დაუჯდომელი ღირსისა შიო მღვიმელისა

სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ამინ.

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა .

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ და მცირე მეტანია 3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩვენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა (მეტანია).

50-ე ფსალმუნი

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

შენ, რჩეული მოწაფე, ქუეყნიერთა ზრუნვათა დატევებითა ღმერთშემოსილისა მოძღურისა შენისა იოანე ზედაზნელისა და სულისა წმიდისა სასწაულებრითა შეწევნითა შეუდეგ ჴსნასა სულისასა, განმაბრწყინვებელო ივერიისაო, ყოვლად მაღლისაგან გამოითხოვე კურთხევაჲ მოღუაწებასა შენსა ზედა და აწ ლოცვითა შენითა გჳჴსნენ ყოვლისაგან ჭირისა მღაღადებელნი შენი: გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

იკოსი 1

სიყრმითგან ღმრთისა შემყუარებელო, ღირსო მამაო შიო, მოძღურისა შენისა იოანე ზედაზნელისა თანა, რომელი უდაბნოსა კაბადოკიისასა მოღუაწეობდა, მოხუედ თაყუანისცემად უფლისა ცხოველსმყოფელისა კუართისა და მისითავე კურთხევითა განხუედ მთისაგან ზედაზნისა გარე მცხეთასა უდაბნოსა შინა და შთაჰჴედ მღჳმესა დაყუდებად. ამისთჳს, ყოვლადქებულო, გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, მამაო მონაზონთაო,
გიხაროდენ, რომელი აღჴედ სულიერსა სიმაღლესა,
გიხაროდენ, ბოროტისა ძალისა შემმუსრველო,
გიხაროდენ, რომელმან ღმრთისაგან მოიღე სულიერისა და ჴორციელისა კურნებისა ძალი,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 2

მოძღურისა შენისა იოანე ზედაზნელისა ლოცვითა გებოძა მადლი ეშმაკთაგან პყრობილთა კაცთა კურნებისაჲ და მისგან გესმა ჴმაჲ იგი: „ნეტარ ხარ, ერთგულო შვილო ჩემო შიო, რამეთუ დასდევ ჴელი ერქუანსა და უკუნ არა მხედველობდი, არამედ კეთილად წარჰმართე ორნატი შენი. ამისთჳს შენცა უშრომელად განეშორო ყოველთაგან ბრძოლათა მტერისათა, რამეთუ ყოვლითა სასოებითა შეიყუარე შენ ქრისტე და მტკიცითა სარწმუნოებითა აღასრულენ წმიდანი მცნებანი მისნი“. ღირსი იოანე ხედვიდა შენსა მტკიცესა ჯერჩინებასა შედგომად დიდსა ღუაწლსა, შეგმოსა ანგელოზებრითა სქემითა და პირი შენი განათლდა, ვითარცა პირი ანგელოზისაჲ, და ამისთსჳსცა ჩუენცა ქებით უღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

კეთილმორწმუნეთა და მდიდართა მშობელთაგან შობილმან და შიშითა ღმრთისაჲთა აღზრდილმან სიტყუაჲ ღმრთისაჲ განამტკიცე შენ შორის და სჯულისკანონისა მეცნიერებითა შეჭურვილმან ჩუენცა განგუაბრძნვენ სიტყჳთა შენითა: „უკეთუ რომელი არა მარადის ზრახვიდეს სჯულისა ღმრთისასა, შორს არს იგი სასუფევლისაგან და ტყუჱ არს ეშმაკისაჲ“. შენ, რომელი მარადის გჳჴსნი მახისა მისგან ბოროტისა, შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი:

გიხაროდენ, რომელმან სიყრმითგან განაპოხე სული შენი სახარებისა წერილთა სიბრძნითა,
გიხაროდენ, რომელი ღმრთისა სიტყჳსა ზეთითა ლბილ იქმენ,
გიხაროდენ, რომელმან მშობელთაგან ფარულად ჰყავ განსლვაჲ შენი წინაშე მოძღურისა ღირსისა იოანესა,
გიხაროდენ, მოძღურისა მიერ ქებულო,
გიხაროდენ, წინაშე ყოველთა მოწაფეთა ღირსისა იოანესაგან სიტყჳთა მისითა კურთხეულო: „აჰა, ჭაბუკი ესე გამოირჩია ღმერთმან და აღავსო სულითა წმიდითა და იქმნეს ესე მამა მრავალთა სულთა“,
გიხაროდენ, მოძღურისა მიერ ეგრეთვე კურთხეულო: „შვილო, ნეტარ ხარ შენ, რამეთუ დიდ იქმნე წინაშე ღმრთისა“,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 3

ზეგარდამო განგებითა კაბადოკიასა შინა შემდგომად ოცისა წლისა მოღუაწებისა ღირსისა იოანეს ღმრთივგამორჩეულთა მოწაფეთა შორის უფალმან შენი ყოფაჲცა ჯერ-იჩინა და მათა თანა წმიდისა ნინოჲს მიერ ქართლს შინა დანერგულისა რწმენისა განსამტკიცებლად წარმოემართე, ამისთჳს სიხარულით უფალსა უღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 3

ქართლს შინა პატრიარქისა ევლოგისგან დალოცვილი ღირსისა იოანეს მოწაფეთა თანა მოღუაწებასა შეუდეგ მთასა ზედაზენსა, სადა-იგი ღმრთისა სადიდებელად მონაზონებრსა ღუაწლსა უმეტესად განამრავლებდი. ამისთჳსცა ჩუენცა გნატრით შენ:

გიხაროდენ, მონაზონებისა წესისა კეთილად დამცველო,
გიხაროდენ, ანგელოზებრივისა ღუაწლისა თავსმდებო,
გიხაროდენ, რომელი ძლევისა ძალითა ამაღლდებოდი,
გიხაროდენ, რამეთუ მოძღუარი შენ შორის მყოფმან ძალმან განაკჳრვა,
გიხაროდენ, სატანისა მახისა, ვითარცა დედაზარდლისა ქსელისა დამარღუეველო,
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა მრავალსახეთა სენთაგან შეპყრობილთა დამჴსნელო,
გიხაროდენ, რომელმან შენ მიერ პირველი იგი საკჳრველებაჲ უჩუენე ზედაზნისა გზასა ზედა მავალთა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 4

უცნაური და დიდებული გამოჩნდა გზასა მთისა ზედაზნისასა, ოდეს მდინარისა არაგჳსა გარდასლვაჲ შეუძლებელ იყო. მაშინ ღირსმან იოანე გარწმუნა შენ, მამაო შიო, გამოთხოვაჲ ღმრთისაგან შეწევნისა კეთილად გარდასლვისათჳს მეორესა ნაპირსა მდინარისასა. ხოლო შენ, მამაო შიო, მოძღურისა მორჩილებითა დასდეგ პირითა აღმოსავლეთითა და ლოცვაჲ ჰყავ სამითა დიდითა მეტანიითა და ჯუარისა გამოსახვითა უბრძანე მდინარესა: „მამაჲ ჩუენი იოანე გიბრძანებს, შედეგ წყალო, რაჲთა გარდავიდეთ მეორესა ნაპირსა“. და წყალნიცა დაგემორჩილნეს, ამისთჳს ვადიდებთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4

ძალნი ცათანი განაკჳრვნა ზაგარდამო შენდამი ბოძებულმან მადლმან საკჳრველთმოქმედებისამან, აღმატებულმან კაცობრივსა ძალსა და სიტყუასა. კაცნიცა განკჳრვებულნი აქებდეს უფალსა, რომელმანცა მოანიჭა მონასა თჳსსა ეგევითარი მადლი კეთილისყოფისაჲ სახარულევანად განსამტკიცებლად სარწმუნოებისა. ამისთჳსცა ჩუენცა გიღაღადებთ:

გიხაროდენ, სასწაულთა შენთა მიერ კაცთა სარწმუნოებასა შინა განმამტკიცებელო,
გიხაროდენ, რომელი ზედაზნისა მთასა ორისა წლისა მყოფობისა შემდგომად კურთხევითა წარმოხუედ ღმრთისა სიტყჳსა მქადაგებელად,
გიხაროდენ, რომელსაცა თანაგიძღოდა ლოცვა-კურთევაჲ იოანესი,
გიხაროდენ, რომელი დასავალით მცხეთისა განხუედ მოსაგრეობად,
გიხაროდენ, რომელი მიხუედ ადგილსა ურწყულსა, ველურსა, კლდოვანსა და უნუგეშოსა,
გიხაროდენ, რომელი შეხუედ მღჳმესა სავსესა მჴეცთა და გესლიანთა გუელ-ღრიანკალთაჲთა,
გიხაროდენ, რომელმან ჰპოვე მახლობელად ადგილსა ამას საყოფელად შენდა ქუაბი მცირე და ჴელისა განპყრობითა შესთხოვე ღმერთსა: ჰოჲ იესუ ქრისტე, ღმერთო ჩემო, ჰყავ ადგილსა ამას განსასუენებელი მონისა შენისაჲ და მადლი შენი მწედ სიმდაბლისა ჩემისა და ლოცვანი მამისა ჩემისა იოანესნი მფარველ და შემწე-ჰყვენ ჩემდა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 5

აღირჩიე ქუაბი იწროჲ, რომელსაცა შინა გუამითა ოდენ შენითა კნინღა დატევნულ იყავ და სრულიად ღმერთსა მინდობილი არა იხუმევდი საზრდელსა ძალისა შენისა განსამტკიცებელად. ამისთჳსცა უფლისაგან ღირს-იქმენ კურთხევად სამოცდღიანისა მარხვისა, ხოლო შენზედა მოწევნითა უსაშინელესთა განსაცდელთა და ბრძოლათაჲთა არა დასცხრებოდა მტერი კაცთა ნათესავისაჲ, დაღაცათუ ყოველი მცდელობაჲ მისი ამაო იქმნა, ხოლო შენ განმაძლიერებელსა შენსა უფალსა უგალობდი: ალილუია.

