დაუჯდომელი საგალობელი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობისა

ტროპარი

შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი. მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო, დიდება შენდა!

კონდაკი 1

ყოველთა ტომთაგან გამორჩეულსა, წმიდათა ანგელოზთა უწმინდესსა ქალწულსა, და მისგან ხორცშესხმულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა; სამადლობელსა შემოგწირავთ მონანი შენნი, მეუფეო. შენ, რომელსაცა გაქუს მოწყალებაი აღურაცხელი, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლენ ჩუენ, მხმობელნი შენდა: იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

იკოსი 1

გუნდნი ანგელოზთანი შეკრბეს ბეთლემს, ხილვად გონებამიუწვდომელისა შობისა შენისა და იხილვეს რა შემოქმედი თვისი ბაგასა შინა მწოლარეი, განჰკვირდეს! და კრძალვითა მღაღადებელთა, ღირსად თაყვანისცეს შობილსა და მშობელსა, გალობითა ესრეთ: ძეო ღვთისაო, მამისაგან შობილო უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, დიდება შენდა.

დიდება შენდა, მამისა და სულისა წმიდისა თანა ყოვლისა შემომქმედო;
დიდება შენდა, მაცხოვნებელო წარწყმედულთაო;
დიდება შენდა, მომძიებელო შეცდომილთაო;
დიდება შენდა, აღდგომაო მკვდართაო;
დიდება შენდა, წარმომაცარიელებელო მტრისა გესლისაო;
დიდება შენდა, კვლავადცა გამხმელო ურჩობითა დაბეჭდულისა სამოთხისაო;
დიდება შენდა, აღმატებით შემყვარებელო კაცთა ნათესავისაო;
დიდება შენდა, სოფლად განმაცხადებელო ზეციურისა ბაგისაო;
დიდება შენდა, ქალწულისა, მშობელისა შენისათვის, გამზადებელო ქერუბიმთა ტახტისაო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 2

წმიდისა ქალწულისაგან ხორცშესხმულისა, თვისისა მეუფისა მხილველნი, უხორცო ანგელოზნი შეძრწუნებულნი იტყოდნენ ესრეთ: დიდებული ესე საიდუმლოი ჩუენდა გამოუთარგმნელ არს: ფრიად განკვირვებულნი გამოუთქმელისა წყალობისა შენისათვის, კრძალვითა გიგალობდნენ: ალილუია.

იკოსი 2

ყოველი გონიერი არსება შეძრწუნებულ არს და გალობითა მადლობს შენსა შობისა საიდუმლოსა! ზეციური ძალნი იშუებენ შესხმითა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და სოფელი კაცთა თანა ხარობს, ხოლო ჩვენ დაუცხრომელად გიგალობთ:

დიდება შენდა, ღმერთო, ზეცათა შინა განდიდებულო;
დიდება შენდა, დამამკვიდრებელო ქვეყანასა ზედა მშვიდობისაო;
დიდება შენდა, ჩუენისა შენდა შემრიგებელო;
დიდება შენდა, სოფელსა შინა ჩუენდა მოვლენილო;
დიდება შენდა, თაყვანისცემად შენდა მოგვთა მხმობელო;
დიდება შენდა, მომწოდებელო მსახურებად შენდა ყოვლისა ქმნულებისაო;
დიდება შენდა, ჩუენისა შენდა გალობად გონიერმყოფელო;
დიდება შენდა, ჩუენისა შენდა ერთობაო;
დიდება შენდა, გამომხსნელო ჩუენო ერთობითა ამითაო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 3

სიმტკიცითა ძლიერი, ღმერთი ქვეყნიერებისაი და მამაი მოწყალებათა, მოვიდა ხსნად სოფლისა, წარწყმედისათვის განწირულისა: აწ ყრმა იშვების ქალწულისაგან ბეთლემსა შინა. მითვე დედაი და ცხოვნებისა შუამდგომელი ეუწყების ყოველთა განკაცებისა მისისა მადიდებელთა და მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 3

მქონებელი მეოხად შენისა სიწმიდითა მშობელისა და ჩუენზედ მოუკლებლად მლოცველისა, განმხიარულებულნი ვუგალობთ შენსა განკაცებისა საიდუმლოსა, მეუფეო; და შობასა ქალწულისაგან ღვთივსასურველსა დიდებისმეტყველებით ვუღაღადებთ;

დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, ხორციელქმნილო ჩუენთვის;
დიდება შენდა, ძეო ქალწულისაო, გამოუთქმელად შობილო ქალწულისაგან;
დიდება შენდა, მაჩვენებელო ჩუენდა უფსკრულისა კაცთმოყვარებისაო;
დიდება შენდა, ჩუენისა უსაზომოდ შემყვარებელო;
დიდება შენდა, მომძიებელო შეცდომილისა კრავისაო;
დიდება შენდა, მისითა პოვნითა, ანგელოზისა სიხარულითა მაუწყებელო;
დიდება შენდა, მისისა ბეჭთა ზედა მტვირთველო;
დიდება შენდა, კრავისა ამისა მამასა თანა აღმყვანებელო;
დიდება შენდა, კაცთა და ანგელოზთა დასის შემაერთებელო;
დიდება შენდა, განმათავისუფლებელო ხიბლისაგან სოფლისაო;
დიდება შენდა, დიდებულისა და გამოუთქმელისა წყალობისა ჩუენზედა მომღებელო;
დიდება შენდა, ყოველთა ქმნულზედ უმეტესად, ჩუენისა შემყვარებელო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 4

ღელვისა შინაგან მქონებელი გულისიტყვათა იჭვნეულთასა მართალი იოსები აწ ბაგასა ღვთიურსა შიგან ჭვრეტს დიდებულსა ყრმასა ქალწულისაგან შობილსა, გარნა გულისხმაჰყოფს ღვთისაგან ჭეშმარიტისა: მითვე ჯეროვნად თაყვანს-სცემს, სიხარულითა მგალობელი: ალილუია.

იკოსი 4

ესმა წინამძღვარსა ანგელოზთასა უწყებაი შობისა სოფლისა მხსნელისა ქალაქსა დავითისასა: და მსწრაფლ იხილვა იგი, ვითარცა კრავი მწოლარეი და მხოლოდშობილისა მოწიწებითა მსახური, იოსებსა შიშითა მიეახლა; აუწყა თქმული მათდა და თაყვანისცა რა შობილსა, სთქუა:

დიდება შენდა, კრავო ღვთისაო, მხსნელო სოფლისაო;
დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, მაჩვენებელო ჩუენდა სასწაულისა გამოუთქმელისაო;
დიდება შენდა, ანგელოზთა გალობისა ჩუენდა სმენისა ღირსმქმნელო;
დიდება შენდა, ჩუენთვისცა მათთანა დიდებისმეტყველებისა მსწავლელო;
დიდება შენდა, ანგელოზთა და კაცთა შენდა გალობისა გულისხმამყოფელო;
დიდება შენდა, ზეცასა და ქვეყანასა შინა სიხარულისა შემომქმედო;
დიდება შენდა, რამეთუ შენითა ზეციერნი მიწიერთა თანა დასობენ;
დიდება შენდა, უძლურისა ეშმაკისა ძლიერებისა შენისა მაჩვენებელო;
დიდება შენდა, მისისა სატანჯველისაგან განმათავისუფლებელო ჩუენო;
დიდება შენდა, გამოუთქმელო სიხარულო შენდა მორწმუნეთაო;
დიდება შენდა, სიტკბოებაო საკვირველო მოყვარულთა შენთაო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 5

ღვთივმავალი ვარსკვლავი, ქრისტესა შობისა მაუწყებელი, იხილვეს ვარსკვლავმრიცხველთა მოგვთა და მისითა ძღვანებულნი, მიუღწეველისა მიმართ მიიწივნენ და უხილავი პირი მისი იხილვეს: რომლითა განმხიარულებულნი ღაღადებდნენ: ალილუია.

იკოსი 5

იხილეს რა სპარსთა მეფეთა ხელთა ზედა ქალწულისათა უფალი უფლებათაი, ვითარცა ქერუბიმთა ტახტსა ზედა მჯდომარეი და მეუფედ მცნობელნი მისნი, რომელმანცა თავი თვისი დაიმდაბლა და სახე მონისაი მიიღო, ისწრაფვიდეს ძღვენითა მისდა მსახურებად: ოქროითა, ვითარცა მეუფესა ყოველთასა, გუნდრუკითა ვითარცა ღმერთსა, მურითა ვითარცა უკვდავისა და თაყვანისცემითა გიგალობდნენ:

დიდება შენდა, ნათლისა ყოველთათვის განმაბრწყინებელო;
დიდება შენდა, ვარსკვლავითა ჩუენისა შენდა თაყვანისცემად მომხმობელო;
დიდება შენდა, უმოწყალოისა იროდისა სიბოროტისა მამხილებელო;
დიდება შენდა, მისისა ამაოისა განზრახვისა მაჩვენებელო;
დიდება შენდა, მისვე საცთურისაგან ჩუენო განმათავისუფლებელო;
დიდება შენდა, სიმართლისა მზისა თაყვანისცემისა მსწავლელო;
დიდება შენდა, გონებათა ჩუენთა განმანათლებელო;
დიდება შენდა, შობითა შენითა მრავალღმერთიანობისა ხიბლისა განმაქარვებელო;
დიდება შენდა, საფარდულისა მტრისასა დამამხობელო;
დიდება შენდა, მამისა და სულიწმიდისა თანა, შენისა თაყვანისცემისა ჩუენდა მსწავლელო;
დიდება შენდა, ჩუენისა მაცდუნებელისა გველისა თავისა შემმუსვრელო;
დიდება შენდა, სამარადისოისა სიკვდილისაგან მხსნელო ჩუენო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 6

საღვთოისა უწყებათა აღმასრულებელ თვით იქმენ მაცხოვარ; აწ თავი თვისი სოფელსა მოუვლინე, მხსნელო და უაზნო ბაგასა შინა წმიდა ქალწულისაგან იშევ – და მდიდარი ნებსით დაგლახაკენ და კაცნი განამდიდრე, სარწმუნოებითა შენდა მგალობელნი: ალილუია.

იკოსი 6

გამობრწყინდი დედისა შენისა, უქორწინებელისა ქალწულისაგან, იესო, ვითარცა მზე, განმანათლებელი და სიცრუისა ბნელისა განმდევნელი; ეშმაკნი, მხსნელო, ვერდამტეველნი შენისა სიმტკიცისა, ყოველნი შეძრწუნდნენ და შენისა საკვირველებისა მნახველსა, ჯოჯოხეთს შიში იპყრობდა; ჩუენ კი, მადლობელნი ხმა-ვყოფთ შენდამო:

დიდება შენდა, მხსნელო კაცთაო;
დიდება შენდა, შემმუსვრელო დემონთაო;
დიდება შენდა, შობითა შენითა მთავრისა ხიბლისა შემაძრწუნებელო;
დიდება შენდა, კერპისა სიცბილისა უკუმქცეველო;
დიდება შენდა, ღვთისა შემეცნებისა ნათლითა ყოვლისა განმაბრწყინებელო;
დიდება შენდა, უმეცრებისა ნისლისა განმფანტველო;
დიდება შენდა, წყლისა მაცხოვნებელისა ჩუენ ყოველთათვის მადინებელო;
დიდება შენდა, მწყურვალისა ადამისა დამარწყულებელო;
დიდება შენდა, მზეო, შობითა შენითა ყოველთა განმანათლებელო;
დიდება შენდა, სხივთა მადლისათა ქვეყნიერებასა ზედა მომფენელო;
დიდება შენდა, აღთქმული მიწისა კაცთათვის მაჩვენებელო;
დიდება შენდა, ყოველგვარ წყევისაგან დამხსნელო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 7

უფალო, გენება რა აღსრულება განგებულთა საუკუნითგან, ყოვლისაგან ქმნულისა მსახურნი საიდუმლოისა შენისანი გამოირჩიენ: ანგელოზთაგან – გაბრიელ, კაცთაგან – ქალწული, ცათაგან – ვარსკვლავი და მიწიდან – ბაგა; მასვე შინა ინებე შობაი, მხსნელო, რომლითა განკვირვებულნი გამოუთქმელისა ზესთა სიბრძნისა შენისა, ხმა-ვყოფთ: ალილუია.

იკოსი 7

ახალი აღგებული გვიჩვენა, აღმგებელმა ჩუენმან ხორციელად მოვლინებითა; საშოითგან უთესლოისა აღმოცენდა და დაიცვა იგი უხრწნელად და შუამდგომელი ხსნისა გვიჩვენა მგალობელთა ესრეთ:

დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, მშობელისა შენისა დედისათვის კეთილმოწყალებისა მაჩვენებელო;
დიდება შენდა, შემდგომად შობისა, მისისა ქალწულად დამმარხველო;
დიდება შენდა, დაცემულისა ადამის აღდგომაო;
დიდება შენდა, ცრემლთა ევასთა ხსნაო;
დიდება შენდა, მოვლენილო ხსნად ყოველთაო;
დიდება შენდა, განმფენელო აღდგომისა სახისაო;
დიდება შენდა, ცოდვათა ჩუენთა ხელწერილისა განმხეთქელო;
დიდება შენდა, შენისა ჩუენდა მორჩილებისა სახეო;
დიდება შენდა, ჩუენთვის ნებსით დაგლახაკებულო;
დიდება შენდა, შენისა სიგლახაკითა განმამდიდრებელო ჩუენო;
დიდება შენდა, ხსნისა სამოსლისა ჩუენდა შემმოსველო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის დიდება შენდა.

 

კონდაკი 8

ბაგაში აღსრულებულისა, საკვირველისა ზესთა დიდებულისა შობისა შენისა მხილველნი, უცხო ვიქმნებით სოფლისა; ზეცად მივიცვალენით გონებითა, რამეთუ ღმერთი მოგვევლინა სოფლად სახედ მორჩილებისა და ზეცამდე აღგვიყვანებს მღაღადებელთა მისთა: ალილუია.

იკოსი 8

გულის-თქუმაი ესე სრული, სრული სიტკბოებაი ღვთიურისა შენისა მოწყალებისა მადიდებელთა და მოყვარულთა შენ ხარ, ქრისტე ღმერთო; წმიდა ქალწულისაგან შობილო სოფლად, ზეცად აღგვიყვანე მგალობელნი შენნი:

დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, შობილო სოფლად;
დიდება შენდა, განმაცხადებელო ჩუენდა სახისა შენისაო;
დიდება შენდა, შორიელთა შენთაგან მყოფთა, მომმხმობელო ყოველთაო;
დიდება შენდა, სიხარულო ჩუენო გამოუთქმელო;
დიდება შენდა, გულთა ჩუენთა სიტკბოებაო;
დიდება შენდა, შობითა შენითა ხსნისა ნათლისა აღმომაბრწყინვებელო;
დიდება შენდა, ჩუენისა ხსნისათვის ცრემლეულო;
დიდება შენდა, მითვე ვნებათა ჩუენთა ცეცხლისა დამშრეტელო;
დიდება შენდა, ცოდვათა ჩუენთა სიბილწეთაგან განმბანელო;
დიდება შენდა, ბრალეულობისა ჩუენისაგან დამხსნელო;
დიდება შენდა, უხრწნელებისა ჩუენდა მომნიჭებელო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 9

ყოველი გულისხმისმყოფელი, ანგელოზებრივი და კაცებრივი გონება ვერ შემძლებელ არს მისწვდეს შენსა მიუწვდომელსა შობასა; მაუწყენ მე, უფალო, დაფარული საიდუმლოისა შენისა, სიყვარული და სარწმუნოებაი ჩუენი შეიწირე, მომცემელო წყალობათაო; და გვიხსენ ჩუენ, მგალობელნი შენდა: ალილუია.

იკოსი 9

რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა, ვხედავთ შენისა განკაცებისა მიმართ, მეუფეო; თუ ვითარ ღმერთი სრული, კაცად სრულად მოხვედ და ვითარ ქალწულისა უქორწინებელისაგან იშევ; ჩუენ კი, საიდუმლოისა ამისა არგამომცდელნი, რწმენითა მტკიცითა გადიდებთ ესრეთ:

დიდება შენდა, სამგვამოვანისა ღმრთეებისა სიბრძნეო;
დიდება შენდა, გამოუთქმელო სიხარულო ყოველთაო;
დიდება შენდა, ბრძენთა სულელად გამომაჩინებელო;
დიდება შენდა, გამომცდელთა შენთა მარცხვინებელო;
დიდება შენდა, ეშმაკისა ბადეთაგან ყოველთა დამხსნელო;
დიდება შენდა, ღვთივმავალისა ვარსკვლავითა ყოველთა განმაბრწყინვებელო;
დიდება შენდა, ყოველთა შინა საქმეთა შენთა, სიბრძნისა გარდმოდინებაო;
დიდება შენდა, მრავალთა გონებისა განმანათლებელო;
დიდება შენდა, ცხოვნებისა გზისა ყოველთათვის მაჩვენებელო;
დიდება შენდა, უფსკრულო უზომოისა მოწყალებისაო;
დიდება შენდა, სიუხვისა და კაცთმოყვარებისა ზღვაო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 10

ცხოვნება რა სოფლისა ინება ყოველთა შემომქმედმან, ამისდა მომართ ქალწულისაგან ყრმა იშვა და ბაგასა შიგან სახვევლითა შეხვეული, განხსნის მრავალხვეულსა ცოდვასა ტყვეთათა: ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების და ყოველსავეს სიბრძნითა თვისითა განაგებს და იხსნის მგალობელთა მისთა: ალილუია.

იკოსი 10

ზღუდე და სვეტი ბოროტისა ღვთისმბრძოლობისა და ნათესავი უსჯულოი გამოსჩნდების; ყოველთა ცხოვრების მომცემელისათვის სიკვდილსა განიზრახავს და გუნდსა უმანკოთა ყრმათასა ხრმლითა მოსრავს; ამისთვისა ჩუენცა, ყოველგვარ ბოროტებათა გულთაგან მოსვრითა, ჩუენდა ხსნად მოსულსა ვადიდებთ ღაღადებითა:

დიდება შენდა, იროდისა განზრახვისა ფუჭად გარდამაქცეველო;
დიდება შენდა, მოსვრილ ყრმათა ანგელოზთა თანა შემრაცხველო;
დიდება შენდა, სიბოროტისა დამარღვეველო;
დიდება შენდა, სიმდაბლისა მსწავლელო და მოკვდავთა სიყვარულო;
დიდება შენდა, ამპარტავნებისა რქათა შემმუსვრელო;
დიდება შენდა, ნათლითა სიმართლისათა ყოველთა განმანათლებელო;
დიდება შენდა, კრძალულებისა და მორჩილებისა შენისა ჩუენდა მსწავლელო;
დიდება შენდა, მწყემსთაგან სასწაულისა და მოგვთაგან ძღუენისა მიმღებელო;
დიდება შენდა, უსიტყვოდ შენდა მსახურებისა მასწავლებელო;
დიდება შენდა, ყოვლისა ქმნულებისა განმანათლებელო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 11

გალობაი ყოველი იძლევის შენისა ჩუენდამო განკაცებისა ღირსეულად გამოხატვისა მნებებელთა და დუმილი უმჯობეს არს, რამეთუ ქვიშათაებრ რიცხვთა გალობათა ზღვისათა აღგივლენთ შენ, უწმინდესო მეუფეო, გარნა ვერარას აღვასრულებთ ღირსეულსა; მითვე კრძალვითა გიგალობთ: ალილუია.

იკოსი 11

ნათელი ხარ მიუაჩრდილებელი, წყვდიადსა შინა საღმრთოსა მყოფი და სიკვდილისა შემმუსვრელი, მრავალმოწყალეო ღმერთო ჩუენო; შენ, რომელი ქალწულისაგან წმიდისა გამობრწყინებულად იხილვე, განგვანათლიერე ჩუენცა შენისა ღვთაებისა ცეცხლითა; და შენ სიბრძნისა და აზრისა მომცემელსა გიგალობთ შემსხმელნი შენნი:

დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, ნათელო გამოუთქმელისაო;
დიდება შენდა, მადლისა მდინარისა ჩუენდა მწყაროებელო;
დიდება შენდა, ცხოვნებისა წყლითა მწყურვალთა უხვად დამარწყულებელო;
დიდება შენდა, მოყვარულთა შენთა საღმრთოისა ტვირთისა და უღელისა დამატკბობელო;
დიდება შენდა, ცოდვათა ტვირთისა აღმამსუბუქებელო;
დიდება შენდა, მტრისა საქმეთაგან ჩუენო განმათავისუფლებელო;
დიდება შენდა, შენისა სოფლად მოვლინებითა, ყოველთა ხარებაო;
დიდება შენდა, ემბაზისა შიგან ნათლისღებითა, დამბადებელო ყოველთაო;
დიდება შენდა, სასურველო ჩუენო, სოფელსა შინა გამოჩინებულო;
დიდება შენდა, ჩვენ მტრად ყოფილთა მამასა თანა შემარიგებელო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 12

მადლისა მიცემისა მნებებელი, შეცოდებათა პირველთა ყოველთა კაცთა ვალისა დამხსნელი, მოხვედ ჩუენდა, მხსნელო ჩუენო და განკაცებითა შენითა თანანადებნი ჩუენნი დახსენ და ხელწერილი ცოდვათაი განხეთქენ შენისა გამოუთქმელისა შობისა მაქებელთა და დაუცხრომელად მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 12

მგალობელნი შობისა შენისანი გაქებთ, გაკურთხებთ და თაყვანისგცემთ შენ, მაცხოვარო ჩუენო და გვწამს, რამეთუ ღმერთი და უფალი ხარ უფლებათაი; იხსენ ყოველი მსასოებელნი შენდა და ქალწულისაგან გამოუთქმელისა შობისა მაქებელნი ესრეთ:

დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მამისა და სულისა წმიდისა თანა თაყვანცემულო;
დიდება შენდა, საუკუნითგან დაფარულისა საიდუმლოისა განმაცხადებელო;
დიდება შენდა, შენისა ჩუენდა გამოუთქმელისა სიყვარულისა ხატებაო;
დიდება შენდა, სამკაულო ყოვლისა ქმნულისაო;
დიდება შენდა, მხსნელო ჩუენო ყოვლადმოწყალეო;
დიდება შენდა, პატიოსანთა მეფეთა სკიპტრისა დამამტკიცებელო;
დიდება შენდა, კრძალულებისა მქადაგებელთა და მღვდელთა სიბრძნითა და ღვთისმოსაობითა შემამკობელო;
დიდება შენდა, ეკლესიისა ზღუდეო მტკიცეო;
დიდება შენდა, ყოველთა ერთგულთა სამკაულო და ხსნაო;
დიდება შენდა, ხორცთა ჩუენთა მკურნალო და კურნებაო;
დიდება შენდა, დამხსნელო სულთა ჩვენთაო;
იესო, ძეო ღვთისაო, კაცქმნილო ჩუენთვის, დიდება შენდა.

 

კონდაკი 13

ჰოი, ტკბილო და ყოვლადმოწყალეო იესო, მეუფეო, შემომქმედო და მხსნელო ჩუენო! მიიღე აწ კნინი ესე სამადლობელო ვედრებაი და დიდებისმეტყველებაი ჩუენი, ვითარ მიიღე მოგვთა ძღუენი და თაყვანისცემაი და დაგვიფარენ ჩვენ მონანი შენნი ყოვლისაგან საცთურისა; და ცოდვათა მიტევებაი მოგვმადლე და სამარადისოისა სატანჯველთაგან განგვათავისუფლე სამართლად მადიდებელნი ქალწულისაგან შენისა უბიწოისა შობისანი და მღაღადებელნი შენნი: ალილუია.

ეს კონდაკი სამჯერ და შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.

 

ლ ო ც ვ ა

ჰოი, უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, გვესმა ჩუენ ბეთლემით ზეცისა ანგელოზთაგან დღეს ქვეყანასა ზედა მშვიდობაი და შობილმა ქალწულისაგან განანათლენ მსხდომარენი ბნელსა შინა და აღამაღლენ მდაბალნი და ვითარცა ძეი დაუსაბამოი მარადის მჯდომარე ხარ მამისა თანა, ხოლო რაჟამს იშევ ბეთლემს შინა, ქრისტე ღმერთო და ბაგასა მიიწვინე, მაშინ მწყემსთა და მოგვთა თაყვანი გცეს და წინასწარმეტყუელთა თქმულნი სრულ იქმნეს, ხოლო ანგელოზთა ძალი განკვირდეს და ღაღადებდეს საღმთოისა გალობასა ხმითა სასმენელითა და ხმობდეს დიდებასა შენსა და აქებდეს სიმდაბლესა შენსა.

და ჩუენცა შემუსვრილებითა გულისაითა და მტკიცითა სარწმუნოებითა ხელაპყრობით გიღაღადებთ და გევედრებით შენ, უფალო, რაითა დღესა ამას, საკვირველისა შობისა შენისა, მოიხსენო ღვთივდაცული ერი ჩვენი, წილხვდომილი ყოვლადწმიდისა დედისა შენისა, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ყოვლადსამღვდელონი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და ერისაგანნი ყოველნი, რომელნი ნატრიან დღესასწაულსა შენსა და ადიდებენ სამებასა წმიდასა – ყოველთა განმანათლებელსა.

აწ, განანათლენ გულიცა ჩუენი ნათლითა დაუბადებელითა და ჰყვენ იგინი, ვითარცა ბეთლემი ზეციური სამკვიდრებელად შენდა, რაითა შობითა შენითა მათ შინა, ვითარცა ცეცხლითა უნივთოითა დაიწვას შეცოდებანი ყოველნი და ჩუენცა, ვითარცა მოგვნი ღვთივმავალსა ვარსკვლავსა შედგომილნი და მისითა სასოებითა განბრწყინებულნი და ცხოვნებულნი, ანგელოზთა თანა გიგალობდეთ შენ, ხმითა სიხარულისაითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

გამოცემა მომზადდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიასთან
დეკანოზ ვახტანგ ასათიანის მითითებებით

დაიბეჭდა სტაფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსის პეტრეს ლოცვა-კურთხევით