მე, აბიათარ მღდელი, ვიყავ წილით ხუედრებული მის წელიწადისა, ოდეს წმიდა ესე და ნეტარი ნინო მოვიდა მცხეთად. და მას-ვე ჟამსა მოწევნულ იქმნა ჩემდა წიგნი ანტიოქიით ჰურიათაგან მღდელთა, რომელსა შინა წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ: „სამად განხეთქა ღმერთმან მეფობა ისრაელისა. აჰა ესე-რა, წინასწარმეტყუელნი ჩუენნი დასცხრეს, და რომელსა სული აწუევდა, აღესრულა ყოველი და განვიბნიენით ჩუენ ყოველსა ქუეყანასა, და ჰრომთა დაიპყრეს ქუეყანა ჩუენი; ვტიროდით ჩუენ ერით-ურთ, რამეთუ განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი. აწ განიხილენ წიგნნი მოსესნი და სიტყუა იგი, რომელი დამიწერა ჩუენ ესე ყოველი, ვითარმედ: „რომელი იტყოდა ქუეყანასა ზედა თავსა თჳსსა ძედ ღმრთისად, მოკუედინ-ო“. ანუ-მე უკუე შევსცეთით ნაზარეველისა იესოს სიკუდილისა. რამეთუ ვხედავთ, ოდეს პირველ მამათა ჩუენთა შესცოდიან ღმერთსა და ყოვლად დაივიწყიან იგი, და მისცნის იგინი ჴელმწიფესა ძნელსა და ტყუეობასა; და ოდეს მოიქციან და ღაღად-ყვიან, მსწრაფლ განარინნის იგინი ჭირისაგან.
„ესე შჳდ-გზის ვიცით წერილისაგან. ხოლო აწ ვინათგან ჴელი შეახეს მამათა მათ ჩუენთა ძესა მას დედა-კაცისა მწირისასა და მოკლეს იგი, აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა მისისა ჩუენ ზედა და განხეთქა მეფობა ჩუენი, განმაშორნა ტაძარსა მისსა წმიდასა და უგულებელს-ყო ნათესავი ჩუენი სრულიად. და არს მით ჟამითგან სამასი წელი და უმეტეს-ცა, რომელ არა ისმინა ვედრება ჩუენი და არ-ცა-ღა ყო ლხინება ჩუენი. რომლისათჳს საგონებელ გჳჩნს, ვითარმედ ნუ უკუე და ზეცით იყო განგება ესევითარი“. განმრავლდა მოწერილი.
ხოლო მე, ვითარცა მესმა ესე, ვიწყე კითხვად დედა-კაცისა მის ნინოსგან ქრისტესთჳს, თუ ვინა იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათჳს იქმნა კაც ძე ღმრთისა. მაშინ აღაღო პირი თჳსი წმიდამან ნინო, ვითარცა ჯურღმულმან აღმომდინარემან, და იწყო სიტყუად საუკუნითგან, და წიგნთა ჩუენთა ზეპირით აღმოიტყოდა და განმიმარტებდა, და ვითარცა მძინარესა განმაღჳძებდა და ვითარცა დასულებულსა გონიერ-მყოფდა, და მამათა ჩუენთა შემაწყალებდა, და სჯულისა ცვალებასა დამაჯერებდა, ვიდრემდის მრწმენა სიტყუათა მისთა: იესო ქრისტე ძე ღმრთისა, ვნება მისი და აღდგომა, მეორედ მოსლვა მისი საშინელი და სადა-იგი არს მოლოდება წარმართთა. მე და შვილი ჩემი ღირს ვიქმნენით მოღებად საპკურებელსა მას განსაწმედელსა ცოდვათაგან, ემბაზისა წყალსა, რომელსა ინატრიდა დავით და ვერ ეწიფა. და მესმა ჴმა ახლისა სჯულისა, ეჰა საგალობელთა, რომელსა ინატრიდა დავით. და ღირს ვიქმნენით ზიარებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისასა, და კრავსა ცოდვათათჳს სოფლისათა შეწირულსა, რომლისა ტკბილ არს გემოს-ხილვა მისი. და ამას. ზედა, უფალო, ყავ განსლვა ჩემი ჴორცთაგან ჩემთა. და კუალად მრავალნი სასწაულნი იხილნა თუალმან ჩემმან მცხეთას, წმიდისა ნინოს მიერ აღსრულებული დღეთა ჩუენთა“.
“მე, აბიათარ, მიგითხრობ თქუენ თხრობასა მას, რომელი მეუწყა და ყურითა ჩემითა ვისმინე მამისა და დედისა ჩემისაგან და რომელი წიგნთაგან-ცა უწყი. რამეთუ მათ-ცა პაპათა და მშობელთაგან თჳსთა მოთხრობით და სმენით უტყოდეს ესრეთ, ვითარმედ: ოდეს-იგი ჰეროდე მეფობდა იერუსალემს, მაშინ გუესმა ესრეთ, ვითარმედ „იერუსალემი სპარსთა დაიპყრეს-ო“. რომლისათჳს-იგი იქმნა გლოვა და წუხილი ჰურიათა ზედა ქართველთა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდის-წყაროელთა მწიგნობართა და სობის კანანელთა თარგმანთა - ესე ყოველნი აღიძრნეს სივლტოლად. ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა მოვიდა ღაღადისი ნუგეშინის-ცემისა, ვითარმედ: „სპარსნი არა დაპყრობად მოვიდეს იერუსალემისა, არამედ საჭურველისა წილ აქუნდა ოქრო სამეუფო, და მური მსწრაფლ მკურნალი წყლულებათა და გუნდრუკი სულ-ამო. და ეძიებდეს ყრმასა ვის-მე შობილსა, ძესა დავითისსა, რე-ცა პოვეს მწირი ერთი, მწირისა დედა-კაცისაგან შობილი უჟამოდ და უადგილოსა ადგილსა. და ესენი მის ყრმისა მოვიდეს თაყუანის-ცემად, და შეწირეს მისა ძღუენი იგი“ და იქმნა სიხარული დიდი ყოველთა ზედა ჰურიათა ქართველთა.
„ხოლო შემდგომად ამისსა, ვითარ გარდაჴდა ოცდაათი წელი, მაშინ მოუწერა ანა მღდელმან იერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: „იგი, რომლისათჳს სპარსნი მეფენი ძღუნითა მოვიდეს, აღზრდილ არს იგი და ჰასაკსა საზომსა მიწევნულ არს, და თავსა თჳსსა ხადის ძედ ღმრთისად. მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა, რათა აღესრულოს მცნება მოსესი“. და წარვიდა აქათ ელიოზ, მამის მამა ჩემი, კაცი მოხუცებული; და ესუა მას დედა ტომისაგან ელია მღდელისა, და ესუა მას დაჲ ერთი. და ევედრებოდა ელიოზს დედა მისი ესრეთ: „წარვედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა სჯულისასა; ხოლო რომელსა-იგი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობა შენი, ნუ შვილო რამეთუ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა და იგავი ბრძენთა“. და წარვიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა.
ხოლო ოდეს დამსჭუალეს უფალი და პასანიკმან კუერითა დაჰკრა სამსჭუალთა, აქა დედასა ელიოზისსა ესმა, და იკრჩხიალნა და თქუა: „მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მაცხოვარი და იქმნენით მკლველ შემოქმედისა. ვაი თავსა ჩემსა, რომელ არა წინა-ვე მოვკუედ, რათა-მცა არა სმენილ იყო ყურთა ჩემთა“. და ამას ზედა შეისუენა.
„ხოლო კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წარმოიღო ელიოზ, და მოიღო მცხეთას. და მიეგება დაჲ მისი, შესუარული ცრემლითა: მოეხჳა ყელსა ძმასა თჳსსა და მოუღო სამოსელი იგი იესოსი, შეიტკბო მკერდსა თჳსსა და მსწრაფლ სულნი წარჴდეს, სამითა ამით ტკივილითა: ქრისტეს სიკუდილისათჳს, და დედისათჳს, და ძმისათჳს, რომელ ეზიარა სისხლსა უფლისასა.
„მაშინ იყო საკჳრველი დიდი და შეშფოთება მცხეთას შინა. რამეთუ განკჳრდა თჳთ დიდი მეფე ადერკი და ყოველი სიმრავლე ერისა და მთავართა. და სთნდა მეფესა ადერკის სამოსელი იგი, გარნა საკჳრველებისა მისგან ზარ-განჴდილ და შეშინებულ იქმნა იგი და არა ინება გამოღება ჴელთაგან მის მკუდრისათა, რომელსა-იგი მაგრად და სურვილით შემოემკრდა. და ელიოზ დამარხა დაჲ თჳსი, და ჴელთა აქუნდა სამოსელი იგი უფლისა. და არს ადგილი იგი, რომელი უფალმან უწყის.
შემდგომად მრავალთა წელიწადთა ძის-წულის შვილმან ადერკი მეფისამან, მეფემან არმაზაელ, ძიება ყო სამოსლისა მის ჰურიათა თანა და არა პოვა. რამეთუ აუწყეს ესე ყოველი, რომელი იყო, და არა-ვინ უწყის ადგილი იგი თჳნიერ ამისა, რომელ „არს მახლობელად ნაძჳსა მის ლიბანით მოღებულისა და მცხეთას დანერგულისა და აღორძინებულისა“. რამეთუ მრავალ-გზის ბრძანა დედამან ჩუენმან, წმიდამან ნინო, რათა-მცა მოვიძიეთ სამოსელი იგი, გარნა მას-ცა ესდენ მიეთხრა: „არს ადგილი იგი, რომელსა ზედა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ“. ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა დასავალით, წიაღ მოგუთასა, ჴიდსა ზედა.
მათ დღეთა შინა მრავალ-გზის იხილა ჩუენება წმიდამან ნინო მცირედსა მას მირულებასა მისსა მუჴლთა მისთა ზედა, რე-ცა მოვიდიან მფრინველნი ცისანი, ფერითა შავნი, და შთავიდიან მდინარესა მას შინა, განიბანნიან და განსპეტაკნიან, და აღვიდიან სამოთხესა მას, ბაბილოსა მოისთულებდიან და ყუავილსა მას ძოვდიან, და ესრეთ მოწლედ და სურვილით წმიდისა ნინოსდა მივლენ, რე-ცა მისი არს სამოთხე იგი, გარე მოადგიან ჟივილით შუენიერად. ესე უთხრა წმიდამან ნინო მოწაფესა თჳსსა სიდონიასა, ასულსა აბიათარისსა. ხოლო სიდონია რქუა წმიდასა ნინოს: „უცხოო და აქა შობილო ტყუეო და ტყუეთა მჴსნელო, უწყი, რამეთუ შენ მიერ მოიწია ახალი ესე ჟამი, და შენ ძლით ისმის ამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი ზეცისა მის კაცისა ზედა, უბრალოსა მის სისხლისა უსამართლოდ დათხევა, რომლითა-ცა იქმნა ჰურიათა სირცხჳლი: ცის-კიდეთა განბნევა, მეფობისაგან დაცემა, ტაძრისა მის წმიდისა მიღება, ერისა უცხოსა წოდება და დიდება მათი მათდა მიცემად: იერუსალემ, იერუსალემ, ვითარ განგიმარტვან ფრთენი შენნი და შეიკრებ ყოველთა ცის-კიდისა ნათესავთა ფრთეთა შენთა ქუეშე. აჰა, აქა-ცა მოსრულ არს დედა-კაცი ესე, რომელმან შესცვალოს ყოველი წესი ამის ქუეყანისა“ და კუალად-ცა მიექცა წმიდასა ნინოს და რქუა: „ჩუენება ესე შენი არს, რამეთუ ადგილი ესე შენ მიერ იქმნეს სამოთხე“.
„ხოლო ვითარ მოვიდა მირიან მეფე საბერძნეთით, ოტებული კოსტანტინე მეფისაგან, და ვიდრე მოსლვადმდე მისა განეცხადა წმიდასა ნინოს ქადაგება ქრისტეს სჯულისა. რამეთუ იტყოდა იგი ჴმა-მაღლად, ვითარმედ: „გპოვენ მკჳდრნი ჩრდილოსანი ცთომასა შინა“, და გამოაჩინა ჯუარი იგი ნასხლევისა, და მით იქმოდა საკჳრველებათა დიდთა. რამეთუ განრღუეულნი განკურნის თჳნიერ წამლისა, შეხებითა ჯუარისათა. და მის თანა ქადაგებდეს მოწაფენი მისნი, რომელნი პირველ ფარულად დაემოწაფნეს, შჳდნი დედანი, ნათესავნი ჰურიათანი: სიდონია, ასული აბიათარისი, და ექუსნი სხუანი; და სამოთხისა მცველნი იგი ცოლ-ქმარნი, და აბიათარ მღდელი, ახალი იგი პავლე, რომელი უშიშად და დაუცხრომელად ქადაგებდა სჯულსა ქრისტესსა, რომელი ფრიად მეცნიერ იყო ძუელისა სჯულისა, და ახალი ესე სჯული ესწავა წმიდისა ნინოსაგან და უმეტეს ნინოსსა ამხილებდა ყოველსა კაცსა სჯულსა ჭეშმარიტსა.
