სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არა წმიდანი ვნებანი,
ამისთვის გევედრები: შემწე მეყავ და მიხსენ სახიერ.
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
ზეცისა ძალთა თანა გაქებთ შენ, მამაო, და ვიტყვით: წმიდაო ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ; ეკლესიასა წმიდათასა გიგალობთ შენ, ქრისტე, და ვიტყვით: წმიდაო ძლიერო, შეგვიწყალენ ჩვენ; ნუგეშინისმცემელსა სულსა წმიდასა ხმითა ტკბილითა უგალობთ და ვიტყვით: წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდების მეტყველებით გალობაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, უფალო, და უგულებელს-ჰყვენ შეცოდებანი ჩვენნი, ვითარცა მხოლოჲ სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.
ვედრებისა ამის, შენდამი მგალობელთა (სახელები) ნუ გარე მიგვაქცევ, მეუფეო, არამედ შეგვიწყალენ, კაცთმოყვარე, და მოგვეც მთხოველთა ამათ, სარწმუნოებით ცოდვათა მიტევებაჲ.
ისმინე ჩემი უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაჲ შენი, მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე.
დაღაცათუ არავის უცოდავს ჩემებრ, არამედ შემიწყალე, ტკბილო მაცხოვარ, შიშით მონანული და ძრწოლით მღაღადებელი, შეგცოდე შენ, წყალობა ჰყავ, ჰოჲ, მრავალმოწყალე.
რომელი ჰზი ზედა ქერუბიმთა, ცრემლით შეგივრდები მოწყალებასა შენსა, შემიწყალე მე.
ცოდვათაგან შებღალული, მოწყლული და დასჯილი, და დაცემული ვნებათა მიერ, შემიწყალე, მოწყალეო ღმერთო, და ცოდვათა ჩემთაგან მიხსენ, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, რათა დაუცხრომელად გალობით გადიდებდე შენ.
დანთქმული ცოდვათა ჩემთაგან აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე მე.
შენ უწყი ცხადნი და დაფარულნი ჩემნი, უფალო, რომელმან ესე აურაცხელად შეგცოდე, სიტკბოებით მოწყალე მექმენ, მაცხოვარო, და ჟამი სინანულისა მომეც განმწმენდელად ბრალთა ჩემთა.
საშინელსა მას დღესა განკითხვისასა დამიფარე მე, სახიერ, და შემიწყალე მე.
რომელმან მეძავი იგი სიტყვით განამართლე და კეთროვანი განსწმიდე, ქრისტე, სულიცა ჩემი განსწმიდე მეუფეო, უშვერებისაგან და საძაგელებისა ცოდვათასა, და სამოსლითა ბრწყინვალითა შეამკევ იგი.
სიტყვის გებაჲ არა მაქუს და ცხორებისაგან უსასო ვარ, უფალო, შემიწყალე მე.
უფალი ახლოს არს, გულის ხმა ჰყავ, ჰოჲ, სულო, განიღვიძე და ზრუნევდი და ნუ გძინავს და მხურვალედ ღაღადებდ ღმრთისა, შემიწყალე, სახიერ, შეცოდებული და მაცხოვნე წყალობითა შენითა.
სიმრავლე ცოდვათა ჩემთაჲ მრავალმოწყალებითა შენითა აღხოცე, უფალო, და შემიწყალე მე.
აჰა, ესერა, სასჯელი მოახლოებულ-არს და სასოწარკვეთილ-ვარ, რამეთუ საქმენი დასჯისანი მიქმნიან მე. ჰოჲ, მართლმსაჯულო ქრისტე, ნუ დამსჯი მე თვით დასჯილსა და სირცხვილეულსა.
უფალო, ისწრაფე, და წინამძღვარ მექმენ მე საყუდელსა ნებისა შენისასა და შემიწყალე მე.
ვითარცა დედამან ღმრთისამან, კადნიერებისა მქონებელმან ძისა მიმართ შენისა, ღმრთისმშობელო, სურვილით მგალობელნი შენნი გვიხსნენ ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა.
ღმრთისმშობელისა მიერ ცოდვათა ჩემთათვის წყალობაჲ ყავ, ღმერთო, და მაცხოვნე მე.
ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ვოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრავალ-ჟამ შენდობაჲ მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა.
პირველ აღსრულებადმდე, სულო ჩემო, სინანულად მოისწრაფე.
სულო ჩემო საწყალობელო, საწუთო ესე წარმავალ-არს და საუკუნო იგი წარუვალ. ვხედავ სამსაჯვროსა და საყდართა ზედა მსაჯულსა და ვძრწი განჩინებისაგან. აწ უკვე ისწრაფე მოქცევა სინანულად, სულო ჩემო, რამეთუ სასჯელი იგი თანა წარუვალ არს.
საშინელსა მას განკითხვასა მოწყალე მექმენ მე, უფალო, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
დაღონებულსა ამას და მოუძლურებულსა სულსა ჩემსა ზედა, მოიხილე, ღმერთო, და შემიწყალე მე, რომელმან ცოდვასა შინა წარვაგე ცხოვრებაჲ ჩემი. მსგავსად მეძავისა მის შეგივრდები, შემიწყნარე, მაცხოვარ და მაცხოვნე მე.
უფალო, ცოდვანი ჩემნი აღხოცენ და სული წმიდაჲ შენი ჩემთანა განაახლე, კაცთმოყვარე.
შემიწყალე მე, ღმერთო, შემიწყალე მე, ორისა ცოდვისათვის დავით გოდებდა, ხოლო მე ბევრეულთა ცოდვათათვის შეგივრდები, იგი ცრემლითა სარეცელსა თვისსა დაალტობდა, ხოლო მე ცვარიცა ერთი არა მაქუს, ამისთვის განწირული ესე ვღაღადებ, შემიწყალე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა.
უფალო, ისმინე ლოცვისა ჩემისა და მსგავსად დავითისა მიწყალე მე, და აღხოცე ცოდვანი ჩემნი.
საშინელი სამსჯავრო მიმელის მე, უფალო, რამეთუ დაღათუ მე ვდუმნე, საქმენი ჩემნი შემწამებენ მე, არამედ მომაქციე შეცდომილი ესე, ქრისტე ღმერთო, და მაცხოვნე მე.
ღმერთო მრავალმოწყალეო, ლხინება ჰყავ შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ.
სინანული არა მაქუს მე და კვალად არცა ცრემლნი, ამისთვისცა გევედრები, მაცხოვარ, პირველ სიკვდილისა მოქცევად და მოცემად სინანული, რათა განვერე სატანჯველთაგან.
სიმრავლეთაგან ცოდვათა ჩემთაჲსა დაცემულ ვარ და გევედრები: შემიწყალე მე, ღმერთო.
ვითარცა უძღები შვილი, მეცა მოსრულ ვარ, მაცხოვარ. შემიწყნარე, რომელი ესე შეგვირდები, ვითარცა ერთი სასყიდლით დადგინებული შენი და შემიწყალე მე, კაცთ-მოყვარე.
უფალო, რომელმან შეცოდებანი ჩემნი უწყი და სინანულსა ელი, შემიწყალე მე.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, უწყი, რავდენ შემძლებელ არიან ცხორებად ცრემლნი, რამეთუ ეზეკიელ ბჭეთაგან სიკვდილისათა აღმოიყვანე და მეძავი იგი ურიცხვთა მათგან შეცოდებათა განათავისუფლე, ხოლო მეზვერე იგი უფროჲს ფარისეველისა მის განამართლე და გევედრებით შენ, ჩვენცა მათ თანა განგვწმიდენ და შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, განმამართლე მე, ვითარ მეზვერე და ვითარ მეძავი იგი, განმწმიდე მე, და ვითარ ავაზაკი შემიწყალე მე.
უშჯულოებაჲ ჩემი, უფალო, არა არს ხორცთაჲ, არამედ უძლურ ვარ მე სულითა, საცთურისაგან ამის სოფლისა ოტებული მოვილტვი შენდა, რომელი მკურნალი ხარ სულთაჲ და წმიდამყოფელი, შემიწყალე და განმკურნე მე.
რომელმან უწყი ყოველთა დაფარულნი, უშჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ და შემიწყალე მე.
ჰოჲ, სულო უბადრუკო, ვითარიმე ტირილი იქმნეს მაშინ, რაჟამს იგი მართალნი სასუფეველსა ზეცისასა აღვიდოდენ, ხოლო შენ, ცეცხლსა შინა საუკუნესა დაისჯებოდე საქმეთა შენთათვის. სულთ-ითქვემდ და სტიროდე და შეუვრდი ქრისტესა მხსნელსა შენსა და განაგდე უშჯულოებაჲ შენი.
შენდობაჲ ცოდვათა და სიმრავლე წყალობათა მომმადლე, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.
ვიდრე-მე ვივლტოდი, უფალო, რაჟამს განაჩინებდე განკითხვასა სულისა ჩემისასა და მიმცემდე მე ხელთა ანგელოსისა მრისხანისა, მაშინ ვგოდებდე და ვტიროდი და იობისებრ ვიტყოდი: რაჲსა არა მუნვე მუცელსა დედისასა მოვკვდი? მაცხოვარ, მოწყალე, იობისებრ განაახლე სული ჩემი და შემიწყალე მე.
ცოდვათა სიმრავლე მაქუს მე და გევედრები, ქრისტე, მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე.
მეზვერისა და ფარისეველისა განყოფილებაჲ გულისა-ხმა-ჰყავ, სულო ჩემო, ერთისა მის უკვე მოიძულე ამპარტავნებისა ხმაჲ, ხოლო მეორისასა ჰბაძევდი ლმობიერად ვედრებასა და იტყოდე: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე.
ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან, არამედ მოგვმადლე ჩვენ სინანული და მიტევებაჲ ცოდვათა.
სინანული ჩემი შეიწირე, ვითარცა უძღებისა მის შვილისა, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რომელმან დღენი ჩემნი უდებებით წარვაგენ და შენ, მხსნელი, განგარისხე უგუნურებით.
კაცთმოყვარეო მაცხოვარ, რომელმან აღხოცენ ცოდვანი სოფლისანი, შეგვიწყალენ ჩვენ.
ვითარცა ავაზაკი ვღაღადებ, მომიხსენენ, და მეზვერისაებრ შეგივრდები, ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და, ვითარცა უძრები, შემიწყნარე და ყოველნი ცოდვანი ჩემნი, მოწყალეო მეუფეო, შემინდევ, რათა უგალობდე უფსკრულსა სახიერებათა შენთასა.
ვითარცა მეზვერე იგი და მეძავი იგი, გიღაღადებ და გევედრები: შემიწყალე მე, ღმერთო.
შეუვრდეთ და ვჰსტიროდეთ მწარედ, პირველ დასჯისა მის, მორწმუნენო, ოდეს ცანი წარჰხდენ, ვარსკვლავნი დამოჰსცვივენ, და ქვეყანა ჰსძრწოდეს ქოთებით, რათა ვპოვოთ სრულიად წყალობაჲ ქრისტეს მიერ უფლისა.
მომიხსენენ მე, მაცხოვარ, ცოდვილი ესე, ოდეს მოხვიდე დიდებით ქვეყანად და შემიწყალე მე, ღმერთო ჩემო და მხსნელო, და მაცხოვნე მე.
ხორცნი შევაგინენ ბოროტად და განვხრწენ სული და გული გულისზრახვითა მწიკვლევანითა და ყოველნი საგრძნობელნი ჩემნი მოვსწყლენ, თვალნი შევაგინენ და შევბღალენ ყურნი, სიტყვითა ბიწიან-ვჰყავ ენაჲ, და ყოველნივე მქონან სირცხვილეულად, ვინაჲცა შევრდომით გიხმობ შენ, მეუფეო ქრისტე, შეგცოდე, შეგცოდე შენ, შემინდე და მაცხოვნე.
შენ ხარ სასოჲ შეცოდებულთა და შენგან არს წყაროჲ ცხორებისა, კაცთმოყვარეო უფალო, შემიწყალე მე.
მრავალ-გზის რაჲ ვგალობდი ენითა, ვიპოვი ცოდვის მოქმედად გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძვირთა ვიგემოვნებდი, არამედ ორკერძოვე განმკურნე, ქრისტე ღმერთო, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე.
უფალო, განმბანე მე წყალობითა შენითა და მაცხოვნე მე.
საცნაურნი და უცნაურნი საქმენი ჩემნი შენ უწყი, დამბადებელო ჩემო, ნუუკვე დამსჯი ჟამსა სასჯელისასა, რაჟამს მოხვიდე განსჯად დაბადებულთა, მხსნელო, არამედ მომეც ბრალთა შენდობაჲ.
უფალო, უშჯულოებათა ჩემთაგან გარე მიიქციე პირი შენი და ყოველნი ცოდვანი ჩემნი აღხოცენ, გევედრები.
მოთმინებაჲ საკვირველი აჩვენა განსაცდელთა კვეთებასა, იობ, და მსგავსად გოდლისა ეგო შეურყვნელად, მისსა მობაძავ იქმენ, სულო, და განსაცდელთა შენთა ნუ დაჰხსნდები, ნუცა მომედგრდები ეშმაკთა წყობისაგან.
განმარინე მე მატლისაგან უძილისა და გეენიისა, სინანულისა და მოღვაწებისა მიერ, ქრისტე.
სიმდიდრე, რომელი მომეც განვაბნიე, ქრისტე, და განშიშვლებულმან კეთილთაგან შევიმოსენ საქმენი ბოროტნი ბნელისანი, შემამკვე მე სამკაულითა და შემმოსე პირველი იგი პატივი.
მე შეძრწუნებულ ვარ შეცოდებათა ჩემთაგან მრავალთა და ცრემლით გიღაღადებ: მხოლოო, მკურანლო, შემიწყალე მე.
ხელთა ავაზაკთასა შევრდომილსა მას ვემსგავსე მე, უფალო ყოველთაო, ცოდვათა ჩემთაგან დაცემული, მათ მიერ უწყალოდ განლეული, არამედ ნუ განმიტევებ მე თვინიერ კურნებისა, რამეთუ არა სამარიტელ ხარ, არამედ უხრწნელისა მარიამისაგან გამოხვედ, იესო, მაცხოვარი ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ცოდვათა და უშჯულოებათა ჩემთა განგარისხნეს შენ, არამედ ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, მილხინე და შემიწყალე მე.
ვიდრე არს-ღა ჟამი ღაღადებად უფლისა მიმართ და განხმულ არიან კარნი სინანულისანი, ვთქვი ვედრებით: შეგცოდე, მაცხოვარ, მომიტევენ და ნუ მოიხსნებ უშჯულოებათა ჩემთა.
ვღაღადებთ შენდამი ვედრებით შეცოდებულნი ესე: წყალობასა შენსა ნუ განგვაშორებ, უფალო.
ქერუბიმ-სერაბიმნო, ხელმწიფებანო, მთავარანგელოსნო, საყდარნო, უფლებანო, ძალნო და წმიდანო ანგელოსნო და მთავრობანო, წინაშე წმიდისა სამებისა მდგომარენო, ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხოვრებაჲ ითხოვეთ ჩვენთვის, რათა ღირს ვიქმნნეთ ზეცათა სასუფეველსა.
შენ ღმერთსა ჩვენსა გიგალობთ, საუკუნეთა შემოქმედსა, რომელსა გმსახურებენ ანგელოსნი მაღალთა შინა და ჩვენ მათთანა ვღაღადებთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
ცრემლნი მომეც მე ღმერთო ჩემო, ვითარცა ოდესმე დედაკაცსა მას ცოდვილსა და ღირს მყავ დალტობად ფერხთა შენთა, რათა მიხსნეს მე გზისა მისგან საცთურისა და შეწირვად შენდა ნელსაცხებელი სუნნელებისა, რომელ არს ცხოვრებაჲ უბრალოჲ და წმიდაჲ სინანული მოგებული, რათა მესმეს მეცა საწადელი იგი ხმაჲ შენი: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!
მომეც ჩვენ, უფალო, შენი მშვიდობაჲ და მიხსენ ჩვენ მრავალთაგან ცოდვათა ჩვენთა, სულო ცხოველწმყოფელო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.