დაუჯდომელი წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისი

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

დიდებულებაჲ შენი ვინ მიუთხრნეს, ჵ, საკჳრველ-მაღალო ჴელმწიფეო, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩუენისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ, არამედ ურიცხვთა განსაცდელთა მიერ შეიწრებულნი მოჳვლტით წმიდისა ხატისა შენისა მომართ და აღგძრავთ შენ ღმრთისა მიმართ მწედ და შუამდგომელად, რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაჲ ყოველთა საცთურთა ზედა და ღირს გვყოს შესხმად და გალობად შენდა: გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

იკოსი 1

ეჰა, ვითარი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა, აწ დიდებული ვარძია და ჴმა მაღლად ჰქადაგებს მეტეხი და ბეთანია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, ხოლო ჩუენ უწყით რაჲ ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლჱ, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და სიქუელისა შენისა გულსმოდგინედ მომთხრობელნი აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, იესეს ნერგო, მორჩო დავითისაო;
გიხაროდენ, ხატო დედათა კდემამოსილებისაო;
გიხაროდენ, აღმოყუავილებულო რტოო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდებაო ქუეყანისაო და სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო საყვირო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო მოწყალებისაო და დაუშრეტელო ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, წინამძღოლო და ჯუარისმტვირთველო ერისა შენისაო და შემწეო მესიისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და სიმტკიცეო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო ივერიისაო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 2

სამარადისოდ დაჰნერგე რაჲ გულსა შენსა შიში და სიყუარული ღმრთისაჲ, შეიმოსე მოწყალებაჲ, სიმშჳდჱ და კრძალულებაჲ, და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა, აწცა მათ თანა ევედრე ღმერთსა, სათნო იჩინოს აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა ურთიერთასისა სიყუარულითა და სიბრძნითა საღმრთოჲთა, რაჲთა კნინისა ამის ცხორებისა ჩუენისა გზაჲ კეთილად განვლოთ და მარადის ვაქებდეთ მაცხოვარსა ჩუენსა ქრისტესა: ალილუია.

იკოსი 2

სიწმიდჱ შენი საღმრთოჲ და გონებისა სიწრფოებაჲ იხილა რაჲ დაფარულთა მეცნიერმან, გცხო შენ საცხებელი სიხარულისაჲ და თჳთ-მპყრობელად ივერიისა და ყოვლისა აღმოსავლე-თისა დაგადგინა, ხოლო შენ ძლევანი ყოვლად-დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა წარმართენ და სამწყსოჲ იგი, რომელი გერწმუნა, კეთილ-მორწმუნებასა ზედა დაამყარე, ეგრეთვე აწ ერი ჩუენი სიმჴნით განაძლიერე და გზაჲ იგი ჩუენი სამეუფოჲ კეთილად წარგვიმართე, რაჲთა სიბრძნითა ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა და დაუცხრომელად გაქებდეთ:

გიხაროდენ, ძირთაგან ღმრთისმსახურთა აღმომორჩებულო და დავით წინაჲსწარმეტყუელისა შჳლად ჩინებულო;
გიხაროდენ, სიწმიდითა აღზრდილო და უზაკუველითა სარწმუნოებითა შეზღუდვილო;
გიხაროდენ, სიყრმით შენითგან სამეუფოჲთა ზეთითა ცხებულო;
გიხაროდენ, მოწყალებითა განწმედილო და გულის სიტყჳთა განათლებულო;
გიხაროდენ, ცხორებითა სათნოჲთა და სიბრძნითა საღმრთოჲთა განსრულებულო;
გიხაროდენ, სიკეთითა და კაცთმოყუარებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, სიტურფითა და შუენიერებითა აღმატებულო;
გიხაროდენ, სამშობლოჲსა ქუეყანისა სიყურულითა აღგზებულო;
გიხაროდენ, ღმრთისმშობლის წილხვედრი ერისა მწყსად და მფლობელად მოვლინებულო;
გიხაროდენ, დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკულო;
გიხაროდენ, მამულისა ვენახისა კურთხეულისა მუშაკო დაუცხრომელო და უფლისა მიერ სუე-ამაღლებულო;
გიხაროდენ, თარგამოსიანთა მეფედ და წინამძღურად წოდებულო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 3

