უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3 გზის ).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი საჴელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ საჴელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
უფალო, შეგჳწყალენ (12გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. (3 გზის)
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ქებით გიგალობთ მღდელთა სიქადულსა და ხანძთისა დიდებასა, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და განგუარინნეს ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა, რაჲთა ვევლტოდეთ რისხვასა ღმრთივაღძრულსა და გნატიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
უღელსა ტკბილსა ქრისტჱსსა ქედი მოუდრიკე და წარმართე რაჲ სლვანი შენი მსახურებად ღმრთისა, სიტყჳერთა ცხოვართა მწყემს იქმენ, და დამწყსენ იგინი სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე აწ მოიხილე ჩუენ ზედა და გჳჴსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რაჲთა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და გულსმოდგინებითა ვადიდოთ საქმენი შენნი ღირსი ქებისაჲ:
გიხაროდენ, კაცო, გულის სათქუმელო სულისაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო, სამკჳდრებელო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხო-ვრისაო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა საზეპუროჲსაო და გაძლიერებისათჳს სამეფოჲსა წმიდისაო;
გიხაროდენ, ორღანოო, ქნარითა გალობათაჲთა ბრწყინვალედ შემამკობელო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კეთილად მომმუშაკებელო ღმრთისმსახურებისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, კეთილად განმგებელო მოღუაწეო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოჲსაო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა დიდო არქიმანდრიტო და მოძღუარო სრულიად საქარ-თველოჲსაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო ქალწულისა ნინოჲსა მიერ აღორძინებულისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ხატო წინაპართა ჩუენთა კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
დამბადებელმან გიცნა წიაღსავე შინა დედისასა და განგიკუთვნა რაჲ შობით შენითგან, სიყრმითგან წარემატე ჰასაკითა სწორთა შენთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, ჭაბუკმან, ვითარცა მჴცოვანმან და ბრძენმან, შეიმოსე სახჱ მონაზონებისა და სამღდელოჲ სამოსელი სიმართლისა და მადლისა, და დღითიდღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა: ალილუია.
მოსწრაფე იყავ რაჲ ღმრთისა მიერ აღძრვითა, ნეტარო გრიგოლ, დაუტევნე მშობელნი და მოყუასნი თჳსნი, და სამთა მოსაგრეთა თანა თანაწარხედ რაჲ სოფლიოჲსა ამის განხრწნადთა საქმეთა, ქრისტჱს სიყუარულითა ერთ ზრახვად შეკრულთა აღიბეჭდეთ თავნი თჳსნი ნიშითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა და წინამძღურობითა სულისა წმიდისაჲთა მიიწიეთ რაჲ მურვან-ყრუჲსა მიერ აოხრებულსა სანახებსა მას კლარჯეთისასა, დაემკჳდრეთ ოპიზას, ნეტარისა მამისა თანა გიორგისასა და მოსწრაფედ შეუდეგით ასპარეზსა უხრწნელისა ღუაწლისასა, ამისთჳსცა მოგართუმევთ სამადლობელსა ამას ქებისასა:
გიხაროდენ, სამოელ წინასწარმეტყუელისაებრ დედის წიაღთაგან უფალსა შეწირულო;
გიხაროდენ, სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთავისასა წმიდად და უბიწოდ აღზრდილო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგანვე სულისა თჳსისა ქრისტჱს სამკჳდრებელად განმკუთვნელო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა და მღჳძარებითა ეშმაკისა ცთუნებათა განმხდელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ ხელოვნებათა მძლავრისა მტერისაჲთა დამჴსნელო;
გიხაროდენ, ფრიადისა მუჴლთმოდრეკისა და ცრემლთა წმიდათა უძილთაგან თუალთა შენთა ღმრთისადმი შემწირველო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მწიგნობრობასაცა შინა მრავალთა ენათასა განსწავლულო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა წერილითა გამოჴურვებულო და სიბრძნითა განსრულებულო;
გიხაროდენ, მამულისა სიყვარულითა ანთებულო და სარწმუნოებისა ერთობისა სულითა აღგზებულო;
გიხაროდენ, თაფლ-მწთოლვარითა მით ენითა სწავლათა საღმრთოთა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, პატივსა მას ეპისკოპოსობისასა განრინებულო და ფიცხელთა ღუაწლთა ახოვნად თავს მდებელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
უზესთაესსა მადლსა მას ღირს-ქმნულმან, არათუ ქვიშასა ზედა დასდევ საფუძველი მონაზონებისაჲ, არამედ კლდესა ზედა სიმტკიცისასა, რომელ-არს ქრისტე, რამეთუ ჯუარი მისი მჴართა ზედა აღიღე და სივრცესა მას შინა უდაბნოთასა განბნეულნი მარტოდ ცხოვრებულნი მამანი შეკრიბე, ვინაჲცა შეირაცხნეს პირველთა თანა მოწაფეთა შენთა, ნეტარო, და კეთილად წარმართებულნი უფალსა უგალობდენ: ალილუია.
ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაჲთა, და ადგილსა კლდოანსა და კაცთაგან უღუაწთა აღაშენე დიდებული ხანძთაჲ სახელსა ზედა მთავარ-მოწამისა გიორგისასა, საცხოვნებელად სულთა და საყუდებელად მამათა, და ყოველთავე წყალობით ასწა-ვებდი და სწყალობდი შენდამი სარწმუნოებით მოლტოლვილთა, ხოლო მოწაფენი შენნი გემსგავსებოდენ მოძღუარსა კეთილსა, და იყვენით თქუენ ერთსულ ძალითა ქრისტჱსითა, აწ გვიოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ, რაჲთა შეწევნითა შენითა ვიქადდეთ და გნატრიდეთ წადიერებითა და სურვილითა:
გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს მრავალსახეთა ჭირთა და მწუხარებათა დამთმენელო;
გიხაროდენ, უდაბნოსა შინა წმიდათა მამათა მომხილველო და განგებისა მის თითოეულისა მათისასა გულსა შიდა დამმარხველო;
გიხაროდენ, კეთილთა ქცევათა მარტოდ მყოფთაგან მეუდაბნოეთა და ღმრთისა მიახლებულთაგან შემკრებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესთა უდაბნოთა შინა ნაცულად მჴეცთა-წილ, ანგელოზთა სწორთა კაცთა დამამკჳდრებელო და მრავალთა სათნოებათა დამნერგველო;
გიხაროდენ, უდრტვინველად სიმდაბლითა მორჩილთა სიხარულითა შემწყნარებელო და ურჩთა განმდევნელო;
გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელითა პირითა უაღრეს რიტორთაჲსა მეტყველო და სწავლათა ზეცისათა გამომთქუმელო;
გიხაროდენ, საღმრთოთა წიგნთა სრულ-მყოფელო და ყოველთა წესთა განმმარტებელო;
გიხაროდენ, მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარ-განხდილთა ქრისტეანეთა სულითა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, უსიტყუთა სიტყჳერ-მყოფელო და უძლურთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, პატიოსანთა სიტყუათა შენთა მადლითა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულის სულისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა მოწესეთო გამომწვრთნელო და ყოველსა ზედა კეთილსა საქმესა გამომცდელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
განეფინა რაჲ მადლი ბაგეთა შენთა, ყოვლად საწადელნი გალობანი აღმოსთქუენ აღსავსჱ სიტკბოებითა, და ღმრთისმსახურებაჲ განაშუენე რაჲ შესჴმითა წმიდათაჲთა, წიგნნი სულიერნი დაუუნჯენ ეკლესიათა ჩუენთა, ხოლო ვინაჲ ხედვიდეს საღმრთოსა მას მოქალაქობასა შენსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთა და სასწაულთა, შენ მიერ აღსრულებულთა, აღივსო გული მათი სიყუარულითა შენითა, და მადლობდენ ღმერთსა, რამეთუ მოხედვაჲ ყო საზეპუროსა ერსა თჳსსა ზედა და მოუვლინათ კაცი ზეცისაჲ და ადიდებდეს განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.
ვითარცა აკურთხა უფალმან სახლი ნოვე მართლისაჲ და აბრაჰამ მამათმთავრისაჲ, იგივე კურთხევაჲ დაუმკჳდრე, ნეტარო, სახლსა გაბრიელ მთავრისასა, და მჴურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი წინაშე ღმრთისა, ხოლო გაბრიელ მოგანიჭა შენ მრავალი საფასე საშენებელად მონასტრისა, რამეთუ იწროებასა შინა იყვენით დიდსა, ეგრეთვე აწ მოგუხედენ ჩუენ და მოგუ-ფინე კურთხევანი მამობრივისა შენისა გულმოწყალებისაჲ, რაჲთა ცხორებისა ჩუენისა გზაჲ კეთილად განვლოთ და ღირს ვიქმნეთ შეწირვად გალობისა:
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ჴსნისა მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, ღმრთისა და მოყუასის სიყუარულისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, მამულად სამსახურებელად და ღმრთისმსახურებად მომწოდებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულმოკლეთა და დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, განსაცდელთა შინა შეწევნისა მადლისა ზეცით-გარდამო მომღებელო;
გიხაროდენ, მშიერთა გამომზრდელო და გლახაკთა მწყალობელო;
გიხაროდენ, წყევისა დამჴსნელო და კურთხევისა მომცემელო;
გიხაროდენ, სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან განფიცხებულთა გულთა მომალბობელო და ბრალეულთა სინანულად მომაქცეველო;
გიხაროდენ, მორჩილთათჳს საღმრთოჲსა შურისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, მოგუთა გრძნებისა დამარღვეველო და სიცბილისა მათისა ძლევითა მამხილებელო;
გიხაროდენ, მზვაობართა დამამდაბლებელო და მდაბალთა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ლირწებათა მეფეთასა და უწყალოებათა მსაჯულთასა აღმკუეთელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველ-თმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
მიიწიე რაჲ უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა, ნეტარო, გჳრგჳნოსან გყო შენ უფალმან წინა-თქუმად ყოფადისა, ვითარცა აწინდელისა, და ანგელოზთა თანამზრახვალობისა, ხოლო მოწაფენი შენნი, შრომითა შეკრებულნი და სულიერად შობილნი, იყვნეს მსგავს წმიდათა უჴორცოთა და სულნელებაჲ ლოცვათა თქუენთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა წინაშე ღმრთისა: ალილუია.
ესმა რაჲ კეთილად ღმრთისმსახურსა მეფესა აშოტს სახელი შენი დიდ-საქებელ, გულისჴმა ყო მადლი ღირსებისა შენისაჲ, და სურვიელ იყო რაჲ ხილვასა შენსა, პატივითა გიწვია არტანუჯსა და სიმდაბლითა მოგეგება წინა, გარნა იხილა რაჲ ბრწყინვალებაჲ პირისა შენისაჲ, ვითარცა მოსე წინასწარმეტყუელისაჲ, სიხარულითა შეგიწყნარა, და წარმოგიდგინა სამნი იგი ძენი თჳსნი, ყოვლად კეთილნი და ახოვანნი, რაჲთამცა იკურთხონ შენ მიერ, და კირით-ხურონი და ყოველი, რაჲცა გიჴმდა შეგწირა, ხოლო ჩუენ ჴსენებასა შენსა წლითი-წლად აღვასრულებთ და გალობად შენდა აღვაღებთ პირთა:
გიხაროდენ, მსგავსად იოვანე ნათლისმცემელისა უდაბნოჲსა ანგელოზო და ქადაგო სინანუ-ლისაო;
გიხაროდენ, მოძღუარო კრძალულებისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მცნობელო უფსკრულო გულისჴმის-ყოფისაო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მკურნალო სულიერისა სიბრმისაო;
გიხაროდენ, კეთილად მეცნიერო ყოველთა დღესასწაულთა განგებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, სიმჴნეო მოთმინებისაო და სიწმიდისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახჳლო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, შეუძრველო გოდოლო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, სამკაულო და დიდებაო ივერთა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და ქომაგო ქართლოსიანთა მიწა-წყლისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო შუამდგომელო ნათესავისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
მოიჴსენე რაჲ ძირ-გუარობაჲ აშოტ კურაპალატისაჲ, უფლისა მიერ ცხებულისა შჳლად აღია-რე და განათლებული ხედევდი რაჲ მომავალთა, მეფობისა დამკჳდრებაჲ აღუთქვი უკუნისამდე ნათესავთა მისთა, ხოლო აწ ევედრე ღმერთსა, ღირს-გვყოს წინასწარმეტყუელებათა შენთა კეთი-ლად აღსრულებისა, და აღგჳდგინოს ცხებული ძირისაგან დავითისა, რაჲთა ჩუეულებისაებრ წინაპართა ჩუენთასა მსახურებდეს ერსა, და მარადის ადიდებდეს ქრისტესა ღმერთსა: ალილუია.
ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბრწყინვალედ და ერი შენი შეზღუდე სწავლითა საღმრთოჲთა, ხოლო შენ მიერ ახოვან ქმნილნი მეფჱ აშოტ მძლე ექმნა უშჯულოთა აგარიანთა და მტერთა კუეთებითა შერყეული ქართლის სამეფოჲ კუალად აღადგინა, ეგრეთვე აწ ჩუენ გარდამოგვივლინე ძალი, სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა, რაჲთა უვნებელად დაცულნი გაქებდეთ შენ, ვითარცა შემწესა და მეოხსა მჴურვალესა:
გიხაროდენ, არეთა ქართლისათა ღუაწლითა შენითა განმაშუენებელო;
გიხაროდენ, კლარჯეთის უდაბნოთაგან დაულევნელთა მადლთა განმფენელო;
გიხაროდენ, უდაბნოთა და ნაპრალთა შინა კლდისაჲთა მოსაგრეთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, სწავლითა შენმიერითა უწესოებათა განმმართველო;
გიხაროდენ, მწიკულევანთა და მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, სოფლისა ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, მხილებისა მახჳლითა ეშმაკისა მსახურთა განმგმერელო;
გიხაროდენ, მწვალებელთა და შჯულისა გარდამავალთა ეკლესიითგან განმდევნელო;
გიხაროდენ, ცისკრითა კეთილმსახურებისაჲთა ყოველთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებლობასა შინა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ღირსთა მეუდაბნოეთა და დიდთა მღდელთმთავართა გამომზრდელო;
გიხაროდენ, მთავრობისაგან ღმრთისა განშორებულთა და კაცთა მთავრობისა მოქენეთა ზარგანმხდელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
ინება რაჲ მეუფემან განცხადებაჲ საღმრთოჲსა დიდებისა შენისაჲ, მოგანიჭა მადლი სენთა კურნებისაჲ და ეშმაკთა განხდისა და განდევნისაჲ, ხოლო გესმა რაჲ გოდებაჲ დედისაჲ და იხილე ყრმაჲ მისი ვნებული მტერისაგან, შეგეწყალნეს ფრიად და განიოტე სული იგი უკეთური ლოცვითა და მიჰმადლე რაჲ კურნებაჲ, განიხარეს ფრიად, და მადლობაჲ აღუარეს და დიდებაჲ შესწირეს ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა: ალილუია.
ვითარცა მეფეთა ისრაელისასა მოუვლენდა უფალი ჟამითი-ჟამად წინასწარმეტყუელთა სიქა-დულად მათდა, ზღუდედ შჯულისა და შუამდგომელად წინაშე მისა, ეგრეთცა გამოგაჩინა შენ ბაგრატოვანთა სიქადულად, საკჳრველი ეგე დიდებული, ღმერთშემოსილი მამაჲ და ნეტარი მოღუაწჱ, და იღუწიდი მათთჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, ხოლო მეფენი და მთავარნი ერთა თანა პატივს გცემდეს შენ და გაქებდეს ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა:
გიხაროდენ, გამოუთქმელითა სიწმიდითა სამღდელოთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, დედათათჳს სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, დედისა ფებრონიას თანა ანგელოზთა თანა-მზრახვალო და ყოვლისა ბილწ-მოქალაქობისა აღმხოცელო;
გიხაროდენ, მეფეთა და მთავართა მოწყალებად და შეწყნარებად აღმძრველო;
გიხაროდენ, ბოროტითა ცოდვითა მრუშებისაჲთა ძლეულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმოსავთა ოჯახთა მაკურთხეველო და ორგულთა მეუღლეთა შემრისხველო;
გიხაროდენ, აღჳრ-უსხმელთა დამაოკებელო და ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, უმანკოთა ყრმათა და ქალწულთა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო და სიმართლისა მოძულეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ამპარტავნებისა და ეშმაკისა სიცბილისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამფარველო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
ჯერ-ჩინებითა შენითა და შეწევნითა ბაგრატ კურაპალატისა აღაშენე შატბერდი უწყებითა საღმრთოჲთა და ყოველნი სავანენი შეაერთნე ძმობრივსა ზედა სიყუარულსა და შეამტკიცნე ღუაწლითა წმიდითა, ხოლო ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა, ჴელმწიფეთა თანა, დაგადგინეს არქიმანდრიტად კლარჯეთისა უდაბნოჲსა, და ვითარცა მწყემსი მღჳძარე, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, ეგრეთვე აწ განგვიმრავლნე მწყემსნი და ერის-მძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყჳთა, რაჲთა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ემსახურონ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და მარადის უგალობდენ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.
იხილა რაჲ მნათემან ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ საყოფელსა შენსა, ჰგონებდა მას შინა ცეცხლსა აღდებულსა, და უთხრობნ იგი მსწრაფლ დეკანოზსა, ხოლო მას მრავალგზის ეხილვა სული იგი სახიერი დადგრომილი შენ ზედა, გარნა შთახედნა რაჲ ნაპრალსა სენაკისასა და კუალად გიხილა ბრწყინვალჱ უნათლეს მზისა, დიდებაჲ მისცა ღმერთსა, რომელი შეეწევის და აღამაღლებს, ვინაჲცა ჰყუარობენ მას, და გნატრიდა შენ, ვითარცა ქართველთა მზესა, ივერთა ეკლესიის სიმაღლესა ზედა მდებარესა:
გიხაროდენ, კაცო საკჳრველო ზეცისაო და ანგელოზო უბიწოო ქუეყანისაო;
გიხაროდენ, მღდელთა სიქადულო და ყოვლად ბრწყინვალეო მნათობო ღმრთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, ნათელსა შინა ღმრთის ხედვითა განჰბრწყინვებულო მკჳდრო უდაბნოჲსაო;
გიხაროდენ, წმიდაო წყაროო ღმრთისმეტყველებისაო;
გიხაროდენ, მეგობარო ქრისტჱსო, მუშაკო ვენახისა მისისაო;
გიხაროდენ, ნერგო სამოთხისაო, გამომღებელო კეთილისა ნაყოფისაო;
გიხაროდენ, დიდო მეოხო და შუამდგომელო ბერ-მონაზონათა კრებულისაო;
გიხაროდენ, ჯუარისმტვირთველო და აღმადგინებელო დაცემულისა ერისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დამამტკიცებელო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, თანამოსაგრეო და თანაგანმკაფველო ყოველთა გზათა კეთილმსახურისა მეფისა აშოტისაო;
გიხაროდენ, მადლმოსილო წინამძღუარო და უძლეველო ზესთამბრძოლო ერისა რჩეულისაო;
გიხაროდენ, მნათობო ქუეყანისაო და სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
ოდეს დაიპყრა საყდარი ანჩისაჲ ურცხვინო ცქირმან მძლავრებითა, მარადის ამხილებდი უწესოებასა მისსა, გარნა მან არა ისმინა და უბრძანა ლახურითა განგმერაჲ შენი კაცსა მას ძლიერად მოისარსა, ვინაჲცა გეძიებდა რაჲ მოკლვად, ჩუენებითა იხილა სუეტი ნათლისაჲ და ჯუარი ცისარტყელისა სახედ გარემო შენსა, და მყის დაჰჴსნდეს რაჲ ძარღუნი მკლავთა მისთა, ცრემლთა დინებითა შეგივრდა და ითხოვდა შენდობასა, ხოლო შენ მიემსგავსე ქრისტესა და განკურნე რაჲ ლოცვითა ძლიერითა, სიხარულითა გმადლობდა და აქებდა ღმერთსა: ალილუია.
ვითარცა მჴნემან და ახოვანმან მჴედარმან ქრისტჱსმან უქმად გამოაჩინე მრავალსახჱ სივერაგჱ ცქირისაჲ, წინასწარმეტყუელე რაჲ მისსა მიმართ საღმრთოჲ შურისგებაჲ და სიკუდილი, და დარღვევისაგან დაიცევ დიდებული იგი ტაძარი ხანძთისაჲ, ეგრეთვე აწ სრულიად განაქარვნე მზაკუვარებანი მათნი, რომელნი მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა ჩუენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულ დაწუნებულსა და დაამჴუე ბოროტად შეცთომილნი ბილწნი მწვალებელნი, რომელნი მაღლად იტყოდეს სიცრუვესა, რაჲთა ვიხარებდეთ კრებული მართლმადიდებელთაჲ და ქებით შევამკობდეთ საქმეთა შენთა:
გიხაროდენ, მწყემსო კეთილო კრავთა მათ რჩეულთაო;
გიხაროდენ, კანონო ზოგად-ცხორებულთა მონასტერთაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო განშორებულთაო და ყოველთა ზეცისადმი წარმმართებულთაო;
გიხაროდენ, მონაზონთა რჩეულებაო და სიქადულო მმარხველთაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერო, მძლეველო ჴორციელად ძლიერთა ჴელმწიფეთაო და დამჴსნელო ვნებათაო;
გიხაროდენ, მწყალობელო ყოველთა მორწმუნეთაო და შემწეო მღდელთ-მთავართაო;
გიხაროდენ, მოღუაწეთა სამკაულო და მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო მამაო, ყოველთა შენდამო ლტოლვილთაო და მზრდელო ობოლთაო;
გიხაროდენ, დავრდომილთა მსწრაფლშემწეო და განმკურნელო სიკუდიდ განწირულთაო;
გიხაროდენ, მოგზაურთა ნუგეშინის-მცემელო და უღელვოო ნავთსაყუდელო ღელვა-გუემულთაო;
გიხაროდენ, კეთილო შუამდგომელო შორის ღმრთისა და კაცთაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
გიხილეს რაჲ მამათა ჯავახეთისა კრებისათა, ზარი განჰჴდათ მადლთაგან სიწმიდეთა შენთაჲსა, რამეთუ სამოსელი შენი შეურაცხი ჰნათობდა ნათლითა მიუწდომელითა, და თავსა შენსა ზედა ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, აღმკული თუალ-მარგალიტითა, მაშინ შიშნეულად გერჩდეს ყოველნი და დაამტკიცეს რაჲ კათალიკოზობაჲ დიდისა არსენისაჲ, რომელი გამოჩნდა კანონად მღდელთმთავართა და საღმრთოჲ სიხარული მოჰფინა ივერთა ეკლესიასა, გნატრიდენ შენ, ვითარცა სასოსა ერისა ჩუენისასა, და ყოველსა ჟამსა ადიდებდენ ძალსა ქრისტჱსსა: ალილუია.
უბიწოებითა განჰვლე საწუთროჲ, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, და მარადის ილოცავნ მისა მიმართ, რაჲთა დასცხრენ აღძრვანი მწვალებელთანი სამწყსოთაგან ქრისტჱსთა, ხოლო გეუწყა რაჲ დღჱ იგი ამიერ სოფლით განსლვისა შენისაჲ, შემოკრიბე ხანძთელნი ბერნი და განაკრძალებდი და აკურთხებდი სამწყსოსა შენსა, და გესმა რაჲ ჴმაჲ საწადელი, ვითარმედ ნეტარსა მას დიდებასა დამკჳდრებად გიწოდდა შენ მეუფჱ ცათაჲ ქრისტე, სიბერითა კეთილითა განპოხებული განხვედ ჴორცთაგან, და ანგელოზთა და წმიდათა გუნდთა თანა შერთული უგალობ ყოვლისმპყრობელსა, მას ევედრე, რაჲთა გარე წარგუჴადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა შენთა და მგალობელთა:
გიხაროდენ, ქრისტჱსმოყუარეთა მთავრობათა და მჴედრობათა მწყალობელო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, მრავალთა შემაცთუნებელთა და ძმათა შორის მტერობისა დამთესველთა ზარგანმხდელო;
გიხაროდენ, ეკლესიათა შეურაცხმყოფელთა და რისხჳთა მჴეცებრივითა მართალთა მკულელთა აღმხოცველო;
გიხაროდენ, სამშობლოჲსა ქუეყანისა დამაქცევართა და მამულისა მაოხართა შემრისხველო;
გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დამამჴობელო და განმთხეველო;
გიხაროდენ, ვერცხლისმოყუარეთა და ანგართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ქედფიცხელთა და თჳთრჯულთა ურჩებისა და უმადლოებისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, მაცთურთა მრისხანეთა და თჳსტომთა თჳსთა მცბიერად წარმწყმედელთა დამცე-მელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტთა მწყემსთა და დიდთა მნათობთა ეკლესიისათა საღმრთოდ განმს-წავლელო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან ერისა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა ჭეშმარიტისა აღმსაარებლობისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
შემდგომად ჟამთა მიცუალებისა შენისათა, უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა, შერაეხნეს წმიდათა მათ ძუალთა შენთა, განიკურნეს და აღივსნეს სიხარულითა, ხოლო საფლავით შენით გამოვიდოდა სული სულნელებისაჲ, მიუწდომელი, და ყოველნი აღივსნეს მადლითა და საკჳრველებათაგან, და ყოველნი უძლურნი მიიღებდეს კურნებასა და განმხიარულებულნი გალობითა და შესხმითა სულიერითა ადიდებდეს ღმერთსა საკჳრველებათასა: ალილუია.
ზღუდედ საღმრთოდ, სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ ივერთა ქუეყა-ნამან, და ერი შენი, წილ-ხვდომილი ღმრთისმშობლისაჲ, მარადის ითხოვს შენ მიერ შეწევნასა, ხოლო შენ, წმიდაო, დიდებულო მამაო გრიგოლ, ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული კუალად ჰკურნებ შევედრებულთა შენთა და მსწრაფლ შეეწევი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და განსაცდელთაგან იჴსნი შენდამი მგალობელთა:
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდათა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, ჭირვეულთა და ძჳრ-ხილულთა ჴელის-აღმპყრობელო;
გიხაროდენ, საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა სულიერთა ნიჭთა უხვად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, მოძღურებათა შენთა სწავლითა მრავალთა მამათა და ეპისკოპოსთა სიბრძნითა დამმოძღურელო;
გიხაროდენ, სიტყვითა ტკბილო და ზრახვითა საწადელო, შფოთისა და ცილობისა დამაწყნარებელო;
გიხაროდენ, ცხორებითა სათნოჲთა უსხეულოთა მიმსგავსებულო და საკჳრველებათა უხუებითა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა ღუაწლითა შენითა კეთილად სრულმყოფელო;
გიხაროდენ, გჳრგჳნითა ძლევისაჲთა შემკობილო და ამბა პავლესა და ანტონი დიდსა შეერთებულო;
გიხაროდენ, ნიშ-სასწაულებითა შენითა ურწმუნოთა შემაშფოთებელო;
გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა მზაკუვარებითა განმხრწნელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთჳს ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სახელისა სადიდებლად ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამჴობელო და უწმინდურთა სულთა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
ღმრთისმსახურთა მათ მამათა ემსგავსე მოძღურებისა საღმრთოჲსა განმტკიცებითა და ერსა შენსა ავედრებდი ღმრთისმშობელსა, ეგრეთვე აწ შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაჲთა თქმულნი თჳსნი, რომელ აღმოთქუა, წილხვედრებულთა მისთათჳს, აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა სიყუარულითა და მშჳდობითა ვცხონდებოდეთ და ვაქებდეთ ღმერთსა სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.
დაღათუ უდაბნოჲ კლარჯეთისაჲ დადუმებულ-არს, ვერცაღა შემძლებელ ვართ დავიწყებად საღმრთოსა მას მოქალაქობასა შენსა, რამეთუ იქადიან დარღვეული ხანძთაჲ და შატბერდი შენთა შრომათათჳს მათ შორის აღსრულებულთა და განსთქუმენ დიდებასა შენსა, გარნა საღმრთოჲთა შურითა მოტყინარენი ვმწუხარებთ დაკარგვისათჳს კლარჯეთის სავანეთა, არამედ აწ ჰყავ წყა-ლობაჲ ჩუენთჳს, ვითარცა შუენის სიწმიდესა შენსა და ევედრე ქრისტესა მჴსნელსა, აღადგინოს სამართალი და წმიდათა და ღმრთის სათნოთა ადგილთა მათ დაამკჳდროს ნათესავი ქართვე-ლთაჲ, რაჲთა მარადის ვმსახურებდეთ პატიოსანთა ძუალთა შენთა საყოფელსა და ტკბილ-ჴმოვანითა ენითა ჩუენითა ვიტყოდეთ გიხაროდენსა:
გიხაროდენ, მოწესეო, ანგელოზთა მობაძავო, რამეთუ უზეშთაეს კაცთა ბუნებისა არს ბრწყინვალებით წარმატებაჲ ცხორებისა შენისაჲ;
გიხაროდენ, შინაგანთა მათ დაფარულთა ვნებათა მხილველო, რამეთუ მრავალ-გზის გესმა ჴმაჲ ანგელოზისაგან ანგელოზსა სწორსა მამასა, და განიხარე ფრიად;
გიხაროდენ, დიდო შემწეო და მოძღუარო ქრისტჱს სამწყსოთა მეფეთაო და მთავართაო, რამეთუ შრომასა შენსა თანამონაწილე ქმენ საფასეთა და შესაწირავთა უხვად გაღებითა;
გიხაროდენ, ბრძოლათა უბრძოლველად დამარღუეველო, რამეთუ ლოცვითა შენითა მოსცა ღმერთმან აგარიანნი საძლეველად ჴელთა ქრიტეანეთა;
გიხაროდენ, მონაზონებისა სიმჴნითა რჩეულო და წინაჲსწარმეტყველებისა მადლითა ბრწყინვალეო, რამეთუ შეწევნაჲცა შენი უხილავად საჭურველ იყო უფროჲს სპათა და ლაშქართა;
გიხაროდენ, სარწმუნოო ქრისტეს მონაო, რომელმან დაუდევ ლოდი საკიდური ახლად შენებასა ქუეყანისა მის ქართლისასა;
გიხაროდენ, მოუდრეკელო, უმჴნესო მოღუაწეო, რომელმან აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ;
გიხაროდენ, ყოვლად კეთილო, რომელმან ასწავე მრავალთა მამათა და დედათა წესი მეუღლეობისაჲ და საზომი სიკეთისაჲ;
გიხაროდენ, მღდელო, გამორჩეულო ქრისტჱსო, რამეთუ ყავ წყალობაჲ განწირულისა მისთჳს დედაკაცისა, ვითარცა შუენოდა სიწმიდესა შენსა და მიზეზ ექმენ პირველ ცოდვათა მხილებასა და მერმე შენდობასა;
გიხაროდენ, ელიაჲსა და იოვანეს მიმსგავსებულო მეუდაბნოეო, რამეთუ საქმეთა შენთა მო-გვითხრობს ღირსი გიორგი მერჩული შემდგომად სიკუდილისა შენისა;
გიხაროდენ, ჭეშმარიტთა ქრისტეანეთა სიქადულო და მოწესეთა სიხარულო, რომელსა გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისა;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
ჵ, წმიდათა შორის საკჳრველო მამაო და დიდებულო მოღუაწეო, საკჳრველთმოქმედო გრიგოლ ხანძთელო! გალობანი ჩუენი მიითუალენ და შესწირე წინაშე ქრისტჱს ღმრთისა და გჳთხოვენ, საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა: ალილუია.
ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ:
უღელსა ტკბილსა ქრისტჱსსა ქედი მოუდრიკე და წარმართე რაჲ სლვანი შენი მსახურებად ღმრთისა, სიტყჳერთა ცხოვართა მწყემს იქმენ, და დამწყსენ იგინი სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე აწ მოიხილე ჩუენ ზედა და გჳჴსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა, რაჲთა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი და გულსმოდგინებითა ვადიდოთ საქმენი შენნი ღირსი ქებისაჲ:
გიხაროდენ, კაცო, გულის სათქუმელო სულისაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო, სამკჳდრებელო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხო-ვრისაო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა საზეპუროჲსაო და გაძლიერებისათჳს სამეფოჲსა წმიდისაო;
გიხაროდენ, ორღანოო, ქნარითა გალობათაჲთა ბრწყინვალედ შემამკობელო ეკლესიისაო;
გიხაროდენ, კეთილად მომმუშაკებელო ღმრთისმსახურებისა ღუაწლისაო;
გიხაროდენ, კეთილად განმგებელო მოღუაწეო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოჲსაო;
გიხაროდენ, კლარჯეთისა სავანეთა დიდო არქიმანდრიტო და მოძღუარო სრულიად საქარ-თველოჲსაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო ქალწულისა ნინოჲსა მიერ აღორძინებულისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ხატო წინაპართა ჩუენთა კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
ქებით გიგალობთ მღდელთა სიქადულსა და ხანძთისა დიდებასა, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და განგუარინნეს ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა, რაჲთა ვევლტოდეთ რისხვასა ღმრთივაღძრულსა და გნატიდეთ შენ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო ქართველთა ერისაო, საკჳრველთმოქმედო მამაო გრიგოლ ხანძთელო!
ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკულავო უდაბნოჲსაო, განმანათლებელო ივერთა მიწა-წყლისაო და ყოველთა მკჳდრთა მისთაო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო და დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა სავანეთაო, თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო და წინამძღუარო მონაზონთაო, მამათა სიქადულო, მთავართა დიდებაო და მჴედართა ძლიერებაო, ჴელმწიფეთა თუალუხვავად მამხილებელო და კუერთხითა სწავლისაჲთა განმსწავლელო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო გრიგოლ ხანძთელო!
ჵ, ყოვლად ნეტარო მამაო და წმიდაო მოღუაწეო, საკჳრველთმოქმედო გრიგოლ ხანძთელო! სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, არაჲვე დაუტევენ ობლად მოწაფენი და მოსურნენი თჳსნი, არამედ მამობრივითა მეოხებითა შენითა მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა და ყოველთა მვედრებელთა შენთა მოსცემ ლხინებასა, გარნა აწ მთავარნი უსჯულოებისანი აღძრულ არიან ჩუენ ზედა და იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა ერისა ჩუენისასა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა. არამედ გუაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, ღირს-გვყოს წინაჲსწარ-მეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს მეფჱ, სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაჲთამცა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატი-ოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ხოლო კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი დაიცვენ პატიოსნითა მეოხებითა შენითა.
ჵ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მამათაო, ივერთა ეკლესიისა მნათობო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო, წმიდაო გრიგოლ ხანძთელო! შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათაჲსა და ლმობიერად ევედრე ღმერთსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ, დედათა კრძალულებაჲ და შვილთა კეთილ-ზრდილობაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს სიმართლის მოყუარებაჲ და მჴნეობაჲ სულისაჲ, მრავალშვილიანობაჲ, ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ და ურთიერთთანადგომაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრჳლებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და ლოცვითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაჲთა და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი