ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ, და ბაგენი ჩემნი აღახვენ, გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდნენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელსა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, დაარა თანა წარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა. დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ მიხსენ მე განსაცდელისაგან და იყავნ ჩვენს შორის ნება შენი, რათა დაუსჯელად აღვაღო პირი ჩემი არაღირსი და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩვენ, და სათნო-იყავ თანაწარსვლასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსვლად, და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგვიფარენ. შენ, მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩვენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა, და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა, და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათელო თვალთ-შეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომას სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდაო ანგელოსო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვსცოდე განვლილსა ამას ღამესა, დამიფარე დღეინდელსა ამას დღესაცა და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.
ზესთამბძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა შევსწირავთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.
ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო (სახელი), რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
მოიხსენე უფალო, ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცნენ და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლმორწმუნეთა შენთასა, აღსდექ, ამაღლდი ზეცად და დასჯედ მარჯვენით ღმრთისა და მამისა, მოჰხედენ მოწყალებით მვედრებელთა ამათ შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიხსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ ჰყავ და წარმართა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისამდე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ და მეტყველება მათი ცუდ-ყჰვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი. (მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.
მოიხსენე, უფალო, ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე-შეზღუდენ მპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველი მტერნი და მბრძოლნი მათნი, შთაუთხენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის და ყოვლისა ერისა შენისა და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყუდროებასა შინა მათსა დაწყნარებული ცხოვრება გვაქუნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვსცხოვრობდეთ. (მეტანია)
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამა ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი, მასწავლელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნი მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობაი შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნულნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმრთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობა და ხსნა მოანიჭე მათ. (მეტანია)
აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ, მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელი მმძლავრობენ და მყვედრიან მე და ნუ დასჯი მათ უსჯულოებათა მათთა გამო, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელი აქვთ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. (მეტანია)
უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)
მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, და მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება. (3-გზის და მეტანია)
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
* აღდგომიდან ამაღლებამდე ამ ლოცვის ნაცვლად იკითხება ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (3-გზის)
ამაღლებიდან სულთმოფენობამდე ლოცვებს ვიწყებთ „წმიდაო ღმერთო“-თი