ანგელოზებრ შუენიერ იყავ ხატითა და სავსჱ სიბრძნითა, ჵ, მეფეო, ქრისტესა შედგომილო, და გონებაჲ შენი განსწმიდე წვრთითა საღმრთოთა წერილთაჲთა და ლოცვითა მჴურვალითა, ხოლო ჴორცი განკაფე შენ მარხვითა, მღჳძარებითა და ხმელთა ზედა წოლითა, და განბრწყინდი სათნოებათა ელვარებითა, ამისთჳსცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ვევლტოდეთ რისხვასა ღმრთივაღძრულსა და ვაქებდეთ იესუს, ყოვლად ძლიერსა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

მღჳძარე მწყემსად გამოუჩნდი ერსა შენსა, მეფეთა შორის ღუაწლისა მძლეო თამარ, და მსწრაფლ შეჰკრიბნე ყოველნი კაცნი სამღდელონი და შჯულისა მეცნიერნი გამოძიებად კეთილისა და განგდებად დრკუჲსა, და კრებაჲ იგი, ვითარცა დედაკაცმან, დაუტევე კრძალჳთა, ხოლო ესმნეს რაჲ სიტყუანი შენნი ყოვლად სანატრელსა კრებულსა მამათასა, ღმრთისმოყუარებითა სულისა შენისაჲთა განიხარეს, და ვითარცა თანა-შემწესა კრებისასა, ქებაჲ საცნაური შეგასხეს:

გიხაროდენ, ქართველთა მზეო მრავალ-მნათობო, ცისკრითა კეთილმსახურებისათა ყოველთა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა ეკლესიისა ლამპარო, უგულისჴმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, სოფლისა ღელვათაგან შერყეულთა გულთა ღმრთისმოსავობასა ზედა განმსწავლელო;
გიხაროდენ, ცრუ სარწმუნოებისა მჴნედ განმბასრველო;
გიხაროდენ, ტყვეობისაგან და მძლავრთა მონებისაგან მრავალთა სულთა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, მუშაკთა ნაყოფიერმყოფელო და გლახაკთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დამამჴობელო და განმთხეველო;
გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა და ბოროტისა კეთილად დამდებთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, შეცდომილთა გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა მომაქცეველო;
გიხაროდენ, განძჳნებულთა მჴეცთა გულებისა მომალბობელო;
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო და მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა მწყალობელო;
გიხაროდენ, განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა მსწრაფლ შემწეო და ჴელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 4

ხჳდოდი რაჲ მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, მოგანიჭა შენ გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და შენცა სირცხვილითა აღავსენ ორგულნი ერისანი და ყოვლითა უპატიოებითა, ეგრეთცა კადნიერებაჲ მათი შეჰმუსრე, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და გჳჴენ ყოვლისაგან ვნებისა ბოროტთა კაცთაჲთა, რაჲთა ყოველთა მართლმორწმუნეთა კეთილად განგუემარჯვოს და ლოცვაჲ ჩუენი შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 4

ეჰა, ვითარ ჭეშმარიტ საღმრთოჲ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, მჴნეო დედოფალო, რამეთუ ღმრთისმსახურებასა და კრძალულებასა შინა საწუთოჲ სამეფოჲ არა დაუტევე განუგებელად, არამედ უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაგე და განაჩინე, და წარემატე დიდებითა და განმარჯუებითა, ხოლო ერი შენი, მადლიერი ღმრთისა მიმართ ყოვლად მოწყალისა, დიდებასა შენსა მიუთხრობდა ყოველთა და ესრეთ გნატრიდა განათლებულსა და ყოვლად ქებულსა:

გიხაროდენ, ყუავილო შუენიერო, დავითისა ბრწყინვალისა მტილისაო;
გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო ღმრთეებრივისა სიბრძნისაო;
გიხაროდენ, ზეციერითა მადლითა განბრწყინვებულო, თაყუანისმცემელო მესიისაო;
გიხაროდენ, მოუწყვლელად დამცველო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო ჭეშმარიტისა მსჯავრისაო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველო საღმრთოჲსა უღლისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო მუშაკო ქრისტჱს ვენახისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახჳლო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, ტკბილო და სახიერო ნუგეშო ქართველთა ერისაო;
გიხაროდენ, დიდებაო და ძლიერებაო მამულისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, მიურულებელო მცველო და განმაძლიერებელო ივერიისაო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 5

