითა ქრისტესითა ჩუენ ვართ მძლენი, არამედ ვერა ავიხუამთ ციხეთა და ქალაქთა რანისათა. ნუ უკუე იცალოს მეფემან სპარსთამან, და იძიოს ჩუენ ზედა შური, და მოაოჴრნეს ეკლესიანი და საზღვარნი ჩუენნი. და აწ ამით განქარდეს მტერობა ჩუენ შორის; რამეთუ ჩუენთჳს რა-ცა მოვაჴსენო მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ და შეურყეველად ვიპყრნეთ საზღვარნი ქართლისანი, და განმტკიცნეს სჯული ქრისტესი ქართლს, და არღარა შეიქმნას გულსა ქართველთასა იჭჳ და გმობა სჯულისა ქრისტესისა მძლავრებისათჳს სპარსთასა“. ესე ყოველი სიყუარულისათჳს ქალისა მირდატ წარმოთქუა.
მაშინ არჩილ მეფემან აღუსრულა ნება მისი. წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისსა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თჳსისა. ხოლო ბარზაბოდ განიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოჴრებულ იყო ქუეყანა მისი და შესჭირვებოდა: ითხოვა ფიცი და აღთქმა მშჳდობისათჳს და მისცეს ფიცი. და მოსცა მან ასული თჳსი ზითვითა დიდითა: მოიყვანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი, შუება და განცხრომა დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშჳლდე ძესა თჳსსა საერისთოთა მისითა, და მუნ დასხდეს მირდატ და საგდუხტ.
ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი: რამეთუ ქმარმან მისმან მოჰგუარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი, და უთარგმანეს სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. და ამხილეს, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არს, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა. მაშინ საგდუხტ გულის-ხმა ყო და იცნა სჯული ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და მან აღაშენა სიონი სამშჳლდისა.
ამის არჩილის-ზე გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი. და ბასილისა შემდგომად ამან-ვე არჩილ დასუა ეპისკოპოსი, რომელსა ერქუა მობიდან. ესე იყო ნათესავად სპარსი, და აჩუენებდა იგი მართლ-მადიდებლობასა. ხოლო იყო ვინ-მე მოგჳ უსჯულო და შემშლელი წესთა, და ვერ უგრძნა არჩილ მეფემან და ძემან მისმან უსჯულოება მობიდანისი, არამედ ჰგონებდეს მორწმუნედ. და ვერ-ცა განაცხადებდა ქადაგებასა სჯულისა მისისასა შიშისაგან მეფისა და ერისა, არამედ ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა საცთურებისასა, რომელი შემდგომად მისსა დაწუა ყოველი წერილი მისი ჭეშმარიტმან ეპისკოპოსმან მიქაელ, რომელი განიკუეთა კადრებისათჳს ვახტანგ მეფისა.
ხოლო ამან არჩილ მეფემან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულნა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა, ეკლესიათა შენებასა, და ყოველსა ქართლსა შინა განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი და მსახურნი ეკლესიათანი, და მოკუდა.
და დაჯდა მეფედ მის წილ ძე მისი მირდატ და მეფობდა იგი, ვითარცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა. მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და უწოდა სახელი მისი ხუარანძე. კუალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე. და შემდგომად ოთხისა წლისა საგდუხტ მიუდგა და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარან-ხუასრო-თანგ, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგ. აღივსნეს სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა ყრმისა ამის ვახტანგისსა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერის-თავთა. და გამოიღეს ხუასტაგი დიდ-ძალი, ოქრო და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, ლოცვითა და ღამის-თევითა, დღეთა მრავალთა.
და შემდგომად ამისა მოხადა მეფემან ყოველთა წარჩინებულთა ქალაქად; და დღეთა მრავალთა ყო პურობა და განცხრომა, და ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა აღზრდისათჳს ყრმისა ვახტანგისსა. მოითხოვა მეფისაგან საზრდოდ საურმაგ სპასპეტმან ვახტანგ, დიდითა ვედრებითა, ხოლო მიანიჭა მეფემან და მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ. რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან. შემდგომად ამისსა, მეექუსესა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხუა, და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი საზრდოდ სპასალარმან კასპისამან, და მისცა იგი მეფემან; და წარიყვანა იგი ქალაქად კასპისა, და იზარდებოდა მუნ. შემდგომად ამისსა წელსა მეორესა მოკუდა მეფე მირდატ; და დარჩა ვახტანგ შჳდისა წლისა ყრმა.
მაშინ საგდუხტ დედოფალმან, შეწუხებულმან მამისა მისისა ბარზაბოდისგან, ნუ უკუე შური იგოს მამამან ჩემმან ნაქმრისათჳს მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელ ეგეოდენნი ბოროტნი მოეწივნეს მის ზედა, და ნუ უკუე შური იგოს ჩემ ზედა დატევებისათჳს სჯულისა, და წარწყმიდოს შვილი ჩემი, განრყუნას ქართლი და სჯული ქრისტესი წარწყმიდოს“ - ესე ყოველი მოიგონა და შთავარდა მწუხარებასა შინა დიდსა. ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წარსლვა წინაშე მამისა მისისა და შევრდომა მისი. მოიყვანნა ყოველნი ერის-თავნი სპასპეტისა თანა, და ცრემლითა სიმწარისათა შევედრა ძე მისი სპასპეტსა და ყოველთა ერის-თავთა.
და წარვიდა ბარდავს მამისა თჳსისა თანა. განიღო თავი, და უყარნა მუჴლნი, და აღმოყარნა ძუძუნი მისნი, დავარდა პირსა ზედა და დადვა პირი თჳსი ფერჴთა მისთა ზედა, დაალტობდა ფერჴთა მამისა თჳსისათა ცრემლითა და ითხოვდა მისგან შეწვალებასა და არა ჴსენებასა ნაქმართა მამამთილისა და ქმრისა მისისათა, და შენდობასა დატევებისათჳს სჯულისა. და ევედრებოდა, რათა არა აიძულოს დატევება ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი. და ევედრებოდა, რათა იპყრას. შვილი მისი მამულსა შინა მისსა, და მოურავ ექმნეს იგი სპარსთა მეფესა წინაშე.
მაშინ ბარზაბოდ, განმზადებულმან ბოროტის ყოფად ქართველთათჳს, შეიწყალა ასული თჳსი: არა აიძულა დატევება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვა მისი ხოლო სჯულისათჳს ესრეთ რქუა: „იძულებით არ-ცა-ვის ქართველსა სხუასა დაგაგდებინებ სჯულსა ქრისტესსა, არამედ მივგზავნნე ცეცხლის-მსახურნი ქალაქსა თქუენსა და იყვნენ მუნა ეპისკოპოსნი მათ ზედა სჯულისა ჩუენისანი. და ვინ-ცა ქართველი ნებითა თჳსითა აღირჩევდეს სჯულსა ჩუენსა, ნუ აყენებთ“. მაშინ საგდუხტ ერჩდა მამასა თჳსსა შიშისაგან დიდისა, და აღუთქუა მინდობითა ღმრთისათა, და წარმოვიდა ქართლად.
მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნა ცეცხლის-მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოსად ბინქარან, და დასხდეს მოგუთას. და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა ძალითა და შეწევნითა მამისა თჳსისათა. და მოკუდა ბარზაბოდ, მამა საგდუხტისი, და მის წილ დაადგინა სპარსთა მეფემან ძე-ვე მისი ვარაზ-ბაკურ, ძმა საგდუხტ დედოფლისა. და მოკუდა საურმაგ სპასპეტი, მამა-მძუძე ვახტანგისი.
მაშინ მეფემან დაადგინა სხუა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ. ხოლო ბინქარან, ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა, ასწავებდა ქართველთა სჯულსა თჳსსა, არამედ არა-ვინ ერჩდა წარჩინებულთაგანი, გარნა წურილი ერი მიიქცა მრავალი ცეცხლის-მსახურებასა.
და შეერია ქართლს წურილსა ერსა ცეცხლის-მსახურება ამისთჳს მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერას იკადრებდა. მაშინ მოიყვანა მღდელი ჭეშმარიტი საბერძნეთით, სახელით მიქაელ, და დაადგინა იგი ეპისკოპოსად ზემოსა ეკლესიასა, რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვალებულ იყო და ესე მიქაელ ეპისკოპოსი წინა-აღუდგა ბინქარან მაცთურსა, რამეთუ ასწავებდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა. ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი და ერი-ცა უმრავლესი, არამედ მცირედნი ვინ-მე წურილისა ერისაგანნი მიიქცეს ცეცხლის-მსახურებასა.
მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოჴრნეს ველნი არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თჳნიერ კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყუე ყვეს, და წარიყვანეს დაჲ ვახტანგისი მირანდუხტ, სამის წლის ქალი. რომელ დაურჩეს წარუტყუენველად ჴევნი ქართლისანი, კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი, ჩავლეს რანისა და მოვაკანისა, წარტყუენეს იგი-ცა და განვლეს კარი დარუბანდისა, რამეთუ თჳთ გზა სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯუებულნი.
მას-ვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის-წყალს ქუემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯადმდე. მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: „განვამრავლეთ ცოდვა ღმრთისა მიმართ, და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა ესე რისხვა, რამეთუ მიგუცნა ჩუენ წარტყუენვად უცხოთა ნათესავთა, და მიგჳღო ჩუენ საზღვარი ბერძენთაგან, ვითარცა მიუღო ვარაზ-ბაქარს მეფესა კლარჯეთი. და იგი ცოდვითა ვარაზ-ბაქარისითა მოიწია, რამეთუ ვერ კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა მეფეთა ჩუენთა ცოდვისაგან იქმნა, არამედ ერისა ცოდვათაგან აწ მეფე ჩუენი ყრმა არს, და არ გჳვის ჩუენ წინა-მძღუარი, რომელი-მცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისათა წარგჳძღუა ჩუენ. და ვიძიოთ ჩუენ შური პირველ ოვსთა ზედა, და შემდგომად-მცა ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძენთაგან“. ამას იტყოდეს ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა.
მაშინ ვახტანგ იზარდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისა-ვე დღეთა შეიყუარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისთჳს, რამეთუ შემორეოდა ქართლს ცეცხლის-მსახურება ტყუეობისა და საზღვართა მიხუმისაგან. და უმეტეს იურვოდა სჯულისათჳს გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად.
მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა თხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად. და განმზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ორნი-ვე ეპისკოპოსნი დასხდეს საყდართა-ვე, და სხუანი ყოველნი ერის-თავნი დასხდეს სელებითა, და ათასის-თავნი და ასის-თავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე.
მაშინ მეფემან, ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა, იწყო ზრახვად ჴმითა მაღლითა და თქუა: „მეფეთა და ერთა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან: ოდეს მორწმუნეთა აკლონ მსახურება ღმრთისა და გარდაჰჴდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესე-ვითართა ზედა, რომელი აწ ესე მოიწია ჩუენ ზედა, ვითარცა რა მამა კეთილი წურთინ შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა. და უკეთუ არა კეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თჳსისასა, გუემს მამა იგი გუემითა და სწავლითა, რათა ისწავოს ყოველი კეთილი და იქმნას საჴმარ კეთილისა. ეგრეთ-ვე გუწუართნა ჩუენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან. ამისთჳს გჳჴმს ჩუენ, რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა“ მაშინ ყოველთა მისცეს მადლი ღმერთსა.
კუალად იწყო ზრახვად მეფემან ვახტანგ და თქუა ყოველთა წარჩინებულთა: „ისმინეთ ჴმისა ჩემისა; დაღაცათუ ყრმა ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი' მამათა კულა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქუენ, რომელნი დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა. აწ უკეთუ გუაცოცხლებს ღმერთი, მოგხუდენ კეთილნი და დიდებანი, რომელნი არა გეხილნენ მამათა ჩემთაგან. აწ რომელსა გეტყჳ თქუენ, დაღაცათუ ჩემ ზედა და თქუენ ზედა სწორად მოწევნულ არს განსაცდელი ესე, არამედ ესრეთ იპყართ, ვითარ-მცა არა მოწევნულ არს თქუენ ზედა, არამედ ჩემ ზედა ოდენ. და არა იყოს გულსა ჩემსა სიტყუა, თუ რომელ მოიწივნეს მათ ზედა განსაცდელნი, თჳსისა შურის-გებისათჳს ჰყოფენ ამას. არამედ ყოველნი ჩემდა სამსახურებელად დავითუალო, ყოვლისათჳს კეთილი მოგაგო. და არა დავითმინო კიცხევა ოვსთა, არამედ სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოსათა, და წარძღუანებითა ჯუარისა მის პატიოსნისათა, რომელი მოცემულ არს წინა-მძღურად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, და ვიძიოთ შური ოვსთა ზედა უკეთუ-მცა წარგუკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ. არამედ რა მოწევნულ არს ჩუენ ზედა ოვსთა კიცხთაგან, არა ჴამს დათმენა: სიკუდილი სჯობს თავთა ჩუენთათჳს.
მაშინ აღდგა ჯუანშერ სპასპეტი და თქუა: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე დიდებით და მტერთა შენთა ზედა ნება-აღსრულებით. ჭეშმარიტი ბრძანე, ცოდვათა ჩუენთა მიერ მოიწია განსაცდელი ესე ჩუენ ზედა, და სამართლად დაგუსაჯნა ღმერთმან: რამეთუ განვამრავლეთ ცოდვა წინაშე მისსა. და გჳღირს მადლობა ღმრთისა მიმართ: რამეთუ დიდსა პატიჟსა ღირს ვიყვენით და არა ეზომსა, რომელ მოიწია ჩუენ ზედა; არამედ მრავალ-მოწყალემან არა შეცოდებათა ჩუენთა ოდენი პატიჟი მოგუაგო, და ამით კნინითა პატიჟითა გუწუართნა. და ჩუენ, მკჳდრთა ქართლისათა, ამისთჳს დიდი მადლობა გჳღირს ღმრთისა მიმართ. რამეთუ შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა უფროსი, ყოვლითა-ვე სრული, მსგავსი ნებროთ გმირისა, გამოგაჩინა წინა-მძღურად ჩუენდა და მოცემულ ხარ ღმრთისა მიერ განმაქარვებელად ჭირთა ჩუენთა, ძუელთა და ახალთა. და უკეთუ ცოდვანი ჩუენნი არა დასძლევენ, შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩუენთასა და უმეტეს წარმატებასა საზღვართა ჩუენთასა ყოვლისა ჟამისასა, რამეთუ არა-ვინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა. ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, რათგან მოწევნულ არს ოვსთაგან ხუთსა ამას წელსა შინა, ყოფილ-ვართ ჩუენ მწუხარებასა შინა დიდსა, ამისთჳს რამეთუ ყრმა იყავ, და არა ძალ-გედვა მჴედრობა და წყობათა წინა-მძღურობა, და არ-ცა შინა მეფობისა განგება. აწ, მეფეო, დაღაცათუ სრულ ხარ სიბრძნითა და ძალითა, სიმჴნითა და ასაკითა, არამედ გაკლს სისრულე დღეთა მჴედრობისათჳს. ხოლო ვხედავ სიბრძნესა შენსა: დაღაცათუ ყრმა ხარ, არამედ ძალ-გიც განგება მეფობისა, ხოლო მჴედრობისა და წყობათა წინა-განწყობისა შენისა არა არს ჟამი. ესე არს განზრახვა ჩემი, რათა სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისათა გამოარჩიე ერთი ვინ ჩუენგანი წინა-მძღურად სპისა ჩუენისა, და მიგუცენ ჩუენ ყოველნი მას, და ვიყვნეთ მორჩილ ვითარცა მამისა შენისა, და ძალითა სამებისა, ღმრთისა ერთარსებისათა, წარვიდეთ და ვიძიოთ შური. ხოლო შენ იყავ შინა და განაგებდი მეფობასა. უკეთუ ცოდვათა ჩუენთაგან ვიძლივნეთ ოვსთაგან, მეფობა შენი უვნებელად დარჩეს; ხოლო უკეთუ კუალად თავითა შენითა ცოდვათა ჩუენთაგან იძლიო, სრულიად წარწყმდეს. ქუეყანა ჩუენი, რამეთუ ნაცვალი შენი არა არს ქუეყანასა ზედა“. ესე თქუა ჯუანშერ სპასპეტმან და დაემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი და ერის-თავნი ზრახვასა მისსა.
მაშინ თქუა მეფემან: „ვითარ ხუდების სრულსა სიბრძნესა და ერთ-გულობასა შენსა, ეგრეთ წარმოსთქუ ყოველი, ჯუანშერ, ხოლო მე არა ვარ მორჩილ ზრახვისა მაგის შენისა, რამეთუ, რათგან მოწევნულ არს განსაცდელი იგი ჩუენ ზედა, ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელსა შინა. და სიბრალული დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა ვითარცა მახჳლი ცეცხლისა, და სიკუდილი მირჩევნია თავისა ჩემისა, ვიდრე-ღა სიცოცხლესა. არამედ მინდობითა ღმრთისათა და წინა-მძღურობითა ჯუარისა მის პატიოსნისათა თავითა ჩემითა წარვალ, და ვესავ მრავალ-მოწყალებათა მისთა, - არა გამწიროს და მომცეს ძლევა“.
მაშინ ვითარ ვერ-ღა-რა დაუშლიდეს, მიემოწმნეს ყოველნი იგი წარჩინებულნი და თქუეს: „ცხოვნდინ, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვა შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, დაამტკიცენ მეფობა შენი“.
<< წინ |