დაუჯდომელი წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლისა

ტროპარი

მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა წყლულებანი მრავალნი თავს იხსენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 1

ზესთა მოღვაწესა და რჩეულსა მხევალსა ღვთისასა დედოფალსა ქეთევანსა მნათობსა კახეთისასა შევწირავთ მდაბალთა ქებასა: ჰოჲ, დედოფალო რომელი კადნიერად სუფევ წინაშე სამებისა ყოველთა ვნებათაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა გიგალობდეთ: გიხაროდენ სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლშემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

იკოსი 1

ანგელოზნი კაცთა თანა გმსახურებდნენ წმინდაო და განგამზადებდა უფალი მიწიერ დედოფლად და ზეციერ მარტვილად, ხოლო ჩვენ გვასწავა შენდამი ესე გალობა:

გიხაროდენ, დავითიან-ბაგრატოვანთა ნერგო კეთილო.
გიხაროდენ, სიყრმიდანვე სიწმიდისა და კეთილგონიერებისა აღმრჩეველო.
გიხაროდენ, შემოქმედისა მიერ სულიერად და ხორციელად კეთილი შეზავებულო.
გიხაროდენ, ანგელოზთა მიერ დაცულო ჭურჭელო.
გიხაროდენ, ქართველ მეფეთა მშვენებაო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 2

მხედველი კეთილგონიერებისა და სიმტკიცისა შენისა, შეგჭურვიდა სული წმიდაჲ დედოფალო, ვითარცა ჭეშმარიტსა მერძოლსა, ხელოვნებათაგან ცხოვნებისასა და შენცა მარადჟამს უფალზე მსასოებელი უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

ოდეს მკვლელისა მამისა და ძმისა უსჯულო კოსტანტინეს მიერ მოწოდებულ იქმენ მსგავსებრ საქმეთა ჰეროდიასა, დამმარხველმან სიწმინდისა ითხოვე შეწევნა ღმრთისა და სასჯელმან უფლისამან შემუსრა ბოროტი და ჩვენცა მხიარულ ქმნილთა ვისწავებთ ესრეთ გალობასა:

გიხაროდენ, ახალო ანაო, მცველო უბიწო ქვრივობისაო.
გიხაროდენ, ესთერო შემმუსვრელო უსჯულოებისაო.
გიხაროდენ, სძალო მეფეთ-მეფისაო და დედოფალო კახეთისაო.
გიხაროდენ, შემწევნელო ყოველთა მშობელთაო.
გიხაროდენ, ქრისტიან ასულთა განმამტკიცებელო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 3

ძალი მაღლისა განგაბრძნობდა კურთხეულო და დაიფარვიდა მადლი სიწმინდისა შენისა, სამეფოსა კახეთისასა და ერი უხვად იღებდა ნაყოფსა ღმრთისასა და შენთანა ღმერთსა უგალობდა: ალილუია.

იკოსი 3

საღმრთო სურვილი მხოლოჲსა ზეციურისა მეუფისა მსახურებისასა განგმსჭვალავდა წმინდაო და განამრავლებდი ქველ საქმეთა, ესწრაფოდი რა ზეციურ საუნჯეთა მოხვეჭასა, შეგიყვარებდა უკვდავი სიძეჲ და გამოგირჩევდა რჩეულსა ხვედრსა და ჩვენცა რჩეულებასა შენსა შევასხამთ გალობასა:

გიხაროდენ, მაძიებელო საუფლო გზათაო.
გიხაროდენ, მწყალობელო მღვდელთო და მფარველო ბერ-მონაზონთაო.
გიხაროდენ, აღმაშენებელო ეკლესია-მონასტერთაო.
გიხაროდენ, გლახაკთა და ობოლთა შემწყნარებელო.
გიხაროდენ, მხოლოო ზესთა საუნჯეზე მზრუნველო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 4

ვითარცა კიდობანსა ღელვასა შინა, შენცა დედოფალო ვერ დაგძლევდა ზვირთნი წუთისოფლისანი, განამტკიცებდი სარწმუნოებასა და სიმშვიდესა სამეფოსა შინა და ღმერთს უგალობდი: ალილუია.

იკოსი 4

ესმა რა გაძლიერება ქართველთა ქრისტიანეთა თანაზიარ ეშმაკისა აბასსა, მოინდომებდა ღვთივრჩეულისა სამეფოსა დაცემასა, განამრავლდებდა ბოროტთა ხრიკთა, ხოლო ვითარცა ტარიგი უბიწოჲ ეწირებოდი ერსა შენსა, ამისთვის გიღაღადებთ:

გიხაროდენ, ზეციურო მფრინველო ფრთეთა ქვეშე შენთა ჩვენო შემფარველო.
გიხაროდენ, ჩვენთვის მოუღალავო მლოცველო.
გიხაროდენ, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან ჩვენო დამცველო.
გიხაროდენ, ზედაშეო ზეციურის სამსხვერპლოჲსაო.
გახაროდენ, შეურყეველო მცველო ეკლესიისა და ერისაო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 5

ღვთივმავალ ვარსკვლავად გამოუჩნდი ნეტარო ქართველთ, შირაზსა შინა განაძლიერებდი რა ყოველთა ქრისტიანეთა ცხოვრებითა წმინდითა შენითა და ერი მბაძველი თვისისა დედოფლისა დაიმარხვიდა ჭეშმარიტსა სჯულსა და უფალს ადიდებდა გალობითა: ალილუია.

იკოსი 5

ურწყულთა იხილეს შენსმიერ უხვ-მდინარებაჲ მადლისაჲ და წყალობისაჲ, ვითარცა ოაზისსა უდაბნოსსა შინა მოგესწრაფოდნენ ყოველნი და შენცა დედოფალო არწყულებდი მათ სასოებითა ღვთისაჲთა, ამისთვის გიღაღადებთ გალობასა:

გიხაროდენ, განბრძნობილო სულისა მიერ წმიდისაო.
გიხაროდენ, სწორუპოვარო მძლეველო საცთურთა ეშმაკისათაო.
გიხაროდენ, მოსახელეთა შენთა განმამტკიცებელო.
გიხაროდენ, ალერსიანო დედაო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთაო.
გიხაროდენ, სამოთხის მიერ ფინიკო მომნიჭებელო სიტკბოებისაო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 6

ქადაგებულ ჰყავ ჯვარცმული იესო ცხოვრებითა შენითა და ქებულმან მუშაკმან, მეუფისა წმიდისა ნებითა შენითა იტვირთე ჭირვებანი ერისა და შეიქმენ მეოხი ყოველთა ქართველთა და მარადის უგალობ უფალსა: ალილუია.

იკოსი 6

მიემსგავსებოდი ზეციურ წმიდანთა და მხნედ მოსაგრეობდი ტყვეობასა შინა, ყოველნი დედანი განძლიერდებოდნენ ღვაწლითა შენითა, განადიდებდნენ ღმერთსა და ჩვენცა მადიდებელნი ძლევისა გალობასა შევწირავთ:

გიხაროდენ, ტყვეობასა შენისა უფლისა სერობასა ზედა წვეულებად მიმღებელო.
გიხაროდენ, ხორცისა მარხვითა და ლოცვითა განმლეველო.
გიხაროდენ, ყოველ პყრობილთა ზეციურო ნუგეშო.
გიხაროდენ, უძლურთა მადლით აღმადგინებელო.
გიხაროდენ, ზეციური დედოფლის მიერ გამორჩეულო სეფექალო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 7

ღვთივმებრძოლი ხელმწიფე განიზრახვიდა მოდრეკასა შენსა ტყვეობითა, გარნა ვითარცა ოქროჲ გამოიწრთობა ბრძმედსა შინა, ეგრეცა შენ სრულ იქმნებოდი და მარადის შემცნობელნი სიტყვათა ღვთისათა: ყოველნი მონანი უფლისანი განუმზადებდნენ თავსა თვისსა განსაცდელთა, სასოობდი უფალსა და უგალობდი მას: ალილუია.

იკოსი 7

საკვირველი და ახალი საქმენი მოხდებოდნენ ხელთა შენთაგა, ოდეს მადლითა უფლისათა აღაშენე მცირე სავანეჲ ქალაქსა შინა აგარიანთა და მარადის აღავლენდი ლოცვასა და ადიდედი ღმერთსა და ჩვენცა მოუღალავად აღვავლენთ გალობასა:

გიხაროდენ, მლოცველთათვის ლოცვისა მადლის მომნიჭებელო.
გიხაროდენ, ღვთივმსახურთა თხოვათა აღმასრულებელო.
გიხაროდენ, რწმენისა შენისა სამყაროს კაცთათვის განმცხადებელო.
გიხაროდენ, სასოწარკვეთილთა მტკიცედ აღმადგინებელო.
გიხაროდენ, უმწეოთა ძლევისა მიმმადლებელო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 8

უცხოსა და საშინელსა ზაკვასა მოიფიქრებდა გამომცდელი, ოდეს აღგითქვამდე დედოფლობასა სპარსეთისასა და მოთხოვდა ქრისტეს სჯულისა დატევებასა, ხოლო შენი ზეციურისა დიდების გვირგვინისა მოსწრაფემან და გოდოლმან ჭეშმარიტისა რწმენისამან ამხილე უსჯულოებაჲ და მხოლოსა ღმერთსა უგალობდე: ალილუია.

იკოსი 8

შეიყვარებდი უფალსა იესო ქრისტესა ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, დაუტევებდი ყოველსა ნივთიერსა და გაჰყვებოდი მოციქულთაებრ სწავლასა ღვთისასა და ღირს იქმენ სძლობასა ნეტარისა სიძისა და ჩვენცა გიგალობთ:

გახაროდენ, მოღვაწეთათვის ნეტარების მთხოველო.
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა განმსწავლელო.
გიხაროდენ, უსჯულოებისა გამფანტველო.
გიხაროდენ, კახეთისათვის სინათლისა მომფენო.
გიხაროდენ, სულიერ ნიჭთა უხვად მიმმადლებელო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 9

დასნი ანგელოზთანი მხილველნი ცხოვრებისა შენისანი შეგიყვარებდნენ და განადიდებდნენ შემოქმედსა და განუშორებლად განგამტკიცებდნენ განსაცდელსა შინა, აწ შენ მათ თანა უგალობ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

ვითარცა ვერ შეიძლებს თევზი უხმოჲ მეტყველებასა, ეგრეცა ფილოსოფობანი რიტორთანი სულისა შენისასა, ხოლო ჩვენ აღტაცებულნი აღგივლენთ ქებასა:

გიხაროდენ, ზეაღმატებულო სათნოებათა შინა.
გიხაროდენ, განწმენდილო ღვთიური მადლითაო.
გიხაროდენ, მოსაგრეთა შვების მომგვრელო.
გიხაროდენ, სანთელო მარადის მანათობელო.
გიხაროდენ, წინწილო კეთილხმოვანო, მადიდებელო მცნებათა უფლისათაო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 10

მნებებელმან ყოველთა ცხოვნებისამან, ოდეს იხილე განდრეკა თანმხლებთა, მოუწოდებდი მხნედ, ილოცვიდი და სატანაჲ მადლითა შენითა ძლევა ქმნილი შიშნეულად ილვტოდა და ყოველნი საღვთო შურით აღვსილნი მიიღებდნენ სიხარულით წამებასა და ღმერთს ადიდებდნენ: ალილუია.

იკოსი 10

საკვირველ არს თმენანი შენნი დედოფალო, ოდეს სამგზის ტანჯვათა ფერადოვანსა შეგამთხვევდა მტარვალი, განგეყოფოდნენ ყოველნი ასონი სხეულისანი, ხორცი ისალმოდა, ხოლო სული ვითარცა მზე გაბრწყინდებოდა, მიისწრაფვიდა ზეცად შემთხვევად წიაღთა უფლისათა და ჩვენ შენისა დიდებისა მხილველნი შეგასხამთ გალობასა:

გიხაროდენ, ზეციურ იერუსალიმის ნეტარებათა მჭვრეტელო.
გიხაროდენ, სამშვენისო სამოთხის მიერ ოქროჲთ წრთობილო.
გიხაროდენ, შემკულო სამსვეტოვან გვირგვინთაო.
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა მყარად დამცველო ბჭეო.
გიხაროდენ, მტევანო კეთილგვამოვანო ვენახთაგან ქრისტეს ეკლესიისაო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 11

ყოვლადწმიდა სამებაჲ განადიდე ცხოვრებითა და მარტვილობითა შენითა და დაიმკვიდრე სავანე ზეციური, თმენითა და სისხლითა განიძარცვე პირველ ევაჲ და ემსგავსე მეორე ევას, სუფევ ანელოზთა თანა და ღმერთს უგალობ: ალილუია.

იკოსი 11

ცისკარი ხარ მანათობელი კრებულთაგან წმიდათა, მსწრაფლ-მეოხებ შენდამი მთხოვნელთა და განანათლებ მვედრებელთა შენთა, ამისთვისცა შეგახსამთ ქებასა:

გიხაროდენ, ლარნაკო აღვსებულო ზეციურ ნელსაცხებელთაო.
გიხაროდენ, განმღრთობილო ასულო უფლისაო.
გიხაროდენ, სამებისა მიერ შეყვარებულო სავანეო.
გიხაროდენ, უკუქცეულთა ჭეშმარიტებასა შინა მომყვანებელო.
გიხაროდენ, ათინათო მანათობელო მონანულთაო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 12

შენისა მადლმოსილებისა მთხოვნელი მოვიღებთ ზღვასა ღვთისა წყალობისასა და სიხარულოვანნი ვდღესასწაულობთ წმინასა ხსენებასა შენსა და ურიცხვთა სასწაულთა შენთა მხილველნი ღმერთს უგალობთ: ალილუია.

იკოსი 12

ვაქებთ წმიდაო დედოფალო ყოველსა მოღვაწებასა და სიქველესა შენსა, რამეთუ განამტკიცე ეკლესია ქართველთა და შეერთვი მოზეიმე ზეცასა და ხარ მეოხი მგალობელთა შენთა:

გიხაროდენ, პორფირითა მეფეთ-მეფისა მიერ შემკულო გვირგვინოსანო.
გიხაროდენ, დაუმარცხებელო მცველო ეკლესიისა და ერისაო.
გიხაროდენ, მშვენიერებაო მოწამეთაო.
გიხაროდენ, ჩაუქრობელო კანდელო წინაშე სამებისაო.
გიხაროდენ, ქართველ მოწმეთა გვირგვინის ბრწყინვალე მარგალიტო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

კონდაკი 13

ჰოჲ, სამგზის სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან, მიითვალე სამადლობელი ესე ვედრებაჲ ჩვენი და გვითხოვე ღვთისაგან ძლევაჲ ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, რათა შენ მიერ მხნე ქმნილნი ღმერთსა უგალობდეთ: ალილუია. (3-გზის)

 

იკოსი 1

ანგელოზნი კაცთა თანა გმსახურებდნენ წმინდაო და განგამზადებდა უფალი მიწიერ დედოფლად და ზეციერ მარტვილად, ხოლო ჩვენ გვასწავა შენდამი ესე გალობა:

გიხაროდენ, დავითიან-ბაგრატოვანთა ნერგო კეთილო.
გიხაროდენ, სიყრმიდანვე სიწმიდისა და კეთილგონიერებისა აღმრჩეველო.
გიხაროდენ, შემოქმედისა მიერ სულიერად და ხორციელად კეთილი შეზავებულო.
გიხაროდენ, ანგელოზთა მიერ დაცულო ჭურჭელო.
გიხაროდენ, ქართველ მეფეთა მშვენებაო.
გიხაროდენ, ასულო დავითისაო და სიქადულო ივერიისაო.
გიხაროდენ, სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლ-შემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

კონდაკი 1

ზესთა მოღვაწესა და რჩეულსა მხევალსა ღვთისასა დედოფალსა ქეთევანსა მნათობსა კახეთისასა შევწირავთ მდაბალთა ქებასა: ჰოჲ, დედოფალო რომელი კადნიერად სუფევ წინაშე სამებისა ყოველთა ვნებათაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა გიგალობდეთ: გიხაროდენ სანატრელო დიდმოწამეო დედოფალო ქეთევან მსწრაფლშემწეო და მეოხო სულთა ჩვენთაო.

 

ლოცვა

ჰოჲ, სამგზის სანატრელო წმიდაო დიდმოწამეო დედუფალო ქეთევან, რომელი მკვიდრობ წინაშე საყდართა ყოვლადწმიდისა სამებისა, ვითარცა წმინდა დედოფალი და მოწამე სარწმუნო ქრისტესი, რომელმან დაიმარხენ სამოციქულო სარწმუნოებაჲ, მოიხვეჭე ღვაწლი კეთილი, მოიღე გვირგვინი სიმართლისა და თავსა შენსა შესძინე შემწეობა ჩვენთვის ძლიერი, რამეთუ შენ ხარ აღმასრულებელი თხოვათა ჩვენთა.

ჰოჲ, ყოვლადბრწყინვალეო დიდმოწამეო მხევალო ქრისტესო, დაიფარე და განაძლიერე ღვთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფებასა მისსა მოჰმადლე ქრისტესმოყვარეობის სიბრძნე და მტერთა ზედა ძლევამოსილება. განაბრწყინვე საჭეთმპყრობელი წმიდისა ჩვენისა ეკლესიისა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია და ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღვდელო და სამონაზვნო წესნი და განაძლიერე ქრისტესმოყვარენი მთავარნი და სამხედრო განწესება; და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ჰოჲ, მოწამეთა პორფირშემოსილო დედუფალო ქეთევან, საკვირველითა შენითა მეოხებითა მოანიჭე მომუშაკეთა ნაყოფიერება, ტყვეთა შვება, საპყრობილესა შინა მყოფთა სინანული, სნეულთა კურნება, მოგზაურთა მფარველობა და ჩვენ ყოველთა ცოდვილთა მოტევება; დაგვიფარენ ხილულ და უხილავ მტერთაგან, რათა შენს მიერ ურიცხვი წყალობის მიმღებელნი ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაუჯდომელი შეადგინა გრემის მონასტრის წინამძღვარმა,
იღუმენმა გაბრიელმა (ჯამბაზიშვილი)