სიყუარული და სიქველჱ, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, და განჴსენ რაჲ საუნჯენი მამა-პაპათა შენთანი, ჴელ-ჰყავ წყალობაჲ და შეწყნარებაჲ, რომელ არა სადა ვის ეხილა, ხოლო განიცადა-რაჲ ერმან შენმან დედობრივი გულმოწყალებაჲ შენი, სიცოცხლეშივე განგადიდა და არცაღა დასცხრებოდა გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 5

მოხედნა რაჲ იესუმ წყალობითა დედისა თჳსისა წილ-ხვდომილსა ერსა ჩუენსა, გარდამოგივლინა ძალი, სიმჴნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა, ვითარცა ღმრთისმოყუარესა პაპასა შენსა დავით აღმაშენებელსა, და შენცა ერთგულებისათჳს მამულისა და მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა მისებრვე განაქარვნე სივერაგჱ ორგულთაჲ და მტერთაჲ, აწცა ნუ დასცხრები ერისა შენისათჳს წინაშე ქრისტჱს მჴსნელისა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა სიყუარულითა და მშჳდობითა ვცხო-ნდებოდეთ და ვჰგალობდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველო;
გიხაროდენ, მაცთურისა ალისა და საფრხეთა მისთა ცრემლითა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მრავალსახეთა ჭირთა და მწუხარებათა ახოვნად დამთმენელო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა გონებათა დამატკბობელო;
გიხაროდენ, ერისა შენისა ღირსებისა დამცველო;
გიხაროდენ, განსაცდელთა და ღელვათა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებითა სიცრუვისა დამარღვეველო და რისხვისა საღმრთოჲსა დამაყენებელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ამპარტავნებისა და ეშმაკისა საცთურისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთჳს ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისაჲთა დამჴსნელო;
გიხაროდენ, ურჯულოთათჳს შიშის ზარისა დამცემელო;
გიხაროდენ, ისმაიტელთა ქედმაღლობისა დამამცრობელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 6

ვერ შეგიტყუა შენ საშუებელმან ამის საწუთოჲსამან, და ვერცა გჳრგჳნმან და სკიპტრამან დიდებულმან, ვითარ იგი მეფენი მრავალნი, არამედ ზენაჲსა დიდებისა მოსურნემან, ქუენაჲცა ესე დიდებაჲ უხუებით მიიღე აღთქუმისაებრ უფლისა, ნუ დასცხრები ვედრებად მისსა მიმართ, ულხინოს ნათესავსა ჩუენსა და კუალად მოგუანიჭოს მწყემსი სარწმუნოჲ და მჴნჱ, რაჲთა ჰსწავლიდეს და წარუმართებდეს სჯულდებულსა ერსა, შჳლად ღმრთისა გამორჩეულსა, და მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირვიდეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

იურვოდეს რაჲ შობისათჳს მემკჳდრისა, არა მიგიშუეს ნებად შენდა, ყოვლად უწადინელი ქორწინებისაჲ, და გამოირჩიეს რაჲ მჴნჱ დავით, მეფეთა გვარისაჲ, ვითარ იყო ხუედრი და რიგი შარავანდედობისა შენისაჲ, ღმრთივბრწყინვალესა თავსა შენსა დაგადგეს გჳრგჳნი პატიოსანი მეუღლეობისაჲ, ხოლო ერი შენი სიხარულითა განსცხრებოდა, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა, ერთ-ჴმობით გიგალობდა:

გიხაროდენ, მწყემსო კეთილო საღმრთოთა სამწყსოთაო;
გიხაროდენ, მსგავსად სოლომონისა სიბრძნითა სავსეო და მსაჯულო მართლ-განგებითაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო;
გიხაროდენ, რჩეულო ჭურო სათნოებათაო;
გიხაროდენ, სავანეო კეთილთა საქმეთაო;
გიხაროდენ, შემწირველო ეკლესიათაო;
გიხაროდენ, კეთილისმყოფელო სამღდელოთაო;
გიხაროდენ, აღმაშენებელო ქსენონთაო და მკურნალო სნეულთაო;
გიხაროდენ, მოწყალეო გლახაკთაო და განმკითხველო ქურივთა და ობოლთაო;
გიხაროდენ, მართლმსაჯულო უღონოთაო და შემწეო უძლურთა ქუე-მდებარეთაო;
გიხაროდენ, ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის-აღმპყრობელო და მეოხო მომწოდებელთა შენთაო;
გიხაროდენ, გჳრგჳნო და დიდებაო ღმრთისმსახურთა მეფეთაო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 7

ოდეს ძილსა შინა ჩუენებითა იხილე სამოთხისა შუებაჲ, და ტახტი ბრწყინვალჱ, შემკული თუალთაგან მრავალსასყიდლისაჲთა, მიისწრაფდი დაბრძანებად მას ზედა, არამედ არა მიგიშუა კაცმან ვინმე, ნათელ-მოსილმან და ესრეთ მჴმობარემან: „მჴევალისა შენისა არს, დედოფალო, რამეთუ სამოსელნი ათორმეტისა მღდლისანი ჴელითა თჳსითა შესთულა“, მაშინ ესრეთ აღასრულე შენცა, და მოიხუენ რაჲ ზეცისა იგი უხრწნელნი სამოსელნი, კრებულსა თანა წმიდათასა მარადის უღაღადებდ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7

ყოველსა ქუეყანსა განეფინა დიდებული და საკჳრველი სახელი შენი, მეფედ ცხებულო დედოფალო, რამეთუ დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ იღუაწე, და შენდამი რწმუნებულნი ერნი და სამეფონი გარემოცულთა განსაცდელთაგან უშიშად დაიცევ, ხოლო საზღუარნი საქართველოჲსანი, სპერითგან დარუბანდამდის უფროჲს განავრცენ, და ტაძარნი და მონასტერნი, არა მხოლო მამულსა შენსა, არამედ ყოველთა წმიდათა ადგილთა სადიდებელად ღმრთისა აღაშენე და წყალობითა დიდითა აღავსნე, აწცა ნუ განგვაშორებ შეწევნასა შენსა და ერი ჩუენი, ქრისტჱს მოსახელჱ, ძალითა მისითა დაიფარე, რაჲთა უვნებელად დაცულნი ვიქადდეთ და ვჴმობდეთ:

გიხაროდენ, კეთილმსახურებისა ნათლითა ბნელთა შინა დაშთომილთა სულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, მრავალთა წყლულებათა განმკურვნელო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ცრუმორწმუნეობისა საცთურისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, ქედფიცხელთა და გონებაურჩთა განმსწავლელო;
გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, უსჯულოებისა სიმყრალისა განმწმედელო;
გიხაროდენ, მტერთა ძჳრის-ზრახვისა განმდევნელო;
გიხაროდენ, ჴელთა შენთა ნაღუაწითა ხუცესთა და უპოვართა გამომზრდელო;
გიხაროდენ, დიდებულისა მის ჴელთუქმნელისა ანჩის ხატისა შემამკობელო და განმაშუენებელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 8

მეფობაჲ შენი ღმრთივკურთხეული განადიდე საღმრთოჲთა მოქალაქობითა და შეამკევ კეთილითა საქმითა, ხოლო ცხორებაჲ შენი განაშუენენ მოთმინებითა და სიმდაბლითა, ამისთჳსცა დაადგა ღმერთმან თავსა შენსა გჳრგჳნი დიდებისაჲ და განამტკიცა კეთილდღეობაჲ ერისა შე-ნისაჲ, ეგრეთვე აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაჲ და მოგუანიჭე შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, რაჲთა დღითი დღე ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და ვაქებდეთ ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 8

დაცემულებაჲ უპოვარებისაჲ და შიმშილითა მოყმობაჲ მსწრაფლ ეწია ალექსი კეისარსა, დაივიწყა რაჲ შიში ღმრთისაჲ და შენ მიერ ნაბოძები დიდძალი საფასჱ წარსტაცნა მონაზონთა შავისა მთისასა, რამეთუ ბუნებითი იგი მართალი გულისწყრომაჲ აღგეძრა წყალობისმოყუარესა, და კუალად წარუგზავნე რაჲ უმეტესი განძი მოწესეთა, წარუღე ტრაპიზუნტი და ლაზია ანგარსა კეისარსა, და სამართლად მიანიჭე ალექსი კომნენოსსა, ვინაჲცა მადლი შესწირა ღმერთსა, რომელმანცა მოსცა მას ეგევითარი შემწჱ და მფარველი, და გნატრიდა ღუაწლსა შინა სახელოვანსა და სანატრელსა:

გიხაროდენ, აბრაჰამის უცხოთმოყუარებისა მიმბაძველო;
გიხაროდენ, ცოდვის მოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავების სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სივერაგისა მომძულებელო და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, მართლმორწმუნეთა საჭურველო და აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველო;
გიხაროდენ, ურცხვთა მედგრობისა დამჴსნელო და მჴდომთა და განლაღებულთა დამცემელო;
გიხაროდენ, ბორგნეულთა შემაბრკოლებელო და გრძნეულთა უგულისჴმოებისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, პატიოსნებისა და მამაცობისა დამნერგველო;
გიხაროდენ, უსჯულოებისა მომქმედთა ერის მთავართა და წინამძღოლთა შემრისხველო;
გიხაროდენ, სიწმიდისა შემბილწველთა და ქრისტეანობისა განმრყვნელთა ზარდამცემო;
გიხაროდენ, „ტრაპიზუნტის იმპერიის“ დაფუძნებითა სამზღუართა ქუეყანისა შენისაჲთა დამცველო;
გიხაროდენ, სამეფოჲსა შენისა ზედა დასხმისაგან მტერთაჲსა დამფარველო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 9

ვითარცა შესწირნა ყელსაბამი ოქროჲსა გელათს, ხახულისა ღმრთისმშობელსა, ოდეს ღმრთისა მიერ მიენიჭა დიდგორს „ძლევაჲ საკჳრველი“ დავით აღმაშენებელსა, ეგრეთვე შენ, ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან შამქორს, წარგზავნე მუნცა დროშაჲ ხალიფასი და სამკაული ოქროჲსა, ჴელითა შალვა ახალციხელისა, და ღმრთისმშობლისა მიმართ იამბიკოჲსა მიმძღუნელმან, სამ-წმიდაარსობისა გალობაჲ შესწირე ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

არად შერაცხენ ქადებანი უსჯულოჲსა მის რუქარდინ სულტნისაჲ და არცა-ღა შეშინდი მძლავრთა სიქადულსა, არამედ ლოცვითა მჴურვალითა შეჰვედრე სოსლან დავით და სპაჲ მისი ვარძიისა ღმრთისმშობელსა, და წარიხადენ რაჲ სამოსელი ფერჴთანი, ცრემლთა ნაკად-დენითა წარუძეღ ლაშქარსა ბასიანსა, ხოლო ვიდრემდის მიიწივნეთ, აღხვედ გორაკსა უმაღლესსა და აკურთხევდი დროშასა სვიანსა და ლაშქარსა უებროსა, ეგრეთვე აწ აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა მოაკლდეს ქუეყანასა ჩუენსა მთავრობაჲ ნათესავთა შენთა, კურთხეულთა და მირონცხებულთა, და ესრეთ გიგალობთ განათლებულსა და ყოვლად ქებულსა:

გიხაროდენ, უტკბილესითა ბაგითა ცხოველსმყოფელისა წყლისა აღმომადინებელო;
გიხაროდენ, შეცთომილთა და დაცემულთა მეყსეულად აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ბომონთა დამცემელო და კერპთა ძირითურთ აღმომფხურელო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა აღმხოცველო;
გიხაროდენ, ქრისტჱსმოყუარისა მჴედრობისა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ერთგულთა შემყუარებელო და ორგულთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა ეკლესიათა და მონასტერთა აღმგებელო;
გიხაროდენ, მტერთაგან შეუვალთა და უბრძოლველთა გოდოლთა და ციხე-ქალაქთა აღმმართველო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, ცრემლთა შენთა ნაკადულითა ურიცხუთა მტერთა დამნთქმელო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ბრძოლათა უბრძოლველად დამარღვეველო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 10

ჵ, ძლიერებაჲ კაცთმოყუარისა ღმრთისაჲ, რომელმან წყალობითა მოხედნა მჴურვალესა ლოცვასა შენსა და უღმრთონი ბარბაროსნი და ურწმუნონი აგარიანნი დაამდაბლა ქუეშე ფერჴთა ქრისტეანეთასა, ხოლო სამეფოჲ შენი შეუხებელად დაიცვა მტერთა წყობათა და ზედა მოსლჳსაგან და ცრემლით დალტობილი მადლობასა შესწირვიდი ღმერთსა, მას ევედრე მოგვცეს სიბრძნჱ და სიმტკიცჱ დათრგუნვად მანქანებათა მტერისაჲთა, რაჲთა არა ჰსთქუან მოძულეთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი იგი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ, და ვაქებდეთ განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 10

მარჯუენჱ მაღლისაჲ შემწე გექმნებოდა, მჴნეო ჴელმწიფეო, და განცხადებულად ყოფდა ძლევათა საკჳრველთა შენზედ აღძრულთა მტერთა ზედა, რამეთუ თჳთ იგი უსჯულოჲ მსახური სულტნისაჲ ძრწოლით ღაღადებდა, თუ ვითარ-ყო მთავარანგელოზმან ძლევაჲ მათ ზედა, მაშინ შიში და ზარი სიწმიდეთა შენთაჲ მიეფინა მეფეთა და მრავალთა ერთა, ვითარცა მძლავრებაჲ წინააღუდგომელისა ჴელმწიფისაჲ, რომელთა თანა ჩუენცა ლმობიერად შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა მიქაელ მთავარანგელოზისასა და მოგიძღუნით შენ სამადლობელსა ქებისასა:

გიხაროდენ, ქურივობისა შენისა ანა წინასწარმეტყუელისამებრ კრძალულებითა დამცველო;
გიხაროდენ, მამულისა ტრფიალებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა საქმეთა კეთილად წარმმართებელო;
გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა სპათა ახოვან-მყოფელო და მწყალობელო;
გიხაროდენ, სასოებითა მტკიცითა წინააღმდგომთა სიბოროტისა წარწყმედელო;
გიხაროდენ, ქრისტეს მოძულეთა აგარიანთა თავ-ზარ-დამცემო და მძლეველო;
გიხაროდენ, დავითის ძლევისა ბრწყინვალეო აღმადგინებელო;
გიხაროდენ, გორგასლიანურ-დავითიანურისა დროშისა უფროჲს აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, მოყუასთა შემაერთებელო და მტერთა დამლახურელო;
გიხაროდენ, ძმათ-უყუარულთა და ანგარ-მომხვეჭელთა მამხილებელო და ძლიერად დამთრ-გუნველო;
გიხაროდენ, კეთილკრძალულთა დედაკაცთა მაკურთხეველო და ბილწთა და უგუნურთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ყოველთა ერთა და ტომთა, შენდამი რწმუნებულთა აღმაორძინებელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 11

ესმათ რაჲ ქართველთა სენთაგან განლეულობაჲ შენი, მარადღე ლოცულობდენ წადიერებითა, გარნა ფუჭ-იქმნა ყოველივე გამომეძიებელობაჲ მკურნალთა ხელოვანებისაჲ, რამეთუ განჩინებაჲ წინააღუდგომელ იყო, ხოლო მწოდებელი კართა ზედა დგა, ვითარმედ არა ღირს-ვე იყო, არა თუმცა საქართველოჲ ოდენ, არამედ ყოველნი ქუეყანანი მეფობასა შენსა, ამისთჳსცა შენ მიერ მადლმოსილსა ნუგეშინისცემასა და შეწევნასა ვსასოებთ და საღმრთოსა ამას გალობასა შევსწირავთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

წყლულებათა მიერ უკურნებელთა, ვითარცა იობ განიცადე და მწთოლვარითა ჴმითა შემოუწოდე რაჲ წარჩინებულთა, წინაშე ხატსა უფლისასა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა აკურთხე და ევედრე ყოველთა, რაჲთა მარადის კეთილთა შინა იყვნენ მაჴსენებელად შენდა, ხოლო მადლობდი რაჲ ქრისტესა, შეჰვედრე სამეფოჲ და სული შენი უბიწოჲ, და შეერთე ანგელოზთა კრებულსა, მაშინ ღუაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს გელათს ცრემლთა უხუად დინებითა, და ვითარცა კურთხეულსა დედასა ქართველთასა, მოგართვეს სამადლობელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, თარგამოსიანთა ნათესავისა ერთ-ზრახვად, ერთ-სულად და ერთ-ნებად შემკრველო;
გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა შემრისხველო და ყოველთა მართლმორწმუნეთა ნუგე-შინისმცემელო;
გიხაროდენ, ქუეყანისა შენისა აღმაყუავებელო და ერისა შენისა განმაფხიზლებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ღუაწლითა შენითა უჴორცოთა წესთა განმაკჳრვებელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, წარმავალისა დედოფლობისა წილ, წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, წმიდათა თანა სავანე ქმნილო და გჳრგჳნითა ძლევისაჲთა შემკობილო;
გიხაროდენ, დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს დამშურალთა მეფეთასა შეერთებულო;
გიხაროდენ, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა განდიდებულო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და ცხონებისათჳს ჩუენისა მზრუნველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოყუარეთა გულთა შინა მადლისმიერისა სიხარულისა მიმფენელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულმოკლეთა და დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 12

ვითარცა იჴსენ ქუეყანაჲ შენი და ყოველი მართლმადიდებელი ერი გარემოცულთა განსაცდელთაგან და აღავსენ სიხარულითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე აწ დაამჴუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა შენსა, ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებულ-დაწუნებულსა, და ოხითა შენითა მიჴსენ ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ჴორციელთა, რაჲთა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ვემსახუროთ მამულსა და ვადიდებდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

უწყით რაჲ ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლჱ, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა, და გევედრებით: გარდამოიხილე ზეცით სამკჳდრებელსა ქართველთასა და მკჳდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა მართლმადიდებელსა, რამეთუ ურიცხუნი მტერნი, მოყუარენი შფოთისანი ჩუენ ზედა აღჰსძრუენ ბრძოლასა დაუმშვიდებელსა, და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ გჳჴსენ შენ საფრჴეთა მათთაგან მეოხე-ბითა ღმრთისმშობელისაჲთა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან, და შენმიერითა ძლიერებითა სულისაჲთა შეჭურვილთა აღვაღოთ პირნი გალობად შენდა:

გიხაროდენ, ასულო ბაგრატოვანთა სახლისაო, რომელსა გერწმუნა საყდარი დავითისი და ბეჭედი სოლომონისი;
გიხაროდენ, ბუნებითა ტკბილო და მრავალმოწყალეო, რომელმან უწინარეს ყოველთა აღხოცე სიკუდილითა დაშჯაჲ და ასოთა მოკუეთაჲ;
გიხაროდენ, კეთილმსახურებისა წინამბრძოლო, რომელმან ასწავე მრავალთა მამათა და დედათა წესი მეუღლეობისაჲ და საზომი სიკეთისაჲ;
გიხაროდენ, სამეფოჲსა შენისა ანგელოზო, მფარველო, რომელმან შემუსრე ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, მომავალნი აღმოფხურად ენისა და ერისა ჩუენისა საყოფელთაგან მისთა;
გიხაროდენ, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, რომელმან სირცხჳლეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი;
გიხაროდენ, უცხოჲსა სიმდაბლისა მუშაკო, რამეთუ ანგელოზთა გიხილეს რაჲ მძლედ ჭეშმარიტად, განკჳრვებულნი იტყოდეს: დაეცა, დაეცა მტერი დედაკაცისაგან და გჳრგჳნოსან გამოჩნდა მოღუაწჱ ქრისტჱსი;
გიხაროდენ, სჯულისა შეუგინებლობისათჳს დამაშურალო, რომელსა პატიოსანისა მის გჳრგჳნისა წილ დაგედგა შჳდ-გზის უპატიოსნესი გჳრგჳნი ზეცისაჲ;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, რამეთუ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ და ჰსუფევ ქრისტჱს თანა უკუნისამდე;
გიხაროდენ, მეფეთა ბრწყინვალისა დასისა შუენებაო, რამეთუ შემდგომად სიკუდილისაცა, უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ქუეყანასა ჩუენსა;
გიხაროდენ, ღმრთივსულიერო მოღუწეო, რამეთუ სამარხოჲ შენი საწადელი უჩინო-ყო უფალმან, ვითარცა წინასწარმეტყელისა და ღმრთისმხილველისა მოსჱსი;
გიხაროდენ, სიქადულო ერისა შენისაო, რომელმან ყოველსა ქუეყანასა განსთქვი ჴმაჲ ქართველთა მძლეობისაჲ;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა მიერ მარადჟამს ჴსენებულო, რამეთუ არა თუმცა ერი შენი, არამედ ქუანიცა ღაღადებენ დიდებასა შენსა;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

კონდაკი 13

ჵ, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო და დედათა შორის უსათნოესო, მეფეო თამარ, მიითუალენ აწ გალობანი ესე ჩუენნი, და კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან განაგვარინოს ჩუენ და განგვსწავლოს, რაჲთა არა განვეშორნეთ სიმართლისა გზისაგან და მცნებათა მისთა არა გარდავხდეთ, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, მოვიძაგოთ ყოველივე სიცრუვჱ და ანგარებაჲ და ყოველნი ერთბამად უფალსა უგალობდეთ: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდგომ

 

იკოსი 1

ეჰა, ვითარი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, სანატრელო, რამეთუ შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა, აწ დიდებული ვარძია და ჴმა მაღლად ჰქადაგებს მეტეხი და ბეთანია ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, ხოლო ჩუენ უწყით რაჲ ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლჱ, ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა შენსა და სიქუელისა შენისა გულსმოდგინედ მომთხრობელნი აღმოვსთქუამთ ქებულებათა შენთა:

გიხაროდენ, იესეს ნერგო, მორჩო დავითისაო;
გიხაროდენ, ხატო დედათა კდემამოსილებისაო;
გიხაროდენ, აღმოყუავილებულო რტოო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდებაო ქუეყანისაო და სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, გამოუკვლეველო უფსკრულო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო საყვირო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, უშურველო წყაროო მოწყალებისაო და დაუშრეტელო ზღუაო კაცთმოყუარებისაო;
გიხაროდენ, კეთილშუენიერად აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, წინამძღოლო და ჯუარისმტვირთველო ერისა შენისაო და შემწეო მესიისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და სიმტკიცეო ქრისტეს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ძალაო და დიდებაო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, საცნაურო მზეო, მნათობო ივერიისაო;
გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

კონდაკი 1

დიდებულებაჲ შენი ვინ მიუთხრნეს, ჵ, საკჳრველ-მაღალო ჴელმწიფეო, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩუენისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ, არამედ ურიცხვთა განსაცდელთა მიერ შეიწრებულნი მოჳვლტით წმიდისა ხატისა შენისა მომართ და აღგძრავთ შენ ღმრთისა მიმართ მწედ და შუამდგომელად, რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაჲ ყოველთა საცთურთა ზედა და ღირს გვყოს შესხმად და გალობად შენდა: გიხაროდენ, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ!

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ღმრთივსათნოჲთა მეფობითა და საქმითა მოღუაწებისაჲთა განბრწყინვებულო მოქალაქეო ზეცისა იერუსალჱმისაო, წმიდაო თამარ! ზესთამბრძოლო ქართველთაო და სიქადულო დედათაო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლ-შემწეო, ოხითა შენითა განმამხიარულებელო მჭმუნვარეთაო და სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლჳლთაო!

ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ყოვლადსაკჳრველო მეფეო თამარ! დედობრივისა შენისა გულმოწყალებითა შეგვაწყნარენ შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა უსაზღვროჲთა მოწყალებითა თჳსითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი მისსა მიმართ კუალად განაახლოს და აღგჳდგინოს ცხებული ძირისაგან დავითისა, რომელი ძალითა ჯუარისაჲთა მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართვე-ლოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყები-საჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჵ, ჭეშმარიტად ბრძენო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, გჳრგჳნოსანო თამარ, დიდებულო! კუალად აღიპყრენ ღუაწლით შემოსილნი ჴელნი შენნი ზეცათა მეუფისა მიმართ, რომლისა წინაშე ღმრთივ-ბრწყინვალითა გჳრგჳნითა დიდებულ-ხარ, სანატრელო, და გვითხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი