დაუჯდომელი საგალობელი
ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისა

კონდაკი 1

რჩეულსა ღმრთისაგან, ხატად ყოველთა ცოდვილთა და უსასოქმნილთა ჴსნისა, სიბილწის სიღრმითგან მწვერვალსა ნათლისასა ზეაღმართულსა, გალობითა გადიდებთ, ღირსო დედაო, რომელსაცა გაქუს კადნიერებაა წინაშე უფლისა, ლოცვითა შენითა წარგვმართე გზასა სინანულისასა სიყუარულითა მხმობელნი შენნი: გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

იკოსი 1

ქუეყნიურისა ბუნებისა ანგელოზებრივითა სახითა გიხილა შენ უდაბნოსა შინა იორდანესა აბბამან ზოსიმემან, ოდეს სოფლისათვის მლოცველი ზე აღიმართე ჰაერსა შინა, ზარდაცემული ამის ხილვითა ღირსი იგი ცრემლსა ცხოველსა ჰღვრიდა და შიშითა თრთოლვიდა. ხოლო ჩვენ, განცვიფრებულნი ღუაწლითა შენითა ამას გიგალობთ, დედაო:

გიხაროდენ, მადლითა და ნათლით აღვსილო;
გიხაროდენ, თუალითა სულიერითა დამშუენებულო;
გიხაროდენ, ლოცვითა წმიდითა ღმრთისკენ ჰაერსა შინა ზეაღმართულო;
გიხაროდენ, უდაბნოისა საუნჯეო, სოფლისაგან დაფარულო;
გიხაროდენ, უხორცოთა თანა მყოფო;
გიხაროდენ, სულითა წმიდითა შემოსილო;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 2

იხილე რა ბერი კრძალული, გარემოცული საღმრთოჲთა შიშითა, ხმითა მშვიდითა ეტყოდი ნეტარო: „ნუ გეშინინ, მამაო, რამეთუ წინაშე შენსა არს დედაკაცი ცოდვილი - სათნოებათაგან უპოარი და უღირსი ცისა ჭვრეტისა, რომელიცა ბაგითა უწმიდურითა შიშითა ღაღად-ჰყოფს წინაშე ღმრთისა: ალილუია“.

იკოსი 2

გულისჴმისმყოფელი დაუნჯებულისა იდუმალებისა შენისა ნეტარი ზოსიმეჲ თაყუანსა-გცემდა და მუჴლმოდრეკითა გვედრებდა: „სახელითა ღმრთისაჲთა, მაუწყე ცხორებაჲ წმიდაჲ შენი, სიდიადისა ღმრთისა ნათელმყოფელო და მისთვისვე შესამოსლითგან განძარცულო“, მას თანა ჩუენცა, კადნიერად მდგომარენი წინაშე შენსა, სიყუარულითა ვხმობთ შენდამო:

გიხაროდენ, მორჩილებისა სვეტო ნათელო;
გიხაროდენ, ნიჭთა სულიერთა წყაროო უშრეტო;
გიხაროდენ, სიყუარულითა ღმრთისაჲთა ვნებათა მომაკუდინებელო;
გიხაროდენ, უდაბნოსა შინა ოდენ უფალთან მყოფო;
გიხაროდენ, შუენიერებითა ზეციურითა მოციალეო,
გიხაროდენ, ნათლითა უბიწოებისაჲთა განბრწყინებულო;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 3

განმტკიცებულო ძალითა უზენაესითა ეტყოდი ზოსიმეს, ყოვლადნეტარო: „გაგანდობ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩემთა, გარნა მრცხვენის, რამეთუ სამოსელი ჩემი დაბებკულ არს და არარაჲა მაქუს სიშიშვლისა ჩემისა დასაფარავად. ერთსა გვედრებ, მამაო: მყის ნუ წარემართები ჩემგან, ოდეს გამცნობ საქმეთა ბილწთა ჩემთა, ხოლო ლოცვა-ჰყავ უძღებისა ჩემისათვის და უგალობე უფალსა, რომელმანცა არა მიაქცია წყალობაჲ თჳსი ჩემგან: ალილუია“.

