სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ზენაით მბრძოლისა, მარად შემწისა ჩვენისა, შენ მიერ ჰხსნილნი მონებისაგან ბნელისა ფარაოისა, ყვავილსა შესხმათასა შევთხზავთ შენდამი, ქალწულებისა ყვავილო ნინო! ქრისტეს მხედრობად აღწერილნი მონანი ზენაისა მეუფისანი, არამედ ვითარცა მარად თანა მბრძოლად გაქვს მაღალი ძალი მისი, მარად მძლე ექმენ მტერთა ჩვენთა მებრძოლთა და გვიხსენ ვნებისაგან საცთურისა, რათა ანგელოზებრსა გალობასა დავთხზვიდეთ შენდა: გიხაროდენ, სულისა მიერ საღმრთოისა განწმედილო საღმრთოო სძალო.
ანგელოზი ზეციერი მოივლინა რწმუნებად შენდა მოციქულებრისა გზისადმი სრბასა და მოგცნა შენ სიტყვიერნი უწყებანი თითითა ღვთისათა წარწერილნი. ხოლო შენ, თავსა შორის თვისსა დაკვირვებული უზესთაეს ძალისა საქმესა, მორჩილებისა სრბასა შეუდეგ წამის ყოფასა საღმრთოსა, რომლისა მიერ განცვიფრებულნი ვხმობთ შენდამი:
გიხაროდენ, რომლისა ძლით სიხარული მოგვეფინა ჩვენ;
გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევისაგან პირველთა საცთურთასა განვთავისუფლდით;
გიხაროდენ, ბნელისაგან ცთომათასა დაცემულისა ქართველთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ქართველთა დედათა მწუხარებისა ცრემლთა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მეკერპეთა გულის სიტყვათა ზესთა სიტყვისა მეცნიერებად აღმყვანებელო;
გიხაროდენ, ანგელოზთაცა უცნაურისა დაფარულისა საიდუმლოსა ჩვენდამი გამომაცხადებელო;
გიხაროდენ, რომელმან ცეცხლის ფერთა საყდართა ზედა მჯდომარე განგვიცხადე ჩვენ;
გიხაროდენ, რამეთუ მტვირთველი ყოველთა დაბადებულთა ქალწულებრივსა მუცელსა შინა, თვითოეულად გვაცნობე ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან ვარსკვლავთა და მნათობთა უზენაესი ნათელი მომფინე ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან წიაღსა ქალწულებისასა დაკარვებული ღმერთი განახლებად ჩვენ დაძველებულისა, დამბადებელად ყოველთა გვაცნობე (ჩვენ);
გიხაროდენ, რომლისა მიერ შევემეცნენით ყოველთა დამბადებელსა ყოველთა არსთა მტვირთველსა სიტყვასა;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
მხედველი წმიდა ქალწული მოციქული ნინო დედობრივსა უძლურებასა თვისსა კადნიერებით მიუგებს ანგელოზსა საღმრთოსა: ფრიად შეუძლებელად აღუჩნდების გონებასა ჩემსა უწყება შენი, ვინადგან იტყვი დედაკაცისაგან უცხოსა ენათა და ტომთა მრავალთა დამწყსასა, რათა ჰხმობდენ ესრეთ: ალილუია.
ზესთა საცნაურისა ცნობისა გამოცხადებასა უღონებელმან ქალწულმან, ნეტარმან ნინო, მიგება ჰყო საღმრთოსა მსახურისა მიმართ: ენათა არმეცნიერისა და უძლურისა მექონისა ბუნებისა, ვითარ შესაძლებელ არს მისვლა და ბნელისაგან ბოროტ მიქცეულთა უჟიკთა ღვთისადმი ნათლისად მოქცევა? გარნა ჩვენ სრულ-ქმნილად მხილველნი მეუფისა მოწყალებისა, შიშით ვჰხმობთ მოციქულისა ნინოსად:
გიხაროდენ, მესაიდუმლოეო იგავობითთა საღმრთოთა გამოცხადებათა;
გიხაროდენ, წყაროდ მანეკტარეო ჩვენდამი ზეციერისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, დასაწყისო ქრისტეს საკვირველებათა ჩვენდამი გამოჩინებისაო;
გიხაროდენ, უაღრესო თავო ჩვენდამი საღმრთოსა სჯულისა გამობრწყინვებისაო;
გიხაროდენ, დაუბერებელო ხიდო წმიდაო, რომლითა წიაღ ვხდებით მონებისაგან ბნელისა, მონებად ღვთისადმი ცხოველისა;
გიხაროდენ, საღმრთოო კიბეო, რომლითა წიაღვალთ წარმდინარეთა წარმავალთაგან, ზეცადმი წარუვალად სუფევად;
გიხაროდენ, ბნელთა ეშმაკთა წყლულებით და გვემით განმხდელო ძალო;
გიხაროდენ, ზეციურისა ნათლისა საღმრთოსა მომფენელო ჩვენდა;
გიხაროდენ, ქართველთა უგულისხმოთა განმაბრძნობელო ზეციერითა სიბრძნითა;
გიხაროდენ, თვით გვამოვანისა ღვთისა სიბრძნისა მომცემელო ჩვენდა;
გიხაროდენ, რომელმან სიბრძნითა საღმრთო თა სამებისა ღვთისა უზესთაეს ცნობად აღგვიყვანენ ჩვენ;
გიხაროდენ, სულისა მიერ საღმრთოსა განწმედილო საღმრთოო სძალო.
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ძალი მაღლისა შემწედ გაქვნდა შენ მარადის სულითა წმიდითა, რომელმან უნაყოფონი ბერწნი წარმართნი ნაყოფისა მტვირთველად გამოაჩინენ; რომლითა მოვისთვლებთ ზეცათა აგარაკისა უზესთაეს ცნობისა სიტკბოებასა, რომელსა შინა მარადის ვხმობდეთ საღმრთოსა გალობასა: ალილუია.
მქონებელი შენ შორის საღმრთოსა მადლისა აღმოხვედ ბნელთა კერპოვნებითითა მიმრუმებულსა შორის ჩრდილოეთით კერძო კედარსა, მყის აგრძნა რა მოხილვა შენი, მეყვსეულად არმაზ დაეცა გოდებით და ზადენისნი გაიმ გაცითურთ მეხდატეხილ იქმნნეს და ოხერ იქნნეს მათნი ცთომანი, რომლისა მონებისა და ცთომისაგან ხსნილნი ქართლოსიანნი ხმობდეს ძნობით შენდამი;
გიხაროდენ, ვაზო საღმრთოსა სიტკბოებისა მადინებელო ჩვენდა;
გიხაროდენ, ქვეყანაო წმიდაო, რომლითა მარად გვზრდი ჩვენ მშიერთა;
გიხაროდენ, შენ ნერგო საღმრთოო, რომელი მოგვცემ მარად საღმრთოსა ნაყოფსა;
გიხაროდენ, ზეციერო ორნატო, რომელმან გამოიღე პირად პირადნი მადლნი;
გიხაროდენ, მოციქულებრისა საღმრთოსა სრბასა მომმუშაკებელო;
გიხაროდენ, რომელი ზეციერითა ღვაწლითა გვექმენ საღმრთო ლიმენად, შემწყნარებელ ცხოვრებისა ჩვენისა.
გიხაროდენ, შენ ტაბლაო სულიერო, რომლითა დაგვატკბობ ჩვენ ცოდვითა დამწარებულთა;
გიხაროდენ, რომელმან შრომითა შენითა გამოიღე ყვავილი საღმრთოსა საშვებელისა;
გიხაროდენ, ჩვენ ცოდვილთათვის მეოხებად მითვალულო ძღვენო წინაშე მეუფისა;
გიხაროდენ, ჩვენ ტვირთითა ბრალთათა დამძიმებულთა სალხინებელო ემპლასტრაო;
გიხაროდენ, ჩვენ ცოდვითა განწირულთა სალხინებელად მხსნელად მოვლინებულო;
გიხაროდენ, მრავალთა ბრალთაგან განვრდომილთა ღვთისადმი დამაგებელო;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ღელვის შინაგან მქონებელ იყო საღმრთო ნინო, ხედვიდა რა ბარბაროსთა წარმართთა სასტიკად მიმძლავრებასა სატანასგან, ხოლო იჭვეულებდა ეშმაკი, მდედრსა რა ხედვიდა სძალსა საღმრთოსა; ხოლო სცნა რა დაცემა თვისი სრულიად და მოოხრება თვისთა საცთურთა, ისწავა, ვითარმედ სულისაგან წმიდისა არს მოციქულებრი სრბა მისი და მგოდებელი თვისთა ძალთა თანა ივლტოდა გოდებით; ხოლო ჩვენ მონებისა მისგან ბნელისა ხსნილნი ვხმობთ ესრეთ: ალილუია.
ესმა რა მწყემსთა მთავართა მათ ქართლოსიანთა სასტიკად დაცემა არმაზ და ზადენისნი, გულისხმა ჰყვეს ხორცთა შინა ზრქელთა გამოჩინება ღვთისა ქვეყანად, და ვითარცა პირმეტყველთა ცხოვართა გონიერებით აღიმსთვეს საღმრთოსა მწყემსისა ნინოს მიმართ, რომლისა მხილველნი და მგალობელნი შეასხმიდეს საგალობელსა:
გიხაროდენ, საღმრთოო ტარიგო და მწყემსო, რომლისად მოვისწრაფით პირმეტყველნი კრავნი;
გიხაროდენ, მრავალ ხმოვანო საგალობელო ქნარო, რომლითა მარად გვისტუმრებ ცხოვართა სიტყვიერთა საძოვარსა მცნებასა მთასა ზედა მთათასა;
გიხაროდენ, უხილავისა მის საშინელისა მგლისა გვემით მდევნელო,
გიხაროდენ, რომელმან სამოთხისა და ცათა საშვებელისა სამეფოსა კარნი განმიხვენ ჩვენ;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერითა მეოხებითა ზეციერნი განწყობანი ჩვენ თანა დასობენ გალობად ღვთისა:
გიხაროდენ, რამეთუ ჩვენ ქვეყანისა ნაშობნი ზეცისა მგალობელთა შევეერთებით სამწმიდაობისა გალობასა ღვთისმეტყველებად;
გიხაროდენ, მიურულებელო თვალო მარად მხედველო, დაუდუმებელად მქადაგებელო საღმრთოო ბაგეო;
გიხაროდენ, უძლეველო ძალო მრავალ ახოვანო, რომლითა ცხებულ-ჰყოფ კეთილობად შენდამი მორწმუნეთა;
გიხაროდენ, რომელმან კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დაგვამყარენ ჩვენ, რომლითა ვჰგიეთ მარადის მისგან უძრავად.
გიხაროდენ, რომელი მარადის შიშველ ჰყოფ ჯოჯოხეთისა შინასა მძლავრს ბელიარსა;
გიხაროდენ, რომელი მარადის გვიწყაროებ ზეციერსა მადლსა საღმრთოსა.
გიხაროდენ, რომელი განგვაშიშვლებ ბნელისაგან და შეგვმოს ზეცათა სამეუფოთა დიდებითა;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ღვთივ მავალობით მოგზაური ვარსკვლავი ზენაით მსრბოლი, საღმრთო ნინო, იხილეს რა რიფსიმე და გაიანე თანამოყვსით მათით, ვითარცა საღმრთოსა მნათობსა და ვითარცა სასანთლესა ბრწყინვალესა შეუდგეს და მის მიერ ეძიებდეს ცოდვილთათვის ძიებად მოსრულსა ზეცათ მეუფესა და ჰპოვეს რა საღმრთო საუნჯე, მარგარიტი მრავალფასი ბანვითა მით მეორედშობისათა, მოხარულნი სულითა უგალობდეს მეუფესა მას მეუფეთასა გალობით ესრეთ: ალილუია.
იხილეს ვითარ ყრმათა, ჩვილთა უგუნურთა, ცნობითა ჰაოსიანთა გარეშითა ხატითა შვენიერება რიფსიმე გაიანეთურთ საცთურითა მით ბოროტისა მის ვერაგისათა ჰგონებდეს შეპყრობად სულითა შეუპყრობელთა, ხოლო მათ აღისწრაფეს ზეცადმი, დამდებთა თვისთა სულისა წინაძღომითა საღმრთოსა ღვთივ მსრბოლისა ვარსკლავისათა, რომელთა თანა უღაღადებთ კურთხეულსა სძალსა:
გიხაროდენ, საცნაურისა მზისა მეშვისა საღმრთოსა მთოვარისაგან მოფენილო ჩვენდა, საღმრთოო ვარსკვლავო;
გიხაროდენ, ცისკარო ბრწყინვალეო წინამსრბოლობით მაუწყებელო ჩვენდა დედისა მის დაუვალისა მზისაო;
გიხაროდენ, საცთურთა დასაბამისა მის პირად პირადად აღგზნებულისა ვნებისა მისისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მძლავრისა მის კაცთმოძულისა ვეშაპისა მთავრობისაგან დამამხობელო;
გიხაროდენ, სამებისა ღვთისა მართლ-მორწმუნებით მმონეთა მარად მეხვაიშნეობითა შენითა მცველო;
გიხაროდენ, უფლისა უფლებათასა კაცთ-მოყვარებით ჩვენთვის განკაცებულისა ღვთისა მოციქულებრითა შრომითა შენითა მომცემელო ჩვენდა;
გიხაროდენ, ხენეშისა მის ბნელისა კერპოვნებითისა საქმეთა მნეობისაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ბარბაროსებრივისა მის უცნობისა ამაოსა სჯულისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ცეცხლებრივისა მის და სხვასა საცთურსა სათაყვანოსა ბნელისა მისთანა დამამხობელო;
გიხაროდენ, ალსა გულისთქმათა ვნებათასა ლოცვათა შენთა კვერთხითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, სპარსებრივთა არაწმიდებათა წილ, ანგელოსებრივისა სიწმიდისა მომცემელო ჩვენდა;
გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა ქართლოსიანთა საუკუნოდ მხიარულებად წინამძღომელო;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ქადაგებისა მოციქულებრსა შრომისა გზასა მსრბოლი, სულითა შემოსილი ნინო პირველად ნაყოფად ძღვნად შემწირველი დედისა ღვთისად წმიდათა დედათა, მუნაით მოიქცა ბაბილოვნებრივთა მათ უსჯულოებითთა ცთომათა აღრეულთა ჩრდილოით კერძო, წარმართთა დაწყებად იწყო უწყებული მისდა ანგელოსისა მიერ საღმრთოსა და საქმითა ჰქადაგა წინასწარ-მეტყველებული მისდა მამათმთავრისა იგი სიტყვა ღვთაება ქრისტესი, განმკიცხველმან სატანასმან, რომლისა მიერ ხსნილნი უგალობთ მეუფესა მხსნელსა ესრეთ: ალილუია.
გამობრწყინდა რა ეგვიპტურსა მას უსჯულოებითა მიბნელებულსა თარგამოსიანთა შორის საღმრთო ნათელი ეგე, მტვირთველი ჭეშმარიტებისა სიტყვისა, განსდევნე ბნელი სიღა-მე მუნაისა მის კერპოვნებისა, რამეთუ კერპნი მათნი, ვერ თავსმდებნი ხილვისა შენისანი, ქვე-დაეკვეთნეს, არმაზს შეედვა ძრწოლა ულხინებელი, ზადენ და მისთანათურთ სრულიად ავლად მტვერ იქმნნეს; ხოლო მათისა საცთურისაგან ხსნილნი ხმობდეს შენდამი, საღმრთოო მოციქულო, დედაო ნინო:
გიხაროდენ შენ, აღმმართებელო ჩვენ ცოდვითა ქვე დაკვეთებულთაო;
გიხაროდენ, მაცთურისა სატანისა ვაებით დამაკვეთებელო;
გიხაროდენ, შენ ეშმაკისა და ცოდვისა გემოვნებათა ცთომილებისა უჩინო მყოფელო;
გიხაროდენ, შენ, არმაზებრივისა კერპოვნებისა სიმრავლესა დაფარულსა ზაკვასა მათსა საჩინოდ მამხილებელო;
გიხაროდენ, შენ ბნელისა მის ფარაოს თხემისა ზღვასა შინა ჯოჯოხეთისასა შინაგან დამფლველო;
გიხაროდენ შენ, კლდეო წყლისა ცხოველისა მადინებელო, რომელი აპკურებ სალხინებელად ცოდვითა დამაშვრალთა;
გიხაროდენ შენ, სვეტო საღმრთოო სულითა ცეცხლოვანო, რომელი უძღვი ცად მიმართ შენ მიერ ბნელისა მონებისაგან ხსნილთა;
გიხაროდენ, შენ, ქართველთა საღმრთოო ლიმენაო, საფარველო და ღრუბელო, რომელი აცვრევ ცვარსა სალხინებელსა;
გიხაროდენ, შენ, რომელი მარად გვზრდი ზეციერითა მანანაითა, პურითა მით ცხოვრებისათა;
გიხაროდენ, შენ, მსახურო შინაგან წმიდისა წმიდათასა ზეციერისა მის ანგელოსთა საშვებელისა;
გიხაროდენ, ქვეყანაო წმიდაო ზეციერისა მუშაკისაგან მოქმნილო, რომელი წლითი წლად გამოიღებ ჩვენდამი სარწმუნოებისა და ხედვისათანა საქმესა;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ეგულებოდა რა ეშმაკისად დამონებულსა მეფესა მირიანს ბნელისა მის საცთურისაგან გამოძარცვა სულისა თვისისა, მიეცი მას ვითარცა უცხოი ვინმე ტყვე, მომავალი მდედრი, ხოლო, შეიმოსა რა ზეციერი ნათელი, მაცხოვრად და ტყვეობისაგან ეშმაკისა მხსნელად საცნაურ იქმენ მისა, რომლისათვისცა დაუკვირდებოდა შენსა გამოუთქმელსა სიბრძნესა და მოციქულებრსა შრომასა ზედა და განკვირვებული შენ თანა ხმობდა ღვთისადმი ესრეთ: ალილუია.
ახალი და საკვირველი ბუნებათა უაღრესი რაიმე დაწყება გვიჩვენა ზეციერმან ქალწულმან ნინომ, გამოსჩნდა რა ყოველთა მყოფთა ბუნებათა აღმგებელი ქალწულებრისა საშოსაგან კაცობრივისა ბუნებისა ახალ მყოფელად, რომლისა ზესთა საკვირველებათა უსაკვირველესსა ხილვასა მომცემელსა ჩვენდა ნეტარსა ნინოს შეუთხზვიდეთ მას საგალობელისა აღწერასა:
გიხაროდენ, შენ, ყვავილო პირად პირადად შვენიერო, რომელი გამოსცემ სუნსა პირად პირადად საყნოსსა;
გიხაროდენ, გვირგვინო უნეტარესად შვენიერ განკრძალულთა მოღვაწეთაო;
გიხაროდენ, ჩვენ ცოდვითა დაცემულთა ზეცისა ნეტარებისა აღდგომისა ხატსა შემმოსელო;
გიხაროდენ, ჩვენ ქვესკნელისად ზეციერსა ანგელოზებრივსა ცხოვრებისა მომცემელო;
გიხაროდენ, ხეო ფრიად შვენიერო, რომელი გამოიღებ მარადის უკვდავებისა ნაყოფსა;
გიხაროდენ, ნერგო ღვთივ-ქმნულო ფურცელოვანო, რომლისა საგრილსა შემოვკრბებით ქრისტესნი;
გიხაროდენ, მუცლად მღებელო საღმრთოსა მადლისაო, რომლისაგან სდის წყარო წყლისა ცხოველისა;
გიხაროდენ, რომელი შენ მიერ ბნელისა გონებისაგან ხსნილთა წინამძღვარ გვექმენ ჩვენ ზეციერთა დიდებათა აღმავალობად;
გიხაროდენ, შენ საშინელებით მომავალისა მსაჯულისადმი მხურვალედ მეხვაიშნეო შუამდგომელო;
გიხაროდენ, ჩვენ მრავალთა ცოდვათა მიერ განფრდილთა მეოხებითა შენითა ღვთისადმი მოწყალისა დამაგებელო;
გიხაროდენ, ჩვენ ბნელისა მონებისაგან განშიშვლებულთა საღმრთოისა ნათლისა შემმოსელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა სალხინებელო, ბრალთაგან დამძი-მებულთა ნუგეშო ზესთა წადიერებაო;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
უცხოსა მიბნელებულსა ქვეყანასა უცხოებად მოსრული ჩვენდა, გიხილეთ რა ხატითა ტყვეობისათა მოსრული ჩვენდა, ტყვეობისაგან მძლავრისა ბელიარისა გამოგვიხსნენ ჩვენ, ვითარ იგი მაღალი მეუფე ჩვენებრ კაცებრ დამდაბლდა ხატითა მონისათა პოვნილი, რათა ხატი თვისი დაფარული მოიძიოს, ჩვენცა მონებისაგან ბნელისა სატანისგან შენ მიერ ხსნილნი, ზეცისად მიცვალებითა ზეციერთა თანა გალობად შეგვაერთა ჩვენ, რომლითა ვღაღადებთ ჩვენ ქვეყანისანი ზეცისა გალობასა ესრეთ: ალილუია.
რომელი ყოვლად სრულებით ქვეყანასა ზედა გამოჩნდა კაცობრივისა თბესა სრულებით მიღებითა, ზენათა და ყოველთა ზეციურთა ყოვლად სრულებით აღმავსებელი მეუფე, რომელმან ქალწულებრივსა საშოსა გარეშემოუწერელად დაიკარვა ქვეყანასა ყოველსა და ქვეშე ქვეყანისათა ყოველთა იგივე აღავსებდა, ამისთვის ქალწულისაგან შობილმან, შენ ქალწული მხსნელად ჩვენდა მოგვმადლა, რომლისათვის ვღაღადებთ შენდა:
გიხაროდენ შენ, ღვთისა დაუტევნელისა საღმრთოსა მადლისა შენ შორის დამტევნელო;
გიხაროდენ, მრავალთა ზეციერთა საიდუმლოთა შენ შორის დამფარველო საუნჯეო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა სატანაებრისა ბოროტისა იჭვისა განმახმობელო;
გიხაროდენ, მართლ-მორწმუნეთა სარწმუნოებისა და სასოებისა პირად პირადად ნაყოფად აღმაყვავილებელო;
გიხაროდენ, რომელმან უზესთაეს ცათასა ზესთა საყდართა მჯდომარე ჩვენთვის მოძიებად მოსრული გვახარე ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან სერაფიმთა ზედა განსვენებული ღმერ-თი ჩვენ ცოდვილთა შორის გამოჩინებულად გვიქადაგე ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან სატანისგან პირად-პირად განყოფილნი იგივეობით მონებად ღვთისა მიგვიყვანენ ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან ქალწულებრივსა წიაღსა დამკარვებელსა ღმერთსა შეგვაერთენ ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან გვიხსნენ მძლავრისა მონებისაგან ბნელისა ბელიარისა;
გიხაროდენ, რომელმან შეჰფქევ და შეჰმუსრე კლიტენი და მოქლონნი მძლავრისა ბნელისა სატანასნი;
გიხაროდენ, რომელმან განგვიღე და განგვიმზადე ზეცათა იგი საშვებელი;
გიხაროდენ, რომლისა სასოებითა ვაიძულებთ მაიძულებელთა ჩვენთა სიზრქისა ნივთთა;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ყოველი ვერაგობა და მზაკვარება ბელიარისა განაკვირვა ფრიადმან მოციქულებრივმან შრომამან შენმან, რამეთუ უცხოდ ტყვეობად მოსრულსა გხედვიდეს შენ, ვითარცა მდედ-რსა უძლურსა ბუნებითა. გარნა ზესთა კაცთასა უზესთაეს მოქალაქედ და ტყვეობისაგან უცხოსა მის მძლავრისა მონებისაგან მრავალთა სულთა გამომხსნელად, რომლისა მცბიერობისა და საცთურისა მათისა დამთრგუნველნი შენ მიერ ხსნითა მხსნელსა ჩვენსა უღაღადებთ ესრეთ: ალილუია.
რიტორებრივთა მრავალ ხმობითთა თხზვათა და ელა- დებრთა ძალთა სიმარჯვითა მკობილთა ლექსთა შენდამი უღონოებად ვხედავთ ჯერისაებრ ქებასა, თუ ვითარ მდედრი უძლურთა ბუნებათა მექონი ძალსა ძლიერსა სატანა საცა სძლე და დააკვეთე სიმკაცრით და მოციქულებრიცა სრბა აღასრულე მოსწრაფებით, რომლისათვის ესე ვითარცა საკვირველსა მოწყალებასა ღვთისასა დაკვირვებულნი ვხმობთ შენდამი:
გიხაროდენ, თვით არსისა ღვთისა სიბრძნისა უზესთაესითა სიბრძნითა შენითა განმაცხადებელო ჩვენდა;
გიხაროდენ, საღმრთოთა მათ წინა-განგებათა მისთა ჯვარითა მრავალთა სასწაულთა განსაკვირვებელთა სრულ მყოფელო;
გიხაროდენ, ფილოსოფოსებრივთა ქვეყნიერთა ამაოთა და თხზვათა სისულელედ მამხილებელო;
გიხაროდენ, რომლისა შესხმად მოსწრაფენი სიტყვა ხელოვანნი ბრძენნი უხმოდ გამოჩნდებიან შენდამი;
გიხაროდენ, რომელმან სულელ და ცოფ ჰყავ მრავალი ღონე იგი სატანასი;
გიხაროდენ, რომელმან დააჭუნე და განაქარვე საზღაპრო იგი კერპოვნებითი ამაო მოქმედება;
გიხაროდენ, რომელმან ელლენებრივი იგი ათინური საცთურიანი თხზვა განხეთქე;
გიხაროდენ, რომელმან ზეციერთა მონადირეთა საღმრთო იგი ბადე აღავსე მოციქულებრითა შრომითა შენითა;
გიხაროდენ, რომელმან სიღრმესა უღმრთოებისასა დანთქმულნი სულნი აღმოიქვენ შესამეცნებელად ღვთისა;
გიხაროდენ, რომელმან შენ მიერ ქრისტეს მიმართ მორწმუნენი ზეციერითა მეცნიერებითა განანათლენ;
გიხაროდენ, საღმრთოო ზეციერო ნავო, რომელი წიაღ-იყვან ქვეყანასა ღელვათაგან შენდამი შევედრებულთა;
გიხაროდენ, ნავთ-საყუდელო ლიმენავ, შემწყნარებელო სულით ვნებულთა შენდამი მილტოლვილთაო:
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ყოველთა ცხოვრებისა მნებებელმან მეუფემან, ცხოვ-რება რა ინება და მოქცევა სინანულად ბოროტად წარწყმედულთა და დაბნელებულთა სულთა ქართლოსიანთა, შენ საღმრთო ეგე დედა დედისა თვისისა წილად ხდომილთა ერთა მწყსად და მოღვაწედ მოგავლინა შენ, რამეთუ იქმენ მსგავ-სად ჩვენდა და ტყვეობისა მისგან ბოროტისა მის ბნელისა შენ უცხოდ მოსრულმან ტყვემან გამოგვიხსნენ ჩვენ, რომლისა მიერ ვღაღადებთ ესრეთ: ალილუია.
ზღუდე ხარ ადამანტისა შეურყეველი ყოველთა თარგამოსიანთა მორწმუნეთა, საღმრთოო ქალწულო ნინო, რომელნი საწუთოსა ამაოსა სოფლისა ზღვასა შინა ღელვა გვემულნი განსაცდელნი მარად შენ შემწყნარისა ჩვენისად მოვილტვით, რამეთუ ცათა და ქვეყანისა მოქმედმან ღმერთმან ქალწულებრივსა კარავსა რა დაიკარვა, შენ ქალწული ეგე მხსნელად ჩვენდა მოგავლინა, რომლისად ვღაღადებთ ესრეთ:
გიხაროდენ, შენ საღმრთოო ქალწულებისა. ლამპარო, ქალწულთათვის, ნინო, აღნთებულად წინა მავალო;
გიხაროდენ, რომელმან კაცთაგან უცნაური ზეციერი იგი ცნობა გამოგვიცხადე ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან მოგვანიჭენ ჩვენ სახარებითა შენითა სამ-გვამოვნებასა შინა ერთღვთაებისა თაყვანისცემა;
გიხაროდენ, რომელმან მაცთურისა მიერ ცთომილი გონება ჩვენი ქრისტეს ღვთაებისა მეცნიერებად განაბრძვენ;
გიხაროდენ, რომელმან უგულისხმოსა კერპისა მიმართ ცთომილებით თაყვანისმცემელნი გონიერებით თაყვანისცემად არსთა მექმისა ყოველთა ღვთისა აღგვიყვანენ ჩვენ;
გიხაროდენ, სულისა განმხრწნელთა ვნებათა უჩინოსა მტერისაგან დათესულთა საგრძნობელთაგან ჩვენთა მეოხებითა შენითა უჩინო მყოფელო;
გიხაროდენ, რომელმან განამრავლენ თესლნი უბიწოსა საღმრთოსა მოქალაქობისანი;
გიხაროდენ, ყოვლად უბიწოსა სძლისაგან დათესილო სძალო, რომელმან მიგვიწოდენ ზეცისა სასძლოსა მიმართ;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მართლმორწმუნეთა პირად პირადო შვენიერო სამკაულო;
გიხაროდენ, მუნათა ქალწულთა უშვერებასა უზესთაესისა ქალწულებისა სიკეთითა განმაშვენებელო;
გიხაროდენ, მოღვაწეთა სულთა მსგავსად შესამოსისა მახლობელო საფარველო;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
გალობათა ყვავილნი, ფსალმუნთა და საგალობელთა მკობილებანი მოუძლურდებიან, უკეთუ ფრიად მოსწრაფე ვიქმნეთ შეთხზვად შენდამი, ქალწულო, რამეთუ ვერარას ნაცვალსა ღირსსა სრულებასა ვაჩვენებთ ქებისა მოსწრაფებასა, რომელნი შენ აჩვენენ ჩვენზედა დედობრივნი ნაწლევანებითნი ურიცხვნი მოწყალებანი, რამეთუ გამოგვიხსნენ ჩვენ ბნელისა მისგან ვნებათა მშობელისა, რომელნი ვღაღადებთ ესრეთ ალილუია.
საღმრთოსა ნათლისა მტვირთველად მრავალ პირად მგზებარესა ლამპარსა გხედავთ შენ წმიდასა ქალწულსა, ცოდვისა ღამეთაგან დაბნელებულთა სულთა ჩვენთა განსანათლებელად, რამეთუ უნივთო სა საღმრთოსა სარწმუნობისა ნათლითა წარგვიძეღვ ჩვენ ზეცათა მეუფისა მეცნიერებად, რომელი მარადის მიგვიძღვი ვითარ ცისკარი ბრწყინვალე დიდი-სა მის მზისა შარავანდისა განათლებისა მოღებად, რომლისა მიერ ღაღადებისა ხმასა აღვავლენთ ესრეთ:
გიხაროდენ, საცნაურისა მზისა შარავანდისა ნექტარო, ბნელსა ცოდვისა პირსა გონებათა ჩვენთა განმაოტებელო;
გიხაროდენ, შენ ბრწყინვალეო ლამპარო, ბნელსა შინა დაშთომილთა სულთა ჩვენთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, სულიერო ელვაო, რომელი იოტებ სულთა ჩვენთაგან ელვისა მსგავსთა ვნებათა;
გიხაროდენ, ქუხილო სულთა ბოროტთა შემაძრწუნებელო, რომელი დააკვეთებ მარადის საცთურთა მისთა;
გიხაროდენ, რომელი მონებისაგან ბნელისა ხსნილთა აღმოუბრწყინვებ ზეცისა განათლებათა;
გიხაროდენ, წყლისა ცხოველისა მდინარეო, რომელი მარადის გვიწყაროებ მეოხებისა შენისა მოწყალებისა ცვარსა;
გიხაროდენ, რომელმან წყლისა და სულისა მიერ ბანითა ემბაზისათა ზეციერი იგი ხატება განგვიახლე ჩვენ;
გიხაროდენ, ცოდვისა ბიწთა სულისა ჩვენისაგან განმახმობელო;
გიხაროდენ, სულისა და ხორცთა განმწმედელთა საბანელთა, მეორედ შობისა მიერ მომცემელო;
გიხაროდენ, რომელი გვცხებ მირონსა სუნნელსა პირად პირადთა სულისა ნიჭთა;
გიხაროდენ, რომელი განგვიზავებ ტაკუკსა შინა საღმრთოსა სულისა საზრდელთა ზეციერთა სიხარულსა;
გიხაროდენ, რომელი მარადის გვისერებ და გვისტუმრებ ცხოვრებისა საიდუმლოსა სერობითა;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
მადლის მიცემა და განათლება რა ინება ყოვლისა სოფლისა საღმრთოთა შარავანდედთა მიერ თვისთა მოწაფეთასა, მადლისა მისგან ჩვენ განშორებულთა განახლებად მხსნელად ჩვენდა გამოგაჩინა შენ და პირველსა მას საცთურსა ვალსა ვეშაპისასა დამხსნელად, რომელმან განხეთქე ხელით წერილი პირველთა მათ ბრალთა ჩვენთანი და დაამხვე საცთურიანნი ცთომანი უხელოთა კერპთანი, რომელნი ესრეთ ვღაღადებთ: ალილუია.
მგალობელნი შენ მოციქულისა ჩვენისა დედისანი შევთხზავთ და შემოვკრებთ სულიერსა შესხმასა ქებასა ყვავილთასა ჭაბუკნი ქალწულთა თანა, მოხუცებულნი ყრმათა თანა და შეგასხამთ შენ, ვითარცა სულისა მის საღმრთოსა ტაძარსა წმიდასა და ქალწულსა მდედრსა, ქრისტეს მოციქულსა, რომელმან მპყრობელი და მტვირთველი ყოველთა დაბადებულთა ყოვლად უბიწოსა ქალწულისა ტვირთულად გვასწავე ჩვენ, - რომელნი შევსწირავთ სულიერსა საგალობელსა შენდამი ესრეთ:
გიხაროდენ, სიტყვიერო კარავო, რომელი მარადის გვისტუმრებ ჩვენ მოციქულებისა ღვაწლისა შენისა სანუკვარსა;
გიხაროდენ, სულისა მიერ საღმრთოო განწმენდილო პალატო, რომელმან შეგვიყვანენ ჩვენ უშინაგანეს წმიდისა წმიდათასა;
გიხაროდენ, სულიერო კიდობანო, აღსავსეო საღმრთოთა მით პირად პირადითა მადლითა;
გიხაროდენ, ზეციერისა მის საღმრთოსა საუნჯისაგან სულისა მადლისა გამომზრდელად ჩვენდა მომცემელო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა ქრისტეს მორწმუნეთა მეფეთა ძლევისა გვირგვინითა ყვავილოვან მყოფელო;
გიხაროდენ, მუნათა მართლმორწმუნეთა და სიწმიდითა განკრძალულთა მღვდელთა შემწედ და მეოხად სიქადულო;
გიხაროდენ, წმიდათა ეკლესიათა პირადპირადად შემამკობელო ყვავილო;
გიხაროდენ, რომელი მეოხებისა შენისა მოწყალებითა დახსნილთა ხელთა და უსასოებად მიწევნულთა გონებითა ზეციერთა ბაძვად აღიყვანებ;
გიხაროდენ, რომელმან შენ მიერ პირველ სულითა ქადაგებული ქრისტეს მეუფებისა სჯული მუნაით დაურღვეველად დაიცევ;
გიხაროდენ, რომელი მის ზედა აღდგომილთა წინა მეწყვეთა მტერთა, სატანის მიერ ბირებულთა, მარადის ძალითა შენითა დაცემით იოტებ;
გიხაროდენ, დაღამებულისა გონებისა ჩემისა განათლებაო;
გიხაროდენ, დაბნელებულისა და ცოდვისა განწირულებად მიწევნულისა სულისა ჩემისა სასოებაო;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.
ოი! სულიერო, მრავალ საგალობელო საღმრთოო ქალწულო, დედაო ნინო! ყოველთა მტვირთველისა სიტყვისა ღვთისა დედისა ყოვლად უბიწოსა ქალწულისა მიმართ ჩვენთვის მეოხებად მითვალულო ძღვენო! მიიღე ჩვენ მიერ კნინი და უნდო ესე საგალობელი სავედრებელი მწვლილი და მარადის გვიხსნენ ჩვენ სულისა და ხორცთა განსაცდელთაგან და ზედა აღდგომილთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და საუკუნოსა სასჯელისაგან გამოგვიტაცენ მეოხებითა შენითა მხმობელნი ესრეთ ალლილუია. (ესე მუხლი სამგზის)
ანგელოზი ზეციერი მოივლინა რწმუნებად შენდა მოციქულებრისა გზისადმი სრბასა და მოგცნა შენ სიტყვიერნი უწყებანი, თითითა ღვთისათა წარწერილნი. ხოლო შენ, თავსა შორის თვისსა დაკვირვებული უზესთაეს ძალისა საქმესა, მორჩილებისა სრბასა შეუდეგ წამის ყოფასა საღმრთოსა, რომლისა მიერ განცვიფრებულნი ვხმობთ შენდამი:
გიხაროდენ, რომლისა ძლით სიხარული მოგვეფინა ჩვენ;
გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევისაგან პირველთა საცთურთასა განვთავისუფლდით;
გიხაროდენ, ბნელისაგან ცთომათასა დაცემულისა ქართველთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ქართველთა დედათა მწუხარებისა ცრემლთა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მეკერპეთა გულის სიტყვათა ზესთა სიტყვისა მეცნიერებად აღმყვანებელო;
გიხაროდენ, ანგელოზთაცა უცნაურისა დაფარულისა საიდუმლოსა ჩვენდამი გამომაცხადებელო;
გიხაროდენ, რომელმან ცეცხლის ფერთა საყდართა ზედა მჯდომარე განგვიცხადე ჩვენ;
გიხაროდენ, რამეთუ მტვირთველი ყოველთა დაბადებულთა ქალწულებრივსა მუცელსა შინა, თვითოეულად გვაცნობე ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან ვარსკვლავთა და მნათობთა უზენაესი ნათელი მომფინე ჩვენ;
გიხაროდენ, რომელმან წიაღსა ქალწულებისასა დაკარვებული ღმერთი განახლებად ჩვენ დაძველებულისა, დამბადებელად ყოველთა გვაცნობე (ჩვენ);
გიხაროდენ, რომლისა მიერ შევემეცნენით ყოველთა დამბადებელსა ყოველთა არსთა მტვირთველსა სიტყვასა;
გიხაროდენ, შენ, ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.კონდაკი 1
ზენაით მბრძოლისა, მარად შემწისა ჩვენისა, შენ მიერ ჰხსნილნი მონებისაგან ბნელისა ფარაოისა, ყვავილსა შესხმათასა შევთხზავთ შენდამი, ქალწულებისა ყვავილო ნინო! ქრისტეს მხედრობად აღწერილნი მონანი ზენაისა მეუფისანი, არამედ ვითარცა მარად თანა მბრძოლად გაქვს მაღალი ძალი მისი, მარად მძლე ექმენ მტერთა ჩვენთა მებრძოლთა და გვიხსენ ვნებისაგან საცთურისა, რათა ანგელოზებრსა გალობასა დავთხზვიდეთ შენდა: გიხაროდენ, სულისა მიერ საღმრთოისა განწმედილო საღმრთოო სძალო.
მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთო თა მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
მიიღე ფრიად-შვენიერებით და სიმკაცრით სულთა ჩვენთათვის, დედობრივ მოღვაწეო-ქალწულო, ნეტარო ნინო, მცირე კნინი სამადლობელი ესე ძღვენი ჩვენ გლახაკთა, უღირსთა მონათაგან წადიერებით და სიყვარულით, შენ დედოფლისა და მოღვაწისა ჩვენისად შეწირული! ყოველთა დედათა ნათესავთაგან შენ მაცხოვრად და მოღვაწედ სულთა ჩვენთათვის დაბნელებულთა და ეშმაკისა მონებისაგან ბნელისა მხსნელად ღვთისა მიერ მოწყალებად ჩვენდა მოფენილო ნათელო! ვითარ იგი უპირატეს ამისა პირველ იღვაწე ჩვენთვის მოციქულებრითა შრომითა შენითა და დედობრივითა მოწყალებითა შენითა, აწცა ნუ დააცადებ მოღვაწებასა და მეოხებასა წინაშე მეუფისა ქრისტესა, რომელი შენ გვახა-რენ ჩვენ მოციქულებრითა შრომითა შენითა და იხსნენ სულნი ჩვენნი საწყალობელნი, მონებისა მისგან ბნელისა ეშმაკისა და საცთურთაგან მისთა მრავალ ღონეთა და ტყვეობისაგან მრავალ საძაგისა მის სულთა დამაბნელებელისა ვნებისაგან გამოიტაცე გონება და სული ჩვენნი! აღსდეგ ზენაითა მით ძლიერითა შეწევ-ნითა შენითა მტერთა ჩვენთა ჩვენზედა აღდგომილთა და შეჰმუსრენ მკლავნი მათნი ბარბაროზებრივნი მრავალ ღონეობით ჩვენზედა განმარტებულნი და მოუღენ ძალი და ძლიერება მათი ყოვლად ძლიერითა ქრისტეს მეუფისა ჩვენისა უძლეველისა ძალისათა! და სრულიად უკუნ აქცევდე დედაო ტკბილო სანატრელო, ცოდვათა ჩვენთა სიმრავლისაგან დღითი დღედ მომავალთა მომსრველთა სიმრავლეთა წარმართთასა და წარტყვენვად ჩვენ ზედა აღჭურვილთა და ვიდრე აღსრულებადმდე და აღკრებადმდე სოფლისა ამის ამაოებისა ჰგიებდე ჩვენთანა განუშორებელად, დედაო სანა-ტრელო, დედა ეგე მოწყალე შვილთა შენთა თანა, ცოდვისა ბრალთაგან განფრდილთა და ვნებისაგან ეშმაკისა ტყვექმნულთა და იღვაწე ჩვენთანა განუშორებელად ნაღვაწი შენ მიერ საღმრთო იგი მართლმადიდებლობისა ყოვლად უბიწო სარწმუნოება ცხოველსმყო-ფელითა მით მადლითა ყოვლად წმიდისა სულისა შეწევნისათა! და განსლვადმდე ცხოვრებისა ამის ჩვენისა კნინისაგან დაგვიფარენ მარადის უბიწოსა სარწმუნოებასა შინა უბიწოთა მოქალაქობითა, რათა შენ მიერითა მეოხებითა და შეწევნითა და საფარველითა შენითა მარად თაყვანისცემით მოუკლებელად ვადიდებდეთ, ყოველსა ცხოვრებასა შინა ჩვენსა, ყოველთა დამბადებელსა მეუფესა მას მეუფეთასა მაცხოვარსა ჩვენსა ქრისტესა, მამით და სულით ერთ-ღვთაებით და ერთარსებით ყოველთა არსთაგან თაყვანისცემულსა, აწ და სამარადისოდ და მომავალსა საუკუნესა, ამინ.