მაშინ აღიძრნეს ჰურიანი აბიათარს ზედა, რათა-მცა ქვა დაკრიბეს მას. ხოლო მირიან მეფემან მიავლინნა მსახურნი და განარინა აბიათარ სიკუდილისაგან, რამეთუ მირიან მეფესა აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა. რამეთუ ასმიოდა სასწაული ქრისტეს სჯულისა საბერძნეთით და სომხითით, და არა დააბრკოლებდა იგი ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა. არამედ ჰბრძოდა ეშმაკი, მტერი იგი უჩინო, და ვერ დაამტკიცებდა აღსარებასა ქრისტესსა. ხოლო ნანა დედოფალი გულ-ფიცხელ იყო უმეტეს და შეურაცხ ჰყოფდა ქადაგებასა მას.
ხოლო წმიდა ნინო ილოცვიდა დაუცხრომელად საყუდელსა მას თჳსსა მაყუალთა მათ ქუეშე. და დაკჳრვებულ იყვნეს წარმართნი იგი ლოცვასა მისსა და მღჳძარებასა. და უცხო უჩნდა საქმე იგი; იწყეს გამოკითხვად მისა, ხოლო იგი აუწყებდა ძუელთა და ახალთა წიგნთა, და განაბრძნობდა უგუნურთა და უგულისხმოთა მათ, და შთაუგდებდა გულსა მათსა სიყუარულსა ქრისტესსა.
და იყო ესრეთ სამ წელ, ვინა-ცა განაცხადა ქადაგება ქრისტესი და დაიმოწაფნა მრავალნი. მაშინ იყო ვინ-მე ყრმა-წული, უფალი მძიმისა სენისა, და მიმოაქუნდა დედასა მისსა კარითი-კარად, რათა-მცა პოვა მეცნიერი ვინ-მე კურნებისა, და ჰყო-მცა სარგებელი მისი. და შეისწავეს იგი ყოველთა და არა-ოდეს პოვეს სარგებელი კურნებისა ყრმისა მისთჳს. და მკურნალთა-ცა რქუეს დედა-კაცსა მას, ვითარმედ: „არა სარგებელ ეყვის ყრმასა მაგას“. ხოლო დედა-კაცი იგი იყო წარმართი, გულ-ფიცხელი, და მარადის სძაგებნ სჯულსა ქრისტიანეთასა, და აყენებდის სხუათა-ცა მისლვად და კითხვად წმიდისა ნინოსა. ხოლო ვითარცა სასო-წარკუეთილ იქმნა მკურნალთა მიერ, მოვიდა და დავარდა წინაშე წმიდისა ნინოსსა, და ევედრებოდა კურნებასა ყრმისასა. მაშინ რქუა წმიდამან ნინო: „კურნება, რომელი კაცთაგან არს, მე არა რა ვყო; ხოლო ღმერთმან ჩემმან ქრისტემან მოსცეს ყრმასა მაგას კურნება, რომელი ყოველთაგან განწირულ არს“. და რომელსა კილიკსა ზედა მარადის ილოცავნ წმიდა ნინო, მას ზედა დადება უბრძანა ყრმისა მის, და იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ. და მას-ვე ჟამსა განიკურნა ყრმა იგი და განცოცხლებული მისცა დედასა მისსა. ხოლო დედამან ყრმისამან აღიარა ქრისტე და თქუა: „არა არს სხუა ღმერთი თჳნიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ნინო“. და დაემოწაფა წმიდასა ნინოს, და შეუდგა კუალსა მისსა, და ადიდებდა ღმერთსა.
მაშინ დედოფალი ნანა შევარდა სენსა დიდსა და მწარესა, რომლისა კურნება ვერა-ვინ შეუძლო. რამეთუ ყოველთა ჴელოვანთა მკურნალთა წარმოცალიერნეს წამალნი მათნი და ვერ შეუძლეს კურნება მისი, უღონო იქმნეს და სასო-წარკუეთილ. ხოლო აუწყეს ვიეთ-მე დედოფალსა, ვითარმედ: „დედა-კაცისა მის ჰრომისა ტყჳსა მიერ, რომელსა ჰქჳან ნინო, ლოცვითა მისითა მრავალნი სნეულნი განიკურნებიან“. მაშინ უბრძანა მსახურთა თჳსთა, რათა მოიყვანონ ნინო.
„მივიდეს მსახურნი დედოფლისანი, და პოვეს წმიდა ნინო ქოჩსა მას ქუეშე მაყულისასა, ილოცვიდა ჟამსა მეექუსესა, და მიუთხრეს ბრძანება დედოფლისა. ხოლო წმიდამან ნინო რქუა: „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შუება ჩუენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა, და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა“. ხოლო მსახურთა მათ მიუთხრეს დედოფალსა თქმული იგი ნინოსი. მაშინ დედოფალი გულს-მოდგინედ ეტყოდა მათ: „შემიმზადეთ მე ცხედარი და მიმიყვანეთ მისსა“. მაშინ წარიყვანეს ცხედრითა მსახურთა მათ, და ძე მისი რევ, და სიმრავლე ერისა მის თანა.
„ვითარ მივიდეს საყოფელსა მას წმიდისა ნინოსსა, და დადვეს დედოფალი კილიკსა მისსა ზედა, იწყო წმიდამან ნინო ლოცვად და ვედრებად ღმრთისა მიმართ მყოვარ-ჟამ, და მოიღო ჯუარი იგი, რომელი აქუნდა, შეახო თავსა, ფერჴთა და მჴართა ჯუარის სახედ, და მეყსეულად განიკურნა, და აღდგა განცოცხლებული. და ჰრწმენა ქრისტე და თქუა: „არა არს სხუა ღმერთი, თჳნიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ტყუე ესე დედა-კაცი“. და მიერითგან შექმნა იგი მეგობრად თჳსად შინაურად, და მარადის ჰკითხავნ და გამოიწულილავნ სჯულსა ქრისტესა, და ასწავებნ წმიდა ნინო და აბიათარ, ახალი პავლე, და ასული მისი სიდონია. და იქმნა დედოფალი მორწმუნე და იცნა ღმერთი ჭეშმარიტი.
და ჰკითხვიდა დედოფალსა მეფე, ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. და უთხრობდა დედოფალი ყოველსა მას, რომელი იქმნა მის ზედა, ვითარ-იგი თჳნიერ წამლისა, ლოცვითა და შეხებითა ჯუარისათა განიკურნა. და სიმრავლე იგი ერთა, რომელთა ეხილვა, დაამტკიცებდეს სიტყუასა მას დედოფლისასა.
მაშინ მირიან მეფე განკჳრდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა და მრავალ-გზის ჰკითხავნ ჰურია-ყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა, და იგი აუწყებდა ყოველსა. და წიგნი-ცა რომელი ჰქონდა მირიან მეფესა ნებროთისი, და მას-ცა წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ: აღშენებასა მას გოდლისასა ჴმა იყო ზეცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა: „მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა; განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას. ხოლო უკუანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისა, რომლისა-იგი შენ გნებავს ხილვა ერსა შორის შეურაცხსა. შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი; მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა; მან გიხილოს ჭირსა შინა და გიჴსნეს შენ“. მაშინ გულის-ხმა ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნი-ცა დაამტკიცებდა, და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა. და ბრძოდა მტერი იგი უჩინო, აყენებდა აღსარებად ქრისტესა, გულსა შთაუგდებდა სასოებასა კერპთასა და ცეცხლისასა. არამედ მარადის ევედრებინ დედოფალი აღსარებასა ქრისტესსა. და იყო მეფე დედოფლისა მოქცევითგან წელიწადსა ერთსა ორგულებასა შინა. ხოლო ასწავებდა ერსა დაუცხრომელად წმიდა ნინო, და არა-ვის აუწყებდა, თუ „ვინ ვარ, ანუ სადათ მოვალ“, არამედ ტყუედ იტყოდა თავსა თჳსსა.
„შემდგომად ამისსა მოგჳ იგი მთავარი სპარსი, სახელით ხუარა, სნეულ იყო, სულითა უკეთურითა ფიცხელად იგუემებოდა, და სიკუდილსა მიახლებულ იყო, და იყო მთავარი იგი ნათესავისაგან მირიან მეფისა. მაშინ ევედრნეს წმიდასა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე, ხოლო მეფე იხილვიდა საქმესა მისსა მცირედ ორგულებით. ეტყჳნ წმიდასა ნინოს: „რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ კურნებასა ამას, ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი, უცხოებით მოხვედ და შეუვრდი, და ზედა-აც მათ წყალობა შენი და მიგანიჭეს ძალი კურნებათა, რათა მით სცხოვნდებოდი უცხოსა ქუეყანასა. დიდებულ-მცა არიან უკუნისამდე! ხოლო შენ წინაშე ჩუენსა იყავ ვითარცა მაწოებელი ერთი შვილთა ჩუენთა და პატივ-ცემულ ქალაქსა ამას შინა. არამედ უცხოსა ამას სიტყუასა ნუ იტყჳ, ჰრომთა მათ შეცთომილთა სჯულსა, ნუ-ცა გნებავს ყოვლად-ვე თქმად. რამეთუ აჰა ესე-რა, ღმერთნი დიდნი, სოფლის-მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳმისა მომცემელნი და ქუეყანისა ნაშობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი, გაცი და გაიმ, - იგინი იყვნეს სარწმუნებელად კაცთა მიმართ. აწ უკეთუ განკურნო მთავარი ესე, განგამდიდრო და გყო შენ მკჳდრ მცხეთას შინა, მსახურად არმაზისა. დაღაცათუ ჰაერითა მით და სეტყჳთა მოიწია მის ზედა შემუსრვა მისი, არამედ იგი ადგილი უძლეველ არს. ესე არმაზ ქართველთა და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლად-ვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა შემოადგინა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩუეულება სოფლის-მპყრობელთა. და კმა გეყავნ ჩემგან ბრძანება ესე“.
მიუგო ნეტარმან ნინო: „შენ მეფე სახელითა ქრისტესითა და ვედრებითა დედისა მისისათა და მის თანა ყოველთა წმიდათათა, მოავლინენ შენ ზედა ღმერთმან, ცისა და ქუეყანისა შემოქმედმან, დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა და დიდებულისა მისისა და აურაცხელისა მრავალ-მოწყალებისაგან მოავლინენ შენ ზედა, ვითარცა საჴმილისაგან ნაბერწკალი ერთი მადლისა მისისა, რათა სცნა და გულის-ხმა ჰყო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, სიღრმე ზღჳსა და სივრცე ქუეყანისა და საფუძველი მისი, და უწყებულ იყო შენ, მეფე, ვინ შემოსნის ცანი ღრუბლითა და ქუხნ ჴმითა ჰაერისათა, და იძრვინ ქუეყანა სიმძლაფრითა მისითა, და რბიან მეხის-ტეხანი, და კუალსა მისსა ეგზების ცეცხლი გულის-წყრომითა მისითა. ანუ ოდეს შეიძრას ვეშაპი იგი დიდი ზღუათა შინა, შეიძრის. ყოველი ქუეყანა, ვიდრემდის დაირღჳან მთანი მყარნი, კლდენი და ქვანი. და მეცნიერ გყვენ შენ ამას ყოველსა მიწევნად, რამეთუ ღმერთი არს ცათა შინა, უხილავ არს თავადი იგი ყოველთა დაბადებულთაგან, თჳნიერ ძისა მისისა, რომელი მისგან გამოვიდა, და ქუეყანასა ზედა გამოჩნდა ვითარცა კაცი, რომელმან აღასრულა ყოველი, რომლისათჳს მოსრულ იყო, და აღვიდა მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა. და იხილა მხოლო დაუსაბამო, რომელი მაღალ არს და მდაბალთა ხედავს, და მაღალნი იგი შორით იცნის. მეფეო, ახლოს არს მიახლება შენი ღმრთისა მიხედვად, რამეთუ არს ქალაქსა ამას შინა სასწაული ერთი: სამოსელი ძისა ღმრთისა აქა არს, და ხალენისა მის ელიასი თქუეს ვიეთ-მე აქავე ყოფა. და მრავალნი სასწაულნი არიან, რომელნი. ღმერთმან გამოაჩინნეს. და აწ მე მთავარი ესე შენი განვკურნო ძალითა ქრისტეს ღმრთისა ჩემისათა და ჯუარითა ვნებისა მისისათა, ვითარცა დედოფალი განვკურნე სენისაგან დიდისა. და რა იგი ვაუწყე მას, ჰყოფს იგი, რათა სული-ცა თჳსი განაბრწყინვოს და ერი-ცა თჳსი მიაახლოს ღმერთსა“. „და მიჰგუარეს მას მთავარი იგი, და მოვიდა დედოფალი-ცა იგი სამოთხესა მას შინა, ნაძუთა მათ ქუეშე; და დაადგინა იგი აღმოსავალით, სცნა ჴელნი აპყრობად და ათქუმია სამ-გზის: „ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და შეუდგები ქრისტესა ძესა ღმრთისასა“. და ტიროდა ნინო სულ-თქმითა სულისა თჳსისათა. და ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა კაცსა მას ზედა. და იყვნეს მოწაფენი მისნი მუნ-ვე ერთ დღე და ორ ღამე. და მსწრაფლ განვიდა მისგან სული იგი ბოროტი. და დაემოწაფნეს ნინოს სახლით და ერით-ურთ მისით, და ადიდებდეს ღმერთსა“.
„და იყო. დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: „ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა“. და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანა-მზრახველთა მათ, რამეთუ მჴურვალედ იყვნეს იგინი საქმესა ამას, და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად.
„ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათა-მცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ. განვიდა თხემსა მთისასა. შუა-სამხრისა ოდენ დაბნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა.
„და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თჳსსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თჳსსა: „აჰა ესე-რა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, რომელსა-იგი ქადაგებს ნინო ჯუარსა და ჯუარ-ცმულსა და ჰყოფს კურნებასა, მისითა მოსავობითა, არა-მცა ძალ ედვა-ა ჴსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათჳს იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთჳს ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთჳს არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი; და აღვიარო სახელი შენი, და აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყუანის-ვცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“.
„ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამობრწყინდა მზე. და გარდაჴდა მეფე ცხენისაგან, დადგა მას-ვე ადგილსა, განიპყრნა ჴელნი აღმოსავლით ცად მიმართ და თქუა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყჳს; და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან, ცასა ქუეშე და ქუეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიჴსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესე-რა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ჴსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იჴსენებოდის საქმე ესე სასწაული უკუნისამდე“. და დაისწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: „მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შუენის დიდება უკუნისამდე“.
„ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა. რამეთუ ესმა პირველ წარწყმედა და კუალად მოსლვა მშჳდობით, და მიეგებოდეს ქინძარას და ღართას. ხოლო ნეტარი ნინო დადგომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა მაყულოვანსა მას შინა, ჩუეულებისაებრ მისისა, ჟამსა თჳსსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი სული. და ვითარცა მოვიდა მეფე, იძრვოდა ქალაქი, და ჴმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე: „სადა არს დედა-კაცი იგი უცხო, რომელ არს დედა ჩემი და ღმერთი მისი მჴსნელი ჩემი“. და ვითარცა რქუეს, თუ: „აქა მაყულოვანსა არს და ილოცავს“, მოვიდა თჳთ მეფე და ყოველი იგი ლაშქარი, გარდაჴდა მეფე ცხენისაგან და ეტყოდა ნინოს: „აწ ღირს ვარ სახელის-დებად სახელსა ღმრთისა შენისასა და მჴსნელისა ჩემისასა“. ხოლო წმიდა ნინო ასწავებდა და ეტყოდა მსწრაფლ თაყუანის-ცემად აღმოსავალით და აღსარებად ქრისტეს ძისა ღმრთისა.
მაშინ იყო გრგჳნვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოვანთა. და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფემან წინაშე კოსტანტინე ბერძენთ მეფისა და წიგნი ნინოსი ელენე დედოფალსა წინაშე. და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფესა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლის-ღებისათჳს. ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა“.
<< წინ |