იკოსი 3

„ყოვლადმოწყალემან დედამან ზრუნვითა დედობრივითა შემივედრა მე საფარველსა ქუეშე თჳსსა“, - ეტყოდი ზოსიმეს, - „ოდეს მოსურნესა შესლვისა ღმრთის სახლსა შინა ძალი უხილავი წინა-აღმიდგებოდა და დამიხშობდა ბჭეთა ტაძრისათა; მას ჟამსა შინა მადლი ღმრთისაა შეეხებოდა სულსა ჩემსა და მეცა, გულისჴმისმყოფელი მწიკულევანებისა ჩემისა მკერდსა მჯიღისა ცემითა და ცრემლითა ცხოველითა ვგოდებდი უბადრუკებასა თჳსსა“. ჩუენ კი, განკვირვებულნი სინანულითა შენითა, მოცხრომითა გალობასა ამას შეგწირავთ:

გიხაროდენ, რამეთუ მავალი წყუდიადსა შინა განგაცისკროვნა განთიადმან გამოხსნისამან;
გიხაროდენ, რამეთუ ცოდვათა შინა უდაბურებასა გზაშეცთომილი ცხოვარი მოგიხმო სიტყუამან ღმრთისამან;
გიხაროდენ, რამეთუ თუალთაგან შენთა გარდამოსული ნაკადული ცრემლთა განბანს ყოველსა მწიკულევანებასა შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ ცრემლი ეგე განწმედს სულიერსა საფარველსა შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ მკერდსა თჳსსა მიგიყრდნა სიყუარულითა მამობრივითა გულმოწყალემან ღმერთმან;
გიხაროდენ, რამეთუ შენდა საიდუმლოდ მომადლებული ცოდნაჲ წარჴოცს ცოდვათა შენთა;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 4

გულისთქუმათა მჭმუნვარეთა გრიგალსა შინა მყოფმან კარიბჭითგან იხილე ხატი ყოვლადწმიდისა დედისა ღმრთისა, რომელსაცა ჰვედრებდი: „შემეწიე, დედუფალო წმიდაო უღირსსა ამას, მომეც ნებაჲ, რაჲთა ვილტოდე სახლსა ძისა შენისასა და შემდგომად თაყუანის-ცემისა მუნ დასვენებულისა ჯუარისა წმიდისა, მეყსეულად წარვალ, სადაცა მიბრძანებს მეუფებაჲ შენი, მე, ბილწსა ამას და ბრალეულსა, მუჴლმოდრეკითა ღმრთისა მჴმობელსა: ალილუია“.

იკოსი 4

მსმენელმან შორითგან მოწევნულისა ხმისამან: „დაღათუ გარდახვალ იორდანესა, ცხორებასა მშვიდსა ჰპოებ შენ“, ყოვლადწმიდასა ქალწულსა ღაღად-ჰყავ: „ჰოჲ, მრავალმოწყალეო ღმრთისა დედაო, რომელმან არა მიაქციე წყალობაი თჳსი უღირსისა ამისაგან, ნუცა აწ დამიტევებ დედუფალო, შემეწიე გზასა ზედა სინანულისასა. ანგელოზნი კი, აღმწერნი აღსარებისა შენისაჲ, მას ჟამსა შინა გიგალობდნენ, სახიერო:

გიხაროდენ, ბიწიერებისა წყუდიადსა შინა ძალითა სინანულისაჲთა განათლებულო;
გიხაროდენ, ვნებისა გახელებულისა და სიამეთა ხორციელთა უკუმგდებელო;
გიხაროდენ, მაცთურისა ყოვლისა ბორკილისა და მახისა შემმუსვრელო;
გიხაროდენ, მზაკვრულთა მისთა საქმეთა გამცვლელო სუბუქსა უღელზედა იესუჲსა;
გიხაროდენ, ჯოჯოხეთიდგან სიცოცხლესა მარადიულსა მიახლებულო;
გიხაროდენ, აღმომავალო ბჭეთაგან დანთქმისათა წინაშე ზღურბლსა კარისა სამოთხისასა;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 5

ყოვლადწმიდამან ქალწულმან დაგიხშნა შენ კარნი ტაძრისანი, მანვე, შემწყნარებელმან მრავალთა ცრემლთა შენთა, შეგმოსა მთიებითა ღმრთიურითა, ოდეს ჰყო ნებაჲ თაყუანი-გეცა ძელისათვის ცხოველსმყოფელისა, რომლისა მიერ გამოიხსნა სოფელი ესე. შენ კი, შემცნობელმან შენისა გადარჩენისათვის დათხეულისა სისხლისა, მადლისპყრობითა ღაღად-ჰყავ წინაშე ჯუარსცმულისა ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

გულისჴმა-ჰყავ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, რომელსაცა ძალუძს შეწყნარებაჲ მონანულთა და ყოვლითა გულითა ჰვედრებდი ქალწულსა მას უბიწოსა: „ნუ დამიტევებ დედუფალო!“ და შემდგომად ამისა წარემართე უდაბნოსა იორდანესა. ჩუენ კი, თაყუანისმცემელნი მსხემობისა შენისა გნეტარებთ და ღაღად-ვყოფთ შენდამი, ყოვლადქებულო:

გიხაროდენ, რამეთუ გული შენი აღივსო ყოვლისშემწყნარებელისა ღმრთისა სიყუარულითა;
გიხაროდენ, რამეთუ საუნჯეჲ მადლისაჲ, აქამომდე შენთვის დაფარული, მოიმუშაკე უდაბნოსა შინა;
გიხაროდენ, რამეთუ მოიძაგე სიამენი ამა სოფლისანი;
გიხაროდენ, რამეთუ მსხემობითა შენითა დემონთა მსახურებაი დაინთქა;
გიხაროდენ, რამეთუ მწირობითა შენითა განიხარა ზესთა სოფელმან;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 6

ყოველთა მაშურალთა და ტვირთმძიმეთა უქადაგებდი კაცთმოყუარებასა ღმრთისასა და ძალსა სინანულისასა, რომელიცა განბანს, განწმედს, განანათლებს სულსა ცოდვისა მოყუარესა, განაგდებს მწუხარებასა და იქმს შუებასა, ამისთჳსცა ჩუენცა, მეოხებითა შენითა, ბაგითა უწმიდურითა სამადლობელსა შევსწირავთ უფალსა: ალილუია.

იკოსი 6

იორდანითგან განეფინა ყოველსა სოფელსა სიმაშურალისა შენისა ნათელი, ყოვლადქებულო მარიამ, რომელმანცა წელთა მრავლობაჲ, ვითარცა ადამატმან მოუდრეკელმან, დაჰყავ ბრძოლასა შინა ბილწ ზრახვათა შენთა - მჴეცებრ მძვინვარეთა და ეშმაკისა ლალვაჲ შეჰმუსრე ჯუარითა მით ძლიერითა, ამისთჳსცა ჩუენ, დასულებულნი ძალითა შენისა მოთმინებისაჲთა, სიყუარულითა ფსალმუნებასა ამას შეგწირავთ:

გიხაროდენ, ორმეოცდა შვიდსა წელსა უდაბნოისა ტანჯვასა და ღუაწლსა შინა დამყოფელო;
გიხაროდენ, დამწუარო მჴურვალებითა მზისათა;
გიხაროდენ, განკაფულო შიმშილითა და წყურილითა;
გიხაროდენ, რამეთუ ვნებათა ჴორციელთა სიმკუდრეჲ მოიმუშაკე;
გიხაროდენ, დამაშურალო ბრძოლასა შინა გულისთქუმისათა;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 7

რა ჟამს იხილა ზეციური ზე აღსლვაჲ შენი, მტერი მარადისი კაცთა მოდგმისა მრავლითა საცთურითა თჳსითა დღე-მუდამ აღიგზებდა ცეცხლსა გულისთქუმისათა, რაჲთა ეხილე ხსოვნასა შინა უწინდელისა ცხორებისასა, შენ კი, მრავალტანჯული და ცრემლითა მიწისა დამალტობელი, თავისა დამართ ცემითა შეწევნასა ითხოვდი მარადის ქალწულისაგან და დღეთა და ღამეთა მრავლობასა დაჰყოფდი, ვიდრემდის ნათელი ღმრთისაჲ არა მოგიცავდა მადლისცემითა მიმგებელსა უფლისა: ალილუია.

იკოსი 7

შემოსილმან ქრისტეჲთა მოაშთე კაცებაჲ შენი ძველი, ყოვლადსაკვირველო და იცვალე რა ფერი, სძლად ქრისტეჲსად მოგვევლინე, დამყოფელო ათშვიდმეტსა წელსა განსაცდელთა შინა ურიცხვთა და დღიდან მსხემობისა შენისა ძალი ღმრთისაჲ იფარვიდა სულსა და ჴორცსა შენსა, ამისთჳსცა გევედრებით, მიიღე უღირსთა ჩუენთაგან ქებაი ესე, სახიერო:

გიხაროდენ, მომაკუდინებულო ვნებათა აზვირთებულთა;
გიხაროდენ, რამეთუ ზეიმობს ჭეშმარიტებაჲ;
გიხაროდენ, რამეთუ განგააზნაურნა ქრისტემან ცოდვათაგან;
გიხაროდენ, რამეთუ დაიუნჯე სიყუარული ღმრთისაჲ გულითა და სულითა შემუსვრილითა;
გიხაროდენ, შემოსილო ნეტარებითა სულიერითა;
გიხაროდენ, დამკვიდრებულო ღმრთისა თანა;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 8

რა ჟამს ხედვიდა უცნაურსა და ყოვლადდიდებულსა შეცვალებასა შენსა, ლეგეონი ბნელი დემონთაა ელმოდა, ხოლო ძალნი ზეციურნი, მადიდებელნი ღმრთისა, იხარებდენ და გალობითა ქებასა მისცემდენ უფალსა: ალილუია.

იკოსი 8

ზოსიმეჲ, გასული უდაბნოსა შინა, ღირსიქმნა ეხილვე ღმერთშემოსილი, შენ კი სახელითა უფლისაითა ჰვედრებდი მას: „დაიუნჯე ჰამბავი ესე და არასადა სთქუა, ვიდრე არა მოაწევს ჟამი ამა სოფლითგან განსლვისა ჩემისა, ხოლო შემდგომად ერთისა წლისა, დიდსა მარხვასა შინა, ნაპირსა ზედა იორდანესა მაზიარე წმიდათა საიდუმლოთა უფლისათა“. სთქვი ესე და გაუჩინარდი თუალთაგან ბერისა, რომელიცა განერთხა მიწასა ზედა და ჰამბორს-ჰყოფდა ნატერფალთა შენთა შენდამო გალობითა:

გიხაროდენ, განძარცულო ცოდვათაგან და განსპეტაკებულო უმეტეს თოვლისა;
გიხაროდენ, განათებულო უმეტეს მზიურთა სხივთა;
გიხაროდენ, რამეთუ შეცოდებანი შენნი შეწყალებულ არიან ღმრთისაგან;
გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი შენი დიდ არს ცათა შინა;
გიხაროდენ, დამკვიდრებულო წმიდათა თანა;
გიხაროდენ, მეძავობითა მიერ პირველ აღსავსე, დღეს სძლად ქრისტეჲსად მოვლინებულო;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 9

„წყლულებაჲ შენი, ძლეული გულმჴურვალითა სიყუარულითა უფლისაჲთა, შეძრავს აზრსა და გონებასა ყოვლისა კაცისასა, ყოვლადქებულო“, - ჴმითა მაღლითა ტიროდა ბერი ზოსიმეჲ და ვედრებდა მოწყალესა დედასა ღმრთისასა ხილვისა შენისა გაკვლადებასა და შენ თანა დაუცხრომელისა ძნობისა შეწირვად უფლისა: ალილუია.

იკოსი 9

ენამზეობაჲ მიწიერთაჲ უძლურ არს ღუაწლთა შენთა აღწერად, ყოვლადმართალო ... ვითარ გადმოვსცეთ სინანულისა შენისა ვალალებაჲ, ცხორებისა შენისა იწროებაჲ, ბრძოლაჲ, სნეულებაჲ და სიფხიზლეჲ მარადისი. განკჳრვებულნი ყოველთა ამა საქმეთა სმენითა გალობასა შეგწირავთ და ღაღად-გყოფთ, ყოვლადდიდებულო: ვითარცა უდაბნოჲ იორდანეჲსი ნათელ-იქმნა საოცრებითა შენითა, მსგავსადვე განაბრწყინვე გულნი ჩუენნი მთიებითა ღმრთიურითა და მეოხ-გვეყავნ წინაშე უფლისა მგალობელთა შენთა:

გიხაროდენ, რამეთუ აღმოაცისკრე მიმქრალი ხატებაჲ ღმრთისაჲ განღმრთობითა შენითა;
გიხაროდენ, მომფენელო ზეციურისა კეთილსუნელებისაო;
გიხაროდენ, განშუენებულო ვასკულავთა უცხოთთა გუნდითა;
გიხაროდენ, მანათობელო სათნოებათა სხივთა;
გიხაროდენ, კეთილმაუწყებელო დიდებულებისა ღმრთისა კიდეთა ქუეყანისათა;
გიხაროდენ, რამეთუ მოუწოდე ძნობად უფლისა ცასა და ქუეყანასა;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 10

მოაწია რა ჟამმან დათქმულისა დღისამან საიდუმლოისა სერობისა, აბბამან ზოსიმემან თანა წარიღო ძღუენი საუფლოჲ - ცხოველსმყოფელი ჴორცი და სისხლი უფლისაჲ და წარემართა შეუდრეკელად შუაღამისა მთუარისა შუქსა ზედა ნაპირსა იორდანესა ვედრებითა წინაშე ღმრთისა: „ღირს-მყავ მეუფეო, მამხილებელო ცოდვათა ჩემთაო, კვლავაც ხილვისა უდაბნოისა საუნჯისა და ანგელოზისა ჴორციელისა და ნუ გამიყვან უხილველად ამისა შენსა მხმობელსა და მადიდებელსა: ალილუია“.

იკოსი 10

ზოსიმეჲ, გარემოცული ფიქრითა, ვითარ გარდმოვაო ნაპირსა მეორესა, განაცვიფრა სლვამან შენმან იორდანესა ზედა, ოდეს დასახე ჯუარი და ძალითა მით ძლიერითა დასძლიე წყალნი, ხოლო ბერი იგი, ზარდაცემული ამის ხილვითა, გალობასა ამას გიძღვნიდა:

გიხაროდენ, დამკვიდრებულო სამოთხესა შინა;
გიხაროდენ, რამეთუ მჴეცნი ჰმორჩილებენ მცნებათა შენთა;
გიხაროდენ, რამეთუ ტალღანი განეფინნეს ქუეშე პატიოსანთა ფერჴთა შენთა;
გიხაროდენ, რამეთუ იორდანე მორჩილ არს შენდა, ხოლო მთოვარე და ვასკულავნი დასულბიან ნათლითა შენითა;
გიხაროდენ, სიდიადისა ღმრთისა ნათელმყოფელო;
გიხაროდენ, განსულიერებულო ტაძარო უფლისაო;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 11

ზოსიმეჲ, დასულებული ყოვლისშემძლეობითა ღმრთისაჲთა, ხედვიდა რა იორდანესა ზედა სლვასა შენსა თჳნიერ ყოვლისა დაბრკოლებისა, უგალობდა უფალსა და მუჴლმოდრეკითა თაყუანსა-გცემდა, შენ კი მიუგებდი მას: „ნუ იქმ, მამაო, მუჴლისდრეკასა წინაშე ჩემსა - უღმრთოჲსი და მოქენისა, რამეთუ თავად მღდელ ხარ, აღმასრულებელი დიდთა და საშინელთა საიდუმლოთა უფლისაჲთა, რომლისა წინაშე თრთოლვითა და კრძალვითა ამბობს ყოველი: ალილუია“.

იკოსი 11

განბრწყინებული ნათლითა ზეციურითა, მიიღებდი ზიარებასა წმიდასა და აღვსილი ნეტარებითა აღაპყრობდი ცათა მიმართ ჴელთა თჳსთა და იტყოდი: „აწ განუტევე მჴევალი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“, ხოლო ბერსა მას ჰვედრებდი წინაშე ღმრთისა სულისა შენისათვის ლოცვის-ყოფასა, უბადრუკებისა შენისა მოხსენიებასა და შესთხოვდი წელსა მერმესა მოხილვისა შენისა გაკვლადებასა. შემდგომად ამისა ჯუარითა მით ძლიერითა დასძლევდი წყალსა იორდანეჲსა, ხოლო ზოსიმეჲ, ვერ-შემძლებელი დაყოვნებისა შენისა, ჴმითა ცხოველითა გოდებდა კუალის-კუალ შენდა:

გიხაროდენ, ჴორცთა შინა შენთა მტჳრთველო სიკუდილისა იესუჲსა;
გიხაროდენ, განშუენებულო აღდგომითა მისითა;
გიხაროდენ, შემოსილო მადლითა, ვითარცა მთიებითა ღმრთიურითა;
გიხაროდენ, რამეთუ ანგელოზნი უფლისანი დასულბიან სიწმიდითა შენითა;
გიხაროდენ, რამეთუ ძალნი ჯოჯოხეთისანი ძრწიან და თრთოლვიან წინაშე დიდებისა შენისა;
გიხაროდენ, სავანეო ნათელმოსილო წმიდისა სამებისაო;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 12

ფრთოვან-გყო რა მადლმან ღმრთიურმან, წამის-ყოფითა დასძლიე სივრცეჲ უდაბნოჲსი და ქრისტეჱს მხსნელ ვნებათა ღამესა სოფლისათვის მლოცველმან მიაბარე სული შენი უფალსა, რომელსაცა განცხრომითა გამოუთქმელითა ვუგალობთ ანგელოზთა თანა: ალილუია.

იკოსი 12

ღმრთივგანბრძნობილი ზოსიმეჲ გალობასა იტყოდა საოხად სულისა შენისა, დაგილტობდა ფერჴთა წმიდათა ცრემლითა თჳსითა და ლოცვისყოფითა დაფლვიდა პატიოსანსა ჴორცსა შენსა შიშუელსა და უპოარსა, ოდენ მისგან ბოძებულისა დაბებკულითა მანტიითა შემოსილსა და ხედავდა რა სიდიადესა ღმრთისასა, გარემოცული შიშითა და სასოებითა, ესრეთ დიდებისგმეტყველებდა:

გიხაროდენ, რამეთუ აღსრულ ხარ წიაღსა დაუღამებელსა ნაშობი მისი;
გიხაროდენ, რამეთუ სული შენი დაკარვებულ არს სამკჳდროსა შინა წმიდათასა;
გიხაროდენ, რამეთუ ჴორცი შენი დავანებულ არს სამარესა, აღმოთხრილისა ლომისაჲთა;
გიხაროდენ, რამეთუ სახითა შენითა მიჩუენა უფალმან, თუ ვით შორად ვარ ჯერეთ სრულქმნისაგან;
გიხაროდენ, მეოხო ყოვლისა სოფლისა წინაშე ღმრთისაო;
გიხაროდენ, მაღლოვო მარხულთა, დიდებაო ღირსთა და შუენიერებაო გუემულთა;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

კონდაკი 13

ჰოთ, ღირსო დედაო, ყოვლადნეტარო მარიამ მიიღე ლოცვაჲ ესე ჩუენი და სამეუფოჲსა საყდრისა მიმართ წარმართებული მეოხ-გვეყავნ წინაშე მრავალმოწყალისა ღმრთისა, რათა მოგვანიჭოს განცდა თჳსთა ცოდვათა და დაგვაბრუნოს წიაღსა შინა მამისა ჩუენისასა, ვითარცა შვილნი უძღებნი, რათა შენ თანა დაუსაბამოდ ვადიდებდეთ უფალსა: ალილუია.

ეს კონდაკი იკითხება 3-გზის.

 

იკოსი 1

ქუეყნიურისა ბუნებისა ანგელოზებრივითა სახითა გიხილა შენ უდაბნოსა შინა იორდანესა აბბამან ზოსიმემან, ოდეს სოფლისათვის მლოცველი ზე აღიმართე ჰაერსა შინა, ზარდაცემული ამის ხილვითა ღირსი იგი ცრემლსა ცხოველსა ჰღვრიდა და შიშითა თრთოლვიდა. ხოლო ჩვენ, განცვიფრებულნი ღუაწლითა შენითა ამას გიგალობთ, დედაო:

გიხაროდენ, მადლითა და ნათლით აღვსილო;
გიხაროდენ, თუალითა სულიერითა დამშუენებულო;
გიხაროდენ, ლოცვითა წმიდითა ღმრთისკენ ჰაერსა შინა ზეაღმართულო;
გიხაროდენ, უდაბნოისა საუნჯეო, სოფლისაგან დაფარულო;
გიხაროდენ, უხორცოთა თანა მყოფო;
გიხაროდენ, სულითა წმიდითა შემოსილო;
გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

კონდაკი 1

რჩეულსა ღმრთისაგან, ხატად ყოველთა ცოდვილთა და უსასოქმნილთა ჴსნისა, სიბილწის სიღრმითგან მწვერვალსა ნათლისასა ზეაღმართულსა, გალობითა გადიდებთ, ღირსო დედაო, რომელსაცა გაქუს კადნიერებაა წინაშე უფლისა, ლოცვითა შენითა წარგვმართე გზასა სინანულისასა სიყუარულითა მხმობელნი შენნი: გიხაროდენ, სასწაულო ღმრთისსახიერებისაო, ღირსო ანგელოზთასწორო მარიამ.

 

ლოცვა

ჰოჲ, ანგელოზთასწორო და ყოვლადბრწყინვალეო ღირსო მარიამ, რომელმანცა განასპეტაკე სულიერი საფარველი შენი სისხლითა ტარიგისაჲთა და აწ წარდგომილ ხარ წინაშე მიუჩრდილებელისა ნათლისა, მომიხსენე ცოდვილი და უღმერთოჲ მონაი ესე შენი ლოცვასა შინა ღმრთივსათნოსა შენსა და დამიცევ მე მთხრებლთაგან მტერისა; მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისანი, გამბანელი მწიკულევანებისა ჩემისა; მასწავე მე შეუდრეკელობაი ბრძოლასა შინა ცოდვილთა ჩუეულებათა ჩემთა, აღბეჭდე გულსა და გონებასა ჩემსა ხატებაი შენგან შეყუარებულისა იესუჲსა; მეოხმეყავნ მე წინაშე ყოვლადწმიდისა ღმრთისა დედისა, რათა წარმმართოს გზასა განრომისასა და ჟამსა ამა სოფლითგან განსლვისა ჩემისასა შემეწიოს მშვიდობით განსლვად ჰაერთა საზვერეთასა, რათა წინამძღოლობითა მისითა მივაწიო ყოვლადდიდებულსა საყოფელსა მას სამოთხისასა და წარვდგე წინაშე დაუღამებელისა ნათლისა, რომელსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რუსულიდან თარგმნა მართა კასრაძემ
გამოსაცემად მოაზმადა მღვდელმა იოანე როსტიაშვილმა
თბილისი, 2003 წ.