ლოცვა პოჩაევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი

ევედრებიან ერესისა და სქმიზმის დასაცავად, უცხოტომელთა შემოსევისას,
სულიერი და ხორციელი სიბრმავის განსაკურნებლად, ტყვეობისაგან დახსნისათვის

ერთხელ პოჩაევოს მთაზე, როდესაც ის სრულიად უდაბური იყო, ერთდროულად ორმა მეუდაბნოემ იხილა ღვთისმშობელი. ყოვლადწმიდა ქალწული ქვაზე იდგა და მისი მარჯვენა ტერფი იქ სამუდამოდ აღიბეჭდა.

1559 წელს მიტროპოლიტმა ნეოფიტემ კონსტანტინეპოლიდან ჩამობრძანებული ხატი მამულის მფლობელს - ანა გოისკოს დაუტოვა, ხატი სასწაულებს აღასრულებდა და იგი პოჩაევოს მთის ბერებს გადასცეს, მათ კლდეზე ტაძარი აღმართეს და მონასტერი დაარსეს. ხატი მრავალ სნეულს განკურნავდა. 1675 წელს ხატის მიერ აღსრულებულმა სასწაულმა მონასტერი თურქთა შემოსევას გადარჩინა.

ტროპარი, ხმა 5

მლოცველნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისასა, დედუფალო, კურნებასა მოიღებენ, ჭეშმარიტისა სარწმუნოებისას ცნობასა მიემთხვევიან და განაგდებენ აგარიანთა ზედმოსლვათა. ეგრეთვე ყოველთა, შენდა მოლტოლვითათვის ცოდვათა მოტევებაჲ ითხოვე, განანათლენ გულნი ჩუენნი ღმრთეებრივითა ზრახვითა, აღამაღლენ ლოცვანი ჩუენნი წინაშე ძისა შენისასა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა

შენდამი, ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ლოცვითა მოვილტვით ცოდვილნი ესე, პოჩაევისა ლავრასა შინა აღსრულებულთა სასწაულთა შენთა მომხსენებლნი და ცოდვათა ჩუენთა ზედა მტირალნი, უწყი, დედუფალო, უწყი, რამეთუ არა მაქუს ჩუენ ცოდვილთა კადნიერებაჲ დატევებულთა მართლისა მსაჯულისა მიერ უსჯულოებათა ჩუენთათვის. განმრავლდეს ყოველნი განსაცდელნი ცხოვრებისა ჩუენისანი, - მწუხარებაჲ და სიგლახაკეჲ და სნეულებაჲ, - ნაყოფნი დაცემისა ჩუენისანი, გარდამოვლენილნი ღვთისა მიერ ჩუენ ზედა - განსწავლისა ჩუენთათვის. მითვე ჭეშმარიტითა მშჯავრითა თვისითა მოიხილოს უფალმან ცოდვათა მონათა თვისთა რამეთუ მწუხარებითა ჩუენთა შინა მოვილტვით მეოხებისა შენისა მომართ, ყოვლადწმიდაო და მოწყალითა გულითა შენდა ვხმობთ ესრეთ: ნუ სადა მოიხსენებ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა, სახიერო, არამედ ყოვლადპატიოსანისა ხელისა შენისა განპყრობითა წარგვადგინე წინაშე ძისა და ღვთისა შენისა, რაჲთა ყოველნივე ქმნულნი ჩუენნი მოგვიტეოს ჩუენ და გარდასვლისათვის მრავალთა აღთქმათა ჩუენთასა ნუ გარე მიიქცევ პირსა თვისსა მონათა თვისთაგან და მადლი თვისი - ხსნისა ჩუენისა მიზეზი არა მოიღოს სულთა ჩუენთაგან. ჰოჲ, დედუფალო, მეოხ მეყავ ცხორებისა ჩუენისათვის და ნუ უგულებელს-მყოფ სულმოკლეობათა ჩუენთათვის, მოხედენ სულთქუმათა ჩუენთა, რომელთა მწუხარებათა და ჭირთა შინა მყოფნი აღვავლენთ წინაშე სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა, მოწყალებითა განანთლენ ზრახვანი გონებათა ჩეუნთანი, სარწმუნოებასა შინა განმაძლიერენ, სასოებაჲ განმიმტკიცე, ტკბილსა ნაყოფსა სიყუარულისასა მოღებად ღირს მყვენ, რაჲთა მადლითა და არა სნეულებითა და ჭირითა მაცხოვნნეს და სასოწარკვეთილებათაგან და მწუხარებათაგან გარეშეზღუდნეს სულნი ჩუენნი. მიხსენ ჩუენ უძლურნი ყოველთა ჭირთაგან და კრულებათაგან კაცთასა, მოუთმენელთა სენთაგან, კეთილდღეობაჲ მიჰმადლე ერსა ქრისტეანეთასა შუამდგომელობითა შენითა, დედუფალო, განამტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოებაჲ შორის ერისა ჩუენისა და ყოველსა ქუეყანასა ზედა განარინე ყოვლისაგან დამცრობისა წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ, მოძუღვრებანი წმიდათა მამათანი საუკუნითგან უკუნისამდე შეურყეველად დაიცვენ და წარწყმედელისა უფსკრულისაგან მიხსენ ყოველნი შენდა მოლტოლვილნი და მასთან ერესთაგან შეცთომილნი ძმანი ჩუენნი და წარწყმედელთა ვნებათაგან მოწყლულნი ჭეშმარიტისა მაცხოვნებელისა სარწმუნოებისა მომართ მოიყვანენ, რაჲთა აღიარებდენ შუამდგომელობასა შენსა და თაყუანის-ცემდენ სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა. ღირს მყვნენ ჩუენცა, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მსგავსად აგარიანთა, რომელთა განმმარჯვებელად და განმანათლებლად გამოუჩნდი, რაჲთა მადლობისა გულითა ანგელოსთა, წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა და ყოველთა წმიდათა თანა განმადიდებელნი შენისა გულმოწყალებისანი, დიდებასა, პატივსა და თაყუანისცემასა აღვავლენთ წინაშე სამებით საგალობელისა ღვთისა: მამისა და ძისა წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.