დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა კეთილმსახურისა
მეფისა დავით აღმაშენებელისა

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

ზესთამბრძოლსა უძლეველსა და შემწესა ურცხვენელსა კეთილმსახურებისასა ერნი სამწყსოჲსა შენისანი აღგძრავთ ღმრთისა მიმართ მწედ და შუამდგომელად, ხოლო შენ ნუ დაიდუმებ ოხად წინაშე მისსა, რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაჲ მტერთა და საცთურთა ზედა და გზასა მას მცნებათა თჳსთასა წარგვიმართოს მოსავთა შენთა და მაქებელთა: გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

იკოსი 1

ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან მტერთა და ორგულთა ზედა საკჳრველად დაიცევ სამწყსოჲ შენი ყოველთა ჭირთა და ურვათაგან, ხოლო აწ იხილე ურიცხუთა მტერთა საფრჴენი მოწევნულნი ბოროტად ნათესავსა ამას ჩუენსა ზედა და ევედრე ყოვლადძლიერსა ღმერთსა, დაამხუას მბრძოლნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელნი მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა, რაჲთა არა ჰსთქუან, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ, და გარე წარგუჴადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, იესეს ნერგო, ძეო დავითისაო, მსგავსად მისა ძლიერებისა რქითა ცხებულო;
გიხაროდენ, ძირთაგან ღმრთისმსახურთა მათ ბაგრატოვანთა მეფეთაგან აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, ხეო ნაყოფ-ბრწყინვალეო, ივერიასა შინა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, დავით - რჩეულო ღმრთისაო, განწმედისათჳს ერისა შენისა და გაძლიერებისათჳს იბერიისა ზეგარდამო მოწოდებულო;
გიხაროდენ, ღმრთივ-მქადაგებელო სარწმუნოო, სულისა წმიდისა მიერ მეტყუელო და დიდისა ანტონისაებრ სიწმიდისა მომგებელო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ მეფედ მართლად და მჴედრად რჩეულად კურთხეულო და ქალწულ-წმიდისა წილხდომილისა ერისათჳს მონიჭებულო;
გიხაროდენ, მეფე-ხუცესო და ფილოსოფოსო ბრძენო - მოსჱსებრითა სიმშვიდითა აღვსებულო;
გიხაროდენ, მეფე-მჴედარო და მოძღუარო, სულიერითა სიმაღლითა და სიბრძნითა თავსა ყოვლისა სწავლულებისასა მიწევნულო;
გიხაროდენ, მწყემსო მღჳძარეო, ჟამთა მათ უსჯულოთა ზეობისასა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო და საქმითა მართლმადიდებლობისაჲთა განდიდებულო;
გიხაროდენ, მახვილითა მხილებისაჲთა და შეწევნითა ბრძოლისაჲთა საზეპუროსა ერსა ზედა დადგინებულო;
გიხაროდენ, მამულისა ვენახისა კურთხეულისა მუშაკო დაუცხრომელო, დღისა მის სიმძიმისა მტჳრთველო და შენდა მოცემულისა ტალანტისა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 2

სიყრმითგან წარემატე ჰასაკითა სწორთა შენთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, და მარადის განმსჭვალულ იყავ რაჲ ლოცვითა, მოგეცა შენ სიბრძნჱ სულისაგან წმიდისა, და აღმატებული ნიჭი დაფარულთა ხილვისაჲ, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტჱს მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და დღესა მას განკითხვისასა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 2

იქმენ რაჲ ათექუსმეტისა წლისა, ცხებულ-გყვეს ქუთათისსა და დაგადგეს გჳრგჳნი ჭაბუკსა შუენიერსა, ვითარცა სიბრძნითა და მჴნეობითა ყოველთა აღმატებულსა, რამეთუ ეგულებოდათ შენ მიერ განრინებაჲ ერისაჲ ურიცხუთა მტერთაგან, ხოლო შენ ხედვიდი რაჲ ოხრებასა მამულისასა, შემოიკრიბე სპანი ერთგულნი და დაუცხრომელად წურთნიდი მჴნეთა მეომართა, განამზადებდი რაჲ მჴედრობასა განწყობად ბრძოლისა და იწყე შემუსრვაჲ მომხდურისა, ამისთჳსცა აღიძრვის ენაჲ ჩუენი ქებად ბრწყინვალისა ღუაწლისა შენისა:

გიხაროდენ, გიორგი ჭყონდიდელისა მიერ სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა აღზრდილო;
გიხაროდენ, ჰასაკსა-ვე სიჭაბუკისასა მჴცოვანებრივისა სიბრძნისა მომპოვნებელო;
გიხაროდენ, წვრთითა საღმრთოთა წერილთაჲთა გონებისა შენისა განმწმედელო;
გიხაროდენ, ბრძენთაგან და მეცნიერთა მიერ დაფარულისა შემმეცნებელო;
გიხაროდენ, დავით წინაჲსწარმეტყუელისაებრ მოწყალებისა და სიმშჳდისა მომხვეჭელო;
გიხაროდენ, მაცთურისა დიდებისა და საფრჴეთა მისთა ლოცვითა და ფსალმუნებითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და სიმჴნითა ქრისტჱსმოყუარისა მჴედრობისა შენისა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარგანხდილთა ივერიელთა სულითა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, საეშმაკოთა სიმღერათა და ღმრთის-საძულელთა გინებათა ლაშქართა შინა თჳსთა აღმკვეთელო;
გიხაროდენ, წინაპართა სამამაცოჲსა ზნისა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, წყობათა შინა მჴნეთა მოლაშქრეთა შემყვარებელო და ჯაბანთა განმკიცხველო;
გიხაროდენ, ერთგულთა და ახოვანთა, ნაცვლად ორგულთა და უღირსთა განმადიდებელო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 3

აღზრდილი სიყრმითგან მართლმადიდებლობისა დიდთა მოძღვართაგან არა მიიდრიკე გემოვნებათა მიმართ და განცხრომათა, არამედ ევლტოდე გულის თქუმათა სიჭაბუკისათა, და მიისწრაფდი ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა, ეგრეთვე აწ ერი ჩუენი იჴსენ ოხითა შენითა, და განგვიმრავლნე ერის-მძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყჳთა, რაჲთა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ემსახურონ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და გზასა მას ჭეშმარიტსა მსრბოლნი მარადის ადიდებდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

ჭაბუკმან, ვითარცა მჴცოვანმან და ბრძენმან უწინარეს ყოველთა გულის-ჴმა ყავ საქმჱ, რომლითა მოიმადლებდი ფრიად განრისხებულსა ღმერთსა, რამეთუ უღირსთა და უწესოთა დაეპყრნეს საეპისკოპოსონი, და ერსა უსჯულოებასა ასწავებდენ ნაცვლად სჯულისა, ხოლო შენ მადლითა ღმრთისაჲთა და კურთხევითა მოძღურისა შენისაჲთა შეკრიბნე ღმრთივსულიერნი მამანი და სჯულისა მეცნიერნი რუის-ურბნისსა, სადა იგი განკურნეთ დიდნი წყლულებანი ერისაჲ და განაჩინეთ ძეგლისწერაჲ კრებისაჲ, ეგრეთვე აწ მგელნი მტაცებელნი, სამწყსოთა გარე მოადგეს სიტყჳერთა ცხოვართა შენთა განხრწნად და ბოროტად იღუწიან, რაჲთა განაშორონ გზისაგან წრფელისა და უცხო-ჰყონ სარწმუნოებისაგან, გარნა შენ მეოხ-გვეყავ წინაშე ღმრთისა, მოგჳვლინნეს ბრძენნი წინამძღუარნი და მასწავლელნი საღმრთოჲსა სიტყჳსა, რაჲთა დასდვან თავი შეუგინებლობისათჳს სჯულისა და ერისათჳს, და გნატრიდენ შენ განბრძნობილნი ჭეშმარიტებითა:
 

გიხაროდენ, არსენ ბერისა და კრებისა მის წინამძღურისა, იოანე ქართლის კათალიკოზისა თანა საეკლესიოთა საკითხთა გამომეძიებელო და დრკუჲსა განმგდებელო;
გიხაროდენ, ქადაგებისა და სწავლისათჳს შვიდთა მსოფლიოთა კრებათა კანონთა ერთად შემომკრებო;
გიხაროდენ, წარსამართებელად მეფობისა თჳსისა ქუეყანასა შინა შენსა დათესილისა ღუარძლისა აღმომფხურელო;
გიხაროდენ, სამღდელოთა და ყოველთა კაცთა წესიერებად და სათნოებათა მიმართ წარმმართებელო;
გიხაროდენ, ქუეყანასა შენსა ზედა სიწმიდისა და ღმრთისა მადლისა განმფენელო;
გიხაროდენ, ეკლესიისა ქუაბ-ავაზაკთაგან განმწმედელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა უღმრთობისა წყვდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, წყალობისა ღირსთა შემწყალებელო და უწესოდ მქცეველთა ეპისკოპოსთა უდაბნოთა შინა განმაწესებელო;
გიხაროდენ, მონასტერთა შინა მოღვაწეთა მაღალ-ღირსთა მამათა ეპისკოპოსად მომწოდებელო;
გიხაროდენ, სასყიდლით დადგინებულთა მწყემსთა წილ ჭეშმარიტთა მწყემსთა და სათნოთა ღმრთისათა დამდგენელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ამპარტავნებისა და ეშმაკისა საცთურისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, სიმდიდრითა და მკლავითა თჳსითა მოქადულთა და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულთა შემრისხველო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 4

ვითარცა ძველნი მატიანენი გვაუწყებენ, არავინ ყოფილ არს მეფეთა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, მუშაკო საკჳრველო, რომელი ეგე შემკობილ იყავ სიქუელითა და ყოვლითავე კეთილად-მსახურებითა, სიბილწისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ მოყუასისაჲ, უსჯულოებისათჳს ამხილებდი საცთურისა ვერდამთმენელთა და ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა, რაჲთა ყოველნი სიწმიდითა მსახურებდენ და უგალობდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4

თავს-იდევ რაჲ წყობათა წინამძღურობაჲ და განგებაჲ მეფობისაჲ, ბაგრატოვანთა შორის უფროჲს აღმატებული და უმჴნესი ყოველთა მეფეთასა უძღოდი შენ ქართველთა, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და ფიცხელთა მათ ბრძოლათა შინა არა შორით უზახებდი სპათა თჳსთა, არამედ მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, თჳთ წინა უვიდოდი და განამჴნობდი, და მკლავითა მტკიცითა გოლიათებრ დაამჴობდი ახოვანთა, ამისთჳსცა ვითხოვთ შენ მიერ ღმრთისაგან წყალობასა, რაჲთა მოგვცეს ჩუენ სიმჴნჱ, სიბრძნჱ და ძლიერებაჲ დათრგუნვად მანქანებათა მტერისაჲთა და განსაცდელთაგან ჴსნაჲ მოგვმადლოს შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:

გიხაროდენ, ღირსად საქებელო მოწაფეო ღმრთივსათნოჲსა მის მოძღურისა - არსენ იყალთოელისაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო ღმრთისმოსავობისაო, მსგავსად ელიაჲსა განმამტკიცებელო დამცრობილისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, მასწავლელო უზაკველისა და შეურყეველისა ჭეშმარიტებისაო;
გიხაროდენ, ბრძენო ქადაგო მოციქულთა და მამათა დოგმატისაო;
გიხაროდენ, ახოვანო ქადაგო მართლმადიდებლობისაო და სიმტკიცეო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ორღანოო სიბრძნისაო და სიმართლისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო წყალობისაო და საუნჯეო სახიერებისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო სიმჴნისაო;
გიხაროდენ, უბრძოლველო სუეტო მამაცობისაო;
გიხაროდენ, ზეციერითა მადლითა განბრწყინვებულო მართლმსაჯულო ერისა რჩეულისაო;
გიხაროდენ, ორლესულო მახვილო უფლისაო, განმგმერელო ურწმუნოებისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 5

მოხედნა ღმერთმან წყალობითა ქართველთა ერსა, და მოჰმადლა რაჲ ჴელმწიფებაჲ შენი, ჟამითი-ჟამად მოგცემდა ძლევათა საკჳრველთა, ხოლო შენ რჩეულითა მჴედრობითა სძლევდი მტერთა და ორგულთა და აღაშენე და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა, აწცა ევედრე ღმერთსა: დაჴსნას მძლავრებაჲ ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა, რაჲთა ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად განგუემარჯვოს და ლოცვაჲ ჩუენი აღიწიოს წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

ჩამოდგა რაჲ ტაოს დიდი თურქობაჲ, ჩვეულებისაებრ მათისა მიენდვნეს ზამთრის სიფიცხესა და მთათა მათ შეუვალთა, გარნა გაქუნდა რაჲ ღმრთისა მიერ უძლეველი იგი ძალი, წინა წარუძეღ ლაშქარსა და დაესხ რაჲ უშიშად მსხდომარეთა, მახჳლითა შურსა ეძიებდი უღმრთოთაგან და ტყვეობასა და აღსპობასა განარინებდი ერსა ქართველთასა, ხოლო ღვაწლითა შენითა აღორძინდა რაჲ სამეფოჲ შენი, სრულიად კრებული სამღდელოთა და ერთაჲ სიხარულითა გაქებდა და გნატრიდა შენ, ვითარცა დიდსა მეფესა და ძლიერსა თჳთ-მპყრობელსა:

გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო და სავანეო კეთილთა საქმეთაო;
გიხაროდენ, ერთ-ზრახვად, და ერთ-სულად შემკვრელო თარგამოსიანთა ერთაო;
გიხაროდენ, სულითა ახოვანო, მძლეველო ჴორციელად ძლიერთაო;
გიხაროდენ, წინამძღოლო და ჯუარისმტჳრთველო ივერიელთაო;
გიხაროდენ, გჳრგჳნო და დიდებაო ბაგრატოვანთა მეფეთაო;
გიხაროდენ, პორფირო, მფარველო ქრისტჱსმოყუარეთა ჴელმწიფეთაო;
გიხაროდენ, სიმამაცითა შენითა მარცხვენელო უსჯულოთაო;
გიხაროდენ, უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელო მტერთა და ორგულთაო;
გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და ნუგეშინისმცემელო მოსავთა შენთაო;
გიხაროდენ, შემწეო და შესავედრებელო მართლმადიდებელთაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო და ლამპარო ერისა და მამულისათჳს დამაშურალთაო;
გიხაროდენ ქართველთა მზეო, ივერთა ეკლესიის სიმაღლესა ზედა მნთებარეო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 6

უცხოჲ და საკჳრველ არს ღუაწლი შენი, დიდო მეფეო, რამეთუ მრავალი საყდარი და მონასტერი აღაშენე და აღავსნე წყალობითა დიდითა, არა მხოლოჲ თჳსთა ოდენ სამეფოთა, არამედ ყოველთა წმიდათა ადგილთა, ხოლო წარავლინე რაჲ არსენ იყალთოელი პალესტინეს დიდითა საფასითა, ახლად აღშენებად და შემკობად ჯუარის მონასტრისა და უფროჲს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს საფლავისა, კუალად მოიქცა საქართველოდვე, და დღითი დღე იღუწიდით სადიდებელად ღმრთისა და უგალობდით ძალსა და ძლიერებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 6

მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცჱ და ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი მოიხუეჭე რაჲ ლოცვითა მჴურვალითა, არცაღა გარდახვედ შენ გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებისა, არამედ სულისა სიწრფელითა მიემსგავსე რაჲ ნათესავსა შენსა დავითს, მეფესა ისრაელისასა, შემუსრვილითა გულითა ღირს იქმენ მოღებად მადლსა მას სინანულისასა მსგავსად მისა, რამეთუ სიბრძნითა ზეგარდამოჲთა აღვსილმან საფუძველად მტკიცედ და შეურყეველად ხატად სიმდაბლისა შეგვიქმენ „გალობანი სინანულისანი“, რომლისა მიერ გვიჩვენე ღმრთისად მიმყვანებელი გზაჲ იგი ჴსნისაჲ და ცხორებისაჲ, რაჲთა განეშორნეს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, და მღჳძარებისა მომგებელი ვიტყოდე წადიერებითა:

გიხაროდენ, დავით წინაჲსწარმეტყუელისაებრ მოწყალებისა და სიმშვიდისა მომხვეჭელო;
გიხაროდენ, დაფარულისა საიდუმლოჲსა, ვითარცა ცხადად მხედველო;
გიხაროდენ, სამწყსოთა თჳსთა თუალ-უხუავითა მით ბჭობითა განმსჯელო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან ერისა შენისა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსმიერისა სიმდაბლისა ნათლისა სამოსელისაებრ შემმოსველო;
გიხაროდენ, სამართლად მონაგებისაგან გლახაკთათჳს დღითი-დღე მოწყალებისა ფარულად მიმცემელო;
გიხაროდენ, დავრდომილთა ჴელის აღმპყრობელო და ქურივთა და ობოლთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ტყუეთა გამომჴსნელო და უძლურთა სარწმუნოებითა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, ქსენონთა და სამზრუნველოთა დამაარსებელო და მას შინა შეკრებულთა უძლურთა და სნეულთა ნუგეშისმცემელო;
გიხაროდენ, ყოველთა ქართველთ ზნეობათა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ცოდვითა ქვე-დაკვეთებულთა აღმმართებელო და უნანელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ზრახვათა უღმრთოთასა მავალთა შემაფერხებელო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 7

დაამშჳდე რაჲ ქუეყანაჲ, ვითარცა რჩეულმან ღმრთისამან, წმიდამან და საყუარელმან, იწყე შენებაჲ გელათის მონასტრისა და დაასუენე რაჲ ხახულითგან მოღებული ხატი ღმრთისმშობლისაჲ, შეკრიბნე მუნ ღმრთივგანბრძნობილნი მამანი და მეცნიერნი მოძღურად სწავლულებისად, და სასწავლოდ ყოვლისა კეთილისა, გარნა აწ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იღუწიან, რაჲთა ერი შენი შთასთხინნეს უფსკრულსა უმეცრებისასა და გარდასახნეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალგვიძს წინააღმდგომად ბოროტისა, არამედ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა და კურთხეულითა ენითა ქართულითა ღირს-ვიქმნეთ გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 7

ეჰა, მადლი და სიბრძნჱ, რომელი მოგეცა ღმრთისა მიერ, მეფეო დავით, რამეთუ გამოიყვანე სპაჲ ყივჩაყთაჲ სიმცირისათჳს ლაშქრისა შენისა, და მოიმტკიცე რაჲ ფიცითა ერთგულობისაჲთა, მოსრნე ურიცხუნი თურქნი თანა-დგომითა მათითა, ხოლო განიზრახეს რაჲ ღალატი, ქრისტემან - კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად, რამეთუ ცან ზაკუვაჲ მათი და განერე, ვითარცა ფსალმუნთ-მგალობელი დავით ჴელთაგან ორგულთასა, ეგრეთვე აწ ჩუენცა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რაჲთა მამობრივსა საფარველსა ქუეშე შენსა დაცულნი გმადლობდეთ და გაქებდეთ წადიერად:

გიხაროდენ, საჩინოო მნათობო ფრიად შუენიერო, ერისა შენისა განმანათლებელო;
გიხაროდენ, სოლომონისებრ საღმრთოჲსა ტაძრისა აღმგებელო და გელათის აკადემიისა „სხუად ათინად“, და „მეორე იერუსალჱმად“ გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, დიდთა მნათობთა ეკლესიისათა და სულითა ღმრთისაჲთა განათლებულთა მონაზონთა მუნ შემკრებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა გზასა მას უფლისასა წარმმართებელო;
გიხაროდენ, მონასტერთა და ხუცესთა ყოვლისაგან ჭირისა და ბეგარისაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, სიბრძნისა განმფენელო და სულთა მარგებელთა სწავლათა განმამრავლებელო;
გიხაროდენ, საზეპუროჲსა ერისა შენისა ღმრთისმეცნიერებითა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმგმობთა სწავლებათა და ყოველთა წვალებათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, წარმართთაგან შეგინებულთა ეკლესიათა სახლად ღმრთისა განმწმედელო;
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მეფობრივითა მოწყალებითა განმკითხველო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 8

გამოზრდიდი რაჲ ღმრთისმოყუარესა ძესა შენსა დემეტრესა, ძალითა და მჴნეობითა მსგავსსა შენსა, მეფედ დაადგინე და მკლავითა ლომებრივითა ქმენით რაჲ ბრძოლანი საკჳრველნი, ერთობითა მოსრვიდით ყოველთა მხდომთა და მაჭირვებელთა ერისათა, ხოლო ძლევამოსილებაჲ თქუენი ესმა რაჲ სულტანსა, შურისძიებად აღიძრა და უბრძანა ყოველსა ისმაიტელსა, მჴედრობად შემძლებელსა, სრულიად აღსპობაჲ საქართველოჲსა, გარნა შენ არა მიენდე ძალსა შენსა, არამედ შეწევნად ხადოდი უფალსა იესუ ქრისტესა და აქებდი ძლიერებასა მისსა: ალილუია.

იკოსი 8

ოდეს მძჳნვარენი იგი მტერნი, ვითარცა ქვიშაჲ ზღჳსაჲ მოიწიეს თრიალეთსა და მანგლისსა, იწყეს ოხრებაჲ და ხოცაჲ ქრისტეანეთა, ხოლო შენ, უშიშმან, ვითარცა უჴორცომან შეიმოსე ძალი ღმრთისაჲ, ვითარცა ჯაჭვ-ჭური, და განამჴნობდი რაჲ ლაშქარსა იესუს სახელითა, ახოვნად ეკვეთეთ წინამძღურობითა ჯუარისა მისისაჲთა და უმრავლესსა მათსა მოსწყვედდით დიდგორსა, ეჰა, შეწევნაჲ საღმრთოჲ ნებისმყოფელთა მისთა, რამეთუ შიში და ძრწოლაჲ დაეცა უსჯულოთა, ხედვიდეს რაჲ დიდსა მოწამესა გიორგის მბრძოლსა მარჯვენით შენსა, ხოლო მჴედართა შენთა ღაღადყვეს: „წმიდაჲ გიორგი ჩუენთან არს!..“ და ყოველნი მადლსა და დიდებასა მისცემდით ღმერთსა, აწცა მოგჳჴსენე წინაშე მისსა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთაჲსა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, ახოვანო მჴედარო უფლისაო, მბრძოლთა მისთა ზარგანმხდელო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაჲთა უწყალოთა მათ მტერთა ზედა უფლის რისხვისა მომწევნელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებლად განლაღებულთა მათ უსჯულოთა მაოტებელო;
გიხაროდენ, სიბრძნითა საღმრთოჲთა მამულისა შენისა ყოველთაგან უცხო ტომთა დამფარველო;
გიხაროდენ, ახოვანითა მეფობითა ქუეგამხედველთა და მოშურნეთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთჳს ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამჴობელო;
გიხაროდენ, ცხადთა წინააღმდგომთა და ფარულად მზაკველთა არცაღა შემნდობელო;
გიხაროდენ, საღმრთოთჲსა ძლიერებისა ყოველთათჳს საჩინო-მყოფელო;
გიხაროდენ, წმიდისა ქალაქისა იერუსალჱმისა მოსალოდებელისა აოხრებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, სამეფოჲსა შენისა დამამშჳდებელო და დაქცეულთა დაბა-ქალაქთა და ციხეთა აღმმართებელო;
გიხაროდენ, ეკლესიათა შეურაცხმყოფელთა და მართალთა მკულელთა აღმხოცველო;
გიხაროდენ, გორგასლიანურისა დროშისა უფროჲს აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 9

ძლევაჲ ეგე საკჳრველი განხდა რაჲ ქუეყანასა ზედა, ძალმოსილებაჲ შენი საღმრთოჲ და სიბრძნჱ გულისჴმაყვეს ყოველთა მეფეთა და ერთა, ხოლო შენ პოვე რაჲ ჟამი საწადელი, სრულ-ყავ კეთილი განზრახვაჲ შენი, და აღიღე ტფილის-ქალაქი, ოთხას წელ ქონებული აგარიანთა, რომელნი ყოფდეს ყოველსა საქმესა მას ბოროტსა ერსა ჩუენსა ზედა, და დაამდაბლე იგინი ქუეშე ფერხთა ქრისტეანეთასა, ვინაჲცა იხარებდეს და შეგასხმიდეს ქებასა და ადიდებდეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

აღიღეს რაჲ თურქთა სამეუფოჲ ქალაქი სომხეთისა, ვედრებითა მოგწერეს მკჳდრთა მისთა, რაჲთა იჴსნე იგინი წარწყმედისაგან, ხოლო შენ მსწრაფლ წარემართე და უჭირველად აღიღე რაჲ ანისი და ციხენი მისნი, შემუსრნეთ, ვინაჲცა სისხლითა ქრისტეანეთასა მორწყეს ტაძარი ღმრთისაჲ, რომელი იგი აღეშენა დედოფალსა - კატრონიტე ბერძენსა, და კურთხევად მიხუედ რაჲ მიზგითად ქმნილსა საყდარსა სამღდელოთა თანა, წესი აუგეს დედოფალსა, და სამ-გზის ჩასძახე საფლავსა: „გიხაროდენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იჴსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ჴელთაგან“, და აჰა, მეყსეულად ჴმაჲ გამოსცა სამარემან: „დიდებაჲ უფალსა“; და გულისჴმა-ყვეს ყოველთა, რამეთუ საკჳრველ-გყო წმიდაჲ თჳსი უფალმან, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა კადნიერებაჲ მათი შეჰმუსრნეს, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და განჴსნაჲ მრავალთაგან ცოდვათა გჳთხოვე შემსხმელთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, ღმრთივგჳრგჳნოსანო მეფეო, საქმითა და სიმჴნითა მძლედ გამოჩინებულო;
გიხაროდენ, მტერთა ბოროტისა ზრახვისა და მზაკუვარებისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, თურქ-სელჩუკთა დაუცხრომელთა შემოსევათა აღმკვეთელო;
გიხაროდენ, მომხვეჭელთა და ანგართა დამაოკებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმბრძოლთა და ქართველთმოძულეთა სარკინოზთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ტფილის-ქალაქისა კუალად სამეუფეოდ ქალაქად დამდგენელო;
გიხაროდენ, საფარველითა მადლთა შენთაჲთა დედა-ქალაქისა ამის ჩუენისა მცველო და მფარველო;
გიხაროდენ, წარმართთა შვილად წმიდისა ემბაზისად მომყვანებელო და კეთილ-მორწმუნებასა ზედა დამამტკიცებელო;
გიხაროდენ, მონოფიზიტთა მათ მწვალებელთა სომეხთა ეპისკოპოსთა და წინამძღურთა მათთა საღმრთისმეტყველოთა პაექრობათა შინა ცხადად მძლეველო;
გიხაროდენ, დიდთა მათ მოძღუართა მსგავსად ტერტერათა და მოლათა საღმრთისმეტყველოჲთა მეცნიერებითა მარცხვენელო და უღონო-მყოფელო;
გიხაროდენ, ახოვანითა მით მღვიძარებითა დაკნინებულისა ერისა შენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, მძლეთა-მძლეო და გულ-მოწყალეო, მეფობისა კუერთხისა, ესე-ოდენ დამდაბლებულისა ფრიად აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 10

ძალითა ღმრთისაჲთა მყის აღისრბოლე, ვითარცა არწივმან, და აღიხუნე რაჲ ყოველნი ციხენი სომხითისანი, განათავისუფლე შენ ლორე-ტაშირი, კოლა-ჯავახეთი, და კარნიფორა ბასიანითურთ მტერთაგან და განმარჯვებული მიხვედ რაჲ თრიალეთსა, მმადლობელი ესე-ოდენთა ზეგარდამოთა წყალობათა და ძლევათათჳს, სამწმიდა არსობისა გალობითა ადიდებდი და ოსანასა ძლევისასა უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

მრავალთა წელთა კეთილად განაგებდი ერსა შენსა, და ნიკოფსიითგან დარუბანდამდე განავრცობდი საზღვართა სამეფოჲსა შენისათა, გარნა უსაკჳრველეს არს ესე, მეფეო, თუ ვითარ დაუცხრომელთა მიმოსლვათა შინა და ლაშქრობათა თავს-იდევ მოგებაჲ სიბრძნისაჲ და მარადის მოსწრაფე იყავ, რაჲთა ყოველივე სწავლაჲ სრულებითა შემოიკრიბნე თავსა შინა თჳსსა, ხოლო ქადაგებდი რაჲ საკჳრველად, განანათლებდი არა ხოლო თუ ქუეშევრდომთა შენთა, არამედ ვიდრე აქამომდე განგუსწავლი ჩუენცა, უდებთა და ივერიელად წოდებისაცა უღირსთა, რაჲთა მარადის ვიღუწიდეთ სჯულისათჳს და მამულისა, და გნატრიდეთ შენ - ღმრთივ-კურთხეულსა მეფესა და ჭეშმარიტსა მამასა ერისა ჩუენისასა:

გიხაროდენ, სჯულიერად სრულქმნილო, პავლჱსა და დიდისა კონსტანტინჱს მსგავსად მოციქულობისა მადლისა მიმღებელო;
გიხაროდენ, საწუთოჲსა სამეფოჲსა სიბრძნითა განმგებელო და სამეფოჲსა შენისა საკჳრველად განმავრცობელო;
გიხაროდენ, ყოველთა ერთა ზედა ქრისტეანეთასა მოწევნულისა მის ძნელბედობისა დამაცხრობელო და დიდთა თურქობათაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, ბორგნეულთა შემაბრკოლებელო და გრძნეულთა უგულისჴმოებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, უსასოობასა შინა მყოფთა ქრისტეანეთა ნუგეშინისმცემელო და მწყალობელო;
გიხაროდენ, განწირულთა შესავედრებელო და შემწეო ურცხვენელო;
გიხაროდენ, მონაზონთა ნუგეშო და სულთა მავნებელთა სწავლებათა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, იყალთოს აკადემიისა დამაარსებელო;
გიხაროდენ, საღმრთისმეტყველოთა სწავლათა თანა მრავალთა ხელობათა შინა ჭაბუკთა მუნ განმსწავლელო;
გიხაროდენ, სიბრძნითა და მჴნეობითა ქართველთა შორის სულიერისა ცხორებისა აღმაორძინებელო:
გიხაროდენ, ერისა შენისა ღირსებისა და დიდებისა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 11

ეჰა, საკჳრველებათა ღმრთისათა, რომელი იცავს მადიდებელთა მისთა, რამეთუ შემოგტყორცნეს რაჲ ისარი პერანგითა მოსილსა, მშჳდობით განგარინა, ჰკრეს რაჲ მცირესა მას ხატსა მთავარანგელოზისასა, რომელი გეკიდა ყელსა, ხოლო მუხნარსა წარგექცა რაჲ ცხენი დევნასა შინა ნადირთასა, სამსა მას დღესა უძრავად მყოფი, ვითარცა უსულოჲ, აღგადგინა რაჲ ქრისტემან ღმერთმან, აღსავსე მადლიერებითა არა დადუმნებოდი ლოცვად და გალობად მისა: ალილუია.

იკოსი 11

დასნეულდი რაჲ, სამ-გზის სანატრელო, განაგე ყოვლით-ვე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, და აკურთხევდი რაჲ სამწყსოსა შენსა, შეჰვედრე პატიოსანი სული შენი უფალსა, და მიიცვალე რაჲ საყოფელთა შინა ზეცისათა, მაშინ უკუე ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ყოველნი და ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათის კარიბჭესა ანდერძისაებრ შენისა, რაჲთა არცაღა ერთი მომლოცველი სავანისაჲ განერეს თჳნიერ შენმიერისა კურთხევისა და ღაღადყოს სამადლობელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო, რამეთუ ძემან ღმრთისამან დაგადგინა რაჲ მფლობელად ქუეყანისა ჩუენისა, განამტკიცე მეუფებაჲ მისი ივერიას;
გიხაროდენ, საღმრთოსა სიბრძნესა ზიარებულო, რამეთუ ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა მსახურე მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა;
გიხაროდენ, რისხვისა ღმრთისა დამაყენებელო, რამეთუ მიუდრეკელ ხჳდოდი საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, და წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა;
გიხაროდენ, კაცო ღმრთისაო და კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, რომელმან განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსებაჲ ქრისტჱს მორწმუნეთა;
გიხაროდენ, მადლითა მძლეველობისაჲთა შემოსილო, რამეთუ მკლავითა ლომებრივითა ქმენ ბრძოლანი საკჳრველნი და სირცხჳლეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი;
გიხაროდენ, ახოვანო სულითა და უახოვნესო გონებითაო, რამეთუ ყოველსა შინა ძალი ზეგარდამოჲ გფარვიდა მტერთა შენთაგან, და არ-ცა ოდეს მიგცა შენ ჴელთა მათთა;
გიხაროდენ, მხედარო უძლეველო წყობათა შინა ურიცხუთა უღმრთოთასა, რამეთუ ვერა გკვეთდა შენ მახჳლი, ვითარცა კლდესა სიპსა და ვითარცა გოდოლი მტკიცჱ, დეგ შენ უძრავად;
გიხაროდენ, ხატო სულიერისა სრულებისაო, რამეთუ სივერაგემან მტერთამან და ბრძოლათა სიფიცხლემან ვერცა-ღა წარგტაცეს ლმობიერებაჲ გულისაჲ;
გიხაროდენ, სწორუპოვარო, რამეთუ გეუწყნეს რაჲ უფლისაგან საიდუმლონი დაფარულნი, იქმენ ფრიად საზარელ მტერთა და მრისხანე ბოროტისმოქმედთა ზედა;
გიხაროდენ, მრავალ-მოწყალეო, რამეთუ აღუშენე ეკლესიაჲ მამათა შიო-მღჳმისა ლავრისათა ერთგულებისათჳს მათისა და მიანიჭებდი რაჲ საკუთრივ თჳთმფლობელობასა და დიდსა საუნჯესა, შეაჩვენებდი სავანის მის ჴელმყოფელთა;
გიხაროდენ, მამულისა და სჯულისათჳს თავდადებულთა მათ წინაპართა შეერთებულო, რამეთუ წარხვედ რაჲ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა, განგეხუნეს შენ ბჭენი ზეცისანი და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა;
გიხაროდენ, დიდებაო საყდართაო და თჳთმპყრობელო, რამეთუ საფლავი შენი მოგვიგიეს ძლიერებად და საკრველად სიმტკიცისად და ვიქადით, ვითარცა მქონებელი საუნჯისა, უშურველად აღმოაცენებს რაჲ მადლსა ჭეშმარიტსა;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 12

შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა დიდებული გელათი და ჴმა მაღლად ჰქადაგებს შიო-მღვიმე ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, ხოლო ჩუენ მოვიჴსენებთ რაჲ ღუაწლთა შენთა, ურიცხუთა და საკჳრველთა, გულსმოდგინედ მოვისწრაფჳთ გელათისა მონასტერსა, სადა იგი გუაქუს ყოვლად პატიოსანი სამარხოჲ შენი, გამომხატველი შენისა გამოუთქმელისა სიყუარულისა, და მუჴლთმოდრეკით შევრდომილნი შევსწირავთ შენდა ვედრებასა: ყოველთა წვალებათაგან დაგჳფარენ ჩუენ შუამდგომელობითა შენითა და მოგუანიჭენ ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ, რაჲთა არცაღა განმცემელ ვექმნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და ვაქებდეთ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

იკოსი 12

განთქმულ იქმენ სიბრძნითა და აღმშენებლობითა, და ბაგრატოვანთა სახლი აღავსე მადლითა და დიდებითა, ხოლო ჩუენ გვიანდერძე სიყუარული ღმრთისაჲ და მოყუასისაჲ, და გვიჩუენე გზაჲ მამულის სამსახურისაჲ, გარნა შემდგომად სიკუდილისა გაქუს მადლი წინაშე ღმრთისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, არამედ გულისჴმა-ვჰყოთ სამართალი და მსჯავრი ღმრთისა და ღირს ვიქმნეთ შეწირვად შენდა გალობისა:

გიხაროდენ, ძლევისა ბრწყინვალეო აღმადგინებელო სახელისათჳს ქრისტჱსისა, რომლისა მიერ გერწმუნა საყდარი დავითისი და ბეჭედი სოლომონისა;
გიხაროდენ, თარგამოსიანთა მეფედ და წინამძღუარად წოდებულო, რომელი იდიდე, ვითარცა მჴედარი რჩეული, და გჳრგჳნოსან იქმენ, ვითარცა მეფჱ კეთილმსახური;
გიხაროდენ, ვაჟკაცობისა ძეგლო უმუსრველო, რამეთუ სიმჴნჱ შენი და ღირსებაჲ არა ხოლო თუ საქართველოსა ოდენ განითქუა, არამედ ყოველსა ქუეყანასა;
გიხაროდენ, სპარაზენობაო ახოვანთა მათ მჴედართაო, რამეთუ ღუაწლთა მიერ ჰპოვე საშუებელი უხრწნელი და სიმჴნისა მიერ გჳრგჳნი ძლევისაჲ;
გიხაროდენ, მადლითა სულისაჲთა მღჳძარეო, რამეთუ გარდაემატა მრავალთა მეფეთა ღუაწლთა საქმეთა შენთა ჭეშმარიტებით საქებელობაჲ;
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო, რამეთუ გელათი და შიო-მღვიმე გვაქუს სიმტკიცედ და სიქადულად შენთა სამწყსოთა, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ნათელო, მეფობისა ვარსკულავო მიუწვდომელო, რომელი უფროჲს მზისთუალისა განანათლებ ქუეყანასა ჩუენსა და სამარხით შენით ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა;
გიხაროდენ, ორითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეფობისა და მოღუაწებისა, რამეთუ სკიპტრაჲ შენი თჳთ-მპყრობელობისაჲ გჳვის ჩუენ ზღუდედ უბრძოლველად;
გიხაროდენ, ღუაწლსა შინა სახელოვანო, რამეთუ სასოდ, სიმტკიცედ და სიქადულად წმიდაჲ და პატიოსანი ხატი შენი მოგვიგიეს და მოქენე ვართ შეწევნისა შენისა;
გიხაროდენ, ჵ, მეფეო საკჳრველო, რამეთუ იხარებს ივერთა ეკლესიაჲ და ჰმადლობს ღმერთსა შენთჳს, რამეთუ მოენიჭე სიმტკიცედ მართლმადიდებლობისა ერსა ჩუენსა და ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი მოივლტიან მეოხებასა შენსა;
გიხაროდენ, უტკბესო მამისაო, რამეთუ არცაღა დაგივიწყებთ შენ მარადის მომჴსენებელნი სიმჴნისა შენისა და უძლეველისა მის მეფობისა;
გიხაროდენ, კეთილად მსახურო და ღმრთივ-დაცულო მეფეო აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთაო, რამეთუ იშუებენ ქრისტჱს მორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა;
გიხაროდენ, მახჳლო მესიისაო და ხატო ქართველთა ძლევამოსილებისაო, კეთილმსახურო მეფეო დავით!

 

კონდაკი 13

ჵ, მეფეთა შორის უფროჲს მჴნეო და უძლეველო, წმიდაო დავით აღმაშენებელო! შეიწირე აწ ქებაჲ მადიდებელთა შენთაჲ, და ნუ მოიჴსენებ ძვირთა ჩუენთა, არამედ შეგვეწიენ მჴურვალითა შუამდგომელობითა წინაშე ღმრთისა, შეიწყალნეს ერი ესე ჩუენი, და უვნებელად დაგვიცვნეს ყოვლისაგან ჭირისა და მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაჲ, არამედ ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე ვსდგეთ მტკიცედ და შეურყევლად გზასა მას ჭეშმარიტებისასა, და საუკუნოჲსა სატანჯუელთაგან გამოჴსნილნი მარადის შენ თანა ვადიდებდეთ და ვაკურთხევდეთ სამებასა ერთარსებასა, დამბადებელსა ღმერთსა დაუსაბამოსა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის; შემდგომ იკოსი 1 და კონდაკი 1

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკჳრველო მოღუაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო, მახვილო მესიისაო და საღმრთოო სუეტო მართლმადიდებლობისაო; ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო; მჴედართა დიდებაო და სიმტკიცეო კეთილმსახურთა მეფეთაო; მოწყალეო; გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო და ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო!

ჵ, ღუაწლით-შემოსილო და უძლეველო მეფეო დავით! ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ქრისტჱს მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, საუფლოჲსა ჯუარისა მტჳრთველსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მტერისა საფრჴისა და ძმათა მტერობისაგან, რამეთუ მთავარნი ამა სოფლისანი იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა მისსა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისაგან მათისა და ვესავთ შეწევნასა შენსა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ ქართველთა ერსა, ხოლო ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაჲ ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, რომელნი ჰყოფენ სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, და ძალითა ჯუარისაჲთა შემოჰკრვენ რაჲ ყოველთა საზღუართა საქართველოჲსასა, აღამაღლებენ და აღადგენენ სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი. კეთილმორწმუნენი მჴედართმთავარნი და ქალაქთმთავარნი, ქრისტჱსმოყუარენი მხედრობანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჵ, მეფეთა შორის მჴნეო მოღვაწეო, წმიდაო დავით აღმაშენებელო! ჭეშმარიტებისა მცველო და სინანულისა გალობათა შემოქმედო, ევედრე ყოველთა მწყალობელსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა სიმტკიცჱ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღჳძარებაჲ სულთათჳს; მთავართა - სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ და მჴნეობაჲ სულისაჲ; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა - მორჩილებაჲ; მძლავრთა - შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა - სულგრძელებაჲ; მხიარულთა - მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცრუ მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ, სიმართლის სიყუარული და ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი