ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
არაარსისაგან არსად მომყვანებელსაა და დაბადებელსა ყოველთასა, რომელსაცა ღმრთივსულიერითა მით საგალობლებითა დიდებისგმეტყველებენ ქერობინ-სერაბინნი, ჩვენცა, შემოქმედისა მიმართ სასოებითა მით განუქარვებელითა აღტრფობილნი და ყოვლადსახიერისა მის მეუფისა ხატად და მსგავსად აღმოწოდებულნი, ქენებასა ამას ღაღად-ვუყოფდეთ, ქრისტიანენო: ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
წინაჲსწარმეტყველთა მიერ მოსწავებულო და უკანაჲსკნელსა ამას ჟამსა უოხჭნოჲთა მით მადლითა შენითა ქვეყანასა ზედა განცხადებულო, ცოდვათა შინა განფრდილნი და ვნებათა მიერ დაბძარულნი შეგივრდებით შენ ესრეთ:
ყოვლადწმიდა სამებაო, შეგიწყალენ ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, გვაცხოვნენ ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, აღგვადგინენ დაცემულნი;
სამებაო წმიდაო, აღგვმართენ უსასოქმნილნი;
სამებაო წმიდაო, განგვწმიდენ მონანულნი;
სამებაო წმიდაო, განგვამართლენ შეცოდებულნი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
აჰა ესერა, ქრისტე აღმოვალს იორდანით და სამებისა თაყვანისცემასა გვასწავებს, რომლისაცა ბრწყინვალებაჲ სიხარულითა შევიტკბოთ, მორწმუნენო: ალილუია.
სამგვამოვანო და ერთარსებაო, სამებაო სრულო და მოუკლებელო, ყოველთა გონებათა უზეშთაესო და ყოვლისა სახისა აღმგებელო, შენისა თვალშეუდგამისა მის ნათლისა მეტრფენი ესრეთ გიღაღადებთ:
ყოვლადწმიდაო სამებაო, გამოგვზარდენ ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, განგვაცხოველენ ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, განკურნენ უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩვენთანი;
სამებაო ერთარსებაო, მოგვმადელ ჩვენ მღვიძარებაჲ:
სამებაო ცხოველსმყოფელო, აღაყვავილენ სულისაცა ჩვენისა მცენარებანი;
სამებაო წმიდაო, შეგვიტკბენცა შენდა შევრდომილნი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
მამასა მშობელსა და ძესა შობილსა და სულსა მამისაგან გამოსრულსა, სამებასა ერთარსებასა, განყოფილსა პირებითა და განუყოფელსა არსებითა, დაუსაბამოსა და დასაბამისა სჯულმდებელსა, საღმრთოთა განგებულებათა მხედველნი, სამარადისოსა გალობასა შევსწირვიდეთ, ერნო ღმრთისანო: ალილუია.
ყოველთა მწვალებელთა განმაქიქებელო და მსასოებელთა შენთა ცხორებაო სახარულევანო, დაღამებადსა ამას საწუთროსა შინა დღე-ყოველ მართლითა მით შენმიერითა აღმსარებლობითა აღმსთობილნი ესრეთ გიგალობთ:
ყოვლადწმიდაო სამებაო, განგვინათლენ საცნობელნი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, აღგვმართენ საქებელად შენდა;
სამებაო ერთარსებაო, განმართენ დრკუნი სავალნი ჩვენნი;
სამებაო ცხოველსმყოფელო, მსახურ შენდა გვქმენ ჩვენ და ძე ნათლისა;
სამებაო წმიდაო, აღგვამაღლენ, ვითარცა ნაძვნი ლიბანისანი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩვენთა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
მამაო ყოვლისა მპყრობელო, სიტყვისაებრ წინაჲსწარმეტყველისა მის დავითისა, ნათლითა შენითა ნათლისა მხილველნი და სახილველითა მით ზეცად ძღვანებულნი და აღყვავებულნი ვხმობთ შენდა მომართ მვედრებელნი შენნი: ალილუია.
ბელიარისა ზრახვათა მომაოხრებელო და საცთურიანთა კერპთა დამამხობელო, რომლისაცა სულიერსა მას ტევანსა მოჰყურძნიან აწ ქვეყანასა ზედა ქრისტიანენი, შენ, უცნაურსა და გამოუთქმელსა შემოქმედსა ჩვენსა და შენთა ქმნულებათა შორის საცნაურად სახილველსა, შიშით და ძრწოლით დიდებისგმეტყველებდეთ ესრეთ:
ყოვლადწმიდაო სამებაო, განმარტენ ენაბრგვილობანი შენდამი
მღაღადებელთაჲ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, დაიცევ ერი შენი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, განაძლიერენ მღდელმსახურნი;
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაჲ;
სამებაო წმიდაო, მოგვმადლენ ჩვენ კეთილშეზავებანი ჰაერთანი;
სამებაო წმიდაო, მიგვამთხვიენ ჩვენ ქრისტეანობითსა მას მშვიდობითსა აღსასრულსა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
შეცთომილთა და წარწყმედულთა ცხოვართა შენთა მომძიებელო, რომელმანცა არა დაგვიტევენ ჩვენ ცოდვილნი და ძჱ შენი წარმოავლინე მაცხოვრად ჩვენსა, კაცთა მომართ შენითა განგებულებითა მადლიერქმნილნი და სინანულისა მეტყველნი გულითა ამით ცრემლოანითა გიღაღადებთ: ალილუია.
ბუნებაო დაუბადებელო და სამთა გვამთა შინა ცნობილო, სამებაო მარტივო და შეუდგენელო, დაუსრულებელსა მას კეთილსა შენსა შეგვიწყნარენ ხმა-მყოფელნი შენდა მომართ ესრეთ:
ყოვლადწმიდაო სამებაო, აკურთხენ გვირგვინნი წელიწადთანი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, განამრავლენ მოქენენი შენნი გამემოჲს ტაბლისა შენისა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, აღაყვავილენ შვილნი ჩვენნი, ვითარცა ახალნერგნი
ზეთისხილისანი;
სამებაო წმიდაო, ნათლითა შენითა განაცისკრე საწუთოჲ ესე დაღამებადი;
ნათელო მიუაჩრდილებელო, დახსენ წყვდიადნი გონებათა ჩვენთანი;
სამებაო ერთარსებაო, შეგვმსჭვალენ ჩვენ შიშსა შენსა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
რომელსაცა ზეცისა ძალნი დაუცხრომელად გმსახურებენ და სამარადისოჲთა მით ქებითა დიდებისგმეტყველებენ, ჩვენცა მათთანა სამწმიდაობისა გალობასა გიღაღადებთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, მოსავნი შენნი: ალილუია.
ლოცვასა შინა სულიწმიდისა მომფუტკრებელი ყრმაჲ იგი აღტაცებულ-იქმნა ზეცად და ღმრთისა მიმართ მძნობელთა მათ ანგელოსთა მხილველმან გონებანი ჩვენნი განანათლა და ბაგენი ჩვენნი აღახვნა სამებისა გალობად ესრეთ:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ
ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, ფრთოვან-გვყვენ ჩვენ ცათა შინა;
სამებაო ცხოველსმყოფელო, განათავისუფლენ ტყვედ-ქმნულნი;
ყოვლადსახიერო მეუფეო, განხსენ ცოდვათაგან შებორკილებულნი;
სამებაო წმიდაო, გარდამოიხილე ზეცით და მოვედ ცხორებად ჩვენდა;
საუნჯეო კეთილთაო, აღმოგვივსენ ჩვენ გონებათა ჩვენთა წარმოცალიერებულნი ესე
საფასენი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
ერთო ღმრთეებაო და ერთო ძალო, რომლისაცა არს სუფევაჲ უკუნითი უკუნისამდე, ქენებანი ჩვენნი, ანგელოზთა საცეცხლურსა ზედა დასხმულნი შენდა მუსიკობად: ალილუია.
გონებათა საკრველთაგან მადიდებელთა შენთა დამხსნელო და ზეცისა მოქალაქეობითა შენდა მოსწრაფეთა აზნაურ-მყოფელო, საცნობელთა ჩვენთა განმაცისკრებელსა და განცისკრებითა მით ჩვენსა გამოუთარგმანებელსა განმაცხოველებელსა ესრეთ გიგალობთ:
ცხორებისა მომნიჭებელო, განზარდენ ყრმანი, საღმრთოჲთა მით
შენითა ჭეშმარიტებითა;
უფალო უფლებათაო, დაბეჭდულ ჰყავ სიწმიდჱ დედათაჲ;
სამებაო სრულო, სრულ-ჰყავ კეთილმუშაკობაჲ მამათაჲ;
სამებაო ერთარსებაო, ნათლითა მით შენითა შეჰმოსენ პატიოსანნი მღდელნი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, მოგვმადლენ ჩვენ, საღმრთოთა მათ კეთილთა შენთა
გულისხმის-ყოფაჲ;
მოწყალებისა მიზეზო, შეიწყნარენცა საწყალობელნი ესე ჩვენნი ვედრებანი;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
მარტივო, სრულო, გარეშეუწერელო, ცხოვართა შენთა ჯურღმულით აღმომყვანებელო და მაცხოვნებელო, შენგან მომადლებულთა სიტყვათა კვალად შენდა შემწირველნი, შენდამი, შემოქმედისა მიმართ, ხმა-ვყოფთ ესრეთ: ალიულია.
საღმრთოჲთა მით ცნობითა მეთევზურთა განმაბრძნობელო და წყლისა მოაბადთა სულითა შენითა ცხოველსმყოფელო, მოციქულთა და მახარებელთა ღმრთისმეტყველთა თანამეხმენი ვმხმობთ შენდა მომართ ესრეთ:
ყოვლადწმიდაო სამებაო, უძღებისა მის ჯოჯოხეთისაგან გვიხსენ
ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, განაქარვე მწვალებელთა გესლოვანებაჲ;
სამებაო წმიდაო, განბასრენ უღმრთონი;
სამებაო ცხოველსმყოფელო, სწავლით განსწავლენ და სიკვდილსა მას ნუ მიმცემ ჩვენ;
ყოვლადსახიერო მეუფეო, მოხედე ვენახსა ამას შენსა და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა
მარჯვენემან შენმან;
ყოვლისა კეთილისა მიზეზო, განგვააზნაურენ ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
ყოველთა ქმნულებათა კეთილშემზავებელო და ზეშთა განსაკვირველო ხელოვანო, შეიწყნარე აწ ჩვენიცა განკვირვებაჲ და სიხარული სამყაროჲსა კეთილმხოვანებითა აღმოდაბადებულნი: ალილუია.
ღმრთისა სიტყვასა, ქალწულისაგან განხორციელებულსა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, საწუთოსა ამას შინა და მუნცა, საუკუნოსა მას განსასვენებელსა, დაუდუმებელად ვადიდებდეთ, ღმრთისმოყვარენო, ესრეთ:
მეუფეო ყოველთაო, აღანთენ სულისა ჩვენისა ლამპარნი
დაშრეტილნი;
მზეო სიმართლისაო, განგვფანტენ ჩვენ სიტფოებითა მით შენითა;
დაუწყვედელო სიტკბოებაო, მიგვაახლენ მოსავნი შენნი ხატსა მას პირველსა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, აღმოგვიწოდენ ჩვენ ადგილთაგან სასიკვდინეთა;
სამებაო ერთო, შეგვჭურვენ ჩვენ ძალითა მით უძლეველითა შენმიერითა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
სასოებაო განუქარვებელო და სულთა ჩვენთა ფრთოვანმყოფელო, რომლისაცა შეწევნითა ზეცისა პირმშოებასა მივემთხვევით მონანულნი, ცრემლითა და აღსარებითა შეგივრდებით ხმა-მყოფელნი შენდა მომართ: ალილუია.
ერთუფლებაო და ერთხელმწიფებაო, სამებაო უქცეველო და უცვალებელო, განკურნენ სულთა და ხორცთა ჩვენთა სნეულებანი და აღმოგვივსენ ჩვენ წარმოცალიერებულნი გონებითნი საფასენი, რაჲთა გადიდებდეთ შენ:
ყოვლადწმიდაო სამებაო, განგვამრთელენ ჩვენ; ყოვლადწმიდაო
სამებაო, ნუ მრისხავ ჩვენ;
სამებაო წმიდაო, ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩვენთასა ნუ მოიხსენებ შენ;
სამებაო ცხოველსმყოფელო, გული წმიდაჲ დაჰბადე ჩვენ თანა;
სამებაო წმიდაო, სული წრფელი განგვიახლე გვამსა ჩვენსა;
ბუნებაო ყოვლადსახიერო, მომეც ჩვენ მართალთა თანა ცხორებაჲ საუკუნო;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
ყოველთა ბუნებათა უზეშთაესსა და ყოვლისა მპყრობელსა, რომელსაცა ზეცისა და ქვეყანისა და ქვესკნელისა ყოველნი ძალნი მორჩილებენ, გულითა შემუსრვილითა შეუვრდებით, ქრისტეანენო: ალილუია.
სამებაო წმიდაო და თანაარსო, ცხოველსმყოფელო და განუყოფელო, შენმიერ მომადლებულთა მსახურებათა კეთილსულნელებითა აღმაღლებულნი, შენ, უცნაურსა და მიუთხრობელსა, მიუწვდომელსა და შეუცნობელსა, ესრეთ გმეტყველებთ:
ყოვლადწმიდაო სამებაო, განაგენ უმჯობესნი სულთა ჩვენთანი;
სულგრძელებისა ზღვაო დაულევნელო, ნუ მომაგებ ჩვენ უშჯულოებათაებრ ჩვენთა;
ყოველთა მზრდელო, განამრავლენ მაქებელნი შენნი;
დამბადებელო და ნუგეშინისმცემელო, მშვიდობით დამყარებულ-ჰყავ ცხორებაჲ ჩვენი;
შესვენებულთა საფარველო, განუსვენე პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა და
ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა;
ყოვლისა გლოვისა და ტყებისა აღმხოცველო, ნუგეშინის-ეც უსასოთა და მწუხარეთა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
რომელმან პატიოსნითა სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა და ჯვარსა ზედა შემსჭვალნა შეცოდებანი ჩვენნი, მანცა გვასწავა სამებისა თაყვანისცემაჲ ჩვენისა ცხორებისათვის: ალილუია.
დაბადებულთა ნუგეშინისმცემელო და დაბადებადთაგანთა მწეო ყოვლადუბრძოლველო, აღგვმართენ ჩვენ დღე-ყოველ ქებად და გალობად შენისა ყოვლადწმიდისა სახელისა ესრეთ ხმა-მყოფელნი:
ყოვლადწმიდაო სამებაო, განგვაძლიერენ ჩვენ;
ყოვლადწმიდაო სამებაო, არცხვინე მაჭირვებელთა ჩვენთა;
წინამძღვარო, შენთა სიტყვიერთა ცხოვართაო, ქმნულნი ხელთა ჩვენთანი წარგვიმართენ;
მამაო, ყოვლისა შემოქმედო, მიითვალენ შენმიერთა მათ კეთილმუშაკთა ხმოვანებანი;
უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, მოიხსენე ეკლესიაჲ შენი;
სული წმიდაო, ცხოველსმყოფელო და ნუგეშინისმცემელო, აღახვენ ბაგენი ჩვენნი
დიდებისმეტყველებად შენდა;
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
ჰოჲ, სამებაო ცხოველსმყოფელო და ყოვლისა სულისა მზრდელო სახიერო, საიდუმლოთა ჩვენთაგან განგვწმიდენ ჩვენ, რაჲთა შენითა დაულევნელითა მით მადლითა ცოდვათა საკრველთაგან დახსნილნი და სასუფეველსა მიწევნულნი, მუნცა აღვემართნეთ შენდა ქებად შენისა მეუფებისა მგალობლად ფრთოვან-ქმნილნი ესრეთ: ალილუია.
ეს კონდაკი სამგზის. შემდგომ - პირველი იკოსი: „წინაჲსწარმეტყველთა მიერ...“ და პირველი კონდაკი: „არაარსისაგან არსად მომყვანებელსა...“
ჰოჲ, სამებაო ერთარსებაო და სამგვამოვანო, დაუბადებელო ბუნებაო, ერთო ღმრთაებაო და ერთო ძალო, მამაო ყოვლისა მპყრობელო და ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, განუყოფელო არსებითა და განყოფილო პირებითა, რომელსაცა ყოველნი ძალნი ზეცისათა და ქვეყანისათა და ქვესკნელისათანი გმორჩილებენ, რომლისაცა შიშითა შეიძრვიან მთანი და ძრწიან კიდენი ქვეყანისანი, შეიწირე უღირსთა მონათა შენთაგან აღვლენილი კნინი ესე საგალობელი და მრავლითა მოწყალებითა შენითა აცხოვნე ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფებაჲ მისი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტესმიერნი დიაკონნი, სამონაზნონი წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოჲ, ყოველთა გონებათა უზეშთაესო, სამებაო სრულო, მიუწვდომელო, გამოუთქმელო, რომელმან წარწყმედული ცხოვარი არა უგულებელს-ჰყავ, არამედ სახიერებითა შენითა მოიძიე იგი და მრავალთა შეცოდებათაგან დაცემული კვალავ აღადგინე განკაცებითა სიტყჳსა მამისაჲთა, რომელმან სულითა წმიდითა აღავსნა მოწაფენი მისნი და ცოდვათაგან განხმელი ქვეყანაჲ ესე განაცხოველა, წარმართენ სლვანი ჩვენნი მცნებათაებრ შენთა და ხორციელთა საშვებელთაგან დაბრმობილნი გონებითნი ეგე თვალნი მიუაჩრდილებელითა მით ნათლითა შენითა აღგვიხილენ, რაჲთა შენითა დაურღვეველითა მით სიტყვითა სწავებულნი და დღე-ყოველ ცხორებულნი დაუცხრომელითა ქებითა გადიდებდეთ შენ, დაუსაბანოსა და გარეშეუწერელსა ღმერთსა ჩვენსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ავტორი: მღვდელი მიქაელ გალდავა
რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე