ლოცვა კალუგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი

ევედრებიან სისუსტის, ასევე ყურის, - სმენის - სნეულებით შეპყრობილნი

ხატი სახლის სხვენზე იპოვა ორმა ქალიშვილმა, როდესაც ისინი ძველ ნივთებს ალაგებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ევდოკია, თავშეუკავებლობით გამოირჩეოდა; როდესაც გოგონებმა ტილოზე გამოსახული მუქი ფერით მოსილი ქალი იხილეს, რომელსაც ხელთ წიგნი ეპყრა, ევდოკიამ იგი მონაზვნის პორტრეტად მიიჩნია და თუმცა მეორე ქალიშვილმა სასტიკად გააფრთხილა იგი, გამოსახულებას შეანერწყვა. ევდოკიამ მაშინათვე გრძნობა დაკარგა. ღამით მის მშობლებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ, მან განუცხადა ქალიშვილის ავადმყოფობის მიზეზი და უბრძანა, შეურაცხყოფილი ხატი ნაკურთხი წყლის სხურებით განეწმინდათ და პარაკლისი შეესრულებინათ. ამის შემდეგ ევდოკია გამოჯანმრთელდა და სახლის მეპატრონემ ხატი საპატიო ადგილას, მოათავსა.

ხატის ხსენება რამდენიმეგზის აღესრულება, ქოლერისა და ჭირიანობისაგან სასაწაულებრივი ხსნისათვის და ფრანგთა შემოსევისას დიდი შეწევნის აღსანიშნავად.

ტროპარი, ხმა 4

მამულისათვის ჩუენისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისა ჟამსა მბრძოლო უბრძოლველო და სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან მხსნელო მოწყალეო, ყოველთა ჭირთა და სენთაგან მიხსნენ მონანი შენნი, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდეთ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ქრისტეს ღუთისა ჩუენისაო, საკვირველო დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, ისმინე სულთქუმანი მრავალვნებულთა სულთა ჩუენთანი, გარდამოიხილენ ჩუენ ზედა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა. გევედრებით ლმობიერად, დედუფალო: ნუ უგულებელს-ჰყოფ ლოცუასა მართლმადიდებელისა ეკლესიისასა, შემეწიე ჩუენ, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, რაჲთა დავიცვნეთ შეუგინებლად წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემული მართლმადიდებელი სარწმუნოებაჲ ჩუენი, ვიდრე დღედ აღასარულამდე ჩუენისა, ყოველთა შინა მცნებათა ღუთისათა შეურყეველად ვიდოდეთ და მიხსნენ ჩუენ მოძღურებათაგან სულთა გამხრწნელთასა ყოველთა.

ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო, ცისა და ქუეყანისაო, მოწყალებასა შენსა ვსაოსებთ მონანი შენნი: განწმიდენ გონებანი ჩუენნი ზრახუათაგან ცოდუილთა, უძლურებათაგან სულიერთა, წარწყმედელთა ვნებათაგან, განსაცდელისაგან ყოვლისა, ხიბლისა და ცოდუით დაცემათაგან. შენ ხარ, ღუთისმშობელო, მტკიცე ნავსაყუდელი ყოვლისა ცოდუილისა მონანულისა. სიღრმეთაგან ცოდუათასა აღმადგინენ ჩუენ და სინანულითა ჭეშმარიტითა მოწყალულნი ჩუენნი, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ნათლითა ჭეშამრიტებისათა და შეცთომილითა ეშმაკისა საცთურისა მიერ გზაჲ ჭეშამრიტი მაჩუენე. დაარღვიენ ყოველნი საქმენი ბოროტნი და ღუთისმგმობარნი, ყოველსა შინა კეთილსა და ღუთივსახხიერსა საქმესა შინა განგვსწავლენ და მსწრაფლგვეწიენ ჩუენ. დანერგე, დედუფალო, გულთა შინა ჩუენთა სული შიშისა ღუთისა, სული ღუთისმსხურებისა, სული სიმშვიდისა, მორჩილებისა, მოთმინებისა და თვინიერებისა. მოამდოვრენ სიბოროტენი გულთა ჩუენთანი და ბოროტნი სიამენი დახსენ, დანერგენ მოშურნეობაჲ შეწევნისათვის მოყუასთა ჩუენთა, განმსწავლენ ჩუენ, დედუფალო ყოვლადმოწყალეო ჩუენო, ვითარ უბიწოდ ვიდოდეთ გზათა ქუეყნიერსა ამას ცხორებისა ჩუენისათა, რამეთუ შენ, ყოვლადწმიდაო, ჰხედავ სარწმუნოებასა და სასოებასა ჩუენსა, დედუფალო ქუეყანისაო! მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, შეეწიე განსაცდელსა შინა მყოფთა, მიცვენ ჩუენ ელვაშემოსულისა ქუხილისა, განმხრწნელთა ქართაგან, მძვინვარეთა სენთა, სიკუდილშემოსილისა წყლულებისა, ტომითისაგან ბრძოლისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისაგან.

ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, მიხსენ ჩუენ მოულოდნელისა და უცნაურისაგან სიკუდილისა, მომაქციენ გზისა მიმართ ჭეშამრიტისა და ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხორებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, წმიდათა საიდუმლოთა თანაზიარნი მომმადლენ, წარმომიდეგ ჩუენ ჟამსა განსვლისა ჩუენისასა, ჰოი, ქალწულო ღუთისმშობელო დამიხსნენ ჩუენ ეშმაკისაგან და მწარეთა საზუერეთაგან ზეცისათა და ცეცხლისაგან ყოველთა. აღასარულისათვის უჭირველისა ჩუენ ყოველთათვის ქრისტესა ძესა შენსა ევედრე და განსვენებაჲ ყოველთა შესვენებულთათვის, რომელთა არა აქუს მოხსენებაჲ, ქრისტესა ღმრთისა ჩეუნისაგან ითხოე. მექმენ ჩუენ მხურვალე მლოცუელ და მეოხ. წარდგომილნი წინაშე შენსა სარწმუნოებითა და სიყუარულითა გარდაცუალებულნი. მამანი და ძმანი ჩუენნი შენითა მეოხებითა ღირს ჰყვნენ, რაჲთა დაემკვიდრნენ ზეცისა სასუფეველსა და ყოველთა წმიდათა თანა დაუდუმებელითა ენითა დღესასწაულობდენ და სიხარულითა ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.