იკოსი 5

ოდეს გარე-წარაქციენ ბრძოლანი იგი ბოროტისანი და მღჳმესა შინა მარხვითა და ლოცვითა უფროჲსად განმტკიცნებოდე, მაშინ შურითა აღძრულნი კრებულნი ზახილითა გარე-მოერტყნეს მღჳმესა შენსა, რაჲთა დაყენებულ-გყოფდენ შენ ლოცვისაგან. ხოლო შენ არა ისმინე მათი და ოდეს ლოცვაჲ შენი სრულ-ჰყავ, გარე-გამოხუედ უშიშრად და ჴმა-ჰყავ მათდა მიმართ: „ჰოჲ, უბადრუკნო, არა უწყითა, რამეთუ სადაცა ძალი ქრისტესი არს, მუნ თქუენ მიერ არარაჲ შესაძლებელ არს. აჰა ესერა ესოდენნი დღენი არიან და ყოველსა, რომელსა ჰყოფთ, ვერცაღა მიახლებად ჩემდა უძლეთ, რამეთუ ქრისტე ღმერთი ჩემი ძალ ჩემდა და მე თქუენგან ყოვლად არა მეშინის. არამედ ამიერითგან წარვედით და განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“. ხოლო ეშმაკნი ოდეს წარვიდოდეს ქადებითა გეტყოდეს: „შიო, ამპარტავანო ბერო, აჰა ესერა მთავარი ჩუენი მოიწევის აქა, რამეთუ აწ ბრძოლად და მოკლვად განუგიეს მოძღურისა შენისათჳს იოანესა, ხოლო ხვალე მოგაკუდინებს შენცა“. ხოლო შენ შემდგომად მათისა უკუნქცევისა უშიშრად დასდეგ ლოცვად მასვე ღამესა გარეშე ქუაბსა შენსა და ჩუენცა ამისთჳს სიმდაბლით ქებასა შეგასხამთ:

გიხაროდენ, ღმრთისაგან ზეციერითა ნათლითა გაბრწყინვებულო,
გიხაროდენ, რამეთუ გესმა ჴმაჲ ღმრთისა: „ჰოჲ შიო, ერთგულო მონაო ძისა ჩემისაო“,
გიხაროდენ, რამეთუ ღირს-იქმენ ხილვად წინაშე შენსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,
გიხაროდენ, რამეთუ იხილე მის თანა პირველი იგი მეუდაბნოე იოანე ნათლისმცემელი,
გიხაროდენ, რამეთუ იხილენ ზეცისა მოქალაქენი ნიშითა ჯუარისაჲთა შეჭურვილნი,
გიხაროდენ, რამეთუ გესმა მათგან გალობაჲ,
გიხაროდენ, რამეთუ წინაშე საღმრთოჲსა ამის ხილვისა ქუე დაემჴუე,
გიხაროდენ, რამეთუ ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან გიბრძანა აღდგომაჲ,
გიხაროდენ, რამეთუ მისგან ღირს-იქმენ მიღებად ზეცისა საზრდელისა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 6

ოდეს მიიღე მადლი ყოვლადწმიდისა ღმერთისმშობელისაგან ზეცისა საზრდელისა სახითა, აღგითქუა მან, ვითარმედ კუალადცა მოგიბოძებდა საღმრთოსა ამას ჭამადსა, რომელი-იგი დაჴსნიდა ბოროტისა ყოველსა მანქანებასა, და უდაბნოსა ამასა აღავსებდა მრავალთა მიერ შენთა მოწაფეთა. ხილვითა ამით, ნეტარო მამაო, სიხარულით გულისჴმა-ჰყავ შენზედა მფარველობაჲ ღმრთისაჲ და ღმრთისმშობელისაჲ და ზეცისა ჭამადისა მიღებითა გამოუთქუმელისა საღმრთოჲსა მადლისა სიტკბოებითა აღვსილი მადლობით უღაღადებდი უფალსა: ალილუია.

იკოსი 6

ნეტარო მამაო, მოუკლებელად მადლობასა შესწირევდი ყოველთა კაცთა ჴსნისათჳს შობილსა იესუ ქრისტესა, რომელმანცა გჳჴსნნა ჩუენ მონებისაგან ბოროტისა და ჩუენცა ქებასა შევსწირავთ შენდა:

გიხაროდენ, მოთმინებისა ძალითა განმტკიცებულო,
გიხაროდენ, რომელი ღირს-იქმენ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ლოცვითა საუკუნოსა სიკეთესა,
გიხაროდენ, რომელმან მორწყე ადგილი ეგე ცრემლითა შენითა,
გიხაროდენ, რამეთუ ყოველსა დღესა ტრედისა მიერ მიიღებდი საზრდელსა,
გიხაროდენ, რამეთუ ლოცვითა შენითა კლდეთაგან წყაროჲ გარდამოედინა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 7

ღუაწლსა შინა განმტკიცებულო, ღირსო მამაო შიო, ყოველსა დღესა ღმერთსა ქებასა აღუვლენდი: „უფალო დიდებისაო და ღმერთო, ყოველთა ნუგეშინისმცემელო, კურთხეულ იყოს სახელი შენი უკუნისამდე“. ჩუენცა, შენდა მბაძველნი, მდაბლად ვაქებთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

მოუკლებელად გალობდი ლოცვასა მეფსალმუნისასა: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?.. გან-თუ-ეწყოს ჩემზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემზედა ბრძოლაჲ, ამისთჳსცა მე შენ გესავ“. ღმერთმან სათნო-იჩინა, რაჲთა განცხადებულ-იქმნე შენ, მნათობო სარწმუნოებისაო, განმაბრწყინვებელად ქუეყანისა ივერიისა; და ჩუენცა სულისა ცხონებისათჳს შენდამი მსასოებელნი გიღაღადებთ:

გიხაროდენ, ლოცვითა შენითა მონადირისა მის მჴედართ-მთავრისა ევაგრეს ადგილსა შენსა მომყვანებელო,
გიხაროდენ, რამეთუ ღირს-ჰყავ იგი ხილვად ტრედისა მღჳმესა შინა შენდა საზრდელისა მომცემელად,
გიხაროდენ, რამეთუ განუმხილე ევაგრესა მოღუაწებაჲ შენი,
გიხაროდენ, რომელმან მიეც კუერთხი შენი ევაგრეს შეწევნისათჳს,
გიხაროდენ, რომელმან წარავლინე ევაგრე ნუგეშინისცემითა: „წარვედ, შვილო, და წარიღე ესე და მი-რაჲ-ხჳდე მტკუარსა ზედა, შთაყავ ეგე წყალსა შინა და შეწევნითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გზა-გცემს მდინარე იგი და წიაღ-ჴდე ჴმელად და მოსრულმან სახედ თჳსად განაგე ყოველი საცხორებელი შენი და კუალად უკუმოიქეც ჩემდავე“,
გიხაროდენ, რომელმან წინაჲსწარ აუწყე ევაგრეს, ვითარმედ იქმნებოდა იგი რჩეული ჭურჭელი ღმრთისაჲ,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 8

ღირსო მამაო შიო, ოდეს ევაგრეს ასწავე, ვითარ უჴმს ბრძოლაჲ ბოროტთა სულთა ზედა, შეჰმოსე მას სამოსელისა მონაზნოჲ და უჩუენე მღჳმე შენგან შორად, რაჲთა მუნ ჰყოფდეს ღუაწლსა თჳსსა. ამისა შემდგომად განითქუა სახელი შენი გარემოჲს სოფლებსა და მრავალნი მოვიდოდეს და მახლობელად ევაგრესა დაემკჳდრებოდეს. ხოლო შენ არა დასცხრებოდი ლოცვითა და მარხვითა გამოუსლველად მღჳმისაგან და მხოლოდღა კჳრიაკესა განსწავლიდი მოწაფეთა შენთა. რაოდენ მწუხარე იქმენ, ოდეს იხილე ცრემლმდინარე მოწაფე შენი, რომელსაცა განუტყდა ჭურჭელი მდინარისა წყალითა სავსე. ხოლო ხილვითა ანგელოზისა, რომელმანცა კუერთხისა ცემისა ძირსა ერთისა კლდისასა ადგილი გამომდინარისა წყლისა გაჩუენა, გახარებულმან მსწრაფლ ნუგეშინის-ეც მწუხარესა ძმასა და ამცნე ხილვაჲ ანგელოზისაჲ. ამისთჳს ჩუენცა უღაღადებთ წმიდათა შორის საკჳრველსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

ანგელოზისა ხილვითა ნუგეშინისცემულმან არქუ ძმასა შენსა: „ნუ სწუხ ძმაო, რამეთუ ცრემლთა მაგათ წილ შენთა და სასოებისა მაგისათჳს შენისა, აჰა, ღმერთმან მაგას ადგილსა აღმოაცენა წყალი, რაჲთა მიერ აღმოივსებოდეს სარწყული უშრომელად ძმათათჳს“. შემდგომად ამათ სიტყუათა გარდამოედინა უხუებით წყაროჲ და უდაბნოჲ იგი იქმნა ედემად, ამისთჳს ჩუენცა ქებით განვადიდებთ სახელსა შენსა:

გიხაროდენ, რამეთუ განამრავლე რიცხვი ძმათა შენთაჲ,
გიხაროდენ, რამეთუ ღმრთისა განგებითა აღჴედ აღმოსავალით მთასა ზედა,
გიხაროდენ, რომელმანცა ასწავე მოწაფეთა შენთა განპყრობაჲ ჴელთა თჳსთა ცად მიმართ,
გიხაროდენ, რომელმანცა უბრძანე მათ ცრემლითა ლოცვად წინაშე ღმრთისა, რაჲთა ნიშეან-ჰყოს ადგილი შენებად ტაძრისა,
გიხაროდენ, რომელმანცა დასდევ განჴურვებული ნახშირი ნებსა ჴელისა შენისასა და დაასხ მას ზედა საკუმეველი,
გიხაროდენ, რომელიცა კეთილსულნელებითა ამით აკურთხევდი ძმათა შენთა,
გიხაროდენ, რამეთუ უგალობდით ღმერთსა: „უფალო შეგჳწყალენ“,
გიხაროდენ, რომელმანცა ლოცვითა წარმართე კუამლი ცად მიმართ,
გიხაროდენ, რომელმანცა უჩუენე ძმათა ადგილი იგი აღსაშენებელად ტაძრისა,
გიხაროდენ, რომელმანცა სუეტი იგი საკუმეველისაჲ წარმართე აღმოსავალითგან დასავალად,
გიხაროდენ, რომელმანცა იხილე კუამლი საკუმეველისაჲ, ვითარცა საბელი შემტკიცებული ჴევსა მას ზედა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 9

ღირსო მამაო შიო, ოდეს დასდეგ მთასა ზედა, უჩუენე ძმათა შენთა ადგილი აღსაშენებელად ტაძრისა ჯუართამაღლებისაჲსა. ხოლო ოდეს შთამოხუედ მთით, საკუმეველი ცეცხლითა შთაყარე საცეცხლურსა შინა და სათხრელისა სამგზის დარტყმითა იტყოდე: „დიდებაჲ შენდა, ღმერთო, რომელი სამგუამოვნებით და ერთარსებით იდიდები. ამასა ადგილსა სრულ-ყავ ტაძარი დიდებისა შენისაჲ“. ხოლო მღჳმესა ზედა, სადა-იგი დადგა კუამლისა სუეტი, შემდგომად აღმართებულ-იქმნა ტაძარი წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაჲ. ხოლო შენ მცირედ განშორებულად ჰსცი ქუეყანასა კუალად სამგზის სათხრელითა მით მეტყუელმან ესრეთ: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რომელმან ჰშევ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა, აქა დაამტკიცე სახლი სადიდებელად შენდა“. ამასვე ადგილსა აღშენებულ-იქმნა ტაძარი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიძინებისაჲ. ხოლო ოდეს ევაგრემან იხილა საკჳრველებაჲ ესე, ჴმა-ჰყო ჴმითა დიდითა: „წმიდაო მამაო, იყავნ ნებაჲ ღმრთისაჲ და შენი, რამეთუ სულითა ღმრთისაჲთა იტყჳს პირი შენი და ნებასა შენსა ყოველსა ჰყოფს ღმერთი“. ამისთჳსცა ცასა შინა და ქუეყანასა ზედა უგალობენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

ქართველთა მეფე ფარსმან განიზრახვიდა ევაგრეს უკუმიქცევასა სოფელსა შინა და ამისთჳს მოიწია იგი ხილვად სავანისა მის, გარნა უვარისყოფითა ევაგრჱსითა დამწუხრდა ფრიად. ხოლო ოდეს იხილა სახე მადლითშემოსილისა ღირსისა შიოჲსი, განკჳრვებული დავარდა წინაშე ფერჴთა მისთა და ლოცვაჲ ითხოვა მისგან. ეგრეთვე ჩუენცა შეგივრდებით, ღირსო მამაო, და გნატრით შენ:

გიხაროდენ, რამეთუ განაკჳრვა მეფე იგი ანგელოზებრივმან სიკეთემან შენმან,
გიხაროდენ, რამეთუ განბრწყინვებულ იყავ მადლითა და სიწმიდითა,
გიხაროდენ, რამეთუ წინაშე შენსა თაყუანისცემითსა სიმდაბლესა მოიყვანე შენ მეფე,
გიხაროდენ, რამეთუ შენდა მეფისა მიერ მოგებული პატივი სიმდაბლითა შენითა უარ-ჰყავ,
გიხაროდენ, რამეთუ არ ივიწყებდი შიშსა და რისხვასა ღმრთისასა სოფლისა მიმართ,
გიხაროდენ, რამეთუ კურთხევა-ჰყავ მეფისაჲ, რომელიცა ცრემლით ითხოვდა შენგან ლოცვასა,
გიხაროდენ, რამეთუ ლოცვითა შენითა გარე-წარაქციე მეფისაგან ყოველნი მტერნი მისნი, ხილულნი და უხილავნი,
გიხაროდენ, ღმრთისა მიმართ სარწმუნოებასა და სიყუარულსა შინა მეფისა მის განმამტკიცებელო,
გიხაროდენ, მეფისა თავსა ზედა გჳრგჳნისა დამდებელო,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 10

ოდეს ერთი მთავართაგანი, მეფისა თანამყოფი, რომლისა თუალი ისრითა მოწყლულ და სრულიად დაშრეტილ იყო, განკურნებისა რწმენითა სავსე შეგივრდა ფერჴთა შენთა, ღირსო მამაო, და მეყსეულად განიკურნა, ხოლო სასწაულითა ამითა განკჳრვებულნი ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო მეფესა, სავანისათჳს განცემულთა მოწყალებათა გამო მდაბლად მიუგე: „უფალო მეუფეო, გულნი მეფეთანი ჴელთა შინა ღმრთისათა არიან და რაჲცა-იგი ჯერ-გიჩნს, ჰყავ“. ოდეს მეფისა შენაწირებითა სრულ-იქმნა შენებაჲ ტაძართაჲ, მარტჳლიისა დღესასწაულსა იკურთხნეს იგინი კათოლიკოსისა მაკარის მიერ, ხოლო მასვე ჟამსა, ოდეს-იგი განიზრახვიდა კათოლიკოსი მღდლად კურთხევასა შენსა, შენ სიმდაბლითა და სიმშჳდით შემოსილმან შორად განაყენე თავი. ხოლო ჩუენ, ამისა მცნობელნი, შემუსრვილითა გულითა ვადიდებთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 10

ღირსმან მამამან შიო, მჴეცნი იგინი, რომელნიცა მრავალსა ჭირსა მოაწევდეს მონასტერსა, ლოცვითა თჳსითა სრულად გარე-განასხნა და სიტყჳთა მისითა: „ამიერითგან თქუენსა და ჩუენსა დამბადებელსა უბრძანებიეს, რაჲთა პირმეტყუელთა კაცთა მიერ აღივსნენ ყოველნი ესე უდაბნონი, აწ წარვედით, საყუარელნო ჩემნო, და იძიეთ ადგილი, რომელსა შინა განისუენოთ,“ – მორჩილქმნილნი შორად გარდაიხვეწნეს, გარნა ერთისა მგლისა, რომლისა დარჩომაჲ თჳთ ინება ღირსმან მამამან, რაჲთა მწყემსად ვირთა დადგენილ-იქმნას იგი. ხოლო მგელი იგი ერჩდა ბრძანებასა შენსა და ყოველსა დღესა აღასრულებდა მორჩილებასა თჳსსა, ვიდრეღა ერთისა ვირისა სიკუდილითა შეურვებულმან ბერმან კონონ მკსინვარედ აბრალა უბრალოსა მგელსა. ხოლო ამისთჳს მწუხარე ქმნულმან მგელმან წარიყვანა კონონ და სხუანი ძმანი და უჩუენა კლდესა ზედა გარდავრდომილი ვირი იგი კონონისაჲ. ხოლო ღირსმან მამამან შიო მადლიერებისა სიტყჳთა განათავისუფლა მგელი მსახურებისაგან და მწყემსობაჲ ძმათა მათ თავს-უდვა. ყოველნი იგინი განკჳრვებულ იყვნეს და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან ესევითარი მადლი მოანიჭა მონასა თჳსსა, ვიდრემდის მჴეცნიცა აღასრულებდეს და მორჩილებდეს სიტყუასა მისსა და ჩუენცა ქებით ვუგალობდეთ ჭეშმარიტსა მონასა მისსა:

გიხაროდენ, რამეთუ ღუაწლითა შენითა და მადლითა უფლისაჲთა მიიწიე საზომსა მას სიწმიდისასა, ოდეს ყოველნი ქმნულნი, მჴეცნი და მფრინველნი, ვითარცა სამოთხესა შინა ადამს, სიტყუასა შენსა ჰმორჩილებდეს,
გიხაროდენ, რომელი ღირს-იქმენ მოძღუარისა შენისა იოანესაგან სავანისა შენისა მოხილვად,
გიხაროდენ, რამეთუ მიიღე კურთხევაჲ ღირსისა იოანესაგან დაყუდებისათჳს შენისა ლოცვა-კურთხევითა კათოლიკოსისაჲთა,
გიხაროდენ, რომელი წინამძღურისა მორჩილებითა მიემსგავსე პავლე მოციქულსა,
გიხაროდენ, რომელი მღჳძარებ სულთა ჩუენთა ზედა,
გიხაროდენ, რომელმან მიიღე ეგევითარი კურთხევაჲ კათოლიკოსისაგან: „მამაო, ვიდოდე კეთილსა ამას და იწროსა გზასა, ცხორებად მიმყვანებელსა საუკუნოდ, რომელსა ზედა მცირედნი ვლენან, და ჰყავ მღჳმე იგი კიბედ აღმყვანებელად შენდა ზეცისა სასუფეველსა და ბნელი იგი მუნ შინა მყოფი – მიმყვანებელად ნათელსა დაუღამებელსა და ჟამიერი ესე ჭირი – მომატყუებელად საუკუნოჲსა განსუენებისა და წარუვალისა სიხარულისა, რომელსა მიმთხუევად არიან ყოველნი სათნოდ ღმრთისა აღმასრულებელნი ცხორებისა მათისანი“,
გიხაროდენ, რომელი ვიდრე დაყუდებადმდე ცრემლით ჰმოძღურიდი ძმათა შენთა,
გიხაროდენ, რომელი ძმათა შენთა სატანისა მანქანებისაგან სიმდაბლით, მორჩილებით და სიმშჳდით ჴსნასა ასწავებდი,
გიხაროდენ, რომელი შეაგონებდი მათ მრისხანებისა დათრგუნვასა,
გიხაროდენ, რომელი ასწავებდი ღმრთისადმი სიყუარულით მიახლებასა, რომელ-იგი სიყუარულ არს,
გიხაროდენ, რომელი ასწავებდი მარხვასა, ვითარცა ქუეყნიერისა სიბილწისა განმდევნელსა,
გიხაროდენ, რომელი გონებისა შეურყუნელად და მტკიცედ დაცვითა მგმობელთა ზრახვათა განდევნასა შთააგონებდი,
გიხაროდენ, სწავლათა ამათ მიერ სატანისა მახეთა დამარღუეველო,
გიხაროდენ, რომელი სახელითა უფლისაჲთა აღუთქუმიდი მათ ზეცისა საუკუნოსა სიხარულსა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 11

ღირსო მამაო შიო, ასწავებდი ძმათა შენთა მარადღე ჴსენებასა სიკუდილისასა და საშინელისა სამსჯავროჲსა, და ამით სახითა შეაგონებდი, ვითარმედ ერთნი უკუე, იწროჲთა გზითა მავალნი საუკუნოსა განსუენებასა მიიწევიან, ხოლო სხუანი კულა, რომელნიცა განცხრომასა და უდებებასა შინა არიან, ზეცისა სასუფეველსა განეშორებიან. დაყუდებად განმზადებულმან ძმათა ვედრებითა სავანისა განმგებლად ჰყავ პირველი მოწაფე შენი ევაგრე. ხოლო შენ სიტყჳთა და ცხორებითა შენითა მოუწოდებდი ყოველთა განშორებად ქუეყნიერისა ამაოებისაგან, ხოლო ჩუენ ძმათა მათთა მსგავსად მადლობით ვუგალობთ ღმერთსა, რომელმანცა მოსცა ქართველთა ეგევითარი მოძღუარი: ალილუია.

იკოსი 11

მიეც რაჲ კუერთხი ევაგრეს, ღირსო მამაო შიო, განმტკიცებული მრავლითა შეგონებითა, თუ ვითარ უჴმს მას დაცვაჲ ძმათა თჳსთაჲ ყოვლისაგან ბოროტისა, მიუბოძენ სწავლანი „ყოვლადშუენიერნი და ტკბილნი, რომლითა განისწავლებოდეს ყოველი კრებულნი მარადის“. ჟამსა განშორებისასა ამბორს-უყოფდი ყოველთა ძმათა და ყოველთაგან ბოროტებათა და ცოდვათა განლტოლვასა შეაგონებდი მათ და პეტრე მოციქულისა სიტყუათა მოაჴსენებდი, ვითარმედ: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“, და კუალადცა შესძინე ესე: „სიტყუათათჳს უქმთა სიტყუა-მისცეთო დღესა მას სამსჯავროჲსასა“, რამეთუ სიტყუაჲ ეგე ბრძანა თავადმან მეუფემან უფალმან და ჩუენცა სიმდაბლითა, სიტყჳთა ამით განსწავლულნი, ქებით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, რამეთუ კრებული ძმათაჲ განსწავლე,
გიხაროდენ, დიდო სათნომყოფელო ღმრთისაო, რომელი ქუეყანასა ზედა ჭურეტდი ზეცისა ნათელსა და ღირს-იქმენ მადლისა საკჳრველთმოქმედებისასა მიღებად,
გიხაროდენ, მოციქულთა სწავლათა მოშურნეობით დამცველო,
გიხაროდენ, რამეთუ მღჳმეთა შინა სავანე ძმათაჲ ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა მოძღურებითა განაწესე,
გიხაროდენ, რამეთუ, ვითარცა მზე, გაბრწყინდი საყოფელსა მას მჴეცთასა და დაამკჳდრე მას შინა კაცნი, მსგავსნი ანგელოზთანი,
გიხაროდენ, რამეთუ მღჳმესა შინა დაყუდებითა დაიმარხე თავი შენი და არღარავინ ღირს-იქმნა შემდგომად ამისა ნეტარისა სახისა შენისა ხილვად,
გიხაროდენ, რამეთუ მღჳმესა მყოფმან ჴორცთა შინა ყოველნი ვნებანი ჯუარს-აცუ,
გიხაროდენ, რამეთუ აღმოსცენდა შენ შორის სული კეთილი, ვითარცა ჯეჯილი,
გიხაროდენ, რამეთუ მიწასა მიეც თავი შენი განხრწნად, ხოლო გონებითა ზეცას არა განეშორებოდე,
გიხაროდენ, რომელი მარადის მოელოდე ზეცისა მადლსა, ვითარცა წჳმასა, მიწისა დამალტობელსა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 12

მღჳმესა შინა ქუედამჴობილი ცრემლითა მიწასა დაალტობდი და იტყოდი: „მსხემ ვარ მე შენ წინაშე, უფალო, და არა მიტევო მე მოუძლურებად პირველ წარსლვისა ჩემისა“. ხოლო ზეაღდგომილი აღაპყრობდი თუალთა შენთა უფლისა მიმართ და ღაღადებდი: „წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აპყრობაჲ ჴელთა ჩემთაჲ მსხუერპლ სამწუხროდ“. ყოველსა დღესა ერთისა ბერისა მიერ ზემოშთატევებულსა წყალსა და პურსა იხუმევდი და ლოცვითა მადლობასა შესწირევდი ღმერთსა. ამისთჳსცა ღირს-იქმენ ძალითა ღმრთისაჲთა ჴორცთა შინა შენთა ვნებათა მათ სრულიად მოკუდინებასა და სერაფიმთა გალობასა უღაღადებდი შემოქმედსა: ალილუია.

იკოსი 12

ოდეს სპარსეთით წყალმანკითა სნეული მოყვანილ-იქმნა, დავარდა იგი წინაშე მღჳმესა ღირსისა მამისა შიოჲსა. ხოლო ღირსი შიო სიმდაბლითა თჳსითა სთხოვდა უფალსა მისსა განკურნებასა, რამეთუ სწამდა, ვითარმედ თავადი ღმერთი განკურნებდა მას ანგელოზისა ჴელითა. მაშინ ევაგრემან ღირსისა მამისა კუნკულისაგან აღმოღებული სამი თმაჲ წარუღო სნეულსა, რაჲთა მით განკურნებაჲ მისცემოდა მას. გარნა, ჰოჲ საკჳრველებასა ამას! სნეული იგი სრულიად მრთელ იპოვა, რომელი ქადაგებდა წინაშე ყოველთა, ვითარ-იგი განიკურნა ღირსისა მამისა შიჲოს მიერ, და ვითარ მისცა მას შუენიერმან ჭაბუკმან სამნი თმანი მოხუცისა კაცისანი და უბრძანა შთაყლაპვაჲ, და მეყსეულად განიკურნა. ხოლო ღირსმან ევაგრე ვერღარა ჰპოვა სამი იგი თმაჲ ჴელსა თჳსსა და განკჳრდა და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო კაცი იგი განკურნებული ყოველსა წელსა შესწირვიდა საკუმეველსა და ზეთსა სავანისა ძმობასა. შემდგომად ამისა შვილი ერთი ვისიმე სპარსისაჲ, ბრმაჲ განიკურნა ლოცვითა ღირსისა მამისა შიოჲსითა და იგიცა მრავალსა შესაწირავსა მიუძღუანებდა ძმობასა. ხოლო ჟამსა ერთსა ავაზაკთა განძარცუეს სპარსი, და ღირსისა შიოჲს მიერ უცნობოქმნულნი და დაბრმობილნი ავაზაკნი ვირებითა მოადგნეს მონასტერსა და ყოველივე აღიარეს, ვითარ მოხუცისა ვისმე კაცისა შებერვითა ბრმა-იქმნეს იგინი. ხოლო ღირსმან მამან ევაგრე სთხოვა ღირსსა შიოს განკურნებაჲ მათი და ღირსისა მამისა კუერთხისა მიდებითა იგინიცა განიკურნეს. სასწაულთა ამათ მიერ განკჳრვებულნი ჩუენცა ლმობიერებით შეგივრდებით და ქებასა შეგასხამთ, ღირსო მამაო შიო:

გიხაროდენ, რამეთუ მღჳმესა შინა დიდითა ღუაწლითა მიიწიე სრულყოფასა,
გიხაროდენ, რამეთუ მარხვითა, ლოცვითა, მღჳძარებითა და მრავალთა შრომითა მღჳმესა შინა ჴორცნი შენი განკაფენ,
გიხაროდენ, რომელმან განკურნენ დაბრმობილნი და მონანულნი ავაზაკნი,
გიხაროდენ, რამეთუ განითქუა სახელი შენი საკჳრველთმოქმედებითა შენითა უცხოთა ქუეყანათა შინა,
გიხაროდენ, შემდგომად მიცვალებისა ანგელოზთაგან ზეცად აღყვანებულო,
გიხაროდენ, რომელმან შემდგომად წმიდისა ზიარებისა ზეცად ჴელნი აღიპყრენ მეტყუელმან: „ჰოჲ მეუფეო! ჴელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“,
გიხაროდენ, რამეთუ დაგჳტევე ჩუენ მღჳმე შენი დასაცველად მას შინა კურნებისა ძალითა შემოსილთა ნაწილთა შენთა,
გიხაროდენ, რამეთუ საფლავი შენი იქმნა სამკაულად სავანისა,
გიხაროდენ, რამეთუ წმიდანი ნაწილნი შენნი გარე-წარაქცევენ სატანისა ყოველსა მანქანებასა,
გიხაროდენ, რამეთუ ჰკურნებ შენ შეპყრობილთა,
გიხაროდენ, ღირსო მამაო შიო, დიდო საკჳრველთმოქმედო.

კონდაკი 13

ჰოჲ ღირსო მამაო შიო, შეიწირე ჩუენ უღირსთაგან კნინი ესე ვედრებაჲ და მჴურვალედ ლოცვა-ჰყავ ჩუენთჳს წინაშე უფლისა ღმრთისა. შენ, რომელი ჰკურნებ ეშმაკეულთა, მოაქცევ გზაშეცდომილთა, შეეწევი განსაცდელსა შინა მყოფთა, მეუდაბნოეთა მფარველ ხარ, განსწავლი მონაზონთა, მეოხებასა შენსა ვითხოვთ ჩუენცა. ჰოჲ, ღირსო მამაო, გჳჴსნენ განსაცდელთა და საფრჴეთაგან, შიმშილისა და იწროებისა, ცეცხლისა და მახჳლისაგან, ძმათა შორის ბრძოლისაგან, ყოვლისა ბოროტისა და ყოვლისა ზედადასხმისა. ევედრე ღმერთსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ჴორციელი სიმრთელე, სიმშჳდითა და სიმდაბლით ცხორებაჲ და ზეცას შინა საუკუნოჲ სიკეთე, რაჲთა ჩუენცა უფალმან ღირს-გუყვნეს ზეცისა თჳსსა სასუფეველსა, სადაცა აწ შენცა განისუენებ და ყოველნი წმიდანი ქებით ადიდებენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, და ჩუენცა ქებასა აღვავლენთ მისა მიმართ: ალილუია (ეს კონდაკი 3-ჯერ).

შემდგომად ამისა იკოსი 1 და კონდაკი 1.

სავედრებელი ლოცვა

ჰოჲ ღმრთისა დიდო სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო, უნეტარესო მამაო შიო! ანგელოზთა თანამკჳდრო, მოციქულთა მბაძველო და მოწამეთა მსგავსად მოღუაწეო, სამონაზნოჲთა ცხორებითა მძლავრისა ტყუემყოფელო, მეუდაბნოეთა წინამძღვარო, მვედრებელთა შენთა სასწაულებრივითა ძალითა შემწეო და ბნელთა და ბოროტთა ძალთა უხილავად მაოტებელო.

ჰოჲ უნეტარესო მამაო შიო, ლოცვითა შენითა გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისა ბოროტისაგან და სატანისა მახეთაგან, ჰაერისმცველთაგან და საზუერეთა, ცეცხლისაგან გეჰენიისა. ბოროტთა სულთაგან შეპყრობილთა მკურნალო, გჳჴსნენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ყოვლისა ჭირისა და საფრჴისაგან. ევედრე შენგან შეყუარებულსა უფალსა, რათა ძალითა უძლეველითა თჳსთა ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი.

ჰოჲ საღმრთოჲს დიდებისა უწმიდესო ვარსკულავო, მეოხ-გუეყავ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, რომლისა წინაშე აწ წარდგომილ ხარ, რაჲთა გჳჴსნას ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და მოგუმადლოს უშფოთველი და გონიერი ცხორებაჲ, მიწასა ნაყოფიერებაჲ, ჰაერი კეთილშეზავებული, საღმრთოჲთა ნათლითა განბრწყინვებაჲ და მართალთა თანა სავანეყოფაჲ, რამეთუ მას შუენის დიდებაჲ, მადლობაჲ და თაყუანისცემაჲ საუკუნითგან და უკუნისამდე. ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.


წიგნიდან „ცხოვრება, დაუჯდომელი და პარაკლისი ღირსი შიო მღვიმელისა“ (რუსთავის ეპარქია, 2004)

დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით

გამოსაცემად ნებადართულია თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის მიერ

დაუჯდომელი შეადგინა: მონაზონმა ნინომ (ბრეგვაძე)

დაუჯდომლისა და პარაკლისის რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგე