დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებაანგელოსნი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

ზეგარდამო მონიჭებულსა წინამძღვარსა და მამასა ცათა მობაძავისა გარეჯისასა, და სასწაულთა ელვარებითა შემამკობელსა ქართველთა ეკლესიისასა, ქებით გიგალობთ და გევედრებით სასოებითა ყოვლადძლიერისა შეწევნისა შენისაჲთა: სამადლობელი ესე შესხმაჲ ჩუენი შეიწირე და შეგვავედრე ღმერთსა, რაჲთა გვაშორნეს საღმრთოჲსა მსჯავრისა საშინელებაჲ უსჯულოებისა ჩუენისათჳს და გზასა მას მცნებათასა წარგვიმართოს შემსხმელთა შენთა: გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

იკოსი 1

ზედამდგომელ და მფარველ ექმნა რაჲ დედაჲ ღმრთისაჲ ერსა ჩუენსა, წარმოგზავნა იოანე ასური სარწმუნოებასა შინა განსამტკიცებლად ქართველთა, და შენცა იყავ რაჲ მოწაფეთა შორის მისთა, თაყუანის-ეცით კუართსა უფლისასა და სვეტსა პატიოსანსა, და ზედაზენსა დაემკჳდრეთ სადიდებელად ღმრთისა, აწ შეგვეწიე წინაშე მისა, ეკლესიაჲ ჩუენი დაიცვას და მღდელნი ერითურთ განამტკიცოს შეურყეველად, რაჲთა ყოველნი ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და გაქებდეთ შენ მსგავსად ძალისა ჩუენისა:

გიხაროდენ, კეთილ-ნაყოფიერო ხეო ზეციერისა სამოთხისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, სიქადულო მოსაგრეთაო და სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, განმამრავლებელო ქრისტეს მხედრობისაო;
გიხაროდენ, უწმიდესო ვარსკულავო უდაბნოჲსაო;
გიხაროდენ, მეორედ განმანათლებელო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, მარადის მფარველო სამწყსოჲსა მისისაო;
გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო ყოვლისა საქართველოჲსაო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 2

ხედვიდა რაჲ მოძღუარი შენი იოანე ბილწთა მათ კერპთმსახურთა და მწვალებელთა განძლიერებასა ქუეყანასა ჩუენსა, ათორმეტნი მოწაფენი თჳსნი გაკურთხათ ქადაგებად და განვრცობად ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა, ხოლო შენ წარგგზავნა რაჲ ტფილისსა ქადაგებად და განსხმად ეშმაკთა, დაემკჳდრე ქუაბსა შინა მახლობელად მისსა და საკჳრველთმოქმედი წყაროჲ აღმოაცენე რაჲ ლოცვითა, სასოებითა იხმევდენ სნეულნი, ბრმანი და უშვილონი და შენ მიერ ლხინებისა მიმღებელნი ადიდებდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

უშიშად განჰფენდი რაჲ სიტყუასა ჭეშმარიტისა ღმრთისასა, ვერღა თავს-იდვეს მოგუთა ესევითარი მოღუაწებაჲ შენი და ურცხვად დაგწამეს ცილი მრუშობისაჲ, ხოლო შენ კუერთხი შეახე მეძავსა მას და უბრძანე რაჲ ყრმასა განცხადებაჲ მამისა თჳსისაჲ, ჴმა-ყო მან წიაღითგან დედისა და მჭედელი აღიარა რაჲ მამად თჳსად, ქუაჲ შუა დედაკაცმან ტკივილითა, და ყოველთა მხილველთა ამისთა აღიარეს ქრისტე ღმრთად ჭეშმარიტად, რომელმანცა ესევითარი მადლი მიანიჭა მსახურსა თჳსსა, და სამადლობელი ქებაჲ შეგასხეს, ვითარცა მამასა და მოძღუარსა დიდსა:

გიხაროდენ, ბრძენო ქადაგო მოციქულთა და მამათა სწავლებისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მცნობელო უფსკრულო გულისჴმის-ყოფისაო;
გიხაროდენ, ფიცხელითა მოღუაწებითა დამშრეტელო ნაკუერცხალთა მათ ეშმაკის საცთურებისაო;
გიხაროდენ, ქრისტეს სახელის სადიდებლად დამარღვეველო მოგვთა გრძნებისაო;
გიხაროდენ, ძლევითა მამხილებელო მაზდეანთა ცრუ სჯულისაო;
გიხაროდენ, ბოროტმზრახვალთა პირთა დამხშველო და დამჴსნელო სივერაგისაო;
გიხაროდენ, სირცხჳლეულ-მყოფელო ურწმუნოთა კრებულისაო;
გიხაროდენ, განმდევნელო ცეცხლთაყვანისმცემელთა სიბნელისაო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ნათლითა განმაბრწყინვებელო ტფილისისაო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 3

აღგზებული ტრფიალებითა საღმრთოჲთა მოწაფისა შენისა თანა განეშორე შფოთთა სოფლისათა, და წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა ივლტოდი უდაბნოსა მას ფიცხელსა, რაჲთა წარუვალი იგი შუებაჲ მოიპოვო საწუთოჲთა ჭირითა, გარნა შიშნეულ იქმნა ლუკიანე, მიწაჲ იგი უპოვარ იყო რაჲ საზრდელისაგან და წყლისა, და მრავლით ჟამითგან სავსჱ იყო ქუეწარმავალითა და მხეცებითა, ხოლო შენ განამტკიცებდი და ეტყოდი: „მოწყალე არს ღმერთი, და სიტკბოებით ზრდის მოშიშთა მისთა და მაქებელთა“: ალილუია.

იკოსი 3

წინა-ძღუანვილთა ანგელოსთაგან დაივანეთ რაჲ ქუაბსა მას შინა კლდისასა, საზრდელსა პოებდით მდელოთაგან და წყალსა წჳმისაგან შეკრებულსა ნაპრალთა შინა, და ადიდებდით ღმერთსა, მომმადლებელსა ყოველთა კეთილთასა, აწ მისა მიმართ დამგებელ გუექმენ, რაჲთა გამოზარდოს სული ჩუენი პურითა გულისჴმის-ყოფისაჲთა და მოგუცეს სლვაჲ კეთილ სახედ სოფელსა ამას შინა, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და ღირს-ვიქმნეთ შეწირვად შენდა გალობისა:

გიხაროდენ, დიდსულო და ნათლითა ღმრთისმეცნიერებითა განათლებულო;
გიხაროდენ, ცნობად ძალსა წმიდათა წერილთაჲსა განბრძნობილო;
გიხაროდენ, სიმჴნითა გონებისაჲთა და უმანკოებითა გულისაჲთა შეჭურვილო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა და მარხვითა თავისა თჳსისა მომზღუდველო;
გიხაროდენ, ფიცხელთა ღუაწლთა და განსაცდელთა ახოვნად თავს-მდებელო;
გიხაროდენ, ცრემლთა შენთა მდინარითა უწყლოჲსა უდაბნოჲსა მომრწყველო;
გიხაროდენ, დაუცხრომელითა ლოცვითა ეშმაკთა მძლეველო;
გიხაროდენ, გულის-თქმათა ბოროტთა ძირთა ყოვლითურთ აღმომფხურელო;
გიხაროდენ, მრავალ-საფრჴეთა მტერისაჲთა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 4

განჴმეს რაჲ მდელონი იგი სიცხისაგან, კუალად შეიპყრო შიშმან ლუკიანე, რამეთუ მოცულ იქმენით სიყმილითა, და ვითარცა სარწმუნოჲ მხედარი ქრისტჱსი ევედრებოდი მოწაფესა შენსა, რაჲთა არა მოაკლდეს მას მადლი მოთმინებისაჲ და წმიდითა გულითა და განმზადებული მორჩილებად ღმრთისა, აქებდი მას სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

იკოსი 4

ნუგეშინის-სცემდი რაჲ ლუკიანეს სრულიად მინდობილი ღმერთსა, ვითარცა გამოზარდა მან ყორნისა მიერ ელია, ეგრეთცა ზეგარდამო მსმენელ იყო ლოცვისა შენისა, და მოგივლინათ რაჲ სამნი ირემნი, ნუკრთა თანა მსახურებად თქუენდა, ჯუარისა დასახვითა ხაჭოდ ქმნულსა რძესა იჴმევდით და მადლობდით ღმერთსა მოწყალესა, კლდით წყაროჲცა აღმოგიცენათ რაჲ მღვიმესა, და ვიდრე აქამომდე დაუწყვედელად აღმოადინებს მადლსა და კურნებასა და აღგუძრავს ქებად და დიდებად შენდა:

გიხაროდენ, გამორჩეულო მსახურო სამებისაო;
გიხაროდენ, ანგელოსო უბიწოო ქუეყანისაო;
გიხაროდენ, კაცო საკჳრველო ზეცისაო;
გიხაროდენ, ხატო დათმენისა და სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდებულო ქადაგო სიმდაბლისაო;
გიხაროდენ, ურყეველო ძეგლო სიმჴნისაო;
გიხაროდენ, მოძღუარო ქართველთა ერისაო;
გიხაროდენ, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, უდაბნოჲსა ლამპარო და საჩინოო მნათობო კახეთისაო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 5

დავანებულ იყო რაჲ ვეშაპი მძვინვარჱ რომელსამე ნაპრალთა კლდისათა, ერთი იგი ნუკრთაგანი შთანთქა და დამფრთხალნი ირემნი მოისწრაფდენ რაჲ შენდა, ღმრთივმონიჭებულითა მით ძლიერებითა განდევნე და ველსა მას ყარაიასასა უფლისა მიერ მეხის ტეხითა შეიწვა, ხოლო სასწაულსა ამას ხედვიდა რაჲ შეძრწუნებული ლუკიანე, ღაღად-ყო სიხარულითა: „მამაო წმიდაო, საკჳრველ არს ღმერთი შორის წმიდათა მისთა“, და აქებდა ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 5

ღუაწლითა შენითა და მადლითა უფლისაჲთა აღიწიე რაჲ სრულსა სისრულესა სათნოებათასა, ილოცვიდი ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა, აწ ჩუენცა მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ, მოიხილოს ჩუენ ზედა და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და გულსმოდგინებითა ვაქოთ საქმენი შენნი, ღირსი ქებისაჲ:

გიხაროდენ, სულისა თჳსისა ქრისტჱს სამკჳდრებელად განმკუთვნელო;
გიხაროდენ, ჯუარისა მისისა ბეჭთა თჳსთა ზედა აღმღებელო;
გიხაროდენ, ანგელოსებრივისა ღუაწლისა თავსმდებელო;
გიხაროდენ, განხურვებულთა ისართა ბოროტისათა მოღუაწებითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, გარეჯის უდაბნოსა შინა ქრისტჱს ვენახისა დამსხმელო და თავწარსხმულთა ტევანთა გამომღებელო;
გიხაროდენ, საუნჯეო სიბრძნისაო, ღმრთისმეცნიერებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ყოვლად-ბრწყინვალეო სანთელო, უწმიდურებისა წყუდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, სულთა მარგებელთა სწავლებათა განმამრავლებელო;
გიხაროდენ, საეშმაკოთა განსაცდელთაგან შერყეულთა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 6

მართლითა სარწმუნოებითა აღორძინებაჲ კახეთისა მკჳდრთაჲ ეწადა რაჲ უფალსა, უჩუენა საყოფელი თქუენი მონადირეთ, სდევნეს რაჲ ირემთა და იხილეს ლუკიანე, რომელ წუელდა მათ, ვითარ სახლსა შინა აღზრდილთა, ხოლო ეტყოდი რაჲ თაყუანისცემად შენდა შევრდომილთა: „თქუენ სხუაჲ ნადირი ინადირეთ, რამეთუ ესენი უძლურებისა ჩუენისათჳს უბოძებიან უფალსა“, ღაღადყვეს განკჳრვებითა: „დიდ არს დიდებაჲ უფლისაჲ“: ალილუია.

იკოსი 6

მოინადირნე რაჲ სიბრძნითა ღმრთისაჲთა, წარვიდეს კაცნი იგი და განთქუეს სიწმიდჱ შენი და ძალი საკჳრველებათაჲ, რამეთუ საყოფელი თქუენი მრავალ-ჟამ არც-ვინ იცოდა, და აჰა, ყოვლით კერძო მოისწრაფდა სიმრავლჱ ერისაჲ ხილვად შენდა, და განჭურეტდი რაჲ ყოველთა გულისზრახვათა, განსწავლიდი და განამტკიცებდი სათნოებათა შინა, ხოლო რომელთამე აღადგინებდი სურვილად მონაზონებისა, და გამოკუეთდენ რაჲ ქუაბთა და კლდეთა, სამ წელ მარტოებითა სცხოვნდებოდენ და გნატრიდენ შენ, ვითარცა მამასა სანატრელსა:

გიხაროდენ, მწყემსო სულიერო, განბნეულთა ცხოვართა შემკრებელო;
გიხაროდენ, ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, მხილებისა მახჳლითა ეშმაკისა მსახურთა განმგმერელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, ცოდვილთათჳს სინანულისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სულიერად მომყმართა სწავლითა საღმრთოჲთა დამაურწყებელო;
გიხაროდენ, მჴცოვანთა განმამტკიცებელო და ჭაბუკთა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მონაზონთა ღვაწლსა შინა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 7

ანგელოზებრ ქცევაჲ შენი ესმა რაჲ ნეტარსა დოდოს, მოისწრაფა შენდა, და კურთხევითა და ზედა-მდგომელობითა შენითა აღაშენა რაჲ სავანჱ რქასა მას კლდისასა, დღითი-დღე შეეძინებოდა სიმრავლჱ ძმათაჲ, და ყოველნი ერთობითა იღუწიდით სადიდებელად ღმრთისა, მარადის შესწირვიდით რაჲ გალობასა ღირსსა: ალილუია.

იკოსი 7

განითქვა რაჲ სისრულჱ ეგე შენი ყოველთა შორის სახელოვნად, მოგგურიდენ ცხედრითა სნეულთა და ეშმაკეულთ, და იქმოდი რაჲ მრავალთა სასწაულთა, ვნებულთა განკურნებდი და შეპყრობილთა იჴსნიდი ეშმაკთა ზაკუვათაგან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა გამომიტაცოს ჩუენ ჴელთაგან სულთა განმჴრწნელთა ბელიარისათა და მოგუცეს ძლევაჲ ეშმაკთაჲ და მანქანებათა მათთაჲ შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, საღმრთოჲსა სიბრძნისა უხილავთა სიღრმეთა განმცდელო;
გიხაროდენ, შინაგანთა მათ დაფარულთა ვნებათა მხილველო;
გიხაროდენ, მორჩილთათჳს ტკბილო და მდაბალო, და უნანელთა შემაგონებელო;
გიხაროდენ, გამოუცდელთა ძმათა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, გრძნებითა შეპყრობილთა განმჴსნელო;
გიხაროდენ, მთავართა ბნელისაჲთა წარმწყმედელო და ეშმაკთა განმჴდელო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 8

დღესა ერთსა ნადირობად გამოვიდა რაჲ ბუბაქარი - მთავარი რუსთავისაჲ, მიუტევა ქორი კაკაბსა, და ფრინველი იგი დაჯდა რაჲ ფერჴთა თანა შენთა, ქორიცა მოიწია მახლობელად, და კაცი იგი მოჰყვა კვალსა მისსა, ხოლო გკითხვიდა რაჲ ვინაობასა, წმიდაო, უქადაგებდი ქრისტესა ღმერთსა, და ენება რაჲ მოკლვაჲ შენი ბარბაროზსა, მოგეტევა ჴრმლითა, გარნა განუჴმა ჴელი მეყსეულად, და გულისჴმა-ყო რაჲ სიწმიდჱ შენი, მამაო, გევედრებოდა შენდობასა, და წამსა შინა განკურნე სადიდებელად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 8

ძალმოსილებითა შენითა განკჳრდა ბუბაქარ ბარბაროზი და გევედრებოდა რაჲ კურნებასა მკელობელისა ძისასა, აღუთქჳ შეწევნაჲ, უკუეთუ ენებოს ღმერთსა, და მიიქცა რაჲ სახიდ თჳსად, ყრმაჲ იგი ყოვლითურთ უნაკლულოჲ წინა მიეგება, და გარეჯსა მოსრულმან ნათელ-იღო რაჲ სახლეულითა დოდოჲსგან, აღმოგიკვეთათ კლდესა შინა ეკლესიაჲ, და გნატრიდა შენ, ვითარცა ჴელისაღმპყრობელსა საკჳრველსა:

გიხაროდენ, ერისა ჩუენისა სიქადულო და განმანათლებელო;
გიხაროდენ, შენდამი მოსწრაფეთა სულიერითა სიტკბოებითა გამომზრდელო;
გიხაროდენ, მონანულთათჳს ღმრთისაგან წყალობისა გამომთხოველო;
გიხაროდენ, წარმართობისა წყუდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, განფიცხებულთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა სულიერთა ნიჭთა უხუად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა ჭეშმარიტისა ღმრთისად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, მადლისა ნავთსაყუდელო, და სნეულთა უვეცხლოო მკურნალო;
გიხაროდენ, საპყართა აღმადგინებელო და მკელობელთა მავლინებელო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 9

სამებისა ნათლითა ჰნათობდი ქუეყანასა ჩუენსა, და ვითარცა მამაჲ სახიერი კეთილად ჰმწყსიდი რაჲ სამწყსოსა შენსა, მრავალნი მოისწრაფდენ, რაჲთა დაგემორჩილონ გულითა მშჳდსა და სულგრძელსა, და განმრავლდენ რაჲ ძმანი, ვითარცა ფრინველნი ცისანი, აღუშენე უდაბნოჲ მრავალ-მთისაჲ სახელსა ზედა ნათლის-მცემელისასა და მათთანა მადლობდი და ადიდებდი ღმერთსა, ჴორცითა და სულითა განმამტკიცებელსა თქუენსა: ალილუია.

იკოსი 9

აღძრულმან თაყუანისცემად უფლის ცხოველს-მყოფელისა საფლავისა, არწმუნე ლუკიანეს ზედამდგომელობაჲ სამწყსოჲსა შენისა, და ქუეითად წარემართე რაჲ ძმათა თანა იერუსალიმს, მიწევნულმან კიდეთა მისთა, შორითგან თაყუანისეც, ვერღარა იკადრე რაჲ სლვად ქრისტეს ნატერფალთა ზედა, და მიწისა ცრემლითა დამლტობელმან ლოცვითა აღიხუნე რაჲ სამნი ქვანი, უკუნ-იქეც მმადლობელი ღმრთისა, მას ევედრე აწ, ნეტარო ბერო, გჳჴსნნეს ჩუენ რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რაჲთა ყოველთა მართლმადიდებელთა კეთილად განგვემარჯოს და გნატრიდეთ ძალისაებრ ჩუენისა:

გიხაროდენ, მონაზონთა ცხორებისა კანონო და ბეჭედო სანატრელო;
გიხაროდენ, მამაო მონაზონთაო, მრავალ-სახეთა საცთურთაგან უძლეველო;
გიხაროდენ, მწყემსო სიტყჳერთა ცხოვართაო, საღმრთოჲთა სიტყჳთა და საქმითა დამწყსველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, სულისა სიმჴნითა და ახოვნებითა სულ-მოკლეთა და მოუთმენელთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა მოშურნეობისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, გამოუთქმელითა სიწმიდითა შენითა მრავალთა წმიდა-მყოფელო;
გიხაროდენ, სულიერთა მოღვაწეთა კეთილად წარმმართებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტთა მმარხველთა შემწეო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 10

იყავ რაჲ სავსჱ მადლითა სულიერითა, ნეტარო დავით, წარმოჩენაჲ სიწმიდისა შენისაჲ ენება უფალსა, და ანგელოსისა მიერ აუწყა ელია პატრიარქსა, თუ ვითარ წარიღე ყოველი მადლი იერუსალიმისაჲ, და მანცა წარმოგზავნა რაჲ მალე-მსრბოლნი ძიებად შენდა, მსწრაფლ გეწინეს და გევედრენ, რაჲთა არა ჴუებულ-ყო წმიდაჲ ქალაქი იგი მადლისაგან, და წარიღეს რაჲ ორნი ქუანი, ერთი იგი მოგანიჭეს, და ღაღად-ყავ შეძრწუნებულმან: „დიდებაჲ შენდა ღმერთო, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ პოვნად წყალობისა!“: ალილუია.

იკოსი 10

მესამედი იგი მადლი წმიდისა მიწისაჲ მოიღე რაჲ უდაბნოდ გარეჯისად, მამაო დავით, მიერითგან სამგზის მოლოცვაჲ მისი მიესწორა ერთ-გზის იერუსალიმისა მოხილვასა, ხოლო სასწაული იგი განთქუეს რაჲ თანამოგზაურთა შენთა, ყოველნი მოისწრაფდენ მიმთხვივად საკჳრველისა მის ქჳსა, რომელი ეგე კუალად აღმოადინებს მადლთა და საკჳრველებათა, და მრავალთა აღსძრავს მსახურებად ღმრთისა და ქებად სიწმიდისა შენისა:

გიხაროდენ, კეთილითა და სულთა სარგებელითა მოღუაწებითა განდიდებულო;
გიხაროდენ, სანთელო მაღალსა ზედა სასანთლესა მონაზონებისასა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ამბა ანტონსა მიმსგავსებულო;
გიხაროდენ, მრავალთა მამათა მამად სახელდებულო;
გიხაროდენ, ლოცვათა კეთილსურნელებითა ქუეყანისა ჩუენისა აღმავსებელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა დამამტკიცებელო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძჳრთა უხილავთა მტერთაჲსა დამფარველო;
გიხაროდენ, ნუგეშინის-საცემელად ძმათა მწარე წყაროჲსა დამატკბობელო;
გიხაროდენ, გულსა მრავალთასა ქრისტჱს სიყუარულისა შთამსახველო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 11

მყუდროებისა და მარტო-მყოფობისა მოყვარჱ ჟამითი-ჟამად განხვიდოდი მოხილვად მარტოდ დაყუდებულთა ძმათა, და შეჭურვილი მადლითა სულისაჲთა ასუმევდი რაჲ წყალსა ცხორებისასა უშურველად, ლოცვითა განაძლიერებდი უძლურთა და სულთა ბოროტთა განასხმიდი ღმრთივმოცემულითა ძალითა, აწ ჩუენცა მოგუფინე მადლი ყოვლად განწმედილისა ლოცვისა შენისაჲ, რაჲთა განვერნეთ ცოდვილსა ცხორებასა და არცაღა დავსცხრეთ ქებად და დიდებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 11

მჴცოვანებასა მიწევნულმან ცან რაჲ განსლვაჲ შენი ჴორცთაგან, განამტკიცნე მოწაფენი შენნი, და ეზიარე რაჲ წმიდასა მსხუერპლსა ქრისტჱს ღმრთისასა, ლოცვითა შეჰვედრე სული თჳსი ჴელთა მისთა, რომელმაცა მეყსეულად გადიდა, განამრავლნა რაჲ შენ მიერ სასწაულნი და კურნებანი, და თვალი აღუხილა ბრმასა, შე-რაჲ-ეხო იგი წმიდასა ნეშტსა შენსა, ხოლო დაგფლეს რაჲ სენაკსა მას მკჳდრობისა შენისასა, ქუაჲ იგი მადლისაჲ დაგისუენეს გულსა, და მრავალნი უძლურნი განკურნე, შეუვრდენ რაჲ სამარხოსა შენსა, და სიხარულითა გაქებდენ შენ, ვითარცა მეოხსა საკჳრველსა:

გიხაროდენ, კეთილად ღმრთისმეტყუელო მოღუაწეო, რამეთუ ჭეშმარიტად ზეციერი წინამბრძოლი გამოუჩნდი ერსა ჩუენსა, დამკჳდრდი რაჲ ივერიას;
გიხაროდენ, სიტყვითა ტკბილო და ზრახვითა საწადელო, რამეთუ საფუძველი მტკიცჱ დაუდევ საღმრთოჲსა ცხორებისა მოსურნეთა;
გიხაროდენ, სარწმუნოო ქრისტეს მონაო, რამეთუ ზეცას მიიცვალე რაჲ საუკუნეთა მათ სავანეთა, ანგელოზთა და წმიდათა გუნდთა თანა შერთული განჰბრწყინდი დიდებითა;
გიხაროდენ, რამეთუ შემდგომად შენსა დააარსეს მრავალნი სავანენი ძმათა, და იქმნა გარეჯის უდაბნოჲ ქალაქ მონაზონთაგან;
გიხაროდენ, სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო, რამეთუ კეთილად შესავედრებელად მოგიგო ივერთა ერმან, და უდაბნოსა მას შენსა სახელსდვა „დავითისად“;
გიხაროდენ, მოღუაწეო უსაკჳრველესო, რამეთუ ვერცაღა შემძლებელ ვართ დავიწყებად საღმრთოსა მას მოქალაქობასა შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ წლითი წლად გჳწესს წმიდაჲ ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა - ხუთშაბათსა შემდგომად ქრისტეს აღმაღლებისასა;
გიხაროდენ, რამეთუ ერი ჩუენი გალობითა და შესხმითა სულიერითა აღასრულებს საჴსენებელი შენსა, მადლითა აღსავსესა;
გიხაროდენ, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა სიქადულო და მოწესეთა სიხარულო, რომელსა გაქუს მადლი მოსავთა შენთა შეწევნისა;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 12

მადლითა საღმრთოჲთა განანათლენ რაჲ მხარჱ ესე კახეთისაჲ, იქადის „დავითგარეჯა“ შენთა შრომათათჳს მას შინა აღსრულებულთა, და ჴმა მაღლად ჰქადაგებს რაჲ ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, აწ ჩუენცა გული გჳთქმს მისლვად წმიდასა მას ლავრასა შენსა, მამაო, სიმდიდრედ სულიერად და საუნჯედ საღმრთოდ უპყრიეს რაჲ სამარტჳლოჲ შენი, რომელსა შინა მდებარე წმიდანი ძუალნი შენნი მარადის იქმან საკჳრველებათა და განჴდიან ეშმაკთა, რაჲთა სიხარულითა ვადიდოთ ღმერთი, რომელი ადიდებს წმიდათა მისთა“: ალილუია.

იკოსი 12

მაუწყებელ-არს მოღუაწებათა შენთა დიდებული „მთაწმიდა“, მამათა შუენებაო დავით, და იშუებს რაჲ განპოხებული მადლითა შენითა, წმიდაჲ ტაძარი „მამადავითისაჲ“, სულიერთა სულნელებათა მიჰფენს გულთა და გონებათა ჩუენთა, და მოგვიწოდს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა ლოცვითა მივეახლოთ უპირველესსა მას ადგილსა მოღუაწებისა შენისასა, რომელი აწ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, ღმრთისმშობელისა მიერ ზღუდედ შჯულისა და განმანათლებელად ერისა ჩუენისა მოვლინებულო;
გიხაროდენ, მოწესეთა მთავარო, უალთა უდაბნოთა შინა მჴეცთა-წილ ანგელოსთა სწორთა კაცთა განმამრავლებელო;
გიხაროდენ, ივერიელთა სულიერისა სიმჴნისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, მათ მიერ სიყუარულითა შეტკბობილო და მამად წოდებულო;
გიხაროდენ, ღუაწლისა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელო;
გიხაროდენ, შუამდგომლობითა შენითა საღმრთოჲსა მოწყალებისა კართა განმხუმელო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელსა მას საუკუნოჲსა ცხორებისასა მშჳდობით შემყვანებელო;
გიხაროდენ, შენ მიერ მთაწმიდას აღმოცენებულითა წყლითა სულიერისა და ჴორციელისა სიბრმისა განმკურვნელო;
გიხაროდენ, უნაყოფოთათჳს შვილიერებისა მიმცემელო;
გიხაროდენ, ქართველთა ნათესავისა მიერ მარადჟამს საჴსენებელო;
გიხაროდენ, ღირსო მამაო დავით გარეჯელო, მადლისა და კურნებისა წყაროო დაუშრეტელო!

 

კონდაკი 13

ჵ, მამაო ბერთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო განშორებულთაო, ყოვლად ნეტარო დავით გარეჯელო! ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ, რაჲთა სულნი ჩუენნი იჴსნნეს მონებისაგან ბნელისა ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა, და მოგვცეს გულისჴმისყოფაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ, რაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვერნეთ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა, რაჲთა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა იერუსალჱმსა და ღირს ვიქმნეთ დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა: ალილუია.

ეს კონდაკი (3-გზის) შემდგომ 1 იკოსი და 1 კონდაკი.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, სიბრძნისა საუნჯეო და ნათელ-ცისკროვნო ვარსკვლავო უდაბნოჲსაო, ღირსო მამაო ჩუენო დავით გარეჯელო! მოწაფეო და თანამზრახუელო წმიდისა იოანე ზედაზნელისაო; მოღუაწებისა ძეგლო და მტკიცეო კლდეო სარწმუნოებისაო; ბერთა სამკაულო და ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო ეკლესიისაო, მამათა გჳრგჳნო და სიქადულო გარეჯისაო; კურნებათა მომცემელო და მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჵ, მეუდაბნოეთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, საკჳრველთმოქმედო მამაო ჩუენო, წმიდაო დავით გარეჯელო! რომელი ზეგარდამოჲთა განგებულებითა ღმრთისაჲთა მიიწიე უდაბნოს ნავთსაყუდელად სულთა და განმამრავლებლად სავანეთა, უწმიდურთა სულთა განდევნისა ღმრთივბოძებულითა ძალითა ეშმაკთა განასხამდი, სნეულთა კურნებდი, და მსწრაფლ შეეწეოდი ყოველთა ურვათაგან ჭირვეულთა, ხოლო აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან წინაშე ღმრთისა, მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გჳრგჳნად მადლთა, და სამარხოსა შენსა მუჴლმოდრეკითა მიმთხვეულნი ყოვლითა სულითა შევსწირავთ შენდა ვედრებასა: მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა მადლი თჳსი და წყალობაჲ განუახლოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, დაარღვიოს ყოველივე უღმრთოებისა საცთური და დაამჴოს ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაჲ, ხოლო ჩუენ მოგვმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ, და გჳჴსნას საფრჴისაგან ეშმაკისაჲთა და ბოროტებისაგან კაცთაჲსა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაჲთა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი (სახელი), დღეგრძელობითა დაიცევ მწყსად ერისა ჩუენისა ყოვლითა ჭეშმარიტებითა და სიწმიდითა. განანათლე ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიმართ მსახურნი დიაკონნი და ყოველნი მოწესენი ეკლესიათანი, რომელნი სიმდაბლისა ცხორებითა იქცევიან, და ქრისტჱს მოყუარენი ერისა კაცნი დაიცევ ოხითა შენითა.

ჵ, უქმთა უდაბნოთა ქალაქ-მყოფელო და მონაზონთა კეთილად განმგებელო მოღვაწეო, ღირსო მამაო ჩუენო დავით გარეჯელო! რომელმან აღირჩიე ცხოვრებაჲ ანგელოზებრივი და შეიმოსე წმიდაჲ იგი სქემაჲ მონაზონებისაჲ, აწ მოგჳჴსენენ წინაშე ღმრთისა, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ დიდი მისა მიმართ, რაჲთა მოჰმადლოს ქუეყანასა ჩუენსა მშვიდობაჲ, ეკლესიათა განბრწყინებაჲ, სამღდელოთა - პატიოსნებაჲ, და ყოველთა ერისაგანთა - სათნოებათა შინა განმტკიცებაჲ, რაჲთა არა გვეუფლოს განმხრწნელი იგი სული ამა საუკუნისაჲ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი, და თაყუანისცემაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დავით გარეჯელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილი