ქართლის ცხოვრება

სუმბატ დავითის-ძე

ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა

ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით
ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ ძემან დავითისმან

ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია. ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია, იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა, იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ, იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ. სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

და ესენი შჳდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით პილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერის-თავად, და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.

ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

ხოლო ვინათგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან.

მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ, კათალიკოზი მეცხრე.

მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა. რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ და გუარამ განაჩინეს ერის-თავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელ არს მცხეთას.

ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს და საჰაკ დაუზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა, ხოლო ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერის-თავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა ერთი ვინ-მე დედა-კაცი.

და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი. და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას.

და ამის-ზე წარვლო ერეკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხის-თავმან ჴმა-უყო ციხით გამოღმართ და რქუა ერეკლე მეფესა: „რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაც-ბოტისა კისერი გათქს“. მაშინ [ვითარცა] ესმა [სიტყუა ესე] ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისაგან დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუა იგი, ვითარმედ: „აღმოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი“. და თქუა მეფემან: „უკეთუ იყო ჩემდა სიტყუა ეგე კადნიერებისათჳს ჩემისა მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ.“ და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერის-თავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან ხუზაშენი, და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა. და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისა და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთის-მშობელისა ეკლესიისა, და აღასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და ციხის-თავი იგი შეიპყრა. და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი იგი მეფისა ერეკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო ბაღდადი, და შეიპყრა ხუასრო მეფე, და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა, და იწყო შენებად იერუსალემისა, და დასუა მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათ-ვე, და მოვიდა წელსა მეშჳდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი განესრულა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.

და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინა, რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნი-ცა-ღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლის-ღება არა ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახჳლი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდ-ვე თჳსად.

და მთავრობდა ქართლს იგი-ვე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე.

მის ზედა-ვე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან განასრულა ეკლესია [ჯუარისა], და განაწესა მუნ ჯუარისა კრება, და დაჯდა ტფილისს ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის-ზე ქუეყანა ქართლისა აღწერეს, და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს აგარის ნათესავთა-ო.

და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი.

და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატოსი, რომელმან გარდაბანელნი მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი, ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისნი გურგენ ერის-თავი, აშოტ კურაპალატი.

ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ გაძლიერდა ჴელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ უძლო წინა-აღდგომად მათდა აშოტ. და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჳლნი, უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილითურთ. მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან, და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზნი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა, და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.

ხოლო ჴევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთი-ცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედ-ღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყუარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება და აჴელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა, და ზოგი ოჴერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.

და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთ-ვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკჳდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალ-გზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.

და იყო ერთსა შინა ჟამსა, განვიდა აშოტ, რათა-მცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსა-მე და განავლინა ლაშქრის-მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რათა-მცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი. და წარმოემართნეს მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს კლვად მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა, მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინ-ღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა. ვერ წინა-აღუდგებოდა იგი მათ. ამისთჳს-ცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღეს-ცა საჩინოდ სახილველ არს.

ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა, ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვიდეს დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თჳსისათა, დაეწივნეს მათ სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა ერთი მათგანი, და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ~ჳ~ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ~ვ, თუესა იანვარსა ოცდაცხრასა.

და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად. ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯის მოსლვას-ღა შინა დაებადა.

და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანა ჰქონდა ძეთა აშოტისთა - წარუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ასაკითა. ხოლო რაჟამს სრულ-ასაკ იქმნეს იგინი, კუალად-ცა მოსცა ღმერთმან მათ-ვე ყოველი-ვე იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულო-ღა იყვნეს იგინი ასაკითა, იზარდებოდეს ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნეს ხარკის-მიმცემელ სარკინოზთა ყოველნი-ვე ჴევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს მათი ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, დასუეს ბაგრატ კურაპალატად. და წარმართა ღმერთმან ჴელმწიფება მათი.

და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელი-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს, და ძმანი მისნი აშოტ კეკელაჲ და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ჴელმწიფობასა მისსა დასუეს ანთიპატოს-პატრიკად. და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თჳსისა დასუეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ.

და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ. ხოლო აშოტ კეკელაჲ, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ~ზ, და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი ანთიპატრიკი.

გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისა, უწინარეს მამისა თჳსისა ქრონიკონსა პ~თ. არა დაუტევა ძე.

გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ჟ~დ; სიცოცხლესა-ვე მამისა თჳსისასა, და არა დაუტევა შვილი. და მამა მისი, ბაგრატ კურაპალატი, ძე აშოტ კურაპალატისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟ~ვ, და დაუტევნა ძენი: დავით, რომელი შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ჴელითა მამის ძმის-წულისა თჳსისა ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესა-ვე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა რ~ა, სუფევასა შინა გუარამისსა, ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი, უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა; და დაუტევა ამან დავით მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლედ და იყო მუნ მრავალ წელ.

და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ ძე ადარნასესი კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა.

გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამა ნასრისა, ქრონიკონსა რ~ბ.

და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~ე.

და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დი-სიძე ნასრესი, და შესწია მან დიდითა ლაშქრითა, მეფემან აფხაზთამან, და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუა-ცა ლაშქარი ურიცხჳ. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს-კერძთა და სძლეს ნასრას, მეოტ-ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ~ე. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიჴოცა საჴსენებელი მისი.

ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კჳრიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.

და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ~თ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი [და დავით მამფალი].

და სიცოცხლესა-ვე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქუეყანა ნასრისი დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>